მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 385 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ცხრა თიბათვიდან მზე სამხრეთისაკენ ბრუნდება და ნელ-ნელა გვშორდება; თანდათან სულ უფრო გვიან ამოდის და ადრე ჩადის; ამიტომ დღე მცირდება, ღამე კი მატულობს.

თერთმეტ ენკენისთვეს დღე და ღამე სწორდება, ასე რომ თორმეტი საათი ღამეა, თორმეტი საათი დღე. ამ რიცხვიდან იწყება შემოდგომა. ღამე თანდათან ჭარბობს დღეს და თორმეტ ქრისტეშობისთვე დღეს ერთიორად მეტი ხდება. რადენადაც მზე სამხრეთისკენ მიდის, იმდენად თავის სხივებს უფრო ძუნწად გვიგზავნის. ცოტ-ცოტა აკლდება სიმხურვალეც, ქვეყანას ხეირიანად ვეღარ ათბობს და ამიტომ ჰაერი ცივდება. დილით და საღამოთი ხან-და-ხან ისე ცივა, რომ თბილი ტანსაცმელი აუცილებელია. მოწმენდილ ღამეში ნამის მაგივრად რთვილს დებს, რაც დილ-დილობით წყლის გუბეებს ყინავს ხოლმე.

ცა მალ-მალე იღრუბლება, მაგრამ ზაფხულის ლამაზს თეთრს ღრუბლებს ვეღარ ვხედავთ; მათ მაგივრად გულს გვიღონებს ტყვიის ფერი, ხშირი ღრუბელი, რომელიც ცას მთელი კვირაობით აღარ შორდება. შემოდგომის წვრილი წვიმა ზაფხულის მხვილსა და შხაპუნა წვიმას არა ჰგავს. ამგვარი წვიმა ზოგჯერ რამდენიმე დღე განუწყვეტლად სცრის, მიწაც ძნელად შრება. მთებში ამ დროს თოვს, თუმცა ბარში ჯერ თოვლი ფეხს ვერ იკიდებს. რადგან მთებში ამ დროს ზამთარია, ამიტომ იქიდან ცივი ქარი მალ-მალე მოქრის.

წამსვლელი ფრინველები ზაფხულის გასვლისთანავე შორი მოგზაურობისთვის ემზადებიან. ყველაზე ადრე მერცხლები დაფაცურდებიან და ენკენისთვის დამდეგსვე გასწევენ თბილ ქვეყნებში. მერე რამდენიმე რიგად დამწკრივებული წეროები და გარეული ბატებიც ყვირილით გაემგზავრებიან. ამათ თან გაყვებიან მწყრები და სხვა ფრინველები. ტყეები და ჭალები ცარიელდება და გულ-გამაწვრილებელი სიჩუმე მყარდება. ზამთრისთვის ჩვენთან ცოტა ფრინველი რჩება.

ზაფხულში ბევრი ხილი დამწიფდა და მოილია, მაგრამ ზოგმა დამწიფება ვერ მოასწრო და შემოდგომას ისე შეხვდა. შემოდგომაზე ბაღებში ბევრ-ნაირი მსხალი და ვაშლი ჯერ კიდევ შეკუნწლული დგას. მაგრამ ისინიც მალე მოიკრიფება. შემოდგომის დამდეგს ყურძენიც სრულიად მწიფდება. ამ დროს მსხმოიარე ზვარი მეტად სასიამოვნო სანახავია.

რაც დრო გადის, ბუნება უფრო მეტად ღონდება. ხეებს ფოთოლი უყვითლდება და ძირს სცვივა. ხე, რომელიც გაზაფხულზე ადრე ყვავდება, ფოთოლიც ადრე უყვითლდება. ღონიერი ქარი აყრევინებს ჯერ კიდევ ნახევრად მწვანე ფოთოლს, მაღლა ჰაერში ააქვს, ატრიალებს, დედამიწას ფენს და ზოგიერთ მყუდრო ადგილებში ფოთლების გროვებს აყენებს. ცოტა ხნის შემდეგ ტყე და ჭალა მთლიანად შიშვლდება.

სასიამოვნო მდგომარებაში არც მინდორია. რომელი ბალახიც ზაფხულში გახმობას ვერ გადაურჩა, შემოდგომის სიცივე და ქარი მალევე ახმობს. საჭირნახულე მიწები ზაფხულშივე დაცარიელდა; შემოდგომაზე მხოლოდ სიმინდი მოსჩანს აქა-იქ ყვითლად, მაგრამ იმასაც მალე გაზიდავს გლეხი. მინდორი დარჩება სრულიად ცარიელი და შემოდგომის ცივი ქარი ზედ თავისუფლად დაიწყებს სეირნობას. მხოლოდ შემოდგომის ჯეჯილი ამშვენებს მწვანე ხავერდივით არემარეს. მაგრამ ამ ჯეჯილს დიდი დღე არ უწერია, ზამთრის სიცივე და თოვლი სრულიად დაალპობს, თუმცა ფესვები მთელი დაურჩება და ამ ფესვებიდან გაზაფხულზე ახალი მწვანე ჯეჯილი საამურად აბიბინდება.

შემოდგომაზე ყველა სულდგმული დაღონებულია და ზაფხულის სიმხიარულეს კარგავს. ამ დროს ბუნება ხანგრძლივი მუშაობისაგან დაღლილ კაცს ჰგავს, რომელსაც ძილი მორევია. ცოტა ხანს შემდეგ ბუნება ბამბის მსგავს თეთრს საბანს ზევიდან წაიხურავს და მთელი ზამთარი ძილს მიეცემა.

შემოდგომაზე გლეხს საქმე ცოტა არა აქვს. ენკენისთვის დამდეგს ხნულებში წყალი უნდა გაუშვას, მერე, როცა ხნული გამოშრება, პური დათესოს და დაფარცხოს. ამ დროს, ვისაც კი გაზაფხულზე-ზაფხულზე ანეული საკმარისად არ მოუხნავთ, გუთანიც უბიათ ხოლმე, მერე გამხმარი სიმინდი უნდა მოჭრას, ურმით შინ მოიტანოს, გაარჩიოს და სასიმინდე ძარში ჩაყაროს.

დამწიფებული ყურძენიც მოკრეფას ელის. გლეხი რთველისათვის მხიარულად ემზადება: გოდრებს წნავს, ქვევრებს რეცხავს. მთელი ოჯახი დილით ადრე დგება და ვენახისკენ სიამოვნებით მიემემგზავრება: ქალები, კაცები, პატარა ბავშვები, ძუძუ-მწოვარა პატარებიც აკვნიანად თან მიჰყავთ. შინ აღარავინ რჩება. შევლენ ვენახში და ვაზებს შეესევიან. ყველას დანა უჭირავს და ყურძენს კალათაში ყრის; კალათებს რომ გაავსებენ, გოდრებში ჩაჰყრიან და გოდრებით საწნახელში მიაქვთ დასაწურად.

დიდიან-პატარამდე დიდ სიხარულში არიან. ყანის მკაც ხომ სასიამოვნო სამუშაოა გლეხისთვის, მაგრამ რთველს მაინც ვერ შეედრება. ყმაწვილები აკიდოებს ჭრიან, ერთად კრეფენ და ჯაგნებს აკეთებენ. ბოლოს რთველი დამთავრდება, ყურძენს საწნახელში დაწურავენ და ტკბილს ქვევრებში ჩაასხამენ. ამგვარად გლეხმა საზამთროდ ზაფხულში პური შეინახა, შემოდგომაზე კი ქვევრებში ღვინო ჩაასხა.

შემოდგომაზე გლეხის საქმე უფრო ცოტა და მსუბუქია, ვიდრე ზაფხულში, ამიტომ ამ დროს ქეიფისკენ მიუწევს გული. ამ დროს დღესასწაული ბევრია. სოფლებში ქორწილების გაჩაღება სწორედ შემოდგომაზე იციან. ამას უხვი დოვლათიც უწყობს ხელს. ნათესავები ამ დროს ერთმანეთს სხვადასხვა სოფლებიდგან ხშირად ეწვევიან ხოლმე. მასპინძელი ყველა სტუმარს მხიარულად ხვდება და გულუხვად უმასპინძლდება. ამ დროს ხორაგი არ აკლია და საკუთარი ქონება არავისთვის შურს.

შემოდგომა ქალაქებშიც ცვლის ცხოვრებას. უქოლგოდ, უპალტოოდ და საწვიმარი ბოტების გარეშე ქალაქელები გარეთ იშვიათად გამოდიან. გრილი აგარაკებიდან ყველანი ჩამოლაგდნენ და ქუჩებში ბევრს აღარ დასეირნობენ, როგორც ზაფხულში. ამის მაგივრად უფრო ბევრს დადიან თეატრში, კონცერტებზე სხვადასხვა შეკრება-ღონისძებაზე.

ადამიანი შეოდგომაზე უფრო მხნედ გრძნობს თავს, ამიტომ რომ ზომიერად ცივა და ამისთანა სიცივე სხეულს ამაგრებს. თუმცა მალე თოვლიც მოდის; ჯერ უძნელდება დედამიწაზე ფეხის მოკიდება და სწრაფად გადნება, მაგრამ, როცა გაყინული მიწა დახვდება, თოვლი აღარ დადნება; აცივდება, გაყინავს თოვლს და დადგება ზამთარი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ