1. გიბრძანებს და მოგახსენებს მეფეთმეფე დავით, დღეთა შინა სიკვდილისა და სოფლით განსვლისა მისისათა, ჩემ მიერ, უნდოჲსა და უღირსისა...
(გარდაცვალების, ამ წუთისოფლის დატოვების, წინ ბრძანებს და მოგახსენებთ მეფეთ მეფე დავითი, როგორც ერთი უბრალო, უღირსი ვინმე.)
* * * * * * *
2. უკვდავი და დიდებისა მოყვარე და მეფობისა ტრფიალი მედვა ბუნება და არა მიოდეს მოვიხსენებდი დღესა ამას სამარადისოდ საფლავად მოსვლისა ჩემისასა, და ვერ უძლე დატევებად საწუთოჲსა, ვიდრე არა დამიტევა მე საწუთომან და დამძიმებული ცოდვათა სიმრავლითა მწუხარედ განმიყვანა წინაშე მსაჯულისა.
(განდიდებასა და მეფობის პატივს ვესწრაფოდი და არ მახსოვდა ეს დღე – გარდაუვალი სიკვდილისა. სოფლისმოყვარემ ვერ დავთმე წუთისოფელი, ვიდრე თავად არ მიმატოვა საწუთრომ. და წარვდექი მრავალი ცოდვით სულდამძიმებული და დამწუხრებული უფლის (მსაჯულის) წინაშე.)
* * * * * * *
3. რამეთუ მრავალნი წყალობანი ყვნა ჩემ ზედა სოფელსა ამას შინა, რამეთუ მომცა პირველად შვილი ესე ჩემი დიმიტრი, სიბრძნითა, სიწმიდითა, ახოვნებითა და სიმხნითა უმჯობესი ჩემსა, და ნამდვილ ესევითარი ჯერ იყო მეფე, მოცემული ღმრთისა მიერ მკვიდრთათვის სოფლისათა მართლმორწმუნეთა...
(ღმერთმა მრავალჯერ მომაგო თავისი წყალობა ამქვეყნად, რამეთუ მომცა ძე დემეტრე სიბრძნით, სიწმინდით, ახოვანებითა და სიძლიერით ჩემი მჯობი (ჩემზე აღმატებული). ჭეშმარიტად, მეფედ ღვთისგან მოვლენილი, ქრისტიანი (მართლმორწმუნე) ერის პატრონად.)
* * * * * * *
4. გარნა მძლო საწუთრომან, და წაღმართ ქადებულნი ჟამნი მიმტყვენავე და მომაგო ჩემნი და მამისა ჩემისა ჭირნი, რომელთა მიმიქცევიან ამისგან პირნი და თვალნიცა. გარნა განბჭო მართლადმსაჯულობამან ღმრთისამან და, ესერა, მიწოდა მე და უწოდა მაგას მეფობაჲ, მამული და ახლად მოგებული ღვაწლითა ჩემითა და თქვენითა: ნიკოფსითგან დარუბანდისა ზღვადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე.
(მაგრამ დამძლია საწუთრომ და ქადებული (შეპირებული) დამიქცია. მაზღვევინა ჩემი და ჩემი წინაპრების ცოდვები, რომელთაც ზურგი შევაქციე, არად ჩავაგდე. და, აჰა, ასე გადაწყვიტა მართლმსაჯულმა უფალმა: მე მივყავარ თავისთან (მე მიხმო), ხოლო იგი (დემეტრე) მიიწვია მეფედ ჩვენი (ჩემი და თქვენი) ბრძოლით მოპოვებული (ახლად მოგებული) მამულისა, ნიკოფსიიდან დარაბანდამდე და ოსეთიდან სოერად და არეგაწამდე.
* * * * * * *
5. ამას ყოველსა თანა წარუძღვანე წმიდაჲ ძელი ცხოვრებისაჲ და მივეც დროშა ჩემი სვიანი, აბჯარნი ჩემნი სამეფონი და საჭურჭლენი ჩემნი ზემონი და ქვემონი ...
(ამ ყოველივეს მე წავუმძღვარე წმინდა ძელი ცხოვრებისა (ქრისტეს ჯვარი) და მასთან ერთად დროშა სვიანი (ღვთისაგან დალოცვილი, გამარჯვებული), ჩემი სამეფო იარაღი და მთელი განძი და ქონება.)
* * * * * * *
6. აწ შვილმან ჩემმან მეფემან დიმიტრი სრულყოს ყოვლითურთ საუკუნოდ ჩემთვის და მისთვის და მომავალთა ჩემთათვის, რომელნი მიმიცემიან, მისგან ნურას მოაკლებს.
(ახლა ჩემმა ძემ, დემეტრე მეფემ, აღასრულოს ყოველივე საუკუნოდ და მას ნურაფერს მოაკლებს, რაც მიმიცია.)
* * * * * * *
7. ნებითა ღმრთისაჲთა მე, დავითს, მიწყიეს. ჟამსა ჩემსა შარვანსა ზედა განმართვისას შევევედრე შეწევნად ჩემად შესავედრებელსა ჩემსა წმიდასა მამასა შიოს. ვიხილე ეკლესია, ჩემ მიერ აღშენებული, დასრულებულად და მივიღე ლოცვა ყოველთა მამათაჲ...
(უფლის ნებით მე, დავითს, მეუწყა. შარვანში ომად მიმამავლი შევვედრებოდი შიო მღვიმელს, რათა შემწეოდა. ვიხილე ეკლესია ჩემ მიერ აშენებული და მივიღე ლოცვა ყველა მამისაგან.)
* * * * * * *
8. შეწევნითა ყოვლად სახიერისა ღმრთისაჲთა და მადლითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და მეოხებითა შესავედრებელისა ჩემისა წმიდისა შიოსითა მიეცინ სიმტკიცე ეკლესიასა ჩემ მიერ აღშენებულსა!
(უფლის შეწევნით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მადლითა და წმინდა შიოს შემწეობით მიეცეს სიმტკიცე ეკლესიასა, ჩემ მიერ აშენებულსა (იგულისხმება ქრისტიანობისთვის მეფის მიერ გაწეული ღვაწლი).
* * * * * * *
9. სიმტკიცეო ყოველთაო, ღმერთო, მტკიცე მტკიცედ აქციე!
(სიმტკიცეო ყოველთაო, ღმერთო, განამტკიცე ყოველი!)
















