დიდ აღმართს დიდი თავდაღმართი მოსდევს. ხანგრძლივს გვალვას ხანგრძლივი წვიმა მოჰყვება ხოლმე, ხოლო დიდი სიხარული ხშირად დიდ მწუხარებად იცვლება ადამიანისა და ქვეყნის ცხოვრებაში.
ესევე დაემართა საქართველოსაც. თამარ მეფის დროს, ჩვენი ქვეყნის დიდ ამაღლებასა და უზომო ბედნიერებას მოჰყვა დიდი დამდაბლება და უზომო უბედურება მისი შვილების მეფობის ჟამს.
თამარის სიკვდილის შემდეგ თორმეტი წელიწადი ჯერ არ გასულიყო, რომ აყვავებულ საქართველოს უცბად შემოესია აღმოსავლეთ-სამხრეთით ველური და შეუბრალებელი მტერი. ეს იყო მონგოლთა ჯარი. მეცამეტე და მეთოთხმეტე საუკუნეებში მონგოლები იყვნენ უძლიერესი მეომარნი და მათ დაიპყრეს და დაიმორჩილეს ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, რუსეთი და კიდევ სხვა ქვეყნები. თუ დიდი ქვეყნები ვერ გაუმაგრდნენ ამ მძლავრს მტერს და იძულებულნი გახდნენ მისი მძიმე უღელი კისერზე დაედგათ, მით უმეტეს ვერ მოიგერიებდა მას პატარა საქართველო, რომელსაც მონგოლები ოთ რიგად შემოესივნენ.
მართალია, ქართველმა ჯარმა ძლიერ გაუჭირა მონგოლებს საქმე და ერთი ნაწილი ჯარისა თითქმის მთლად გასწყვიტა, მაგრამ მტრის სიმრავლემ მაინც თავისი გაიტანა. მონგოლები კალიასავით მოედვნენ ჩვენს ქვეყანას და დაიმორჩილეს. მათნი წინამძღოლნი, რომელთაც ნოინები ერქვათ, გახდნენ მბრძანებელნი ჩვენი მეფეებისა, ჩვენს ქვეყანას დაადგეს მძიმე უღელი, დააკისრეს დიდი ხარკი.
მტერმა ესეც არ აკმარა ჩვენს ქვეყანას. მონგოლებმა შეიგნეს, სად იყო სათავე საქართველოს სიძლიერისა დავით აღმაშენებელისა და თამარ მეფის დროს და მოიწადინეს დაეშროთ ეს სათავე. მტკიცე ერთობა და ძმობა ყველა ქართველთა შორის - აი სათავე საქართველოს ძლიერებისა. მაშინ მთელი საქართველო, შავი ზღვიდან მოკიდებული ლეკეთის საზღვრამდე, ერთს შეკონილ სახელმწიფოს შეადგენდა: კახელნი, ქართლელნი, იმერელნი, გურულნი, რაჭველნი, მესხნი, მეგრელნი და სხვანი შეერთებულნი იყვნენ ერთის დროშის ქვეშ, ემორჩილებოდნენ ერთ მეფეს, ჰქონდათ ერთი სატახტო ქალაქი, თანხმობითა და სიყვარულით ეპყრობოდნენ ერთმანეთსა და ერთნი იყვნენ ჭირშიც და ლხინშიც. საქართველო მაშინ სწორედ რომ მოგაგონებდათ იმ მაგრად შეკრულ ისრების კონასა, რომელსაც ერთმა ძლიერმა მეფემ ვერაფერი დააკლო, ვიდრე არ გახსნა და არ გააცალკევა.
და აი, მონგოლებიც ამ განცალკევების გზას დაადგნენ. ისინი ჰფიქრობდნენ: საქართველო, მართალია, დავიმორჩილეთ, მაგრამ თუ იგი შეერთებული დარჩება, დიდი დღე არ ექნება ჩვენს მბრძანებლობას მასზე - პირველივე მარჯვე შემთხვევით ისარგებლებენ ქართველები და გაგვრეკენ თავისი ქვეყნიდანო.
ამის გამო დაიწყეს ვერაგული მოქმედება, გააბეს ხრიკები და სულ იმასა სცდილობდნენ, რომ ძმები ერთმანეთისათვის დაეშორებინათ, ჩამოეგდოთ მათ შორის შური, განხეთქილება, ნაწილ-ნაწილად დაეყოთ ჩვენი ქვეყანა და შინაური ბრძოლა აეტეხათ ქართველთა შორის.
თამარის შვილების მეფობის დროს მონგოლები ვერ ეწივნენ თავის გულისწადილს. ლაშა გიორგი, ძე თამარისა, სიკვდილამდე მთელი საქართველოს მეფედ დარჩა. მისი სიკვდილის შემდეგ, მთელს საქართველოზედვე მბრძანებლობდა რუსუდანი- ლაშა გიორგის და. მაგრამ რუსუდანის სიკვდილის შემდეგ მონგოლებმა თავისი გაიტანეს. მათ ხელი მოუმართა ერთმა გარემოებამ. ლაშა გიორგის ძემ დავითმა და რუსუდანის ვაჟმა, სახელად აგრეთვე დავითმა, დაიწყეს სამეფო ტახტზე ქიშპოპა: ერთიც მეფობას ჩემულობდა და მეორეც. მონგოლებსაც ეს უნდოდათ, ადგნენ და ორივე მეფედ აღიარეს: ერთ-მეფობის მაგივრად დაადგინეს ორთა-მეფობა და ერთს სამეფო ტახტზე დასვეს ორი მეფე, რომელთაც უნდა ერთად ემართათ სამეფო.
მონგოლთა მოლოდინი, რომ ორ ქართველ მეფეთა შორის განხეთქილება მოხდება და საქართველო საბოლოოდ დაუძლურდებაო, პირველ ხანებში არ აღსრულდა. მეფეებს ერთმანეთის ხათრი ჰქონდათ და თანხმობით მართავდნენ ქვეყანას.
მაგრამ მათმა ვერაგობამ ბოლოს და ბოლოს თავისი გაიტანა და საქართველო ორ სამეფოდ გაიყო. იმერეთში გამეფდა უმცროსი დავითი, რუსუდანის ვაჟი, და ამერეთში უფროსი, ლაშა გიორგის ვაჟი. ამ სახით საქართველოში ერთი სამეფო ტახტის მაგივრად ორი ტახტი დაიდგა, ერთის მეფის ნაცვლად ორმა მეფემ დაიწყო მბრძანებლობა, ერთი სატახტო ქალაქის მაგივრად ორი გაჩნდა - ქუთაისი და თბილისი, ერთი სამეფო ორად გაიჭრა, ერთი დიდი ოჯახი ორ პატარა ოჯახად გადაიქცა.
ქვეყნის ამ განცალკევებას იგივე შედეგი მოჰყვა, რაც მოსდევს ყოველი ოჯახის გაყრას: განხეთქილება ძმათა შორის, შინაური ბრძოლა და ომი, ერის დასუსტება და გათახსირება.
რასაკვირველია, ამის შემდეგ მონგოლები არხეინად იბატონებდნენ საქართველოში და კიდეც იბატონეს ას წელიწადზე მეტი. მართალია, ქართველები მონობის უღელს ეურჩებოდნენ და დიდს თავდადებას იჩენდნენ მამულისათვის, მაგრამ არაფერი გამოდიოდა შინაური გაყრისა და სისუსტის გამო.
















