მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 562 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I

 

ფუტკრები ათასობით და ათი-ათასობით ცხოვრობენ პატარა და ვიწრო სკაში. ამის გამო თითოეული სკა შეადგენს ფუტკრების ცალკე ოჯახს.

ფუტკრების მმართველი დედა-ფუტკარია, რომელიც სხვა ფუტკრებზე დიდია. დედა-ფუტკარი საქმეს არ აკეთებს; ხანდახან სკიდან გამოფრინდება, ისიც სასეირნოდ, და ამ დროს უთუოდ თან ახლავს რამდენიმე ასეული მამალი ფუტკარი.

დედა ფუტკრის ერთადერთი საქმე კვერცხების დადება და შთამომავლობის გამრავლებაა, მამა ფუტკრების კი დედა ფუტკრების განაყოფიერება. როგორც დედა-ფუტკარი, ისე მამალი ფუტკრები არ შრომობენ და დროს ფუქსავატობაში ატარებენ.

მამალ ფუტკრებს დედა ფუტკრებზე პატარა ტანი აქვთ, კიდევ უფრო მომცრო ტანისანი არიან უსქესო, მუშა ფუტკრები, რომლებიც დედლობასაც მოკლებულნი არიან და მამლობასაც. მთელი ჯაფა ამ მუშა ფუტკრებს აწევთ კისერზე. ისინი დედა-ფუტკარს უკან არ დასდევენ მამა ფუტკრებივით, მაგრამ ძალიან უყვართ, იცავენ, უფრთხილდებიან და საშინელ ალიაქოთს ატეხენ ხოლმე, როდესაც დედა-ფუტკარი უკვდებათ. ვინც პირველად შეიტყობს ამ უბედურებას, ნაღვლიანი ბზუილით აქეთ-იქით მიეშურება და სკის ყველა კუთხეში მიაქვს ეს სამწუხარო ამბავი. ფუტკრები მაშინვე თავს ანებებენ მუშაობას, მიდიან მომაკვდავ დედა-ფუტკართან და ეთხოვებიან. თუ მისი სიკვდილის შემდეგ ახალი დედა არ გამოუჩნდათ, დაღონებული ფუტკრები სკიდან გამოდიან, აქეთ-იქით იქსაქსებიან უმწყემსო ცხვრებივით და იხოცებიან.

სამაგიეროდ, ახალი დედა დედა-ფუტკარის გამოჩენის შემდეგ, ფუტკრების მწუხარება სიმხიარულედ გადაიქცევა; ყველანი გარს ეხვევიან ახალ მბრძანებელს, უალერსებენ, თავის ულვაშებს ტანზე უცაცუნებენ, თითქო კოცნიანო, და თაფლს სთავაზობენ.

ყველა სკაში მუშა ფუტკრები ბევრად ჭარბობენ სხვა ფუტკრებს; მათი რიცხვი თხუთმეტი ათასიდან ოცდახუთი ათასამდე აღწევს; ტანით მუშა ფუტკრები პატარები, მსუბუქები, მეტად მხნენი და გამრჯენი არიან. მთელი დღე მხიარულად დაბზუიან, ერთი ყვავილიდან მეორეზე დაფრინავენ და თაფლის დასამზადებლად ყვავილების მტვერსა და ნექტარს აგროვებენ.

აი მუშა ფუტკრები გამოფრინდნენ სკიდან და ბზუილით გასწიეს მინდორში. გავყვეთ ერთს მათგანს და თვალი ვადევნოთ მის შრომას/გარჯას. აგერ ყვავილზე დაჯდა, მის გულში ჩაჰყო პაწაწინა დინგი და ამოსწუწნა ტკბილი წვენი; თან გაუჩერებლად ანძრევს თავის ბანჯღვლიან ფეხებს. რატომ? მისი ბუსუსიანი ტანი სულ გაიგინგლა ყვავილების მტვრით; ამ გინგლს წინა ფეხებით ხვეტავს მთელი ტანიდან, მიაქვს უკანა ფეხებთან და აქ აგროვებს ორ პაწაწინა ფოსოში, რომელიც უკანა მუხლებს ქვემოთ აქვს. მალე ერთი ყვავილიდან მეორეზე გადაფრინდა, მეორიდან მესამეზე, მესამიდან მეოთხეზედ და ბოლოს გასწია ისევ სკისაკენ.

ამ დროს მისი მუცლის წინა ნაწილში შეწოვილი ტკბილი ნექტარი თაფლად იქცა. სკაში რო შეფრინდა, ფუტკარმა იპოვა ცარიელი ფიჭის ექვს-კუთხიანი უჯრა და მუცლიდან ამოღებული თაფლი პირით ამოავსო. სანამდე ეს ამ საქმეში იყო, მეორე ფუტკარი მოფრინდა, უკანა ფეხებზე ყვავილის მტვერი აულოკა და ჩაყლაპა. ეს მტვერი იმის მუცელში ფიჭად გადაიქცა და ეს ფიჭა მუცლიდან ჭენჭად გამოვიდა პატარა ნემსებივით. ფუტკარმა, ეს ფიჭა თავისი ფეხებით ერთად მოაგროვა, პირით დაღეჭა და გააკეთა ახალი ექვს-კუთხიანი უჯრა მანამდე აყვანილ უჯრებზე. ჩქარა ეს ახალი ფიჭის უჯრა მესამე ფუტკარმა პირიდან ჩაშვებული თაფლით აავსო. ასე მუშაობენ ყველა ფუტკრები და ბლომად აკეთებენ თაფლის ზოდებს.

უჯრებს, სადაც თაფლს აგროვებენ, უკეთებენ ფიჭის სახურავს, რომ თაფლი უფრო სუფთად შეინახონ. მთელი დღე გაფაციცებულ მუშაობაში არიან და უჯრებს ას-ასობით აკეთებენ მცირეს ხანსა. ერთი შეხედვით შეიძლება ფუტკრების მუშაობა უაზრო ფაცი-ფუცად მოგეჩვენოთ, მაგრამ როცა დააკვირდებით, შენიშნავთ საოცარ წესრიგს. თავის საქმეს ყველა ისე აკეთებს, რომ სხვას არაფერს უშლის, პირიქით, ყველა მზად არის თავის მოძმეს საქმეში უშველოს. ნაწილი ფუტკრებისა გამოდის სკიდან და მინდორში მიფრინავს; ნაწილი, მასალით დატვირთული მინდვრიდან მოფრინავს, ზოგი ამათ უცდის, რომ ტვირთი ჩამოართვან; ზოგი ფიჭაას აკეთებს და ზოგი შთამომავლობას და დედა ფუტკარს უვლის.

ფუტკრები იმდენს თაფლს აკეთებენ, რომ ზამთარში მათ გამოსაკვებად, მცირე ნაწილიც საკმარისია.

 

II

 

ფუტკრები მარტო საკუჭნაო უჯრებს როდი აშენებენ. მათ გაკეთებული აქვთ ისეთი უჯრებიც, სადაც იბადება და იზრდება მათი ახალი თაობა. მუშა ფუტკრების გასაზრდელად ბევრი მომცრო უჯრებია გამოყოფილი, მამალის ფუტკრებისათვის კი ნაკლები რაოდენობის, მაგრამ უფრო მოზრდილი უჯრები. ახალგაზდა დედა-ფუტკრებისთვის განკუთვნილია მხოლოდ რამდენიმე უჯრა. ეს უკანასკნელი უჯრები სხვა უჯრებსავით ექვს-კუთხა კი არ არის, მრგვალი მოყვანილობა აქვს და სხვებზე ბევრად მოზრდილია.

დედა-ფუტკარი თავისი მხლებელებით ხშირად ტრიალებს ახალ ნაშობი ფუტკრების უჯრებთან. დიდკაცურად დასეირნობს ერთის უჯრიდან მეორე უჯრამდე, იხედება ყველა უჯრაში და როგორც კი ცარიელ უჯრას ნახავს, მაშინვე პატარა თეთრ კვერცხს ჩადებს შიგნით.

რამდენიმე თვის განმავლობაში დედა-ფუტკარი დებს თორმეტ ათასამდე კვერცხს, საიდანაც რამდენიმე დღეში იჩეკებიან მატლები. მატლებს ცოცვა და საჭმლის ძებნა საერთოდ არ შეუძლიათ, ამიტომ უჯრებში წვანან და სხვისი მოვლა სჭირდებათ. დედა-ფუტკარი თავის შვილების გაზრდაში და გამოკვებაში მონაწილეობას არ იღებს; ეს შრომა უწევთ მუშა ფუტკრებს, ისინიც ერთგულად უვლიან ნორჩს ფუტკრებსა და საჭმელს უზიდავენ.

რვა დღის განმავლობაში მატლები სისრულეში შედიან და საჭმელი აღარ სჭირდებათ; მეცხრე დღეს მუშა ფუტკრები გადააგლესენ ხოლმე მათ ზემოდან ფიჭას და სტოვებენ უჯრაში. მაშინ მატლი თავის ბინაში შეუდგება თავის პირველ საქმიანობას; მთელ ტანზე იხვევს წმინდა აბრეშუმივით ძაფს, აკეთებს პარკს და ბოლოს შიგნით მკვდარივით უძრავად წვება.

13 დღის შემდეგ მატლი თავის კანს არღვევს, პარკსა ხევს, ფიჭის სახურავსა ღრღნის, და ჰყოფს გარეთ ჯერ თავს, მერე წინა ფეხებს და ბოლოს უჯრიდან ძვრება ახალგაზდა ფუტკარი, რომელსაც აქვს ორი დიდი და ორი პატარა თვალი. 

ასაკოვანი ფუტკრები მაშინვე გარს ეხვევიან ახალშობილს, ეფერებიან და მთელს ტანს ულოკავენ. ახლადშობილი ფუტკარი ისე მალე შეეჩვევა ხოლმე ოჯახის ფუტკრებს და ახალ ცხოვრებას, რომ ცოტა ხანში მათთან ერთად მინდორში მიფრინავს. დაცარიელებულ უჯრას მუშა ფუტკრები წმენდენ და იქ დედა-ფუტკარი ახალს კვერცხებს დებს.

ზოგჯერ სკას ეწვევიან ხოლმე დაუპატიჟებელი სტუმრები, მაგალითად, თაგვი, ჩრჩილი და უცხო ფუტკრები. თაგვები და უცხო ფუტკრები სკას შეესევიან ხოლმე თაფლის გულისთვის, ჩრჩილი კი სკას იმიტომ ეტანება, რომ ძალიან უყვარს სკაში კვერცხების დადება.

სკაში ჩრჩილის შეპარვა დიდ პრობლემას წარმოადგენს ფუტკრებისთვის: ჩრჩილის უთვალავი კვერცხებისაგან იჩეკებიან მრავალი გაუმაძღარი მატლები. ეს მატლები გრძლად ღრუტნიან , სჭამენ ფიჭასა და თავის გარშემო აბამენ ისეთ მაგარ ქსელს, რომ ფუტკრების თავდასხმის აღარ ეშინიათ. თუ ჩრჩილი სკაში დაბინავდა და გამრავლდა, ფუტკრებმა თავი უნდა დაანებონ სკასა და ახალი ბინა მოსძებნონ. ამიტომ ფუტკრები დასაძრახისნი არ არიან, როცა მიუწვევარს სტუმრებს წინ უხვდებიან, ალერსით კი არა, თა-ვისი შხამიანი იარაღით.

 

III

 

ფუტკრის იარაღი შესდგება ნესტრისგან, რომელიც პატარა შხამით სავსე ბუშტზეა მიბჯენილი. როცა ფუტკარი მტერს ტანში ნესტარს ურჭობს, ნესტრის წვერით ბუშტს აწვება, ბუშტიდან შხამი გამოდის, ნესტრის გავლით ნაკბენში ჩადის და შხამავს.

სკის შესასვლელს დღე და ღამე დარაჯობს რამდენიმე ფუტკარი. ამიტომ დღისით ჩრჩილი სკაში ძნელად შეეპარებათ, მაგრამ ბნელ ღამეში, შეიძლება დარაჯებმა ვერ შენიშნონ და ჩრჩილი სკაში შეიპაროს. სკაში მყოფ ჩრჩილს, ფუტკრის მაინცდამაინც არ ეშინია, რადგან მასზე სწრაფად მოძრაობს და ადვილად ემალება სკის ლაბირინთებში, მაგრამ თუ ფუტკრებმა ჩრჩილი დაიჭირეს, შავ დღეს დააყენებენ: ასობით მიეხვევიან, დანესტრავენ, ბევრს დატანჯავენ და ისე მოჰკლავენ. მკვდარსა და გასივებულ ჩრჩილს ფუტკრები სკიდან გარეთ აგდებენ ფრინვლების საჭმელად.

ასევე კლავენ ფუტკრები პატარა თაგვებსაც. თუმცა, თავისდა სამწუხაროდ, თაგვის სკიდან გამოტანა და გადაგდება არ შეუძლიათ. ამ შემთხვევაში ფუტკრები სხვა ხერხს მიმართავენ, რომ რომ თაგვი სკაში არ დალპეს, არ აყროლდეს და არ წაბილწოს მათი სადგომი. ამისთვის ფუტკრები მკვდარს თაგვის ირგვლივ ფიჭას აგლესენ და მის შიგნით მოაქცევენ; ფიჭაში გახვეულ თაგვს სუნი სრულიადაც არ ასდის, არ იშლება და ისე გამოიყურება, თითქოს ფიჭის კუბოში იყოსო.

ამ მტრებზე ხშირად უცხო ფუტკრები მიუხტებიან ხოლმე დასარბევად. ისინი ცდილობენ როგორმე შეუმჩნევლად შეიპარონ სკაში, ბევრი თაფლი მოიტაცონ და შინ მდიდარი ნადავლით დაბრუნდნენ. მაგრამ დარაჯებმა შეიტყვეს მტაცებლების მოახლოვება და დაუძახეს თავის ამხანაგებს. ამხანაგები მაშინვე სკის შესასვლელთან გაჩნდნენ და დაეტაკნენ მტაცებლებს. გაჩაღდა საშინელი ბრძოლა, ორივე მხარე თავგანწირვით იბრძვის. თუ მოსულებმა დაძლიეს, მაშინ სკას დაარბევენ და თაფლს წაიღებენ, თუ არადა, დაზარალებულები და შერცხვენილები უკან უნდა დაბრუნდნენ. ყოველ ფუტკრების ოჯახს მტრული დამოკიდებულება აქვს სხვა ოჯახებთან და ხშირად მართავს მათთან ომს.

ფუტკრები თავის იარაღს არა მარტო მტრების, არამედ შინაურების წინააღმდეგაც იყენებენ. ყოველს წელიწადს, ზაფხულის მიწურულს, როცა მინდორში ყვავილები აღარ მოიპოვება, ფუტკრები ხოცავენ მამალ ფუტკრებს, რომლებიც მთელი ზაფხული არაფერს აკეთებდნენ; მხოლოდ ხანდახან გამოფრინდებიან სკიდან, მაგრამ თაფლი და ყვავილის მტვერი არასდროს მოაქვთ. ამის მიზეზი არ არის მამალი ფუტკრების სიზარმაცე, საქმე იამშია, რომ საომარი იარაღის გარდა, მამალ ფუტკრებს სამუშაო იარაღიც აკლიათ. მათი ტანი შემოსილი არ არის ბუსუსებით, რომ ყვავილების მტვერი მიიკრან. ზედა, უკანა ფეხებზე ფოსოები აკლიათ და ენაც ისეთი მოკლე აქვთ, რომ ყვავილებიდან წვენის ამოწუწვნა თითქმის არ შეუძლიათ.

სანამ მუშა ფუტკრები ზაფხულში საზრდოს უხვად შოულობდნენ, მამლებს ფუქსავატობას პატიობდნენ და წილად აძლევდნენ რამდენიმე თაფლით სავსე უჯრას, მაგრამ ახლა, რაკი ზამთარი მოახლოვდა და საჭმელი შემოაკლდათ, მუქთა მჭამლებზე ჯავრს იყრიან და რადგან მამალ ფუტკრებზე უფრო მეტნი არიან, ერთს - ორი-სამი ეხვევიან და ისრებით ხოცავენ. როცა სულ გაჟლეტენ, მკვდრებს ერთობლივად გარეთ ყრიან. ამ დროს რომ სკასთან მიხვიდეთ, მის წინ ასობით მკვდარ ფუტკრებს დაინახავთ. ეს დახოცილი მამალი ფუტკრები არიან.

მუშა ფუტკრების სიკაპასე იქამდე მიდის, რომ სამამლე მატლებსაც აღარა ზოგავენ, უჯრებიდაან ამოყავთ და ხოცავენ. ამას გარდა ზოგჯერ ახალ ნაშობ დედა ფუტკრებსაც ჟლეტენ, თუ რაიმე ნაკლს შეატყობენ. ასე, რომ ფუტკრებს ყოველს წელიწადს გარე ომების გარდა, შინაური ომის გადახდაც უწევთ. 

ხანდახან ფუტკრის გუნდი სკიდან გადის და გადასახლდება ხოლმე. ეს ხდება ფუტკრის სიმრავლის გამო, როცა სკაში ვეღარ ეტევიან და იმასაც კარგად გრძნობენ, რომ ერთი სკა თაფლი ზამთარში ყველას ვერ გამოკვებავს. ამიტომ ფუტკრები გასაყოფად და გადასახლებისათვის ემზადებიან. ამ დროს სკიდან გამოდის გაბმული ერთგვარი გუგუნი. ყველა ფუტკარი თავს ანებებს საქმეს, ჯგუფ-ჯგუფად გროვდებიან და ღამეს უძილოდ ატარებენ. მეორე დილით არც ერთი ფუტკარი არ გამოდის სკიდან, ჰაერი სკაში თანდათან გუბდება და, თუ ცა მოწმენდილია, წვიმა არ მოდის და ქარიც არ ქრის, ფუტკრები შუადღემდე ტოვებენ ძველს ბინას და მიდიან ახალი და ფართო ბინის საძებნელად. მაშინ იტყვიან ხოლმე: „ფუტკარმა იყარაო“. სკაში რჩება მხოლოდ იმდენი ფუტკარი, რამდენიც თავისუფლად მოთავსდება.

როცა ზამთარი მოახლოვდება, მუშა ფუტკრებისთვის დასვენების დრო დგება. თუ ზამთარი ძალიან ცივი არ არის, სკაში თბილი ჰაერი ტრიალებს და ფუტკრები ზაფხულში შენახული თაფლით იკვებებიან. ამ დროს რომ დაუკაკუნო, შიგნიდან მაშინვე გუგუნს გაიგონებ. მაგრამ თუ ზამთარი ძალიან ცივია, ფუტკრები გაფიჩხებულები, ერთმანეთზედ შეკუნწლულნი და ფეხებ-გადახლართულნი არიან, თითქოს სიკვდილის შემდეგაც არ უნდათ ერთმანეთისგან დაშორებაო.

მარტის დამდეგისათვის ფუტკრები იღვიძებენ და ვიდრე გაზაფხული დადგებოდეს, იკვებებიან საზამთრო თაფლით. როცა გაზაფხული დადგება, თუნდაც თაფლი ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდეთ, ფუტკრები მაინც მიფრინავენ სკიდან და მინდორში გადიან სამუშაოდ.

ფუტკრები ზედმეტ, შეუჭმელ თაფლს დიდი სიხარულით უთმობენ ადამიანს და ძალიან უხარიათ, რომ მუშაობას ხელახლა იწყებენ. ზაფხულში ბევრი, ძალიან ბევრი ჯაფა მოელით, მაგრამ ეს ფუტკრებს არ აღონებთ, რადგან მათთვის შრომა სასიამოვნო და სანატრელი პროცესია.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ