მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1888 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

"თქმა იყოს და გაგონება,

გორგოლაჭის გაგორება."


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი საწყალი კაცი უძეო. ადგებოდა, თუ დაჯდებოდა, ღმერთს სულ იმასა სთხოვდა, - „ღმერთო, ერთი შვილი მომეცი, რომ ჩემი გვარი არ ამოწყდესო". 

უსმინა ღმერთმა ეს თხოვნა, დაორსულდა იმისი ცოლი და ცხრა თვეზედ ერთი ვაჟიშვილი გაუჩნდათ. ღმერთს მადლობა შესწირეს და სამღვთოც დაუკლეს, რომ ჩვენი ხვეწნა ისმინაო. 

დაუწყეს ამ ყმაწვილს ზრდა, ვინც წლით იზრდებოდა, ის დღით იზრდებოდა. პატარა რომ წამოიზარდა, ისეთი მჭამელი გამოდგა, რომ ჭამით ვერ აძღობდნენ. 

გამოაცხობდნენ პურს, მოუსვამდა ეს ყმაწვილი ხელს და ერთ წუთში გაათავებდა. ერთის სიტყვით, მუდამ დღე პურს აცხობდნენ, მაგრამ მაინც ვერ აძღობდნენ პურის ჭამით. 

უიმისოდაც საწყლები იყვნენ და უფრო გასაწყლდნენ. სთქვეს, „რა ექნათ, ჩვენ ამის შენახვა არ შეგვიძლიან და რა ვუყოთო"...

მერე მოიფიქრეს, მოდი, ჩვენს ხელმწიფეს ხომ შვილი არა ჰყავს, იმას მივცეთ, ის კარგად გაზრდისო. მართლაც წავიდნენ და მოახსენეს ხელმწიფეს:

- „ბატონო ხელმწიფე, უშვილონი ვიყავით, ღმერთსა ვსთხოვეთ, რომ ერთი შვილი მოეცა ჩვენთვის. მოგეცა, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ისეთი მჭამელია, რომ თითო ჯერზედ თითო თორნე პური არა ჰყოფნის და ჩვენ იმისი შენახვა არ შეგვიძლიან. გთხოვთ, რომ თქვენ შეინახოთო.“

ხელმწიფეს ძალიან გაუხარდა და უთხრა, რომ მაშინვე მიეყვანათ. მოიყვანეს ეს ყმაწვილი თუ არა, ისე მოეწონა ხელმწიფეს, რომ მაშინვე შვილად აიყვანა, დაუწყო. კარგად ზრდა, ნახა, რომ მართლა ძალიან მჭამელი იყო და სახელად ტროყია უწოდა.

გაიზარდა. ტროყია, ჩავარდა ჭკუაში და დაიწყო ხალხში სიარული. მომეტებულად დიდ-კაცობას მიაქცია ყურადღება. ნახა, რომ ეს დიდ-კაცები საწყალს ხალხს ძალიან აწვალებდნენ. ტროყიას ეს არ მოეწონა და იფიქრა, რად არის ეს ასე საწყალი და ეს მეორე-კი ესე მდიდარი? რატომ სულ ერთნაირად არა სცხოვრობენო? დაუწყო დიდკაცებს ფულების წართმევა და საწყალს აძლევდა, ამბობდა, რომ მდიდარი და საწყალი უნდა გავათანასწოროო.

ბევრი უთმინეს მდიდრებმა, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინეს და ხელმწიფესთან წავიდნენ საჩიელელად. ხელმწიფეს მოახსენეს: „ბატონო ხელმწიფევ, თუ დაგვიხნი ამ თქვენ შვილისაგან, ხომ რა კარგი, თუ არადა, აღარ გეყმობითო“.

ხელმწიფემ უთხრა: „აბა რა ექნა, როგორ დაგიხსნათო?" იმათ უთხრეს, რომ მთაში ორი გარეული კამეჩი არის, იმასთან გაგზავნეთ და ისინი მოჰკლავენო. 

მართლა დაუჯერა ხელმწიფემ და მეორე დღეს დაუძახა თავის შვილს:

- შვილო ტროყიაო 

- რა გინდა, მამაო?.. 

- მთაში ეს სამი წელი წადია ერთი წყვილი ზაქი გავარეკინე, ეხლა კარგი ურემში შესაბმელები იქნებიან, ბიჭები წაიყვანე და ჩამომირეკეო 

- ძალიან კარგი იქნებაო, - მიუგო ტროყიამ და მეორე დღესვე წავიდა ზაქების ჩამოსარეკად.

მთაში ავიდა თუ არა, დაინახა, რომ ის ორი კამეჩი იმისკენ გამოქანდნენ. მოგ- ლიჯა ერთი ხე ძირიანად და მხარზედ გაიდო. მოახლოვდნენ თუ არა, თითო გადაარტყა ორივეს და ორივე იქვე დაიხოცნენ! 

გაიძრო ხანჯალი, ასო- ასო დასჭრა, ხეებზედ ჩამოჰკიდა და წამოვიდა შინისკენ დაღონებული. შინ რომ მოვიდა, მამამ ჰკითხა:

- რა იყო, შვილო, რამ დაგაღონაო?-

- ეჰ, რაღა რამ დამაღონა, ერთი სახრე ორივეს გადავარტყი და იქვე დაიხოცნენო.

- მემრე რა უყოთ, შვილო, შენი ჭირი წაუღიათო.

წააღებინა ოცდახუთი ურემი ხორცის ჩამოსატანად, ოცზედ ხორცი დაეწყოთ, ხუთზედ რქები და ისე ჩამოიტანეს. 

გამოვიდა ტროყია მეორე დღეს და უფრო უარესი დღე დააყენა დიდ-კაცებს. კიდევ მოვიდნენ და უჩივლეს ხელმწიფესთან. ხელმწიფემ უთხრა: 

- მე რა უყო, სადაც მითხარით, გავგზავნე და დახოცილები ჩამომიტანა ის ორივე კამეჩიო. 

ახლა უთხრეს: - ცხრა ძმა დევნი რომ არიან, იქ გაგზავნე და ისინი მოჰკლავენო. დაიბარა თავისი შვილი ხელმწიფემ და უთხრა: 

- შვილო ტროყიაო.

- რა გინდა, მამაო? 

- მამაჩემს ცხრა ძმა დევი ჰყავდა ყმად და ეს რამდენი ხანია იმათი არა ვიცი რა, ეხლა შენ წადი და უთხარ, მეც მეყმობიან, თუ არა.

მეორე დღესვე ადგა და წავიდა ტროყია დევების საძებნელად. ცხრა მთის იქით რომ გადავიდა, ნახა, რომ ცხრა დევი ერთ ხეს ეჭიდებოდნენ და ძლივს აბრუნებდნენ. ტროყია რომ მიახლოვდა, იმაზედ უდიდესი ხე მოგლიჯა ძირიანად, თავი კომბალისავით გაუკეთა, გადაიდო, მხარზედ და გადასძახა: 

- ეი, ცხრა ძმა დევნო, აქ ამოდით ამ საათშიო.

 დევებმა რომ დაინახეს, კბილების კაწკაწითა სთქვეს: 

- ოჰ, კარგი ლუკმა არისო, და ქვევიდან დაუძახეს: - შენ აქ ჩამოდიო.

ტროყიამ დაუყვირა ზემოდან:  - როგორ მიბედავთ მანდ ჩამოსვლასაო.

მერე დევებმა დაუძახეს: - თუ ჩამოსვლას არა ჰკადრულობთ, ჩამობრძანდითო, და ჩავიდა იმათთან.

დევებმა რომ დაინახეს ტროყია, გულები დაუსკდათ და ერთმანეთს უთხრეს: - რაც გვითხრას, გავუგონოთ, თორემ სუყველას დაგვხოცას, ხედავთ რამოდენა ხე აქვს მხარზედ გადებული. ჩვენ ცხრანი ძლივს ვაბრუნებთ, იმას ორი იმოდენა ცალი ხელით უჭირავს და აბა ჩვენ ამასთან რას გავაწყობთო. 

მივიდა ახლოს თუ არა, დევებმა მაშინვე კანკალი დაიწყეს და ჰკითხეს: 

- რისთვის მობრძანებულხართ, რა გნებავთო.

- ის მინდა, რომ თქვენ პაპიჩემის ყმანი ყოფილხართ და მამაჩემსაც უნდა ეყმოთო.

დევები ერთმანეთს დაეკითხნენ  და სუყველამ ერთბაშადა სთქვეს: 

- ბატონი ბძანდებით, თქვენი ყმები ვართო. 

- მაშ თუ ესეა, წამომყევით თან და მამაჩემს უთხარით პირდაპირ, რომ იმისი ყმები ხართო. 

აბა მეტი რა ძალა ჰქონდათ, გამოჰყვნენ სუყველანი. ტროყიამ მორეკა ცხრა ძმა დევი ხელმწიფის სასახლეში და შერეკა ერთ ოთახში.

ხელმწიფეს რომ შეატყობინეს, ტროყიამ დევები მორეკაო. შიშისაგან შევარდა სახლში და კარები მიკეტა. შეეშინდა, თვალები არ დამთხარონო. 

ტროყია შევიდა მამასთან და მოახსენა: 

- დევები მოვრეკეო. 

– კარგი შვილო, მე ეხლა საქმე მაქვს, შენ წადი, ცხრავე დასერე და გაუშვი. სხვა დროს, როცა საჭირო იქნება, მაშინ დავიბარებო. 

გამოვიდა ტროყია, ცხრა ძმა დევს ყურის ბიბილოები დააჭრა და გაუშვა.

გავიდა კიდევ ხალხში და უფრო უარესი დღე დააყენა დიდ-კაცებს. 

დიდკაცები მოვიდნენ და კიდევ უთხრეს ხელმწიფეს:

- მოგვაშორე ეგ შენი შვილი, თორემ გადავსახლდებითო. 

- რა ვქნა, როგორ მოგაშოროთ, აი თქვენ იცით და მაგან, რაც გინდათ უყავითო. კიდევ ასწავლეს, ერთ ქალაქში მხეთუნახავი ქალი არის, რომელიც სანაძლეოზედ კაცის თავის ციხეს აგებს, იქ გაგზავნეთ და ის მოჰკლესო.

ერთ დღეს კიდევ დაიბარა თავის შვილი ხელმწიფემ და უთხრა: 

- შვილო ტროყიაო.

- რა გინდა, მამაო? 

- ეხლა სხვა აღარა მინდა-რა შენი, ის მინდა, შვილო, რომ მზეთუნახავი ქალი არის, ის შეირთე ცოლად და მოიყვანეო. 

- მაგასაც აგისრულებო, მიუგო ტროყიამ და მეორე დღესვე გასწია მზეთუნახავი ქალის მოსაყვანად.

ბევრი იარა, ცოტა იარა და შეხვდა ერთს კაცს, რომელიც გუთანს მისდევდა უკან და რაც ბელტი გადმოვარდებოდა, სულ ყლაპავდა. 

მივიდა ტროყია და უთხრა: - ეს რა საკვირველება ენახე, ამოდენა მიწას როგორა ჰყლაპავო.

ბელტიყლაპიამ მიუგო: - ეჰ, ეს რა საკვირველია, საკვირველი ის არის, რომ ტროყიამ ცხრა ძმა დევი დასერა და გაუშვაო. 

მე ვარ ტროყია, მეძმობიო? და გეძმობიო. ადგნენ და ორნი წავიდნენ ერთად.

გაიარეს რამდენიმე მანძილი და ერთი კაცი ნახეს, ზღვას დასწაფებოდა და იძახოდა: რა ვქნა, ხრაპი ექნა, ხრუპი აღარ დამრჩება, და ხრუპი ვქნა და ხრაპი აღარაო. 

ტროყიამ უთხრა: ეს რა საკვირველება ენახე, ამოდენა ზღვა ხრაპითა და ხრუპით უნდა დააშროო, იმანაც ისე უთხრა: საკვირველი ეს კი არ არის, საკვირველი ტროყია არისო. 

მე ვარ ტროყია, მეძმობიო? და გეძმობიო. ადგნენ და წავიდნენ სამნი. 

გაიარეს ცოტა მანძილი და შეხვდათ ერთი კაცი, ფეხებზედ წისქვილის ქვები მოება, კურდღელს გაუშვებდა, გამოუდგებოდა და დაიჭერდა.

ტროყიამ უთხრა: ეს რა საკვირველება ვნახე, მაგოდენა ქეები ფეხებზედ გაბია და კიდე ეგრე დარბიხარო. იმანაც ასე უთხრა: საკვირველი ეს კი არ არის, საკვირველი ტროყია არისო.

მე ვარ ტროყია, მეძმობიო? და გეძმობიო. ადგნენ და წავიდნენ ოთხნი.

გაიარეს პატარა გზა და ერთი მეცნიერი კაცი ნახეს: დაწოლილიყო, ყური მიწაზედ დაედო და ისე იყო. მივიდა ტროყია და უთხრა: რად დაწოლილხარ მაგრეო? იმან უპასუხა: ქვესკნეთ დედამიწაში ჭიანჭველები ჩხუბობენ ერთ კვერ ყველზედ და მე აქედან სამართალს ვაძლევო. 

იმასაც ისე უთხრა, როგორც პირველებს, გაიხადა ძმად, გახდნენ ხუთნი და გაუდგნენ გზას.

ცოტა რომ გაიარეს, ნახეს, რომ ერთი კაცი იდგა და მაღლა შეჰყურებდა. მივიდა და ჰკითხა ტროყიამ, - ძმაო, რას უყურებ მანდაო? იმან უთხრა - შარშან შვილდისტარი ავკარი მაღლა და წელს ველი, უნდა ჩამოვიდესო. 

იმასაც პირველებსავით უთხრა, გაიხადა ძმად და წავიდნენ ექვსნი.

ცოტა რომ გაიარეს, ნახეს, რომ ერთი მღვდელი საყდარს დაარბენინებდა. რომელ გორაზედაც მზე მიადგებოდა, იქ გააქცევდა ხოლმე საყდარს, დასდგამდა და ლოცულობდა. როგორც იყო მიეწივნენ მღვდელს, გაიხადეს ისიც ძმად და წავიდნენ შვიდნი.

ბევრი იარეს, თუ ცოტა იარეს, მიადგნენ მზეთუნახავის ქალის ციხეს და იქვე შორიახლოს ჩამოხდნენ. მეორე დღეს ციხეში შევიდა ტროყია და თავი დაუკრა ქალს.

- ოჰ! ერთი თავი მაკლდა და შენც მოხვედიო, უთხრა ქალმა. 

- ეგ ღმერთმა იცისო, უთხრა ტროყიამ. დაენაძლევნენ ერთმანეთს და ქალმა უთხრა:

- მე ერთი კვირა პურს ვაცხობინებ და შენმა საყმომ ერთ დღეში უნდა შეჭამოსო. თუ შენ მომიგებ, ცოლად შემირთე და წამიყვანე და თუ მე მოვიგე, თავს მოგჭრი და ციხეს დავადებ.

იმ ხელად ტროყიამ ვერა უთხრა-რა ქალს, გამოვიდა და ამხანაგებს დაეკითხა. 

ბელტიყლაპიამ უთხრა: დანაძლევდი, ნუ გეშინიან, მე აქა ვარო?

შევიდა ტროყია ციხეში და უთხრა ქალის კარგი, დავნაძლევდეთო.

ქალმა თავის სახელმწიფოს ერთი კვირა სულ პური აცხობინა. ისეთი გორები დააყენეს გამომცხვარი პურისა, რომ კაცი თვალს ვერ შეაწვდენდა. გაათავეს თუ არა პურის ცხობა, ბელტიყლაპიამ დაუარა და ისე მოსწმინდა, რომ სულ ნამცეცებს ეძებდა მიწაზე.

შევიდა ტროყია ქალთან და უთხრა: გავათავეთ და რას იტყვიო. ქალმა უთხრა: ერთიც დაენაძლევდეთო. მე ერთი კვირა ღვინოს ამოვაღებინებ და შენმა საყმომ ერთს დღეს უნდა დალიოსო. 

გამოვიდა ტროყია და თავის ამხანაგებს დაეკითხა.

ხრუპიამ უთხრა: ამოაღებინოს, არა უშავს-რა, მე აქა ვარო?

ტროყია ქალს ამ სანაძლეოზედაც დაჰყაბულდა. ქალმა დააყენა თავის სახელმწიფო და შვიდი დღე სულ ღვინო აღებინა და ასხმევინა რუმბებში. იმდენი ღვინო ამოიღეს, რომ ალაგიც არ იყო, სად დაეწყოთ. როცა გაათავეს, ხრუპიამ ისე დაწრიტა რუმბები, რომ წამლადაც არ დაანარჩუნა. შეუგზავნა კაცი ქალს, ცოტა ღვინო გექნება სახლში და გამოგზავნე ყელი გავისველოეო. 

ქალს ძალიან ეწყინა ეს სიტყვა, მაგრამ რა ექნა, კიდეე უშარა: მოდი, მესამედაც დავნაძლევდეთო, ერთ კაცს მე გამოვიყვან ჩემ სახელმწიფოდან და ერთი შენ გამოიყვანე, გავგზავნოთ უკედავების წყლის მოსატანად. თუ ჩემი მოვიდეს ჩქარა, თავს მოგჭრი, ციხეს დავადებ, და თუ შენი მოვიდეს ჩქარა, ცოლად შემირთე და წამიყვანეო. 

გამოვიდა ტროყია და თავის ამხანაგებს უთხრა: ეს მითხრა და რა ვუყოო. 

წისქვილის ქვებიანმა უპასუხა: შენ ნუ გეშინია, დანაძლევდი, მე აქა ვარო? 

დაჰყაბულდა ამაზედაც ტროყია, ქალმა არჩია თავის სახელმწიფო ში ყველაზე მარდი კაცი, ტროყიამაც თავისი კაცი გამოიყვანა, დააყენეს ერთად და გაგზავნეს უკვდავეების წყლის მოსატანად.

რამდენისამე ხნის შემდეგ ტროყიამა სთქვა თავის ამხანაგებთან: რა ვქნა, ჩეენმა ამხანაგმა დაიგვიანა და იმის თავს ხომ არა არის-რაო, იმავ საათში მეცნიერმა გახედა და დაინახა, რომ ქალის კაცს მოჰქონდა წყალი და იმათ ამხანაგს კი ეძინა. მაშინვე დაიძახა: ვაიმე, ჩვენ ამხანაგს ბანგი აწევსო, შვილდისტარის მსროლელმა კიდევ გაისროლა შვილდისტარი და ბანგი აჰგლიჯა მაშინვე. 

წამოხტა ეს კაცი, მოიფშვნიტა თვალები, ნახა, რომ აღარც ის კაცია იქ და აღარც წყალი. გამოუდგა უკან, დაიჭირა, წაართვა წყალი, ბევრი სცემა, ხეზედ მიაბა და ისე წამოიღო წყალი. 

მოვიდა თუ არა, ჰკითხეს: ეგ რა ამბავი იყოო? იმან უამბო: მე რომ იქიდან წყალი მომქონდა, ის აქედან მიდიოდა მოსატანად. შუა გზაში შემხვდა და მითხრა: ეხლა რაღაზედ წავიდე ტყუილად, მოდი ერთი ცოტა პური ეჭამოთ და ისე წავიდეთო. მეც დავუჯერე და დასვხედით პურის საჭმელად. თურმე ბანგი წამოეღო თან და შემომაპარა მოტყუებითაო.

შეუტანა ტროყიამ უკედავების წყალი ქალს და უთხრა: აბა, ეხლა რაღას იტყვიო! ქალმა უთხრა: მომიგე, შენ ქმარი და მე ცოლი, სადაც გინდა წამიყვანეო.

დასხდნენ სულ ყველანი ერთ ოთახში, მღვდელმა კიდევ წამოიკიდა ოთახი და წამოიღო. 

შინ რომ მოვიდნენ, ერთი კარგი ქორწილი გადაიხადეს. ამხანაგებს სთხოვა, რომ სულ ყველანი იმასთან დარჩენილიყვნენ. იმათ უთხრეს: არა, ძმაო, ჩეენ ჩვენ გზაზედ წავალთო. როგორც გვიცხოვრია ისევ ისე ვიცხოვრებთო. დიდი მადლობა გადაუხადეს ერთმანეთს და წავიდნენ ყველა თავ-თავის გზაზე.

ამის შემდეგ კი დაიწყო. ტროყიამ მშვიდობიანი ცხოვრება თავის მამასთან.

ჭირი - იქა, ლხინი - აქა,

ქატო - იქა, ფქვილი - აქა

ჩვენ გოდორს და ჩვენ საცალოს, 

ღმერთო, მიეც შენ ბარაქა.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ