ოდაში სამი აკვანი იდგა. ერთ ჩვილს ჭინკა არწევდა, მეორეს - ფერია. მესამეს, ხან ერთი წაუწვდიდა ხელს, ხან - მეორე, თან თავთავიანთ იავნანას დამღეროდნენ...
ერთ კაცს უნახავი მეგობარი ეწვია. მასპინძელმა სტუმარი თავის საუცხოო კარმიდამოში გაატარა. ოქრო-ვერცხლიც აჩვენა და მედიდურად შეხედა: „ხედავ, რისი პატრონი ვარო!“
სტუმარმა მშვიდად დაათვალიერა ყველაფერი... ბოლოს ერთ, უცხო ჩაწნულ-ჩაგვირისტებულ სარტყელს დააშტერდა.
- კურთხეულ იყოს შენი გამკეთებელიო, - ჩაილაპარაკა.
მასპინძლის შვილმა ყური მოჰკრა სიტყვებს და ჩაფიქრდა: „ყველას, ვინც აქ შემოსულა, ძვირფასი თვლების, უთვალავი ოქრ-ვერცხლის ნახვით თვალები ამღვრევიათ, სახე შეშლიათ, ენა დაბმიათ. ეს უბრალო, მაგრამ ნატიფად ნაკეთები სარტყელი ვერ შეუმჩნევიათ. გაოცება ვეღარ დამალა, სტუმარს მიეახლა და ნაფიქრი გაანდო. სტუმარმა წყნარად ჩაიცინა:
- სიმდიდრე კარგია, მაგრამ მასზე კარგი, სხვა რამ არის ყმაწვილო, არაფერი გსმენია ამაღლების ყვავილზე?
- რა?! - გაიკვირვა ვაჟმა.
- კარგი იქნება, თუ ამ ყვავილს მოძებნი...
ჭაბუკი კაცის ნათქვამმა ჩააფიქრა. გუმანით იგრძნო, რაღაც ზემშვენიერს გულისხმობდა სტუმარი. საიდუმლოს ამოხსნის სურვილმა ააფორიაქა, მოსვენება დაჰკარგა.
ერთ დღეს მშობლებს გამოემშვიდობა და ამაღლების ყვავილის საძებნელად გასწია.
იარა, იარა და დაღლილი ერთ სახლთან შეჩერდა. ეზოში ორი კაცი რაღაცაზე დაობდა.
- ღამე გამათევინეთ! - ჭიშკარი შეაღო ჭაბუკმა. მოკამათეებმა ყაყანი შეწყვიტეს და სტუმარი შინ შეიპატიჟეს.
სუფრა გაუშალეს... საუბარს შეჰყვნენ...
- ჩვენ ძმები ვართ! - თქვა ერთმა, - წეღან ვკამათობდით... ერთხელ ავმა კაცმა, ავი სამქე ჩაგვადენინა, ბოლოს მივხვდით, დანაშაული მოვინანიეთ. იმ დღიდან ჩემს ძმას ყველაფერზე გული აუცრუვდა, ყოველ ცისმარე დღეს ძილის წამალს სვამს. სულ სძინავს და სძინავს. ვეჩხუბები, ვუმტკიცებ, ბრძენთაგან ნათქვამსა ად გაგონილს: კარგი საქმე დარბაისელ კაცსა ჰგავს. თავისთვის არის, შენ უნდა მიხვიდე მასთან ცუდი, - მოხეტიალე კაცს აბეზარასავით გზაზე დაგხვდება და ადვილად გადააწყდები. ხელი თუ არ ჰკარი, დაუპატიჟებელი სტუმარვიით აგეკიდება.
ძმას ვეუბნები, გამომყევი, ამაღლების ყვავილისაკენ მიმავალ გზას დავადგეთმეთქი... ამბობენ, სადღაც ერთ მთის მწვერვალზე ხარობსო, მზესთან ახლოს. ვოცნებობ იქ ასვლას, ეს ფიქრი მახალისებს, ფრთებს მასხამს...
მეორე დღეს ჭაბუკი გამოეთხოვა ძმებს და გზას დაადგა. ერთგან წყურვილის მოსაკლავად შეჩერდა. წყაროსთან ბერიკაცები ჩამომსხდარიყვნენ. ჭაბუკი მიესალმა.
- ღმერთმა გაგიმარჯოს, - დალოცეს მოხუცებმა, - ცოტახნით შეისვენე, გვითხარი, საიდან მოდიხარ, საით გაგიწევია.
ჭაბუკი ჩამოჯდა...
- ჩვენ ძმები ვართ, - წამოიწყო დროულმა კაცმა, - აბა თუ გამოიცნობ, რომელია ჩვენს შორის უფროსი?
ჭაბუკი ორთავეს მიაჩერდა. ერთს პირისახე ოქროსფრად უბრწყინავდა. თვალებში მაცოცხლებელი შუქი უციალებდა, აი ისეთი, განთიადისას რომ იცის ხოლმე, ამაზე თქვა, უმცროსიაო.
- არა, - უთხრეს ძმებმა, - ეგ ჩვენზე დიდია. ეგრე იმიტომ გამოიყურება, ყოველგვარ ნივთიერ სიმდიდრესა და თანამდებობას ალმაცერად უყურებდა. მხოლოდ ამაღლების ყვავილის ხილვაზე ოცნებობდა. მისი არსებობა სჯეროდა.
- ამაღლების ყვავილი? - სახე წამოენთო ჭაბუკს, - მეც იმას დავეძებ, ხომ ვერ მიმასწავლით გზას?
- დარჩი ჩვენთან, - უთხრეს ჭაბუკს ბერიკაცებმა, - ჯერ აქ გაიკითხ-გამოიკითხე ყვავილის ამბავი და... მერე შენი გზით გასწიე.
- ერთ კაცთან წაგიყვან, იქნებ იმისგან გაიგო ყვავილის ამბავი, - შესთავაზა ძმებს შორის უმცროსმა. - იმ კაცს სიკვდილის შიში აწუხებს. სულ მოწყენილია. ოღონდაც ვინმე იყოს მასთან და გაართოს, ასმევს, აჭმევს და ფულსაც გადაუხდის.
დადგა ჭაბუკი იმ მოწყენილ კაცთან, კაცმა შინ გამოკეტა და სულ მუდამ ამ ქვეყნის ამაოებაზე ესაუბრებოდა. დროდადრო ქირქილებდა: - ნეტა რას დაეძებ ამ ამაღლების ყვავილს? დაჯექი, იმხიარულე, სვი და ჭამე. ეს შეგერგება მეტი არაფერიო.
ამ სოფელში ერთმანეთის ზეგავლენით სულ ასეთი ხალხი ცხოვრობდა. შეიკეტებოდნენ თავ-თავიანთ სახლებში და ქვეყანა რომ დანგრეულიყო, თავად თუ არ სჭირდებოდათ, ცხვირს გარეთ არ გამოყოფდნენ. მხოლოდ საკუთარ საქმეს აკეთებდნენ, სხვისი არა ენაღვლებოდათ რა. არ სწუხდნენ იმაზე, თუ ვინ როგორც ცხოვრობდა.
ვის უჭირდა, ვის ლხინი ჰქონდა.
არ აინტერესებდათ, რა იქმნებოდა ახალი ქვეყნად, რა იბადებოდა, რა კვდებოდა.
ცაზე ცისარტყელა რომ მოირკალებოდა, მაღლა ერთხელაც არ აიხედავდნენ.
ჭაბუკს ნელ-ნელა გულგრილობა შეეპარა. ზემშვენიერის ხილვის სურვილს ძილქუშის მსგავსი რაღაც დააწვა. თუმცა, ხანდახან გრძნობდა, რაღაც აწუხებდა, სულს უშფოთებდა, თითქოს ძვირფასი რამ დაკარგაო, ისე.
ერთ დღეს, მოწყენილ კაცს, სოფლის მამასახლისი ესტუმრაჟ იპურმარილეს, ისაუბრეს. ჭაბუკმა ამაღლების ყვავილი ახსენა. ღვინომორეული მამასახლისი გაკვივრებით შეაშტერდა, მერე თავისი სკამი ახლოს მიუჩოჩა და ყურში ჩასჩურჩულა:
- ერთ დროს მეც ვოცნებობდი ამაღლების ყვავილის სახილველად წასვლაზე, მაგრამ აფორიაქებულ სიცოცხლეს უდარდელი ცხვორება ვარჩიე. სწორადაც მოვიქეცი...
მამასახლისად რომ დამნიშნეს, იმ ხანებში ფიქრები ამეშალა... ერთიც ვნახოთ, გამიელვა თავში, ყველა იმ ყვავილის საძებნელად წავიდეს, მაშინ...
ჰოდა, გადავწყვიტე, ამ სოფლის ხალხისათვის ყვავილზე ფიქრის საშუალება მომესპო. ასეც მოვიქეცი. ათასგვარი რაღაცეები მოვიგონე: დავსაქმე, სამუშაო საათები დავუმატე... თავისუფალი დრო წავართვი. დავღალე.
ნათესავებთან, მეგობრებთან მისვლის დრო მოვუსპე და კოლოფების მსგავს სახლებში გამოვკეტე. ნელ-ნელა იკარგებოდა ჩვევები, ადათები და იცი კიდევ რა ჩავიდინე? ამ სოფელში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, თავისი ზენობრივი კანონები, მამა-პაპათაგან მიღებული, დაგროვილი ცოდნა ჰქონდათ კარგსა და ცუდზე. სულ ამაღლების ყვავილის ხსენებაში ამოსდიოდათ სული. ხალხი მათ ბაძავდა ყველაფერში: სიტყვა-პასუხში, ჩაცმა-დახურვაში, სურვილებში.
მამასახლისი ვიყავი, წესრიგის დაცვა მევალებოდა, ჰოდა, ერთ ღამით, ჩემი კაცები შევუსიე. შევიპყარი. ერთმანეთს თოკით გადავაბი და ხრამში გადავყარე... იმათ ნასახლარზე ღამეურები მომრავლდნენ ისე, რომ ირგვლივ სულ მთლად ჩამოაბნელეს.
ჭაბუკი უსმენდა და ფიქრობდა: „რა ცუდად დავკარგე დღეები. დროზე უნდა გავცლოდი ამ სოფელს.“ მზად იყო გარეთ გაეგდო მამასახლისი. თავადაც ქუჩაში გავარდნილიყო გადმოეყირავებინა კოლოფის მსგავსი სახლები და ყველა, თავის ნებით შიგ შეკეტილი ადამიანები, გარეთ გამოეყარა. ან ტელევიზორის ანტენები გაეფუჭებინა, რომ ძველებურად აეხმაურებინა, გამოეცოცხლებინა ჩამკვდარი, მოწყენილი ქუჩები.
ჭაბუკი ამ წუთებში ველზე ამოსულ ყვავილს ჰგავდა, სარეველა ბალახით წალეკილს.
- „არა, აქ მეტს ვეღარ გავჩერდები!“ - გადაწყვიტა და უცებ შვება იგრძნო, გახალისდა. თითქოს დაკარგული ნივთი იპოვაო.
დაბრუნდა ბერიკაცებთან და ყველაფრეი უამბო.
ახლა შუათანა ძმამ წაიყვანა სხვაგან... შევიდა თუ არა ჭაბუკი სოფელში, გაოცდა. ყველგან ვეებერთელა სარკეები ეკიდა, მრუდე სარკეები. შიგ რომ ჩაიხედავდი, ისეთი კი არ ჩანდი, როგორიც მართლა იყავი, არამედ უფრო ლამაზი, მაღალი და მშვენიერი...
მერე და მერე ისე შეეჩვია ყველაფერ ამას, ვეღარ გრძნობდა, სარკეები მრუდე რომ იყო.
შენობების კედლებზე, ხეებზე, ირგვლივ სულ სარკეები იყო. ადამიანებსაც კი გულზე სარკეები ჩამოეკიდათ. ჭაბუკი ყველას მხიარულს, უდარდელს, ლამაზსა და ბედნიერს ხედავდა.
შური, მტრობა, ღალატი, გაჭირვება - ყველაფერი ეს, სარკეებში შებრუნებით იხატებოდა. მაგალითად, თუ ვინმე ტიროდა, სარკეში ისე ჩანდა, თითქოს იცინისო.
„იქნებ აქ ვიპოვო ამაღლების ყვავილი?“ - გაიფიქრა ჭაბუკმა.
კარგა ხანს ცხოვრობდა აქ... ერთხელ მის ფეხებთან ჩიტი დაეცა. ვაჟმა ხელში აიყვანა. ძლივს უფეთქავდა პაწია გული. რამდენმიე წამიც და ფრთები ჩამოუცვივდა გულისცემა შეუწყდა.
ჭაბუკმა თავი ასწია და გაოგნდა სარკეში ჩიტი მკვდარი კი არა, ცოცხალი ჩანდა.
ფრთებს აფრთხიალებდა და გასაფრენად მიიწევდა.
ვაჟმა ხელი გაიქნია და უცებ გრუხუნ-გრუხუნით ჩამოიმსხრა, ჩამოგრიალდა, ჩამოიშალა ვეებერთელა სარკე. მერე მიდგა და ახლო-მახლო რაც სარკე იყო ყველა ჩაამსხვრია.
ჭაბუკი ერთბაშად ყველაფერს მიხვდა და შეკრთა...
ხალხიც გონს მოეგო, გაიაზრა რაც მოხდა და შეშფოთდა სხვაგარად ცხოვრება ვეღარ წარმოედგინათ. იმწამსვე სარკეების აღდგენა დაიწყეს. მაგრამ ვეღარ გაამთრელეს და საგონებელში ჩავარდნენ.
იფიქრეს, იფიქრეს და რადგან თავიანთი ნამდვილი სახე ეუცხოვებოდათ, მოიფიქრეს, დღეიდან ნიღბებით ვიაროთო.
ზოგმა ასხარას ნიღაბი მოირგო, სულელმა - ბრძენი კაცის, ბრძენმა - ბრიყვის, ძუნწმა - ხელგაშლილის, გაიძვერამ - პატიოსანი კაცისა.
ისე კარგად მოირგეს, რომ მალე ერთმანეთის ცნობა გაუძნელდათ. ამით კი ახალი თავსატეხი გაუჩნდათ... და ახალი თავშესაქცევი.
„სანამ გვიან არ არის, აქაურობას უნდა გავეცალო,“ - გადაწყვიტა ჭაბუკმა და იმავე დღეს ბერკიაცებთან დაბრუნდა.
ახლა სულ უმცროსმა ძმამ წაიყვანა ერთ პატარა სოფელში. ჭაბუკი იქ უცნაურმა წარწერამ გააკვირვა: ჩიტების საავადმყოფო,“ - ეწერა ერთ შენობას.
- ნეტა გასაკვირი აქ რა არის? დაჭრილ ჩიტებს ვკურნავთო! - უპასუხეს.
ჭაბუკი და მისი გამყოლი ერთ ჭიშკარს მიადგნენ. ის იყო უნდა დაეძახნათ: მასპინძელო, გარეთ გამოიხედეთ, რომ ზურგს უკან ვიღაცის ჩახველება გაიგონეს. მოიხედეს და მათკენ მომავლაი კაცი დაინახეს. მხარზე ვეებერთელა ლოდი შეედო და შინისაკენ მძიმედ მოაბიჯებდა. ეზოში შევიდა, ტვირთი ნელ-ნელა ძირს დაუშვა, წელში გაიმართა. დიდის რუდუნებით მოტანილ ლოდს დააცქერდა და სტუმრები თავისთან მიიხმო:
- დააკვირდით, განა ლამაზი არ არის?! მომეწონა და მარტოკამ ათი კილომეტრი მხრით ვზიდე. ლოდი კი არა, სილამაზე მომქონდა მხრებით და ეს ძალას, ხალისს მმატებდა. - თქვა და იქვე ბაღჩაში თავჩაქინდრულ ყვავილებს ჩამოუარა, მიეფერა და აჩურჩულდა:
- ალბათ ომგწყურდათ, ახლავე დაგალევინებთ წყალს...
გუშინ დილით ფაფუკ ბაბუაწვერას მოვკარი თვალი. ასაფრენად მაღლა იწევდა.
მინდოდა მენახა, როგორ აფრინდებოდა, მაგრამ წამით ჩამთვლიმა და ვერ შევამჩნიე.
ვერც შროშანების ზანზალაკების ხმა მოვისმინე, ცისარტყელას რომ უგალობდნენ... - გადაულაპაარკა სტუმრებს.
ჭაბუკს მოეწონა მასპინძელი და მასთან დარჩა. ცხოვრობდა მის ბინაში და ყოველდღე ხედავდა:
კაცს ბავშვივით უხაროდა მიწიდან ბალახის ამოწვერა, ყვავილის გაშლა, ჩიტის ჭიკჭიკი, მზის ამოსვლა.
ხალისიანად შრომობდა, არ ბუზღუნებდა. არავის არაფერს აყვედრიდა. სხვისი სიხარული ახარებდა და სხვისი დარდი ასევდიანებდა.
მადლიან საქმეს რომ აკეთებდა, გული კარნახობდა. კაცთმოყვარეობა უბიძგებდა და არც აინტერესებდა, ჩადენილ სიკეთეს სხვა შეამჩნევდა თუ არა...
ჭაბუკიც შველოდა კეთილ კაცს, მის ფარას უვლიდა, ყოველ დილით ჩიტების ჭიკჭიკს ისმენდა, წყაროს ჩხრიალს, არწივის ყივილს. ყვავილების ყელმოღერებას უყურებდა. ამოიღებდა სალამურს და აამღერებდა ხოლმე. ხშირად მეოცნებე თვალებთი გახედავდა მწვერვალებს, იტაცებდა მათი სიმაღლე. მზის სამფლობელოში მოხვედრაზე ოცნებობდა. ამაღლებსი ყვავილის ნახვის სურვილი დღითი-დღე აწვალებდა.
- მივდივარ! - უთხრა ერთ დილით მასპინძელს.
კაცმა სამსახურისთვის ფული შეაძლია. ჭაბუკმა არ გამოართვა.
- მე იმას ფულს როგორ გამოვართმევდი. მანამედ სადაც კი ვიყავ, ჩემი გულსნადები ფშუტე ფიქრი მეგონა.
ამ კაცთან ყოფნამ კი ლამაზი ოცნებით ამავსო. ამაღლების ყვავილის ძებნის სურვილი დამიბრუნა - თქვა ბერიკაცებთან დაბრუნებულმა ჭაბუკმა.
ბერიკაცები გაახარა ჭაბუკის ნათქვამმა.
- ახლა კი შეგიძლიათ იმ მწვერვალზე ახვიდე და ყვავილისაკენ მიმავალ ბილიკს დაადგე. - დალოცეს და გამომშვიდობებისას უთხრეს: - ამაღლების ყვავილის სახილველად სხვადასხვა გზები არსებობს. ამ გზებმა სხვებიც ადგანან. ცუდი კაცნიც.
ისინი იოლი გზით სიარულს ამჯობინებენ. მთის ძირში ჩასაფრდებიან. მწვერვალიდან ჩამომავალს, დაღლილობისაგან ჩაძინებულს თავს ესხმიან, ყვავილს პარავენ. გახსოვდეს, ბოროტება და სიკეთე ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დგანან. ბოროტი იმიტომ გააჩინა ამ ქვეყნად ღმერთმა, რომ სიკეთით მოვხიბლულიყავით.
ჭაბუკმა მადლობა გადაუხადა მოხუცებს და გზას დაადგა. იარა, იაარ და მთის ძირს მაშინ მივიდა, როცა ვიწრო ბილიკზე სიკვდილსიცოცხლე ერთმანეთს შეხვდა.
- გზა დამითმე! - შესძახა სიკვდილმა.
- შენ თვითონ დამითმე! ) მიუგო სიცოცხლემ.
დიდხანს იომეს, ბოლოს სიცოცხლემ სძლია და გზა გააგრძელა. სიკვდილი კლდის ქიმზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა:
- „სად არის მაინც სიცოცხლის ძალა?“
უცებ ამაღლების ყვავილის მაძიებელი, კლდეზე ამომავალი ჭაბუკი დაინახა და გაუკვირდა: „როგორ, განა ვერ გრძნობს ჩემს აქ ყოფნას?!“ - სს... ს-ს! - ჩაიქირქილა, ქარბუქი ამოაგდო. ქარი მიეხალა ჭაბუკს და წააფორხილა. ვაჟმა მუხლი გაიმაგრა. ახლა სეტყვა წამოვიდა... მაინც მაღლა მიიწევდა.
გააფთრდა სიკვდილი, ყინვას მოუხმო, სველი ბილიკი მოყინა. ის იყო ჭაბუკი წამით შედრკა, რომ მწვერვალზე რაღაც აციაგდა.
- გაძელი როგორმე... - ამხნევებდა ეს ზეციური შუქი.
„სანამ დაღამდება, უნდა ავიდე!“ - გაიფიქრა ვაჟმა კლდეზე ბღოტიალისაგან ხელფეხიდან სისხლი სდიოდა. მის ნაფეხურზე იისფერი კვალი რჩებოდა. ზედ ყვავილები ამოდიოდნენ, კლდის იასამნები, და ჭაბუკს ეჩურჩულებოდნენ:
- ზევით ამაღლების ყვავილია, გამაგრდი!..
ჭაბუკმაც უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა და დაღლილ-დაქანცული მწვერვალს თავზე მოექცა.
- სად არის მისი ძლიერება ჩამოინგრაო თითქოს. სიცოცხლემ გაიცინა და სიკვდილს შესძახა:
- შენთვის უცხოა სიამოვნება მწვერვალთა დაპყრობისა, ზემშვენიერის ხილვისა, მისთვის თავგანწირვა.
აენთო სიკვდილი, შიმშილს და წყურვილს მოუხმო. აფთრებივით ეძგერნენ ჭაბუკს, მაგარმ ვერ გათელეს...
მწვერვალზე თვალით უნახავი მშვენიერი ყვავილები ჰყვაოდნენ.
ერთად შეჯგუფულნი, დროდადრო ირწეოდნენ, შორიდან ისე ჩანდნენ, თითქოს ვარდისფერი ნისლი მოსდებიაო ველს. ჭაბუკს დაავიწყდა შიმშილი, წყურვილი. ფეხი წინ წადგა, მაგრამ ანაზდად ძილმა წაართვა თავი და ქუთუთოებდამძიმებული ყვავილებში ნელ-ნელა ჩაეშვა და ჩაწვა.
უცნაური სიზმარი ნახა: ...დაბლა, სოფლეში, ვიღაც კაცი დადიოდა და ყვიროდა:
- გაიგეთ?! მწვერვალზე მშვენიერება ჰყვავის, ვინც მას ნახავს, ზეციურ ხმებს მოისმენს.
- ავიდეთ, ვნახოთ!
- ავიდეთ!.. - დაიძახეს აქეთ-იქიდან.
ხალხი დაიძრა და ჭაბუკის ნაკვალევს გაჰყვა. ისევ ამოვარდა ქარბუქი... ბევრი უკან დაბრუნდა. ზოგნიც შუა გზაზე გაჩერდნენ. ნაწილმა მწვერვალს მიაღწია თუ არა, ველზე არც დაუდგამთ ფეხი ისე, ქვემოდან შეავლეს თვალი და მხრები აიჩეჩეს:
- ეს არის ის ყვავილები?..
- ეს არის საოცრება?
- რატომ არ ისმის ზეციური ხმები? - მერე მოუთმენლობამ სძლიათ და აყაყანდნენ:
- ეჰ, ჩავიდეთ დაბლა...
- მშია!
- მწყურია!
იმედგაცურებულები უკან ეშვებოდნენ, მაგრამ ძალა აღარ ჰყოფნიდათ და უფსკრულში იჩეხებოდნენ...
ჩაძინებულ ჭაბუკს წვეთები დაეცა სახეზე და გამოფხიზლდა...
- „წყალი?!“ - დაიჩურჩულა, გამშრალ ბაგებზე ენა მოისვა ად ის იყო თავი წამოსწია, რომ სიმღერასავით ჩაესმა:
- ვენ ცის დობილები ვართ, ციურმა ზეცას შესთხოვა ნამი.
- ნამიკრეფიებმა ყანწებში მოაგროვეს და გაპკურეს. - ჩურჩულებდნენ ყვავილები. მერე ერთბაშად აკისკისდნენ:
- ცისარტყელა.
- ცისარტყელა!
- მზე, მზე გამოვა! - ატიტინდნენ.
ჭაბუკმა ცაზე გადმოკიდებულ ცისარტყელას ახედა.
- რა გაყვირებთ? - დაჰკივლა ყვავილებს ვიღაცამ, - ძილი დამიფრთხეთ. ვერ გაჩუმდებით და დაიძინებთ?!
ბუ იყო, კლდის ნაპრალიდან თავი გამოეყო და ვიშვიშებდა.
- რა დროს ძილია? - გაიკვირვეს ყვავილებმა. - ძილი ღამითაც გვეყოფა.
- ხი... ხი... ხი... განა ახლა ღამე არ არის, ჩურჩუტებო?
- ჰა, ჰა... ჰა! ღამეო. ახლა დღეა, დღე, შენ თავად ჩურჩუტო.
- ოჰო, რის დღე, რა დღე? ეს სიტყვა სხვა დროსაც მომისმენია, მაგრამ რაც არ არსებობს, საიდან აღმოაჩენს ხოლმე? თანაც ამასწინათ კოდალა მიმტკიცებდა, ღამეზე უფრო მომხიბვლელიაო დღე.
- მართალი უთქვამს! - წამოიძახეს ყვავილებმა.
- რას ამბობთ, განა მტკიცება უნდა იმას რომ ღამე ჯობით? თანაც ვინ შთაგაგონათ ასეთი სისულელე, თითქოს ქვეყნად რაღაც დღე არსებობდეს. ქვეყნად მხოლოდ ღამე არსებობს.
- რას დაობთ? - ჩამოსძახათ ცისარტყელამ, - მე, მაგალითად, ღამე არასოდეს მინახავს და რაც არ მინახავს, არც შეიძლება ამქვეყნად არსებობდეს.
- ჰი, ჰი... ჰი! - სიცილისაგან კინაღამ გადაფიჩინდა ბუ, - ღამე არ დამინახავსო, ბრმები ხომ არ ხართ?! მაშ დღე გაგიგია? ან ის, მზეა თუ არღაც?.. რომ ამბობენ: ანათებსო, ბრწყინავსო, აშუქებსო.
როგორ შეიძლება რამე ანათებდეს და ვერ შევამჩნიო? აი, მე... ვარსკვლავებს ვხედავ, მთვარეს, ციცინათელებსაც. ეს რაღაც მზეა, თუ დღე, რომ არსებობდეს ხომ დავინახავდი?
ჭაბუკი მათ საუბარს ისმენდა და ფიქრობდა:
„ზოგისათვის ბნელი ნათელია, ზოგისათვის პირიქით. მაგალითად, ცისარტყელას მხოლოდ დღე უნახავს და ლამის არსებობა არა და არ სჯერა. ბუს კი - დღის...
- დღე სჯობია!
- არა ღამე! - დაობდნენ ველზე.
- რომელი სჯობს, თქვენზე კარგად ჩვენ ვიტყვით! - ყელი მოიღერეს ყვავილებმა.
- ვითომ რატომ?! - გაფაფხურდა ბუ.
- იმიტომ რომ, ჩვენ ერთიც გვინახავს და მეორეც.
- დღე გინახავთ? - გაოცდა ბუ.
- ღამე? - გაიკვირვა ცისარტყელამ...
ამ დროს ჭაბუკს ზეციური ხმები ჩაესმა და წამოიწია...
- ჩუმად, ამაღლების ყვავილი მღერის, - აჩურჩულდნენ ყვავილები.
ჭაბუკი ზეწამოიჭრა, ყური მიუგდო და... წამოიძახა:
- ამაღლების, ამაღლების ყვავილი მღერის!
მთამ მთას გადასძახა მისი ნათქვამი, ექომ ყველას კარზე ჩამოიარა და ქვეყანას მოჰფინა...
ჭაბუკს ხელ-ფეხი, დაბეგვილი სხეული აღარ აწუხებდა... ტკივილი მიყუჩდა თითქოს. გამოვლილ ტანჯვას არად აგდებდა, სახეზე ნათელი დაჰფენოდა. ხელთ ამაღლების ყვავილი ეჭირა და ძირს, ბარისაკენ მოჰქონდა.
















