მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 3633 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

(აღმოსავლური ზღაპარი)

 

იყო და არა იყო რა, აღმოსავლეთის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა ორი ძმა. უფროსს ყასიმა ერქვა, უმცროსს - ალიბაბა. ყასიმა ვაჭარი იყო, მდიდარი და ხარბი. ალიბაბა კი ღარიბი გლეხი იყო. ყასიმა უზრუნველად და არხეინად ცხოვრობდა. ალიბაბას კი თავისი ოჯახი მძიმე ტვირთად აწვა კისერზე, იგი ჯალაბის გამოსაკვებად ტყესა და ღრეში დადიოდა, ჭრიდა შეშას და ქალაქში გასაყიდად მიჰქონდა.

ერთხელ, როცა ალიბაბა ტყეში ხეებს ჭრიდა, უცბად ცხენოსანთა რაზმს მოჰკრა თვალი. ცხენოსნები სწორედ იქითკენ მიდიოდნენ, სადაც ალიბაბას შეშით დატვირთული ვირები იდგნენ.

ცხენოსნებს მრისხანე შესახედაობა ჰქონდათ. ყოველ, მათგანს უნაგირზე მძიმე ხურჯინი ეკიდა. ალიბაბამ ორმოცი ცხენოსანი დაითვალა.

- ალბათ ყაჩაღები იქნებიან, - გაიფიქრა ალიბაბამ და ძლიერ შეეშინდა, - ვაი თუ მომკლან და ვირები წამართვანო. საგონებელში ჩავარდა: არ იცოდა, რა ექნა. მალულად ვირები გზიდან გადაიყვანა, თვითონ ხეზე ავიდა და სულგანაბული ელოდა, რა მოხდებოდა.

ყაჩაღებმა ცხენები შეაჩერეს და იქვე ტყის მახლობლად ჩამოხტნენ. ხურჯინები გადმოიღეს, მხრებზე გადაიგდეს და ერთი მთისკენ გაემგზავრნენ.

ყაჩაღების წინამძღოლი დაწინაურდა. მიუახლოვდა მთას, აღაპყრო ორივე ხელი და ხმამაღლა წარმოთქვა:

- სეზამ, გაიღე!

მთა მაშინვე გადაიხსნა და გამოჩნდა გამოქვაბული.

ბელადი შევიდა, ამალაც თან შეჰყვა.

ცოტახნის შემდეგ ალიბაბამ დაინახა, რომ ყაჩაღებს ხურჯინები აღარ ჰქონდათ, გამოქვაბულში დაეტოვებინათ. სულ ბოლოს ყაჩაღების მეთაური მოდიოდა. გამოსვლისას იგი მიუბრუნდა მთას და უთხრა:

- სეზამ, დაიხურე!

მთა ისევ დაიხურა.

ყაჩაღები შემოახტენ ცხენებსა და გაქუსლეს.

ალიბაბა დიდხანს იჯდა ხეზე. ძირს ჩამოსვლას ვერ ბედავდა: ეშინოდა, ვაი თუ ყაჩაღები ისევ დაბრუნდნენო. მაგრამ ყაჩაღები არსად ჩანდნენ. მოეწყინა ალიბაბას ხეზე ჯდომა და ძირს ჩამოვიდა.

ალიბაბას კარგად დაახსოვდა ყაჩაღთა ბელადის სიტყვები და გაიფიქრა: მოდი, მეც გავიმეორებ იმის ნათქვამს, ვნახოთ, მთა დამიჯერებს თუ არაო. ბევრი აღარ უფიქრია, მიირბინა მთასთან და შესძახა:

- სეზამ, გაიღე!

მთა მაშინვე გადაიხსნა. ალიბაბა, ცოტა არ იყოს. შეკრთა: ვაი თუ ვინმე გამოხტეს და თავი მომკვეთოსო, მაგრამ არავინ გამოჩენილა. გარშემო სიჩუმე იყო. ალიბაბას გული მიეცა და თამამად შევიდა გამოქვაბულში. შევიდა და რას ხედავს! რა გინდა სულო და გულო, რომ იქ არ იყო: აბრეშუმის ქსოვილები, ნაირფერი ძვირფასი ხალიჩები; მაგრამ ყველაზე უფრო გასაოცარი ის იყო, რომ ერთ კუთხეში ოქროთი და ვერცხლით გატენილი სკივრები და ტომრები ელაგა.

- აფსუს, რომ ყველაფერს ვერ მოვერევი! - სინანულით წარმოთქვა ალიბაბამ. ცოტა ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა სამი ტომარა ოქრო მაინც წაეღო, მოიყვანა თავისი სახედრები, დატვირთა საგანძურით და ზევიდან ფიჩხი დააფარა. გამოსვლის დროს მთას უბრძანა ისევ დაკეტილიყო, მთაც მაშინვე დაიკეტა. თვითონ კი თავის ნადავლით შინისაკენ გაეშურა.

შინ რომ მივიდა, ცოლი მოიხმო და ყველაფერი უამბო.

- ახლა, ჩემო დედაკაცო, - დასძინა ალიბაბამ, - უნდა საჩქაროდ გადავმალოთ ოქროები, თორემ, ხომ იცი. მეზობლების ამბავი: დაგვიწყებენ გამოკითხვას: „საიდან და როგორ იშოვეთო“. მე წავალ ბოსტანში, ერთ ორმოს ამოვთხრი, შენ კი მანამდე თვალყური გეჭიროს.

- მოიცა, ალიბაბა! - შეესიტყვა ცოლი, - ჯერ უნდა გავიგოთ, სულ რამდენი ოქროა ამ ტომრებში. ტყუილ-უბრალოდ რომ მიწაში ჩავმარხოთ, ვინმემ მიაგნოს და მოგვპაროს, არც-კი გვეცოდინება რამდენი ოქრო დავკარგეთ. ის არა სჯობია, შენ აქ დარჩე... მე კი წავალ და ჩანახს მოვიტან ასარწყავად.

ბევრი ემუდარა ალიბაბა თავის ცოლს, არწყვა საჭირო არ არისო. მაგრამ ჯიუტმა ცოლმა თავისი გაიტანა. გაიქცა თავის რძალთან, ყასიმას ცოლთან, და ჩანახი სთხოვა. ყასიმას ცოლი ცნობისმოყვარე დედაკაცი იყო. უნდოდა გაეგო ისეთი რა ჰქონდა ღარიბ ალიბაბას, რომ ასარწყავი ყოფილიყო, ადგა და ჩანახს ძირზე თაფლი წაუსვა.

ალიბაბას ცოლმა არწყა ოქროები და ნათხოვარი ჩანახი ისევ პატრონს დაუბრუნა. აბა რას წარმოიდგენდა, რომ ოქროები ჩანახს ძირზე მიეკვრებოდა. ყასიმას ცოლმა რომ ოქროები დაინახა, მაშინვე თავის ქმარს უამბო. როცა მდიდარმა ყასიმამ თავისი ძმის გამდიდრების ამბავი შეიტყო, შურმა აიტანა. დილაადრიან ალიბაბას სახლში გაჩნდა.

- შენ, ძმაო, ძალიან ჩუმჩუმა ყოფილხარ, თავს იკატუნებ, ღარიბი ვარო, ოქროებს კი ჩანახებითა რწყავ. საიდან გაგიჩნდა ამდენი სიმდიდრე? გირჩევნია გამოტყდე, თორემ ეხლავ წავალ და დაგაბეზღებ.

ალიბაბამ ძმის მუქარა აინუნშიაც არ ჩაიგდო, პირიქით, დაიტრაბახა კიდეც... და ძმას ყველაფერი უამბო. ის სიტყვებიც კი უთხრა, რომლითაც მთა იხსნებოდა და იხურებოდა.

მეორე დღეს ყასიმა ათი ჯორით გაემგზავრა ნაჩვენები ადგილისაკენ, ნიშნეული მთა ადვილად იპოვა და შეჰყვირა:

- სეზამ, გაიღე!

მთა მაშინვე გადაიხსნა. ყასიმა შევიდა. მთა ისევ დაიხურა. ყასიმა დიდხანს ათვალიერებდა განძეულობას, მერე გადაარჩია რაც მოეწონა და ის იყო ჯორები უნდა დაეტვირთა, რომ გასასვლელი დაკეტილი დაუხვდა. ელდა ეცა. ბევრი იფიქრა, მაგრამ ვერ მოიგონა ის სიტყვა, რომლითაც მთა უნდა გახსნილიყო. ათასი სიტყვა წარმოთქვა, მაგრამ არც ერთი არ მოქმედებდა.

ყასიმას თავზარი დაეცა, რამდენსაც მეტს ცდილობდა მოეგონა ის ჯადოსანი სიტყვა, მით უფრო და უფრო იბნეოდა. დიდხანს იყო ამ ტანჯვაში. უცბად მოესმა ცხენების თქარათქური, მიხვდა, რომ ყაჩაღები იქნებოდნენ, უნდოდა დამალულიყო, მაგრამ გვიანღა იყო. ყაჩაღების მეთაური თავს წაადგა. უცხო ადამიანი რომ დაინახა, ელეთმელეთი მოუვიდა, იშიშვლა ხმალი და დაუპატიჟებელ სტუმარს თავი გააგდებინა, მერე თავის ამალას უბრძანა: ლუკმა-ლუკმა აკუწეთ და სხვათა 'შესაშინებლად კარებთან დაჰყარეთო. ასეც მოიქცნენ.

ყასიმას ცოლი ელოდა ქმარს, ელოდა და რომ დაიგვიანა, ძალიან შეწუხდა, ვეღარ მოითმინა და ამბის შესატყობად ალიბაბასთან გაიქცა. ალიბაბა მიხვდა, რომ მის ძმას რაღაც უბედურება დაატყდა თავს, გაირეკა თავისი ვირები და წავიდა ტყისაკენ. მთას რომ მიუახლოვდა, თავისი ძმის აკუწული გვამი ნახა. აჰკრიფა, ტომრებში ჩააწყო და შინ წამოიღო, რათა წესისამებრ მიწისთვის მიებარებინა.

გვამი რომ ასე აჩეხილი არ დაემარხათ, საჭირო იყო სხეულის შეკერვა. ამიტომ უნდა მოეძებნათ ისეთი ადამიანი, რომელიც საიდუმლოსაც შეინახავდა და შეკერვასაც მოახერხებდა. ეს საქმე იკისრა ყასიმას მოახლე გოგომ მორღიანამ.

მორღიანა ძალიან მოხერხებული ქალი იყო.

ყასიმას სახლის მახლობლად მოედანზე ცხოვრობდა ერთი ღარიბი ხარაზი, სახელად ბაბა მუსტაფა. მორღიანა ამ ხარაზთან მივიდა და უთხრა:

- იცი რა უნდა გითხრა, ბაბა მუსტაფა, - და დაზგაზე ოქროს ფული დაუდო, აიღე შენი ხელსაწყო და გამომყე. მხოლოდ გაფრთხილებ, ერთ ადგილას თვალები უნდა აგიხვიო.

ხარაზი ამაზე უარს ამბობდა, მაგრამ როცა მორღიანამ მეორე ოქროც გაუწოდა, მაშინ კი იკადრა წასვლა.

მორღიანამ ხარაზი ალიბაბას სახლში თვალახვეული მიიყვანა და მხოლოდ  მაშინ აუხსნა თვალები, როცა ყასიმას გვამთან გაჩნდნენ.

ბაბა მუსტაფამ მორღიანას ბრძანებით გაკერა ყასიმას სხეული, შემდეგ მსახურმა კვლავ აუხვია თვალები მუსტაფას და ისე გაისტუმრა. წასვლისას მორღიანამ მესამე ოქროც აჩუქა და გამოეთხოვა.

ყასიმა დიდი ამბით დაკრძალეს, მისმა ცოლმა კი ხმა დაარხია, ჩემი ქმარი მოულოდნელად გარდაიცვალაო.

აი, ასე დაიღუპა ალიბაბას უფროსი ძმა ყასიმა თავისი შურიანობისა და გაუმაძღრობის წყალობით.

 

* * * * * * *

 

ალიბაბას სიმდიდრეზე რომ გუმანი არავის აეღო, იგი განა-გრძობდა ძველებურად მუშაობას: დადიოდა ტყეში და თავისი ვირებით შეშას ეზიდებოდა. დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ყაჩაღებს.

მოკლული ყასიმას გვამის დაკარგვამ ყაჩაღები შეაფიქრიანა, მიხვდნენ, რომ მათ თავშესაფარს ვიღაცამ მიაგნო. გაიფიქრეს, ალბათ მკვდარი ნათესავებმა მოიპარესო. ბელადმა თავი მოუყარა თავის რაზმს და უთხრა:

- მეგობრებო, ჩვენს ბინას მიაგნეს, უნდა სასწრაფოდ ვიმოქმედოთ, უნდა შევიტყოთ და აღმოვაჩინოთ, ვინ გაიგო ჩვენი საიდუმლოება, თორემ ყველანი დავიღუპებით. თქვენს შორის ვინც ყველაზე გონიერი და თამამია, უნდა გადაიცვას მოგზაურის ტანისამოსი და გაემგზავროს ქალაქს. იქ უნდა შეიტყოს ახალი ამბები. ახლა, ალბათ, ქალაქში ხმა გავარდნილა, რომ სადღაც კაცი მოჰკლეს. უსათუოდ უნდა შევიტყოთ ჩვენ მიერ მოკლული კაცის ამბავი, ვინ ჰყავს ნათესავი და ახლობლები. მერე ჩვენ ვიცით როგორ მოვიქცეთ! რას იტყვით, ამხანაგებო?

ყაჩაღებს ჭკუაში დაუჯდათ მეთაურის აზრი და ერთმა იკისრა ქალაქში წასვლა.

- აი, ეს თავი მომჭერით, თუ ყველაფერი არ შევიტყო! - განაცხადა ერთმა ყაჩაღმა, საჩქაროდ გადაიცვა ყარიბის ტანისამოსი და და გაუდგა გზას.

დილაადრიანად, როგორც კი ფეხი დაადგა ქალაქის მოედანზე, ყაჩაღს პირველად თვალში მოხვდა ხარაზი მუსტაფას დუქანი; მუსტაფას ჩვეულებად ჰქონდა ადრე ადგომა, ირიჟრაჟებდა თუ არა, მაშინვე შეუდგებოდა მუშაობას.

- ძმობილო, გეტყობა, ძალიან კარგად გიჭრის თვალი, რომ ჯერ არ გათენებულა და მუშაობ, - მიმართა ყაჩაღმა ხარაზ მუსტაფას.

- არა მიჭირს რა, თვალის ჩინს ვერ დავემდურები! - უპასუხა ბაბა მუსტაფამ. - ეს რა არის? შენ უნდა გენახა, წუხელ ბნელაში ლუკმა-ლუკმა დაკუწული გვამი რომ შევკერე. ისე იყო დაქუცმაცებული, რომ პატრონიც ვერ იცნობდა. ერთი უნდა გენახა, რა გულდასმით და კოხტად ამოვკემსე. ცოცხალს დავამსგავსე.

გაეხარდა ყაჩაღს, რომ ასე იოლად მიაგნო კვალს. შევიდა ხარაზის დუქანში და ფილაქანზე მოიკეცა.

ბაბა მუსტაფამ დაწვრილებით უამბო, რაც გუშინ შემთხვეოდა. თან ტრაბახობდა: „თუმცა მორღიანამ თვალახვეული წამიყვანა, მაგრამ მაინც დამამახსოვრდა ის სახლი, სადაც მიმიყვანეს. სახლის პატრონი კი არ ვიცი ვინ არის".

ყაჩაღმა ორი ოქრო აჩუქა ხარაზს და სთხოვა ის სახლი მიჩვენეო.

ყასიმას გვამი ალიბაბას სახლში გაიკერა, და ხარაზმაც ყაჩაღს ის სახლი უჩვენა.

ყაჩაღმა ამ სახლის კარი ცარცით დანიშნა, რომ მერე არ შეშლოდათ, რომელი ბინა უნდა აეკლოთ.

დილაადრიანად მორღიანამ, ბაზარში რომ მიდიოდა, თვალი მოჰკრა ალიბაბას ალაყაფის კარზე ცარცის ნიშანს, მიხვდა, რომ ვიღაცასაგან განგებ იყო დანიშნული, მოსდგა და რაც იმ უბანში კარები იყო, მარჯვნივ თუ მარცხნივ, ყველას ცარცი ჩამოუსვა.

შუაღამისას ჩამოვიდნენ შეიარაღებული ყაჩაღები მოკლულის ოჯახისა და ახლობლების ასაკლებლად, მაგრამ ელდა ეცათ, როცა ნიშანი ყველას კარზე დაინახეს. ეგონათ, ჩვენმა გამოგზავნილმა ამხანაგმა გვიღალატაო. ბევრი არ უფიქრიათ, ადგნენ და თავი გააგდებინეს. ყაჩაღები. ხელცარიელნი გაბრუნდნენ.

მეორე დღეს სხვა ყაჩაღი გამოგზავნეს ამბის გასაგებად. ისიც ბაბა მუსტაფას დუქანს მიადგა, ფული შეაძლია ხარაზს და ეკითხებოდა, რომელ სახლში შეკერე კაცის გვამიო.

ბაბა მუსტაფამ ბევრი არ ახვეწინა, წაიყვანა ყაჩაღი და აჩვენა ალიბაბას ბინა. ყაჩაღმა ალიბაბას კარზე ჩამოსმულ თეთრ ნიშანთან წითელი ხაზიც ჩამოუსვა. მორღიანამ, როგორც წინადღით, ისე ახლაც შენიშნა ეს საეჭვო ნიშანი და ყველა კარს წითელი ნიშანიც მიუმატა.

ყაჩაღები ხელმეორედ ჩამოვიდნენ, მაგრამ თავისი განზრახვა ვერც ახლა შეასრულეს.

მესამე დღეს თვითონ წინამძღოლი ჩამოვიდა. ისიც ბაბა მუსტაფას ესტუმრა. ახლა კი გაუკვირდა ხარაზს, მესამედ რადა მთხოვენ ერთი და იგივე სახლის ჩვენებას, რაღაც საიდუმლოება იქნებაო, გაჯიუტდა და არ უნდოდა სახლი ეჩვენებინა. ფულმა ბოლოს მაინც გაჭრა, და ბაბა მუსტაფამ ყაჩაღების ბელადიც ალიბაბას სახლთან მიიყვანა.

ბელადი თავის ხელქვეითებზე უფრო გამჭრიახი და საზრიანი გამოდგა. მან კარგად დაიხსომა ალიბაბას სახლის ყოველი ასავალ-დასავალი, ყოველი წვრილმანი. წაშალა წინათ დასმული ნიშნები და გაემგზავრა ამხანაგების წამოსაყვანად.

საჭირო იყო ალიბაბას სახლში შესვლა. მაგრამ როგორ და რა გზით? ყაჩაღების წინამძღოლმა ბრძანება გასცა ეშოვათ 19 ჯორი და ოცდათვრამეტი ქვევრი.. ბელადის ბრძანებით ცხრამეტ ქვევრში ერბო ჩაასხეს, ცხრამეტში კი თვითონ ჩაძვრნენ. ეს ქვევრები აჰკიდეს ჯორებს, წინამძღოლი ვაჭრულად მოირთო, გაუძღვა თავის ქარავანს და ჩავიდა ქალაქში. პირდაპირ ალიბაბას სახლისაკენ გასწია. მასპინძელი გარეთ დახვდა.

- შეიძლება, აღა, - შეეკითხა ბელადი ალიბაბას, - თავშესაფარი მიბოძოთ? მე შორეული ქვეყნიდან მოსული ვაჭარი ვარ, ერბო ჩამოვიტანე გასაყიდად. არ ვიცი სად გავათიო ღამე. ოღონდ ბინა მომეცით და რასაც მომთხოვთ, იმას მოგართმევთ.

ალიბაბამ ვერ იცნო ყაჩაღთა მეთაური და დიდი მოწიწებით შეიპატიჟა თავისთან, საპალნის ჩამოხდაზე უშველა კიდეც. ჯორები თავლაში შერეკეს, ქვევრები კი ეზოში გაამწკრივეს. ალიბაბამ ცოლს უბრძანა, ვახშამი და ლოგინი მოამზადეო.

წინამძღოლმა მოასწრო და გააფრთხილა ამხანაგები: - ეზოში კენჭებს რომ გადმოვისვრი, მაშინვე ამოძვერით ქვევრებიდანო.

ყასიმას ცოლი დიდი მადლიერი იყო ალიბაბასი, რომ ქმარი ასე მოხერხებულად დაუკრძალა. მადლობა იმით გადაუხადა, რომ თავისი მოახლე გოგო მორღიანა აჩუქა. მორღიანა უკვე ალიბაბას სახლში ცხოვრობდა. დაბინდებისას, ეზოში რომ ჩავიდა, მორღიანამ ყური მოჰკრა ქვევრიდან კაცის ხმას: „დრო ხომ არ არის?“. გონიერი მორღიანა მაშინვე მიხვდა ყველაფერს და შეესიტყვა: „არა, ჯერ ადრეა“. მოახლეს ყოველი ქვევრიდან მოესმა შეკითხვა: „დრო ხომ არ არის?“ და ყოველ ქვევრს უპასუხებდა: „არა, ჯერ ადრეა“.

იმ ქვევრებს, საიდანაც ხმა არ ამოდიოდა, მორღიანამ, სარქველი ახადა. შიგ ერბო დაინახა. მიხვდა, რომ ზოგ ქვევრში ერბო იყო, ზოგში კი ყაჩაღები ისხდნენ. დიდი საფრთხე მოელოდა, მაგრამ მორღიანა არ შეშინდა, გადაწყვიტა მარტოკა გამკლავებოდა ყაჩაღებს: ერთი ქვევრი ერბო. დიდ ქვაბში გადაცალა, წამოადუღა და მერე ცხელ-ცხელი ერბო სათითაოდ ჩაასხა იმ ქვევრებში, სადაც ყაჩაღები იმალებოდნენ. ყაჩაღები გაიფუფქნენ და ქვევრებში ამოიღრჩვნენ.

ამ გმირული საქციელის შემდეგ მორღიანა შეიპარა სამზარეულოში და იქიდან უთვალთვალებდა, აბა, რა მოხდებაო. როცა სახლში ყველამ დაიძინა, ყაჩაღების მეთაური კარში გამოვიდა ნიშნის მისაცემად, მაგრამ სახტად დარჩა; ჩამიჩუმი არ ისმოდა. შეეხმაურა ყაჩაღებს, მაგრამ ხმა არავინ გასცა. მაშინ კი მივიდა ქვევრებთან, ახადა სარქველი და ვაი იმ დანახვას, რაც თვალწინ წარმოუდგა: ყაჩაღები გაფუფქულები დახვდნენ. მეთაური მაშინვე მიხვდა, რომ ვიღაცამ გაუგო ეშმაკობა, „აბა, ბიჭო, თავს უშველეო“, დაჰკრა ფეხი და გადაეშვა ეზოს კედელზე...

მორღიანამ ყველაფერი დაინახა, ბატონიც კი არ გაუღვიძებია და გახარებული, ყაჩაღებს ვაჯობეო, მიწვა და არხეინად მიიძინა.

როცა დილით ალიბაბას გაეღვიძა, გაუკვირდა, რომ სტუმარი ლოგინში აღარ დახვდა. ქვევრები კი ისევ ისე იყო გამწკრივებული. მოიხმო მორღიანა და ჰკითხა:

- რა ამბავია, ვაჭარი არსადა ჩანს და საქონელი კი აქ არის?.

- აღავ, ქვევრები ნახე და ყველაფერს გაიგებ! - უპასუხა მორღიანამ. ალიბაბამ თავი ახადა ერთ ქვევრს და ელდა ეცა: შიგ მოკრუნჩხული ადამიანი იჯდა.

- ნუ გეშინიან, - უთხრა მორღიანამ, - ახლა ეგ ვერაფერს დაგვაკლებს. მოჰყვა და დაწვრილებით უამბო თავის ბატონს ყველაფერი, რაც გადახდა.

გაწბილებული ყაჩაღების მეთაური მაინც არ ისვენებდა. იგი შურისძიებით იყო ანთებული და ცდილობდა ალიბაბასთვის სამაგიერო გადაეხადა. ხელახლა გადაიცვა სოვდაგრის ტანისამოსი, ჰაჯი-ჰუსეინა დაირქვა და ჩავიდა ქალაქს. აქ ბევრი ნაცნობი გაიჩინა. ბოლოს, როგორც იყო, ალიბაბას ვაჟსაც დაუმეგობრდა

ვაჟმა ჰაჯი-ჰუსეინა შინ მიიწვია. ალიბაბამ ვერ იცნო ყაჩაღების მეთაური და სადილად დაპატიჟა.

ყაჩაღმა გაიფიქრა, ახლა კი ხელიდან ვერ წამივაო, მაგრამ აქაც ბედმა უმტყუნა. მორღიანამ ყაჩაღების მეთაური დანახვისთანავე იცნო. ვიდრე სტუმარ-მასპინძელი სუფრაზე ისხდნენ, მორღიანამ უცბად მოისაზრა, თუ როგორ გადაერჩინა თავისი ბატონი.

სადილის შემდეგ, როდესაც ყავას შეექცეოდნენ, მორღიანამ გადაიცვა მოცეკვავის ტანისამოსი, წელში ბასრი ხანჯალი გაირჭო და შევიდა ოთახში სტუმრების გასართობად. მორღიანა ცეკვის დროს ნელნელა მიუახლოვდა სტუმარს, მერე უცბად იძრო ხანჯალი და შიგ გულში ჩასცა. სტუმარმა მაშინვე განუტევა სული.

- რა ჩაიდინე, შე უბედურო! - შეჰყვირა ალიბაბამ მორღიანას.

- აბა, ბატონო ჩემო, კარგად დააცქერდი ამის სახეს! ნუთუ ვერა სცნობ ამ ყაჩაღების წინამძღოლს? ეს ხომ ის ვაჭარია, რომელიც ერბოს ქვევრებით კარს მოგვადგა.

ალიბაბა დარწმუნდა, რომ მორღიანა მართალი იყო, სიხარულით გადაეხვია თავის შინამოსამსახურეს და, ნიშნად მადლობისა, თავის ვაჟს შერთო ცოლად.

მორღიანა სიხარულით აღარ იყო, რომ საქმე ასე გათავდა. დიდი ქორწილიც გადაიხადეს. ალიბაბა გამოუტყდა თავის ვაჟს, თუ სად ინახებოდა ყაჩაღთა ნადავლი.

ვაჟმა ინახულა გამოქვაბული და ნელ-ნელა ეზიდებოდა ძვირფას განძეულს. ხალხს კი ეგონა, რომ ჭკვიანი რძლის მოყვანით ალიბაბას ღარიბი ოჯახი ფეხზე წამოდგაო.

აი, ასე გამდიდრდა ჩვენი ალიბაბა, აი, ასე გახდა მთელ ქალაქში ყველაზე შეძლებული, სახელოვანი და ბედნიერი.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: იოსებ გრიშაშვილი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ