მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 260 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ზაფხული თიბათვიდან იწყება. ამ დროს ყველაზე ხანგრძლივი დღეებია: თოთხმეტი საათის განმავლობაში მზე ცას არა შორდება; მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე ძლიერ ცოტა დრო რჩება; ადამიანს ჯერ ერთი პირი ძილი არ გაუთავებია, შეხედავ - მზემ აღმოსავლეთიდან ამოაშუქა. რამდენადაც უფრო ჩრდილოეთისკენ არის ქვეყანა, იმდენად უფრო პატარა ღამე იცის ზაფხულში. მაგალითად: პეტერბურგში ზაფხულის დამდეგს ღამე სულ ოთხი საათია. ზაფხულში მზე მაღლა, ძალიან მაღლა ადის. ცოტასაც რომ კიდევ აიწევდეს, სწორედ პირდაპირ თავზე დაგვადგებოდა.

მცხუნვარე სხივები ქვეყანას ძლიერ ათბობს, შუადღისას თითქმის წვავს. აი შუადღემ მოატანა, მზე სულ მაღლა ავიდა და დედამიწას სწორედ შუა ციდან დაჰყურებს. ამაზე ზევით მზეს ასვლა აღარ შეუძლია. ამ დროს კაცი არამც თუ მზეს თვალს ვერ გაუსწორებს, განათებული ცისა და დედამიწის ყურებაც ძნელია. ცა, მინდორი, მდინარეები, ჰაერი მეტად ბრწყინვალე ნათელით არის მოფენილი. საშინელი სიცხეა, პაპანაქება, როგორც ამბობენ ქართველები. ხეები სრულიად გაშეშებული დგას, ფოთოლი არ ინძრევა და ძირს დაშვებული ჰკიდია.

ფრინველები ტყესა და ჭალაში დაიმალნენ; სიცხისაგან დაქანცულებს ენა გამოუყვიათ და საცოდავად ქაქანებენ. რასაკვირველია, ამ დროს გალობისთვის არა სცხელათ. შინაურმა საქონელმაც ძოვას თავი დაანება და ჩრდილი მოსძებნა. ოფლში გაწურული მუშა დიდ დაღლილობას გრძნობს და საქმეს თავს ანებებს. ამ დროს დიდი და ხშირი ჩრდილოვანი ხე მუშა-კაცს ერთს რამედ უღირს. ყოველი სულდგმული მოუთმენლად ელის აგრილებას.

აგერ მზე ძალზე გადიხარა, იმისი სხივები მიწაზე ალმაცერად ეცემა და ამიტომ აგრილდა. ფრინვლები მინდორში გაიშალნენ, საქონელი ისევ ველზე საძოვრად გავიდა, გლეხმა მუშაობას კვლავ მუყაითად მიჰყო ხელი. ამგვარი სიცხეები სულდგმულს საქმეს უჭირვებს, მაგრამ მცეენარეებისათვის კი საჭიროა, უსიცხოდ მცენარეების თესლი ვერ დამწიფდება. დიდი ხნის გვალვა მცენარისათვის მავნებელია, რადგანაც სიცხესთან მას სინოტივე და ნამი უყვარს. გვალვა ადამიანისთვისაც ზიანის მომტანია. ამიტომ უხარიათ გლეხებს, როცა ჰაერში ღრუბელი გამოჩნდება, ცაში ქუხილი და ელვა შეიქმნება და ქვეყნის გამაცოცხლებელი ხშირი წვიმა წამოვა. მაგრამ ზოგჯერ წვიმას მოჰყვება ხოლმე სეტყვა, რომელიც ქვეყნის ამაოხრებელია: ხეხილებს ნაყოფს აყრევინებს, ვაზების მტევნებს ბერტყავს, ნათესს მიწაზე აქცევს, ქელავს და ანადგურებს. ამიტომ გლეხები ერთგულად ეხვეწებიან ღმერთს, რომ სეტყვისაგან დაიფაროს.

მინდვრებს ზაფხულში მშვენიერი შეხედულება აქვს. სათივეში ხშირი და მაღალი ბალახი ზღვასავით ღელავს. მთელი სათივე სავსეა სხვადასხვა ბუდრუგუნა მწერებითა; იმათი ბზუილი კაცს შორიდანვე ესმის. ბაღებში ხეხილებმა კარგა ხანია იყვავილა. ბალი აქა-იქა წითლად კიდეც შეთვალდა, ქლიავი შიგადაშიგ გაშავდა. ვაშლი, მსხალი, ატამი ჯერ ისევ მკვახე და მწვანეა, მაგრამ თანდათან ნაყოფი ეზრდება და უმწიფდება.

მხოლოდ ცაცხვი ჰყვავის ამ დროს და თავის გარშემო მშვენიერ სუნს ჰფენს. მისი ხშირი ფოთლებიდან და პატარა თეთრი ყვავილებიდან რაღაცა გუგუნი ისმის: აქ სიმღერით მრავალი ფუტკარი ირჯება და ყვავილებიდან ტკბილ წვენს აგროვებს თაფლის გასაკეთებლად. ხეს რომ მიუახლოვდე, თაფლის სუნი გეცემა. მინდვრის ხილიც შეითვალა. მარწყვის პატარა მრგვალი მარცვალი, რომელიც ბალახებში ჯერ თეთრად გამოჩნდა, ახლა დამწიფდა, მთელი მინდორი წითლად ააჭრელა. შავად დამწიფებული მაყვალი კუნწულ-კუნწულ გადმოჰკიდებია ბუჩქს. მაგრამ განა შეიძლება ჩამოითვალოს, რაც კი ზაფხულში მოდის? ერთი ხილი მეორეს შემდეგ მწიფდება, ერთი მეორეს უსწრებს.

ფრინველი, ნადირი და მწერი ზაფხულში კეთილი ცხოვრებით ცხოვრობენ, გაზაფხულზე დადებული კვერცხებიდან ფრინველებმა ბარტყები ეხლა გამოჩეკეს. პატარა ბარტყებმა ბუდეში ჭყივილი და წივილი დაიწყეს; სანამ ამათ ფრთები დაეზრდებოდეთ, დედ-მამა ჰაერში მხიარულად დაფრინავს და თავისი ქორფა შვილებისთვის საზრდოს შოულობს. საჭმელი ფრინველებს ბევრი აქვთ; ერთი იტაცებს დაბნეულ მარცვლებს, მეორე დამწიფებულ ბალს კენკავს, მესამე ჰაერში ქინქლების გუნდს დასდევს.

თვალგამჭრიახი ქორი მაღლა ცაში ტრიალებს და იქიდან დაკვირვებით ძირს იხედება, პატარა ვარია, ან სხვა ახალგაზდა და გამოუცდელი ფრინველი ხომ არ ასცდენია დედასო და რა წამს დაინახავს განმარტოებულ ფრინველს, ისარივით ზევიდან დაეცემა, თავის ბასრ ბრჭყალებს ჩაავლებს და ჰაერში აიტაცებს. მეტადრე დიდ ოინებს ჩადიან ყვავი და კაჭკაჭი. ეს ფრინველები ბუდეს სოფლის ახლო იკეთებენ და ისე დღე არ გავა რამდენიმე ქათმის წიწილი, ბატის, ან იხვის ჭუჭული, ან კიდევ ინდოურის ჭუკი არ მოიტაცონ. ხანდახან ისე გაონავრებულნი არიან, რომ შინაურ მოზარდ ფრინველსაც თვალ წინ ააცლიან კაცს. ბედი იმათი, რომ ბუდის კეთება მაღალ ხეებზე იციან, სადაც ადამიანი ძნელად მიუდგება, თორემ გაბრაზებული სოფლელები არც ერთ ყვავს და კაჭკაჭს ბარტყებს არ გამოაჩეკინებდნენ.

ზაფხულში მთელი მინდორი სხვადასხვა მწერებით არის მოფენილი; მრავალი ჭრელი პეპელები საამურად დაფრინავენ. ოქროსფერი ფუტკარი ამ დროს მუყაითად ირჯება ცაცხვის ხეზე და სუნელოვან ყვავილებზე, საიდანაც ტკბილს წვენს წუწნის თაფლის სკაში ფიჭების გასაკეთებლად. სკებიდან ამ დროს განუწყვეტელი გუგუნი გამოდის. მალე სკებში ვიწროობა შეიქმნება და ფუტკრები სკებიდან გუნდ-გუნდად გამოიშლებიან; ამაზე ამბობენ, ფუტკარმა იყარაო. სკიდან გამოსული ფუტკრის გუნდი ახალს ბინას ეძებს და რომელიმე ხეს ეხვევა, მაგრამ მეფუტკრეს იმათთვის დიდი ხანია ახალი სკა აქვს მომზადებული; ამ სკაში მოაქცევს ნაყარ ფუტკარს და საფუტკრეში დადგამს. ფუტკარი ახლო ხეს არ დაეხვევა, შორს წავა ისე სწრაფად, რომ მეფუტკრე თვალს ვეღარ მოასწრებს. მაშინ იგი ნაყარ ფუტკარს სრულიად დაკარგავს.

ჭიანჭველა ზაფხულში მიწას ქვეშ საზამთროდ საზრდოს აგროვებს; ციყვი გამხმარ კაკალს დაუღალავად ზიდავს და ზიდავს ფუღუროში. ასე ხარობს, შრომობს და სიამოვნებას იღებს ყოველი სულდგმული ზაფხულში!

ბევრი, ძალიან ბევრი საქმე აქვს გლეხს ზაფხულში. ანეულის ხვნა ჯერ კიდევ არ დაუმთავრებია, თივის თიბვის დრო მოუვიდა. ჯერ ცელი არ გაუგდია ხელიდან, მკის დროც დადგა. მარცვლით სავსე და გაყვითლებულმა ქერმა თავთავი ძირს ჩამოჰკიდა, მომკას ითხოვს. გლეხმა ნამგალი მალე უნდა მიაშველოს, თორემ ქერს მარცვალი გასცვივდება და ღვთის მოცემული მოსავალი შემცირდება.

გლეხებმა ნამგლებს ხელი წამოავლეს და ქერს შეესივნენ. სანამ ქერის მკას გაათავებდნენ, პურიც შემოვიდა. ღეროებ-გაყვითლებულმა და მარცვლისაგან დამძიმებულმა ყანამ თავთავი მიწისკენ დახარა, თითქო ზეზე დგომით დაიღალაო. გლეხი ატყობს, რომ ყანაც ძირს წაქცევას ლამობს და მკისთვის ემზადება. ყანის მკა ძალიან ძნელი სამუშაოა, მაგრამ ჩვენი გლეხები ამ საქმეს მხიარულად ასრულებენ. შეძლებელი გლეხი ყანის მკას მარტო არ შეუდგება, მუშას შეყრის ხოლმე. მუშები, მივლენ თუ არა დილით ყანაში, რამდენიმე პირად დაიყოფებიან და მხიარულად დაიწყებენ მკას. მათი ლაზათიანი ჰეპი-უპი შორს გაისმის; ისინი გულს ართობენ დილიდან საღამომდე სხვადასხვა სამხიარულო ლექსებით. ხელეურს საკვირველად ჩქარა იღებენ და უკან აწყობენ. პატარა ბიჭები უკან მისდევენ, ხელეურს საჩქაროდ ჰკრეფენ და მიარბენინებენ მეძნეურთან, რომელიც ძნას კრავს. მასპინძელი საღვინით უკან მისდევს და ვისაც წყალი მოსწყურდება, ღვინოს ასმევს. ღვინო ამ რთულ მუშაობაში გლეხ-კაცს ძლიერ შველის და ყუათს აძლევს.

დილიდან საღამომდე წელში მოხრილი გლეხი ებრძვის ღონიერს ყანას. მხოლოდ შუადღისას, როცა მზე ძლიერ ჩამოანათებს, ჩრდილის ქვეშ მუშები ცოტა ხნით თვალს მოატყუებენ და მერმე უფრო კიდევ უფრო მონდომებით შეეჭიდებიან ყანას. დაღლილნი და დაქანცულნი შებინდებისას სოფლისკენ ჩუმად როდი ბრუნდებიან, ორ-სამ რიგად დადგებიან, ორპირ მუშურს დასძახებენ, სოფელში ამგვარად შემოვლენ და მცხოვრებლებს გაამხიარულებენ. ყანის შემდეგ გლეხი შვრიის და ფეტვის მკას შეუდგება ხოლმე.

ამდენი სამუშაოს მიუხედავად გლეხი ზაფხულში მაინც მხიარულად არის. რატომ? იმიტომ რომ შრომის არასდროს ეშინია, მუშაობაში გამობრძმედილია და იცის, რომ ზაფხულის შრომა მთელს წელიწადსა გამოკვებავს. კიდევ იმიტომ, რომ გლეხი კარგად გრძნობს თავისი შრომის საზოგადო სარგებლობას; მისი ოფლით მხოლოდ მისი ოჯახი კი არ იკვებება, მთელი ქვეყანა საზრდოობს: მეც, შენც და ყველა. გლეხი თავდაღუნული მუშაობს მიწაზე, მოჰყავს მოსავალი და ასაზრდოებს ყველას, ვინც მასზე მაღლა სდგას, სწორედ ისე, როგორც ხის ფესვები უგზავნიან საჭმელს მაღლა ამპარტავნულად წასულ და ფოთლით მდიდრად შემოსილს ტოტებს.

დიახ, სოფელში მუშაობასა დიდი მოთმინება და სიბეჯითე უნდა, მაგრამ ცოდნა და გამოცდილებაც საჭიროა. აბა სცადე მკა და ნახავ, რომ ამ საქმეს ოსტატობა უნდა. თუ შეუჩვეველი ვინმე აიღებს ხელში ცელს, ვერაფერს მოახერხებს. ადვილი საქმე არ არის ხვნაც. ზომიერი თესვა, რომ არც თხელი და არც სქელი გამოვიდეს, ყველა გლეხსაც არ შეუძლია. გუთნისა და ფარცხის გამართვასაც ცოდნა და ოსტატობა უნდა. ბევრი, ძალიან ბევრი იცის და ბევრის გაკეთება ეხერხება გლეხს და იმას არასდროს არ შეიძლება დავუძახოთ უმეცარი, თუნდა წიგნი არ იცოდეს. წიგნის სწავლა უფრო ადვილია, ვიდრე იმისი მიხვედრა, რაც ყველა გამოცდილმა გლეხმა უნდა იცოდეს.

საღამოს დაღლილ-დაქანცული გლეხი ტკბილად დაიძინებს, რადგანაც გრძნობს, რომ აღასრულა თავისი წმიდა მოვალეობა, მოხნული მიწები და დათესილი მინდვრები დაუტოვა შვილებს, რომლებიც გაზარდა, შრომას შეაჩვია და თავის მაგივრად დაადგინა ქვეყანაზე ღვთისა და კაცის წინაშე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ