იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, რომელსაც საუცხოო სახლები, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლეული, ძვირფასი ავეჯეულობა და სულ მოვარაყებული ეტლები ჰქონდა. საუბედუროდ, ამ კაცს ლურჯი წვერი დაჰყოლოდა, რაც ისე ამახინჯებდა და ისეთ საზარელ გამომეტყველებას აძლევდა, რომ ქალებიცა და ქალიშვილებიც გაურბოდნენ.
ერთ-ერთ მის მეზობელ წარჩინებულ მანდილოსანს ორი საოცარად ლამაზი ქალიშვილი ჰყავდა. ლურჯწვერამ სთხოვა, რომელიმე ცოლად გამაყოლეო და არჩევანიც დედასვე მიანდო, მაგრამ ორივე ქალი უარზე იდგა. საქმროს ერთმანეთს უთმობდნენ, ვერც ერთი ბედავდა გაჰყოლოდა მამაკაცს, რომელსაც ლურჯი წვერი ჰქონდა. გარდა ამისა, მათ შიშს ჰგვრიდა ისიც, რომ ეს კაცი უკვე რამდენჯერმე იყო დაქორწინებული და არავინ იცოდა, რა ბედი ეწიათ მის ცოლებს.
ერთმანეთის უკეთ გასაცნობად ლურჯწვერამ ქალები, მათი დედა, სამი თუ ოთხი საუკეთესო მეგობარი და რამდენიმე მეზობელი ახალგაზრდა ვაჟი ერთ-ერთ თავის სააგარაკო სახლში მიიპატიჟა. ისინი მთელი კვირა დარჩნენ. გაიმართა გაუთავებელი სეირნობა, ნადირობა, თევზაობა, ცეკვა, ლხინი და ჭამა-სმა. ძილი არავის ახსოვდა, მთელ ღამეს სტუმრები ერთმანეთის გამასხარავებაში ატარებდნენ. ისე ისიამოვნეს, რომ უმცროს ქალიშვილს მასპინძლის წვერი არცთუ ისე ლურჯად ეჩვენებოდა და თვითონ კაციც პატიოსანი ეგონა. დაბრუნდნენ თუ არა ქალაქში, ქორწილი გადაიხადეს.
ერთი თვის შემდეგ ლურჯწვერამ ცოლს უთხრა, იძულებული ვარ, სულ ცოტა, ექვსი კვირით მაინც სოფლად წავიდე, მეტად საჭირო საქმის გამოო. სთხოვა, მისი არყოფნის დროს თავის ნებაზე გართობილიყო, მეგობრები დაეპატიჟა, თუ მოისურვებდა, სოფლადაც წაეყვანა და ყველგან კარგი სუფრა გაეშალა.
- აი, ორივე დიდი საკუჭნაოს გასაღები, - უთხრა მან, - აგერ ეს გასაღები ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლეულობისაა, რომელიც ყოველდღიურად არ იხმარება; ეს იმ კიდობნების გასაღებებია, სადაც ჩემი ოქრო და ვერცხლი ინახება; ეს სკივრებისაა, სადაც ჩემი ძვირფასი თვალ-მარგალიტი აწყვია; ეს კი ყველა ჩემი დარბაზის გასაღებია: ამათგან პატარა იმ ოთახს აღებს, ქვედა სართულის დიდი დერეფნის ბოლოში რომ არის, ყველა ოთახი გააღე, ყველგან შედი, მაგრამ იმ პატარა დარბაზში შესვლას გიკრძალავ, გიკრძალავ მკაცრად, თუ ჩემი თხოვნა არ შეასრულე, ჩემს მრისხანებას საზღვარი არ ექნება, - ქალი დაჰპირდა, ზუსტად შევასრულებ ყველაფერს, რაც მიბრძანეო. ლურჯწვერა ცოლს გადაეხვია, ეტლში ჩაჯდა და გზას გაუდგა.
მეზობელმა და მეგობარმა ქალებმა პატარძალს აღარც კი აცალეს დაპატიჟება, ძლიერ ჩქარობდნენ მისი მდიდრული სახლის ნახვას. ვიდრე ქმარი შინ იყო, მისვლას ვერ ბედავდნენ - ლურჯი წვერი ყველას შიშს ჰგვრიდა. ახლა კი შეუდგნენ ერთიმეორეზე მშვენიერი დარბაზების, ოთახებისა და კარადების დათვალიერებას. შემდეგ სალაროებში ავიდნენ: ვეღარ გამძღარიყვნენ მშვენიერი ხალიჩების, საწოლების, სავარძლების, კარადების, მაგიდებისა და სარკეების ცქერით; ამ სარკეებში ადამიანი თავიდან ფეხებამდე ჩანდა: სარკის ჩარჩოები ზოგი მინის იყო და ზოგიც მოოქრული ვერცხლის. მათ სილამაზეს და ბრწყინვალებას ვერაფერი შეედრებოდა. სტუმრები აღფრთოვანებული იყვნენ და, ცოტა არ იყოს, შურით უცქერდნენ თავიანთი მეგობრის ბედნიერებას. თვით დიასახლისს კი სულ არ ართობდა ეს სიმდიდრე, ისე ძლიერ უნდოდა ქვედა სართულის პატარა დარბაზის ნახვა.
ცნობისმოყვარეობამ იმდენად აიტანა ქალი, რომ სტუმრები მიატოვა და ფარული კიბით ქვევით ჩაირბინა, ისე ჩქარობდა, ორჯერ თუ სამჯერ კინაღამ კისერი მოიტეხა. დარბაზის კართან რომ მივიდა, ერთხანს შეჩერდა და გაიხსენა ქმრის პირობა, თან ისიც აწუხებდა, რომ ურჩობისთვის შეიძლებოდა დიდი უბედურება დასტეხოდა თავს; მაგრამ ცთუნებას ვერ გაუძლო, პატარა გასაღები აიღო და დარბაზის კარი თრთოლვით გააღო.
პირველად ვერაფერი დაინახა, რადგან ფანჯრები დახურული იყო, რამდენიმე წუთის შემდეგ შეამჩნია, რომ იატაკი მთლად შედედებული სისხლით იყო დაფარული; ამ სისხლის ზედაპირზე კედელზე ჩამოკიდებული რამდენიმე ქალის გვამი ისარკებოდა, ყველანი ლურჯწვერას ცოლები იყვნენ. მან ეს ქალები ჯერ შეირთო, მერე დახოცა.
ქალმა კინაღამ შიშისგან სული დალია, ხელიდან გაუვარდა პატარა გასაღები, რომელიც ბოქლომიდან გამოაძრო. როცა გონს მოვიდა, გასაღები აიღო, კარი დაკეტა და თავის ოთახში ავიდა ძალ-ღონის მოსაკრებად. ძლიერ აღელვებული იყო და ვერ შეამჩნია, რომ გასაღებს სისხლი მოსცხებოდა. ორჯერ თუ სამჯერ გაწმინდა, მაგრამ ლაქა არ მოსცილდა; მერე ქვიშითა და სალესი ქვით ხეხა, მაინც ვერ მოაშორა. ეს გასაღები ჯადოსნური იყო და სისხლს ერთ ადგილას რომ მოაცილებდა, სხვაგან დაეტყობოდა.
ლურჯწვერა იმავე საღამოს დაბრუნდა შინ და თქვა, გზაში წერილი მივიღე, საიდანაც შევიტყვე, საქმე ჩემს სასარგებლოდ დამთავრებულაო. ცოლმა მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა, რომ ქმარი დაეჯერებინა, თითქოს მისი დაბრუნებით დიდად გახარებული იყო.
მეორე დილას ლურჯწვერამ გასაღები მოითხოვა, ცოლმა გაუწოდა, მაგრამ ხელი ისე უკანკალებდა, რომ ქმარი ადვილად მიხვდა ყველაფერს.
- პატარა დარბაზის გასაღები სხვა გასაღებებთან რატომ არ არის? - იკითხა მან.
- ალბათ, ზევით დამრჩა, - მიუგო ცოლმა, - ჩემს მაგიდაზე.
- არ დაგავიწყდეს, დაუყოვნებლივ დამიბრუნე, - უთხრა ლურჯწვერამ.
მრავალნაირი თვალთმაქცობის შემდეგ, ქალმა მაინც მოიტანა გასაღები.
ლურჯწვერამ გასაღებს დახედა და ცოლს უთხრა: - ეს სისხლი რატომ აცხია გასაღებს?
- არ ვიცი, - უპასუხა საბრალო ქალმა და სახეზე მკვდრისფერი დაედო.
- აჰ, არ იცი განა?! - მიუგო ლურჯწვერამ, - სამაგიეროდ მე ვიცი! დარბაზში შესვლა მოისურვე, კეთილო ქალბატონო?! თქვენც შებრძანდებით და ადგილს დაიკავებთ იმ მანდილოსნებს შორის.
ქალი ქმარს ფეხებში ჩაუვარდა: ტირილით ევედრებოდა პატიებას და სინანულს გამოთქვამდა, რომ ასეთი ურჩობა გამოიჩინა. მწუხარე ქალბატონი ისეთი მშვენიერი იყო, კლდესაც კი მოალბობდა, მაგრამ ლურჯწვერას კლდეზე უფრო მაგარი გული ჰქონდა.
- შენ უნდა მოკვდე, ქალბატონო, - თქვა მან. - მოკვდე ახლავე.
- ცოტა ხანს მადროვე, ღმერთს შევევედრო, - უპასუხა ქალმა და ცრემლებით სავსე თვალები მიაპყრო.
- გაძლევ თხუთმეტ წუთს, - უთხრა ლურჯწვერამ, - მეტი არც ერთი წამი არ ითხოვო!
როგორც კი ქალი მარტო დარჩა, თავის დას დაუძახა და უთხრა: - ჩემო დაიკო, ანა, - ასე ერქვა მის დას, - გევედრები, ადი ზევით, კოშკზე და გაიხედე, ჩემი ძმები ხომ არ მოდიან, დამპირდნენ, რომ დღეს მოვიდოდნენ ჩემ სანახავად და თუ დაინახე, ნიშანი მიეცი, აჩქარდით-თქო.
დაიკო ანა კოშკზე ავიდა, ხოლო საცოდავი ქალი დროდადრო ნაღვლიანად შესძახოდა:
- ანა, ჩემო დაიკო, ანა, ვერავის ხედავ?
- არაფერი ჩანს, გარდა გავარვარებული მზისა და აბიბინებული ბალახისა. - ამასობაში ლურჯწვერამ დიდი დანა ამოიღო და რაც ძალა ჰქონდა, იყვირა:
- მალე ჩამოდი, თორემ მე თვითონ ამოვალ ზევით!
- კიდევ ერთი წუთი, თუ ნებას მომცემ, - უპასუხა ცოლმა და ხმადაბლა დაუძახა დას:
- ანა, ჩემო დაიკო, ანა, ვერავის ხედავ მომავალს?
დაიკო ანამ უპასუხა:
- არაფერი ჩანს, გარდა გავარვარებული მზისა და აბიბინებული ბალახისა.
მალე ჩამოდი, - ყვიროდა ლურჯწვერა, - თორემ მე თვითონ ამოვალ.
- მოვდივარ, - უპასუხა ცოლმა.
მერე ისევ დაუძახა:
- ანა, ჩემო დაიკო, ანა, ვერავის ხედავ მომავალს?
- ვხედავ, - უპასუხა დაიკო ანამ, მტვრის კორიანტელს, რომელიც აქეთ მოიწევს.
- ჩემი ძმები არიან?
- არა, ჩემო დაიკო, ცხვრის ფარა ყოფილა.
- აღარ აპირებ ჩამოსვლას? - დაიყვირა ლურჯწვერამ.
კიდევ ერთი წუთი, - შეევედრა ცოლი და ისევ დას დაუძახა: - ანა, ჩემო დაიკო, ანა, ვერავის ხედავ მომავალს?
- ვხედავ ორ მხედარს, - უპასუხა დამ, - აქეთ მოაჭენებენ, მაგრამ ჯერ კიდევ შორს არიან.
- მადლობა ღმერთს, - შესძახა მან ერთი წუთის შემდეგ, - ჩემი ძმები არიან, ვანიშნებ, რაც შეიძლება, აჩქარდნენ.
ლურჯწვერამ ისეთი ყვირილი მორთო, მთელი სახლი ზანზარებდა. საბრალო ქალი ქვევით ჩავიდა, ფეხებში ჩაუვარდა თმაგაწეწილი და ატირებული.
- ეგ ვერაფერს გიშველის, - უთხრა ლურჯწვერამ, - უნდა მოკვდე.
მერე ცალი ხელი თმაში წაავლო, ხოლო მეორით დანა მოიქნია თავის მოსაკვეთად.
საბრალო ქალმა თავი მოაბრუნა, ლურჯწვერას მიბნედილი თვალებით შეხედა და შეევედრა, კიდევ ერთი წუთი მადროვე გულის მოსაბრუნებლადო.
- არა, არა, - უთხრა ლურჯწვერამ, სული შეავედრე ღმერთს და ხელი ასწია...
ამ დროს კარზე ისე მაგრად დააკაკუნეს, რომ ლურჯწვერა გაშეშდა, კარი გააღო და ორი მხედარი შემოვარდა გაშიშვლებული მახვილებით. ისინი პირდაპირ ლურჯწვერას მისცვივდნენ, მან თავისი ცოლის ძმები იცნო, ერთი - დრაგუნი, მეორე - მუშკეტერი. ლურჯწვერამ გაქცევა დააპირა, მაგრამ ორივენი გამოედევნენ და ვიდრე ის აივანს მიაღწევდა, დაიჭირეს, თავიანთი მახვილებით განგმირეს და იქვე დააგდეს.
საცოდავი ქალი თითქმის ისევე უსულოდ ეგდო, როგორც მისი ქმარი. ღონეც კი არ შესწევდა, ფეხზე ამდგარიყო და თავის ძმებს გადახვეოდა.
თურმე ლურჯწვერას მემკვიდრე არ ჰყავდა და მთელი ავლა-დიდების პატრონი მისი ცოლი გახდა.
ამ ქონების ერთი ნაწილი თავისი დის, ანას, გათხოვებას მოახმარა. ის თურმე დიდი ხანია ერთ ახალგაზრდა აზნაურს უყვარდა, მეორე ნაწილი თავისი ძმებისთვის კაპიტნის ხარისხის საყიდლად დახარჯა, დანარჩენი კი იმისთვის მოიხმარა, რომ თვითონაც გათხოვილიყო ერთ უაღრესად პატიოსან კაცზე, რომელმაც ლურჯწვერასთან გატარებული უბედური დრო მალე დაავიწყა.
* * * * * * *
მთარგმნელი: გერონტი ქიქოძე