იის ფურცლებზე ერთმანეთს შეხვდნენ ქებით გაამაყებული ფუტკარი და ჭიანჭველა.
- ძირს ჩამოდი! რა შენი საქმეა ყვავილებზე ფუსფუსი! - დაიბზუილა ფუტკარმა.
ჭიანჭველმა ყურიც არ ათხოვა და იის თესლი დაითრია.
- ყვავილებთან ფუსფუსი უფლება მარტო მე მაქვს, გესმის თუ არა?! - არ ცხრებოდა ფუტკარი.
- რატომ მარტო შენ?
- იმიტომ, რომ სარგებლობა მომაქვს ადამიანებისთვის, შენ კი მარტო შენს თავზე ზრუნავ.
- ყველას წვალება რომ შენი შრომასავით ჩანდეს, მაშინ შესამჩნევი აღარ იქნებოდი! მერე კიდევ, რატომ გგონივარ მთლად უსარგებლო, მე ხომ შენთვისაც ვშრომობ!
- ჩემთვის? - ფუტკარმა გულიანად გადაიხარხარა.
ფოთოლზე განაბულ ჭიამაიას, ეწყინა ფუტკრის თავხედობა და ჭიანჭველას გამოექომაგა:
- ფუტკარო, ძალიან გიყვარს იის ნექტარი? ჰოდა იცოდე, ამ ყვავილის თესლს ჭიანჭველა ავრცელებს; არც ის დაივიწყო, რომ უამრავ ხოჭოს სპობს და შეუბრალებლად უსწორდება მუხის ფოთლისმხვევიას - მუხის ახალგაზრდა ნერგების საშიშ მავნებელს.
- არამკითხე მოამბეო, სწორედ შენზეა ნათქვამი! იქნებ ისიც თქვა, რომ შენც სასარგებლო საქმეს აკეთებ?
- ეგრეც არის, - ახლა ჭიანჭველამ სცადა ჭიამაიას დაცვა - ყველამ იცის, რომ ჭიამაია ადამიანს მცენარეების მავნებლებთან ბრძოლაში ეხმარება. ის ხომ მავნე მწერებით: ბუგრებით, ტკიპებით და ფარვანებით იკვებება! ესე იგი, მცენარეს ასუფთავებს.
ფუტკარმა ისევ ჩაიქირქილა:
- ეგებ ნაკელში მოფუსფუსე ხოჭოსაც უპოვოთ რამე შესაქებარი?!
- არც ეგ გცოდნია! - გაეცინა ჭიანჭველას, - ისინი ნაკელს კოშტებად აქცევენ, სოროებში ეზიდებიან და მიწაში ფლავენ. ამით კი მიწას ანოყიერებენ. ასე რომ, გახსოვდეს, ძმობილო, ცოტად თუ ბევრად ჩვენც სასარგებლონი ვყოფილვართ! უმიზნოდ არავინ გაჩენილა ქვეყანაზე.
















