მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 3188 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

წისქვილი, ვირი და კატა - აი, მთელი ავლადიდება, რაც ერთმა მეწისქვილემ თავის სამ ვაჟს დაუტოვა. ქონება ძმებმა გაინაწილეს. არც ნოტარიუსი დასჭირვებიათ, არც - ვექილი. უფროსს წისქვილი ერგო, საშუალოს - ვირი, უმცროსს კი მხოლოდ კატა მიაკუთვნეს.

- უმცროსი ვაჟი ძალიან დაღონდა, ასე მცირე მემკვიდრეობა რომ შეხვდა.

- თუ არ გაიყრებიან, ჩემს ძმებს შეუძლიათ, თავი პატიოსანი შრომით ირჩინონ, - ამბობდა უმცროსი, - მე კი, კატას რომ შევჭამ და მისი ტყავისგან ხელთათმანებს შევიკერავ, შიმშილით უნდა ჩავძაღლდე.

კატამ გაიგონა პატრონის სიტყვები, მაგრამ წყენა არ შეიმჩნია, დინჯად უთხრა:

- ნუ დაღონდები, ჩემო ბატონო, მხოლოდ ერთი ჩანთა მომეცი და ერთი წყვილი ჩექმაც მიშოვე ბუჩქნარში სასიარულოდ. მაშინ დარწმუნდები, რომ არც ისე მცირე წილი შეგხვედრია.

ეს სიტყვები კატის პატრონისთვის ვერაფერი ნუგეში იყო. თუმცა ბევრჯერ უნახავს, რა მოხერხებულად იჭერდა კატა თაგვებსა და ვირთაგვებს. როგორ დაეკიდებოდა ხოლმე თათებზე ან დაიმალებოდა ფქვილში და თავს მოიმკვდარუნებდა. ამიტომ ამ გაჭირვებიდან თავის დახსნის იმედი საბოლოოდ არ გადაუწურავს!

კატამ, როდესაც მიიღო ყველაფერი, რაც სურდა, ჩაიცვა ჩექმა, ჩანთა კისერზე ჩამოიკიდა, წინა თათები თასმებს მოჰკიდა და წავიდა ნაკრძალში, სადაც ბევრი ბაჭია ეგულებოდა. ჩანთაში ქატო და კომბოსტო ჩაყარა და თავი მოიმკვდარუნა: აქაოდა, ერთი სულელი ბაჭია მაინც შეძვრება ჩანთაში ქატოსა და კომბოსტოს შესაჭმელადო.

კატამ ვერც კი მოასწრო თავის მომკვდარუნება, რომ ერთი ცანცარა ბაჭია ყელის ჩასაკოკლოზინებლად ჩანთაში შეძვრა. მოხერხებულმა კატამ ჩანთას თასმები მყისვე მოქაჩა და ბაჭია დაიჭირა. ნადავლით დატვირთული ამაყად ეახლა მეფეს და ნახვის ნება სთხოვა. კატა მისი უდიდებულესობის დარბაზში შეიყვანეს, მან მეფეს თავი მდაბლად დაუკრა და მოახსენა:

- ხელმწიფევ, ეს ბაჭია ნაკრძალში მოვინადირე. ბატონ მარკიზ დე კარაბამ (ეს სახელი კატამ იქვე მოუგონა თავის ბატონს) დამავალა, მისი სახელით თქვენთვის მომერთმია.

- შენს ბატონს მოახსენე, - მიუგო მეფემ, - რომ მადლობას ვუხდი ასეთი ძღვენისთვის.

მეორედ კატა ყანაში ჩასაფრდა. ჩანთა გახსნა და როცა შიგ ორი გნოლი შეგოგმანდა, თასმები მოსწია და ორივე დაიჭირა.

მერე ისევ მეფეს ეახლა და ფრინველები მიართვა. მეფემ ახლაც სიხარულით მიიღო გნოლები და კატა ფულით დაასაჩუქრა, ჩემი სადღეგრძელო გადაჰკარიო.

ორი თუ სამი თვე კატას დროდადრო მეფისთვის თავისი ბატონის სახელით ნანადირევი მიჰქონდა. ერთ დღეს გაიგო, მეფე და მისი ულამაზესი ქალიშვილი მდინარის პირას აპირებენ გასეირნებასო, და თავის ბატონს მოახსენა:

- ბატონო, თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებთ, თქვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. ახლავე მდინარეზე წადით და იქ იბანავეთ, სადაც გეტყვით, დანარჩენი მე ვიცი და ჩემმა ბიჭობამ...

მარკიზ დე კარაბა ისე მოიქცა, როგორც კატამ ურჩია. თუმცა არც კი იცოდა, რა სიკეთეს მოუტანდა ეს ბანაობა.

სწორედ იმ დროს მარკიზმა წყალში შეცურა. მეფემ ჩაიარა, კატამ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ყვირილი მორთო:

- მიშველეთ, მიშველეთ, ბატონი მარკიზ დე კარაბა იხრჩობაო! ამ ყვირილზე მეფემ ეტლიდან თავი გამოყო, იცნო კატა, ასე ხშირად რომ ასაჩუქრებდა ნანადირევით და თავის მცველებს უბრძანა, საჩქაროდ გასწიეთ ბატონი მარკიზ დე კარაბას საშველადო.

ვიდრე საბრალო მარკიზს მდინარიდან ამოიყვანდნენ, კატა ეტლთან მივიდა და მეფეს მოახსენა, - სანამ ბატონი ბანაობდა, ქურდებმა მისი ტანსაცმელი მოიპარეს, თუმცა, რაც ძალი და ღონე მქონდა, ვყვიროდიო.

თურმე იმ ცუღლუტს ტანსაცმელი ერთი დიდი ლოდის ქვეშ ამოედო. მეფემ თავის მოლარეთუხუცესს უბრძანა: – ბატონ მარკიზ დე კარაბას ჩემი გარდერობიდან საუკეთესო ტანსაცმელი მიართვიო.

მეფემ მარკიზი დიდის ამბით მიიღო. ლამაზმა ტანსაცმელმა, ახლა რომ მოართვეს, უფრო მეტად დაამშვენა (ის ხომ ისედაც ლამაზი და ახოვანი ჭაბუკი იყო). მეფის ასულს ახალგაზრდა მარკიზი ძალიან მოეწონა. მარკიზ დე კარაბამ ვერც კი მოასწრო თავაზიანად შეეხედა მისთვის, რომ ქალს უკვე გაგიჟებით უყვარდა იგი.

მეფემ მარკიზ დე კარაბასთან ერთად ეტლით გასეირნება მოისურვა. გახარებული კატა, აქაოდა განზრახვა მისრულდებაო, წინ გაიქცა და იმ გლეხებს, რომლებიც მინდორს თიბავდნენ, უთხრა:

- კეთილო მთიბავებო, თუ ახლა მეფეს არ ეტყვით, ეს სათიბები ბატონ მარკიზ დე კარაბას ეკუთვნისო, საკუპატე ხორცივით გაგხდიან.

მეფემ ჰკითხა მთიბავებს, ვის ეკუთვნის ეს მინდვრებიო.

- ბატონ მარკიზ დე კარაბას, - ერთხმად უპასუხეს, რადგან კატის მუქარამ ცოტა არ იყოს შეაშინა ისინი.

- დიდებული მამული გქონიათ, - უთხრა მეფემ მარკიზ დე კარაბას.

- როგორც ხედავთ, ხელმწიფევ, - მიუგო მარკიზმა, - ამ მინდორზე ყოველ წელს აუარებელ ბალახს ვთიბავთ.

მოხერხებული კატა ისევ წინ გაიქცა და ახლა ყანის მკელებს უთხრა:

- კეთილო ყანის მკელებო, თუ თქვენ არ იტყვით, რომ ეს ყანები ბატონ მარკიზ დე კარაბას ეკუთვნის, საკუპატე ხორცივით გაგხდიან.

ცოტა ხანში მეფემ ჩაიარა და იკითხა, ვის ეკუთვნის ეს ყანებიო.

- ბატონ მარკიზ დე კარაბას, - უპასუხეს გლეხებმა. მეფესაც და მარკიზსაც დიდად ესიამოვნათ ეს პასუხი.

კატა ეტლის წინ მირბოდა და ერთსა და იმავეს ეუბნებოდა ყველას, ვისაც კი გზაზე ხვდებოდა, მეფეს ძლიერ უკვირდა, ბატონ მარკიზ დე კარაბას რამდენი ქონება ჰქონიაო.

ბოლოს ეშმაკი კატა ერთ მშვენიერ ციხე-დარბაზს მიადგა, რომლის პატრონი კაციჭამია დევი გახლდათ. იმისთანა მდიდარი მებატონე იმ არემარეში არ მოიძებნებოდა. ყველა მიწა, რომელიც მეფემ გაიარა, სწორედ მისი სამკვიდრო და სამფლობელო გახლდათ. კატამ გულდასმით გამოჰკითხა, ვინ იყო ეს დევი, ან რის გაკეთება იცოდა და ნახვის ნება ითხოვა. შეუთვალა, არ მინდოდა ახლოს ჩამევლო ამ ციხე-დარბაზისთვის და თქვენთვის პატივი არ მეცაო.

მასპინძელმა კატა ისე თავაზიანად მიიღო, როგორც დევს შეეფერებოდა, და სთხოვა, მოისვენეო.

- ამბობენ, - თქვა კატამ, - რომ თქვენ შეგიძლიათ ყოველნაირი ცხოველის სახე მიიღოთ, მაგალითად, სპილოდ ან ლომად გადაიქცეთ.

- მართალია, - მკვახედ მიუგო დევმა, - რომ დაგარწმუნოთ, ახლავე თქვენ თვალწინ ლომად გადავიქცევი.

კატა ლომის დანახვამ ისე შეაშინა, რომ მყისვე სახურავზე აძვრა, თუმცა ძლიერ გაუჭირდა, რადგან ჩექმა კრამიტზე სასიარულოდ სულ არ გამოადგა.

ცოტა ხნის შემდეგ, რა დაინახა, დევმა პირვანდელი სახე მიიღოო, ძირს ჩამოვიდა და გამოუტყდა, დიდი შიში ვჭამეო.

- იმასაც ამბობენ, - თქვა კატამ, - თუმცა ამას ვერ დავიჯერებ, რომ თქვენ შეგიძლიათ პატარა ცხოველის სახე მიიღოთ, მაგალითად, ვირთაგვად ან თაგვად გადაიქცეთ. გარწმუნებთ, მე ეს სრულიად შეუძლებელი მგონია.

- არა გჯერათ? - წამოიძახა დევმა, - ახლავე გაჩვენებთ!

- იმავე წუთში თაგვად გადაიქცა და იატაკზე დაიწყო სირბილი.

კატამ ეს დაინახა თუ არა, მყისვე ეცა და გადაყლაპა. ამ დროს მეფემ გზიდან დევის მშვენიერი ციხედარბაზი შეამჩნია და შესვლა ისურვა.

კატას ეტლის ხმაური რომ მოესმა, შესახვედ- რად გაიქცა და მეფეს მოახსენა:

- თქვენო უდიდებულესობავ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონი მარკიზ დე კარაბას სა- სახლეში.

- როგორ, ბატონო მარკიზო! - შესძახა მეფემ, - ეს ციხე-დარბაზიც თქვენია? ამ ეზო-პალატებზე უკეთესს კაცის თვალი ვერაფერს ნახავს, შევიდეთ შიგნით, თუ თქვენი ნება იქნება.

მარკიზმა მეფის ასულს ხელი გაუწოდა და წინ მიმავალ მე- ფეს გაჰყვა. ისინი ერთ დიდ დარბაზში შევიდნენ, სადაც სა- უცხოო სუფრა იყო გაშლილი, თურმე იმ დღეს დევის მეგობრები უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ რომ გაეგოთ, მეფე იქ არისო, გალა- ვანში შესვლა ვეღარ გაებედათ.

მეფე აღტაცებული იყო ბატონი მარკიზ დე კარაბას დახვეწილი მანერებით. მისი ქალი კი მარკიზისთვის ჭკუას კარგავდა. მეფემ დიდძალი ქონება რომ ნახა და ხუთი თუ ექვსი თასიც გამოცალა, მარკიზს მიმართა:

- ბატონო მარკიზო, საქმე თქვენზეღა ჰკიდია, გსურთ თუ არა, ჩემი სიძე გახდეთ?

მარკიზმა მოწიწებით მადლობა გადაუხადა ამ დიდი პატივისთვის და იმავე დღეს მეფის ასული შეირთო.

კატა კი დარბაისელი კარისკაცი გახდა და იმ დღიდან თაგვებს მხოლოდ გასართობადღა დასდევდა.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: გერონტი ქიქოძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ