მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1508 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

სამნი ძმანი იყვნენ: ავთანდილი, ფრიდონი და ტარიელი. ფრიდონი მამა-პაპის მამულზე დაბინავდა და ცხენის ჯოგი გაიჩინა, ავთანდილმა დასავლეთის ხელმწიფის ქალი შეირთო და იქ დაბინავდა, ტარიელი მივიდა აღმოსაგლეთის ხელმწიფესთან და თავისი რაშით მოურავად დადგა.

ტარიელს ხელმწიფის მზეთუნახავი ქალი შეუყვარდა. ერთხელ ხელმწიფემ ბეგარის ასაღებად ხატუეთს გაგზავნა. ხელმწიფეს ამ დროს ხოროშაანთ მეფის შვილი ეწვია და ქალი სთხოვა. უნდა წაიყვანოს ტარიელის შეყვარებული ლერწამ-დარეჯანი.

ქალმა წიგნი დაწერა და ტარიელს გაუგზავნა, მტრედს შეაბა ფრთაზე. უთხრა: სადაც იყოს და არ იყოს, ტარიელს მიუტანეო.

ტარიელი მთაზეა, მოკეცილი ზის. მტრედმა წიგნი მიუტანა და კალთაში ჩაუდო. წერილი რომ წაიკითხა, თქვა:


შევდექი ხატუეთზედა,

სადაც რომ დიდი მთანია.

ქალსა წიგნი მოეწერა,

დანაწერი ქაღალდზედა:

- მამა ჩემსა ქალსა სთხოვენ,

თუ მოუსწრებ ბედს დროზედა.


ტარიელი მაშინვე დაბრუნდა უკან. ხოროშაანთ მეფის შვილს ჯვარი დაუწერია ლერწამ-დარეჯანზე და მიყავს. ტარიელმა ქალს უთხრა:


ხალხი მიდის, ხალხი მოდის,

ხალხი მეუცხოებიან.

მამაშენი ქალს რომ ათხოვს,

მე რად არ შემკითხებიან?..


ლერწამ-დარეჯანმა უპასუხა:


ხალხი მიდის, ხალხი მოდის,

ხალხი მეუცხოებიან.

მამაჩემს რომ ქალი სთხოვეს,

არც მე არ შემკითხებიან.


ტარიელმა ლერწამ-დარეჯანს დაუძახა:

- ხარს ვესროლო, თუ ფურსაო?

- ფურისა რა ბრალია, - ხარსაო!

ტარიელმა ესროლა და ხოროშაანთ მეფის შვილს კედელი გაატანინა. გამობრუნდა და მის ჯარს დაუწყო ხოცვა.

ლერწამ-დარეჯანმა დაუძახა:


ლომო და გმირო ტარიელ,

მჯობნო ყოველთა გმირთაო,

უბრალოდ კაცის სიკვდილი

ცოდოა, ნუ იტვირთაო!


აღმოსავლეთის ხელმწიფემ გაიგო, რომ ტარიელმა მეფის შვილი

მოკლა. ძლიერ გაჯავრდა. მოიხმო ტარიელი და უთხრა:


ტარიელ, დაგსვი ვეზირად,

სიტყვა შენ გაგაბჭობინე,

თუ ჩემი ქალი გინდოდა,

რატომ არ შემატყობინე?

შვიდი წლის უძრავი ხმალი

სისხლში რად გამარევინე?

არცა შენ მოგცემ, არც იმას,

ორსავ ხელს აგაღებინებთ.

დავიბარებ ხუროებსა

ძალითა, განა ნებითა,

კიდობანს მოვაჭედინებ

სულ ოქროს ვარაყებითა.

შიგ ჩავსვამ ლერწამ-დარეჯანს,

ზღვას მივცემ, წავაღებინებ.

შიგ ჩავუსვამ სამ წყეულსა:

წითელ-ყვითელსა, რჩეულსა..

ან ერთი შეჭამს, ან მეორე, ან მესამეო.


ტარიელმა უპასუხა: ვერ იზამ მაგ საქმესაო და სანადიროდ წავიდა.

ხელმწიფემ იმავე დღეს დაიბარა ხუროები, გააკეთებინა კიდობანი. ჩაუსვა შიგ წყეულები და თავისი ქალი ზღვაში გადააგდო. იმისი ტანისამოსი მოხუც ძიძას ჩააცვა: მოვა ტარიელი და მოიტაცებსო.

ტარიელი დაბრუნდა საღამოს, მოიტაცა ქალი და წაიყვანა. ნახა, ბებერს ერთი კბილიც კი არა აქვს. მოაბა ცხენის კუდზე და სულ ლუკმა-ლუკმად დააგლეჯინა.


მოვდივარ, მომიხარიან,

ბებერი მომყავს ქალადა.

დავჯექ და კბილი ვუნახე,

ერთი არ ჰქონდა ცალადა,

მოვიბი ცხენის ძუაზე,

გავხადე ნიავ-ქარადა.


ტარიელი წავიდა ლერწამ-დარეჯანის საძებრად. მივიდა წყლის ნაპირას და წყალს ჩასტირა:


წყალო, მომეცი ჩემი მზე,

შე წყალო, არეზიანო;

არც თოფი გეკვრის, არც ხმალი,

არც შუბი გეცემიანო.

- რაც გინდა მცხელოდეს, შენგან გულს არ გავიგრილებ, ჩემი მზე მანდ არის და უნდა მომცეო. მისდევს ამ წყალს ტარიელი. შეხვდა წყლის მონა.

- ეგრე არ უნდა იტიროო!

- აბა, როგორ? - ჰკითხა ტარიელმა.

- აი, ასეო:


ჩიტი ხოცა და ჭივჭავი

ისარმა ჩემმა წყეულმა;

ვჭამე და ცეცხლი მომიდო

მჭადმა, ნაცარში რეულმა.

იმან უარესი მიყო,

ხორცი რომ ვჭამე სწეულმა!..


ტარიელმა წყლის მონას ცერები დააგლიჯა და ყურში გაუკეთა: წადი, შენს ხელმწიფეს ამბავი მიუტანეო.

წყლის მონა მივიდა ხელმწიფესთან და უთხრა:


მინდვრად ერთი მოყმე ვნახე

ნამტირალი წყლისა პირსა,

ხელთ ეჭირა შავი რაში,

დაბღუჯული ჰყავდა გმირსა,

ხშირად ესხა მარგალიტი

იმის ლაგამ-უნაგირსა.

საყვარელი დაჰკარგოდა,

იჯდა, ძლიერ მწუხრად ტირდა.

ვეუბენ და არ მეუბნა,

ხელი აიფარა პირსა.

იმის ცრემლსა, წამონადენს

დიდი მთები დაეთრთვილა..


ხელმწიფემ თავის ფალავნებს უთხრა:


ადექით, აიყარენით,

ჩემო ედემ ღა ომანე,

ის კაცი აქა მომგვარეთ,

ვინც იყოს ველთა მჯდომარე!


ხელმწიფეს ერთი ფალავანი ჰყავდა, სახელად ომანი. ადგა და ხელმწიფეს მოახსენა:


მიდგა და მოდგა ომანი,

ლახტსა გაუდის ჟღერანი,

მე წავალ, მარტო მოვიყვან,

რად მინდა ბევრი სხვენანი,


წყლის მონამ უთხრა ხელმწიფეს:

- სამოცი ფალავანი გაგზავნე, თუ მოიყვანენ, ვაჟკაცები იქნებიან, ერთი რას დააკლებსო.

ხელმწიფემ გაგზავნა ფალავნები. დაინახეს, ტარიელი წყლის პირს ჩასტირის. შორიდან გაეხმაურნენ, ახლოს ვერ მიბედეს.

ომანმა დაუძახა:


ხელმწიფემა თქვა: ვინ ხარო,

სახელი შენი გვითხარო,

ჯარსა და ტახტსა შენ მოგცემ,

ჯარისა თავი იყავო.


უნდათ მოიტყუილონ, მაგრამ ტარიელმა გადმოსძახა:


მინდორში ერთი კერჩხა დგას,

გარს ურიგია თასები.

ახლო მობრძანდით, მიჯნურნო,

შორით არ დავიფასები.


მივიდნენ ფალავნები თუ არა, ტარიელმა სამოცივე დახოცა. წყლის მონა იქ საყურებლად ყოფილიყო. დაიჭირა ტარიელმა, ახლა ფეხის ცერები დააგლიჯა და ყურში გაუკეთა.

- წადი, ერთი გუდა ნაცარი აიკიდე და ხელმწიფეს ამბავი მიუტანეო.

წყლის მონამ ცუდი ამბავი მიუტანა ხელმწიფეს:


დღეს ამ ჩემი სიტყვითაო,

კარგი ვერა ვნახე რაო:

შენი ყველა მეომარი

გაწყვიტა მათრახითაო.

ცხენი ცხენს ჰკრა, კაცი - კაცსა.

შეაყენა დიდი გორა,

იმის შენატყორცნი კაცი,

მაღლა ფრინავს, როგორც ბორა.


ხელმწიფემ ბრძანება გასცა:

- რადაც არ დაგვიჯდეს, ის გმირი უნდა დავიჭიროთო. ტარიელის ძმა, ავთანდილი, ამ ხელმწიფესთან არის სტუმრად. ხელმწიფე ჯარს წამოუძღვა და ავთანდილიც თან წამოიყვანა. ტარიელს წყლის პირას სძინავს. ავთანდილი ძმას ვეღარ ცნობილობს. მძინარეს ხელმწიფემ ჯარი ცხრაპირად შემოარტყა და ხალხს უთხრა:

- ვინც ამ ტყვეს. გაუშვებს, იმას სულ დავწვავო. რაშმა. ფეხი წაჰკრა და ტარიელი გააღვიძა, ტარიელმა ამდენი ჯარი რომ დაინახა, თქვა: ეგ რა ბუზები დამხვევიანო. შემოახტა რაშს, ხელმწიფის სადგომს ზედ გადაახტა და გაიქცა. წამოვიდა ხელმწიფე ისევ უკან.

ავთანდილმა ვერც ახლა იცნო თავისი ძმა. წავიდა ტარიელი და ისევ წყალს ჩასტირის. ავთანდილის ცოლი გულთმისანი იყო. ერთ დღეს ქმარს უთხრა:


ავთანდილო, შენ და როსტომს

მინდორს ხორცი მოგეხოცათ,

ნამტირალი ძმა გეპოვნა,

თვალზე ცრემლი მოგეხოცა.

მე გირჩევ, ისევ მონახო

ძმა შენი დაკარგულია...


ავთანდილმა ცოლს უთხრა:

- შენ კურო გეყოლება და იმისთვის მგზავნი, თორემ ის ჩემი ძმა არ ყოფილაო.


ავთანდილის ცოლს თინათინი ერქვა. თინათინმა შეჰფიცა:


თინათინს ჯვარი რისხავდეს

თორმეტი შენი რჯულისა,

გული გაუპოს ხანჯალმა,

შენ გარდა თუ სხვა სურისა.

მე გირჩევ, ისევ მონახო

ძმა შენი დაკარგულისა.


- საგზლად ჩამიწყვე რამე, იმდენი უნდა ვდიო, გაგიგო მისი გზა-კვალიო, - უთხრა ავთანდილმა ცოლს, შეჯდა ცხენზე და წავიდა. დაეწია ტარიელს, წყლის პირს ჩასტიროდა.


შავი ხარ და შავ ცხენს ზიხარ,

შავად რასა შებურულხარ?

მობრუნდი, მისმა პოვნამა,

თორემ დღეზე განწირულხარ!


ტარიელმა უპასუხა:


თეთრი ხარ და თეთრ ცხენს ზიხარ,

თეთრადაცა შუბურულხარ,

გაბრუნდი, მისმა პოვნამა,

თორემ დღეზე განწირულხარ!


ტარიელმა თქვა, ეს კაცი შემომაკვდებაო, შემოჰკრა რაშს და გაიქცა. ავთანდილი გაედევნა ცხენის კვალს, თუ ჩემი ძმაა, მამიდასთან მივა და იქ ვნახავო.

ტარიელი მიდის. ნახა, შვიდ დევს გუთანი ებათ. დევებს ტარიელის მოკვლა უნდოდათ. ტარიელმა ჯამბარას ხელი ჩაავლო და გასტყორცნა, უმცროს დევს მათრახი მოხვდა და მკლავი მოსტეხა.

ტარიელმა კიდევ გაიარა გზა და ნახა, ერთი დევი ურმით მოდის. დევმა თქვა: ღმერთმა ლუკმა მომცაო. ტარიელმა გადაჰკრა ურემს მათრახი და ლუკმა-ლუკმად აქცია. გასწია და მამიდასთან მიგიდა. მამიდამ სადილი აჭამა.

- სანადიროდ უნდა წავიდე და თუ ვინმე მოვიდეს, ისე დაიყვირე, ცხრა მთას იქით გავიგონო, - უთხრა ტარიელმა და წავიდა.

ავთანდილმა სდია რაშის ნაფეხურს. ნახა, შვიდ დევს მოუტანია დაგლეჯილი გუთანი და აკონკებენ.

- აქ ცხენით მოყმეს ხომ არ ჩამოუვლიაო? - ჰკითხა მათ.

დევმა უპასუხა:


ერთმა შენფერმა მოყმემა

თავხეთქით ჩამოიარა,

ჯამბარას ხელი გაგვიკრა,

ზღვის იქით გაგვისრიალა.

უმცროს ძმას მათრახი მოხვდა,

მკლავი მოსტეხა ძლიერად.


ავთანდილმა უთხრა:


ეგრე შეჰყევით ოლესა,

იქ ტყესთან ამოდენასა,

დანა დამრჩა, მომიტანეთ,

თქვენ ძმას ის მისცემს ლხენასა.


წავიდნენ ექვსნი. ვერც დანა მოიტანეს, ვერც სალესავი. მკლავმოტეხილი დევი წავიდა და ორივე ჩამოუტანა. ავთანდილს უკვდავების ხელსახოცი ჰქონდა, გადაუსვ-გადმოუსვა დევს და მკლავი მოურჩინა.

დევებს გამოემშვიდობა და წავიდა. ნახა, დევი აკონკებს დამტვრეულ ურემს.

- აქ ცხენით მოყმეს ხომ არ ჩამოუვლია? - ჰკითხა მას.

დევმა უთხრა:


ერთმა შენფერმა მოყმემა

თავხეთქით ჩამოიარა,

ურემს მათრახი გამიკრა,

ნაცარმტვრად გადაიარა.


მივიდა ავთანდილი მამიდასთან. ჰური ჭამეს. მამიდამ უთხრა:

- ტარიელი რომ მოვიდეს, ერთმანეთს დახოცავთო.

მამიდამ ავთანდილი დამალა. ცოტა ხნის შემდეგ ტარიელიც მოვიდა, ირემი მოეკლა და მოიტანა. შევიდა ტარიელი შინ და მამიდას უთხრა:

- ადამიანის სუნი მომდისო.

- ნამინდვრი ხარ და ის იქნება, მაგრამ შენი ძმა რომ იყოს, ხომ არას ავნებო?

- არაო.

- ავთანდილია აქაო.

- მაშ, მოდი ხელები შემიკარ, რომ გადავეხვიო, არა მოვტეხო რაო.

მამიდამ ტარიელს ხელები შეუკრა. ძმები ერთმანეთს გადაეხვივნენ.

ტარიელმა ამ ხვევნაში ორი წიბო მოსტეხა. გააკეთეს კარგი სადილი და ისადილეს. დაიწყეს სიმღერა. ავთანდილმა სიმღერაში უთხრა ტარიელს:


ტარიელ, გემღერებიან,

მე კი არ მემღერებიან,

ორი წიბო რომ მომტეხე,

ისინი მეტკინებიან.


ტარიელმა თავისი უკვდავების ხელსახოცი გადაუსვა და მოურჩინა ნეკნები. სადილის ჭამას რომ მორჩნენ, ერთმანეთს თავგადასავლები უამბეს. ტარიელმა უთხრა:

- მოდი, შენი ცხენი გავატაროო.

შეჯდა ტარიელი. მოუჭირა ლაჯები, ნახევარი ცხენი წინ გადავარდა, ნახევარი  უკან. ავთანდილმა უთხრა:

- მოდი, ახლა მე შავჯდები შენს რაშზეო.

- ნუ შეჯდები, დაგამტვრევსო.

ავთანდილმა არ დაიშალა. ტარიელმა რაშს გაუკეთა შვიდი ლაგამი და შვიდი ქარშიკი. რაშმა გაიტაცა ავთანდილი, ვეღარ მოატრიალა, გადაიყვანა სხვა სახელმწიფოში და ზედ წყლის პირზე დადგა. ამ წყალში თურმე ჭაბუკი ცხოვრობს და წყალს არავის აძლევს. ავთანდილმა ჩასძახა ჭაბუკს:

- წყალი აუშვი, ხალხს უწყლოდ ნუ ხოცავო. ჭაბუკმა წყლიდან გამოსძახა:


შენ კაი კაცი მოსულხარ,

კაი პასუხის მთქმელიო;

შენი რაში მე მომეცი,

ჩვენ ვიყოთ ორი ძმანიო...


ავთანდილმა ჩასძახა:


ტარიელმაც აგრე მითხრა,

წყალში ჭაბუკი არიო,

ჩემი რაშიც იმას მიეც,

შინ მოდი ცარიელიო?!


ავთანდილი მივიდა ამ ქვეყნის ხელმწიფესთან და უთხრა:

- სამი კამეჩის ტყავი მომიტანე, სამი ქარშიკი და ერთი თუნგი ზეთი. უნდა ჩავიდე იმ ჭაბუკთან, ან ის მომკლავს, ან მე მოვკლავო. თუ მე მომკლა, სისხლი ამოვა და თავს უშველეთ, თუ მოვკალი, ზეთს დავღვრი და წყალი წაიღეთო.

ავთანდილმა ჩაიცვა სამი კამეჩის ტყავი, სამი ქარშიკიც შემოიკრა, წაიღო თუნგი ზეთი და წავიდა. დაეძგერნენ. ჭაბუკმა სამი კამეჩის ტყავი სულ შემოაგლიჯა. ხორცზე რომ დაუყენა, ავთანდილი მოერია და მოკლა. ზეთი დააქცია და მთელი ქვეყანა გაახარა.

ზღვასა და ზღვას შუა ქაჯების ქვეყანა იყო და ავთანდილიც იქითკენ წავიდა. მივიდა ერთ ბებერთან და ჰკითხა:

- აქ ლერწამ-დარეჯანი ხომ არ გამოუყვანიათო?

ბებერმა უპასუხა:

- აქ ცხრა ქაჯი ცხოვრობს და ლერწამ-დარეჯანიც მათ ჰყავთ დატყვეგვებულიო. ავთანდილს თან ტარიელის ბეჭედი ჰქონდა, აჩვენა დედაბერს და უთხრა:

- არ შეგიძლია, ეს ბეჭედი ლერწამ-დარეჯანს მიუტანო?

- შემიძლიაო, - უთხრა. ბებერი იქცა ბუზად და წაიღო ბეჭედი. მიუტანა ლერწამ-დარეჯანს. ქაჯების ბებერმა დედამ შვილებს უთხრა:

- ამ ბუზმა თუ რა ქნასო, ხვალ დილამ ცნასო!

ლერწამ-დარეჯანმა ნახა ბეჭედი და გაიხარა: ჩემი დამხსნელი მოსულაო!

ავთანდილი წამოვიდა ტარიელთან. ტარიელს უტირია: საყვარელი დავკარგე, ძმა დავკარგე, რაში დავკარგეო და... ორთავ თვალით დაბრმავებულა. ავთანდილმა ჰკითხა.

- რას დაღონებულხარ, ძმაო ტარიელ, შენი საყვარელი ვიპოვეო.

- მე კი დავბრმავდი და აწ გინდ იპოვე და გინდ არაო!

ავთანდილმა უკვდავების ხელსახოცი გადაუსვ-გადმოუსვა ტარიელს და თვალები მოურჩინა.

- მოდი, ჩვენ ძმასაც, ფრიდონსაც, შევატყობინოთ და ისიც დაგვეხმარებაო, - უთხრა ძმას ავთანდილმა.

ავთანდილი და ტარიელი წავიდნენ ფრიდონთან. მინდორზე ცხენის ჯოგი დაინახეს და მეჯოგეს ჰკითხეს:

- ამ ჯოგში რომელია ყველაზე უკეთესი ცხენი?

- ეზოში შერეკვისა და გამორეკვის დროს ბოლოს რომ დარჩება, იგი დაიჭირეთ, გულთმისანიაო, - უთხრა მეჯოგემ.

ფრიდონთან მეჯოგე გაგზავნეს: ჩვენი მოსვლა შეატყობინეთო. მეჯოგე გაიქცა ფრიდონთან და უთხრა:

- ვიღაცეები მოვიდნენ და ცხენებს მტაცებენო.

გამოვიდა ფრიდონი, მოგლიჯა ერთი დიდი მუხა, ხელი გაჰკრა, გალოპრა, გაიდო მხარზე და წავიდა შესახვედრად.


გაჯავრებულმა ფრიდონმა

მუხა მოგლიჯა ძირადა,

გაჰკრა ხელი და გალოპრა,

მინდორს გააგდო ხიდადა,.


ავთანდილმა და ტარიელმა დაუძახეს: შენი ძმები ვართ, სტუმრად გეწვიეთო. იმ ღამეს კარგი დრო გაატარეს. მეორე დღეს ფრიდონმა ცხენი უნდა მისცეს ძმებსა და ყველას უქებს, კარგია, კარგიო! მაგრამ ბოლოს რომ დარჩა, ძმებმა ის ცხენი აირჩიეს. ფრიდონი მიხვდა: მეჯოგე მოუქრთამავთო.

შესხდნენ სამივენი ცხენებზე და გავიდნენ ქაჯებში. ლერწამ-დარეჯანი ტახტზე იჯდა მოკეცილი. ტარიელი რომ დაინახა, იქით იმას წაუვიდა გული, აქვთ - ტარიელს.

ავთანდილმა და ფრიდონმა მუსრი გაავლეს ქაჯებს. გაუქრათ სანთელი და ერთმანეთს დაეძგერნენ. ფრიდონი მოერია და უნდა მოეკლა ავთანდილი. ავთანდილმა დაიყვირა:

- ვაიმე, ძმაო ფრიდონ, მიშველე, ქაჯმა დამიმორჩილაო!

ეს ფრიდონმა გაიგონა და ძმა გაუშვა. აანთეს სანთელი და ქაჯები გაწყვიტეს. წამოიყვანეს ლერწამ-დარეჯანი და წამოვიდნენ.

ამ ქალს ცხრა ქაჯი უზის მუცელში. მიადგნენ ერთ წყლის პირს. ავთანდილმა ტარიელს უთხრა:

- ეს ქალი სამად უნდა გავჭრაო.

- შენი ნება იყოს, მე რა მეთქმისო, - უპასუხა ტარიელმა.

ავთანდილმა ამოიღო ხმალი და მოუქნია ქალს. რამდენჯერაც მოუქნევს ხმალს, იმდენ ქაჯს ამოაგდებს. ექვსი ქაჯი მოკლა და სამი წყალში ჩაუვარდა. წამოიყვანეს ეს ქალი. გზაში დაუღამდათ, იქ კარავი გააკეთეს და დადგნენ;

სამმა ქაჯმა კიდევ გაიტაცა ლერწამ-დარეჯანი. გამოუდგა ავთანდილი. ერთი მოკლა, ორი წყალში ჩაუვარდა. ორმა კიდევ გაიტაცა ქალი. კიდევ გამოუდგა ავთანდილი. ერთი ქაჯი მოკლა, ერთიც წყალში ჩაუვარდა, ბოლოს იმ ერთმა ქაჯმა გაიტაცა ლერწამ-დარეჯანი, მაგრამ ისიც მოკლა ავთანდილმა და ქალი გაათავისუფლა.

ტარიელმა ეჭვი აიღო: ჩემი ცოლი აქეთ-იქით დაგყავდათო. ავთანდილმა ძმას უთხრა:

- აიღე თოფი, გულში მესროლე, რა ასოც ლერწამ-დარეჯანისთვის მიხლია, იქ მომხვდესო. ესროლა ტარიელმა გულში და ნეკა თითი გააგდებინა. ბევრი ინანა ტარიელმა, მაგრამ რაღას იზამდა.

შემდეგ ძმები გაიყარნენ და ბედნიერად ცხოვრობდნენ.

ჭირი იქ დავაგდე, 

ლხინი აქ მოვიტანე,

ნაცარი იქ დავყარე,

ფქვილი აქ მოვიტანე. 

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ