I
უკანასკნელი ადგილი სხვადასხვა სასწავლებელთა შორის დაიჭირეს „ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოების“ სკოლებმა: „გამოცდის დროს არც ერთი მათი მოწაფე არ აღმოჩნდა ღირსი მიღებისა სამასწავლებლო სემინარიაში“.
ამ სიტყვებს ვკითხულობთ გორის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორის სემიონოვის ანგარიშში. ეს ანგარიში შეეხება იმ მისაღებ გამოცდას, ეგზამენს, რომელიც წარსულ სექტემბერს მოუხდენიათ ხსენებულ სასწავლებელში.
ამ სკოლების უვარგისობის სრულ დამტკიცებას აკლდა მხოლოდ ერთად ერთი მოწმობა: მოწმობა იმ ბანაკისა, იმ წრისა, რომელსაც ეკუთვნის ინსპექცია მოხსენებული სკოლებისა, ყოველგვარი სხვა საბუთები მკითხველს მოხსენდა ჩვენ მიერ ამ ორი წლის წინათ გაზეთ „თბილისის მოამბეში“ („Тифлисский вестник“) და ჩვენ გაზეთშიაც. ეს მოწმობაც მივიღეთ იმისთანა პირისაგან, რომელიც ამ წრეში არის უპატიოსნესთაგანი, სამართლიანი და მცოდნე. უკეთესი შემწეობა არ შეიძლებოდა.
მაშასადამე, მტკნარი უვარგისობა „ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოების“ სკოლებისა ამ ჟამად შეადგენს ყველასათვის ცხად ჭეშმარიტებას, აქსიომას. ერთს საზოგადო ბოროტებას, რომელსაც ზოგიერთნი მაინც აქამდის საზოგადო სიკეთედ სთვლიდნენ, პირბადე მთლად ჩამოეგლიჯა და სრულიად ღეღელა (გულგახსნილი) იქმნა საქვეყნოდ.
რა სენი ახდენს ამ სკოლებს? რა აქცევს მათ მოქმედებას ნაცრად? იქნება სახსარი, ფული აკლიათ? თითო სკოლაზედ „საზოგადოება“ წელიწადში ხარჯავს თითქმის ას თუმნამდე... იქნება მასწავლებელნი არ უვარგიან? არა, არც ერთი სხვა სკოლა არ აბარია იმისთანა მომზადებულ ოსტატებს, იმისთანა სპეციალისტებს, როგორც ეს სკოლები. იქნება ხელმძღვანელობა აკლიათ? მათ მიჩემებული ჰყავთ საკუთარი ინსპექტორი, სპეციალისტად ცნობილი და წელიწადში ოთხასი თუმნით დაჯილდოვებული. იქნება სწავლის კურსი მოკლეა? ყმაწვილებს სკოლაში არჩენენ, სამი-ოთხი წლის მაგივრად, ხუთექვს წელიწადს. იქნება სხვა რამე გარემოება უცარავდეთ მათ ხელსა? სახლები მშვენიერნი და საგანგებოდ აშენებულები აქვთ, წიგნები და სასწავლო ნივთები უხვად მისდით, ყველა სკოლას თავისი ბიბლიოთეკა აქვს და, სიკეთეთა შესამსებლად, ადმინისტრაციაც ენერგიულად უმართავს ხელს ამ სკოლებსა, ყოველი მხრით ეწევა და ეჩიჩინება ხალხს მათ სარგებლობაზედ, მათ სარფიანობაზედ.
დიახ, კარგად გახლავთ ხე მოვლილი, ლაზათიანად არის ყოველი მხრით შემკული, მაგრამ ნაყოფს-კი სრულიად დამპალს და შხამს ისხამს, რათა ხდება ესა? რა შხამავს და აჭიანებს მის ნაყოფსა? ხე გახლავთ სრულიად უფესვო და დაშორებული დედამიწასა, ნიადაგსა. აი ჭეშმარიტი მიზეზი მისი უვარგისობისა, მისი უმზგავსობისა. ბევრს წყალს ასხამენ დამრგველები მის ღეროს, მის ტოტებს, მის ფოთლებს, კაი ძიძასავით ეფერებიან, მაგრამ ყველა ეს ამაოდ მიდის. ხე აძლევს მათ მარტო მახინჯს, უვარგისს და საწყენ ხილსა.
ყველა სკოლა, განსაკუთრებით სახალხო, დედა-ენაზედ უნდა იყოს დაფუძნებული; დედა-ენით უნდა საზრდოობდეს, მით უნდა ვითარდებოდეს, მით უნდა ხარობდეს. დედა-ენა სულია სკოლისა. თვით ღატაკი სკოლა მძლავრია, როცა მას ხალხში ფესვები აქვს გადგმული დედა-ენის შუამავლობით. თვით უმდიდრესი, ყოველი მხრით შემკული სკოლა უძლურია, როცა ამ ნიადაგს მოკლებულია. ეს ყველგან აქსიომად მიაჩნიათ; მაგრამ უკუღმართი გონება და მიმართულება უარს ჰყოფს ბევრს აქსიომას. ხშირად ჩვენში ჯიუტურად გვესმის; ორჯერ ორი კართოფილის სანთელია და არა ოთხიო.
„ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების“ სკოლების საფუძველს, ქვა-კუთხედს დედა-ენა როდი შეადგენს. ეს ძალიან ცოტა ვსთქვით, დედა-ენა სრულიად გამოძევებულია. მასწავლებელს აკრძალული აქვს მისი ხმარება პირველი ოთხი თვის შემდეგ. ყველაფერი, ყოველი საგანი უთუოდ, მიუცილებლად გაუგებარს რუსულს ენაზედ უნდა ასწავლოს. ამითაც არა თავდება დედა-ენის შევიწროება. ქართული ენა სრულიად გამოკლებულია საგნების რიცხვიდან, არც ერთი საათი არ არის დადებული მისი სწავლებისათვის.
დედა-ენას ჩამორთმეული აქვს ყოველი უფლება და ისიც სად? საცა უნდა იყოს ცენტრი, დედა-ბოძი, ბურჯი შენობისა... მაგრამ შეიძლება მოხდეს ხიფათი, ზოგიერთმა მოწაფემ თავი გამოიდოს და ჩუმად კონტრაბანდით შეისწავლოს მშობლიური წერა-კითხვა და ჩაინერგოს სიყვარული დედა-ენისა. ამის წამალიც მოგონილი გახლავთ. ქართულ ენაზედ სულელური წიგნი ბლომად მოიპოვება. ამ წიგნებს დედა-ენაზედ ყმაწვილის გულის აცრუება ადვილად შეუძლიათ. ეს კარგად შეუგნია ახლანდელ ინსპექტორს „საზოგადოების“ სკოლებისას და მათ უგზავნის მარტო ამგვარ წიგნებს, მარტო სისულელით სავსე ნაწერებსა.
II
დედა-ენის გამოძევება შეადგენს სასიკვდილო სენს „ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოების“ სკოლებისას. ეს ხუთავს მათს სულსა და აუძლურებს. ამისთანა სკოლა საპყრობილეა ყმაწვილის ნორჩის ბუნებისათვის, სამშობლო სიმღერას ის აღტაცებაში არ მოჰყავს, სამშობლო ლექსი მას გულს არ უხალისებს და არ უვსებს კეთილშობილი გრძნობებით; ღვიძლი ანდაზები, გამოცანები, ზღაპრები, მოთხრობები და კიდევ სხვა ხალხის ჭკუის ნაწარმოები მის გონებას არა ხვდება, არ ავარჯიშებს და არ უსხამს ფრთებს. სამაგიეროდ აქ სუფევს გულ-მოსაკლავი, უაზრო ზეპირობა გაუგებარი სიტყვებისა და მშრალი მექანიზმი. სკოლა მოკლებულია გამაცხოველებელ სიხარულს, რომელიც ბავშვის ბუნებისათვის იმისთანავე საჭირო სტიქიაა, როგორც წყალი თევზისათვის. ყველა ეს საზოგადოების სკოლებს ამზგავსებს კუბოს, მდიდრულად მორთულს, სიყვარულით მოკაზმულს, გარედგან აყვავებულს, მაგრამ შიგნით-კი გაჭედილს უსულო მძოვრით.
აი შეასრულა ყმაწვილმა ამ სკოლის კურსი. რისთვის ვარგა ის? არაფრისათვის. სასწავლებელში შესასვლელ ეგზამენს ან ვერ დაიჭერს და ან, თუ ბრმა იღბალმა გაუღო მისი კარი, დიდხანს ვერ იტანს თავისი დამახინჯებული გონებით სწავლის ტვირთს, მეორე-მესამე კლასიდან უნდა იქმნას გამორიცხული უნიჭობის გამო. უფრო ბევრი რიცხვი მოწაფეებისა, თითქმის ყველა, შინა ბრუნდება. რის პატრონი? გონება აქვს დახშული, გული დაქსუებული, ქართულის ცოდნას მოკლებულია, გაგებით შესწავლილი არაფერი უჭყავის, რუსულს საცოდავად ამტვრევს და უფრო კიდევ საცოდავად თუთიყუშისავით ბღავის „სერენკი კოზლიკსა“. როგორც სხეულის ღონით, ისე სულის შეძლებით იგი ბევრად უკან ჩამოუდგება იმ ყმაწვილებს, რომელთაც ბედმა ააცილა ხუთი-ექვსი წლის ტანჯვა სკოლაში და რომელთაც ბუნება ზრდიდა. გავა ორი-სამი წელიწადი და ეს ნაფლეთები რუსული ენისაც თავიდგან გამოუვა, „სერენკი კოზლიკიც“ დაავიწყდება და მთლად დაეკარგება სწავლის ნიშანწყალი.
რა გასაკვირველი უნდა იყოს ამის შემდეგ, რომ ხალხს სძულს ეს სკოლები, სძულს ისე, რომ თუ ადმინისტრაციის გავლენა არა, შვილებს სრულიად არ გაგზავნიდა მათში. საცა ეს ძალდატანება შესუსტდება ხოლმე, იქ სკოლები მალე იკეტება, როგორც ეს მოხდა ახალციხის მაზრაში, სადაც ამას წინაზედ ორი სკოლა სამუდამოდ გაუქმდა.
მავნებლობა ამ სკოლებისა ამითი არა თავდება, კიდევ უფრო შორს მიდის. ისინი არღვევენ, ეწინააღმდეგებიან ერთ სახელმწიფო ინტერესს. საქართველოს ორ ნაწილს, ახალციხის მხარეს და საინგილოს დიდი ხანია შემოერია მახმადიანური პრინციპი და შეებრძოლა ქრისტიანულ პრინციპს. პირველ პრინციპს ფარხმლად აქვს თათრული ენა, მეორეს - ქართული, როგორც დედა-ენა მცხოვრებლებისა. რაც ამ უკანასკნელ ენას ასუსტებს, ის ეწინააღმდეგება ქრისტიაწულს ინტერესებს და ხელს უწყობს, აძლიერებს მახმადიანურ პრინციპს. ცხადია, რომ ყველა თავისი მამულის, თავისი სახელმწიფოს მოყვარე გამოესარჩლება ქართულ ენას, როგორც ძალას, რომელიც ებრძვის სახელმწიფოსათვის უცხო, გარეშე ძალას, პრინციპს. ჩვენი პედაგოგიის ბოძები-კი სრულიად უკუღმა მოიქცნენ. მათ სრულიად გამორიცხეს სკოლებიდან ქართული ენა და მოაკლეს მას საბრძოლო ძალა, მოლების სასიხარულოდ. ამის პირდაპირი შედეგი გახდა თათრული ენის და რჯულის გაძლიერება მოხსენებულ ქვეყნებში, რაიცა ასე აშკარად შეიქმნა ამ ათი-თორმეტი წლის განმავლობაში.
თათრულ ენას აძლიერებს მრავალი სკოლები, რომლებიც მეჩეთებთან მოლებს აქვთ გამართული; ქართულ ენას-კი ფრთები ეკვეცება, რადგანაც ქრისტიანულ სკოლებში ჩამორთმეული აქვს ყოველი უფლება. რუსული ენა ვერ შვრება და ვერც იზამს ქართული ენის მაგივრობას იმიტომ, რომ ხალხში პაწაწა ფესვიც ვერ მოუკიდებია და დიდ-ხანსაც ვერ მოიკიდებს, მეტადრე, თუ ქართული ენა, ეს მშვენიერი მოსამზადებელი სკოლა თვით რუსული ენისათვის, შავ-ბედ-ქვეშ დარჩება.
ამ სახით, საზოგადოება, რომელიც ქრისტიანობის აღსადგენადი დაარსდა, მის შესუსტებას, მის დაცემას ეხმარება. ეს სასაცილო-სატირალი მოვლენა შესძღვნა საზოგადოებას ესრეთ წოდებული ზახაროვის სისტემამ.
დროა „ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოებამ“ გაიგოს, რომ ეს სისტემა არის ნაყოფი მოკლე ჭკუისა და რასის დაბალი ინსტიქტებისა. დროა შეიტყოს, რომ იგი არის მავნებელი ხალხისათვის და სახელმწიფოსათვის, დროა დარწმუნდეს, რომ ის დიდი ფული, რომელსაც ის ხარჯავს ამ სკოლებზედ, ფუჭად, ნაცრად მიდის. დროა ბოლოს სახეში მიიღოს, რომ მავნებლობა ამ სისტემისა ერთი-ათად გაიწევს, გადიდდება ახლა, როდესაც ჩვენ სახელმწიფოს შემოუერთდა ვეებერთელა ნაწილი საქართველოსი, მთლად გამახმადიანებული, სადაც მტკიცე კავშირის დანერგვა შეიძლება მხოლოდ ქართული ენის შემწეობით, რომელიც არის ერთადერთი ძაფი, რაზედაც ჰკიდია მისი კავშირი ჩვენ სახელმწიფოსთან.
დროა ყველა ამას ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს „საზოგადოებამ“ და გადაჭრით უბრძანოს თავისს სკოლების ინსპექტორს, რომ მან ახლავე შესცვალოს სწავლის სისტემა, მისცეს ჯეროვანი ადგილი დედა-ენას სკოლის კურსში და დაუყოვნებლივ მიიღოს სისტემა და პროგრამები, რომელნიც მოქმედებენ თბილისის გუბერნიის სკოლებში. პირდაპირი ბრძანება აქ საჭიროა. ახლანდელი ინსპექტორი ამ სკოლებისა ეკუთვნის იმ ჭკუა მოკლე და თვალებახვეულ პირების რიცხვს, რომელნიც საქმეს დათვის სამსახურს უწევენ, რომელნიც აქამდის ვერ მიმხვდარან, რომ ქართული ენა არის წარმომადგენელი და ორგანო იმავე მიმართულებისა, იმავე ინტერესებისა და იმავე პრინციპებისა, რომელსაც ჩვენში ემსახურება რუსული ენა, რომ ქართული ენის დაჩაგვრა არის მავნებელი თვით რუსული ენისათვის, მისი გაძლიერებისათვის ჩვენ ქვეყანაში და ერთობის დამყარებისათვის, გამტკიცებისათვის.
















