სარდაფის კუოხეში, აგურსა და აგურს შორის რომ ერთი ხვრელია, ცხოვრობდნენ დედა-ობობა და მამა-ობობა. სამი შვილი ყავდათ და სამივენი პატარა ობობები იყვნენ.
როცა პატარა ობობები წამოიზარდნენ, მშობლებმა ცნობილ ობობა-ფეიქარს მიაბარეს ხელობის შესასწავლად. აბა, ობობა რისი ობობაა, თუ აბლაბუდას ქსოვა არ იცის.
ობობა-ფეიქარი დიდ სარდაფში ცხოვრობდა. სარდაფის ოთხივე კუთხე მისი და მისი მეგობრების ნახელავით იყო მოქარგული.
ორმა პატარა ობობამ უცებ ისწავლა ქსოვა. მესამე კი უნიჭო გამოდგა. ბევრი ეცადა, მაგრამ ვერ იქნა და ვერ დაეუფლა ამ ხელობას. ბოლოს მობეზრდა და სარდაფში დაიწყო სეირნობა. უცებ ბზუილი შემოესმა. დაინახა, აბლაბუდაში ბუზი გახლართულიყო. მივიდა და გაკვირვებულმა ჰკითხა ბუზს:
- როგორ ბზუიო?!
ბუზისათვის მეტად მოულოდნელი იყო ეს შეკითხვა და წამით შეწყვიტა ბზუილი. მერე უპასუხა:
- გამათავისუფლე და გასწავლი ბზუილსო.
ობობამ იმ წამსვე გაათავისუფლა ბუზი და ბუზმაც მაშინვე შეასრულა დანაპირები - ასწავლა ბზუილი.
ის დღე იყო და პატარა ობობა სადაც კი აბლაბუდას ნახავდა, შიგ ჩაჯდებოდა და ბზუოდა. ყოველი მხრიდან თავქუდმოგლეჯილი გამორბოდნენ დიდი ობობები და თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც მსხვერპლის ნაცვლად პატარა ობობა შერჩებოდათ ხოლმე ხელში. გაწბილებულნი და გაგულისებულნი ბრუნდებოდნენ უკან.