(საყმაწვილო მოთხრობა)
დიდი ხანია ჩვენს გიმნაზიებში მისთანა გულის-ყურიანი არავინ ყოფილა, როგორც პატარა დიტო ცალქალამანიძე გამოდგა; ნიჭს გარდა, ზნე-კეთილს, სწავლის ხალისიც დიდი ჰქონდა; დიდსა და პატარას, ვინც კი იცნობდა, ყველას უყვარდა და სულში იძვრენდა; როგორც პირველი მოწაფე, კლასიდან კლასში საჩუქრებით გადადიოდა.
მეოთხე კლასამდის ტოლი არ ჰყოლია, მაგრამ აქ კი რაღაც ალალმა დაუქროლა: გუნება შეეცვალა, სწავლაზე გული აიყარა, ახირებულობას მისცა თავი და ადრინდელი დიტოსი ნიშანწყალიც აღარ შერჩენია, თითქოს თვალი ჰკრეს და გაღალესო - აღერღილი დადიოდა.. სხვებრ კი გარეგნათ ავადმყოფობისა არა ეტყობოდა-რა; ფერ-ხორცათ კარგათ იყო და არც სიმსუქნე ჰკლებია, მხოლოთ საულვაშის ძირზე-კი აქეთ და იქით ცერცვის ოდენა სიწითლე დაჯდომოდა და ხმაც ადრინდულათ აღარ უკრიალებდა, მკვეხათ გაბოხებოდა, ცოტა ნაძალადეობაც ეტყობოდა.
შინაურები მაინცა და მაინც დიდ ყურადღებას არ აქცევდენ: „არაფერია, მოზარდეა, ამ ხანში ასე იცისო; სანამ ამისთანა დარე ბია, ტყე და ველსა ჰყავს წატყუებული, თავის ნებაზე ვეღარ ისვენებს და მისი ბრალიაო; ზამთარი რომ შინ შემოდენის, მაშინ ისევ ისე ძველ კალაპოტში ჩადგებაო. “
ასე ფიქრობდენ, მაგრამ გაუცუდდათ იმედი: ზამთარში უფროც გაჭირვეულდა ყმაწვილი; ნადირობის ჟინმა აიტაცა და დილიდან საღამომდე, რაღაი კი სასწავლებელს თავს დაანებებდა, სულ გარეთ იყო. იმ პატარა ჩიტუნიებს, ადრე რომ ისე უყვარდა და ებრალებოდა, ახლა, სადაც კი შეიგულებდა, მოსისხარი მტერივით მუსრს ადენდა!
ერთხელ ახირხლა თავის ნანადირევი, დაიჭირა ხელში და გასწია მეზობლისაკენ. იქ, ერისთვის ოჯახში, პატარა, ათი წლის მეგობარი - თინა ეგულებოდა და იმასთან მიჰქონდა ძღვნათ. პირდაპირ შევიდა ოთახში, მაგრამ ვერავინ დაინახა, თუმცა აქეთ-იქით კი თავ-მომწონეთ იყურებოდა. უცბათ ფარდა შეირხა, გამოჰყო თავი დამალულმა თინამ და „ჭიტა" ო - მიაძახა. ჯერ გაეცინა დიტოს, მაგრამ ბოლოს მოიჭმუხვნა სახე, უეცრათ დაეშვა ძირს და გაინართხა გულ-შეწუხებული. თინამ დაიკივლა. მის კივილზე უფროსები შამოცვინდენ და გულ-შეწუხებული ბავშვი რომ ნახეს, მისცვივდენ, ბევრი უსრისეს ცხვირი და ყურები, წყალიც ბევრჯელ გადაასხეს თავზე, მაგრამ არა ეშველა-რა!..
მართალია, ყოველთვის, როცა კი ცივი წყალი ესხურებოდა ხოლმე, შემკრთალი თვალებს ახელდა, მაგრამ ისევ ისე ხუჭავდა და ნაბავდა. ბევრი მეცადინეობის შემდეგ, რომ ვეღარა მოუხერხეს-რა, ერისთვიანი იძულებული შეიქნენ შინ გაეგზავნათ ხელში აყვანილი ყმაწვილი ახლა კი გამოაჭყიტეს დიტოს სახლში თვალები, შეიცხადეს და ერომანერთს დაუწყეს საყვედური: არა, შენი ბრალია და არა, შენიო. ცოლი ქმარს ამტყუნებდა: „შენ მომიკალი შვილი, შენი ბრალიაო! იძახოდი, არა უშავსრა, გაივლისო და მე, მზე-ბნელმა, დაგიჯერეო. - „ჩემი კი არა, შენი ბრალიაო!.. - პასუხს აძლევდა ქმარი, მიგიშვია მის ნებაზე თითის სიგძე ბავშვი, დარბის აქეთ-იქით ამ დიდ თოვლში, ჩიტების დევნაში ამოდის სული და ვეღარას გებულობსო, - გაცივდებოდა აბა რა მოუვიდოდაო!“
ბევრი იწუწუნეს, ბევრი ითავცემეს და ბოლოს, გული რომ იჯერეს, აფრინეს აქეთ-იქით კაცი ექიმზე. ექიმებიც მოვიდენ, გაშინჯეს ყმაწვილი, ხან მუცელზე დაადვეს ყური, ხან გულ-მკერდზე, ხან ზურგზე, ხან სად და ხან სად ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ ყველამ კი სულ სხვა-და-სხვა გვარად გამოიკვლია; ერთმა თქვა: ჭია მორევიაო, მეორე ამტკიცებდა, ჩუმი, ჩაყოლილი ცივების ბრალიაო, მესამემ გულის სისუსტეს მიაწერა, მეოთხემ კუჭს და ამ გვარათ ყველამ თავისებური რეცეპტი დასწერა და მითი გათავდა საქმე.
ავადმყოფს თვალის დასანახავათაც არ მიუკარებია მათი წამალი და დედ-მამას მხოლოთ იმას ეხვეწებოდა: სისხლი გამართვითო. უკვირდათ მისი ახირებული ჟინიანობა და აღარ იცოდენ, რა ექნათ. საჭმლის მადა კარგი ჰქონდა ბავშვს სიცხეც არ ეტყობოდა, მხოლოთ სუსტად იყო მიგდებული და წამდა-უწუმ ოხრავდა, ხან და ხან, როცა იმასთან აღარავინ იყო ხოლმე, წამოჯდებოდა და რაღაც შეფერებული ღიმილით ბუტბუტებდა: „სევდა რამე შემომყრია, სამკურნალო არა მჭირს რაო“
ნაცნობებმა დრო იშოვნეს, მიდიოდენ ავადმყოფის სანახავად და მთელი დღით რჩებოდენ, რომ გამწარებული დედა ენუგეშებიათ. სადაც კი გაეგონათ, რომელიმე სოფლის ექიმის სახელი, ყველაზე უთითებდენ და არწმუნებდენ: ვიცით რომ ის მოგირჩენსო; მარჩიელთანაც კი მიასწავლეს. ამასობაში რამდენიმე დღემ გაიარა და დიტოს კი მაინც არა ეტყობოდა-რა.
ერთ კვირა საღამოს ერისთვის ცოლი შებრძანდა სანახავად და პატარა თინაც თან მოჰყვა. შემოდგა თუ არა ოთახში ფეხი, ავადმყოფმა მოიხედა და გამოცოცხლდა. „ღმერთმა ნუ მომაკლოს შენი იმედი და ნუგეში!. დიდი ოჯახის შვილი ბრძანდები, დიდი ბედნიერი და ფეხიც ბედნიერი გაქვსო: სწორეთ შენ ფეხზე მოიხედა და გამომიბრუნდა შვილიო!“ ეუბნებოდა მასპინძელი სტუმარს. და მართლაც, დიტო წამოდგა ზეზე, ხელ-პირი დაიბანა, ტანთ ჩაიცვა და მარჯვედაც გაიარ-გამოიარა. მთელი ის საღამო ერთად გაატარეს იმან და პატარა თინამ. ის იყო და ის, - იმ დღიდან იმას აღარა ტკენია-რა, მხოლოთ უჩვეულო ახირებულობა კი თანდათან უფრო ეტყობოდა. რა იყო მიზეზი? რა და „ვეფხვის ტყაოსანი"!
დიტო ახალი გადასული იყო მეოთხე კლასში, რომ „ვეფხვის ტყაოსანი“ ჩაუვარდა ხელში და მისმა მომხიბლავმა შინაარსმა, უფრო ზღაპრულმა მხარემ, ისე გაიტაცა, რომ მეორე დღემდე თავი აღარ აუღია, აღარც ჭამა მოჰგონებია, აღარც სმა და აღარც ძილი; იმ დღიდან თავსა და გულში სულ „ვეფხვის ტყაოსნის“ გმირები უტრიალებდენ. - ღმერთმა ნუ ჰქნას, თუ ერთ დროს მეც ტარიელი არ გავხდეო! განა მე კი ვერ მო ვახერხებ გმირობასო? - ამბობდა თავისთვის დიტო.
ამ სურვილმა ისე წაიტყუა, რომ ერთ თვეს შემდეგ თავი მართლა ტარიელად წარმოიდგინა: ულვაშებს იპუწკნიდა, ხმას ძალას ატანდა, სიარულის დროს ფეხს მძიმედ, დინჯად ადგამდა და ყოველგვარ თავის ქცევას ტარიელისას უტოლებდა გუნებაში. დარწმუნდა, დარწმუნდა, რომ მართლა ტარიელი იყო! ახლა საჭირო იყო მხოლოთ, რომ სადმე სამეგობროთ შეჰყროდა ავთანდილ-ფრიდონს და ნესტან-დარეჯანიც გამოსჩენოდა.
შემთხვევამ ხელი მოუმართა: ერთ დილას, ადრე, როცა გიმნაზიაში მიდიოდა, დაინახა, რომ მეორე მხრით პატარა ქალებიც სასწავლებელში მიდიოდენ. წინა ღამის ნაავდრევი იყო და შუა ქუჩაში ნიავღვარი იდგა. პატარა მოწაფეები გაღმა გასასვლელად ქვიდან ქვაზე ადგამდენ ფეხს, რომ მშრალად ევლოთ; ზოგიერთებს უსხლტებოდათ ფეხი, ჩაჰკრავდენ ხოლმე წყალში და მაშინ სხვების სიცილს ბოლო აღარა ჰქონდა. იმათში ერთი პატარა, ათი წლის, ლამაზი გოგონა ერია; იმას კი ორივე ფეხები აუსხლტა და ჩავარდა წყალში; ამხანაგებმა სიცილი დაატანეს, მაგრამ პატარა დიტომ კი უცბად გასტყორცა განზე წიგნებით გატენილი ჩანთა და მიაშურა. წყალი კოჭებამდის თუ შესწვდებოდა, მაგრამ დიტომ მაინც მღელვარე ზღვად წარმოიდგინა, ჩაწვა შიგ და ხელებსა და ფეხებს აპარტყუნებდა, ვითომ ვცურავო.
მაყურებლებს ეგონათ, თუ ისიც წაიქცაო და მოუმატეს სიცილ-ხითხითს; მცურავს მათთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, სულ მუცლის ხოხვით მივიდა წყალში ჩამჯდარ პატარა ქალამდის, მოჰკიდა ხელი და გამოიყვანა გამოღმა, მერე წიგნები და კალოშები ამოუღოთ წყლიდან, ურჩია შინისკენვე დაბრუნება და თვითონაც, როგორც მხსნელი და მფარველი, თან გაჰყვა. პატარა გოგო გამოდგა ერისთვის ქალი, - თინა. ერისთვისას გაწუმპული ბავშვი რომ ნახეს და მიზეზიც შეიტყვეს, ქალს ტანისამოსი გამოუცვალეს, დიტოსაც გაუმშრალეს, მადლობა უთხრეს და გაისტუმრეს.
ამ დღიდან დაიწყო მათი ნაცნობობა და ხშირადაც ხედავდენ ხოლმე ერთმანეთს. „ესეც ხომ შენი ნესტან-დარეჯანიო!“ ფიქრობდა დიტო და სიხარულით თავს ზეცას აჭერდა. თავის აზრი და რწმენა ნელ-ნელა პატარა მეგობარსაც შეატყობინა; წაუკითხა „ვეფხვის ტყაოსანი“ და იმდენი ეჩიჩინა, რომ გულში ძალა უნებურად შეჰგვარა ნესტან-დარეჯნობა. იმ სახლშივე მცხოვრებ მესარეცხეს პატარა გოგოსაც ასმათობა აკისრებიეს. გიმნაზიაშიაც დიტომ ერთი ამხანაგი გაიავთანდილა, ფრიდონიც უმცროს კლასში გაიჩინა და გაიმართა პატარა მეგობრებს შუა ნამდვილი ნესტან-ტარიელობა! დიტო ისე გატაცებული იყო სურვილით, რომ „ტარიელი" დამიძახეთო - ეუბნებოდა თავის ახლო მეგობრებს.
ჩიტები რომ ძღვნად მიიტანა, იმ დღიდან მაინც ეჭვი აღარ ჰქონდა თავის ტარიელობაზე. ჩვენი ორივეს თავგადასავალი ერთი და იგივეაო, - ამბობდა. მოუმატა თავგასულობას და მეზობლებს თავს აბეზრებდა. იმ უბანში, სადაც ცალქალამანიძის ოჯახი იყო, მოსვენება აღარავის ჰქონდა მისგან; კატა არსად გაექცეოდა: ვისიც უნდა ყოფილიყო, თვალს მოჰკრავდა თუ არა, გამოუდგებოდა, დაიჭერდა, ხან ჰკოცნიდა და ხან კედელს ახლიდა, ვითომ და ტარიელის ვეფხვ-ლომებიაო. პატარა ლეკვებსაც აწვალებდა, დიდ ძაღლებს კი შორიდან ესროდა ხოლმე ქვებს; პატარა ბიჭებს, რომელსაც კი დაიბრიყვებდა, უმიზეზოდ და უწყალოდ ანარცხებდა მიწაზე; დიდებს ერიდებოდა, მაგრამ გულში მაინც ამბობდა: ნეტავი ერთი ხელს მომკიდებდენ, რომ ისინი ყირაზე გადვიყვანო, გადავაბრუნო, დაბლა ზურგით მტვერი ვახვეტინო და მაღლა ვარსკვლავები ვათვლევინოვო!..
ამას დატრაბახებით კი არ ამბობდა, მართლა ეგონა! იჭიმებოდა, იბერებოდა და სწავლაში კი თანდათან იჩუტებოდა. ამ ხანებში თინამაც აიცრუა გული სწავლაზე. მისმა მასწავლებელმა ქალმა შესჩივლა ერისთავის კნეინას: თქვენი ქალი აღარ სწავლობს და ეს სულ დიტოს ბრალიაო: მეტად ხშირად მოდის თქვენსა, თამაშობენ, ცელქობენ და ვეღარას ასწრებენო.
კნეინამ იუცხოვა: - ჩემი ბრალია, რად მივეცი ნება, რომ ვიღაც ცალქალამანიძის შვილს ჩემ ქალთან ტოლ-ამხახაგობა დაეჭირაო. დაიკრა მუხლებზე ხელი და ბრძანა დიტოს დათხოვა. დიტომ რომ გაიგო, მწარე ცრემლები დაღვარა, მაგრამ თავი მაინც მალე ინუგეშა მით, რომ რადგანაც ტარიელი ვარ, მისი ჭირიც უნდა ვიტვირთო და უბედურება ავიტანოვო. დაემორჩილა შავ ბედს და წამდაუწუმ ბუტბუტებდა: შორით ბნედა, შორით კდომა, შორით დაგვა, შორით ალვაო...“
ამასობაში ერთმა-ორმა თვემ გაიარა; მეგობრებს ერთმანეთი აღარ უნახავთ, თუმცა პატარა თინა მის გუვერნანტს ხშირად დაჰყავდა ხოლმე საღამოობით აქეთიქით ბაღებში, უფრო ხშირად კი ვერისაკენ - სასაფლაოზე. მოთმინებიდან გამოსულმა თინამ აცნობა დიტოს: თუ არ დაგვიწყებივარ, ვერის სასაფლაოზე გამოდი ხოლმე საღამოობით და ერთხელაც იქნება, იქ მნახავო. ეს იყო პირველი წერილი, თინასაგან მინაწერი, თუმცა რუსულად, მაგრამ მაინც მისი ხელით დაწერილი.
კინაღამ გაგიჟდა სიხარულით დიტო! გულზე დაიდვა უსტარი და ზედ სიხარულის ცრემლები დაღვარა. წამდაუწუმ საათს დაჩერებოდა; წამი საათად ეჩვენებოდა და საათი დღედ. ძლივს მოესწრო საღამოს და გასწია სასაფლაოსაკენ. იქ მართლა დაინახა თინა, მისი გუვერნანტი და ერთი ვიღაც უცხო ახალგაზდა და წინ შეეფეთა, ვითომ უცაბედად. პატარებს ეამათ ერთმანერთის ნახვა. ქალმა უთხრა ბავშვებს: „თქვენ აქ დარჩით, ითამაშეთ, ჩვენ კი ქვეითკენ წავალთ სასაფლაოს ქვების დასათვალიერებლადო“ - გამოუყარა ხელი მკლავში ახალგაზრდა ვაჟს და გადაუხვიეს განზე.
დარჩენ პატარები მარტო. ერთ ხანს შეჩერდენ ხმა ამოუღებლად, მერე ხელი მისცეს ერთმანეთს და აკოცეს, დასხდენ იქვე საფლავის ქვაზე და დაიწყეს საუბარი. დიდი ხნის უნახავებს ბევრი ჰქონდათ სათქმელი და ერთმანეთს აღარ აცლიდენ ლაპარაკს. იმდენი იტიტინეს, რომ დაღამებამ მოატანა და უფროსები კი ჯერ მაინც არსად ჩანდენ. თინას გულში შიში შეეპარა, გამოუტყდა დიტოს და უთხრა: „წავიდეთ, ჩვენები მოვძებნოთ, დავუძახოთო!“ დიტომ მედიდურად გადაიქნია თავი და უსაყვედურა:
- ჰაი, ჰაი, რისა გეშინია?! მე აქ არა ვარ? მთელი ჯოჯოხეთიც გარს რომ მოგვადგეს, მაინც გავუმკლავდები, მოვიგერებ და შენ კი არას გაგიჭირვებო!
ჯოჯოხეთის ხსენებაზე თინა უფრო შეკრთა და დიტოსაც თვალები გაუდიდდა... ერთი კიდეც მოიხედა უცბად უკან. პატარა ქალი მაინც არ მოეშვა და დააპირეს წასვლა. წასვლისა და გამოთხოვების წინ ფიცი დასდვეს: ერთმანეთს არ ვუღალატოთ და ჩვენც ნესტან-დარეჯანსა და ტარიელისავით ჭირი და განსაცდელი ავიტანოთო.
- ვინც გასტეხს ფიცს - თქვა დიტომ - იმას მოხვდეს შიგ გულში ცხელი ტყვიაო..
- აგრე იყოს! გაიმეორა თინამ, - ცხელი ტყვიაო!
ეს რომ თქვეს და გაათავეს, ზედ ბეჭდის დასმაც მოინდომეს და მიიწიეს ერთმანეთთან საკოცნელად. სწორეთ. ამ დროს საფლავიდან ამოიძახა ვიღაცამ, „ტყვიაო!“
ბავშვები შეკრთენ, აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედეს, ვერავინ დაინახეს, იფიქრეს, მოგვეჩვენაო, მაგრამ კიდევ გამოისმა ხმა სამარიდან სამჯერ ზედიზედ: „ტყვია, ტყვია, ტყვიაო!“
ახლა კი ფერი ეცვალათ პატარა გმირებს. თინას გული შეუწუხდა, დიტო დაფრთხა, იკადრა ტარიელობაზე ხელის აღება, დაავიწყდა მისი ნესტან-დარეჯანი, მიატოვა და მოჰკურცხლა ყვირილით: „გვიშველეთ, მკვდრები გაცოცხლდენო!“ მის ყვირილზე მოიჭრენ სასაფლაოს მცველი, ფრანცუზის ქალი, ახალგაზრდა კაცი და ერთი-ორი კიდევ სხვაც, იქ ახლოს მყოფი. მოასურსუმალეს გულშემოყრილი თინა, დაამშვიდეს დიტო და მერე გამოჰკითხეს რა ამბავია, რამ შეგაშინათო.
ბავშვები ხმის კანკალით ძლივს იმეორებდენ, მკვდარი გაცოცხლდაო... გაუკვირდათ. სასაფლაოს მცველმა თქვა: აგერ ორი კვირაა, რაც ეს მკვდარი აქ დამარხეს და ახლა მოაგონდა გაცოცხლებაო? ახალგაზდა კაცმა უპასუხა: შეიძლება საღათას ძილით იყო შეპყრობილი და ახლა გამოიღვიძაო. გადააბრუნეს საფლავის ქვა და რა ნახეს? თვალგამოკუსული ბაყაყი წამოცუცქულიყო ქვის ქვეშ და იძახოდა: „ყვია“ო.
დიდებმა სიცილი აიტეხეს, მაგრამ პატარებს კი ძვირათ დაუჯდათ ეს შემთხვევა; თინას იმ ღამეს სიცხე მისცა, კინაღამ ანთებად გადაექცა და გათენებამდე აბოდებდა ტარიელს, ლომებს, დიტოს, ბაყაყს და სხვებს. დიტოს, გარდა სირცხვილისა, არა დამართნია-რა, მაგრამ ერჩია კი, რომ ავადაც გამხდარიყო და კიდეც მომკვდარიყო. „რაღა ვარ ახლა და რა სახსენებელიო? ჩემი თავი გმირთა-გმირი მეგონა, ტარიელობას ვჩემობდი და ნაცარქექია კი გამოვდექიო!.. რას იტყვის თინა და რაღა პირით შევხედო, რომ მთელი ჯოჯოხეთის მოგერიებას ვპირდებოდი და ერთ ბაყაყს კი შევუშინდი, მივატოვე გულშეწუხებული მეგობარი და გავიქეციო!“
ისეთ მწუხარებაში ჩავარდა, რომ სირცხვილით თავს ვეღარსად ჰყოფდა. ამ ჭირს ზედ კიდევ უარესიც დაერთო: ავთანდილმა უღალატა და გამოამჟღავნა ტოლ-ამხანაგებში მისი საკუდაბზიკო თავგადასავალი. ამხანაგებმა აიგდეს საცინლად, აიბუეს და მოსვენებას აღარ აძლევდენ:
- ბატონ ტარიელს გაუმარჯოსო - ეტყოდა ხოლმე ერთი;
რასა იქმს თქვენი ნესტან-დარეჯანიო? - ეკითხებოდა მეორე;
- სულ გაწყვიტე ლომ-ვეფხები, თუ კიდევ დარჩენო? – დასცინოდა მესამე.
საბრალოს სირცხვილით პირი უშრებოდა, ნერწყვს ვეღარ ჰყლაპავდა და იყო თავისთვის ჩუმად. ისეთ სინანულში ჩავარდა, რომ აღარ იცოდა, რა ექნა; თავ-რეტი ესხმოდა, კლასში ტყუილა იჯდა, აღარაფრისა აღარა გაეგებოდა რა. დარჩა იმ წელიწადს მეოთხეშივე.
- მადლობა ღმერთს - ჰფიქრობდა - ეს უსიამო ამხანაგები მაინც მომშორდენ და ეგებ მოვისვენოო.
გაუცრუვდა იმედი: ახლებმა უარესი დღე დააყენეს. აუტანელი იყო მისი მდგომარეობა: სახლში შინაურები უჯავრდებოდენ, კლასში ტოლები იგდებდენ სასაცილოდ და მასწავლებლებიც ისე უყურებდენ, როგორც ფუჭსა და გამოუსადეგარ ახალგაზდას. განიზრახა თავის მოკვლა, მაგრამ ჯერ კიდევ ყოყმანობდა, არ იცოდა, რა გზა აერჩია, ხეზე ჩამოეხრჩო თავი თუ წყალში გადავარდნილიყო.
სადაც დიტო სწავლობდა, იმ გიმნაზიაში ერთი ახალგაზდა ქართველი მასწავლებელი იყო, რომელიც სხვებს არა ჰგავდა. ის მიტომ კი არ მსახურობდა, რომ ჯამაგირი აეღო და უფროსების გული მოეგო, - თავის პირდაპირ მოვალეობად თვლიდა, რომ ნორჩი მოწაფეების გულში კეთილი სურვილი აეძრა და ახალგაზრდობა სწორ გზაზე დაეყენებინა. ის ძალიან აკვირდებოდა სააბრალო დიტოს ყოფა-ქცევას და სხვებს რომ აბუებული ჰყავდათ, ის სიამტკბილობით და მამა-შვილურათ ექცეოდა.
დიტო აფასებდა მის ყურადღებას, სულით და გულით უყვარდა მხოლოდ ის ერთადერთი კაცი და რომ გადაეხადა რითიმე მისი სიკეთე, მის საგანს საუცხოვოდ სწავლობდა, მაშინ როდესაც სხვებისას ყურადღებასაც აღარ აქცევდა. ბევრჯერ საკმაო იყო ხოლმე იმ მასწავლებლის ერთადერთი ალერსიანი სიტყვა, რომ გაბოროტებული დიტო კარგ გუნებაზე დაეყენებია.
ერთ საღამოს დაიბარა სახლში; დიტოც, რასაკვირველია, სიხარულით მივიდა მასთან. მასწავლებელი ისე კი არ დაუხვდა პატარა სტუმარს, როგორც უფროსი უმცროს, - ამხანაგურად მიიღო, მოისვა გვერდით და იმდენი ელაპარაკა სხვადასხვა საქმეებზე, რომ სულ დაავიწყდა ბავშვს თავისი ვინაობა. პატარა სტუმარმა წარმოიდგინა, რომ ჩემ ტოლ-მეგობარს ვუზივარ გვერდითო, გაიხსნა ნელნელა გული და თითო კაკლად უამბო თავისი თავგადასავალი.
მასწავლებელი გულდაგულ უსმენდა, ერთხელაც არ მოსვლია ღიმილი მის კუდაბზიკობაზე და რომ გაათავა თვალ-ცრემლიანმა ბავშვმა თვისი მწარე ამბავი, ჰკითხა: - მერე რა არის მანდ სასირცხო და სასინანულო? ძალიან კარგი სურვილები გქონია და კიდევაც ეცადე, რომ შენი განზრახვა შეასრულოო! ის ახალგაზდა, რომელსაც ტარიელი არ მოწონს, არ ცდილობს, რომ მას მიჰბაძოს, ჩალადაც არა ღირს და მისგან სახეიროც არა გამოვა-რაო. ტარიელ-ავთანდილობა რა დასაძრახისია? შენ მხოლოდ შემცდარხარ, სხვა გზით წასულხარ, თვარა კარგის მეტი არა ჩაგიდენია-რაო.
გაოცებულ დიტოს ეგონა, რომ ესეც დამცინისო და მიაჭყიტა თვალები.
- ჩემო პატარა მეგობარო - განაგრძო მასპინძელმა -ტარიელ და ავთანდილები ყოველთვის და ყოველგან ყოფილან და არიან კიდეც საჭირო. ის ხალზი, რომელიც ტარიელ-ავთანდილებს ვერ წარმოშობს და ვერ გამოზრდის, ხალხადაც აღარ იხსენება, უბედურია და გაჰქრება დედამიწის ზურგზე; ჩვენს ქვეყანას ღმერთმა აშოროს ეს ხვედრი! ვყოფილვართ და კიდეც უნდა ვიყოთ. ერთი საუკუნე მეორეს აღარა ჰგავს, დრო სხვადასხვა არის და ამიტომაც გმირები თავ-თავის შესაფერი ჰყავთ. ადრინდელი, რუსთველის დროს, სხვა იყო და ახლანდელი, ჩვენი, კიდევ სულ სხვაა, ერთმანერთს აღარ ჰგვანან ფერ-შეცვლილობით; მაშინ ფიზიკურ ძალაზე იყო ყველაფერი დამყარებული: მახვილ-იარაღით შემოესეოდა ქვეყანას მტერი და თუ დამხვდერად ტარიელ-ავთანდილები ვერ მიეგებებოდენ ფარ-ხმალით, რაღა გადაარჩენდა ქვეყანას? მაშინ ვაჟკაცობა და მკლავის ძალა საჭირო იყო, - მტაცებლობისა და სისხლის ღვრის დრო იყო; დღეს კი სწავლა-მეცნიერებაზეა ყველაფერი დამოკიდებული, მკლავის ძალა გრძნობა-გონების ძლიერებად შეიცვალა, ფარ-ხმალის ადგილი ენამ დაიჭირა და შვილდ-ისრისა... საწერ-კალამმა.
- მაშ დღეს ტარიელები აღარ არიან საჭირო? დაეკითხა ცოტა გულდაწყვეტილი დიტო.
- უფროც! უფროც! - უპასუხა საჩქაროდ მასწავლებელმა, - მართალია, დღეს გარეშე მტრები აღარ გვესევიან, ვეღარც ქაჯებსა ვხედავთ და ვეღარც ხატაელებს, მაგრამ ის უგნურება და უმეცრება, რომელიც ჩვენს ხალხს გარს არტყია, იგივე ქაჯები და ხატაელები არ არიან? ქვეყნის ბედნიერება, თავისუფლება, ეს ყოველი ერის „წმიდათა წმიდა“, უგნურებასა და უმეცრებას რომ ჩაუგდია ხელში, იგივე ნესტან-დარეჯანი არ არის ქაჯეთის ციხეში ჩამწყვდეული? გამოხსნა უნდა და თუ ტარიელ-ავთანდილ-ფრიდონები არ გვეყოლებიან, ვინ უნდა გამოიხსნას?
დიახ, ჩემო კარგო, როგორც ტარიელი იმ დროს ბურთაობით, ცხენოსნობით და ნადირობით იწვრთნო და იდიდებდა და იმაგრებდა ძალ-ღონეს, სანამ არ დავაჟკაცდა და მერე გამოვიდა ბრძოლის ველზე, ისე თქვენც დღესვე, ამ თავითვე უნდა ავარჯიშოთ ჭკუა-გონება სატარიელოდ. თქვენი სანადირო ტყე-ველი, თქვენი საბურთაო მოედანი სასწავლებელია. როგორც პატარა ტარიელი იჭერდა და ერეოდა სხვადასხვა მხეცებს, ისე თქვენც უნდა დაიჭიროთ ხოლმე ხელში და სძლიოთ, მოერიოთ სხვადასხვა სამეცნიერო წიგნებს, გაიმტკიცოთ, გაიმაგროთ გრძნობა-გონება და მერე გამოხვიდეთ ქვეყანაში სავარჯიშოდ, საგმიროდ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ კი, რომ, როგორც ტარიელი ვერას გახდა მარტო, სხვების დაუხმარებლად, ისე ვერც არას თქვენ გახდებით.
ჩვენი ქვეყნის მზე და მთვარე მარტო ქართლ-კახეთში კი არ ამოდის, - მრავალკუთხიანია საქართველო. უნდა გამონახოთ ყოველგან ავთანდილ-ფრიდონები, დაიმეგობროთ და შეთანხმებული სურვილით, შეერთებული ძალით, იმოქმედოთ, რომ მათი თანაგრძნობით ჭირი ადვილად მოიქარვოთ და ლხინში თავი დაიჭიროთ.
- არიან კი ჩვენში მაგისთანა ქალები? - კიდევ ჰკითხა დიტომ.
- ჯერ არა! ახლა უფრო ფატმანების დროა. ეს დიდი შეცდომაა, მაგრამ ბრალი არ ედებათ ჩვენს ქალებს: ის დღევანდელი უკუღმართი გაზრდის ბრალია! მრუდე გზით მიჰყავთ და თქვენი ვალია, რომ დაუხვდეთ ხოლმე გზაში, შეაჩეროთ და სწორზე გადახვევიოთ.
- ჩვენ?.. მაშ შეიძლება, რომ პატარა ერისთვის ქალიც გათინათინდეს?
- უეჭველია! ჩვენში, როგორც ერისთვის, ისე ცალქალამანიძის ქალებიც, ყველა ერთგვარად თინა თინ-ნესტანებად არიან გაჩენილი, მაგრამ დრო აუკუღმართებთ და აფატმანებთ.
- შეიძლება, ეს ყველაფერი, რაც ბრძანეთ, გადავცე სხვებსაც?
- ერისთვის ქალს?.. რატომ არა, მაგრამ ჯერ კი ნება არა გაქვს. როდესაც შენ თვითონ სწორ, სატარიელო გზაზე დადგები და ბაყაყით შეშინებული ნაცარქექიას აღარ ეგვანები, მაშინ გადაეცი და ისიც უფრო დაგიჯერებს.
პატარა მოწაფე აღტაცებით ისმენდა მოძღვრის სიტყვებს და ტანში რაღაც უჩვეულო, სანეტარო ჟრუანტელი უვლიდა. მივარდა უცბად და მოუნდომა თვალცრემლიანმა ხელებზე კოცნა, მაგრამ, უფროსმა აღარ აცალა, მიიკრა გულში მტირალი ბავშვი და, ტკბილად მომღიმარი, თავზე უსვამდა ხელს. ამ ერთმა წამმა შესცვალა სამარადისოთ დიტოს ბედი. სასიკვდილოდ თავგადადებული ბავშვი გამობრუნდა, გამოცოცხლდა და გაუსვა სწავლას ხელი. ბევრ ხანს აღარ გაუვლია, დაკარგული პირველობა დაიბრუნა; უკვირდა ყველას და მიზეზი ვერ გაეგოთ; იცოდა მხოლოთ ორმა ამ მიზეზის საიდუმლო - დიტომ და მისმა საყვარელმა მოძღვარმა.
დიტომ ოქროს მედლით გაათავა გიმნაზია და გაიგზავნა უმაღლეს სასწავლებელში სახელმწიფო ხარჯით.
ერისთვის ქალი რაღა იქნა? იმანაც გაათავა საქალებო გიმნაზია, მაგრამ მერეც სწავლისთვის თავი არ დაუნებებია. თავის სამშობლოს დაუდვა გრძნობა-გონება და რომ მისი ქვეყნის წარსული და მომავალი უკეთ გაეთვალისწინებია, შეისწავლა დედა-ენა, ისტორია, რამდენიც კი შესაძლო იყო, ლიტერატურა და სხვანი. სულ იმის გამოკვლევაში იყო, თუ რას აკეთებდენ ჩვენი ძველი დედები, რა ხელსაქნარი იცოდენ და როგორ ცხოვრობდენ, რომ მათი მიბაძვით ახალი დროის შესაფერად ისიც მათ კვალში ჩამდგარიყო.
სახელი გაითქვა; გამოუჩდენ საქმროები - ჯინჯილებიანი გვარის შვილები, მაგრამ თინა უარზე იდგა: „თუ კაცი თვითონ არ ვარგა, ცუდია გვარიშვილობაო", - ამბობდა გუნებაში და თანვე მოიგონებდა ხოლმე ცალქალამანიძეს. „მისმან მზემან, უმისოსა არვის მიხვდეს მთვარე მისიო...“