მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 506 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

1

 

თუმცა ჯერ კიდევ პატარა ვარ, მაგრამ მეც ადამიანი ვარ, იმიტომ რომ მეც ისეთი სული და სხეული მაქვს, როგორიც დიდებს. ჩემს სხეულში შვიდი უმთავრესი ნაწილია: თავი, ყელი, ტანი, ორი ხელი და ორი ფეხი.

ჩემი თავი მრგვალია, მაგრამ ბურთივით კი არა, ცოტა მოგრძოა, გვერდებიდან შეწეულია და უკან გამოწეული. თავის ერთი ნაწილი თმით არის დაფარული, მეორე - არა. თავის ზემო ნაწილს საქოჩრე ჰქვია, უკანა ნაწილს - კეფა, წინას - პირისახე.

თავს ტანთან აერთებს მოქნილი ყელი, რისი გამოისობითაც თავის მიხვრა-მოხვრა ბევრნაირად შემიძლია: შემიძლია თავი ავწიო, დავწიო და აქეთ-იქით მოვაბრუნო. ყელის უკანა ნაწილს კისერი ჰქვია.

ტანი ჩემი სხეულის ყველაზე დიდი ნაწილია და ყველა სხვა ნაწილები: თავი, ორი ხელი და ორი ფეხი მასზეა შეერთებული. ტანს აგრეთვე რამდენიმე ნაწილი აქვს: მკერდი, მუცელი და ზურგი.

ერთ ხელს მარჯვენას უწოდებენ და მეორეს მარცხენას; ორივე ხელი ერთმანეთს გავს და ტანის ორივე მხარეს თანაბრად არის ჩამოშვებული. ხელები სხეულის ზედა ნაწილს შეადგენს, ფეხები კი ქვედას. აგრეთვე ერთმანეთს გავს მარჯვენა და მარცხენა ფეხიც.

ხელი ანუ მკლავი სამი ნაწილისგან შედგება: ზემო ნაწილს იდაყვამდე - მხრის თავი ჰქვია, შუა ნაწილს იდაყვიდან ხელამდე - წყრთა, ქვედა ნაწილს კი ხელის მტევანს ეძახიან. ხელის მტევნის ქვემოთა ნაწილს ხელის გული ჰქვია, ზემოთას კი ზურგი. ხელის მტევანს ბოლოში ხუთი თითი აქვს: პირველ თითს ქვია ცერი, მეორეს - სალოკი თითი, მესამეს - შუათითი, მეოთხეს - არათითი, მეხუთეს - ნეკი. ოთხი თითი სამი სახსრისგან შედგება, ცერი კი ორისგან. თითების ბოლოში ფრჩხილებია.

სამ ნაწილად იყოფა ფეხიც: ზედა ნაწილს, ტანიდან მუხლის თავამდე, - ბარძაყი ქვია; შუა ნაწილს, მუხლის თავიდან კოჭამდე - წვივი ანუ კანჭი; ქვედას - ფეხის მტევანს უწოდებენ. ფეხის მტევნის ზედა ნაწილს ფეხის ზურგი ჰქვია, ქვედას - ფეხის გული, უკანას - ქუსლი. ფეხს წინ ხუთი თითი აქვს; ყველა თითში სამ-სამი სახსარია, ცერში კი ორი, ისევე როგორც ხელის თითებში, მაგრამ ფეხის თითები ისე გრძელი, მოქნილი და მოძრავი არ არის, როგორც ხელის თითები.

პირისახის გარეგან ნაწილებს სხვადასხვა სახელი ჰქვია, სახელდობრ: შუბლი, საფეთქლები, ლოყები, თვალები, ცხვირი, პირი ანუ ბაგე, ნიკაპი, ყურები.

თვალის კაკლები შუბლის ქვემოთ, განსაკუთრებულ ფოსოებშია მოთავსებული. თვალის კაკლის შუაგულში ჩვენ მრგვალ შავ გუგას ვამჩნევთ და გუგის გარშემო ფერადს სალტეს. ყველა ადამიანს თვალის სალტე ერთი ფერი არა აქვს, ზოგს ცხვრის ფერი აქვს, ზოგს შავი, ზოგს ჭრელი. სალტის გარშემო მოგრძო სითეთრეს თვალის გუგა ჰქვია, თვალის კუთხეებში წითელი კილოებია. თვალს ფარავს ორი ქუთუთო. ქვედა ქუთუთო უძრავია, ზედა კი გაუჩერებლად მოძრაობს, ხან აიწევს, ხან ჩამოეშვება - ხამხამებს. ქუთუთოების ბოლო წამწამებით არის დაფარული. თვალებს ზემოთ წარბებია.

ადამიანს თვალებივით ყურებიც წყვილი აქვს. ჩვენ ყურის მხოლოდ გარეთა ნაწილს ვხედავთ, შინაგანი ნაწილი კი თავშია დამალული. ყურის ზედა ნაწილს ყურის ნიჟარას ეძახიან, ქვედას - ყურის ბიბილოს. ყურის ნიჟარას რომ ხელი მოვკიდოთ, ვიგრძნობთ, რომ კანის ქვეშ ხორცზე მაგარია და ძვალზე რბილი, ეს არის ხრტილი. ყურში გრძელი მილი გადის, რომელსაც ყურის სანათური ქვია. ამ სანათურის საშუალებით მოძრაობს ტვინამდე ჰაერი და ადამიანს ესმის ეს მოძრაობა, ხმაური.

ცხვირი კენტი ორგანოა და შუა პირისახეზეა მოთავსებული. ცხვირში შეიძლება რამდენიმე ნაწილი გავარჩიოთ: ძირი, ანუ ცხვირის საძირკველი, რომელიც თვალებს შორის მდებარეობს, ხერხემალი, ცხვირის წვერი და ორი ნესტო. ცხვირის უკანა ნაწილი მაგარი ძვალია, წინა კი ხრტილი. შიგნიდან ცხვირი დაფარულია ლორწოვანი კანით. ცხვირით სუნს ვარჩევთ და უფრო ხშირად ვსუნთქავთ, ვიდრე პირით.

პირიდან სხეულში ორი მილი ჩადის: ერთი, რომლითაც ვსუნთქავთ, ყელის შუაში ჩადის და ჰქვია სასულე; მეორე მილი მას მისდევს და ქვია ხორხი. სასულეს ზედა ნაწილში არის ხმის ორგანო.

პირი ძალიან რთული ორგანოა. გარედან ფარავს ორი რბილი და წითელი ტუჩი. პირში შეგვიძლია გავარჩიოთ: ყბები, ღრძილები, კბილები, სასა, ენა და ხახა.

თითოეულ კბილში ორი ნაწილია: ზემოთა - ზედაპირი და ქვემოთა - ფესვი. გრედან კბილები დაფარულია სუფთა და მბზინავი მინანქრით. ადამიანი უკბილოდ იბადება და რამდენიმე თვის შემდეგ ერთიმეორის მიყოლებით ამოსდის კბილები. პირველად ამოსულ კბილებს სარძევე კბილები ქვია. შვიდის ანუ რვა წლის შემდეგ ბავშვს სარძევე კბილები სცვივა და ამოსვლას იწყებს მუდმივი კბილები.

კბილებს სხვადასხვა მოყვანილობა აქვს. ორივე ყბაზე წინ ოთხ-ოთხი ბასრი ანუ წვეტიანი კბილია, სულ რვა, რომლებსაც წინა (საჭრელ) კბილებს უწოდებენ და მათი საშუალებით საჭმელს დანასავით ვჭრით. წინა კბილების უკან, ორივე მხარეს და ორივე ყბაზე თითო-თითო გრძელი და წვეტიანი კბილია, რომელსაც შუა კბილი (ეშვი) ქვია. ეს კბილები რიცხვით ოთხია, ეშვებს გავს და მათ საქმეს საჭმლის გლეჯა წარმოადგენს. შემდეგ გამწკრივებულია სქელი და ბრტყელთავიანი კბილები, რომელთა ზედაპირი უსწორმასწოროა. ამ ბრტყელ კბილებს ძირითად კბილებს ეძახიან, მათი საშუალებით ჩვენ საჭმელს ვღეჭავთ და ვფქვავთ. ადამიანს სულ 32 კბილი აქვს.

რადგან პირი ძალიან რთული ორგანოა, მას რამდენიმე ფუნქცია აკისრია: პირით ვჭამთ, ვლაპარაკობთ და ვსუნთქავთ. სხვადასხვა ასოს გამოთქმაში პირის ყველა ნაწილი და ცხვირიც კი იღებს მონაწილეობას. მაგალითად, ასოს "ა"-ს ჩვენ მარტო ხახით გამოვთქვამთ; "პ" ან "ბ" რომ გამოვთქვათ, ტუჩები უნდა დავიხმაროთ; "დ"-ს გამოსათქმელად ენა კბილებს უნდა მივაბჯინოთ და "ჭ"-ს გამოსათქმელად - სასას; ასოს "ნ"-ს გამოთქმაში ცხვირიც იღებს მონაწილეობას.

ადამიანის სხეული კანით არის დაფარული. ბევრ ცხოველს კანი ბალნით აქვს შემოსილი; ადამიანის კანი კი თითქმის სულ შიშველი, სუფთა და თანაბარია. თავის კანი შემოსილია გრძელი და სქელი თმით. ტანის კანზე აგრეთვე აქა-იქ ამოსულია პატარ-პატარა ბუსუსები, მაგრამ ისე თხელი და წვრილი, რომ თითქმის არც კი ჩანს.

 

2

 

ჩემს სხეულს რომ ხელი დავაჭირო, კანს ქვეშ შევეხები რაღაც მაგარს, - ეს არის ძვლები. გარედან ხელის მოჭერით შემიძლია გავარჩიო მხოლოდ უმთავრესი და დიდი ძვლები. თავს რომ შევეხო, ხელში თავის ქალა მომხვდება. ეს ქალა შედგება რამდენიმე მომრგვალებული ძვლისაგან, რომელიც ერთმანეთთან ნაწიბურებით არის გადაბმული და ერთმანეთზე ქოთნის ნატეხებივით არის მიწებებული. თავის ქალას ყველა ძვლები ერთად შეადგენს ერთს მრგვალ ძვლის სათავსოს, რომელშიც დაცულია ყველაზე მთავარი და მეტად ნაზი ორგანო - ტვინი.

პირს რომ შევეხო, ხელში მომხვდება ორი ყბა - ზედა და ქვედა. ზედა ყბა, თავის ქალაზე ისე მაგრად არის მიკრული, რომ მხოლოდ მასთან ერთად შეუძლია იმოძრაოს და ცალკე მოძრაობაში ვერ მოვა. ხოლო ქვედა ყბა თავისუფლად მოძრაობს, იმიტომ რომ ქალასთან არ არის შეხორცებული, მხოლოდ მიმაგრებულია მაგარი და მოქნილი სახსარით. მე შემიძლია ქვედა ყბა ძირს დავუშვა, მაღლა ავწიო, ერთი მხრიდან მეორესკენ მივწიო-მოვწიო, პირი მოვკუმო და გავაღო, ვილაპარაკო და ვღეჭო. ორივე ყბაზე კბილებია მოთავსებული.

თავი ტანთან დაკავშირებულია რბილი ყელით და დაბჯენილია ხერხემალზე, რომელიც კეფიდან დაწყებული ჯერ კისერს ჩასდევს და შემდეგ შუა ზურგს მიყვება ტანის ბოლომდე. ხერხემალი შედგება 33 პატარა ძვლისაგან, რომელსაც ხერხემლის მალა ქვია. ხერხემლის მალები შეიძლება ხელის შეხებითაც მოვსინჯოთ, ისენი ერთმანეთთან მაგარი და მოქნილი სახსრებით არის დაკავშირებული.

ხერხემალი შეადგენს ერთ გრძელ მილს, რომელიც, როგორც თავის ქალა, ტვინით არის სავსე. ხერხემლის ტვინი თავის ტვინთან არის დაკავშირებული. ხერხემალი რომ ერთიანი და მაგარი ძვალი იყოს, ადამიანი ვერც წინ და ვერც უკან ვერ მოიხრებოდა, ვერც გვერდზე გადაიზნიქებოდა; ვერ შეიძლებდა კისრის მიბრუნება-მობრუნებას და თავის განძრევას. 

ხერხემალი არის ტანის მთავარი შუა ძვალი. მასთან არის დაკავშირებული ყველა სხვა ძვლები: გვერდის ნეკნები და მასზე კიდევ ხელების ძვლები; ქვემოდ დიდი და მაგარი თეძოს ძვლებია და მასთან კიდევ დაკავშირებულის ფეხების ძვლები. ნეკნები იწყება ხერხემლიდან, რკალივით იღუნება ორივე გვერდზე და ადგენს მკერდის ბუდეს, სადაც ადამიანის გული ცემს და ფილტვებია მოთავსებული, რითაც ჩვენ ვსუნთქავთ.

ადამიანს თორმეტი წყვილი ნეკნი აქვს. ზემოთა შვიდი წყვილი ნეკნი წინ, მკერდის შუა ადგილას უერთდება ბრტყელ და განიერ გულის ფიცარს, რომელზეც შეგიძლიათ ხელი დააბჯინოთ. ქვედა ხუთი წყვილი ნეკნი ერთმანეთთან არ ერთდება. ხერხემალის ქვემო ნაწილებზე მიბმულია ერთ დიდ ძვლად შეზრდილი სამი ძვალი; ამ ძვალს ქვია თეძო, რომელიც მთელს იმაგრებს ტანს და ფეხების ძვლებიც მასთან არის დაკავშირებული.

თითოეული ხელი მკერდის ბუდესთან შეერთებულია ორი ძვლით: ბეჭითა და ლავიწით. ბეჭის არის განიერი, სამკუთხა ბრტყელი ძვალი და ნეკნებს უკან, ზურგზეა მოთავსებული. ლავიწი მომცრო, თხელი და მორკალული ძვალია და მხრიდან გულის ფიცრის თავზე გადადის.

ხელის ზემო ნაწილში ერთი სქელი და გრძელი ძვალია, რომელსაც მხრის ძვალს ეძახიან. წყრთაში ორი ძვალია, ერთი უფრო სქელი, მეორე უფრო ვიწრო. საკუთრივ ხელში ბევრი ძვლებია: მაჯის, მტევნის, თითების. ხელის ძვლები მაჯის ძვლით ერთდება წყრთის ძვლებთან.

ფეხის ზემო ნაწილში ანუ ბარძაყში გრძელი ძვალია, რომელსაც მენჯის ძვალი ჰქვიან. შუა ნაწილში კი ანუ წვივში ორი ძვალია; მუხლს ფარავს ერთი პატარა მრგვალი ძვალი, რომელსაც კვირისთავს ეძახიან. თავად ფეხში კი ბევრი ძვლებია. ფეხის ძვლები, როგორც ხელის, სამ ნაწილად იყოფა: ქუსლის, ფეხის გულის და თითების ძვლები. ქუსლზე დაბჯენილია მუხლის ძვლები, ქუსლის ქვევით იწყება ფეხის შუაგული ძვალი, რომელიც თითების ძვლებით ბოლოვდება.

ყველა ძვლები ერთმანეთზე მიმაგრებულია მოქნილი სახსრებით და შეადგენს ადამიანის ჩონჩხს. სწორედ ეს ჩონჩხი იმაგრებს მთელ სხეულს.

თუ სხეულს ხელს მოვუსვამთ, ვიგრძნობთ, რომ ძვლები დაფარულია რბილი და მოქნილი მასით, ეს არის კუნთები. კუნთს რეზინის მსგავსად შეუძლია შეკუმშვა და გაშლა, ანუ გაგანიერება, რის გამოც სხეულის ნაწილების მოძრაობა შეგვიძლია.

მაგალითად, მხარი წყრთასთან კუთებით არის შეერთებული; როდესაც კუთები შეიკუმშება, მკლავი მოიღუნება, და როდესაც გაიშლება, გასწორდება. ადამიანის სხეულში ძალიან ბევრი დიდი და პატარა კუნთია. გამომეტყველების მცირე ცვლილებაც კი კუნთების შეკუმშვასა და გაშლაზე არის დამოკიდებული.

ჩვენი ენაც დიდი და მოქნილი კუნთია. მოძრაობა კუთებს ძალიან ამაგრებს. ვინც ბევრს დადის, მისი ფეხების კუნთები მაგარი და ღონიერია; ვინც ხელით მუშაობს, ხელის კუთები უმაგრდება და უღონიერდება. ზარმაცებს უძლური და სუსტი კუნთები აქვთ და მალე ეღლებათ. კუნთები ძვლებთან მყესებით არის დაკავშირებული; ძარღვებისგან განსხვავებით მყესებში სისხლი არ მოძრაობს.

მაგრამ კუთები თავისთავად კი არ იკუმშება და იშლება  და ამოძრავებს ჩვენს სხეულს: მათ ადამიანის ნებით კუმშავს და შლის ადამიანის ძაფივით წვრილი ნერვები. ეს ნერვები ძალიან ბევრია ადამიანის სხეულის ყველა ნაწილში და ბადესავით არის დაქსელილი; ნერვები გამოდის თავისა და ხერხემლის ტვინიდან, ეშვება ქვევით და გაფანტულია მთელს სხეულში.

ნერვს, რომელიც ტვინიდან თვალებთან მიდის, მხედველობის ნერვს უწოდებენ; ყურებთან მიმავალ ნერვს, სასმენი ნერვი ქვია. ნერვებს, რომლებიც კუთებში შედის და ხან კუმშავს და ხან შლის მათ, ეწოდება მოძრაობის ნერვი, ამიტომ რომ ამ ნერვების საშუალებით ადამიანს შეუძლია თავისის სხეულის სხვადასხვა ნაწილი მოძრაობაში მოიყვანოს.

თვალებთან რომ ნერვები მიდის, თუ დაზიანდა და მოქმედების ძალა დაკარგა, მაშინ ადამიანს დააკლდება მხედველობა, თუნდაც თვალების საღი ჰქონდეს. ხერხემალის ტვინიდან ფეხების კუთებში ჩამავალი ნერვების დაზიანების შემთხვევაში, ადამიანს ფეხები მოუდუნდება და ნაწილობრივ ან სრულად დაკარგავს სიარულის უნარს, თუნდაც ფეხები ისევ საღი ჰქონდეს.

თუ დაზიანდა თავად ტვინი, საიდანაც მთელს სხეულში ნერვებია მოდებული და აღარ იმოქმედა, მაშინ ადამიანი დაკარგავს გრძნობის და მოძრაობის ნიჭს. აი ამისთვის არის ეს ყოვლად უსაჭიროესი და ნაზი ორგანო საგანგებოდ დაცული თავის ქალისა და ხერხემლის მაგარი ძვლებით.

 

3

 

თუ საკუთარ კანს სადმე გავჭრით, იმ ადგილიდან ამოხეთქავს თხელი, წითელი და თბილი სისხლი. სისხლი მიედინება ადამიანის სხეულის რბილსა და წვრილ მილებში, რომელსაც ძარღვები ჰქვია. მაჯის, კისრის ან საფეთქლის ძარღვს თითი რომ დავადოთ, ვიგრძნობთ, რომ კანქვეშ რაღაც მოძრაობს, რაღაც ფეთქავს, - ესე იგი იკუმშება და იშლება ძარღვი, რომელშიც სისხლი მოძრაობს. სხეულს რომ ძალიან დავაკვირდეთ, შევამჩნევთ კანის ქვეშ გაფანტული ძარღვებს, მაგრამ ძალიან წვრილი ძარღვების დანახვა არ შეგვიძლია. ძარღვები არა მხოლოდ კუნთებსა და კუნთებს შუა გადის, არამედ თავად კუთებშიც; ამიტომ კაცის ხორცს წითელი ფერი აქვს.

ჩვენი ლოყებისა და ტუჩების წითელი ფერი კანქვეშ მდებარე ძარღვების დამსახურებაა, რომლებშიც მოძრაობს სისხლი. ერთი ხელი რომ მეორეზე ძლიერ დავირტყათ, შევნიშნავთ, რომ ის ადგილი, რომელსაც ხელი მოხვდა, პირველად ფერს დაკარგავს, მერე ისევ გაწითლდება. ეს იმის გამო ხდება, რომ იმ ადგილიდან სისხლი ჯერ უკუიქცა, შემდეგ კი ჭარბი რაოდენობით დაბრუნდა უკან.

სხეულში ძარღვები დაქსელილია ხვართქლას ურიცხვი ტოტებივით. ეს ძარღვები ერთიანად გულთან იკრიბება, ხოლო გული იმყოფება მკერდის მარცხენა მხარეს ნეკნებს ქვეშ და დაუდგრომელად სცემს, ე. ი. იკუმშება და იშლება. როდესაც გული გაიშლება, მაშინ მასში ძარღვებიდან შედის სისხლი; როდესაც შეიკუმშება, გულიდან სისხლი გამოდის და ძარღვებში ჩადის.

როგორც ყველა ადამიანებისათვის, ისე ჩემთვის საჭიროა საჭმელი და სასმელი. საჭმელისა და სასმელის გარეშე შიმშილითა და წყურვილით მოვკვდებოდი. როდესაც დიდხანს არა ვჭამ, მაშინ ჩემს თავს უსიამოვნოდ ვგრძნობ, ჩემის სხეულის ყველა ნაწილი უძლურდება, არაქათი ელევა და სუსტდება. როდესაც საკმაო რაოდენობით ვჭამ, ვყოჩაღდები, ვმაგრდები და ვღონიერდები.

საჭმელს პირში კბილებით ვღეჭავ, ნერწყვით ვასველებ და მერე ვყლაპავ. ჩაყლაპული საჭმელი გაივლის საყლაპავ მილს და ჩავა კუჭში, რომელიც მდებარეობს სხეულის ქვედა ნაწილში. კუჭი ამუშავებს მიღებულ საჭმელს, მის ნოყიერ ნაწილებს სისხლად გადააქცევს და უსარგებლო ნაწილებს გარეთ გამოდევნის.

სისხლი ჯერ ძარღვებში მიედინება და გულში შედის, შემდეგ გულიდან გამოდის და სხვა ძარღვებით ფილტვებს მიეწოდება. ფილტვები მკერდში მდებარეობს; ეს დიდი და რბილი ორგანო შემდგარია ძლიერ პაწაწინა ურიცხვის მილებისაგან. ფილტვებით ჩვენ ვსუნთქავთ, ე. ი. ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ ჰაერს. ჰაერი ფილტვებში ჩადის და მერე ისევ ზევით ამოდის სასულეში, ცხვირისა და პირის საშუალებით. როდესაც ვსუნთქავთ, ე. ი. როდესაც ჰაერს ვყლაპავთ, მაშინ ჩვენი მკერდი მაღლა იწევს, განიერდება და ფილტვებიც იშლება; როდესაც ჰაერს ამოვისუნთქავთ , მაშინ მკერდი დაბლა დაიწევა და ფილტვებიც იკუმშება.

სუნთქვისათვის საჭიროა ჰაერი. ადამიანი უჰაეროდ უფრო მალე მოკვდება, ვიდრე უსაჭმლოდ. როცა ფილტვებში ამოსული სისხლი გარეთ არსებულ ჰაერს შეეხება, მაშინვე ალისფერს მიიღებს და განახლდება, შემდეგ ფილტვებიდან ისევ გულში დაბრუნდება, რომელიც თავისი განუწყვეტელი შეკუმშვითა და გაშლით სისხლს მთელს სხეულში გზავნის; ხოლო სხეული ამ სისხლით საზრდოობს და იზრდება.

ძვლები, რომელიც მოქნილი სახსრებით არის შეერთებული, ძვლებზე მიმაგრებული კუნთები, ძარღვები და ნერვები გარედან სულ კანით აროს დაფარული. სხეულის შიგნით მდებარეობს რამდენიმე უსაჭიროესი ორგანო; მათ შორის უპირველესია ტვინი, რომელიც თავის ქალაში და ხერხემალშია მოავსებული, გული და ფილტვები, რომლებიც მკერდში იმყოფება, და კუჭი, რომელიც მუცლის ბინადარია.

როდესაც ჩემს თავს სრულწლოვანს ვაჟკაცებს ვადარებ, ვხედავ, რომ მე ჯერ კიდევ ვერ ვარ დიდი და ღონიერი, მაგრამ ადრე უფრო პატარა და სუსტი ვიყავი; როგორც ამბობენ, მაშინ თურმე სიარული და ლაპარაკიც არ შემეძლო, თუმცა მე ეს დრო არ მახსოვს. გავა კიდევ რამდენიმე წელიწადი, გავიზრდები, გავხდები დიდი, ძლიერი და შევიქნები სრულფასოვანი კაცი; ამის შემდეგ გაივლის კიდევ ერთი ოცდაათი წელიწადი და დავიწყებ დაბერებას: ღონე დამაკლდება, პირისახე დამიჭკნება, თვალები დამისუსტდება, კბილები დამცვივდება და გავხდები მოხუცებული.

შემდეგ სიკვდილის დროც მოვა: ჩემი სხეული გრძნობისა და მოძრაობის ნიჭს დაკარგავს, მერმე დაიშლება და გადაიქცევა მიწად და ჰაერად, რისგანაც არის შემდგარი. ხოლო ჩემი სული კი არასოდეს არ მოკვდება, იმიტომ რომ ღმერთმა მომაკვდავი სხეული მომცა, მაგრამ სული უკვდავი მომანიჭა.

ეხლა ჩემი სხეული ცხოვრობს, სვამს, სჭამს, იზრდება, გრძნობს და მოძრაობს, ამიტომ რომ უფლისაგან სიცოცხლის ნიჭი აქვს ბოძებული და მასში ცხოვრობს უხილავი და უკვდავი სული.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ