მაყვალა მრევლიშვილს
I
- ლექსები არ მიყვარს, - თქვა კარგად ჩაცმულმა ლამაზმა ბანოვანმა და გამყიდველის მიერ შეთავაზებული პატარა წიგნი ცივად გასწია უკან.
- მაშ როგორ ზრდით ბავშვებს? - მოუბრუნდა თმაგათეთრებული სახემშვიდი ქალი.
- ძალიან კარგად.
- ღმერთი შეგეწიოთ.
თმაგათეთრებულმა ქალმა დახლზე დადებულ შავ ჩანთას პარკივით მოუკრა პირი, მკერდთან მიიხუტა, - მარცხენა მხარეს, - და წავიდა. მიდიოდა რუსთაველის გამზირზე, ფეხებდაღლილი, მაინც წელში გამართული, თითქოს ყველასა და ყველაფრისადმი გულგრილი, მხოლოდ ის მკერდზე მიხუტებული ჩანთა ეკავა მაგრად.
უამრავ გამვლელთა ბორიალში გამორჩევით მესმოდა მისი ფეხსაცმლის დაბალი, მსხვილი ქუსლების პაკაპუკი, ოქტომბერი იყო, მინაზებული ფერების თვე, და მეჩვენებოდა, რომ იმ იაფფასიანი შავი ჩანთით ჩვენი ბავშვობის ლექსები მიჰქონდა იმ ქალს. არც დაბეჭდილი იყო ის ლექსები, არც ხელით გადაწერილი, პატარა თაგუნებივით თუ წიწილებივით ისხდნენ - ყუჩად, ერთმანეთს მიხუტებულნი, და მხოლოდ ხანდახან აფუთფუთდებოდნენ რაღაცით შეწუხებულნი.
მე ვფიქრობდი:
წამოჯდომას შესძლებდა თუ არა ბავშვი, ხელისგულზე წრიულად უღიტინებდნენ და ეუბნებოდნენ:
ბოლია, ბოლია,
ხბო წითელია,
ამან დაკლა (მოიკეცავდნენ ნეკს),
ამან გაატყავა (არათითს),
ამან დაჭრა (შუა თითს),
ამან მოხარშა (სალოკ თითს),
ამან კიდევ შესანსლა (ცერს),
ვცემოთ, ვცემოთ ბერიკაცსა!
და სიცილით სცემდნენ ცერზე.
იმავე ხანებში სათქმელთ განეკუთვნებოდა კიდევ უფრო უცნაური ლექსი:
ყვავო, ყვავო, ყვანჩალაო,
დედაშენი დამხვრჩალაო,
წასულა, უძებნიაო,
მისულა, უნახიაო,
უნახიაო, უცინიაო,
ულხენიაო და ფრრრ!
ამას მოსდევდა მამის მუხლზე გადამჯდარისა:
აჩუ, აჩუ ცხენო!
შე კუდმოსაჭრელო,
ჯერ ქერი არ გიჭამია,
საით გაგაჭენო!
მერე:
კიკლი, კიკლი, კიბესა,
როსტომაანთ ციხესა,
ზედ კურდღელი წამომჯდარა,
აწკაპუნებს ყურებსა!
მერე გამოსაჯავრებლები: ბუტიასი, მტირალასი:
მტირალა, მტირალა,
ხბორებს ჩამოგილალავ,
თუ ხბორები არ გინდა,
ღორებს ჩამოგილალავ!
ყველა ამათ გვერდით მოჰყვებოდა შელოცვები:
გამოვიდა შავი კაცი, -
შავის ცხენითა, შავის იარაღითა,
გამოვიდა თეთრი კაცი, -
თეთრის ცხენითა, თეთრის იარაღითა,
გამოვიდა წითელი კაცი, -
წითელის ცხენითა, წითელის იარაღითა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შინაურისასა, გარეულისასა,
შავგვრემანისასა, თეთრგვრემანისასა,
მაღლისასა, დაბლისასა...
ისწავლებოდა, რას ამბობს მერცხალი:
ბერი ცხონდა, ბერი ცხონდა,
ყმაწვილები - ჟლიტ!
რადგან ბუდეს უშლით.
აღარ დაუშალოთ - მიტომ.
რა არის ნათქვამი ტოროლაზე:
ტოროლას მაინც არ მოვკლავ,
ბევრიც რომ მქონდეს წამალი,
საწყალი ღამის მეხრისა
ის არის კარგი მამალი.
რა არის ნათქვამი კაჭკაჭზე და ყვავზე:
კაჭკაჭმა უთხრა ყვავსაო,
ჩავარდი გულისხმასაო,
კაცი რომ დაიკუზება,
შენთვის აიღებს ქვასაო.
რა უნდა უთხრა, კაჭკაჭი რომ დაგძახებს თავზე:
შენს პირს - შაქარი, შენს პირს - შაქარი,
კარგი ამბავი, კარგი ამბავი!
სამი-ოთხი წლის ბავშვი შედიოდა ლექსად მოთხრობილი ამბების სამყაროში:
საწყალი მელა ჩიოდა,
არ მომივიდა ძილია,
ერთსა საქათმეს მივაგენ,
გამოვუთხარე ძირია...
კურდღელმა თქვა, ჩირგვში ვზივარ,
ვერვინ მოვა ჩემზედაო,
გავიხედე სერზედაო,
ბატონი ზის ცხენზედაო...
ყველამ იცოდა სათუთი ლირიკის უშესანიშნავესი ნიმუში:
ნეტამც არ დაგძინებოდა,
ჩიტო, ნიბლიავ, ნარზედა,
წამოგიქროლებს ალალი,
წაგიღებს მაღალ მთაზედა.
ცალკე იყო გამოყოფილი ლექსები წელიწადის დროებზე და ბუნების მოვლენებზე:
გაზაფხული დადგაო,
ხეში წყალი ჩადგაო,
ჩიტმა ჩიორამაო,
საძირკველი გადგაო!
მზეო ამოდი, ამოდი,
ნუ ეფარები გორასა,
სიცივეს კაცი მოუკლავს,
აგერ, საწყალი გორავსა.
ცისარტყელავ, დაგინახე,
შენ ყვითელი, მე წითელი.
ქუხი, ქუხი, მაგარა,
ჩემი წელი მაგარა.
ლექსი გაფრენილ ვარსკვლავზე:
შენ წადი, მე არ წამოვალ,
ჩემი არავინ წამოვა.
უამრავი გამოცანა, ენის გასატეხი, გათვლები:
იწილო, ბიწილო,
შროშანა, გვრიტინო,
ალხო, მალხო,
ჩიტმა გნახოს...
ესენი მიჰქონდა შავი, იაფასიანი ჩანთით რუსთაველის გამზირზე მიმავალ თმაგათეთრებულ სახემშვიდ ქალს. და ლექსები ცოცხალი არსებებივით კრთოდნენ ქალაქის ხმაურზე.
II
- იერემოს ლექსი თუ იცით? - ვკითხე მე. - გოგი თურმანაულმა რომ გამოაქვეყნა.
- აბა?
- ერთი საბრალო კაცი ყოფილა ფშავში - იერემო. დადიოდა ჩამოხეულ-ჩამოგლეჯილი, სხვების ხელებში შემყურე. რომ მოკვდა, სოფელმა დამარხა. მივიდა ერთი მოხუცი ქალი, დაიჩოქა და დაატირა საფლავს:
მაჰკვდია, ბეჩავო იერემო,
დასდევა სიღარიბის ჯოხი,
მიწანიმც დაილოცებიან,
შიშველნი დაგიმალნეს ხორცნი.
ტროტუარის პირას ქვის სკამები იყო.
- დავსხდეთ ერთი წუთით.
თითქოს სულის მოთქმას ვეღარ ახერხებდა.
- გამიმეორეთ კიდევ!
გავუმეორე.
- კიდევ რა!
კიდევ გავუმეორე.
- აუუჰ! რა გიჟი უნდა იყო. რომ ეგა თქვა!
და გაიცინა, გაიცინა თითქოს სიმწარით, გაგრძელებით.
* * * * * * *
მისმა სიცილმა უცებ წალეკა ათასი ბანოვანი (ტალღებში ირეოდა მათი შიშველი მხარ-მკლავი), რომლებსაც ლექსები არ უყვარდათ...
















