მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 499 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

1

გადასახლება

 

თბილისიდან რომ ცხენით წახვიდე სპარსეთში, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს, ერთი თვის მოგზაურობის შემდეგ მიხვალ სპარსეთის სატახტო ქალაქ თეირანში. თეირანიდან რომ სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ცხენითვე გასწიო და მთელი ორი კვირა იარო, მიაღწევ ერთს ქვეყანაში, რომელსაც ფერეიდანი ჰქვია. აქ ამ მეტად შორეულს ქვეყანაში, აღმოაჩენ პატარა საქართველოს, სადაც ორმოცი ათასი ქართველი ცხოვრობს. შენ გაკვირვებას საზღვარი არ აქვს და კითხულობ: როგორ, რა მიზეზით და რა გზით გადმოხვეწილა სამშობლოდან ცხრა მთას იქით ამოდენა ქართველობაო?..

ისტორია გიპასუხებს: მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგში დიდი ბრძოლა იყო სპარსელებსა და კახელებს შორის. სპარსეთის ხელმწიფე, ანუ შაჰი, მოწადინებული იყო დაემონეინა კახეთი, გაეთათრებინა, ქართველობა დაევიწყებინა და სპარსეთთან შეესისხლხორცებინა. კახელები თავგანწირულად იბრძოდნენ, მათ ძმურად ეხმარებოდნენ ქართლელები და შაჰს საქმეს ურთულებდნენ. მაშინ სპარსეთის მბრძანებელმა გადაწყვიტა: მთელი თავისი აუარებელი ჯარით შემოსეოდა კახეთს, დაეტყვევებინა მრავალი, გაეგზავნა სპარსეთში, იქ დაებინავებინა სამუდამოდ და მათ ადგილას თათრები გადმოესახლებინა.

შაჰი ასეც მოიქცა. დაუსრულებელი ბრძოლით დაქანცულმა პატარა კახეთმა ვეღარ შესძლო დიდი სპარსეთის წინააღმდეგ წინანდებურად ეომა, მით უმეტეს, რომ ქართლელები კახელებს ძმურ დახმარებას ვეღარ უწევდნენ, რადგანაც თვითონ ქართლს ოსმალეთის ჯარი მოადგა. შაჰმა თითქმის ნახევარი კახეთი დაატყვევა და გაგზავნა სპარსეთის სამხრეთში, მის შორეულ კუთხეში, რომ მათ სამშობლოს და ქართველების სახელი აღარ გაეგონათ, დაევიწყებინათ სრულიად საქართველო და გათათრებულიყვნენ.

აი, ამ უდიერად გადასახლებული ქართველების შთამომავალნი არიან ისინი, რომელნიც ახლა უშორეს ფერეიდანში ბინადრობენ.

შაჰი, ერთი მხრით, დიდ ტანჯვა-წამებას აყენებდა ახლად გადასახლებულ ქართველებს, მეორე მხრივ, აღუთქვამდა ყოველგვარი გადასახადისგან განთავისუფლებას, თუ გადასახლებულები გათათრდებოდნენ და თავის ქართველობას უარჰყოფდნენ, დაივიწყებდნენ. მაგრამ ეწია კი შაჰი თავის გულის წადილს? მხოლოდ სანახევროდ. მართალია სარწმუნოება გამოაცვლევინა, მაგრამ ქართველობაზე კი ხელი ვერ ააღებინა.

 

2

გამარჯვებული ბრძოლა გადაგვარების წინააღმდეგ

 

სამას წელიწადზე მეტია, რაც ფერეიდანელი ქართველები გარშემორტყმული არიან თათარ-სპარსელებით. სამას წელიწადზე მეტია, რაც ისინი სცხოვრობენ იმისთანა ქვეყანაში, რომელიც ჰავითა და ბუნებით დიდად განსხვავდება მათი ძველი სამშობლოსაგან. სამასი წლის განმავლობაში არც გადახვეწილებმა იცოდნენ ჩვენი ამბავი და არც ჩვენ ვიცოდით რაიმე იმათ შესახებ, რომ ძმურად ხელი გაგვეწვდინა.

მიუხედავად ამისა, ფერეიდანელებს სავსებით შეუნარჩუნებიათ ქართველობა, წმინდა ქართული ენა და ბევრი წინანდელი ჩვენებური ზნე-ჩვეულებანი. მათი დედები, ცოლები, დები მხოლოდ ქართულ ენაზე ლაპარაკობენ; კაცებმა მართალია იციან სპარსული, მაგრამ წმინდა ქართულით ლაპარაკობენ ყველგან - შინ და გარეთ. მართალია ჩვენი მოძმეებისათვის მოლებს სახელები სპარსული დაურქმევიათ, მაგრამ ამათ  ქართული გვარები შეუნარჩუნებიათ. ეს მით უფრო შესანიშნავია, რომ გამაჰმადიანებულმა ოსმალეთის ქართველებმა ქართული გვარები ვერ შეინარჩუნეს და ყველამ თათრული კუდი - "ოღლი" მოიბა.

აქ მოგვყავს უდიდესი სოფლის, მარტყოფის მცხოვრებთა გვარები: ხუციშვილი, ონიკაშვილი, ხატიაშვილი, დავითაშვილი, დარჩიაშვილი, თავაზიშვილი, მასიტაშვილი, გოგიჩაშვილი, მაყაშვილი, მელაშვილი, ტარიელაშვილი, სულიკაშვილი, ველიშვილი, ჯორჯიაშვილი, ივანიშვილი, სიტოშვილი, ისოშვილი და სხვანი. ფერეიდანში ქართველებს თოთხმეტი დიდი სოფელი უჭირავთ და თითქმის ყველა სოფელს წმინდა ქართული სახელი ჰქვია.

ეტყობა, გადასახლებულებს თავისი ახალი სოფლებისათვის ის სახელები დაურქმევიათ, რომლებიც ერქვათ მათ წინანდელ სოფლებს კახეთში. მართალია, სპარსელებს ამ სოფლებისათვის სპარსული სახელები უწოდებიათ, მაგრამ ქართველებს არ მიუღიათ ეს და თავისი ეროვნული სახელები შეუნარჩუნებიათ.

მოგვყავს აქ სოფლების სახელები და რიცხვი მცხოვრებლების კომლების მიხედვით. ზემო მარტყოფი იპყრობს 1200 კომლს, ქვემო მარტყოფი - 800 კომლს, ნორიო - 240 კომლს, ჩუგრუთი - 600 კომლს, ჯაყ-ჯაყი - 300 კომლს, თონეთი - 400 კომლს, აფუსი - 300 კომლს, ტაშკეშინა - 700 კომლს, ნინო წმინდა - 600 კომლს, აჩხა - 400 კომლს, ყარაბაღი - 400 კომლს, კუთხე - 300 კომლს, გაღმა სოფელი - 500 კომლს, ხევის პირი - 600 კომლს.

სულ თოთხმეტ სოფელში ირიცხება დაახლოებით 7000 კომლამდე. თუ თითო ოჯახზე ვიგულისხმებთ ექვს სულს, რაც მეტი არ უნდა იყოს, რადგანაც აქ დიდ-დიდ ოჯახებად ცხოვრობენ, გამოვა, რომ ფერეიდანის საქართველო იპყრობს 40 000 ქართველს.

ამ ჩვენ მოძმეებს ფერეიდანის ბუნებაც კი გაუქართველებიათ. მთებისათვის დაურქმევიათ შემდეგი სახელები: მელას გორა, შავგორა, მთათაშვილი, ქოთან-ღელე, ბაღების გორა, დიდ-წვერა. მდინარეებიც ქართულად მოუნათლავთ: წითელ-რუი, ბაღების რუი, დიდრუი, გაღმა რუი, გაღმა ხევი, გამოღმა ხევი, პირიქითა რუ და სხვა.

 

3

ფერეიდანელი ქართველების ყოფა-ცხოვრება

 

როცა აქაურ სოფელში შეხვალ, ისეთი დიდი მსგავსებაა, გეგონება ქართლ-კახეთის კარგ სოფელში მოვხვდიო. სახლები ჩვენებურად არის აშენებული. კედლები ქვა-ტალახის აქვს, ბანზე მიწა აქვს დაყრილი; სახლებში ნახავთ დიდ ოთახებს, რომელიც ძლიერ გვანან ჩვენს ძველებურ დარბაზებს. აქაურები ერთგულად მისდევენ ქართველი მთიულებივით ცხვრის ყოლას, რასაც ხელს უწყობს იქაური ფართო იალაღი.

მართალია ღვინოს არა სვამენ, მაგრამ ვენახების გაშენებას და ყურძნის მოყვანას მუყაითად მისდევენ თავისი ჩრდილოელი მოძმეებივით. ახალ წელიწადს ჩვენსავით დღესასწაულობენ და, სხვათა შორის, მეკვლე იქაც იციან. აღდგომასაც უქმობენ, გადიან მინდვრად და ლხინში ატარებენ დროს, მაგრამ აღდგომის მნიშვნელობა კი აღარ ახსოვთ. ხვნა-თესვაც ჩვენებური აქვთ: თესავენ პურს, ქერს, შვრიას. სიმინდის მოყვანას არ მისდევენ და მხოლოდ როგორც ხილს ბოსტანში თესავენ.

მეტადრე  მტკიცედ დაუცავთ ქართველობა ქალებს. ისინი პირახდილნი დადიან, მაშინ როდესაც თათრის ქალები პირს არავის აჩვენებენ, პირბადე აქვთ მუდამ ჩამოფარებული. თვით მეჩეთში ქარველი ქალები კაცებთან ერთად დგანან, სხვაგან კი ყველგან თათრის ქალებს მეჩეთში უჭირავთ ცალკე განყოფილება. აქაურ ქალებს ტანსაცმელიც ქართული აქვთ; იცვამენ ჩვენებურ კაბებს, ქათიბებს, თავზე იკეთებენ თავსაკრავს, ჩიხტიკოპს, იხურავენ ბაღდადს და ლეჩაქს. ერთი სიტყვით, ძველებური ქართველი ქალებისაგან მხოლოდ სარწმუნოებით განირჩევიან.

მეტად შესანიშნავია ისიც, რომ აქაურ ქართველებს მტკიცედ დაუცავთ ოჯახში ერთცოლიანობა, თუმცა მრავალცოლიანობის უფლებას მაჰმადის სარწმუნოება ყველას აძლევს. ამ უფლების წყალობით, ყოველი მდიდარი სპარსელი რამდენიმე ცოლს ირთავს. თვით სპარსეთის ხელმწიფეს, შაჰს, ასობითა ჰყავს ცოლი თავის ჰარამხანაში. ფერეიდანელ ქართველებს კი სრულიად აუცილებიათ თავიდან ეს სისაძაგლე. რაც უნდა შეძლებული იყოს ფერეიდანელი ქართველი, იგი ერთი ცოლის მეტს არ შეირთავს.

საყურადღებოა შემდეგი მოვლენაც: აქაურ დიდ სოფლებში ყველგან არის დუქნები, სადაც ყველაფერი იშოვება, რაც კი ესაჭიროებათ აქაურ ქართველებს, და ეს დუქნები ყველა ეკუთვნის ქართველებს და იქ მხოლოდ ქართველები ვაჭრობენ. ვერც სპარსელს, ვერც ურიას, ვერც სომეხს და ვერც სხვას აქ ვერ ნახავთ.

მთელს ქართულ ფერეიდანში, ყველა თოთხმეტ სოფელში, მხოლოდ ქართველები ბინადრობენ, იქ სხვა ტომის მცხოვრების ჭაჭანებაც არ არის. თავის წმინდა ქართველობას ჩვენი ფერეიდანელი მოძმეები მკაცრად იცავენ უმთავრესად იმით, რომ არც თვითონ ირთავენ ცოლად სხვა ტომის ხალხების ქალებს და არც არავის მიათხოვებენ ხოლმე. თუმცა სარწმუნოების ერთობა ამის სრულ ნებას აძლევს. ჩვენში კი სხვასა ვხედავთ: ქართველები არეულნი არიან ბევრგან სოხებში, ოსებში, რუსებში. ვაჭრობასაც მათ უთმობენ და მოყვრობასაც არ ერიდებიან მათთან. ასე რომ, ჩვენს ფერეიდანელს მოძმეებს შეუძლიათ ჩვენ წინაშე სამართლიანად დაიქადონ წმინდა ქართველობა.

სპარსეთის შაჰმა დიდ უბედურებასთან ორი დიდი სიკეთე მიანიჭა ფერეიდანელ ქართველებს. პირველად, იქ დაასახლა მხოლოდ გლეხკაცობა და არც ერთი თავადი ან აზნაური არ გაურია. მიწა საკუთრებად მისცა და გაათავისუფლა ღალის მიცემისაგან. ამით მან ძირფესვიანად ამოფხვრა ბატონყმობა იქაურ ქართველებში სამასი წლის წინათ; ჩვენებურ გლეხობას კი, საუბედუროდ, დღესაც აწევს კისერზე ბატონყმობის და ღალის მძიმე უღელი. მეორეც, სარწმუნოების გამოცვლისათვის ახლად გათათრებული ქართველები გაანთავისუფლა ყოველი ხარჯისაგან და ჯარში გამწესებისაგან.

ფერეიდანელ ქართველებს შეთვისებული აქვთ ერთი ახალი ჩვეულება, რომელიც ჩვენებური სოფლებისათვის სწორედ მისაბაძია. ყოველს სოფელს აქვს აშენებული სასოფლო აბანო და საზოგადო ხარჯით დაქირავებული ჰყავს მეაბანოე. დიდ სოფლებში რამდენიმე აბანოა. ყოველი ფერეიდანელი ქართველი აბანოში კვირაში ერთხელ მაინც გაიბანს ტანს. ამასთან ქალებისათვის ცალკე დღეებია დანიშნული, კაცებისათვის - ცალკე. რა კარგი იქნება, რომ ჩვენებურმა სოფლებმაც შემოიღონ ეს ჩინებული ჩვეულება, მეტად სასარგებლო ჯანმრთელობისათვის.

საიდან ვიცით ეს ყველაფერი? აი საიდან: ოცდაათი წლის წინათ საქართველოში ფერეიდანიდან მოვიდა ერთი იქაური ქართველი - ათამა ონიკაშვილი. მან მოკლე ხნის განმავლობაში ისე კარგად შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, რომ გაზეთ "დროებაში" ვრცლად აღწერა ფერეიდანელის ქართველების ყოფა-ცხოვრება. საუბედუროდ, ათამა მალე გახდა უბედური შემთხვევის მსხვერპლი და მეტი ვერაფერი გააკეთა. მის შემდეგ ფერეიდანში აქედან შევიდა ლადო აღნიაშვილი, რომელმაც დაბრუნების შემდეგ ვრცელი წერილი მიუძღვნა ჟურნალ "მოამბეში" თავის მოგზაურობას და ფერეიდანის წინანდელ და ახლანდელ მდგომარეობას.

შარშან ფერეიდანიდან თბილისში მოვიდა ორი ქართველი: ყოლამ-უსეინ ონიკაშვილი და ყოლამ-რეზა ხუციშვილი. წერა-კითხვის საზოგადოებამ მხურვალე მონაწილეობა მიიღო ამ ძვირფასი სტუმრების ბედში. გადადო საკმარისი ფული მათ შესანახად, მასწავლებლად დაუნიშნა საუკეთესო ქართველი პედაგოგი, რომელმაც სამიოდე თვის განმავლობაში საფუძვლიანად შეასწავლა ქართული წერა-კითხვა, ზედმიწევნით გააცნო ქართული ლიტერატურა, დაატარა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები და ჩინებულად მოამზადა სამოციქულოდ ჩვენსა და ფერეიდანელ ქართველებს შორის.

ერთმა მათგანმა - ონიკაშვილმა - რადენიმე წერილი დაბეჭდა ქართულ გაზეთში ფერეიდანის შესახებ და გაგვაცნო იქაური ქართველების ცხოვრების გარემოებანი და ვითარებანი. საფუძვლიანი მომზადების შემდეგ წერა-კითხვის საზოგადოებამ ჩვენი სტუმრები უკან, სპარსეთში გაისტუმრა და თან გაატანა ქართული სახელმძღვანელოები, ბევრი ქართული წიგნი და ფულიც ქართული სკოლის დაარსებისათვის ფერეიდანში. სამწუხაროდ, ერთი მათგანი - ხუციშვილი - გულის ფრიალით გარდაიცვალა თეირანში, და მხოლოდ ონიკაშვილი დაბრუნდა თავის შორეულ სამშობლოში, სადაც იგი მხნედ შეუდგა მოღვაწეობას. რამდენიმე თვის წინათ თეირანიდან მოვიდა ოცის წლის ყმაწვილი ნასროლა ხატიაშვილი, სოფელ მარტყოფის მცხოვრები, რომელიც საფუძვლიანად ემზადება სამოქმედოდ თავის სამშობლოში.

ნასროლას დაწვრილებით გამოვკითხე ყველაფერი ფერეიდანელი ქართველების შესახებ და ყველა საგულისხმიერო შევიტანე ამ წერილში.

სკოლა, რომლის დაარსება გადაწყვეტილი აქვს "წერა-კითხვის საზოგადოების" გამგეობას სოფელს მარტყოფში, იქნება წმინდა პედაგოგიური. საგნების სწავლა იწარმოებს იმ ენაზე, რომელზედაც ლაპარაკობენ შინ და გარეთ იქაური ბავშვები, ესე იგი ქართულზე. მაჰმადის სჯულის სწავლებას დაკავებული ექნება საპატიო ადგილი და მის მასწავლებლად მოწვეული იქნება საუკეთესო მოლა. სხვა საგნებს შორის  სპაატიო ადგილი ექნება სპარსულს ენას, როგორც სახელმწიფო ენას. მარტყოფის სკოლაში ყველა იქაური ქართული სოფლიდან  მიიღება რამდენიმე მოსწავლე, რომლებიც კურსის დასრულების შემდეგ, თავის სოფელში გამართავენ წერა-კითხვის სკოლებს. შემდეგში მარტყოფის ცენტრალური სკოლა გადაიქცევა საოსტატო სემინარიად.

სამართალი მოითხოვს ბოლოს ისიც დავუმატოთ, რომ ფერეიდანიდან მოსული ქართველები ძლიერ ემადლიერებიან ახლანდელ სპარსელებს, რომლებიც თურმე ძმურად ეპყრობიან ფერეიდანელ ქართველებს და მათთან ერთად მეგობრულად ცდილობენ მოიპოვონ საყოველთაო თავისუფლება და კეთილდღეობა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ