მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 480 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

აგიწერ რთველს, თანაც დიდი სიამოვნებით, სულ ღიმილ-ღიმილით.

ნათელას ძმა ჰყავს, მთელი ცხრა წლით უმცროსი, ჯარიდან ახალდაბრუნებული შავგვრემანი ჟერარ ფილიპი. თითებს ვერ შეუყრი ზემოთაწეულ დაბალ მკვრივ თმაში. ერთთავად (ხომ ძალიან სწორად ვმეტყველებ?), ერთთავად თვალებს გარიდებს, მორცხვად იღიმება. რასაც უნდა იღებდეს ძირიდან, ისე იხრება, თითქოს დასწვდება იმ რაღაცას და ჭახანით გასტყორცნის დასაკარგავში.

რომ ჩამოვედით, მაშინვე მარანში შემიყვანეს - ძველებურ, დედაბოძიან, აგურმოგებულ გრილ მარანში. ის ჟერარ ფილიპი (ნამდვილი სახელი ზურაბი ჰქვია, მაგრამ შენ იცი, რომ მე ამ სახელის წარმოთქმა არ მეხალისება) ქვევრში დაგვხვდა, ქვევისა და სანთლის მოწითალო შუქით განათებული. საცურაო ლურჯი ტრუსის მეტი არაფერი ეცვა. მარცხენა ხელით ყურიანი პატარა ტაფა და ანთებული წმინდა სანთელი ეჭირა, მარჯვენით - ბოლოზე ძონძდახვეული ჯოხი, ის მარჯვენა ოდნავ მაღლა ჰქონდა აწეული, მლოცველივით იყო ჩაღუნული თუ ჩამუხლული და ქვევრს ხიზავდა.

ხიზვა რა არის, შენ არ გეცოდინება. თხის ქონში მოადუღებენ საცერში გაცრილ სუფთა ნაცარს, მოადუღებენ კარგად, და ისევე, ცხელ-ცხელს, ძონძდახვეული ჯოხით წაუსვამენ ქვევრის საეჭვო ბზარებს და ნაკენჭრებს. ამას მიხვდები, რატომაც. ღვინო რომ არ გაუვიდეს. ამოგვხედა სანთლის შუქზე კეთილი ღიმილით იმ შავგვრემანმა ჟერარ ფილიპმა, ნათელა პატარასავით მიეფერა, - გენაცვალე, გენაცვალეო, - ჟერარ ფილიპს შერცხვა, მხრები ისე აათამაშა, თითქოს ცივი წვეთები დასცემოდეს, - ბუდეში მოფუტფუტე ბარტყებივით უთრთოდა კუნთები, - ახლოს მიიტანა ხელები და სახე ქვევრის მოწითალო ფერთან და თავისი საქმე განაგრძო.

მე ვიდექი, უცებ გადმოსული ყვითლად კაშკაშა მზიდან მარნის სიბნელეში, ვიყურებოდი აქეთ-იქით და სიცივესავით ჟრუანტელი მივლიდა ტანში. მეჩვენებოდა, რომ წარმართებივით ხალხში ვიყავი, ის ვეება ქვევრიც, იქიდან ამომავალი ღვიისა და წმინდა სანთლის სუნიც, ის შიშველი ბიჭიც შორეულ წარსულში იყო და რაღაც საკრალური ცერემონიალი სრულდებოდა. ამ შთაბეჭდილებას კიდევ ის აძლიერებდა, რომ თახჩები გამოვსებული იყო სხვადასხვა ზომის შავფერი დოქებით, შებოლილივით კედლებზე ეკიდა ძველებური ხელსაწყოები: კავები, ხაპირები, სარცხები, სარევები, ცელები, ხერხი, მუხის დედაბოძსა და თავხეზე გამოხატული იყო ხარებისა თუ ძროხების მწკრივი; ღია კარში, პრიალა სინათლეში, იდგა დიდი წითელი მამალი, - ყიყლიყოო, - იმ მამალმა, თითქოს ჩემი დანახვა გაჰკვირვებოდეს. ქვევრმა ხმა მისცა, ჩვენ ხარხარი აგვიტყდა და მერე ყველაფერს ამ შთაბეჭდილების ბურუსიდან ვუყურებდი.

საყურებელი კი რამდენი რამ იყო!

მოვიდა ნათელას მამა, ისიც კაი ჯაგარა კაცი, ღონიერი და მოძრავი. ჩვენ რომ ჩვენს თავს ვუმასპინძლდებოდით, მე და ნათელა, მამამ და შვილმა, ჟერარ ფილიპმა, სხვენიდან ჩამოზიდეს გოდრები, - დიდები, დაძველებულები, თითოში რომ თითო კაცი ჩაეტევა თავისუფლად. დააპირქვავეს ბებერი თუთისა და ლამაზად ასული თივის ბულულის წინ, აიღეს მოკლე ხელკეტები და დაუწყეს იმ გოდრებს ცემა. თუ რამ მტვერი ქონდა, ჯერ კეტებით დააყრევინეს, მერე წყალი გადაავლეს და იმით ჩამორეცხეს.

საღამოს ნათელას მამამ თხა მოიყვანა - გრძელწვერა, დიდრქებიანი, თვალებდაელმებული, ისიც რაღაცით წარმართული შესახედაობისა, წარმართულად თავდაღუნული და გაჯიუტებული. მიაბეს თუთაზე, - ხვალ უნდა დაიკლოსო. ისე იყო ფეხებგაბიჯგული და ისე აცმაცურებდა ტუჩებს, თითქოს იცოდა, რასაც უპირებდნენ, და ჯადოქრულ ლოცვებს იმეორებდა.

მოვიდნენ ნახირიდან - მშვიდი ძროხა და ლამაზი დეკეული. იჯდა მურა ძაღლი თივის ბულულის გვერდზე და კმაყოფილი იყურებოდა. რომ შეღამდა, თუთაზე მოფრინდა ჭოტი. აივანზე ვვახშმობდით, ნათელას დედამ სიამაყით დააწყო მაგიდაზე მკლავის სიგრძე შოთები, ნათელას მამამ გრძელ-გრძელ ნაჭრებად დაჭრა თუშური ყველი, შეავსო ჭიქები, ილოცებოდა სულ ღიმილით, ჭოტი კი იჯდა თუთაზე და იძახდა თავისთვის, - ჭოოტ! ჭოოტ!

ზურაბს სუფრის აშლისათვის აღარ დაუცდია, გამოიტანა ორლულიანი თოფი, მხარზე გადაიკიდა, დაგვემშვიდობა მორიდებული ბავშვის ღიმილით და წავიდა ვენახში, ვენახისთვის უნდა ეყარაულა თავის ბულულში მიწოლილს. ვიცი, რომ სულელად მთვლი, მაგრამ მე მაინც მომეჩვენა, რომ ვენახში სხვა რამისთვის მიდიოდა. მივიდოდა, დაჯდებოდა, დაიწყებდა ნელინელ სტვენას, გამოვიდოდა სიბნელიდან გაღუდღუდებული, კბილებგანათებული ალი, დაუჯდებოდა მუხლებზე და მთელ ღამეს გაატარებდნენ ღონიერ ალერსში.

მე და ნათელა აივანზე დავწექით, განაპირა კოჭზე დაკიდებული რქაწითელის ჯაგნების ქვეშ. მოწმენდილ ცაზე ამოვიდა მთვარე. ახლა მთვარეც იყო, ჭოტიც იძახდა, ძროხაც ფშვინავდა მშვიდად, ფოთოლი არ ტოკავდა ხეებზე და მაინც არ მეძინებოდა და არ მეძინებოდა. იყივლეს მამლებმა, კიდევ იყივლეს და მაშინ ძლივს ჩამეძინა.

რომ გამეღვიძა, პირი თითქოს ახალი დაბანილი მქონდა. ისე ციოდა, საკუთარ გამონაორთქლს ვხედავდით. მე თბილი არაფერი მქონდა წაღებული, ნათელას სვიტრი ჩავიცვი დიდი წვალებით, ნათელა მიყურებდა და ბჟირდებოდა სიცილით. ნათელას მამას და ზურაბს, ჟერარ ფილიპს, თხა დაეკლათ, თუთის ტოტზე ჩამოეკიდათ თავდაღმა და უკვე ჩამოეტყავებინათ კიდეც. ნათელას დედას შიგნეულობით სავსე ჯამი მოჰქონდა. ზურაბი ტაბურეტზე იდგა და თხის რქებს თუთაზე აჭედებდა ლურსმნებით - ეგ რაღად-მეთქი ეგრე? - ისეო, - ჩვეულებრივი სიმორცხვით გაეღიმა ზურაბს. მიაჭედა, ახლა ქვემოდან უყურებდა. ძროხა და დეკეული ნახირში წასულიყვნენ. ძაღლი წითელ ძვალს აწვალებდა.

- ეხლა ქვაბი და კარგი ცეცხლიღა, - თქვა რაღაც ჩათქმული ღიმილით ნათელას მამამ, - ქვაბი, ბლომად ხახვი, ბლომად წიწაკა, მერე კარგი ღვინო და...

ნათელა რატომღაც აიმრიზა. მე ვანიშნე, - რას ნიშნავდა მისი ეს ამრეზა? ცოტაზე წამიყვანა და იქ მითხრა, იმანაც ღიმილით, - თხის ხორცი თურმე ძალიან კარგად მოქმედებს ქალ-კაცურ ურთიერთობაზე. ო, ეს მთვლემარე კახელები! რა ღიმილს გაჰფენენ ხოლმე, როგორც კი ასეთ რამეს სულ ცოტა მანძილზე მიუახლოვდებიან! ზურაბი ისეთი ხალისით მოძრაობდა, დავრწმუნდი, ჩემი გუმანი გამართლდა. რის ვენახი, რა ყარაულობა!

მოვიდნენ სხვა სტუმრებიც, ქალები, კაცები, ბავშვები. სტუმრები და მანქანები ირეოდნენ სხვა ეზოებშიც. ყურთასმენა აღარ იყო იმათი ყაყანითა და ზუზუნით.

წავიხემსეთ ცოტა და წავედით ვენახში, ზოგნი მანქანით, ზოგნი ფეხით. ორღობეში რომ მივდიოდით, ნათელა ყველა ვენახში გადაიძახოდა:

- ბარაქა! ბარაქა თქვენს რთველს!

- იცოცხლე, ნათელ, თქვენ რთველსაც ბარაქა მისცეს! ყურძენი მიირთვით, ყურძენი!

- ყურძენში არ მივდივართ, ხალხო?!

- ჩვენისა სხვაა, ჩვენისა სხვაა! - და არჩეულ მტევნებს გვიწვდიდნენ.

რამდენჯერმე ნატვრაც დაგვადევნეს უკან:

- ნეტავ თქვენს ვენახს, ნეტავ!

- ეგ რაღა ნეტარებაა?? - ვკითხე ნათელას.

- ბარაქიანი სტუმარი რომ მიგყავთო.

- დასაცინი თავი ზედ გაბია-მეთქი.

ამოვიდა მზე. იცი, საიდან ამოვიდა? სოფელს მთა დასცქერის, იმ მთას უნაგირა მწვერვალი აქვს, იმ უნაგირას - მწვანე ჩაღრმავება. აი, იმ ხასხასა მწვანე ბალახებში ამოვიდა შემოდგომის მცხრალი, მაგრამ ულამაზესი მზე. დავიწყეთ კრეფა.

აქეთ როგორი ვენახები აქვთ, - და ეს მე ძალიან მომწონს, - ვაზიც არის, რა თქმა უნდა, მთავარი ვაზია, მაგრამ ვაზებში ატმებიც დგას, ალაგ-ალაგ მსხლებიც, ვაშლებიც. რიგთა შორის უთესიათ ლობიო და კიტრი, მწვანილიც კი. ნათელას ვენახი კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ ფერდობის თავზეა. იმ ფერდობში ტყის ხეები ხარობს - თელა, კუნელი, რცხილა. გახვალ ვენახიდან, გადაადგები ფერდობის პირს და გადასცქერი სხვა ვენახებსა და ვერცხლისფრად გაშლილ ჭალებს. ჰაერში გაჭიმულია წვრილი, წვრილი, მბრწყინავი აბლაბუდები.

დავითითოვეთ ვედროები და კალათები. მე და ნათელა ერთად ვკრეფდით. ვჭრიდით მოკაუჭებული სასხლავა დანებით საფერავის დათრთვილულ მძიმე, მკვრივ მტევნებს და სათუთად ვაწყობდით კალათაში. მიწა იყო თითქოს ცოტა სველი, სასიამოვნოდ რბილი. ავავსებდით კალათს, მოგვიბრწყინდებოდა ზურაბი, დაავლებდა ხელს და წამში ჩასცლიდა საურმეზე გამწკრივებულ გოდრებში. დილის სუსხის შემდეგ თითქოს პატიებით გვეალერსებოდა მზე. ყველანი ვხალისობდით, სტუმრებიც და მასპინძლებიც, დიდებიც და პატარებიც. მერე თანდათანობით ჩამოცხა. მე სვიტერი გავიხადე და მოკლესახელოებიანი კაბის ამარა დავრჩი. ვაზებში რომ ვბრუნდებოდი, მეზობელი ვენახიდან ერთხელაც გაგვაგონეს:

- ნეტავ თქვენს ვენახს, ნეტავ!

მე უნებურად შევმალე შიშველი მკლავები ვაზის ფოთლებში. შემომხედეს ჩვენებმაც, გაიცინეს ტკბილად და განაგრძეს კრეფა.

- დღეს უნდა მოვრჩეთ, დღეს უნდა მოვრჩეთო! - და ყველა ჩქარობდა. გაბმულია დიდი სანათესაო ჩურჩულ-პუტუნი და თან ყველა ჩქარობს!

სამი საათისთვის ცოტა ხნით ჩავსხედით სადილად. ჩვენი სადილი იყო: წალამზე შემწვარი და კომბოსტოს ფოთლებზე წამოძრობილი თხის მწვადი, ცივი, მრგვალმრგვალი პამიდორები, გვიანი კიტრი და ღვინო. მე გაუბედავად ვიღებდი მწვადს და ამაზე გულიანად ეცინებოდათ ქალებს. სადილის შემდეგ ისევ შევუტიეთ: - აბა, ჰე, აბა, ჰეო! - ბავშვები გაგვექცნენ, ფერდობში დაიწყეს ხმაური. სამაგიეროდ ნათელას დედამ და მამამ საბოლოოდ მოიცალეს საკრეფად. ისე მოხდენილად კრეფდნენ ვაზის მაკრატლით, უნდა მდგარიყავი და გეყურებინა. ვცდილობდით ჩვენც არ ჩამოვრჩენოდით, ერთმანეთს ვაქეზებდით. მთელი ჭიქა წითელი ღვინო, ვარვარა მზე, ეს სიჩქარე და, როცა გავბედე და ჯიბის სარკეში ჩავიხედე, კინაღამ გადავირიე. ძველი სოფლის პატარძალს შეხარბებოდა ჩემი სიღაჟღაჟე. ერთი კი ჩავჯექი ნიათწართმეული, მერე ისევ ავდექი და საღამომდე აღარ შემისვენია.

მოახლოვდა საღამო. ხან ერთი ვენახიდან მოვიდოდა უცებავარდნილი მხიარული ყიჟინა, ხან მეორიდან. ეს იმას ნიშნავდა, რომ კრეფას მორჩნენ. ჩვენც მოვრჩით. ჩავიდა მზე და ჩვენც მოვრჩით. თხუთმეტი გოდორი გავავსეთ, სულ თავი მოვუბით. მე უკვე ვიცოდი, რაც უნდა მომხდარიყო კრეფის დამთავრებისას, - რომელიმე ტანსრული ქალი უნდა წაქცეულიყო კრეფის დამთავრებისას, ვენახში, კაცს უნდა წაექცია, რომ მეორე წელს იმ ქალივით დიდ-დიდი მტევნები დაესხა ვაზს. მაგრამ ვინ იქნებოდა ის ქალი? დარწმუნებული ვიყავი, რომ მე, როგორც სტუმარს, პატივს დამდებდნენ და ხელს არ მახლებდნენ. მით უმეტეს, რომ ნათელას ნათესავებში ბარე ორი იყო ჩემზე სქელი.

გავიდა ერთი ქალი და დაიწყო თმის სწორება, გავიდა მეორეც, მესამეც. მე და ნათელას ორიოდე ვაზიღა გვაქვს გამოსაკრეფი. მოდის ზურაბი, ეს უკვე ხვითქგადანადენი ჟერარ ფილიპი, კალათს ჩაჰყურებს, იცდის - ის ვაზებიც გამოვკრიფოთ. გამოვკრიფეთ, - შაბაშო! - ნათელამ, ავიმართეთ წელში და, რომ მგონია, კალათისთვის არის დახრილი ის გოგონასავით მორცხვი ბიჭი, როგორღაც ისევე, დაღუნული გამოსხლტა ჩემკენ, ადგა, ერთი შემომცინა, მარჯვენა ხელი კაი გლეხურად გრძლად გადამიტარა მარჯვენა მხრის უკან, მარცხენა გვერდში შემომიბჯინა და ერთი ეს ვიგრძენი, რომ ნიავმა დამიბერა კოჭებში, ერთიც ეს, - აესეთი ბარაქიანები! აესეთი მკვრივებიო! წამით გამაჩერა მიწაზე რბილად გაწოლილი, წამოხტა და საერთო ყიჟინ-კისკისში ვაზებს მისცა თავი.

მე რაღაც ეშმაკობა დამემართა. მაშინვე არ წამოვმდგარვარ. ჟრიამულობდნენ ჩემი კიდურები და მკერდი. თითქოს უამრავი ტოროლა ამომიფრინდა იქიდან და წავიდა ცისკენ. იმათ ჟრიამულს ვუგდებდი ყურს. მერე წამოვვარდი, დავეშვი თავქვე და ძალაუნებური სიცილით გავერიდე ყველას.

აი, როგორი რთველი იციან ამ საძაგელმა კახელებმა.

მე მაინც დადარაჯებული მოველი მერმისის მოსავალს. მაინტერესებს, როგორ მტკვნებს დაისხამს ვენახი, რომელსაც ასაზრდოებს ჩემთან შეწყვილებული მიწა. თანაც ეს იქნება ჩემი პირველი მოსავალი ამ ქვეყანაზე, და მინდა, რომ ეს მოსავალი იყოს ხვავრიელი, ბარაქიანი, სრული.

ამჯერად ჩვენ გაგვატარეთ სუფრის თავისკენ, ტანკენარებო და ჰაეროვნებო!..

იმ ღამეს აღარ გამიგია, გვიანობამდე დარჩა ჭოტი თუთაზე თუ არა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ