იყო და არა იყო რა, იყო ერთი დედოფალი, რომელსაც ისეთი უმსგავსო და გონჯი ვაჟი შეეძინა, რომ ეჭვიც კი ეპარებოდა, ნეტავ, ადამიანია თუ არაო. მის დაბადებას ერთი ფერია დაესწრო. მან თქვა, ბიჭი მახინჯია, მაგრამ ძალიან ჭკვიანი. მას შეეძლება თავისი ჭკუა უწილადოს იმ ადამიანს, ვინც ძალიან შეუყვარდებაო.
ამან ცოტათი ანუგეშა საბრალო დედოფალი, რადგან ძალიან ნაღვლობდა, ასეთი ვაჟიშვილი რომ შეეძინა.
მართლაც, ბავშვი, ამოიდგა თუ არა ენა, ათას ჭკვიანურ რამეს ამბობდა. ისე იქცეოდა, რომ ყველას თავი შეაყვარა.
ბიჭს პატარა ქოჩორი დაჰყვა და ქოჩორა რიკე დაარქვეს. რიკე მისი გვარი იყო.
შვიდი თუ რვა წლის შემდეგ მეზობელი სამეფოს დედოფალს ორი ქალიშვილი შეეძინა. უფროსი გოგონა მზესავით ლამაზი იყო. შიშობდნენ, მეტისმეტი სიხარულისგან დედოფალი ჭკუაზე არ შეცდესო. აქ იყო ის ფერია, რომელიც ქოჩორა რიკეს დაბადებას დაესწრო. ფერიამ თქვა, მეფის ასული ლამაზია, მაგრამ სულელიო.
დედოფალი დაღონდა. მალე მას უფრო დიდი დარდი გაუჩნდა. მეორე ქალიშვილი ძალიან უშნო დაებადა.
- ნუ დაღონდები, ქალბატონო, - უთხრა ფერიამ, - თქვენი შვილი მართალია, ულამაზოა, მაგრამ ძალიან ჭკვიანი იქნება და მის სიმახინჯეს არაფრად ჩააგდებენო.
- ღმერთმა ქნას, - თქვა დედოფალმა, მაგრამ რა იქნება, რომ ცოტა ჭკუა უფროსსაც ჰქონოდა, ის ხომ ისეთი მშვენიერია?!
- ქალბატონო, ჭკუას მე ვერ მივუმატებ, - მიუგო ფერიამ, - სამაგიეროდ სილამაზეს მივანიჭებ და რაკი თქვენი სიამოვნებისთვის არაფერს დავიშურებ, მეფის ასულს დავანათლავ უნარს, რომ მშვენიერება მიანიჭოს იმ ადამიანს, ვინც ყველაზე მეტად მოეწონება.
იზრდებოდნენ მეფის ასულები და იზრდებოდა მათი ღირსებებიც. ამბობდნენ, რა მშვენიერია უფროსი და რა ჭკვიანია უმცროსიო. მაგრამ, რაც დრო გადიოდა, მათი ნაკლიც იზრდებოდა. უმცროსი თვალდათვალ მახინჯდებოდა, უფროსს კი დღითი დღე ჭკუა აკლდებოდა. რომ შეეკითხებოდნენ, ან სულ არაფერს უპასუხებდა, ან სისულელეს როშავდა. თან ისეთი ხელმარცხი იყო, ოთხი ფაიფურის ნივთი რომ დაედგა ბუხარზე, ერთს აუცილებლად გატეხდა. ჭიქა წყალს ვერ დალევდა, რომ ნახევარი ზედ კაბაზე არ ჩამოეწუწა.
უფროსი დის სილამაზე ყველას ხიბლავდა, მაგრამ წვეულებებზე უმცროსი მეტ ყურადღებას იქცევდა. ჯერ ყველა ლამაზისკენ გასწევდა, რომ მისი ცქერით დამტკბარიყო, მაგრამ მალე ჭკვიანი მეფის ასულის ირგვლივ იყრიდნენ თავს, რომ სასიამოვნო საუბარი მოესმინათ.
უფროსი კარგად გრძნობდა თავის ნაკლს და ამბობდა, არ დავიშურებდი სილამაზეს, ოღონდ ჩემი დის ჭკუის ნახევარი მომცაო. თვით დედოფალიც, ეს ჭკუით ნაქები ქალი, ხშირად ტუქსავდა შვილს სისულელეებისთვის და საცოდავი მეფის ასული ჯავრისგან აღარ იყო.
ერთ დღეს ტყეში წავიდა, რომ თავისი შავი ბედი გამოეტირა. გზაში შემოხვდა მდიდრულ ტანისამოსში გამოწყობილი ძლიერ მახინჯი, დაბალი კაცი. ეს ახალგაზრდა უფლისწული ქოჩორა რიკე იყო. მას თურმე უფროსი მეფის ასულის სურათები ენახა, შეჰყვარებოდა და მამის სამეფოდან წამოსულიყო, რათა მისი ცქერითა და მასთან საუბრით დამტკბარიყო.
ქოჩორა რიკე დიდად მოხარული დარჩა, პირისპირ რომ შეხვდა ქალს. ის დიდი მოწიწებით მიუახლოვდა და ზრდილობიანად მიესალმა, ჩვეულებრივი ქათინაურები უთხრა და როცა შეამჩნია, ქალი ძალიან დაღონებული იყო, შეჰკადრა:
- ვერ წარმომიდგენია, ასეთი მშვენიერი არსება ნაღვლიანი რატომ უნდა იყოს. შემიძლია დავიკვეხო, ბევრი მშვენიერი მანდილოსანი მინახავს, მაგრამ, გარწმუნებთ, თქვენისთანა ლამაზი არც ერთი არ ყოფილა.
- გეჩვენებათ, - უპასუხა მეფის ასულმა და დადუმდა, თითქოს ენა ჩაუვარდაო.
- სილამაზე ისეთი ღირსებაა, რომ ყველაფერს აიწონის, - მიუგო ქოჩორა რიკემ, და თუ ადამიანი ლამაზია, ასე მგონია, მას აღარაფერი აქვს სანაღვლო.
- მირჩევნია თქვენისთანა მახინჯი ვიყო, ოღონდ ჭკუა მეტი მქონდეს, რა თავში ვიხლი ამ სილამაზეს, თუ სულელი ვიქნები.
- ქალბატონო, ადამიანი სწორედ მაშინ არის ჭკვიანი, როცა თავის უჭკუობას აღიარებს. ასეთია ჭკვიანი ადამიანის ბუნება: რაც უფრო მეტი ჭკუა აქვს, მით უფრო გრძნობს მის ნაკლებობას.
- რა გითხრა, - მიუგო მეფის ასულმა, - მე მხოლოდ ის ვიცი, რომ სულელი ვარ და ეს არის ჩემი სადარდებელი.
- მხოლოდ ეს თუ გაწუხებთ, ადვილად შემიძლია გიხსნათ მაგ გასაჭირისგან.
- როგორ? - იკითხა მეფის ასულმა.
- ქალბატონო, - მიუგო ქოჩორა რიკემ, - მე შემიძლია ჩემი ჭკუა იმ ადამიანს მივცე, ვინც ყველაზე მეტად შემიყვარდება, ეს ადამიანი კი თქვენ ბრძანდებით. ახლა თქვენზეა დამოკიდებული, იქნებით ისეთი ჭკვიანი თუ არა, როგორსაც ნატრობთ. ამისთვის საკმარისია ცოლად გამომყვეთ.
მეფის ასულს გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უპასუხა.
- ვხედავ, ჩემმა წინადადებამ საგონებელში ჩაგაგდოთ, - უთხრა ქოჩორა რიკემ. - და არც მიკვირს. დროს გაძლევთ ერთ წელს, იფიქრეთ და გადაწყვიტეთ.
მეფის ასულს ეგონა, ეს ერთი წელიწადი არასოდეს დასრულდებოდა, და დათანხმდა.
ქალმა, როგორც კი ის ვაჟს შეჰპირდა, გაისად სწორედ ამ დღეს გამოგყვები ცოლადო, იგრძნო, რომ მთლად შეიცვალა. ახლა ადვილად ახერხებდა საუბარს, გასაგებად ლაპარაკობდა და მოსწრებული სიტყვა-პასუხიც ჰქონდა. მაშინვე ისეთი თავაზიანი საუბარი გაუბა ვაჟს, რომ ქოჩორა რიკე დაეჭვდა, ვაითუ, მეტი ჭკუა მივეცი, მე კი აღარაფერი დავიტოვეო.
როდესაც მეფის ასული შინ დაბრუნდა, მთელი სასახლე განცვიფრდა ასეთი უეცარი ცვლილებით. თუ უწინ მის აბდაუბდა ლაპარაკს იყვნენ მიჩვეულნი, ახლა მისი აზრიანი და მოსწრებული სიტყვა აკვირვებდათ.
ძნელი წარმოსადგენია, როგორ იყო გახარებული მთელი სამეფო კარი; მხოლოდ უმცროს დას არ ესიამოვნა, ჭკუით რომ ვეღარ სჯობნიდა უფროს დას და მთლად მაიმუნს დაემსგავსა.
ახლა მეფე თავისი უფროსი ქალიშვილის რჩევას უწევდა ანგარიშს და ხშირად მის ოთახში იწვევდა თათბირს.
მეფის ასულის ამბავი ქვეყანამ გაიგო, მეზობელი სამეფოების უფლისწულები ქალის გულის მოპოვებას შეეცადნენ, თითქმის ყველა მის ხელს ითხოვდა, მაგრამ ქალს არც ერთი ჭკვიანად არ მიაჩნდა; საქმროებს უსმენდა, პირობას კი არავის აძლევდა. ბოლოს ერთი ძლიერი, მდიდარი, ჭკვიანი და ახოვანი უფლისწული გამოცხადდა; მეფის ქალი თავისდა უნებურად მოიხიბლა.
მეფემ უთხრა:
- ქმრის არჩევა შენი ნებაა და მე მხოლოდ შენს გადაწყვეტილებას ველი.
კარგად ვიცით, ვისაც მეტი ჭკუა აქვს, მისთვის უფრო ძნელია ქორწინების საქმეში მტკიცე გადაწყვეტილება მიიღოს. ქალმა მამას მადლობა გადაუხადა და სთხოვა, ცოტა კიდევ დამაცადე, რომ მოვიფიქროო.
უფრო კარგად რომ მოეფიქრებინა, ქალი ტყეში წავიდა. სწორედ ამ ტყეში ერთი წლის წინ ქოჩორა რიკეს შეხვდა. სეირნობის დროს ღრმად ჩაფიქრებულ მეფის ასულს მიწიდან რაღაც გუგუნი მოესმა, თითქოს იქ ადამიანები მიდი-მოდიოდნენ და ფუსფუსებდნენ. უფრო გულდასმით რომ მიუგდო ყური, გაიგონა, ერთი ამბობდა: „ის ქვაბი მომიტანე“, მეორე - „ცეცხლს შეშა შეუკეთე“. ამ დროს მიწა გაიხსნა და ქალმა დიდი სამზარეულო დაინახა. მზარეულები, მათი თანაშემწეები და სხვა მსახურები დიდებულ სუფრას შლიდნენ. სამზარეულოდან ოცი თუ ოცდაათი მემწვადე ხეივანსბგაჰყვა და გრძელ მაგიდას შემოუჯდა. მელიისკუდიანი ქუდები ეხურათ, ხელში შამფურები ეჭირათ და შეწყობილად მუშაობდნენ, თან მომხიბლავად მღეროდნენ.
განცვიფრებულმა მეფის ასულმა ჰკითხა, ვისთვის იწვევთ ნადიმსო.
- ქოჩორა რიკესთვის, ქალბატონო! - მიუგო ყველაზე უფრო დარბაისელმა მზარეულმა - ხვალ მისი ქორწილია!
კიდევ უფრო გაუკვირდა მეფის ასულს, მაგრამ უეცრად გაახსენდა, რომ სწორედ ერთი წლის წინათ ქოჩორა რიკეს დაჰპირდა, ცოლად გამოგყვებიო და სულშეღონებული კინაღამ ძირს დაეცა. აღარ ახსოვდა, რომ მაშინ ჯერ ისევ სულელი იყო, როცა უფლისწულმა ჭკუა მიმადლა. ძველი სისულელეები სულ გადაავიწყდა. ოციოდე ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ წინ ქოჩორა რიკე წარმოუდგა მხნე და ბრწყინვალედ ჩაცმული, როგორც ეს საქორწილოდ გამოწყობილ უფლისწულს შეეფერება.
- ქალბატონო, მე ჩემი სიტყვა შევასრულე, - უთხრა ქალს, - ეჭვი არ მეპარება, თქვენც იმისთვის მობრძანდით, რომ დაპირება შეასრულოთ და უდიდესი ბედნიერება მომანიჭოთ.
- გულწრფელად უნდა გითხრათ, - მიუგო მეფის ასულმა, - ჯერ არაფერი გადამიწყვეტია და ვერც გადავწყვეტ, რომ თქვენი ცოლი გავხდე.
- მაკვირვებს თქვენი სიტყვები, ქალბატონო! - მიუგო ქოჩორა რიკემ.
- მჯერა, - თქვა მეფის ასულმა, - საქმე რომ ვინმე ტლანქ ან უნიჭო მამაკაცთან მქონოდა, არაფერი მეშველებოდა და ის მეტყოდა, მეფის ასულის სიტყვა უტეხია, რაკი პირობა მომეცი, აუცილებლად ცოლად უნდა გამომყვეო, მაგრამ თქვენ უჭკვიანესი ადამიანი ხართ და ეჭვი არ მეპარება, გამიგებთ. თუ გახსოვთ, სულელი გოგო რომ ვიყავი, მაშინ ვერ გადავწყვიტე თქვენი ცოლობა და ახლა, როცა თქვენივე ჭკუა მომემატა, როგორ დაგთანხმდებით მაგ წინადადებაზე. თუ ჩემი შერთვა ასე სულით და გულით გინდოდათ, რატომ მიხსენით უგუნურებისგან და ასე ნათლად რატომ დამანახვეთ ყველაფერი?
- თუ უგუნურ ადამიანს, როგორც ბრძანეთ, შეეძლო თქვენთვის სიტყვის გადახვევა ესაყვედურა, - მიუგო ქოჩორა რიკემ, - ვინ დამიშლის ამას მე, როცა საქმე ჩემს ბედნიერებას ეხება?! რა სამართალია, რომ ჭკვიანი ადამიანი უჭკუოზე მეტად დაზარალდეს? თქვენ არ შეგფერით ამის თქმა, ასეთი ჭკუის პატრონს, მაგრამ საქმეს დავუბრუნდეთ, რას მიწუნებთ გარეგნობის გარდა? იქნებ წუნს სდებთ ჩემს გვარიშვილობას, ჩემს ჭკუას, ხასიათს ან ქცევას?
- სრულიადაც არა! - მიუგო მეფის ასულმა: - ეგ ყველაფერი, რაც ახლა თქვით, ძლიერ მომწონს.
- თუ ასეა, თქვენ შეგიძლიათ ყველაზე ლამაზ კაცად მაქციოთ.
- როგორ? - ჰკითხა მეფის ასულმა.
- ეს მაშინ მოხდება, - მიუგო ქოჩორა რიკემ, - თუ შემიყვარებთ. ჩემმა სიტყვებმა რომ არ დაგაეჭვოთ, მოგახსენებთ, ფერიამ დაბადების დღეს საყვარელი ადამიანისთვის ჭკუის მინიჭების ძალით დამაჯილდოვა, თქვენ კი მოგმადლათ ნიჭი - სილამაზე აჩუქოთ მას, ვინც შეგიყვარდებათ და ვისაც ამ წყალობის ღირსად ჩათვლით.
- თუ ასეა, - თქვა მეფის ასულმა, - წრფელი გულით ვინატრებდი, თქვენ ყველაზე ლამაზი და მომხიბლავი უფლისწული იყოთ ამქვეყნად და რამდენადაც ჩემს ძალას შესწევს, გიძღვნით ამ მადლს.
მეფის ასულმა ამ სიტყვების წარმოთქმა ვერ მოასწრო, რომ ქოჩორა რიკე ისეთ ლამაზ, ახოვან და თავაზიან ვაჟკაცად გადაიქცა, რომლის მსგავსი ქალს არასოდეს ენახა.
ზოგიერთები ამტკიცებდნენ, თითქოს ფერიების ჯადოქრობა აქ არაფერ შუაშია, სასწაული მხოლოდ სიყვარულმა მოახდინაო.
ასეა თუ ისე, მეფის ასული დაჰპირდა, ცოლად გამოგყვები, ოღონდ კი მამაჩემის ნებართვა მიიღეო.
როცა მეფე დარწმუნდა, რომ მისი ქალი უღრმესი პატივისცემით ეპყრობოდა ქოჩორა რიკეს, ხოლო რაკი სასიძოც მეტად მჭევრმეტყველი და ბრძენი კაცი გამოდგა, სიამოვნებით დათანხმდა მათ ქორწინებას.
მეორე დღეს დიდებული ქორწილი გადაიხადეს, როგორც ეს ქოჩორა რიკემ დიდი ხნის წინათ გადაწყვიტა.
* * * * * * *
მთარგმნელი: გერონტი ქიქოძე
















