მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 184 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

(საახალწლო ამბავი)

I

 

- შვილო სოსე, შვილო! ბიჭო, არ გესმის? გაიღვიძე, - შვილო, რა დაგემართა? მკვდარი ხომ არა ხარ? სოსე, სოსე, ბიჭო! ადე, აგერ გათენდა კიდეც, დაგიგვიანდება!

- იშ, იშ! თავი დამანებე, ადამიანო, რას ჩამციებიხარ! - და სოსე მეორე გვერდზედ გადაბრუნდა.

- როგორ თუ რას ჩაგციებივარ? გაიღვიძე, შვილო, დაგიგვიანდება.

- ოჰ, ღმერთო, ღმერთო! თავს არ დამანებებ?!.

ერთი ორჯერ-სამჯერ კიდევ გაიშმუშნა სოსე, მაგრამ წამოჯდა კი, თვალებზედ ხელი გადაისვა და ტკბილს ძილს ძლივს გამოერკვა, მერე ისევ წაიხურა რაღაც ძველი ფარაჯის ნაფხრეწი და თვალები წაელულა.

პატარა, გაულესავ ქვიტკირის ოთახში ჯერ ისევ ბნელოდა. კუნჭულში მიდგმულ რკინის ფეჩის კარის ხვრელიდან ვარსკვლავივით შუქი გამოდიოდა და ოდნავ ანათებდა აქაურობას. ოთახის სიგრძეზედ, უკან კედლის გასწვრივ, განიერი, საფენგადაუფარებელი ტახტი იდგა და ზედ, სოსეს გვერდით, იმის გარდა, სამი თუ ოთხი ადამიანი იწვა და ტკბილად ეძინათ. ოთახში მარტო სოსეს დედა მელანია დადიოდა ფეხაკრეფით და შვილს ქალაქში წასასვლელად ამზადებდა. გახურებულ ფეჩზე სველი წინდები დაუშრო, დაუფშვნიტა, ქალამნის ნაწყვეტი თასმები ერთმანეთს გადაუბა, შეხეული შარვლის ტოტები მიუკერ-მოუკერა და შვილს ლოგინზედ დაულაგა.

ერთხელ კიდევ დაუწყო ღვიძება მელანიამ შვილს და ტკბილად წაუჩურჩულა:

- ადე, გენაცვალოს დედა, ადე, ძლიერა ცივა, ქარი არემარესა ჰგლეჯავს, მაგრამ რა გაეწყობა. ეს ჩემი საოხრო შალიც თავპირზედ მოიხვიე! განთიადზედ იქნება ღმერთმა შეგვიბრალოს და ეს ოხერი ქარბუქი ჩადგეს.

მეტი გზა არ იყო. სოსე წამოდგა ზლაზვნით, ზარმაცად დაიწყო ჩაცმა მამის დარჩენილის დაგლეჯილ-დაფლეთილის ახალუხისა და რამდენჯერმე დაამთქნარა.

- ოჰ, დედი, რომ იცოდე, როგორ მეზარება ახლა ქალაქში წათრევა, მეტადრე ჩემი პაწაწკინტელა ურმით და ჩემი მიგრეხილ-მოგრეხილი ჩხაკია შეშით! ვინ რას მომცემს ერთ იღლია ნედლ ჩინჩხვარში?! მასხარად ამიგდებენ სხვა მეურმეები და ის არის!..

- რა ვქნათ, შვილო, რა ვქნათ! განა არ ვიცი, რომ ბაზარში გასატანი არ არის, მაგრამ დაიქცეს ღარიბის გაჩენის დღე, - მა სული რითი მოვიბრუნოთ? ხვალ არა, ზეგ ახალწელიწადი არის! არც საპონი, არც ნავთი, არც ერთი წმინდა სანთელი, რომ იმ უბედურის მამაშენის სულის მოსახსენებლად ავანთო. ნათლიღებას მღვდელი მობრძანდება, სახლს აკურთხებს, ერთი აბაზი მაინც როგორ არ უნდა მივართვა.

- განა მაგას ვამბობ, ადამიანო, რო საჭირო არ არის-მეთქი! - დარცხვენით სთქვა სოსემ. - მე იმას ვამბობ, ვაი თუ არავინ იყიდოს და მთელი დღე ყიალი ტყუილად შემრჩეს.

- ღმერთი მოწყალეა, შვილო, ბედი რაღა ჩვენთვის შეიკვრის! ქალაქშიაც ბევრი ღარიბი და საწყალია, სუყველა ხომ საგურამოს ურმებს არ იყიდის! ვისაც ჯიბეში შეშისთვის მხოლოდ ერთი-ორი მანეთი უჭყავის, ის შენისთანას მოსძებნის.

ასე ანუგეშებდა ქვრივი მელანია თავის ერთადერთს მოზრდილ შვილს, 16 წლის სოსეს და თვითონ კი გული უკანკალებდა შიშით, რომ ამისთანა საშინელს დარში, როდესაც კარგი პატრონი ძაღლსაც არ გააგდებდა კარში, შვილს ქალაქისკენ გზავნიდა, მაგრამ რა ექნა უბედურს? ჭრაქში ნავთი აღარ ედგა, არსად საპონი, არსად ჩაი და შაქარი, საახალწლო სანუკვარსა და ტკბილეულს ხომ ნუღარ იტყვით.

გუშინ შვილმა და დედამ რის ვაი-ვაგლახით შეაგროვეს ის ერთი იღლია „ნედლი ფიჩხი“, როგორც სოსე დასცინის თავის საქალაქოდ გამზადებულს შეშას. სად გამხმარი ალუბალი მოსტეხეს, სად ტყემლის ტოტი, სად დაფუტუროებული მარგილი მოაძრეს, სად მსხალი და ვაშლი მოსჭრეს... ბარემ გული უკვდებოდა მელანიას, რომ თავისი გოგიას დარგულ ხეხილს აოხრებდა, მაგრამ... მაგრამ მელანიას „მაგრამებს“ სადა აქვს ბოლო და საზღვარი!..

 

II

 

კარგა მოშუადღევებული იყო, სოსემ რომ შეშის მოედნამდის მიაღწია. პატარა, გამხდარი, ნახევარზე ნეკერით გამოკვებული უღელი აბურძგნული მოზვერი ლასლასითღა მიათრევდა ხელისოდენა, „ერთ იღლია“ ნედლის ხეხილის ტოტებით აჩონჩხლილს ურემს. სოსე, ლამაზი და ტანადი ახალგაზრდა, თავისის დედის გახუნებულის შალით თავპირშებორბლილი, მამის ნაცვამი დაფლეთილის ახალუხით შემოსილი და სხვადასხვა ფერის სამოსლის საკერებლებით დაკერებულის შარვლით, უფრო შავ ორშაბათის ბერიკას ჰგავდა, ვიდრე თავმოწონებულს, ურმის თავზედ ყელმოღერებულს, ჩვეულებრივ მეურმეს.

მოედანზედ გაჩერების უმალ სოსე მართლა მასხრად აიგდეს.

- დახე, ბიჭო, - უთხრა ერთმა ლაზათიანად გამოწყობილმა მეურმემ მეორეს: - ვირის ჩოჩრები შეუბამს ამ სალავათძაღლსა ურმის თავში!

- და რატო არაო მერე, - მიუგო მეორემ სიცილით, მე შენ გითხრა, მაგის ზორბა ურემს ლომაკამეჩები დასჭირდებოდა!

- ბიჭო, მაგ შეშის ფასით რის გადახდას აპირებ, „ზემსკისა თუ ღოსუდარსტვენის“? - მიაძახა მეორე მეზობელმა მეურმემ.

- ერთისაც და მეორისაც, - დაუმატა მესამემ, და რაც გადარჩება - სოფლის მაღაზიისასაც.

- შე კაი კაცო და რავა მოარონიებდი მა ჩიტითვალა ურემს! სირცხვილით რომელი მხერხავი იკადრებს უკან გამოყოლას ქალაქის ქუჩებში? - იოხუნჯა ერთმა იმერელმა მხერხავმა.

- რატო, ხოხონიკავ? - ახლა იმერელი აიგდო მასხარად ქართლელმა, თბილ ტყავში გახვეულმა ჩასუქებულმა მხერხავმა, - მაგის დასახერხი კაკალი აბაზი ვითომ გირვანქა ხიზილალას არ გიყიდის საახალწლოდ თუ?

- ნუ მიქარავ, შენ ეი, ვიღაც ტიკივით გაბღენძილხარ, თორემ... - და გაიმართა სეირი, ხარხარი, ლაზღანდარობა, სიტყვების ტკაცატკუცი.

სოსემ იხელთა დრო და თავიდან შალი შემოიხსნა, თვალებზე ჩამოფხატული ქუდი მაღლა აიწია, ახალუხის კალთები მიიწ-მოიწია, შარვლის ტოტები პაჭიჭებში გაიმაგრა, ასე ადამიანად ქცეული გვერდს მოუდგა თავისს საცოდავ ხარებს და დაუწყო ლოდინი მუშტარს. მაგრამ სად იყო სოსეს საკბილო და მისის ნაღვლიანის ფიქრების გამქარვებელი მსყიდველი.

მეზობლად მდგომი ურმები თითო-თითოდ გაიყიდა, წავიდ-წამოვიდა. მზე დიდი ხანია მთაწმიდისკენ გადაიხარა. სიცივემ მოუჭირა, მეტის ფეხზედ დგომით სოსეს ფეხები გაუშეშდა, მაგრამ ის ისევ გაუნძრევლად იდგა და ბედს ელოდა. დიდხანს მოიცდიდა კიდევ, რომ მოედნის მგველს რკინის ცოცხი არ ეკრა გვერდში.

- ეი, ტეტი, გძინავს? აღარ წახვალ შენს სახლში? წადი, ბეჩავო, წადი, ვერა ხედავ, დაღამდა? მეიდანი უნდა დავგავო!

სოსეს ურმის მახლობლად მყუდროზედ ჩაკუნტული იჯდა ორი ოთხად მოკაკული და კონკებში გახვეული მოხუცი. ესენიც ხერხით ხელში ბედს ელოდნენ, უცდიდნენ სოსეს შეშის გაყიდვას. რო ნახეს, რომ სოსეს მოედნიდან აგდებდნენ, წაესარჩლნენ, მაგრამ იმათაც ზიზღით შეხედა „მოხელეობის“ ხარისხით გათამამებულმა მენაგვემ და სამთავ ბედშავთ შარაზედ მიუშვირა თავისი გრძელი ცოცხი.

- ბიჭო, რას აპირებ? - შეეკითხა სოსეს ერთი მათგანი.

- ვითომ შინ უნდა გაბრუნდე ხელცარიელი? - დაუმატა მეორემ.

- მეტი რა გზაა! - ამოოხვრით წაიდუდუნა სოსემ და იქით მიიხედა, რომ თვალებში მომდგარი ცრემლები დაემალა.

- იცი, ბიჭო, ჯერ ადრეა, - უთხრა კიდევ ერთმა მხერხავთაგანმა მეურმეს: - მოდი აი, იმ პატარა ქუჩებში აატარ- ჩაატარე, იქნება მადლიანი გაგიჩნდეს ვინმე, შვილო, და ერთი ორი მანათი არ დაიშუროს შენთვის. ჩვენც უკან გამოგყვებით, ერთ ორ შაურს პურის ფულს ავიღებთ, მადლია შენთვის. ი მამაოხრები, ყმაწვილი ბიჭები პირიდგან ლუკმას გვაცლიან და თუ ხმას ამოვიღებთ, მუშტზედ იყურებიან. ერთ ურემს არ მიგვაკარეს დღესა, ერთსა.

- ჰეი, ჰეი, რომ მუშტზეა ეხლა საქმე, მუშტზედ! - ამოიკვნესა მეორე ბერიკაცმა და დაჟანგებული ხერხი ერთის დაღლილის მხრიდან მეორეზედ გადაიდო.

 

III

 

ვერის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაში ფანჯარასთან დაღონებული იჯდა თეკლე ვარდკაჭკაჭიშვილისა და შავ ფიქრებში იყო წასული: „ზეგ ახალი წელიწადია, ყველასათვის ბედნიერი და სასიხარულო დღე და მე კი რით უნდა მივეგებო ჩემის - პატარა შვილებით, რითი უნდა გავახარო იმათი პატარა გული? რითი ვასიამოვნო, რა ვუძღვნა? მთელი ჩემი ავლადიდეაბა სულ ორიოდე გროშია. რა ვქნა, როგორ გავანაწილო?l რომელს რა ვუყიდო და სახლსაც ათასი ნაკლულევანება შევუსრულო?! ამ ცივს ზამთარში ე შეშა უფრო აჭირებს საქმეს. შეშა რომ არა ყოფილიყო საჭირო, კიდევ იოლად წავიდოდი როგორმე. ორი დღეა ფეჩი არ ამინთია, ლამპისა და სამოვარის სითბოთი მივდივარ იოლად“.

- შეშა, ქალბატონო, შეშა! - შიგ ყურში ჩაჰყვირა ძალზედ მოკაკულმა მხერხავმა თეკლეს და ფიქრში წასული ადამიანი უცბად გამოარკვია. - იყიდე, ქალბატონო, იყიდე, კარგი შეშაა, ხმელი, საკმეველივით აინთება.

- დასწყევლოს ღმერთმა, გული არ გამიხეთქა ამ ბებრუცუნამ! ჩემს გულში იჯდა, თუ რა იყო?

- იყიდე, ქალბატონო, იყიდე! გროშის ფასად მოგცემს, - ახლა ხმადადაბლებით წაუჩურჩულა მხერხავმა: - გაჭირვებულია.

- სოსე მთლად სმენად გადაიქცა. მისი განივრად გაჭყეტილი თვალები მოლოდინის იმედებით აივსო. მის გვერდით მდგომი მეორე მხერხავი წელშიაც კი გაიშალა „სამუშაოს“ მოლოდინით.

- შეშა კი არა, ის არ გინდა! წადი, გამეცალე, - შეუტია თეკლემ.

- დედა, იყიდე, იყიდე! - დაეღრიჯა ამ დროს ოთახში შემოსული პატარა ნინო დედას.

- ფული სადა გვაქვს, გენაცვალოს დედა, თორემ შეშა კი გვესაჭიროება, - ამოოხვრით სთქვა თეკლემ,

- იყიდე, ქალბატონო, იყიდე, ხარები დაცვივდნენ, იაფად იძლევა, მადლია..

- საწყალი... - ამოოხვრით გაიმეორა პატარა ნინომ. - უკან ხომ ვერ წაიღებს, თუ კი ხარები დაუცვივდნენ.

- მოიტანოს, რა ვქნა, მოიტანოს! - თქვა თეკლემ და თან თითქო შეინანა, ვაი თუ შეშის ყიდვით ფული შემომაკლდესო, მაგრამ პატარა ქალმა აღარ დააცალა. ფიცხლავ გავარდა ქუჩაში და მეურმეს ეზოს კარებისაკენ გამოუძღვა.

- ორი მანათის მეტს კი არ მოგცემ, აი, იცოდე! - უთხრა თეკლემ სოსეს.

- დილას თორმეტი აბაზიც მაძლიეს და მე სულელმა მეტის მოლოდინში დავიღამე.

- რას ამბობ, ბიჭო, რასა? ვერა ხედავ, რა საძაგელი შეშაა. დამპალი მარგილები, ნერგის ფუტურო კუნძები... არც კი ვიყიდდი, წინათ რო შემენიშნა.

- ოჰ, ქალბატონო, ღმერთი სამაგიეროს მოგაგებს, რომ ეს საწყალი ბიჭი შეიცოდე.

ისეთის კილოთი სთქვა ეს სიტყვები მოხუცმა მხერხავმა, რომ თეკლემ დაკვირვებითა და ლმობიერად შეხედა პატარა მეურმეს. იმისმა დაფხრეწილმა ტანსაცმელმა, იმისმა ბალანაშვებულმა მოზვრებმა სულ გული მოუკლა. თეკლეს გული აუჩუყდა.

„ნეტა რა ვუშველო, რითი დავეხმარო? - გაუელვა კეთილ ადამიანს გულში ფიქრმა და თავი მოიქექა. - „მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე მიმიტანეო“, ორი აბაზი როგორ უნდა დავაკლო, ვინ იცის, რას არ მოელის ეგ ბედკრული ამ ერთი მუჭა შეშის გასყიდვით. რა იმედებს არ იძლევა, რა სიამოვნებას არ მოელის ახალწელიწადს!“

და თეკლეს თითქმის სავსებით თვალწინ წარმოუდგა სოსეს ჩაბნელებული ქოხი, ჭუჭყიანი და-ძმა, საახალწლოდ საკვლეულის მომლოდინე დედა.

- რა ვქნა, რა ვქნა? - თავისთვის ჩაილაპარაკა. - რა ვქნა, რა მოვახერხო, რომ ამ პატარა მეურმეს რითიმე დავეხმარო!..

- არაყს არ დალევ, შვილო? ცოტაოდნად მაინც გაგახურებს. აი, ეს ერთი ძველი პალტო მაქვს ჩემის ქმრისა, ესეც ჩაიცვი, გაგათბობს, შენს და-ძმას ჩემი ნანოს მაგივრად ამის გამონაცვალი ბაშმაკები და ჩულქები წაუღე, ცოტაოდენი ჩაი-შაქარიც. დედა გყავს? - განაგრძო აღელვებულმა თეკლემ ამ გულუხვობით პირდაღებულ სოსესთან ლაპარაკი: - ვინ იცის, საწყალს საახალწლოდ კაბა არ აცვია? ჩემს გამონაცვალს გავუგზავნი... აი, შვილო, პური შეჭამე, არაყი დალიე და ჩქარა წადი, ჩქარა. ვინ იცის, დედაშენი რა მოუთმენლად გელის! ამაღამ ხომ კარში არ დარჩები? ახლოა შენი სოფელი?

- დიღმელი ვარ, - შუაღამემდინ მივალ. - მორცხვად მიუგო სოსემ და მორცხვადვე დალია მიწოდებული არაყი.

 

IV

 

ქარი ჩადგა. არემარე ბურუსმა მოიცვა. ჰაერი თითქმის გათბა, ყური მოსტყდა; ბინდბუნდია. სოსეს ხარები, თივით გამაძღარი, მხიარულად მიარიკინებენ ცარიელს, მსუბუქს ურემს, ბოსლისკენ მიეშურებიან. სოსე, გრძელის, თბილის პალტოთი გამოწყობილი, ფეხდაფეხ მისდევს თავის მოზვრებს, თეთრი პურის ყუას ძმუძნის და თან გაოცების ღიმილი არ შორდება მის ტუჩებს. „დასწყევლოს ღმერთმა, ძლივას კეთილი ადამიანი არ ვნახე! დაილოცა შენი მშობელი, ჰო და აი! რეებს არ მივუტან, რეებს დედაჩემს! სიხარულით ატირდება.

მე და ჩემმა ღმერთმა! ნავთი, საპონი, ჩაი, შაქარი, წმინდა სანთელი, კაბა, ბაშმაკები და ჯიბეშიაც ორი მანათი!“.

- ჰაი, ჰაი, რომ კაი ახალწელიწადი გაუთენდება მშიერაძიანთ ოჯახსა! - შეჰყვირა სოსემ, ერთი კიდეც შეიკუნტრუშა და კოფოზედ შეხტა, ხარებს სახრე გადაჰქრა და ტკბილად შეჰღიღინა:

ახალწელს მივეგებები

ლხინითა და ჩონგურითა,

ლამაზ გოგოს გადვეხვეეი

სიამით და სურვილითა!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ