მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 617 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ვახტანგ გორგასალის, დავით აღმაშენებლისა და თამარის შემდეგ ქართველი ერი უდიდესი თაყვანისცემით იხსენიებს ერეკლე მეფეს. ხალხის თვალში ერეკლე მეფე გარემოცულია საოცარი გმირის შარავანდედით.

აუარებელ ლექსში იგი აქებს და ადიდებს ერეკლეს სამაგალითო ვაჟკაცობას, მის საარაკო უშიშრობას, საოცარ გულოვნობას, მახვილ ჭკუას, არწივისებურ სისწრაფესა და მის თავგანწირულობას მამულისათვის.

მართლაც, მისი ორმოცდათოთხმეტი წლის მეფობა შეუსვენებელი და ძლევამოსილი ბრძოლაა თავისი ხალხის დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისათვის.

ერეკლეს ყმაწვილობის დროს ქართ-კახეთზე მბრძანებლობას ჩემულობდნენ სპარსეთი და ოსმალეთი. ერეკლეს მამამ - კახეთის მეფემ - თეიმურაზმა და თვით ერეკლემ სპარსეთის მხარე დაიჭირეს იმ მოსაზრებით, რომ სპარსეთს, როგორც უფრო მახლობელს სახელმწიფოს, შეუძლია მეტი სიკეთეც უყოს საქართველოს და მეტი ვნებაც მიაყენოსო. და არც მოსტყუვდნენ. 

სპარსეთმა ხელი შეუწყო ქართლ-კახეთის შეერთებას. როცა ვახტანგ მეექვსე, ქართლის მეფე, წავიდა რუსეთში, დაცარიელებული ქართლის ტახტი კახეთის მეფე თეიმურაზმა დაიკავა, ხოლო კახეთის მეფედ აღიარა თავისი ვაჟი ერეკლე. ამ ცვლილებაზე თავისი თანხმობა გამოუცხადა სპარსეთის მბრძანებელმა ნადირ-შაჰმა. რითაც მოსპო ქართლისა და კახეთის განცალკევება  და დაამყარა მათ შორის ძმური განწყობილება, შეთანხმებული მოქმედება. 

ქვეყანას ღონე მოემატა და თავისუფლად ამოისუნთქა. ჩქარა ეს ძმური კავშირი ერთობად გადაიქცა. თეიმურაზის სიკვდილის შემდეგ ერეკლემ თავისი თავი გამოაცხადა ქართლის მეფედაც, რაზედაც თანხმობა მიიღო მომადლიერებული ნადირ-შაჰისაგან. ზოგ ქართლელს ეწყინა ეს და წინააღმდეგობა გაუწია; მაგრამ ეს წინააღმდეგობა მალე ჩაქრა, რადგანაც ერეკლემ უფრო კიდევ აშკარად გამოიჩინა იშვიათი მეფური ღირსებანი. ამ ჩაქრობას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ერეკლეს დედა იყო ქართლის მეფის ვახტანგ მეექვსის ასული და, მაშასადამე, მემკვიდრე ქართლის ტახტისა. ამ სახით ორი პატარა სამეფო გარდაიქცა ერთ მოზრდილ სამეფოდ და გაყრილმა ძმებმა შეადგინეს ისევ ერთი ოჯახი.

შეერთებულ სამეფოს აღარ ეკადრებოდა დამოკიდებულება და ამას ყველაზე ცხადად ერეკლე გრძნობდა. იმ ხანებში მოკვდა ნადირ-შაჰი და მის მემკვიდრეთა შორის შფოთი ატყდა. ამით ისარგებლა ერეკლემ, შეუწყვიტა სპარსეთს ხარჯის გადახდა, თავისი სამეფო გამოაცხადა დამოუკიდებლად და თავისი თავი ქართლ-კახეთის თვითმპყრობელ ხელმწიფედ.

მეტად მარჯვე მოქმედებით ერეკლემ იმდენად გააძლიერა თავისი სამეფო, რომ მისი მფარველობა ისურვეს და მის მოხარკედ შეიქმნენ: ერევნის, განჯის, ყარაბაღისა და შამახიის ხანები, რომელნიც წინათ სპარსეთს ემორჩილებოდნენ. 

სპარსეთის მბრძანებელმა მოიწადინა დაესაჯა ერევნის ხანი, როგორც ერეკლეს მომხრე და მოხარკე, და ოცი ათასიანი ჯარით გარს შემოერტყა ერევანს. ერეკლემ რომ ეს შეიტყო, შეკრიბა ხუთი ათასი მეომარი, სწრაფად გაჩნდა ერევანთან, შეებრძოლა სპარსელებს, თავისი ხელით მოუკლა წინამძღოლი, საშინლად დაამარცხა მტერი, წაართვა თოთხმეტი ზარბაზანი და დიდძალი დავლით დაბრუნდა შინ.

1770 წელს რუსეთის იმპერატრიცამ ეკატერინემ ომი გამოუცხადა ოსმალეთს და ერეკლე მეფეც მიიწვია მოკავშირედ. ერეკლემაც ხათრი არ გაუტეხა, შეაგროვა ხუთი ათასი კაცი და საომრად მოემზადა, რუსეთიდან გადმოვიდა ხუთი ათასივე ჯარი ტოტლებენის წინამძღოლობით და შეუერთდა ქართველებს. მოკავშირენი გაეშურნენ ბორჯომის ხეობით ოსმალეთისაკენ და გარს შემოერტყნენ აწყურის მაგარ ციხეს, რომელშიც მაშინ ოსმალოს ჯარი იდგა. აქ ერეკლეს სრულიად მოულოდნელად უღალატა ტოტლებენმა, უცებ დასტოვა იგი და რუსეთის ჯარი უკანვე წამოიყვანა.

მარტოდ დარჩენილი ერეკლე არამც თუ არ შეუშინდა მტერსა, წინ გასწია ახალციხის ახლო, სოფელ ასპინძის მიდამოებში, შეებრძოლა ოსმალეთის მთავარს ჯარს, საკუთარი ხელით მოუკლა ერთი საუკეთესო წინამძღოლი, და ისე საშინლად დაამარცხა, რომ იმოდენა ჯარიდან მხოლოდ ოცდახუთი ოსმალო ძლივს გადარჩა სიკვდილს. სხვანი ან ბრძოლის ველზე დაეყარნენ დახოცილნი და დაჭრილნი და ან აღელვებულ მტკვარში დაიხრჩვნენ. ამ ბრწყინვალე გამარჯვებამ ისეთი სახელი გაუგდო ერეკლეს შორს ქვეყანაშიაც კი, რომ თვით ევროპაში დაარქვეს მას ასპინძის გმირი.

უფრო კიდევ მეტად აგრძნობინა თავისი ძალ-ღონე მეფე ერეკლემ ლეკებს, რომელნიც ქურდულად დაეცემოდნენ ხოლმე კახეთს და ქართლის სოფლებს და სძარცვავდნენ. არა ერთი გუნდი ამ მაწანწალებისა შემუსრა, არა ერთი საუკეთესო ბელადი მოუკლა მათ საკუთარი ხელით და შიში მისცა დაღესტანს.

საზოგადოდ, ერეკლეს ასამდე ომი გადაუხდია და ყოველთვის გამარჯვებული გამოსულა. ეს სახელოვანი მეფე იმარჯვებდა არა მარტო იმით, რომ ჩინებული წინამძღოლი იყო, არამედ იმითაც, რომ პირადად საოცარი მეომრის ღირსებით იყო შემკული. თოფს ისეთი ოსტატობით ხმარობდა, რომ მიზანში ამოღებულს მტერს არასდროს არ ააცდენდა; ხმალს ისე მარჯვედ ამოქმედებდა, რომ ვისაც კი მოუქნევდა, ის უსიკვდილოდ არ გადაურჩებოდა. მტერი კი ვერას აკლებდა, რადგანაც ერეკლე მეფე იჩენდაგონების საარაკო სიფხიზლეს და საოცარ სიჩქარეს მოძრაობაში. სწორედ ამითი აიხსნება ის საკვირველი მოვლენა, რომ ერეკლემ თავისი საკუთარი ხელით მოუკლა ბრძოლაში არა ერთი საუკეთესო წინამძღოლი ლეკებს, სპარსელებს და ოსმალებს და თვითონ კი არც ერთხელ მძიმედ არ დაჭრილა.

ერეკლეს გმირობა აოცებდა არა მარტო ქართველებს, არამედ განცვიფრებაში მოჰყავდა თვით ევროპელი საუკეთესო მეომრები. იმ დროში ევროპის პირველი სარდალი იყო პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდი, რომელიც გამარჯვებით ებრძოდა თითქმის მთელს ევროპას. ეს სამხედრო გენიოსიც კი ისეთი აღტაცებული იყო ერეკლეს ვაჟკაცობით, რომ საქვეყნოდ ამბობდა: მე ვიმარჯვებ ევროპაში, ხოლო აზიაში იმარჯვებს უძლეველი მეფე ქართველთა ერეკლეო.

სახელოვან მეფეს კარგად ჰქონდა შეგნებული, რომ მამულის ერთგულებისა და სიყვარულის მთავარი ბურჯი იყო განათლება. ამიტომ დიდად ზრუნავდა სწავლის გაგრძელებაზე. 1783 წელს ის ხსნის სასულიერო სემინარიას თელავში, შემდეგ ამისთანავე სენიმარიას - თბილისში, აპირებს გამართოს გორშიც და ამრავლებს სამრევლო სკოლებს მონასტრებთან და ტაძრებთან. ერეკლე ხშირად ინახულებდა ხოლმე ამ სასწავლებლებს, ამხნევებდა და აქეზებდა მასწავლებლებს და მოსწავლეებს. მაგალითად, მეფე ეწვია თელავის სემინარიას 1784 წელში და მისმა ნახვამ დიდი სიხარული მოჰფინა ყველას.

სემინარიის რექტორი, ფრიად განსწავლული დეკანოზი გაიოზი მშვენიერი სიტყვით მიეგება სათაყვანებელს მეფეს და სხვათა შორის მოახსენა: „ბერძნები ამაყობენ ალექსანდრე მაკედონელით, რომაელნი იულიუს ცეზარით, რუსები - პეტრე დიდით, ჩვენც კადნიერად შეგვიძლია ვიამპარტავნოთ ჩვენი სასიქადულო მეფით, რომელიც ჭეშმარიტად შემკობილია ზემოხსენებულთა გმირთა ღირსებითაო“ და სხვანი.

მეფის მაგალითით, განათლების სიყვარული სხვებსაც აენთოთ გულში და მწიგნობრობის ასპარზეზზე გამოვიდნენ ნიჭიერი პოეტები, როგორც, მაგალითად, ბესარიონ გაბაშვილი, ბესიკად წოდებული, მჭევრმეტყველნი მქადაგებელნი, როგორც ნეკრესის ეპისკოპოსი ამბროსი და დეკანოზი იონა ხელაშვილი; განსწავლულნი მსაჯულები, როგორც სოლომონ ლიონიძე, მოგზაურები, როგორც ტიმოთე და იონა, ისტორიკოსები, როგორც პაპუნა ორბელიანი და ომან მდივანი; ღრმად გასწავლულნი ღვთისმეტყველნი, როგორც ანტონ კათალიკოსი, და სხვანი. სტამბა თბილისში მუდამ მოქმედებდა და მასში იბეჭდებოდა მრავალი ქართული წიგნი, სასულიერო და საერო.

ერეკლე კარგად ხედავდა, რომ მარტო აღმოსავლეთი საქართველო დიდხანს ვერ გაუმაგრდებოდა მრავალ მტერს, რომელნიც გარს ეხვივნენ.

დასავლეთ საქართველოს შემოერთება ერთიორად გააძლიერებდა მის სამეფოს და მისცემდა შეძლებას განეახლებინა გიორგი ბრწყინვალის დრო, მაგრამ ეს ვერ მოახერხა, თუმცა უფრო გონიერნი იმერ-ამერნი სულითა და გულით იყვნენ შეერთების მნატვრელნი და მოწადინე. მეტი ღონე არ იყო, გარეშე მოკავშირე უნდა ეშოვნა და ზურგი ამითი გაემაგრებინა. ამ მოკავშირედ არ ვარგოდა არც ოსმალეთი და არც სპარსეთი, თუმცა ორივენი ამის მაძიებელნი იყვნენ. არც ერთი არ ვარგოდა იმის გამო, რომ ორივენი აღიარებდნენ თათრის რჯულს და სულ იმის ცდაში იყვნენ, რომ ქართველები გაეხადნათ ერთმორწმუნე ხალხად და სრულიად გაეთათრებინათ.

თავისი იმედი ერეკლემ დაამყარა რუსეთზე სამი საფუძველის გამო: იგი იყო თუმცა ახალგაზრდა, მაგრამ ჯარით ძლიერი სახელმწიფო,  რუსები აღიარებდნენ იმავე მართლმადიდებელ სარწმუნოებას, რომელსაც ქართველები და ამ მხრივ არავითარი შიში არ იყო; ძველი დროიდან საქართველოს მუდამ მეგობრული განწყობილება ჰქონდა რუსეთთან და არც ერთხელ არ მომხდარიყო ქართველების შეტაკება რუსეთთან;  ქართველი ერი ყოველთვის სასოებით იცქირებოდა ჩრდილოეთისაკენ და იქიდან ელოდა ძმურ დახმარებას.

ერეკლემ მიიღო რუსეთის მფარველობა, დასთანხმდა, რომ საქართველოს მეფეების დამტკიცება რუსეთის იმპერატორის ხელში ყოფილიყო; აღუთქვა ჯარით დახმარება ყველა ომში, რომელსაც კი რუსეთი დაიწყებდა. თავის მხრივ რუსეთმა ვალად დაიდო საქართველოს ყოველი მტერი თავის მტერად ეცნო და ქართველებთან ერთად ებრძოლა მათ წინააღმდეგ.

შინაურ საქმეებში საქართველო უნდა სრულიად დამოუკიდებელი დარჩენილიყო. ამ პირობას, ქაღალდზე დაწერილს, ორივე მხარემ მოაწერა ხელი და მას მიეცა ერთა შორის სავალდებულო ხელშეკრულების, ანუ ტრაქტატის ძალა.

ამ ხელშეკრულებამ საშინელი მოქმედება იქონია სპარსეთზე, ოსმალეთსა და დაღესტანზე. მათ ძლიერ ეშინოდათ რუსეთის ჩამოთესლებისა საქართველოში და ამიტომ მოიწადინეს ან ხელი აეღებინებინათ ერეკლესათვის რუსეთთან კავშირზე და ან გაენადგურებინათ საქართველო. იმ ჟამად სპარსეთის ტახტი დიდი შინაურის ბრძოლის შემდეგ დაიჭირა ერთმა მეფის მახინჯმა ჩამომავალმა, სახელად აღა-მაჰმად-ხანმა, რომელსაც დიდ გულადობასთან ერთად ზნედ მხეცური უდიერება სჭირდა.

აღა-მაჰმად-ხანმა მოსწერა მეფე ერეკლეს: გასწყვიტე კავშირი რუსეთთან, მიიღე ჩემი მფარველობა, მაძლიე ცოტა ხარჯი და მე მუდამ კეთილისმყოფელი ვიქნები შენი და საქართველოსიო. თუ ამას არ იზამ, იცოდე, ჩემი უძლეველი ჯარით დაუყოვნებლივ შემოვესევი შენს სამეფოს და ქვას ქვაზედ აღარ დავტოვებო.

მეფე ერეკლემ ცივი უარი შეუთვალა. ამავე დროს აცნობა ეს ამბავი რუსეთის მთავრობას და სთხოვა, საჩქაროდ ჯარი მოეშველებინათ. თანაც თავის შვილებს, რომელნიც მართავდნენ სხვადასხვა კუთხეებს ჩვენის ქვეყნისას, შეუთვალა, შეეკრიბათ ჯარი და რაც შეიძლებოდა ჩამოეყვანათ თბილისში. მაგრამ მტერმა არავის დააცადა. აღა-მაჰმად-ხანმა კარგად იცოდა, რომ მხოლოდ სისწრაფეს შეეძლო მისთვის მიენიჭებინა გამარჯვება. ამიტომ საჩქაროდ შეაგროვა სამოცდაათი ათასი მეომარი და გადმოვიდა მდინარე არეზზე. დრო არ დაკარგა არც ყარაბაღის და არც ერევნის დაპყრობაში, რომელნიც ერეკლეს მფარველობის ქვეშ იყვნენ და მოულოდნელად გამოცხადდა თბილისის ახლოს. ეს მოხდა ისე ადრიანად, რომ რუსეთის ჯარი ჯერ არც კი დაძრულიყო ჩრდილო კავკასიიდან და ზოგი მეფის ვაჟიც  ჯერ არ მოშველებოდნენ. ერეკლეს ჰყავდა მხოლოდ სამი ათასი მეომარი, რომელსაც მოემატა ორი ათასი იმერთა ჯარი, საჩქაროდ ჩამოსული. ხუთი ათას მეომარს პასუხი უნდა გაეცა სამოცდაათი ათასი ძლევამოსილი მტრისათვის.

თავგანწირული ბრძოლის შემდეგ ქართველი ჯარი დამარცხდა. მეფე ერეკლე მთიულეთში გაიხიზნა.

აღა-მაჰმად-ხანმა დაიპყრო თბილისი, გაძარცვა, დაანგრია, გადასწვა და სულ ნაოხრად აქცია. მაგრამ აქედან შორს ვერსად წავიდოდა, რადგანაც შიში ჰქონდა, ვაი თუ შეერთებულმა რუს-ქართველმა ჯარმა მომისწროს და ცუდი დღე დამაყენოსო. ამიტომ როგორც სწრაფად მოვიდა, ისეც სწრაფად აიყარა თბილისიდან და გასწია სპარსეთისაკენ.

მეფე ერეკლე მთიულეთიდან კახეთში ჩაბრძანდა და აქ დასახლდა, ხოლო აოხრებულ თბილისში გამოგზავნა თავისი უფროსი ვაჟი, რომელსაც ყოველი ღონისძიება უნდა ეხმარა ქალაქის აღსადგენად და განსაახლებლად. მოხუცებულობისა და ნაღველის გამო ერეკლე მალე დასნეულდა წყალმანკით და 1798 წელს, როდესაც იგი შესრულდა ოთხმოცდაორი წლის, თავისი გმირული სული უფალს მიაბარა.

მეფის ძვირფასი გვამი წამოასვენეს მცხეთას და დაკრძალეს სვეტიცხოველის ტაძარში. ერეკლეს სიკვდილმა საშინელი მწუხარების ზარი მოჰფინა არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოს, არამედ დასავლეთსაც. ჩვენი ქვეყნის ყოველი კუთხე გმირ მეფეს გლოვობდა ცხარე ცრემლით და თავის ღრმა მწუხარებას გამოსთქვამდა აუარებელ სამგლოვიარო ლექსებში. 

მათ შორის ყველაზე ძლიერია გლოვა თუშთა, ფშავთა და ხევსურთა. ერთი მათაგანი ასე იწყება:

"აღსდეგ, გმირთ-გმირო, ნუ გძინავს, მტერთა ისმიან ხმანია, 

გრძლად ძილსა როდი ჩვეულ ხარ, მოგვიხმენ უნჯნი ყმანია!.."

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ