მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 303 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

როდესაც მეცამეტე საუკუნეში მონგოლთა ჯარმა დაიპყრო სპარსეთი, მცირე აზია და საქართველო, მათმა წინამძღოლებმა, რომელთაც მონგოლურად ნოინები ერქვათ, ძვირფასი ნადავლი გაუგზავნეს საკუთარ ხელმწიფეს მანგუ-ყაენს.

მანგუ-ყაენს სატახტო ქალაქად ყარაყურუმი ჰქონდა, რომელიც კასპიის ზღვის იქით, აღმოსავლეთით მდებარეობდა და საქართველოდან დაშორებული იყო თითქმის ნახევარი წლის სავალ მანძილზე. ნოინებმა მრავალ ნადავლთან ერთად მანგუ-ყაენს გაუგზავნეს მოხსენება სპარსელების და ქართველების რჯულის, ზნე-ჩვეულებების შესახებ. მოხსენებაში ნოინები დიდი ქებით იხსენიებდნენ ქართველებს:

"ქართველებმაო, - სწერდნენ ისინი, ვაჟკაცურად იბრძოლეს სამშობლოს დასაცავად და ვაჟკაცურადვე დაგვმორჩილდნენ; მათ აქვთ კეთილი რჯული, სძულთ სიცრუე და მათ შორის არ მოიპოვება არც მწამლავი და არც მხიბლავიო."

მაგრამ იგივე მოხსენებაში მიწასთან ასწორებდნენ სპარსელებს:

"სპარსნი ცრუნი, მოღალატენი, ფიცის გამტეხნი, ურცხვად ბიწიერნი არიან, მათში ჩუმი მკვლელები და მომწამლავნი ბევრი ურევია და ამისთანანი სპარსელებს არამც თუ არა სძულთ, პატივითაც ეპყრობიანო."

მანგუ-ყაენს ეს მოხსენება რომ მიუვიდა, ნოინებს ბრძანება გაუგზავნა: "რადგან ქართველები ღირსეული ხალხი ყოფილან, პატივით მოეპყარით და ბრძოლის დროს თქვენს გვერდით იყოლიეთ; სპარსელებს კი მუსრი გაავლეთ, მათი მთავარნი დაატყვევეთ და აქ გამომიგზავნეთო." ბრძანების მიღების შემდეგ ნოინებმა საჭიროდ დაინახეს, რომ ჩვენი ქვეყნიდან ყარაყურუმში, მანგუ-ყაენის წინაშე მადლობის გადასახდელად წარმსდგარიყო რომელიმე უწარჩინებულესი ქართველი.

იმ დროს ქართველ დიდებულთა და ერისთავთა შორის პირველი ადგილი ეჭირა მესხეთის ერისთავს, რომელსაც განსაკუთრებული წოდება ჰქონდა მინიჭებული და ერქვა ათაბაგი, საიდანაც ძველ მესხეთს დაერქვა საათაბაგო. ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე  ივანე ათაბაგი გარდაიცვალა და მისი ადგილი მისმა უფროსმა ვაჟმა ავაგმა დაიკავა, რომელიც იქამდე მთელი საქართველოს ჯარის ამირსპასალარი, ანუ მთავარწინამძღოლი იყო. აი ათაბაგი ავაგი, როგორც უწარჩინებულესი პირი, არჩეული იქნა მანგუ-ყაენთან გასაგზავნად მადლობის გადასახდელად.

ავაგი უნდა წასულიყო ჯერ ბათო-ყაენთან, რომელიც ჩრდილო-კავკასიაში იმყოფებოდა და მაშინ მთელი რუსეთი ემორჩილებოდა, ხოლო იქედან გამგზავრებულიყო დიდ ყაენთან ყარაყურუმში. ავაგმა, თან ამალა გაიყოლა, თავისი უფროსით, რომელსაც ეჯიბი ერქვა. ეჯიბად ავაგს ჰყავდა კარგი გვარიშვილი, გამოჩენილი ივანე ახალციხელის შვილი დავითი.

რუსეთისაკენ იმჟამად მხოლოდ ერთადერთი გზა მიდიოდა, რომელიც ახლაც მისდევს არაგვისა და თერგის ხეობას. ავაგი წამოვიდა ახალციხიდან, გამოიარა თბილისი და გასწია რუსეთისაკენ.

გზაზე ეჯიბი დავითი შიშმა აიტანა: "ვაითუ, ნოინებმა ბოროტი განზრახვით გაგზავნეს ავაგი სამონგოლოში და მისი დაღუპვა უნდათ; მტრისაგან ასეთი განზრახვა რა გასაკვირია? ავაგი ახლა პირველი ვაჟკაცია საქართველში, ფრიად გამოცდილი მეომარი და ჯარის წინამძღოლი, დიდი სახელი და გავლენა აქვს და მონგოლებს მისი შიში უნდა ჰქონდეთ. მას შეუძლია ისარგებლოს პირველივე მარჯვე შემთხვევით, მონგოლთა პირველივე გაჭირვებით და სამშობლო მათი უღლისაგან გაათავისუფლოს. ეს მონგოლებსაც კარგად ესმით და სრულიად შესაძლებელია, ჰქონდეთ სურვილი ავაგს რაიმე ბოროტი შეამთხვიონ, ცუდი აუტეხონ, სიცოცხლეს გამოასალმონ. რამდენი ჩვენებური სამაგალითო ვაჟკაცი გამოუსალმებიათ წუთისოფლისათვის სპარსელებს თავისი ცბიერებით და ვერაგობით და იგივეა მოსალოდნელი მონგოლებისგანო."

საკუთარი შიში ეჯიბმა დავითმა ათაბაგ ავაგსაც გაუზიარა და დაუმატა: ბევრი ვიფიქრე და ერთი კარგი ხერხი მოვიგონე, რომელზე შენც უნდა დამეთანხმოო.

- რა ხერხიო? - ჰკითხა ავაგმა.

მე დავირქმევ ბატონი ავაგის სახელს, შენ დაირქვი ეჯიბი დავითის სახელი. ასე ვეჩვენოთ მონგოლებს და მათს ბათო-ყაენს. თუ მართლა მოკვლას გიპირებენ, მე მომკლავენ და შენ გადარჩები, რადგანაც ერთი ვიღაც ეჯიბის სიკვდილი მათთვის რისი მომცემია. მე ერთი უბრალო ქართველი ვარ და ჩემი სიკვდილით საქართველოს იოტისოდენა არაფერი დააკლდება; შენი სიკვდილი კი დიდი უბედურება იქნება მთელი ჩვენი ქვეყნისათვის, რადგანაც ყველა შენგან მოელის ხსნას და მონობისგან განთავისუფლებასო.

ავაგმა მხურვალე მადლობა გამოუცხადა თავის ეჯიბს ასეთი სიყვარულისა და თავდადებისთვის, მაგრამ სათაკილოდ მიიჩნია ასეთი შიში, ასეთი თავის დამალვა და ცივ უარზე დადგა. ამ უარზე მტკიცედ იდგა მთელი მგზავრობის განმავლობაში და დავითის დაჟინებული მცდელობები ამაოდ მიდიოდა. მაგრამ ბოლოს დავითი ისე მხურვალედ შეევედრა ავაგს, რომ იძულებული გახდა დათანხმებულიყო.

განვლეს საშინელი გზა კავკასიონის მთებში, გადავიდნენ იქით მხარეს და მივიდნენ მონგოლებთან. მოახსენეს ბათოს ქართველების მისვლა და მან ისინი დაიბარა თავისთან სანახავად. პირველად ბატონურად შებრძანდა დავითი და წარსდგა ბათოს წინაშე, ვითარცა ავაგი, მას შეჰყვა და უკან დადგა ავაგი, როგორც ვითომც უბრალო ეჯიბი.

მაგრამ წარმოიდგინეთ დავითისა და ავაგის განცვიფრება, როდესაც ბათომ მათი ნახვით გულწრფელად გაიხარა, თავაზიანად მოეპყრო და დიდი პატივისცემა გამოხატა "მრავლთა დღეთა შორის". დავითმა დაინახა, რომ მისი შიში სრულიად უსაფუძვლო იყო, რომ ბათო ძალიან შორს იყო ქართველების წინააღმდეგ რაიმე ბოროტი განზრახვისგან. რაკი ამ ყველაფერში დარწმუნდნენ ეჯიბი და მისი ბატონი, გადასწყვიტეს სიმართლე გაემჟღავნებინათ.

ერთ დღეს ბათომ ავაგის ნახვა მოინდომა. ავაგი აქამდე მეორე შედიოდა ხოლმე ეჯიბის სახით, ახლა კი პირველი შევიდა ბატონის სახით, და მას უკან მიჰყვა დავითი, როგორც ნამდვილი ეჯიბი. ეს რომ ბათომ იხილა, გაოცდა და მრისხანედ ჰკითხა ავაგს: "განა იმდენი არ იცი, რომ შენს ბატონს წინ არ უნდა დაუდგე და უკან არ მოიქციო?" დავითმა ღიმილით მოახსენა: "დიდო და გამარჯვებულო ხელმწიფევ! ის არის ბატონი და მე მაგისი მონა".

უარესად განცვიფრებულმა ყაენმა ჰკითხა მათი ასეთი ყოვლად უცნაური საქციელის მიზეზი. დავითმა მოახსენა:

"დიდო ყაენო! ჩვენ სრულიად არ გვსმენოდა თქვენი გულკეთილობის შესახებ და არ ვიცოდით, რას შეგვამთხვევდით. მე ამიტანა ჩემი ბატონის მოკვდინების შიშმა და ბევრი თხოვნისა და ვედრების შემდეგ გაჭირვებით დავითანხმე, რომ მე ბატონად გამოვცხადებულიყავი თქვენს წინაშე და იგი ჩემს ეჯიბად. რადგან თუ მაგას თქვენგან სიკვდილი მოელოდა, მე მრგებოდა სიკვდილი მის მაგიერ და ეგ კი გადარჩენილიყო. და რადგან ახლა ჩვენი თვალით ვნახეთ თქვენი გულკეთილობა და დავრწმუნდით თქვენს სასიქადულო პატიოსნებაში, აღარ დავმალეთ და სიმართლე განვაცხადეთ თქვენს წინაშე".

ასეთმა სამაგალითო თავდადებამ დიდად გააკვირვა ბათო და დიდადაც ასიამოვნა; და უთხრა მან ავაგსა და დავითს: "რადგანაც მაგისთანა ღირსებით შემკულნი ყოფილხართ, მე გავცემ ბრძანებას, რათა მონგოლთა ნოინებმა თქვენ, ქართველები, ყველა ჩვენ მიერ დამორჩილებულს ხალხებზე მაღლა დაგაყენონ და ყველაზე მეტს პატივსა გცემდნენ; თქვენი მამული, საქონელი მონგოლთაგან ხელუხლებელი დარჩეს და ყველა საქმეში სანდონი იყოთ ჩვენგანო".

თავისი განკარგულება ბათომ ავაგს გადასცა და თან გაატანა მანგუ-ყაენთან, რომელთანაც გზა გააგრძელა ავაგმა, თავისი თავდადებული ეჯიბით.

მანგუ-ყაენმაც უფრო კიდევ დიდი პატივით მიიღო ისინი და დაჯილდოებულები გამოისტუმრა საქართველოში.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ