მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 976 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ორი მაზლის ცოლი და ცხოვრებდნენ ერთად. უმცროსი მაზლის ცოლი იყო ფეხმძიმედ და ინახავდა ე. ი. უქმობდა ოთხშაბათ პარასკევის ძალს, ამიტომ, ერთხელ უფროსმა მაზლის ცოლმა ჰკითხა ამ უმცროსს:

- რად უქმობთ (მარხულობთ) ოთხშაბათ-პარასკევის ძალსაო? 

უმცროსმა მიუგო: 

- იმიტომ ვუქმობ, რომ გამიგონია, ფეხმძიმობის დროს რომ დედაკაცმა ოთხშაბათ-პარასკევი იუქმოს, მშობიარობის დროს დაეხმარებიან იმას, ვინც იუქმებსო. 

უფროსმა მაზლის ცოლმა ამაზე გაიცინა და უთხრა: მაშ კარგი, რაკი ეგრეა, აბა გამოგიჩნდებაო. მოვიდნენ და გიშველონ იმათ, მე კი ზედაც არ შემოგხედავო და მართლაც, მშობიარობის დროს აღარ მიხედა უმცროსს მაზლის ცოლს, დაჰკრა ფეხი და წავიდა სხვაგან. 

საწყალი უმცროსი მაზლის ცოლი დარჩა მარტოკა, ასტკივდა მუცელი და რასაკვირველია ღონობდა სიმარტოვეს; 

ამ დროს შეხედა და შევიდა სახლში ორი უცნობი ქალი, გაუშალეს ლოგინი ამ დედაკაცს, მოალოგინეს და გაუჩნდა ქალი. 

შემდეგ ჰკითხა მელოგინემ უცნობ ქალებს, ვინა ბძანდებით, თქვენი ვინაობა შემატყობინეთო. იმათ უპასუხეს, ჩვენა ვართ ოთხშაბათ-პარასკევნი, და შენ რომ ჩვენს ძალს ინახავდი ე. ი. უქმობდი, ამიტომ მოვედით შენს მოსავლელადო. 

შემდეგ ყმაწვილი ქალიც ჩაუწვინეს, თითონაც ჩააწვინეს მშვენიერ ლოგინში და დააპირეს წასვლა.

როცა რომ მიდიოდნენ, ერთმანეთს უთხრეს, რითიმე დავასაჩუქროთ ეს ყმაწვილი ქალიო. 

მაშინ ოთხშაბათმა თქვა: 

- მე დამისაჩუქრებია იმით, რომ, როცა იტიროს, ცრემლის მაგივრად მარგალიტები სცვიოდეს, და როცა იცინოდეს, პირიდან ია და ვარდი სცვიოდესო. 

ახლა პარასკევმა სთქვა: 

- მე დამისაჩუქრებია იმით, რომ, როცა პირი დაიბანოს, მისი პირის ნაბანი ოქროს ზოდად იყინებოდეს და როცა დადიოდეს მუშკამბარი ეჭრებოდესო. 

ამის შემდეგ ადგნენ და წავიდნენ ოთხშაბათი და პარასკევი. 

მერე მოაგონდა უფროს მაზლის ცოლს უმცროსი მაზლის ცოლი და თქვა: - აბა ერთი წავიდე ენახო, რა მოუვიდოდაო. მივიდა, შევიდა შინ, შეხედა, მშვენიერს სუფთა ფარჩის ქვეშაგებში წევს მისი მაზლის ცოლი; მივიდა ახლა ყმაწვილი ვნახოო, გადახადა და ნახა რომ ყმაწვილს ეტირნა და მარგალიტით ავსებოდა აკვანი. 

ოჰ, შეშურდა უფროს მაზლის ცოლს, მოკრიფა ის მარგალიტები და სულ ჯიბე-უბეები გაივსო. 

მერე მელოგინე მაზლის ცოლმა უთხრა ამ უფროსს, თუ ღმერთი გწამს, ერთი დაბანე ყმაწვილი და ნაბანი წყალი-კი არ გადაღვარო, ისე დადგიო.

მართლაც აბანავა ყმაწვილი და დადგა ნაბანი, რომელიც პატარა ხნის შემდეგ გაიყინა და ოქროს ზოდად იქცა.

მერე რაკი გაიგო უფროსმა მაზლის ცოლმა ამ ყმაწვილის ამბავი, რომ ტირილის დროს თვალებიდან მარგალიტები სცვიოდა და ნაბანი ოქროს ზოდად ეყინებოდა, შემდეგში თითქმის ძალადაც ატირებდა ხოლმე ყმაწვილს და ხშირათაც აბანავებდა. 

რასაკვირელია, ამ ნაირად ეს ორი მაზლის ცოლნი გამდიდრდნენ, დაიდგეს მშვენიერი დარბაზები და სხვა; ახლა სიცილი რომ შეიძლო ამ ქალმა, რამდენიც გაიცინებდა, იმდენი ია და ვარდი სცვიოდა; სიარული რომ შეძლო და დადიოდა, მუშკამბარი ეჭრებოდა.

ეს ქალი სახითაც ხომ გაბადრულ მთვარესა ჰგავდა. ქალი გასათხოვარი რომ შეიქნა, მოვიდა ერთი მეფანდურე, დაუკრა ფანდური, გაიგონა ქალმა ფანდურის ხმა, გამოვიდა აივანზე და დაუწყო მეფანდურეს ყურება. 

მეფანდურეს სიტყვებზე გაეცინა ქალსა და გადმოსცვივდა პირიდან ია და ვარდი. ახლა გაბრუნდა, ქალმა გაიარა და მოეჭრა მუშკამბარი. ამ ქალის სუყველაფერი გარემოება გამოიკითხა მეფანდურემ, ყველა შეიტყო, წავიდა და მოახსენა თავის ხელმწიფის ვაჟს, ესეთი და ესეთი მშვენიერი ქალი ენახე და სწორედ თქვენი შესაფერი არიო.

ამ ხელმწიფის შვილს მეფანდურის სიტყვებზე ქალის სიყეარული ჩაუვარდა გულში, ადგა და წავიდა იმ ქალის სანახავად. იარა, იარა და მივიდა. მიუგზავნა კაცი, რომ ხელმწიფის შვილი ვარ, გზაზე დამიღამდა და ამაღამ დამაყენეთო. იმათაც, რასაკვირველია, დიდი სიხარულით მიიღეს. 

იმ ღამეს ხელმწიფის შვილმა დაუწყო თვალიერება ქალს, დაინახა რომ სიცილის დროს ია და ვარდი სცვიოდა, დაინახა, რომ სიარულის დროს მუშკამბარი ეჭრებოდა, იმდენი ეცადა, ნახა, როცა ქალმა პირი დაიბანა და მისი პირის ნაბანი ოქროს ზოდად გაიყინა.

ესენი სულ ყველაფერი რომ ნახა და დარწმუნდა, ხელმწიფის შვილმა მეორე დღეს მიუგზავნა კაცი ქალებს, თქვენი ქალი მომათხოვეთო; იმათაც გაეხარდათ, რასაკვირველია, რომ ხელმწიფის შვილმა მათი ქალი ითხოვა და იკადრა. 

ხელმწიფის შვილმა მაშინვე დანიშნა ქალი, მერე დაუდო ვადა, რომ ამ და ამ დროსთვის მოემზადეთ, მოვალ და ჯვარს დავიწერო, ადგა და გასწია თავის სახლისკენ. 

რასაკვირველია, მივიდა ისევ შინ, თავის დედას ახარა, დედი, მეფანდურის სიტყვა მართალი გამოდგა და დავნიშნე კიდეც ქალიო.

ახლა დედამ უთხრა: ვაიმე, შვილო, ხომ არ მოგატყუესო? არა, დედი, მე თვითონ ენახე ქალის ყველა მოქმედება. ამოიღო და უჩვენა დედას, აი მისი ნიშნებიცაო. 

რასაკვირველია, დანიშნულ დროს წავიდა ხელმწიფის შვილი ჯვარის დასაწერად დიდი ჯარი-ჯამაათით, მივიდა ქალიანთას და დაიწერა ჯვარი.

ჯვარის წერის შემდეგ ისევ თავისი ამალით დაბრუნდა შინისაკენ ხელმწიფის შვილი; პატარძალი - კი ცალკე, მეფის წასვლის შემდეგ  უნდა წაეყვანათ თავისი მდადეთი (ქორწილზე პატარძლის გამყოლი ქალი).

პატაძალს მდადედ გაჰყვა თავისი დეიდა და დეიდის ქალი. 

პატარძლის დეიდამ წინდაწინვე მოიმზადა ერთი მარილის კვერი და ერთი პატარა ჩარექა წყალი, ჩასხდნენ ურემში და გასწიეს. 

კაი ძალი გზა რომ გაიარეს, პატარძალმა უთხრა დეიდას; დეიდა, პური მშიაო, დეიდამ განგებ აიღო და მისცა მარილის კვერი. მარილის კვერი შეჭამა პატარძალმა და მოსწყურდა საშინლად წყალი, მერე უთხრა დეიდას: 

- დეიდა, წყალი მწყურიაო. 

ახლა დეიდამ უთხრა: 

- უი, შვილო, აქ წყალს ვინ იშოვნის, თუ არა თვალებზედ, მხოლოდ თვალებზე ჰყიდიან წყალსაო.

როცა ძლიერ შეწუხდა საბრალო პატარძალი, უთხრა კიდევ დეიდას:

- დეიდა, ამომიღე ერთი თვალი და მიეცი ვისმე, ოღონდ დამალევინონ წყალიო.

მართლაც ამოუღო დეიდამ პატარძალს თვალი, გადავიდა იქვე გზას იქით, ვითომდა წყალს ვყიდულობო, ჩამოასხა თავისი ჩარექიდან ერთი პატარა ჭიქა წყალი და მოუტანა პატარძალს. 

საბრალომ დალია, მაგრამ, აბა რას მოუკლავდა წყურვილს მარილკვერ ნაჭამს ერთი პატარა ჭიქა წყალი. გაიარეს კიდევ რამოდენიმე გზა და უთხრა კიდევ დეიდას პატარძალმა:

- დეიდა, ეს მეორე თვალიც ამომართვი, ოღონდ მიშოვნე სადმე წყალიო.

 მართლაც დეიდამ ამოართვა მეორე თვალიც და დაალევინა წყალი ისევ თავისი ჩარექიდან. მერე ეს თვალები ჯიბეში ჩაიწყო, პატარძალს გახადა ტანისამოსი, ჩააცვა თავის ქალს, და საბრალო პატარძალი-კი გზაზე გადააგდო და თავისი ქალი მის მაგივრად მიუყვანა ხელმწიფის შვილს.

ხელმწიფის შვილი გამოეგება პატარძალს თავისი ამალით. შეხედა თუ არა, ეუცხოვა პატარძლის სახე და უთხრა მდადეს: 

- ასეთი ფერი რატომ ადევს ამ ქალსაო. 

- არაფერიო, მიუგო მდადემ, გზაზედ კურდღელი გამოხტა, იმაზედ შეკრთა, შეშინდა და იმიტომ სხვანაირი ფერი დაედვაო. 

- შენი ქალი რაღა იქნაო?

- აღარ წამოვიყვანე შინვე დავაბრუნეო.

სხვა ხალხიც შემოეხეივნენ პატარძალს, ზოგი თვალებში შესცქერის, ზოგი პირში და ზოგი სად, მაგრამ პატარძლის არაფერი მოქმედება არა ჩანდა: არც მარგალიტები სცვიოდა, არც ია და ვარდი და არც არა სხვა.

მდადე კი მაინც ბოდიშსა სწმენდდა პატარძალს, რომ შეშინდა და იმიტომ გახდა აგრეო. 

ახლა, ის საწყალი პატარძალი, რომელიც თვალებდათხრილი გზაზედ დააგდო თავის დეიდამ, იყო მთელი დღე საღამომდე გზაზე და ტიროდა. ტირილში გარშემო რომ აივსებოდა მარგალიტით, ახლა სხვაგან გადაინაცვლებდა ხოლმე. საღამოთი ამ გზაზედ ჩამოიარა ერთმა ღვთისნიერმა წვრილ-შვილმა მენახშირემ, რომელსაც ცხრა ქალიშვილი ჰყავდა, და დიდი წვალებით დღე-დღეზედ გამოჰყვანდა იოილად თავისი ნახშირის ნაფასურით.

მენახშირის ხმა რომ გაიგონა, საბრალო თვალებდათხრილმა ქალმა, შეუძახა:

- ვინა ხარ, თუ ქრისტიანი ხარ ვინმე, მოდი წამიყვანე და ბედსა გწევო.

მენახშირე მივიდა ქალთან და უთხრა: 

- რა არი შვილო, რა გაგჭირვებიაო.

ქალმა უთხრა, ესეა ჩემი საქმეო და უამბო ყველაფერი, თვალები დამთხარეს და დამაგდეს აქაო და, მამაშვილობას, ეგ ნახშირის ტომრები დაცალე, მაგივრად ეს მარგალიტები ჩაყარე და მეც წამიყვანე, მადლიაო.

გახარებულმა მენახშირემ საჩქაროდ გადაყარა ნახშირი, აავსო მარგალიტით ტომრები, აჰკიდა სახედარს, შესვა ზედ ეს თვალებდათხრილი ქალი და გასწია შინისკენ, მაგრამ თვალებს მაინც თითო-ოროლა მარგალიტებისკენ აცეცებდა და ჰკრეფდა.

თვალებდათხრილმა ქალმა უთხრა: 

- მამი, თავი დაანებე მაგათ, ბევრ მაგათთანაირებს შეგმატებო. 

სახლს რომ მიახლოვდა მენახშირე, დაუძახა თავის ქალებს: გამომხედეთ შვილებო, ცხრანი იყავით და მეათე დაც მოგიყვანეთო. გამოიხედეს ქალებმა და რომ ნახეს თვალებდათხრილი ქალი, უპასუხეს მამას: 

- ჰო, ჩვენ ხომ კარგად გვინახავ თვალებიანს და უთვალებოს რასაკვირველია კარგად შეინახავო.

ახლა მამამ უთხრა:

- ჰაი შვილებო, ეს ისეთი და მოგიყვანეთ, რომ თქვენც შეგინახავთ და თავის თავსაცაო. 

შეიტანეს მარგალიტებით სავსე ტომრები და რომ დაცალეს, შემოეხვივნენ მამას ქალები და დაუწყეს კითხვა, - სად იშოვეო.

მენახშირემ უთხრა: 

- მაგ უსინათლო მეათე დამ მოგიტანათ, შვილებო, ეს სარჩოო.

მერე რაკი გაუგეს ქალებმა ამ უსინათლოს, რომ ტირილში მარგალიტები სცვიოდა, სიცილში ია და ვარდი, პირის-ნაბანი ოქროს ზოდად ეყინებოდა და სიარულში მუშკამბარი ეჭრებოდა, საწყალს, ძალითაც ატირებდნენ-აცინებდნენ, ჰბანდენ პირს და იქით-აქეთ ატარებდნენ.

ერთ დროს საწყალი მენახშირე, ახლა ისე გამდიდრდა, რომ მის სარჩოს საზღვარი აღარა ჰქონდა, და უსინათლო ქალსაც ცივ ნიავსაც აღარ აკარებდნენ. 

ერთ დღეს ამ ქალმა უთხრა თავის მამობილს: 

- მამი, ეს სარჩო ხომ ბევრი გაქვს და წადი ამა და-ამ ქალაქშიო (სადაც თავისი ქმარი ხელმწიფის შვილი ეგულებოდა) წაიღე მარგალიტი, ია და ვარდი, ოქრო, მუშკამბარი და ეგებ თვალები მიყიდოო.

მართლაც, ადგა მენახშირე, წაიღო ყველა ესენი. გასწია, იარა იარა და მივიდა დანიშნულ ქალაქში, გაიარ-გამოიარა ხელმწიფის შვილის სასახლის წინ და დაიწყო ძახილი: მარგალიტი, ია და ვარდი, ოქროს ზოდი, მუშკამბარი გასაყიდი თვალებზედაო. 

ხმაურობაზე, ვნახოთ-და გამოვიდა, თვალებდათხრილი ქალის დეიდა და უთხრა ამ კაცს:

- კაცო რაზედა ჰყიდი მაგათაო?

მენახშირემ მიუგო:

- თვალებზეო.

მაშინვე ამოიღო დეიდამ ის დისწულის თვალები და მისცა მენახშირეს. 

გახარებულმა მენახშირემ  სულ ერთიანად მისცა იმოდენა მარგალიტი, მუშკამბარი, ოქროს ზოდი და ია და ვარდი. 

მენახშირე მამობილმა სიხარულით მოუტანა ქალს თვალები და ჩაუსვა. ქალს აეხილა თვალები მაშინვე წინანდებურად ბადრი მთვარესავით გაანათა. 

მენახშირე თანდათან უფრო მდიდრდებოდა. ერთ დღესაც, კიდევ მივიდა თავის მამობილთან ქალი და უთხრა: 

- მამი, ეს სარჩო ხომ ბევრი გაქვს, აღარა გაკლია რა, წადი ერთი ისეთი საკვირველი კიდობანი შეუკვეთე ე. ი. გააკეთებინე იმნაირი, რომ მშვენივრად უკრავდეს, შიგნიდან იკეტებოდეს-იღებოდეს და გარედან - კი არაო. მერე კი ჩამსვი იმ კიდობანში, წამიყვანე და იმ ხელმწიფის სახლის წინ დააკვრევინე კიდობანსო, და თუ ვინიცობაა გთხოვონ ღამე იქ დადგმა, უარი არა თქვაო.

მამობილი სწორედ ისე მოიქცა, გააკეთებინა კიდობანი, რომელიც მართლაც მშვენივრად უკრავდა, ჩასვა ქალი შიგ და წაიყვანა ხელმწიფის შვილის სასახლის წინ. მივიდა, კიდობანი დააყენა და დააკვრევინა.

ამ საკვირველ ხმაზე ხელმწიფის შვილი გამოვიდა თავისი ცოლით, აივნიდან გადმოხედეს და ძალიან მოეწონათ კიდობანი საკრავი. მერე ცოლმა უთხრა ხელმწიფის შვილს, ამაღამ აქ დააყენებინე, ნუ გაუშვებ მაგ კიდობანსო. 

მართლაც, ხელმწიფის შვილმა უბრძანა მენახშირეს, რომ კიდობანი ამაღამ ჩემთან გაუშვი, უკრას და საღირელ ფასს მოგცემო.

მენახშირემ მოახსენა:

- შენი ჭირიმე ხელმწიფის შვილო, თუ თქვენს საკუთარ ოთახში დასდგამთ კიდობანს, გავუშვებ, თუ არა და ვერავის ვანდობო. 

- კარგიო, - ხელმწიფის შვილმა, შეატანინა და თავის საწოლ ოთახში დაადგმევინა კიდობანი. 

იმ ღამეს რომ დაიძინეს ყველამ, ხელმწიფის შვილი და თავის ცოლიც რომ გულის ძილში იყვნენ, ქალმა გააღო კიდობანი, გამოვიდა, მივიდა ხელმწიფი შვილთან, ე. ი.. თავის ქმართან, მოუჯდა გვერდით, იტირა-იტირა იმდენი რომ, სულ მარგალიტის გროვა დაუყენა გულზედ; შემდეგ ადგა შევიდა კიდობანში და ჩაიკეტა ისევ კარები.

ხელმწიფის შვილს მარგალიტის გროვამ გულზედ რომ დაამძიმა, გამოეღვიძა და წამოიძახა: ოჰ, ეს რა დამწოლია გულზედაო, მერე ცოლსაც გამოეღვიძა და რომ ნახა ხელმწიფის შვილის გულზედ მარგალიტის გროვა, გუნებაში სთქვა:- უთუოდ დედაჩემს ჩემი გულისთვის უქნია ასე, იმას დაუგროვებია ხელმწიფის შვილის გულზედ ჩუმად მარგალიტიო.

მაშინ მოიგონა ხერხი და უთხრა ხელმწიფის შვილს:

- წუხელის მუცელი დამგვრემა, შენ ვეღარ გაგაღვიძე, ეიტირე და ჩემით არის ეგ მარგალიტის გროვაო.

ხელმწიფის შვილს გაუხარდა და სთქვა:

- უთუოდ ეხლა-კი მოუბრუნდა ჩემს ცოლს შეშინებული გული და ახლა-კი დაიწყებს ისევ თავის უწინდელ ჩვეულობასო.

მეორე დღეს ადგნენ, ნახეს კვალი კიდობნიდან ლოგინამდე და ლოგინიდან კიდობნამდე, მუშკამბარი მოჭრილიყო; ამაზედ გაოცებულმა ხელმწიფის შვილმა ჰკითხა ცოლს, - ეს რაღა არისო; ეგ ის არის რომაო, წუხელ ოთახში გავდი-გამოვდიოდი და მაშინ მე მომეჭრა მუშკამბარიო;

მუშკამბარის კეალი კი პირდაპირი კიდობნისაკენ მიდიოდა. ამაზედ ხელმწიფის შვილს ეჭვი ჩაუვარდა გულში, ადგა და დაუძახა კიდობნის პატრონ მენახშირესა და უთხრა:

- არ იქნება თუ არ გააღე კიდობანი და არ მაჩვენე შიგ რა არისო.

რომ აღარ მოეშვა ხელმწიფის შვილი მენახშირეს, დაუძახა მენახშირემ თავის შვილობილ ქალს: შვილო გააღე კარი და გამოდი გარეთო.

რაღა იქნებოდა, ქალმა გააღო კიდობანი და გამოვიდა.

დაინახა ხელმწიფის შვილმა თუ არა თავისი ნამდვილი გვირგვინის ცოლი, გადაეხვივნენ ერთმანეთს და გადაჰკოცნეს; მერე ჰკითხა ხელმწიფის შვილმა ქალს, ეს რა ამბავია, როგორ იყო შენი საქმეო.

ქალი მოუყვა სულ ერთიანად ყველაფერ, ესე იყო ჩემი საქმეო: დეიდაჩემმა მარილის კვერი მაჭამა, წყალი - მომწყურდა, მერე წყლის გულისთვის თეალები დამთხარა და შემდეგ გზაზე გადამაგდოი, შენ კი წამოგიყვანა ეს თავისი ქალიო; მერე გზაზე ეს მადლიანი მენახშირე წამომეწია, იმან წამიყვანა თავისთან შინ, მიშველა, მერე ესეც გავამდიდრე, შემდეგ აქ გამოეგზავნე თვალების საყიდლათ ისევ დეიდა ჩემთან, მომიტანა თეალები, ჩამისხა და ამეხილაო; შემდეგ იმდენი ვქენი რომ, ამ გზით მოვაღწიე შენამდეო.

ხელმწიფის შვილმა მაშინვე შეატყობინა თავის დედ-მამას, თავის ამალას რომ, აი ეს არის ჩემი ნამდვილი გვირგვინიო.

ოჰ, შენს მტერს და ავს, რაც იმ მდადესა და იმის ქალს დამართეს. თითო-თითოდ მოაბეს ცხენებს ძუაზე და სულ ლუკმა-ლუკმა დააჩქლეთინეს.

მერე შეჰყარა ხელმწიფის შეილმა თავისი ამალა და ხელმეორედ დიდი ქორწილი გამართეს. ამის შემდეგ ცხოვრობდნენ ერთად, სიკვდილამდე ბედნიერად.

ჭირი - იქა ლხინი - აქა,

ქატო -იქა ფქვილი - აქა,

ხელსახოცი არა მქონდა

თქვენთვის ხილი მომეტანა.

ელასა, მელასა, ჭიქა მეკიდა ყელასა,

თუ ვერ გაამეთ ამ ზღაპრით,

ღმერთი გწყალობდეთ ყველასა.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ