მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 327 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

დიდის სურვილით მოველოდით განგრძელებასა  თქვენის სტატიისასა, მაგრამ ეს ორი თვეც გავიდა და ჩვენ არა გვეშველა რა - ვერ შევიტყეთ მაგისი დაბოლოება. რა მიზეზი არის მაგისი, ვერ გამოგვიცვნია, მხოლოდ ეს კი ვიცით, რომ მაგვარი მოქმედება არ შეშვენის უ. მწერლებთა.

ერთი მიბრძანე, შენი ჭირიმე, ჩვენისთანა, დამცრობილსა და შეწუხებულს ხალხსა, სხვათა შორის, რაღა ეგ უპატიურობა გვინდა, რომ ჩვენმა მწერლებმაც არათ ჩაგვაგდონ: წაგვიკითხონ დაუსრულებელი სტატია, რომლის განგრძელება შემდგომ ნუმერში აღგვითქვან და მერე იმდენ ხანს გაჩუმდნენ, რომ ან სრულებით იმედი გადაგვიწყდეს, ან ის შემდგომი ნუმერი შემოდგომაზედაც ძლივს გამოვიდეს.

რასაკვირველია, ამგვარ უპატიურობის მიღებისა ჩვენ არა ვართ ხამნი; მაგრამ რასაც ადვილათ მოუთმენთ ზასედატელებს და სხვათა, რომელნიც ვერა გრძნობენ თავიანთ მოქმედებასა, ამას ვერ ვაპატიებთ უ. ჩვენ მწერლებთა, რომელთაგანაც მოველით იმგვარ ქცევასა საქმით, რაგვარსაც თვითონ გვიქადაგებენ სიტყვით.

მე მგონია, რომ მაგათ საქმეში და სიტყვაში არ უნდა იყოს განსხვავება, პირისპირ ეგენი ყველანი სიტყვით და მაგალითით უნდა გვასწავლიდნენ პატიოსნებასა და კეთილშობილურ ქცევასა, თუ უნდათ, რომ მაგათ ქადაგებასა ჰქონდეს წარმატება და ამაოთ არ ჩაიაროს.

მე მგონია, რომ ეს კანონი კარგად მოეხსენებათ უ. მწერლებსა და თუ ახსოვთ, მაშ რა არის მიზეზი ამგვარი უცერემონიო ქცევისა ჩვენ საზოგადოებასთან? იქნება სხვათა შორის ისიც იყოს, რომ რადგანაც ჩვენ ხმას არ ვიღებთ არც კალმით და არც ბეჭდვით არა რომელისამე განჩინებაზედ ჩვენი საზოგადო ცხოვრებისა, თქვენა გგონიათ, რომ ჩვენ არა გვეყურება რა?!

ქართველობას გეფიცები, მოწყალეო ხელმწიფევ უ. რუსეთუმე! რომ თუ თქვენც ესე ფიქრობთ ამ საგანზედ, ძალიან შემცდარი იქნებით. მართალია, ჩვენი საზოგადოება შეჩვეული არ არის ბეჭდვით და კალმით თავის აზრის გამოთქმასა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არა ანბავი საზოგადო ჩვენი ცხოვრებისა, არ გაივლის ისე, რომ არ შანიშნოს, გაარჩიოს და მერე წარმოსთქვას თავის აზრი. არ გაგიგონიათ სხვა და სხვა ჩვენი საზოგადოების ყრილობაში, რომ გამოვა რომელიმე იმისთანა და მოჰყვება ლაპარაკსა, აი რა მომხდარაო...

ან მდგომარეობა ამა და ამ საგნისაო...მაშინვე გააჩუმებენ და ეტყვიან: კარგიო, გავიგეთო... გეთაყვა, სულს ნუღარ გაგვიწვრილებ მაგდონი უბედურების გაგონებითაო. რას ნიშნავს ესა? მე მგონია იმასა, რომ არიან იმგვარი საგნები, რომელზედაც ბევრს ხანს ულაპარაკნიათ, უწუხნიათ და შაუდგენიათ დასასრულ თავიანთი აზრი, რადგანაც ჩვენ არ ვაცხადებთ ბეჭდვით თუ კალმით ჩვენ საჭიროებასა, არ გამოვდივართ შავის ბაირაღებით მეიდანზედ, არ გიგზავნით დეპუტაციებს. უ მწერლებსა, რომელნიცა არ გვშველით ისე, როგორც საჭიროება ითხოვს, იმ ჩინოვნიკებსა, რომელნიცა გვძარცვიან, უ. მებატონეებს, რომელნიცა სტანჯვენ და აწუხებენ განა თუ თავიანთ გლეხკაცთა, - ეგრეთვე მეზობელ მებატონეებსაცა.

იმ უ. რომელთაცა ჰსურთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ბედნიერება, მშვენიერის ქალებისა, რომელთაც, საუბედუროთ, არც კი ეყურებათ თავიანთი საზოგადო მნიშვნელობა; ყველას წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ არა გვეყურება რა, ვართ დიდ საავათმყოფო ძილში, ხოლო თქვენ გვჩხვლეტთ და გვისობთ დანასა იმ აზრით, რომ ყოველივე მოქმედება თქვენი სწორე თუ ბრუნდე, ავი თუ კარგი ჩვენთვის დიდი სასარგებლო და სასიამოვნოა. მაგრამ მართალია ესე? ვინ უნდა მოგცესთ ამისი პასუხი? ვინ უნდა დაგიმტკიცოსთ თქვენ - საზოგადო მოქმედთა პირთა, რომ მრავალი თქვენი მოქმედება სასარგებლო კი არა, დიდი სავნებელიც არის; ვინ უნდა წარმოგიდგინოსთ იმდონი თქვენგან წამლობაში დაკოდილი საგანი; ვინ უნდა გამოგიცხადოთ ჩვენი ტანჯვა, წუხილი, გაუზდელობა, უგზოობა, დავიდარაბა და სხვა.

ჩვენი დავიდარაბა, იქნება, ხალხის საქმეც იყოს, მაგრამ წეღანაც მოგახსენეთ, რომ ჩვენ არა ვართ შეჩვეულნი ბეჭდვით და კალმით ჩვენი აზრის გამოთქმასა, ჩვენ არცკი ვიცით რა და როგორ უნდა დავსწეროთ, ანუ გამოვსთქვათ. ერთი აზრის წერის გარდა სხვანაირი წერა არა უსწავლებიათ რა და იმასაც ლამის თავს ვანებებთ, რადგანაც იმითაც არა გვეშველება. მე მგონია, რომ ჩვენი დაჩუმება აქედამ წარმოსდგება და მაგითვე გამართლდება; ეხლა გვიბრძანეთ, მოწყალეო ხელმწიფევ, რა მიზეზიდამ წარმოდგება ეგ თქვენი დაჩუმება და რა საბუთებით გამართლდება.

იქნება თქვენ იმისათვის არ იწუხებთ თავსა ორიოდ კალმის მოსმით, რომ რედაქცია შეუძლებლობის გამო თქვენი შრომის ფასს ვერ გადაიხდის და საზოგადოება მაგისთანა დავალებისათვის ვერც პენციას დაგინიშნავსთ და ვერც ჩინზედ წარგადგენთ? არა მგონია, რომ ამ საბუთებით შეგეძლოთ თქვენი დაჩუმების გამართლება და ვინ გაამართლებს, შენი ჭირიმე, მათა, რომელნიც ცეცხლის ანუ სხვა სახალხო უბედურების დროს თამამათ გამოვიდნენ, შეეძლოთ იმ უბედურების მოსპობა, მაგრამ ხელი არ გაანძრიონ: ვის ვუშველოთ არცკი გვცნობენო, ან ვის რას მოგვცემსო.

ვერც იმით გაიმართლებთ თავსა, თუ რომ იტყვით, ჩვენ ქვეყანაში ბედნიერების მეტსა არა უბედურებას არა ვხედავთო და რაზედ უნდა ვილაპარაკოთო. ოღონდ ამას კი ნუ იტყვით და სხვა რაც გინდა სთქვით. ეს თქმა ხალხისათვის არ იქნება სასიამოვნო, მეტადრე თქვენგან, რომელზედაც სრულებით არა აქვს იმედი გადაწყვეტილი და მოელის კიდევ ბევრ კეთილ საქმესა. რას იტყვიან, მაინც რასა ხედავთო, თუ უბედურების სპილოებიც ვერ დაგინახამთო. და ამ სხვათა შორის რამტონს მაგალითს წარმოგიდგენენ თავიანთ სიტყვის დასამტკიცებლად.

აგერ თორმეტი წლის ყმაწვილი, რომელსაც ჯერ ანბანიც არ აუღია ხელში, აგერ მეორე სალდათის ტანისამოსითა შაგირდი, რომელიღაც სპარტანის შკოლისა, აგერ მესამე რუსეთში წამსვლელი სასწავლებლათა, რომელსაცა დედა დასტირის და გამოსალმების დროსა ეუბნება: ნახვამდის, შვილო, გულში კი ფიქრობს: ვაიმე, თუ შენ ვეღარ მოხვიდე და ან მე ვეღარ მომისწროო, აი საწყალი ყმაწვილი კაცი რკინის ქალამნებითა და ჯოხითა დავიდარაბაში გაბმული ყური დაუგდეთ, რას ამბობს: ნეტავი, ჩემს სიცოცხლეში მაინც გადავწყვიტო ეს დავაო, რომ ჩემ შვილებს არ დაუგდოო; აგერ გლეხი კაცი ატუზული სასამართლოს კარების წინა ზავტრა და პოსლე ზავტრა, სამსე ხურჯინითა, აგერ შვიდი წლის ტუსაღი, რომლის საქმის გასინჯვას ჯერ რიგი არ მოსვლია. ბედნიერებაა ესა?

აგერ, გადაბრუნებული ღვინის ურემი, აგერ მეორე ურემი შიგ მჯდომის ავათმყოფის ქალითა, რომელიცა მოდის ქალაქში მოსარჩენად. წარმოიდგინეთ მისი ტანჯვა ყოველს ურმის თვალის გადატრიალებაზედ და მაშინ შაიტყობთ ჩვენი გზების სიკეთეს. აბა, ახლა მიბრძანდით სოფელში და დახედეთ გლეხკაცების ცხოვრებას, გაიგეთ იმათი ქონება, შემოსავალი, ხარჯი, სამსახური და მერე ახსენით, რატომ ეგენიც ისრეთ არ არიან ბედნიერნი, როგორც მათგანი მეზობლები ნემეცები.

გაიგეთ გუშინდელი ბალატიროვკა ინსტიტუტში: ას ოცდაექვსი კანდიდატკა რუსების ქალებისა და ხუთი ვაკანსია. სამოცი ქართველობისა და ოთხი ვაკანსია. იცით, როგორა ჰსურთ ქალებს წიგნის კითხვა? თუ დაგვიწყებიათ ის, რომ გახსოვს, რომ წასაკითხი წიგნი არა აქვთ რა. რამტონი ათასი ყმაწვილნი ქალნი გვისხედან ყელგადაგდებულნი, რომლის გონება დავითნსა და ორიოდ ხელნაწერ წიგნსა, სხვას არა რას მიუწვდება. მოიფიქრეთ, რომ აქამდინ არა გვაქვს ჩვენ არც ერთი გამართულობა, რასაც ჩვენი სახელი ერქვას და სადაც ჩვენი შვილები იზარდნენ.

აბა ახლა ჩამოვიაროთ რაოდენიმე სახლები და ვნახოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება სახლეულება: მეორე საათია შუაღამისა, ვიღაც არახუნებს, დედი, შენი სიძე ხომ არ არის? არა, ის არ არის, ეხლა კი მალე უნდა მოვიდეს. ახ, ღმერთო, ეს რა ჭირში ჩავარდით! მე არ გეუბნებოდი, დედაჩემო, რო მაგაზედ ანბობდნენ ჭირვეულიაო! რა ვქნა, შვილო, ვინ იცოდა? მეორეც ესა, შეძლების პატრონია, თვალი მაგისთანა შეძლებასაც დაუდგა, ეუბნება ქალი. რამტონი უბედურება წარმოსდგება შეუფერებელი ცოლ-ქმრობიდან და იმ ჩვენ ჩვეულებიდამ, რომ ოღონდ კი ქალი გაათხოვონ და ვისაც უნდა მისცენ, სულ ერთია.

აგერ უბრალო ხელოსნის ქალი, დასცქერის ტანისამოსებს და ანბობს: დღეს ეს კაბა მეცვაო, კვირას აღარ ჩამეცმებისო, ახ, რა იქნა მამა ჩემი? ან იმან როის უნდა მომიტანოს საკაბე და ან მე როდისღა გამოვჭრა. ამ მამას კი ისე გასჭირებია ცხოვრება, რომ დგას მეიდანზედ და ითხოვს მოწყალებას.

აგერ სახლეულობა საწყალი კაცისა, რომელსაც ორი დღეა პური არ გაუტეხნია. მისუსტებულა თავის და შვილების მწუხარებით, დედა ძლივს აშოშმინებს ყმაწვილებსა. ეხლა მოვა მამაო და პურსაც მოიტანსო და ჩიჩიასაცო. შემოდის მამა დაღონებული და გადმოუგდებს ვერცხლის ქამარსა, გაიტა დააგირავეო. ყველანი სხდებიან პურის საჭმელად მამის გარდა, მშიან და ვერ მიჭამია, ყელში აღარ ჩადისო. შემდგომ ყველანი წვებიან, მამა კი დადის გაცხარებული ოთახში, რაღაც საზარელი ფიქრი აწუხებს და საშინელს მოუსვენელობაში იმყოფება. შუა-ღამისას კუთხიდამ რაღასაც აიღებს და ჩაიდებს ჯიბეში, ოხვრობით გადახედავს ცოლ-შვილსა, წამოიბუტბუტებს, დრო არისო და გავა, ვინ იცის, სადა და რისთვის? იქნებ საბრალო საავაზაკოთაც.

აგერ კიდევ მეორე მაგისთანა საცოდავი ჯალაბობა. ქმარს არა ჰქონდა არაფრის შაძლება, მაგრამ სიმშვენიერემ აიტაცა და ისე შეირთო თავისი მეზობლის ქალი. დაეხვივნენ შვილები და გაუჭირდა ცხოვრება. აი, რამტონი დღეა, რაც ხან პური აკლიათ და ხან წყალი. ქმარი დადის, თხოულობს, სესხულობს, ეძებს, მაგრამ ვერა უშოვნია რა. ამ დროს შემოდის ბებერი დედაკაცი და რაღასაც ეტიტინება ცოლსა, მერმე ხსნის ხელსახოცის წვერსა და იღებს იქიდამ წითელ თუმნიანსა, გამომართვი, ნუ ღუპავ შენ შვილებსაო.

სიღარიბით შეწუხებულსა, შვილების შიმშილით დამწვარ დედას ვერც ჰო უთქვამს და ვერც არა, დაფიქრდება და ბოლოს დროს ეტყვის, ამ ერთ ღამესაც იქნება ღმერთმა მოგვხედოსო და ჩემმა ქმარმა იშოვოს რამეო. მოვა ქმარი შინა კიდევ ხელცარიელი, მწუხარებით ხმას ვერ იღებს და დაწვება. ბებერი სიხარულით მიუყრის ქალს ფულებსა, ეტყვის, გელიო და გავა. მოატანს შუაღამე, გულის კანკალით და დიდის შიშით წარმოდგება, ყურს უგდებს ქმრის ძილსა და მერე ჩუმათ იპარება. რაღაც საშინელი სიზმარი აღვიძებს ქმარსა, იყურება, ჰყვირის, ეძებს და ცოლს ვერა ჰპოულობს, დადის, მაგრამ ხმას არავინა ჰსცემს. მაშინ მოაგონდება, დარბის, ეძებს ჩაქუჩსა, დანას -მოვკლამო!! - მერე დაღალული დაეშვება ქვეშსაგებზედ - მაგრამ ვისი ბრალიაო.

ამ სიღარიბეს თავი დავანებოთ, ეხლა მივხედოთ მდიდრებსა, იქნება იმათში ვიპოვნოთ რამ სანუგეშო. აგერ მდიდარნი ქალები მაღალის საზოგადოებისა. დახედეთ, როგორ ბზესავით აბნევენ ფულებსა ჩაცმაში, ქაღალდში და სხვა უბრალო ხარჯში. იქ კი გაჰყიდიან დახეულ ლეჩაქსა და მით დაარწმუნებენ თავიანთ ქმრებს, რომ დიდი ეკონომიები ბრძანდებიან; აბა, ერთი ჰსცადეთ და მოახსენეთ მაგათ, ამა და ამ კეთილშობილ ქალსა, მაგათ მეზობელსა, ლეჩაქი კი არა და უკანასკნელი კაბაც კი ენატრება, რას გეტყვიან? ჩვენ თვითონ გაგვიჭირვებია ცხოვრებაო. მაგათ თხოვნაც შეუძლიანთო, მაგრამ ჩვენ ვისავსთხოვოთო.

აგერ სხვანი მდიდარნი ჭკუითა, გონებითა, სახით და გულით მშვენიერნი, მაგრამ საუბედუროდ არა კეთილად გაწვრთნილნი.

დილით ვიზიტათ მერმე ლოტოში საღამოს ჟამში ან პრაფერანსში მაღაზინებში ყომარბაზობით საწყალი ქმრების შესაქცევარად.

დასაღუპავად.

აი, მდიდარი სახლი, სადაც დედამთილი, რძალი და მული ერთმანეთთან ვერ მოთავსებულან... წარმოიდგინეთ მდგომარეობა საწყალი კაცისა ამ შემთხვევაში, როცა ყოველ დღე უნდა ესმოდეს მათგან საჩივარი და საყვედური: მე გაგზარდეო, ეუბნება ერთი, მე შაგირთეო, ეუბნება მეორე... შენთვის კარგი დობა გამიწევიაო... ეუბნება მესამე. რას უბრძანებთ ეხლა? დარწმუნებულია, რომ ამგვარ ჩხუბსა თვით სოლომონ ბრძენიც ვერ გაარჩევდა და ვერც რას უშველიდა, ამის გამო თვითქმის ყველას შემოსწყრომია, მისცემია გულის სიგრილესა და დილით შუაღამდინ კარში ატარებს დროსა.

აგერ კიდევ მდიდარი სახლი; საცა უზისთ გასათხოვარი ქალი, რომელსაც ბევრნი თხოულობენ, მაგრამ ვერ ათხოვებენ.

ეგები ისეთი სასიძო გამოგვიჩნდესო, რომ ამათზე ნაკლები მზითევი გვთხოვოსო. აგერ მეორე, მესამე და თვითქმის ყველანი. დახეთ მაგათ უნაყოფო ცხოვრებასა და სიძუნწეს. მაგათ განა თუ სხვისათვის, თავიანთ შვილისათვისაც ვერ გამოუმეტებიათ ორიოდ გროში, რომ რიგიანად გაზარდონ და რიგიან გზაზედ დააყენონ. საწყალი ჩვენი ყმაწვილები, მე მგონია, რომ ამათთანა უბედურნი არ მოიპოვებიან დედამიწის ზურგზედ.

ეგრეთ მდიდარნი ბუნებითა და ეგრეთ ღარიბათ აღზრდილნი.

რამდენჯერ უნდა მოაგონდეთ ეს თავიანთი უსწავლელობა; რამთენჯერ უნდა ოხრამდნენ ამაზედ; მაგრამ რაღას უშველიან. ოხ! რომელი ერთი ვსთქო? რომელი სურათი დაგიხატოთ ჩვენი ყმაწვილების უბედურებისა? შინ, როცა იზრდებიან სკოლაში, როცა სწავლობენ თუ რუსეთში, სადაცა უმაღლესის სწავლისათვის იმყოფებიან. ამ უბედურების მიზეზნი, რასაკვირველია ბევრნი არიან და ყველაზედ მომატებულათ დამნაშავენი, - დედები. გამოვა ორასში თუნდ ორი, რომელთაც შეეძლოსთ თქმა, ჩვენი შვილები კაცურად გაგვიზრდიაო? არა!!!

ჭეშმარიტათ არა. და ნეტავი თქვენი სიცოცხლით ეგ დალოცვილი შვილები გრძნობდნენ მაინცა თავიანთ ნაკლოვანებასა და ცდილობდნენ წარმატებასა. ჩვენ რა გვიჭირსო? ვინ არა ქალები ხმელეთზედ არა გვჯობიაო? ამას ამბობენ. სხვას ვეღარ დაგიხატავთ მდიდარის სახლის ცხოვრებიდამ, მხოლოდ გეტყვით

ერთი სიტყვით, რომ ესენი უარეს მდგომარეობაში არიან.

ახლა საით ვეცეთ, სად ვეძებოთ ბედნიერება და სიმართლე? ჩვენ საზოგადო ცხოვრებაში ხომ არა -იმ სხეულში, რომელშიაც ყველა ასო დაწყლულებულია, საზოგადო უქონლობა, უღონობა, მტრობა, ერთმანეთისაგან განცალკევება, შურიანობა, წუხილი, ტანჯვა, კვნესა, ოხვრა, დარდი, სევდა სხვა და სხვა, აი, რა გვესმის და რას ვხედამთ ყველა ფეხის გადადგმაზედ!

აღარც დაირა, აღარც ზურნა, აღარც ბაღებში ძმური ფსონები.

ამისთანა მოულოდნელი, მოუფიქრებელი ბედნიერება მოგვანიჭა ჩვენმა საყვარელმა მთავარმართებელმა ჩვენის მტრების დამონებითა და ჩვენ ვერც კი გავმხიარულდით, როგორც

რიგი იყო. რა არის მიზეზი? ავათმყოფობა! ჩვენ საკუთარ ქორწილშიაც ვეღარ გვითამაშნია, საზოგადოში როგორღა ვითამაშოთ.

ოთხს კაცს ერთათ ვერ იპოვნით, რომელნიც სალაპარაკოთ შეყრილიყვნენ, თუ შეიყრებიან, მხოლოდ სასმელ-საჭმელათა, ისიც მიწვევით. ძალიან ბევრი ღვინო უნდა სვან, რომ ძლივს ორიოდ ხმა ამოიღონ.

რა მიზეზის გამო შემდგარა ეს სახალხო დაყოლიება: ჩვენთვის უმჯობესიაო რომ უმაღლესი ადგილი უფრო სხვა რჯულის კაცს ეჭიროსო, ვიდრე ქართველსაო.

აბა, ჩვენი ქვეყანა ამსგავსეთ რომელსამე რუსეთის ნაწილსა და დაინახავთ, როგორ უკან დავრჩომილვართ. მაშინ, როდესაც ჩვენი ბუნებითი ნიჭი, ჩვენი მიწა-წყალი გვაძლევს ღონისძიებას, რომ განათუ უკანასკნელი, პირველი ადგილიც დავიჭიროთ განათლებულ ხალხში. მაგრამ რომელი ერთი ვთქო, და აღარც შემიძლიან, სხვა დროს ჭეშმარიტათ გული მეტკინა.

დარწმუნებული ვართ, რომ თქვენც შეგაწუხებდათ წარმოდგენა ამ ჩვენი ვაივაგლახის მდგომარეობისა, რომელშიაც მეტათ თუ ნაკლებათ ვართ თვითქმის გარეული. ახლა ვინ გვიშველის, ვინ გაგვკურნოს ამ საშინელი სნეულებიდგან? ღმერთი თუ მოგვხედამს, თორემ ჩვენ, მგონია, ერთმანეთს ვერას ვუშველით.

ეს გრძნობა ჯერ კავკასიის მთებზედ დგას და მალე გვეწვევა იქიდამ. ან რით უშველოთ, რისთვის? როცა სხვის უბედურება უფრო კარგათ გამოაჩენს ჩვენს ბედნიერებას. კუალად ვიხდი ბოდიშს ამდონს ფლ ჩემს ლაპარაკზედ. მე არა მსურდა ესრეთ თქვენი შეწუხება, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ კაცის ბუნება. დარდები რომ ეეშლება, მალე ვეღარ გაათავებს ხოლმე თავის ლაპარაკსა, ვიცი, რაც უნდა შეწუხებული იყოთ, ცოტას ნებას კიდევ მიბოძებთ და მოისმენთ მიზეზსა, რომელმაც ჩამომათვლევინა ეს საზოგადო ჩვენი ტკივილები. დიახ, იმას მოგახსენებდით, რომ მინდოდა, გამომეცნა მიზეზი თქვენი სიჩუმისა, ყურის უგდებლობისა ჩვენის საზოგადოებისადმი.

გამოვიცნობ თუ არა თვითქმის სულ ერთია, მაგითი ჩვენ ხომ არა გვეშველებარა და იმასაც ვფიქრობთ, თქვენ არა მიზეზი არ გაგამართლებთ. თუმცა ძალიან ვსწუხვარ ამაზედა, მაგრამ რა ვქნა, ჩემს ფიქრში ვერა ვიპოვერა თქვენი გასამართლებელი; პირის-პირ ყოველივე ანბავი დამიმტკიცებს, რომ დიდათ დამნაშავენი ბრძანდებით ჩვენს საზოგადოებასთან. როგორ გამართლდება ის აქიმი, რომელიც თავის ავადმყოფსა ყოველ დღის მაგიერათ თვეში ერთხელ ძლივს დახედავს და მაშინაც რიგიან წამალსაც არ მისცემს. მაგოდენი იცით, გესმით, ჰკითხულობთ, რა იქნება, რომ ჩვენც შეგვატყობინოთ ეგ თქვენი სიბრძნე, რუსული და ფრანცისული ჩვენ არ ვიცით, ქართულ ენაზე წასაკითხი არა გვაქვს რა და, რასაკვირველია, უსაქმურობისაგან ჭორებში გავერთობითო. აი, ამას ანბობს ხალხი.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მოწყალეო ხელმწიფევ, რომ ეს საზოგადო ხმა არის და ჩემგან მოგონილი მდგომარეობა ჩვენის საზოგადოებისა ემსგავსების იმ ავათმყოფის მდგომარეობასა, რომელსაც არც ექიმი ჰსწამს და არც წამალი, ყურს არ უგდებდა თავის სატკივარს და როცა გაუჭირდა, მაშინ ფერშლებსაც კი ეხვეწებოდა. ნუთუ ამ საცოდავსა ყურისგდება არ უნდა და რადგანაც თავის დროზედ არ უწამლეს, ეხლა უნდა უწამლოთ სული ამოუვიდეს? ნუთუ ახლა, მოწყალეო ხელმწიფევ, ყურისგდება არ უნდა თქვენ პატარა ძმებს, რომელნიცა უსწავლულათ დარჩომილნი არიან სხვადასხვა მიზეზით? ღვთით თუ ბედითა თქვენ დაწინაურებულხართ, განათლებულხართ, გეყურებათ ყოველივე და ეხლა მოვალენი არა ხართ, რომ სხვანიც ეგრე გააბედნიეროთ, როგორც თქვენ? ვიცი, ამას თქვენ კარგად გრძნობთ, გსურთ კიდეც და ამ სურვილის აღსრულებას შესდგომიხართ, მაგრამ საუბედუროთ, ისე ვერა, როგორც საჭიროება მოითხოვს.

როგორღაც გეშინიანთ, თუ კრთებით, თუ გრსცხვენიანთ, თუ რაღაც რამ გიშლით, ისეთი, რაც თქვენ გრძნობასა და სურვილს არ შაჰფერის. იქნება თქვენ იმას ფიქრობდეთ, რომ საზოგადოება დიდ ფილოსოფიას ითხოვდეს თქვენგან და თქვენ რადგან მაგვარი ფილოსოფოსნი არა ხართ, იმისთვის არასა ჰსწერთ, ჯერ უმაღლესის სწავლის საჭიროება არა აქვს ჩვენ საზოგადოებას, ანბანიდან მოჰყვევით და ოღონდ კი ასწავლეთ სურვილით და გულსმოდგინებით და დარწმუნებული იყავით, რომ ყველანი სურვილით და დიდის მადლობით მიიღებენ თქვენგან.

უმორჩილესად გთხოვთ, მოწყალეო ხელმწიფევ, თუ რამ ჰპოვოთ უკადრისი ამ ჩემს წერილში, მომიტეოთ, მაქვს იმედი, რომ ამ ჩემს წიგნს უპასუხოთ არ დააგდებთ, გარდა ამისა, წაგვაკითხებთ თქვენის სტატიის განგრძელებასა და შეგვატყობინებთ იმ უ. ყმაწვილ კაცის ანბავს, რომელიც გაგიგზავნიათ სასწავლებლათ რუსეთში, შემდგომ ჩემ წერილში მსურს იმაზედ მოგელაპარაკოთ.

თქვენი უმორჩილესი გ. ქართველი

მაისის 11-ს დღესა,

1860-სა წელსა, ქ. ტფილისს

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ