მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1381 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ახალი ცხენი ვიყიდე, 

ახლად ამდგარი ჯანზედა..

კაცმა რო სიტყვას ამოსთქვას,

უნდა რამ იყოს წარზედა.


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. იყო ერთი მდიდარი კაცი. როდესაც კვდებოდა, დაუძახა თავის სამს ვაჟს და უთხრა: 

- შვილებო, ეს არის ვკვდები, მე კარგს სხვას აღარას მოველი, თქვენ კი ჯერ ახალგაზრდები ხართ და ბედსაც შეესწრებით. თქვენ ცოლების შერთვაზე ნურც შეიწყენთ და ნურც ეძებთ საცოლეებს, აიღეთ, თითო ისარი გაისროლეთ, გაჰყევით უკან და სადაც დაეცემიან, თქვენც იქ მიდით, წამოიღეთ ისრები და ქალები უკან გამოგყვებიანო".

მოკვდა მამა. შვილებმა იგლოვეს და იტირეს. როდესაც გამოიგლოვეს მამის სიკვდილი, ძმებმა სთქვეს: „ეხლა-კი დროა ცოლები შევირთოთო“. 

ჩადო ისარი უფროსმა ძმამ მშვილდში და გასტყორცნა. ისარი წავიდა და ერთი ხელმწიფის ბანზედ დაერჭო. გაჰყვა უფროსი ძმა, მოიტანა ისარიც და ხელმწიფის ქალიც წამოიყვანა... 

გასტყორცნა ისარი საშუალმა ძმამ. ისარი წავიდა და ნაზირის ბანზედ დაერქო, მიეიდა ვაჟი, წამოიღო ისარი და წამოიყვანა ნაზირის ქალი. 

გასტყორცნა ახლა უმცროსმა და ისარი ჭაობში კი ჩაერჭო. მიჰყვა ისარს უმცროსი ძმა, მივიდა ჭაობში, ამოაძრო ისარი და წამოიღო. ისარს ერთი ბაყაყი გამოჰყვა. უმცროსი ძმა ამოჰკრავდა წიხლს ბაყაყს, გადააგორებდა, უნდოდა როგორმე მოეშორებინა, მაგრამ ვერ იშორებდა ბაყაყს. ბოლოს რომ ვერა და ვერ მოიშორა, უთხრა:

- რა გინდა ჩემგან, ბაყაყო, გამშორდი, დამანებე თავიო!

- რას გიშლი შენაო, უპასუხა ბაყაყმა: მე თვითონ წამოვალ, დავიჯერო ერთი იმოდენა ადგილი არსადა გაქვს სახლის კუნჭულში, რომ მე დავეტიო?..

- იქნება ბედი ამას მიწერდესო“, სთქვა ვაჟმა და წაიყვანა ბაყაყი. 

მივიდა შინ უმცროსი ძმა და მიიყვანა ბაყაყიც.

- რა ლამაზი ცოლი გყავს, უთუოდ ხელმწიფე შეგეცილება, არ შეგარჩენსო, - დასცინოდნენ ძმები და რძლები. 

როდესაც სადილზე დასხდებოდნენ, ბაყაყს გარეთ გააგდებდნენ. ბოლოს გამოაგდეს უმცროსი ძმაცა და იმისი ბაყაყიც სახლიდან.

უმცროსი ძმა ცალკე იდგა, დღისით სანადიროდ წავიდოდა, ბაყაყს შინა სტოვებდა და საღამოზედ შინ დაბრუნდებოდა ხოლმე. ბაყაყი ვაჟის წასვლაზედ გაიხდიდა ბაყაყის ტყავს და ისეთი ქალი გამოჩნდებოდა, რომ მზესავით ანათებდა. დაჰგვიდა სახლს, დაალაგებდა ჯამ-ჭურჭელს, მოუმზადებდა საჭმელს და მერე ისეე ბაყაყის ტყავს ჩაიცვამდა და წამოჯდებოდა ცეცხლის პირას.

დაბრუნდებოდა ვაჟი სახლში, ნახავდა დაგვილ-დაწმენდილ სახლს, დარეცხილ-გარაკრაკებულ ჯამ-ჭურჭელს, მომზადებულ საჭმელს და ეგონა, რძლები უვლიან ჩემს სახლსო. წავიდოდა და ეტყოდა ძმა რძლებს:

- თუ ეგრე გიყვარდით და გებრალებით ეხლაც, რომ მოდიხართ და უვლით ჩემს სახლს, რატომღა გამომაგდეთ სახლიდან?

- რასა ყბედობ, რას მიდებ-მოედები, ვისა აქვს შენი ჯავრი, გასწი, დაიკარგე აქედანაო“ ეტყოდნენ ძმა-რძლები და გამოაგდებდნენ.

ერთხელ ვაჟმა სთქვა: ეს რძლები უარს არიან, ჩვენ არ ვუვლით შენს სახლსაო, და მოდი ერთი ვუყარაულებ, იქნება ვნახო ვინ არის ის ჩემი ყურის მგდებელიო. ბაყაყს უთხრა, რომ მე სანადიროდ წავალო, გამოვიდა და იქვე დაიმალა. 

როდესაც ქალმა გაიგულა ვაჟი, გაიძრო. ბაყაყის ტყავი და დატრიალდა ჯარასავით. იმას ხელი არაფრისათვის არ უხლია, ყველაფერი თავად მოამზადა. შემოვარდა ვაჟი, დაიჭირა ქალი და დაუწყო კოცნა. ბაყაყის ტყავი ცეცხლთან ეგდო, მოავლო ვაჟმა ხელი დასაწველად, მაგრამ ქალმა დაიჭირა და შეეხვეწა: - შენი ჭირიმე, ნუ დამიწვავ მაგ ტყავს, თორემ ინანებო, მაგრამ ვაჟს ვერაფერი შეასმინა.

მალე გავარდა ბაყაყის ქალის სილამაზის სახელი და მივიდა ხელმწიფის ყურამდეც. ხელმწიფე მიზეზს ეძებდა, როგორმე წაერთმია ვაჟისთვის ის ქალი. 

ხელმწიფეს ერთი ბებერი ჰყავდა და იმან უთხრა: მე გიშოვი იმ ქალსაო. შენ რომ ათასი დღის ხოდაბუნი გაქვს, დაიბარე იმ ქალის ქმარი, და თუ ერთ დღეს მოგიხნავს, ხომ რა იქნება, მაგრამ ხომ იცი, ის ერთს დღეს ვერ მოხნავს, და თუ ვერ მოხნა, წართვი ცოლიო. 

დაიბარა ხელმწიფემ ბაყაყის ქალის ქმარი და უთხრა: მე ათის დღის ხოდაბუნი მაქვს, თუ იმას ერთს დღეს მომიხნავ, ხომ კარგი, და თუ ვერ მომიხნავ, ცოლს წაგართმევო. 

დაღონდა ძალიან ვაჟი: ათასი დღის ხოდაბუნი როგორ უნდა მოვხნა, დავთესო და დავფარცხოო. მოვიდა ცოლთან და შესჩივლა. 

- აკი გითხარი, ნუ დამიწვავ ტყავს, თორემ ინანებ-მეთქი, - უთხრა ქალმა: ეხლა რაღა ვქნათ: მაინც ნუ იჯავრებ, წადი და საიდანაც მე მომიყვანე, იქ ჩასძახე: - თქვენა ქალმა შემოგითვალათ, ჩვენ რომ უღელი ხარი გვყავს, ნიშა და ნიკორა, ის გამომიგზავნეთო. 

წავიდა ვაჟი, ჩასძახა ისე, როგორც ქალმა დააბარა და მისცეს უღელი ხარი, ნიშა და ნიკორა. წამოიყვანა შინ, შეაბა გუთანში და დაუწყო ხვნა ხოდაბუნს. ხარები თითო დღიურის ოდენა კვალს ისროდნენ და არღვევდნენ მიწის გულს. სამხრობამდის მორჩა ვაჟი სახნავს, დასთესა და საფარცხიღა ჰქონდა დარჩენილი, რომ დაღლილს დაეძინა.

ვაჟს დიდხანს ეძინა. მზეს ერთი შუბის ტარიღა ჰქონდა ჩასავალი, ხარებმა შეხედეს მზეს და უთხრეს ერთმანეთს:  - რამე უნდა ვუშველოთ ჩვენს პატრონს, მეტი ღონე არ არისო. 

ნიშამ უთხრა ნიკორას: - შენ დაიყვირე, რაც ძალი და ღონე გაქვს, რომ ვაჟმა გამოიღვიძოს, მე მზეს კუდს შემოვკრავ და სასადილოში მივაყენებო. 

დაიყვირა ნიკორამ და გააღვიძა პატრონი, შემოჰკრა ნიშამ კუდი მზეს და სასადილოში მიაყენა. 

ადგა ვაჟი და დაიწყო ფარცხვა. მორჩა ფარცხვას და ჩავიდა მზეც.

ხელმწიფემ კაცი გაგზავნა სანახავად, რა ჰქნა, მოხნა, თუ ვერაო. მოვიდა კაცი და მოახსენა ხელმწიფეს, რომ ხოდაბუნები სულ დაუბზარია და დაუფარია კიდეცო.

დაიბარა ხელმწიფემ საჩქაროდ თავისი ბებერი და უთხრა:  

- ეხლა რაღა ვქნათ, რომ შენი წამალი უვარგისი გამოდგაო. 

ბებერმა მოახსენა ხელმწიფეს: 

- შენ იმას შეუკვეთე, რომ ის რაც დაუთესია, ისე აკრიფოს, რომ ერთი მარცვალი არ დააკლდესო. 

დაიბარა ბაყაყის ქალის ქმარი ხელ მწიფემ და უბრძანა: - რაც მარცვალი დაგითესია, თუ ისევ ისე არ აკრიფე, რომ ერთი აღარ დარჩეს, შენი ცოლი მე დამრჩებაო. 

მოვიდა დაღონებული ვაჟი ცოლთან და შესჩივლა. ცოლმა უთხრა: - წადი იქ, საიდანაც მე მომიყვანე და ჩასძახე: - თქვენმა ქალმა დაგიბარათ, ეგ ერთი ყუთი რომ გაქეთ, ეგ გამომიგზავნეთო, მაგრამ ის ყუთი არამც და არამც გზაზე არ გახსნა, თორემ შენც დაიღუპები და მეც დამღუპავო. 

წავიდა ვაჟი, მივიდა ჭაობში და ჩასძახა: - თქვენმა ქალმა დაგიბარათ, ჩვენ რომ ერთი ყუთი გექონდა, ის გამომიგზავნეთო. მისცეს ეს ყუთი, წამოიღო და წამოვიდა. გზაზედ მოაგონდა, მოდი ერთი გავხსნიო. ქალის სიტყვებიც მოაგონდა, მაგრამ ვეღარ მოითმინა და სახლის დერეფანში რომ შევიდა, გახსნა, ამოვიდა ყუთიდან შავი ჭიანჭველა, ამოვიდა, ამოვიდა, რომ სულ ბნელად დაიდო. 

დაესხნენ ვაჟს ჭიანჭველები და გამოხრეს ძვლებიც კი; და იმ დროს გამოვიდა ქალი, რომ თავის გოხა-ღა (თავის ქალა) დარჩენილიყო. შემოიკრა თავში ხელი, დაიწყო ტირილი და ვაება, მაგრამ მალე მოაგონდა, ამოიღო. უკვდავების ხელსახოცი, გადააფარა გოხას და გააცოცხლა ვაჟი. 

ადგა ვაჟი, მოისვა თვალებზე ხელი და სთქვა: 

- ოჰ რა ძალიანა მძინებია და რა ბევრიო.

- ბევრი მაშინ გეძინებოდა, რომ მე არ შევსწრებოდიო, უთხრა ქალმა: აკი გითხარ, ნუ გახსნი გზაზე ყუთს, თორემ თავსაც დაღუპავ და მეცა-მეთქი. მე რომ რაღაც ბედად არ გამოვსულიყავი და არ მენახა, იმ თავის გოხასაც გამოხრავდნენ და მაშინ მე შენ ვეღარ გაგაცოცხლებდიო.

დასდო ყუთზე ჯვარედინად ორი ხმალი ქალმა და ჭიანჭველები ისევ ყუთში ჩავიდნენ. მისცა ვაჟს და უთხრა, რომ წაიღე და იმ ნათესში გახსენიო. ვაჟმა წაიღო ყუთი, გახსნა ნათესში. ამოვიდნენ ჭიანჭველები და დაუწყეს მარცვალს კრეფა და ზიდვა. გადადო ვაჟმა ორმოზე ხმლები ჯვარედინად და ჭინჭველებმა დაუწყეს შიგ მარცვალს ჩაყრა, საღამომდე სულ აკრიფეს.

მოვიდა ბებერი, დაჰხედა ორმოს და სთქვა: - ერთი მარცვალი აკლიაო. აქა ვარ, აქა, მომაქვსო, მოისმა ერთი ჭიანჭველას ყვირილი. ხმალზე ფეხი გაეჭრა და ვეღარ დადიოდა ჩქარა, დაკოჭლებულიყო. მოიტანა იმანაც ის ერთად-ერთი მარცვალი და ხელმწიფე ისევ ხელცარიელი დარჩა. 

მერე ზღვაზე ხიდის გაკეთება შეუკვეთა.

დაიბარა ქალმა ერთს ღამეს მამის სახლიდან ხუროები და მცურავები. ეცნენ და ერთს წამს გამოჭიმეს ზღვაზე მშვენიერი ხიდი. გადის და გამოდის ვაჟი ხიდზე მეორე დღეს: ხან აქ ასწორებს ფიცრებს, ხან იქ, თითქო იმან გააკეთაო.

დაიბარა ისევ ხელმწიფემ და შეუკვეთა:

- ერთ ღამეში ისეთი ბაღი უნდა ამიშენო, რომ იქ უდგომელი ხილი არაფერი იყოსო.

დაიბარა ქალმა მამის სახლიდან მებაღეები და ერთ ღამეს ისეთი ბაღი გააშენებინა, რომ იმისთანა აღარსად იყო.

- უნდა ამ ბაღში ყველა ჯურის ფრინველი გამიჩინოო, - უბრძანა ხელმწიფემ ვაჟს. დაიბარა ბაყაყის ქალმა სახლიდან მეფრინველეები და ერთს დღეს სულ იმ ბაღში მოაყვანინა, რაც რამ ფრინველი იშოვებოდა. 

შევიდა მეორე დღეს ხელმწიფე ბაღში და რა ფრინველს ინატრებდა კაცი, რომ იქ არა ყოფილიყო, იდგა ერთი ჟივილ-ხივილი, სტვენა და გალობა.

რაკი ამით ვერაფერი უყო, დაიბარა ხელმწიფემ ისევ ვაჟი და უთხრა: 

- თუ წახვალ და საიქიოს რომ დედაჩემმა ბეჭედი წაიღო, იმას მომიტან, შენი ცოლი შენ დაგრჩებაო. 

წავიდა დაღონებული ვაჟი ცოლთან და შესჩივლა, რომ ხელმწიფე ეხლა საიქიოსა მგზავნის, იმის დედას ბეჭედი წაუღია და ის უნდა მოვიტანოო.

ქალმა მისცა ერთი ვაშლი და უთხრა: 

- ეგ ვაშლი გაგორდება, გაჰყევ შენ უკან და მიგიყვანს საიქიოშიო. 

გაგორდა ვაშლი და გამოუდგა უკან ვაჟიც. ბევრი იარეს, თუ ცოტა იარეს, გაათავეს სააქაო და საიქიოს მივიდნენ. ერთს ადგილას ვაშლმა ერთს კლდეს გაუარა. კლდეში ერთი ხარი ება, არაფერი წინ არ ედო, არც არაფერი სასმელ-საჭმელი იყო ახლო-მახლო, ხარი კი ისეთი მსუქანი იყო, რომ სულ ხორცი ასკდებოდა.

ვაჟი მივიდა ხართან და ჰკითხა:

 - ეგ როგორ არის, რომ არც არაფერი წინ გიდევს და არც არაფერი ახლო-მახლო არის, არაფერსა სჭამ და ეგრე მსუქანი-კი ხარო.

- ჩავლილი ბევრი მინახავს, უთხრა ხარმა, და ამომავალი-კი ვეღარავინაო, ჩაიარე და თუ ამოივლი, ყველაფერს მაშინ გიამბობო.

იარეს, იარეს, გასცდა ამასაც ვაშლი და გამოვიდნენ ერთს მშვენიერ მინდორზედ. ათას ფერად აყვავებულია, ღვთის თვალი ტრიალებს შიგ. წყალი ცივია და ბალახია ისეთი, რომ ცხენი ვერ გაატანს. ერთი ხარი აბია, ისეთი მჭლე არის, რომ კაჭკაჭი ვერაფერზე გამოეზიდება.

ვაჟი მივიდა იმასთან და გაკვირებით უთხრა: - ეგ როგორ არის, რომ ეს ამისთანა იალაღი წინ გიძევს, ეს მშვენიერი ბალახი, მშვენიერი წყალი და ეგეთი მჭლე ხარო.

- ჩამოვლილი ბევრი მინახავს და ამოვლილი კი არც ერთიო, უპასუხა ხარმა, ჩაიარე და თუ ისევ ამოივლი, მაშინ გიამბობო. 

გასცდა ვაშლი და წავიდნენ. ბევრი იარეს, თუ ცოტა იარეს, ერთს ადგილს ერთი ცოლ-ქმარი ნახეს ცულის ტარზე წვანან გადახვეულები და კიდევ ერთმანეთს ეუბნებიან: - აქეთ მოწექ, რომ შენთან ყოფნით გავძღეო. 

ვაჟს გაუკვირდა, მივიდა იმათთან და ჰკითხა - ეგ როგორ არის, ერთ ცულის ტარზე სწევხართ და კიდევ ერთმანეთს ეუბნებით, აქეთ მოიწიეო. 

- ჩამვლელი ბევრი გვინახავს, ამვლელი კი აღარავინაო, უპასუხეს ცოლ ქმარმა: - ჩაიარე და თუ ამოივლი, მაშინ გეტყვითო“. 

გასცდნენ ამათაც და წავიდნენ. იარეს, იარეს და გზაზე ერთი ცოლ-ქმარი ნახეს. კამბეჩის ტყავზე წვანან და კიდევ ერთმანეთს ეუბნებიან: - იქით მიწექ, მეც ვერ ვეტევიო. 

ვაჟი მივიდა იმათთანაც და ჰკითხა: - ეგ როგორა ხართ, რა ღეთის რისხვაა, რომ კამბეჩის ტყავზე სწევხართ და კიდევ ერთმანეთს ეუბნებით - იქით მიწექ, იქით მიწექიო!

- ჩამვლელი ბევრი გვინახავს, ამომვლელი კი აღარავინაო, უპასუხეს ცოლ-ქმარმა: - ჩაიარე და თუ კიდევ ამოიარე, მაშინ გეტყვითო.

გასცდა ამათაც ვაჟი და წავიდა. იარა, იარა და ერთი მღვდელი ნახა. ზურგზედ საყდარი ჰკიდია, უკან მლოცავები დაჰყვებიან, დადის მღვდელი და სადაც მზეს თვალს მოჰკრავს, საყდარს იქ დასდგამს და ლოცულობს. 

ამასაც ჰკითხა ვაჟმა: „ეგ რა არის, მღვდელო, რომ მაგოდენა საყდარი ზურგზედ გკიდია და სადაც მზეს თვალს მოჰკრავ, მიდიხარ და ლოცულობო?

- ჩავლილი ბევრი მინახეს და ამოვლილი-კი აღარავინაო უპასუხა მღედელმა; - თუ ამოივლი, მაშინ გიამბობო.

გასცდა ვაშლი და გაჰყვა ვაჟიც. იარეს და გზაზე ერთს კაცს შეხვდა, პირში მატყლი ამოსდის, ამოსდის და არ ილევა. ვაჟმა იმასაცა ჰკითხა: - რად ამოგდის მატყლიო და იმანაც უპასუხა, რომ ჩამვლელი ბევრი მინახავს და ამომვლელი კი არც ერთიო, თუ ამოივლი, მაშინ გიამბობო. 

გასცდა ვაჟი და წამოვიდა, იარა, იარა და ერთს კაცს შეხვდა: თოკზე კვერცხებს აწყობს, აწყობს ზურგზე, მაგრამ ვერ მიაქვს, ისევ ეშლება. ვაჟმა ამასაც ჰკითხა, რად აწყობ კვერცხებსაო, მაგრამ არც იმან უპასუხა არაფერი.

გასცდა ამასაც და გზაზე ერთი მარილის ქვად ქცეული კაცი ნახა, გდია, ეხვევა. საქონელი და ლოკავს. იმასაც ჰკითხა და იმანაც იგივე უპასუხა: - ჩაიარე და რომ ამოივლი, მაშინ გიამბობო. 

გასცდა ვაჟი ამასაც და ერთს კაცს შეხვდა. დადის, ზურგზედ კოკით მშვენიერი წყაროს წყალი ჰკიდია და იძახის: მწყურია წყალი, მწყურია, ვკვდებიო, მაგრამ თვითონ-კი ვერ დაულევია. 

იმასაც ჰკითხა ვაჟმა: - რა არის, წყლიანი კოკა ზურგზედ გკიდია, შენ-კი წყურვილით ჰკვდები, ეგ როგორ არისო.

- ჩამვლელი ბეევრი მინახავს და ამომვლელი კი აღარავინაო, უპასუხა იმ კაცმა, ჩაიარე და თუ ამოივლი, მაშინ გიამბობო.

გასცდა ამასაც ვაჟი და წავიდა. ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, ერთი დედაკაცი ნახა: ისეთ 'შავს პურს ჩასცხობს, როგორც კუპრი, მაგრამ ისეთს ააყენებს, როგორც ბამბა.

-  ეგ რად არის, რომ შავ პურს ჩასცხობ და თეთრი კი ამოგყავსო? - ჰკითხა ვაჟმა დედაკაცს.

- ჩამვლელი ბევრი მინახავს და ამომვლელი-კი აღარავინაო, უპასუხა დედაკაცმა: - ჩაიარე და თუ ამოივლი, მაშინ გიამბობო. 

გასცდა ამასაც ვაჟი და ერთი დედაკაცი ნახა: თეთრს პურს ჩააცხობს, როგორც ბამბა, მაგრამ ისეთს ააყენებს, როგორც ტალახი, კაცისაგან არ ინახვება. 

- ეგ როგორ არის, რომ თეთრს პურსა სცხობ და შავს აყენებო? - ჰკითხა ვაჟმა დედაკაცს. 

- ჩამვლელი ბევრი მინახავს და ამომვლელი-კი აღარც ერთიო, უპასუხა ამ დედაკაცმაც. - წადი, ჩაიარე და თუ ამოივლი, გიამბობო. 

გასცდა ამასაც ვაჟი და ერთი დედაკაცი ნახა, რომ ძუძუებითა ჰკიდია ხეზე. ვაჟი მივიდა იმასთანაც და ჰკითხა: - რადა ჰკიდიხარ ძუუებითაო. 

დედაკაცმაც სხვებსავით პასუხი მისცა.

გასცდა ამასაც ვაჟი და ერთს ხევზე გასვლა მოუხდა. ნახა, რომ ხევზედ კაცია გადებული ხიდად და ყველა იმაზედ გადის და გამოდის.

- ეგ რა ამბავი შენს თავს, რომ ყველას ხიდად შენ გაუხდიხარო? - ჰკითხა ვაჟმა.

იმ კაცმაც: -  ჩამვლელი ბევრი მინახავს და ამომვლელი-კი აღარც ერთიო, - უპასუხა. ჩაიარე და თუ ამოივლი, მაშინ გაიგებო.

გასცდა ამასაც ვაჟი და მივიდა იქ, სადაც ხელმწიფის დედა იყო, იკითხა და უჩვენეს, ეს არისო, მივიდა იმასთან ვაჟი და თავაზიანი სალამი მისცა. 

მიიპატიჟა ახლოს ხელმწიფის დედამ და უთხრა, რომ ნუ მომეკარები-კიო. მერე გამოჰკითხა: 

- შე საწყალო, რამ მოგიყვანა ამ ქვეყანაში, აქ რა გესაქმებოდაო. 

ვაჟი მოუყვა და უამბო დაწვრილებით, რაც გაჭირვება გადაჰკიდებოდა ხელმწიფისაგან და ან რადაც იყო გამოგზავნილი. მისცა ხელმწიფის დედამ ბეჭედი და უთხრა: 

- წადი და ჩემს შვილს ეგრე უთხარ, რადგან აქაც არ მასვენებ და მაწუხებ, შენამც ჰქცეულხარ კურდღლად, შენი ბებერი მწევრად, შენი ნაზირ-ვეზირი მგლებად და ერთმანეთიმც დაგიჭამიათო.

წამოიღო ბეჭედი და წამოვიდა. 

გზაზე კაც-ხიდაზედ გამოიარა, იმან უთხრა:

- მე იმ ქვეყანაში ყველას ვერჩოდი და ფეხითა ვთელავდი, დიდი არ ვიცოდი, პატარა, ქვრივი, ობოლი. ჩემთვის სულ ერთი იყო, და ეხლა ჩემზე დადიანო. გასცდა ამას ვაჟი და მოვიდა, დედაკაცი რომ ძუძუებით ეკიდა, იმასთან. იმან უთხრა: 

- ობლების დამყრელი ვარო.

გასცდა ამასაც და მივიდა იმ დედაკაცთან, თეთრს პურს რომ აცხობდა და შავს-კი აყენებდა. იმან უთხრა:

 - მე იმ ქვეყანაში ყველაფერი მრავლად მქონდა, პურიც, სარჩოც, მაგრამ საწყალს და ბეჩავს-კი ერთხელაც ვერ ვაჭამე პური, ერთხელ მგზავრისთვის საგზალი არ ჩამიდვიაო.

გასცდა ამასაც ვაჟი და მოვიდა იმ დედაკაცთან, შავ პურს რომ აცხობდა და თეთრს კი აყენებდა, იმან უთხრა:

- იმ ქვეყანაში, მართალია, არაფერი მქონდა, ხშირად ქერის პურიც არა მქონია, მაგრამ ბეჩავს-კი კიდევ ვაჭმევდიო, მგზავრსაც ჩავუდებდი საგზალს, და მშიერს გავაძღობდიო. ეხლა ღმერთი ესე მიხდისო.

გაიარა ვაჟმა და შეხედა იმ კაცს, ვისაც ზურგზედ წყალი ეკიდა და წყურვილით-კი კვდებოდა. იმან უთხრა:

- ჩემის სახლის ახლოს წყარო იყო, არავის ვასმევდი და აქ ასე მომივიდაო. 

გასცდა იმასაც და მივიდა იმ კაცთან, კვერცხებს რომ თოკზე იწყობდა. იმან უთხრა:

- იმ ქვეყანაში კვერცხებს ვიპარავდი, ეხლა თოკზე ვაწყობ, მაჩქარებენ, უნდა მიუტანო და ვერ მიმიტანიაო. 

გასცდა ამასაც და მარილის ქვად-ქცეულ კაცს შეხვდა, იმან უთხრა: 

- იქ საქონელს მარილს არ ვაჭმევდი, სულ უმარილო დამიდიოდა და ეხლა ხომ ხედავ, მარილადა ვარ ქცეული, საქონელი მეხვევა და მლოკავსო.

იმასაც რომ გასცდა, იმ კაცთან მივიდა, ყელში რომ მატყლი ამოსდიოდა. იმან უთხრა:

- მე მწყემსი ვიყავი, ცხერის პატრონს ვღალატობდი, მატყლსა ვპარავდი და ეხლა ყელში ამომდის, მინდა მივუტანო, მაგრამ ვერ მიმიტანიაო. 

ამას რომ გამოსცდა ვაჟი, მღვდელთან მოვიდა საყდარს რომ ზურგით დაატარებდა, მღვდელმა უთხრა:

- მე იმ სოფელში მლოცველებს არ ვუსრულებდი რიგსა და წესს. მე რომ მოსანათლი ან საზიარები მყოლოდა ვინმე, იმათ არ ვუყურებდი და სადაც კარგი რიგი და ქორწილი იყო, იქ მივრბოდი. ლოცვაზე მზის ამოსვლამდე არ წავიდოდი და ეხლა-კი ყველას უნდა ვუწირო და ვულოცო, სადაც მზე ყურს ამოჰკრავს, იქ უნდა წავიღო საყდარი და იქ დავდგე ლოცვადაო.

ამას რომ გასცდა, კამბეჩის ტყავზე რომ ცოლ-ქმარი იწვნენ, იქ მივიდა. 

- ჩვენ წუთი-სოფელშიაც გვძულდა ერთმანეთი და აქაც გვძულს, მაგრამ ვერ მოვშორებივართ ერთმანეთსო.

ამათ რომ გასცდა, ცულის ტარზე რომ ცოლ-ქმარნი იწვნენ, იმათთან მოვიდა. იმათ უთხრეს: 

- ჩვენ წუთისოფელშიაც გვიყვარდა ერთმანეთი და აქაც გვიყვარსო. 

გასცდა ვაჟი და წავიდა. გზაზე მჭლე ხარს შეხვდა, იმან უთხრა:

- მე საწუთროს ქეყანაში პატრონს არაფერს არ ვუკეთებდი. კალოში არ ვარგოდი და უღელში ხარს ვღალატობდი. ეხლა სასმელი ბევრი მაქვს, საჭმელიც, მაგრამ ვერცა ვსვამ, ვერცა ვსჭამ და ესეთი მჭლე ვარო.

ამასაც გასცდა ვაჟი და მივიდა იმ ხართან, კლდეში რომ ება, არც არაფერი წინ ედო, არც არაფერი ახლოს ჰქონდა და სიმსუქნით ხორცი ასკდებოდა, იმან უთხრა:

- მე ჩემი პატრონი კარგად მექცეოდა, კარგად მივლიდა. მეც, უღელში ხარს არ ვღალატობდი, და აი აქ არაფერსა ვსვამ, არაფერსა ვსჭამ და ესე მსუქანი-კი ვარო.

გამოსცდა ამ ხარსაც ვაჟი და მოვიდა სააქაოს. მივიდა ხელმწიფესთან, მიუტანა ბეჭედი და უთხრა: 

- დედამ დაგიბარა, რადგანაც შენ აქაც, არ მაძლევ მოსვენებას და მაშფოთებ, შენამც ჰქცეულხარ კურდღლად, შენი ბებერი მწევრად, შენი ნაზირ-ვეზირი მგლებად და ერთმანეთიც დაგიჭამიათო.

ასრულდა ვაჟის სიტყვები: იქცა ხელმწიფე კურდღლად, ბებერი მწევრად, ნაზირ-ვეზირნი მგლებად და დაჭამეს ერთმანეთი.

წამოვიდა ვაჟი ცოლთან, გახდა თვითონ ხელმწიფე და თავის ცოლიც თვითონ დარჩა.

ჭირი - იქა, ლხინი - აქა, 

ქატო - იქა, ფქვილი - აქა. 

მთას ურემი ავატანე, 

წამოვიდა გორებითა...

აქ სიცოცხლით გამიძეხით,

საიქიოს - ცხონებითა. 

ელასა, მელასა, 

ჭიქა მეკიდა ყელასა... 

მთქმელსა და გამგონებელსა,

ჯვარი გვეწეროს ყველასა,

ჩიტი გაფრინდა ცხრა-ფრთანი...

ასი ტყუილი, ერთი მართალი...

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ