მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 375 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მათე ამ დღეს თავის თავზე ათჯერ უმცროსი იყო. მან თბილ ქართულ პურზე კარაქი წაუსვა, ხოლო კარაქზე - თაფლი, და ჭამა-ჭამით ეზოში ჩავიდა.

თაფლი თვითნებობდა! ხან ერთი მხრიდან ცდილობდა გადმოღვრას, ხან მეორე მხრიდან. მათე ცდილობდა, თაფლი არ დაღვრილიყო, რადგან იცოდა, რა უსიამოვნების მოტანა შეეძლო ერთ წვეთ თაფლსაც კი. 

მაგრამ ერთი წვეთი თაფლი მაინც დაეცა მოლზე. მათეს ეს არ შეუმჩნევია.

და მოხდა ისეთი რამ, რასაც არავინ მოელოდა.

მოფრინავდა თეთრი პეპელა და ქვევით, მოლზე უდარდელად მოფარფატებდა მისი შავი ჩრდილი. პეპელამ როდესაც იმ ადგილს გადაუფრინა, სადაც თაფლის წვეთი დაეცა, მისი ჩრდილი თაფლს მიეკრა.

პეპელამ ეს ვერ შენიშნა და გზა განაგრძო, და თაფლს მიკრული მისი ჩრდილი საბრალოდ ფარფატებდა და ამაოდ ცდილობდა გათავისუფლებას.

ამ დროს, სად იყო და სად არა, თაფლის წვეთთან ფუტკარი გაჩნდა. მან სასწრაფოდ შესვა თაფლი და პატიმარი გაათავისუფლა. 

პეპელას ჩრდილმა მიმოიხედა და როცა თავისი პატრონი ვერ იგულა, ფუტკარს აედევნა. აბა ჩრდილი რისი ჩრდილია, თუ ვინმეს არ აედევნა.

ამაზე ფუტკრის ჩრდილი გაბრაზდა, თავის პატრონს ჩამორჩა და სხვასაც დაეკარგა და თავის თავსაც.

ფუტკარი სკასთან მიფრინდა. მან ჯერ არც კი იცოდა, რომ მას პეპელას ჩრდილი მოსდევდა. ეს მან მაშინ გაიგო, როდესაც სკაში არ შეუშვეს. უთხრეს ჩვენს სკაში ისედაც სივიწროვეაო და მაგოდენა ჩრდილისათვის ადგილი სადღა გვექნებაო.

მაშინღა დახედა ჩრდილს ფუტკარმა და საკუთარი, წერტილივით ჩრდილის ნაცვლად თეთრი პეპელას უშველებელი ჩრდილი შერჩა.

გული დასწყდა ფუტკარს თავის პატარა ჩრდილზე. მათ ხომ ერთად მთელი სიცოცხლე გაატარეს.

იმედს მაინც არ კარგავდა: ალბათ პეპელას ჩრდილში ჩემი პატარა ჩრდილი დამეკარგაო. დავუბრუნებ თეთრ პეპელას თავის ჩრდილს და ჩემი მე დამრჩებაო.

ფუტკარი შემობრუნდა და პეპელას დაუწყო ძებნა. მაგრამ ეზოში საშინელი არეულობა დახვდა:

თურმე ფუტკრის გაბრაზებულმა ჩრდილმა გოჭის ჩრდილს უკბინა (კბენა მან პატრონისაგან ისწავლა). გოჭის ჩრდილიც ჭყივილით გაიქცა (გოჭის ჩრდილმაც პატრონისაგან ისწავლა ჭყივილი) და დინგით - გააგდო ინდაურის ჩრდილი. ინდაურის ჩრდილი წიწილას აედევნა. წიწილას ორი ჩრდილი აღმოაჩნდა. ციკნის, ბატკნის და ხბოს ჩრდილებმაც დატოვეს თავიანთი პატრონები და ისინიც წიწილას აედევნენ. მიდის წიწილა და მიათრევს ხუთ ჩრდილს. ძალიან უჭირს. ღონე ელევა. ქანცგალეული ეცემა მოლზე... ძაღლი დარბის ეზოში, უყეფს თავის ჩრდილს, სურს როგორმე გაექცეს მას, მაგრამ ჩრდილი თავქუდმოგლეჯილი დასდევს პატრონს. ბოლოს მაინც დაუტოვა თავისი ჩრდილი თეთრ ყვავილს, ხოლო თვითონ თეთრი ყვავილის ჩრდილი გაიყოლია. უნდა გენახათ, როგორ განაზდა მურა. ის თითქოს თვითონ გახდა თეთრი ყვავილის ჩრდილის ჩრდილი. ცდილობდა მისთვის მიებაძა და მასავით ირწეოდა, აღარ იცოდა, რა ექნა. ხოლო თეთრ ყვავილთან დარჩენილი ძაღლის ჩრდილი ადგილიდან ვერ იძროდა, თითქოს დაჭედესო. მხოლოდ კოჭლი ანკარა ვერ შეელია თავის ერთგულ ჩრდილს. ანდა როგორ შეელეოდა, როდესაც იგი თავისივე ჩრდილზე მიხოხავდა.

კიდევ ერთ ჩრდილის ერთგულების ამბავს მოგახსენებთ. ყვინჩილის თავმოკვეთილი ჩრდილისას. ის იქ ხვდებოდა თავის პატრონს, სადაც დაეცემოდა. მოკლედ აირია ეზოს საქმე. ვისი ჩრდილი ვისთან იყო, ვერავინ გაიგებდა: თუთის ჩრდილი ალვისა გახდა, ალვისა - ლეღვის, ლეღვისა - კვიცის; ჭის ჩრდილიც კი სხვაგან წავიდა. ჭაში კი ისეთი ნათელი იდგა, თითქოს შიგ დღე ჩავარდნილიყო.

მხოლოდ პეპელა იჯდა ღობეზე და დარდობდა: ნეტა სად დავკარგე ჩემი ჩრდილიო. 

როდესაც მათე ეზოში გამოვიდა, ჩრდილები უკვე თავისთვის დაჰქროდნენ, ხოლო მათი პატრონები - თავისთვის.

მათე ეზოს შუაგულისაკენ გაემართა და დადგა. მან უმწეოდ მიმოიხედა და ბოლოს თავის ჩრდილს დახედა. შეეშინდა, ვაი თუ მეც გამექცა ჩემი ჩრდილიო. მისი ჩრდილი მას ახლდა.

მათე ჩაფიქრდა. არ იცოდა, რა ეღონა. მან იცოდა, რომ ვერც ერთ ჩრდილს ვერ მოიხელთებდა.

მაშინ მათეს ჩრდილმა გადაწყვიტა ეშველა თავისი პატრონისათვის. მან, უპირველეს ყოვლისა, ანიშნა მათეს - მე მომანდე ჩრდილების მორეკვაო, ოღონდ შენ გამათავისუფლეო. მათემ გაათავისუფლა თავისი ჩრდილი და ისიც მოწყდა თავის პატრონს და დაედევნა აბეზარ ჩრდილებს. ყველა ისინი შერეკა ერთ უზარმაზარ ჩრდილში - მათეს სახლის ჩრდილში. მათეს ჩრდილი იქვე დადგა, რათა არც ერთი ჩრდილი იქიდან არ გამოპარულიყო.

მათეს უფრო გაუჭირდა უჩრდილო ცხოველებისა და ფრინველების შერეკვა სახლის ჩრდილში. ეს იმიტომ, რომ თავისი ჩრდილისაგან გათავისუფლებული სხეულები ისე განებივრდნენ, რომ მათი შეკრება ძალიან გაჭირდა.

ბოლოს, როგორც იქნა, მათემ ისინი სახლის ჩრდილში შერეკა. შერეკა და თავისი ჩრდილის მაგივრად დარაჯად დაუდგა ეზოს ბინადართ.

ახლა საჭირო იყო ყოველი მათგანი სათითაოდ გამოსულიყო სახლის ჩრდილიდან: ჯერ გამოვიდა მურა და მას გამოყვა მისი ჩრდილი. მურამ მოიხედა და როცა თავისი ჩრდილი იცნო, ჯერ შეუბღვირა, მაგრამ მერე მოლბა და თამაში დაუწყო.

მერე წიწილაც გამოხტა ჩრდილიდან. მას ჩრდილიც გამოჰყვა. წიწილას ისე ემსუბუქა თავისი ჩრდილი, რომ ეგონა, კვლავ უჩრდილოდ ვარო და ხტუნვახტუნვით განაგრძო გზა. უცებ მისი ჩრდილი მის წინ აღმოჩნდა. გუნება გაუფუჭდა და თავისი ჩრდილი უკან მოიგდო. ჩრდილი კი იმდენს ეცადა, რომ კვლავ მის წინ აღმოჩნდა. გაბრაზდა წიწილა და თავის ჩრდილს კორტნა დაუწყო, მაგრამ მაინცდამაინც თავისივე ნისკარტის ჩრდილის წვერს უკაკუნებდა. ეს მანამდე გაგრძელდა, სანამ ფეტვის მარცვალს არ წააწყდა, და იმ დღის შემდეგ, წიწილა თითქოს თავის ჩრდილს კორტნის, სინამდვილეში კი ფეტვის მარცვლებს ეძებს.

შემდეგ მოვიდა ჭუკის ჩრდილი. როდის-როდის იყო, მას გამოჰყვა თავად ჭუკი.

შემდეგ სახლის ჩრდილიდან გამოვიდნენ სხვები და თითოეულს მოჰყვებოდა თავისივე ჩრდილი.

ბოლოს გამოფრინდა ფუტკარი, რომელსაც თეთრი პეპელას ჩრდილი გამოჰყვა. პეპელა კი ამ დროს კვლავ ღობეზე იჯდა და დარდობდა: სად დავკარგე ჩემი ჩრდილიო. 

ფუტკარმა დაინახა ღობეზე მჯდარი დაღვრემილი პეპელა და გადაუფრინა. იცნო თუ არა პეპელას ჩრდილმა თავისი პატრონი, მყისვე მის ფერხთით მოიკალათა.

ახლა კი ფუტკარს წაუხდა გუნება. თავისი წერტილივით პატარა ჩრდილი მას პეპელას ჩრდილში დაკარგული ეგონა, მაგრამ ახლა ეს უკანასკნელი იმედიც გაუქრა. მიდი და ეძებე წერტილივით პატარა ჩრდილი ამოდენა ეზოში.

ფუტკრის ჩრდილის ძებნაში მთელი ეზო იღებდა მონაწილეობას. ეძებეს, ეძებეს და ვერ ნახეს. ბოლოს გოჭმა აღიარა: ფუტკრის ჩრდილმა ჩემს ჩრდილს უკბინა, გააგდო და მე ამედევნაო; მე გუბეში ჩავწექი და როდესაც გუბიდან ამოვედი, ფუტკრის ჩრდილი მე აღარ მახლდაო.

მივიდნენ გუბესთან. გუბე ჯერ ხმას არ იღებდა. მერე მანაც აღიარა, რომ ფუტკრის ჩრდილი მისი ჩრდილი გახდა. მას ეს ძალიან გაუხარდა, რადგან არასოდეს პქონია ჩრდილი, თუნდაც წერტილივით პატარა.

ამოათრიეს გუბიდან ფუტკრის გალუმპული ჩრდილი და მზეზე გაფინეს გასაშრობად, მაგრამ მას არ უნდოდა გამშრალიყო, ისე იყო გაბრაზებული. მას ეგონა, რომ ფუტკარმა ის პეპელას ჩრდილში გაცვალა.

ბოლოს, როგორც იქნა, დაარწმუნეს საბრალო, რომ ყველაფერში დამნაშავე თაფლის ერთი წვეთი იყო.

ასე გაშრა ფუტკრის ჩრდილი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ