(სურათი)
როდესაც სოფელს გავიხსენებ, მაშინვე თვალწინ წამომიდგება ტყე, მინდვრები, მდინარე, მთები, მიწური და ჩალური გაბეჩავებული ქოხები და გაჭიმული გუთანი, ცელი და ნამგალი, მკითხავი და ქადაგი, მღვდელ-დიაკვანი, მნათე და გონების სიჩლუნგე, ქუდმომრუდებული მჭადაზნაურა, სუდია-მამასახლისი, იღლიაში ჯოხამოჩრილი გზირი, რომელიც ჩამოწეწილს ჩოხის კალთებს დაათრევს, წვიმისაგან გალუსკულს ქათამს დაჰფერებია, უგზო-უკვლოდ დაფარფატებს სოფლის უსწორმასწორო ქუჩებზე, ხან აქ დააჩენს ქუდის წვერს, ხან იქ, ამოადენს ძაღლების ყეფას, დედაკაცებისა და ქათმების წიოკს, ჟივილ-ხივილს.
გზირი სოფლისთვის ქორია. უნებლიედ მოგაგონდება „კანცელია“, ცხრაგან ჩამონგრეული, და დუქანი, რომელშიაც მეტად ავი სუნი ტრიალებს. დიაღ, დუქანი მისი განათლებულის დახლიდრითურთ, რომელიც „სვოლოჩო!“ ეუბნება გლეხებს და ლოქოსავით პირი დაუღია ყველას და ყველაფრის ჩასაყლაპავად.
დუქანი სოფლის „კანცელის“ განყოფილებაა. განსამართლება იქიდამ იწყება ხოლმე და თვით სამართალიც ღვინის რუმბში ჩაუმწყვდევიათ სოფლის მოხელეებსა. საბრალო სამართალი რუმბში ზის მობუზული და თვალთაგან ცრემლი ჩამოსდის ღაპაღუპით.
სოფლის ხსენებასთან ერთად კაცს აგონდება დედამიწასთან სასტიკი ბრძოლა, მედგარი შრომა, ოფლი გულ-მკერდზედ. ფეხშიშველი, მუცელტიტველი ბალღები, ტიკჭორასავით დაბერილები, მირბი-მორბიან; ლობიოთი დათხუპნულს ცხვირ-პირს და ფაშვებს იტრიალებენ.
სწორედ შესაფერი აქია უთქვამთ ქართველებს ლობიოზე. ლობიოს იმდენივე ამაგი უდგა ჩვენზე, რამდენიც ბატებს რომზე. აი როგორ:
ქართულს სოფელში, ერთს ოჯახში ბუხარია ძალზე გახურებული. ბუხრის ნაპირი დაუმშვენებია უზარმაზარს ლობიოს სადუღარსა; სადუღარში ლობიო თავისებურად, ფილოსოფიურად დინჯად დუღს და გადმოდის. მოვიდა სადილობის დრო, შეგროვდენ ოჯახის წევრნი; გაჩნდა დიასახლისი, ამოზილა ლობიო, მოიმარჯვა ჯამ-ჭურჭელი; გაშალეს სუფრა. ის-ის იყო გადმოდგა დიასახლისმა, უნდოდა ჯამებზე დაესხა, ლობიო. უცბად ხმა გაისმა: „თავს უშველეთ, ლეკები მოდიანო!“
თავსზარდაცემული ოჯახობა აიბარგა, ზოგმა ციხეს მიაშურა, სხვა ტყეში გაიქცა. სადუღარი დარჩათ გადმოდგმული. გააფთრებული ლეკები შეცვივდნენ სახლში იმ იმედით, რომ ტყვეები და დავლა ეშოვათ, მაგრამ თავისებური დარბაისელი სადუღარი დახვდათ; ქოთანში ლობიო ისევ ჩუხჩუხებდა, თითქოს ცეცხლი უკეთიაო. ლეკებმა ეს რომ დაინახეს, გაოცდენ, შეშინდენ, სთქვეს: „ჩქარა წავიდეთ აქედამ, თორემ ჩვენი საქმე ცუდად არის, სუფრა გაშლილია, საცაა ოჯახის პატრონი მოვა პურის საჭმელად და ტყავებს დაგვაძრობსო; ამ საკვირველის საჭმლის, რომელიც უცეცხლოდ დუღს, მჭამელი სწორედ ცეცხლი იქნება, ერთი რამ საოცარი კაცი; - ჩქარა, აბა ჩქარაო!“ ლეკებმა, არამც თუ იმ ოჯახს, მთელს სოფელსაც თავი დაანებეს, ხელი არ ახლეს და გაშორდენ იმ არემარეს.
აი, რა მადლი დათესა ჩვენმა ლობიომ.
დადგა სოფელში გვალვა, გახმა დედამიწა, უხმება მოსავალს ძირი. „ეჰეე, რას გვიშვრება ი დალოცვილი ღმერთი, აიღო ჩვენზე ხელი! გვაღირსე კიდევ ნამი, ღმერთო, შენის მადლისა და სახელის ჭირიმე!“, - გაისმის სასოწარკვეთილი ხმა სოფელში.
- ცოდო გამრავლდა, შვილო, ცოდო, - ეუბნება ერთი მეორეს, მეორე მესამეს, მესამე მეოთხეს, მეოთხე მეხუთეს და სხვ. - გინდათ ერთმანერთის დაღუპვა, გშურსთ მეზობლისათვის ერთი ლუკმა პური და ღმერთმაც დაიშურა თქვენთვის. ძაან კარგა გვიშვრება, ახია ჩვენზედ!
წამალი გვალვისა ისევ ბებრუცუნებმა და პატარძლებმა მოიგონეს: შეზილეს ტალახისაგან „ლაზარე“, სწორედ ისე, როგორც ღმერთმა პირველი კაცი ადამი, დაასვენეს გაძაგრული ხონჩაზედ, დაათრევენ საბრალო ლაზარეს კარიკარ და გაიძახიან: „ლაზარ მოდგა კარსა, ლაზარ ბატონო! ცხრილი აგორებულა, წვიმა გაჩქარებულა, აღარ გვინდა გორახი, ახლა მოგვეც ტალახი, ლაზარ ბატონო!“-ვო. თუ როგორმე მოჰხდა და წვიმა მოვიდა, უყურეთ მაშინ სოფლის თავის მოწონებას.
- მადლობა უფალს, - ეუბნება ერთი მეორეს, მეორე მესამეს, მესამე მეოთხეს და სხვ. - ალბათ სოფელში მადლი კიდევ დარჩენილა, არ გაგვიმეტა ღმერთმა წასახდენად.
იქნება სოფელში ყველა ერთმანეთის მტერი და მოშურნე იყოს, მაგრამ სოფელს კი, მთელს სოფელს ცალკე თავის თავისათვის კარგი უნდა. ტყუილად კი არა სვამენ გლეხნი მაღალის „სორტის“ სადღეგრძელოს და ამბობენ: „ღმერთო, შენ გააძლიერე ქვეყნიერობა, ქვეყნის წყალობით ჩვენი სოფელიო!“
თუ ვინმემ სოფლისთვის სამავნეო საქმე ჩაიდინა, ან სიტყვა დახარჯა, მაშინ მძლავრი ხმა გაისმის: „ეგ არ მოხერხდება, შვილოსან, არ იქნება, არა, სოფელი დაიღუპება!“
თუ დამნაშავე სოფლის წინაშე ხელშესავალია, მაშინ სოფელი ჯოხს ეძებს დამნაშავის გასაწურთნავად, და თუ არა, ქუდს მოიგლეჯს და ჩივის: „ნუ დაგვღუპავთ, ბატონო; თქვენის ცოლ-შვილის სადღეგრძელოდ, შეიბრალეთ ჩვენი საწყალი თავი“.
თუ რომელიმე სოფლის მოხელე, მამასახლისი იქნება თუ სუდია, „საყელოში იწევს“, სოფელი უწყრება: „ბატონყმობა დიდი ხანია გადავარდა, შენ გინდა ისევ დაიბრუნო!? ჩემი დაყენებული ხარ, თუ ჭკვიანად არ იქნები, შველა მაქვს, მალე გადაგაყენო. სოფელი დუმაა, ნელ-ნელა მოთალე, შვილოსან, ის გირჩევნიან. შენ სოფელს გინდა გაუმკლავდე? ეჰეე, დიდი ძალა აქვს სოფელსა; თუ მოინდომა, მალე ყირაზე გადაგატარებს!“
დიაღ, უყვარს სოფელს თავი და უფრთხილდება კიდეც თავის თავს ბევრით მეტად, ვიდრე ცალკე წევრნი სოფლისანი ერთმანეთს.
ზაფხულობით ცხარე დღე ადგება სოფელს; რაც ორს თვეს ოფლს დააქცევს სოფელი, მთელს დანარჩენს დროის ღვაწლს სამჯერ აღემატება. შეაგროვებს სოფელი დედამიწის ნაძღვნევს, მის მადლს. ეს მადლია დამნამუსებელი სოფლისა, იმისის კაცობის დამაგვირგვინებელი: მკვდარს, ცოცხალს იმითი უნდა გაუძღვეს.
დადგა შემოდგომა. კაცის მარჯვენამ მთა-ბარს, მინდვრებს ნაღები მოჰხადა; დარჩა გახრიოკებული დედამიწა; რაც რამ სარჩო-საბადებელი ჰქონდა დედამიწას, კაცს უძღვნა და თითონ კი დარჩა ცალიერი.
მინდვრებზე აღარაფერი ჩანს; მარტო პატრონისაგან მოძულებული, სიბერისაგან გადახრწნეული კუდა ცხენებიღა თუ დახეტიალებენ და ჰხოხნიან ხმელს დედამიწას; სოფელი კი მხიარულობს, თვრება, „ჰარუნანო-თარუნანო“ გაისმის. სოფელი შემოსძახებს სუფრულს:
„წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება;
კარგი ვსოთ და კარგი ვსჭამოთ,
ამის მეტი რა შეგვრჩება!
ჰარუნანო, თარუნანო, ჰა ბიჭო, ჰეო!
მე სოფლის თავსა ვესახლე,
არა სოფელი ჩემს თავსა, -
რაც მე სოფლისთვის მინდოდა,
წინ-წინ მოვიდა ჩემს თავსა! აა-ო“.
- აბა, ბიჭო, ბანი! ბიჭებო, ბანი, ჰაააა! - ყვირის ერთი და მოჰყვებიან სხვანიც. გაისმის დაუსრულებელი სიტყვები: „აბა, მიირთვით, აბა, კაი დროება გამიწიეთ, ნათლიდედ, ნათლიმამ, მოყვარე, სეხნიავ“ და სხვ. და სხვ.
ხალხი, გაბრუჟული სასმლისაგან, შეგულიანებულია; ისმის თამამი სიტყვა-პასუხი, გულმა ქონი მოიკრა, ამოხრანწული ყელი გაპოხიერდა, ხმა გაიწმინდა, სისხლი აფუვდა ძარღვებში; ერთი მეორეს უკადრისს სიტყვასა და ქცევას აღარ უთმობს. თუ სიტყვიერად ვერ დაახევინა უკან, გაადვილდება მუშტის ხმარება, ჩამოვარდება შუღლი, შეძულება, რომელმაც ბევრი-ბევრი დიდმარხვამდე გასტანოს. დიდმარხვაში შერიგება უნდა მოჰხდეს უსათუოდ. მანამ არ შერიგდებიან, ზიარება, წმინდა საიდუმლო არც ერთს მაშფოთარს არ ერგება. სოფელს მტკიცედ ახსოვს ჯერ კიდევ ძვირფასი სიტყვა იესო ქრისტესი:
უკეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეხსენოს შენ, რამეთუ ძმა შენი გულძვირ რაიმეა შენზედ, დაუტევე შესაწირავი იგი საკურთხეველსა ზედა, წარვედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა, მოვედ და შესწირე შესაწირავი იგი.
გართულს ხალხს ვერ შეუნიშნავს, რომ ზამთარი სპეტაკის წვერითა და თეთრის სამოსლით წამომდგარა კარებში, სიცივისაგან აცახცახებული, და იხვეწება: „შემიშვით სახლში, გამათბეთო, აბა, შეშა და ცეცხლიო!“ თითონ დაუპატიჟებლად მობრძანდება და დაიღრიალებს: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდესთ ღმერთი, ფეხი ჩემი, - კვალი ყინვისა, ხველა-მჭვლისა, „ფუფალა ბატონებისა“-ო. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდება ხალხი, მოიფშვნეტავს თვალებს, ეღირსება ბუხარს „გაძრიელება“ და დაუდევარი ღიღინი:
„გამხიარულდი, ბუხარო,
გულჩათხრობილი ნუ ხარო!“
აგერ ყველიერიც დადგა, ყველიერი თავის განუშორებელ მეგობრებითურთ - ბერიკებით და დილიდამ მოყოლებული მეორე დილამდე განუწყვეტლად სმა-ჭამით. იმდენი ხორაგეულობა უნდა ჩაყლაპოს, შთანთქას ყველამ, რომ მთელი ორმოცი დღე მისმა სინოყივრემ გასტანოს. დაუსრულებელი სმა-ჭამა და ქანაობით მონელება გახლავთ ყველივრის სამკაული.
მობრძანდა დიდმარხვაც, დადგა დრო ლობიოს მეფობისა, მისის სასტიკის ბრძანებლობისა. დადგა დრო სინანულისა, რათა მოველოდეთ აღდგომას სიხარულისას. ისმის მწუხარე ზარის რეკა, მწუხარე, თითქოს მიცვალებული იყოს სოფელში… მღვდელი და დიაკვანიც, ვერად მოყვარულნი წირვა-ლოცვისა, ზარმაცად მიდიან საყდრისკენ; ნამეტნავად შესაბრალისია ეს უკანასკნელი მსახური ეკლესიისა, რომელიც თავისუფალ დროს ძილის მეტს არაფერს აკეთებს და ერთავად სძინავს, როგორც რუსები იტყვიან, დევურის ძილით, ისე, რომ თვალის ქუთუთოები ტომარასავით გაჰხდომია. ჩივის საჭმელზე: რა უნდა ჭამოს კაცმაო, ეს მარხვა რაღა ხათაბალააო… მეტი ჩარა არ არის, უნდა აასრულონ თავისი წესი. გაისმის დიაკვნის გამოურკვეველი კითხვა, კითხვა სხაპასხუპით, აჩქარებით, რაც უნდა ეცადო, ერთს სიტყვასაც ვერ გაიგონებ. ისმის მღვდლის ლოცვაც, სწორედ გლოვისა და ტირილის ხმაზე წარმოთქმული სიტყვები:
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა, მიმომწვლილველობისასა, მთავრობის მოყვარებისასა ნუ მიმცემ მე; ხოლო სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომადლე მონასა შენსა. ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ!
დიაღ, საბრალო კილოთი ისმის ეს სიტყვები. ხალხი ოხვრით მუხლს იყრის და თქვენც ამბობთ: ამინ, ამინო!