მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 732 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

(ისტორიული ამბავი)

 

ეს ამბავი მოხდა სამასი წლის წინათ, მეთექვსმეტე საუკუნის დამლევს. ამ დროს საქართველო აღარ შეადგენდა ერთ ძლიერ სახელმწიფოს, როგორიც იყო თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის დროს. იგი დაყოფილი იყო რვა ნაწილად: სამ სამეფოდ და ხუთ დამოუკიდებელ სამთავროდ. ქვეყნის ყოველს ნაწილს თავისი მემკვიდრეობითი მბრძანებელი ჰყავდა და განცალკევებული ცხოვრობდა. სამწუხაროდ, ამ მბრძანებლებს ხშირად მოსდიოდათ ერთმანეთში შინაური ომი და იმის გამო ძლიერ უძლურდებოდა ჩვენი ქვეყანა, გარეშე მტრების გასათელი ხდებოდა.

ქართლის მეფე სვიმონმა მთელი საქართველოს შეერთება მოიწადინა. გაილაშქრა დასავლეთისაკენ, გადალახა სურამის მთა და დაიპყრო ჯერ რაჭა, მერე იმერეთი. იმერეთის მეფე როსტომი თავისი ჯარით სიმამრთან, სამეგრელოს მთავარ დადიანთან გაიქცა და შემწეობა თხოვა. სვიმონი ჯარით უკან დაედევნა როსტომს. ქართლის ძლევამოსილ ჯარს თანა ჰქონდა ვეებერთელა ზარბაზნები და საომრად მშვენივრად იყო აღჭურვილი.

მთავარ დადიანს გამარჯვების იმედი არ ჰქონდა, ამიტომ მოიწადინა ზავი ჩამოეგდო. მან მეფეს მოციქული გამოუგზავნა და შემოუთვალა: "დიდებულო მეფევ, გთხოვთ, პატივი დამდო და შეირიგო ჩემი სიძე როსტომი და მისცე მას სარჩო მამული და იყოს იგი მორჩილი თქვენი ბრძანებისა; და მეც ვიქნები თქვენი მორჩილი, როგორც ერთგული თავადი და მონა, და ასე ერთობით დაიმკვიდრო საქართველო, ვითარცა დავით აღმაშენებელმა."

მეფე სვიმონი მეტად გამბედავი და უშიშარი მეომარი იყო; თავს არასდროს ზოგავდა ქვეყნისათვის, უყვარდა ხალხი და ფხიზლად ზრუნავდა მის კეთილდღეობაზე, მაგრამ ხუშტური სჭირდა და ხანდახან იმისთანა რასმე ჩაიდენდა, რაც არ შეეფერებოდა მის ჭკუასა და ხასიათს. სამწუხაროდ, მეფეს იმ დროსაც ეს ხუშტური დაემართა და გაჩარხული საქმე უკუღმა დატრიალდა. იგი დადიანის თხოვნას სიამაყით მოეპყრო, არავის რჩევა არ გაიგონა, გაჯიუტდა, უარი შეუთვალა და მოითხოვა სრული, უპირობო მორჩილება. უარი იწყინეს და უმართებულოდ ჩათვალეს არა მარტო მეგრელებმა და იმერლებმა, არამედ ქართლელებმაც. პირველნი გაცეცხლდნენ და სიმამაცით აივსნენ, მეორენი შეძრწუნდნენ და ომის უნარი თითქოს დაკარგეს.

დადიანმა მარჯვედ ისარგებლა ამ გარემოებით. იგი თავისი ჯარით სვიმონ მეფეს მოულოდნელად სისხამ დილით, ბინდისას, თავს დაესხა და ისიც როგორ ადგილას? ჭაობიანში, სადაც ცხენოსანი ჯარის და ზარბაზნების მოხმარება შეუძლებელი იყო. ამასთან ქართველებს არც გული ერჩოდათ ომისათვის, რომელიც საჭიროდ აღარ მიაჩნდათ მას შემდეგ, რაც დადიანმა სვიმონ მეფეს მორჩილება შემოუთვალა. ამისთანა გარემოებაში მყოფს ჯარს დამარცხება ვერ ასცდებოდა და ქართლელებიც დამარცხდნენ. დამარცხდნენ იმდენად, რომ ყველა მათი ზარბაზნები მეგრელებს ჩაუვარდათ ხელში.

როგორც მეტად გამოცდილმა მეომარმა, სვიმონ მეფემ, ადრიანადვე შეიტყო, რომ ომს წააგებდა და, მოწინააღმდეგეს ტყვედ რომ არ ჩავარდნოდა, ჩუმად, მარტოდმარტომ გამოსწია თავისი ბედაურით აღმოსავლეთისაკენ. მოდიოდა საოცარის სისწრაფით. გამოიარა ჯერ სამეგრელო, მერმე ქვემო იმერთი, ამოვიდა ზემო იმერეთში, გადმოლახა სურამის მთა, გამოიარა ზემო ქართლი და, როცა თბილისს მიუახლოვდა, ღამემ სოფელს კავთისხევში მოუსწრო. მეფე საშინელ დაღლილობას გრძნობდა. მეტი ღონე არ იყო, სადმე იქვე უნდა დაესვენა. კავთისხევში სცხოვრობდნენ თავადებიც, აზნაურებიც და გლეხებიც. პირველებს მეფე მოერიდა და ერთი ღარიბი გლეხის ქოხს მიადგა ცხენდაცხენ.

პატრონები უკვე  სახლში იმყოფებოდნენ. - ოჯახიშვილო, ერთი გარეთ გამოიხედე! - შესძახა სტუმარმა. იმავ წამს ქოხის კარები გააღო ხნიერმა დიასახლისმა და ანთებული კვარით ხელში გარეთ გამოვიდა, თან მას გამოჰყვა პატარა ცქვიტი ბიჭი. მათ მეფე ვერ იცნეს, რადგანაც არსად არ ენახათ. - ვინა ბრძანდებით? - შეეკითხა დიასახლისი. - მე ვარ ქართველი კეთილშობილი, დასავლეთიდან მოვდივარ, დავიღალე, დამიღამდა და ცოტა ხნით მისტუმრეთო. - მობრძანდით, თქვენი ჭირიმე! - ტკბილად უთხრა დიასახლისმა; მართალია, თქვენი საკადრისი არა გვაბადია რა, მაგრამ რაც ღმერთს მოუცია, არას დავიშურებთ. სტუმარი გადმოხტა ცხენიდან, რომელიც დედის ბრძანებით, პატარა ბიჭმა ჩამოართვა, და იქვე ტარება დააწყებინა, რადგანაც ბედაური ოფლში ცურავდა.

დიასახლისი კვარით შეუძღვა უცნაურ სტუმარს დაბალ ქოხში. სტუმარი თავდაღუნული შეჰყვა შიგნით და ქართველურად წარმოსთქვა: აქა ღვთის წყალობა! - ღმერთმა ნურც თქვენ მოგაკლოთ თავისი უხვი წყალობა! - თავაზიანად მიუგო დიასახლისმა. - დაბრძანდით, თქვენი ჭირიმე!  სტუმარი დაჯდა დაბალ ტახტზე, რომელიც დაფენილი იყო სუფთა ჭილობით. დიასახლისმა მაშინათვე ხელი დაიბანა და მიართვა: ყველი, პური, მწვანილი და ერთი ხელადა ღვინო. სტუმარს ძლიერ მოშიებოდა და ისე გულიანად შეექცა ამ ღარიბს ვახშამს, რომ არც ერთს მდიდარს ვახშამს მისთვის ამოდენა სიამოვნება არ მიუნიჭებია. ამ დროს ქოხში შემოვიდა პატარა ბიჭი და სტუმარს მოახსენა: - ცხენის ფიქრი ნუ გაქვთ, მე ის ჯერ კარგად ვატარე და ახლა ქერი მივეცი საჭმელად. - გაგზარდოს ღმერთმა და შენი სიკეთეც გადამახდევინოსო, - უთხრა სტუმარმა.

დიასახლისმა ჰკითხა: დასავლეთიდან მობრძანდები, იქნება ლაშქრობის ამბავი მოგეხსენებოდეს, მიბრძანე, შენი ჭირიმე, როგრ არის ჩვენი ძვირფასი მეფე, ხომ ცოცხალი ბრძანდება, ომიდან ხომ მშვიდობით გამოვიდაო, და სხვანი. სტუმარმა უპასუხა: - სამწუხაროდ, მე მეფისა სრულიად არაფერი ვიციო. შემდეგ დიასახლისმა თავისი ქმრისა და ვაჟის ამბავი კითხა და იმათი ნიშნებიც დაუსახელა. სტუმარმა ახლაც იგივე უპასუხა: - არც ის ვიცი, თუ რა შეემთხვა მეფის ლაშქარსო.

დიასახლისი მეტად დაღონდა, ამოუჯდა გული და მდუღარე ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან. სტიროდა უფრო მეფეზე, ქვეყნის პატრონზე, ვიდრე თავის ქმარ-შვილზე და ამბობდა: "ნეტავი უფალმა წყალობა მოიღოს ჩვენს მეფეზე, გვაღირსოს მისი მშვიდობით მოსვლა და ყველა მეომარი მისი ჭირის სანაცვლო იყოსო".

მეფისადმი ასეთი გულწრფელი და გულუბრყვილო სიყვარული სტუმრის ნაღვლიან გულს სწორედ მალამოდ დაედო და იდუმალ სიხარულად მოეფინა.

სტუმარი წასასვლელად ადგა. დიასახლისმა ბევრი სთხოვა: ამაღამ ჩვენთან მოისვენეთ და ხვალ წაბრძანდითო; მაგრამ უცნაურმა სტუმარმა უპასუხა: თბილისში ძლიერ საჩქარო საქმე მაქვს, ხვალ დილით უთუოდ იქ უნდა გავჩნდე და ერთს საათსაც ვეღარ დავიგვიანებო. გამოეტხოვა, მადლობა გადაუხადა, შეჯდა თავის ბედაურზე და სწრაფად გასწია აღმოსავლეთისაკენ.

დიასახლისს ეგონა, უბრალო აზნაურიშვილს გავუმასპინძლდიო, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ მოტყუებულ იყო და ისეთნაირად, რომ ღმერთმა ყველას არგუნოს წილად ამისთანა მოტყუება.

გაიარა ცოტა ხანმა და ამ ქოხის პატრონები - მამა-შვილი მალე დაბრუნდნენ ლაშქრობიდან მშვიდობით და უვნებლად თავის საყვარელს ქოხში. დიასახლისმა დაწვრილებით უამბო იმ უცნაური სტუმრის წვევა და დაუსახელა ყველა მისი ნიშანი, რამაც ძლიერ გააოცა ახალმოსული მეომრები. გააოცა იმის გამო, რომ ნიშნები მეფისა იყო, მაგრამ ფიქრობდნენ, მეფეს რა მოიყვანდა ამ ჩვენს ღატაკს ქოხშიო. ერთ დიდ გამოცანად გადაექცათ ეს ამბავი, მაგრამ მალე კეთილად აიხსნა ეს გამოცანა.

მშვენიერი კვირა დღე იდგა. კავთისხევის მცხოვრებნი გარეთ იყვნენ და მზის სხივებით ტკბებოდნენ, ზოგი ბანზე და ზოგიც კარმიდამოზე. უცებ აღმოსავლეთიდან სოფელში შნოიანი და ლამაზი ეტლი შემოვიდა, დატვირთული სხვადასხვა ძვირფასი ნივთებით, ეტლს წინ მოუძღოდა კარგად ჩაცმული ცხენოსანი.

- სადა დგას გლეხი ქვლივიძე? - ჰკითხა ცხენოსანმა წინ დახვედრილს ხალხს. აი აგერ იმ ქოხშია! - ანიშნეს გლეხებმა. ცხენოსანი და ეტლი მალე გაჩნდნენ ქოხის წინ და თავზე დაადგნენ მთელ სახლობას, რომელიც გარეთ ისხდა. თქვენ ხართ ქვლივიძიანი? - ჰკითხა ცხენოსანმა. ყველანი ზეზე წამოიშალნენ და უფროსმა მოახსენა: ჩვენ გახლავართ, შენი ჭირიმე! ყველა შეკრთა და შეშინდა, და არც გასაკვირველია, რადგანაც გლეხის ცხოვრებაში არაჩვეულებრივ მოვლენას თითქმის ყოველთვის მწუხარება მოჰქონდა და მოაქვს. ცხენოსანმა ხმამაღლა წარმოსთქვა:

- ჩვენმა მოწყალე მეფემ სვიმონმა მადლობა შემოგითვალათ კარგი ქართველური მასპინძლობისათვის და სამაგიეროდ გამოგიგზავნათ საუკეთესო საფენი, ავეჯეულობა, ტანისამოსი, ჭურჭელი, იარაღი და სხვა. გარდა ამისა, გიბოძათ წყალობის წერილი, ანუ სიგელი; ამ სიგელით თქვენ გენიჭებათ აზნაურობის ხარისხი, გეძლევათ მამულ-დედული და ამ მამულზე დასახლებული ყმები. და გადასცა სიგელი ოჯახის უფროსს.

საწყალი გლეხის ოჯახი მეტისმეტის სიხარულისაგან სულ დაიბნა და არ იცოდა, როგორ გადაეხადა მადლობა.

ამ გაბედნიერებული გლეხის ჩამომავალნი ახლაც ცხოვრობენ სოფელს კავთისხევში და იწოდებიან აზნაურ ქვლივიძეებად.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ