მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 532 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

(საახალწლო ამბავი)

 

I-

 

ზღაპარს რატომ არაფერს მიამბობ, ჩემო ქალო? - ჰკითხავდა პაპა სოსიკა თავის შვილიშვილს, ხუთის წლის სოფოს, რომელსაც მეტი სახელი პაპამ „გუგული“ დაარქვა.

სოფოსაც ეს სახელი ერჩივნა თავის ნამდვილ სახელსა. როცა განგებ ვინმე ჰკითხავდა სოფოს: „პატარა გოგონავ, რა გქვიან შენაო?“ სოფო თამამად მიუგებდა: „გუგული მქვიანო“.

პაპამ სოფოს გუგული იმიტომ დაარქვა, რომ ადრე იღვიძებდა და მოჰყვებოდა მღერა-ჭიკჭიკს. „პაპას გუგული აძრახდაო, - იტყოდა სოსიკა, - აძრახდა გუგული, ჩემი წუთისოფელიო“.

სოსიკა დიდს ბედნიერებას ჰგრძნობდა, როცა გუგული კალთაში ჩაუჯდებოდა, შესჭიკჭიკებდა, შეჰფოფინებდა პაპას და თეთრს წვერზე ხელს უსვამდა.

 

II

 

ახალწლის წინა ღამეა. სოსიკა და მისი გუგული კერაზე სხედან. გუგული კალთაში უჯდა თავის პაპას და მოუსვენრად ფეხებს უსვამდა დაბლა კერის პირზე.

- აბა, მაშ ჩემი ქალი - სოფლის თვალი, არ უამბობს ზღაპარს თავის პაპას? - ჩაეკითხებოდა სოსიკა გუგულს.

- არ ვიციო, არ ვიცი, არ ვიცი ზღაპარიო! - მიუგო პაპას გუგულმა თავის გადაქნევ-გადმოქნევით.

- მაშ არც შენის ქმრის ზღაპარს მიამბობ, ჩემო ქალო? - ჰკითხა კვლავ სოსიკამ გუგულს.

- არ ვიციო, არ ვიციოოო! - მიუგო ისევ ისრე გუგულმა.

იცით მერე, ვის აპირებდა გუგულს ცოლად? ვისა და მელასა.

„უნდა ჩემი ქალი მელას მივათხოვო, - იტყოდა სოსიკა გუგულის გასაგონად, - ვაჟკაციც კარგია და ოჯახის შვილიცაო“.

- მართლა, არ მიამბნია შენთვის, ნინო, რომ ჩემი ახალი სიძე, ჩვენის გუგულის საქმრო, დღესაც კიდე ვნახე სოფლის ბოლოს, - ეუბნებოდა სოსიკა თავის რძალს ნინოს, რომელიც დედალს ჰფუფქავდა ცხელს წყალში და ჰბდღვნიდა.

საახალწლოდ ნინოს ყველაფერი დამზადებული ჰქონდა და იქვე მაღლა თაროზე ელაგა: ერთი ბურვაკი, იმას გვერდზე მოსწოლოდა ინდაური, ინდაურს გვერდზე ედო მსუქანი დედალი და ეს უკანასკნელი მეორე ამხანაგს უცდიდა. გოზინაყი, ჩურჩხელები, ხილი ნინოს ადრევე მომზადებული ჰქონდა.

- არ გიბძანებიათ, მამამთილო, არა!

- ნამდვილად სოფლის ბოლოსა ვნახე, - განაგრძო სოსიკამ, - წყაროს წყალს ქვემოდამ, ჭალის პირას; უცებ თავს წამომადგა ჩემი სიძე მელა: ლურჯ ცხენზედ იჯდა და ლურჯი ქულაჯა ეცვა, თავიდამ ფეხებამდის იარაღში იყო ჩამჯდარი: თოფი, ხმალი, ხანჯალი, დამბაჩა, სასწრაფო, საპირისწამლე, - სულ ოქრო-ვერცხლითა ჰქონდა მორთული, თავზე მშვენიერი კალმუხის ქუდი ეხურა.

- ჩემს სიმამრს ვახლავარო! - მომაძახა.

- ჩემს ახალს სიძეს გაუმარჯოსო! - მეც მივაძახე და გავაჩაღეთ პროშტი და სალამ-ქალამი.

- დღევანდელ დღეს რა ჭალაში სიარულისა არისო? - მკითხა. იმას დღესა ჰგონებოდა ახალი წელი, ანგარიშში შემცდარიყო.

- რატომ, რა მიზეზია-მეთქი.

- ის მიზეზია, რომ დღეს ახალი წელიწადია, კაცს მოკეთე მოსდის, თავის სახლში უნდა დაუხვდესო.

- ვაჰმე, ჩემო ახალო სიძეო, ხურჯინში არა გიძეო!.. დღეს კი არ არის ახალი წელიწადი, ხვალ არის-მეთქი.

- ვაჰ, შენ ჩემო თაოვო, - შემოიკრა ხელი თავსა და პირში. - წავხდი კაკალი კაცი, ეს როგორ მომსვლია: გუშინდელი ლოთობის ბრალია; ჩემის ბიძაშვილის ნიშნობაში გახლდით, კარგა დავლიეთ, სულ მამლის ყანწებითა ვსვით ღვინო; ძრიენაც დავთვრი და კიდეც ამ დათრობამ მიყო ეს საქმე, რომ შემარცხვინა შენთან, ჩემო სიმამროვო; მე ძღვნითა და მოსაკითხით წამოვედი და, დახე, როგორ ტყუილად მოვმცდარვარო.

ხურჯინი სავსე ჰქონდა ბატ-ქათამ-ინდაურებით. რა გინდა, სულო და გულო, რომ შიგ არ ეწყო: ჩურჩხელები გინდა, თურაშაული ვაშლები, გულაბის მსხლები, ნამცხვარი ნაზუქები და ქადები. კუდი გადმოიგდო გვერდზე იმ ეშმაკმა. იმის კუდმა ხომ გამაოცა და გონებიდამ გადამაგდო: თავიდამ ბოლომდის ბეჭდები და საყურეები ჰქონდა ასხმული. მართლა, უნაგირის ტახტაზე ორი „ბუზიკა“ ეკიდა. ყველა ეს ჩემის გუგულის ფეშქაშად წამოეღო…

პაპამ რომ „ბუზიკები“, ბეჭდები და საყურეები ახსენა, გუგულს გაეცინა.

- წავიდა და ხვალ მოვა. ძღვენს თუ არაფერს მოუმატებს, ვიცი, არაფერს დააკლებს. ძალიან მოსწონს ჩემი გუგული და ძალიანაც მეხვეწა, შენი სულის ჭირიმე, შენ გენაცვალე, ჩემო სიმამრო, არ დამღუპოთ, არ დამანელოთ, გუგული სხვას არ მიათხოვოთო. რაზე მწუნობთ კაცო? ღმერთმა ხომ იცის, ჩემისთანა ვაჟკაცს თქვენ სხვას ვეღარ იპოვით თუ ვაჟკაცობით, თუ ოჯახიშვილობითაო.

არა სტყუოდა, ღვთის წინაშე. ხვალ მოვა და ერთი კაი ნიშნობაც გავაჩიხრიხოთ.

პაპას გუგული ყელზე ჩამოეკოწიალა და დედას ღიმილით გადაჰხედა.

 

III

 

- ეგ არ მინდა… არ მინდა მელა… სხვა რომ იცი კუდიგძელიასი, ის მიამბე, პაპავ! - სთხოვა გუგულმა პაპას.

- ძალიან კარგი, გიამბობ, თუ ყურს კარგა დამიგდებ, - სთქვა სოსიკამ და დაიწყო: - იყო და არა იყო რა, მე და ჩემს ქალს გუგულზე კარგი რა იქნებოდა ქვეყანაზე?!. იყო ერთი მელია-კუდიგძელია, გონიერი, ღონიერი, ჭკვიანი, ფხიანი, თავგზიანი და ხანდახან ავზნიანიც.

კინაღამ, კინაღამ ჩემს სასიძოს, შენს საქმროს კუდა-მელასა სჯობდა. მეტად კარგი რამ იყო ეს მელია-კუდიგძელია, მშვენიერის ტანისა და წვერ-ულვაშისა; მუდამ აცქვეტილ ყურების უკანა პირზე შავი ხავერდი ჰქონდა გადაკრული, მაგრამ ეს მელა უფრო გათქმული იყო იმით, რომ გძელი კუდი ჰქონდა. ეს კუდი იყო იმის სანადირო იარაღი.

ვსთქვათ, გაუეშმაკდა თაგვი, შეძვრა სოროში და აღარ გამოდის გარედ, თუმცა მელიამ დიდხანს დაყუნთებულმა უცადა მას თაგვის სოროს პირზე. ხერხად მაშინ მელია-კუდიგძელია იმას იხმარებდა, რომ შეიბამდა თეთრ კუდის წვერზე თხილის გულსა და ჩაუშვებდა ასე თაგვის სოროში. თაგვი, რა თქმა უნდა, რომ დაინახავდა თხილის გულს, მოეპარებოდა, და მელა კი კუდს ნელ-ნელა გარედ გამოსწევდა, თაგვს გამოაცილებდა იმის ციხე-დარბაზს, სტაცებდა კლანჭსა და დაიჭერდა.

თავის კუდის წყალობით ბევრი მამალი ჩამოუბძანებია ქანდარიდამ მელას. მამალს რომ მიუხტებოდა, ქანდარაზე მჯდომარეს, ჯერ იმას შეეხვეწებოდა: ჩამობძანდი, ერთი მოწმობა დამიწერე, სტამბოლს მინდა წასვლაო. და, როცა ამ თხოვნით ვერას გახდებოდა, მოიბამდა კუდის წვერზე რამდენსამე მარცვალს და მიუშვერდა მამალს ცხვირწინ. სულწასული მამალი დაეტანებოდა, ჩამოვარდებოდა ქანდარიდამ, და მელასაც ეს უნდოდა: მაშინვე პირში იკრავდა!..

მისახვევ-მოსახვევიანი სორო მელია-კუდიგძელიას ტყეში ჰქონდა ბექობ ადგილას. ლოგინად ქათმის ბუმბული და ბატის გერმა ეგო ქვეშა და საბძანებელ ტახტად ედგა მამლის ფეხები. ბინა მელია-კუდიგძელიას სავსე ჰქონდა ქათმის, ინდაურის და ბატების ნისკარტებით; იმის ბინაში ეგრეთვე მრავლად მოიპოვებოდა ნისკარტები ბეღურასი, წიპრიასი, ქერონა ჩიტისა. მაღლა შეკიდებული ჰქონდა მამლის ჯიჯლიბოები, თარო კიდევ სავსე იყო თაგვის კბილებითა. ძალიან მდიდრადა სცხოვრობდა მელია, რომ მეტი არ იქნება. საცა რამ წინდის, ან პაიჭის ძველი მოეგდო, ეშოვნა, ისიც, იქ, თავის ბინაში, მიეტანა.

 

IV

 

ერთს დღეს ერთს გორაზე იჯდა დაყუნთებული მელია-კუდიგძელია და ათვალიერებდა ქვეყნიერობას. უფრო თვალდაშტერებით უცქეროდა ერთს სასახლეს, რომელიც მზესავითა ბრჭყვინავდა. მელამ დაინახა მეფის მზეთუნახავი ქალი, რომელიც სასახლის სარკმელთან იყო მომდგარი. მელას მეფის ქალი ძლიერ მოეწონა და განიზრახა მისი ცოლად შერთვა. გაუგზავნა მეფეს ცხრა-ათი შუაკაცი, რამდენიმე ბარათი ხვეწნა-მუდარისა, მაგრამ არ იქნა-რა, მეფე ვერ დაითანხმა, მელას ეწყინა ძლიერ მეფის უარზე დადგომა და სთქვა გულმოსულმა:

- მაშ მე მოვკვდე, თუ შენი ჯავრი არ ამოვიყარეო! რაკი ნებით არ მაძლევთ, ძალა ხომ ჩემს ხელში არისო!

ადგა, მართლაც, ერთ ღამეს და გასწია მზეთუნახავის გამოსატაცებლად. მაგრამ ცოტას შეფიქრიანდა, პირდაპირ მისვლას მოერიდა და ისევ სხვა ღონე იღონა. იფიქრა: მოდი, ამ მეფის თავლა-საბძელს ცეცხლს წავუკიდებ, რაც მოსამსახურეები და ამალის ხალხია, იქ გაიქცევიან და მაშინ დარჩება კაი დრო ქალის გატაცებისაო.

მართლაც, შეიბა თავის გძელს კუდზე ერთი მუგუზალი, მიიტანა და მიუდო ცეცხლი თავლა-საბძელს. ცეცხლი კარგად გაჩაღდა, თვითონ იქვე შორიახლოს მიიმალა.

- თავლა და საბძელი იწვებაო! - დაიძახეს და გამოცვივდენ ყველანი გარედ. მეფე-დედოფალი კი თავგადაგლეჯილები გამორბოდენ. მზეთუნახავიც მოაჯირზე გადმოდგა და სეირს უცქეროდა. მელას დრო დარჩა, შეხტა, ერთბაშად ხელი სტაცა ქალს, შეიგდო კუდზე და ჰერი, ბიჭო! გასწია და რა გასწია!

მოზღვავებულმა ხალხმა ცეცხლი მალე ჩააქრო, მაგრამ ახლა სხვა თავში საცემი საქმე გაუხდათ. რა ნახეს, რომ მეფის მზეთუნახავი ქალი აღარსად იყო, შეიქნა ჩოჩქოლი, ერთი ვაი-ვაგლახი.

- აბა, მდევარი, აბა, მდევარიო! - ყვირიან…

გაიგეს ისიც, რომ ეს ოინი მელამ დაჰმართათ. თვითონ მეფე შეჯდა თავის რაშზე და გამოეკიდა უკან მელასა მხლებლებით. მელა მირბოდა და მიხტოდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. მდევრებს გათენების დროს მზეთუნახავის ტირილი შემოესმათ შორიახლოს:

- მიშველეთ, ქრისტიანი ვინა ხართ, მელას მივყევარო!

მოუჩქარეს იმათაც უფრო ფეხი, მოეწივნენ და ქალი გააგდებინეს, როგორც იყო, იმ ყაჩაღ მელას.

მელამ რა ნახა, რომ ჩემი საქმე ცუდად არისო, მიაშურა თავის სოროს, მაგრამ ერთი გულადი, ყველაზე უკეთესი მხედარი წამოეწია და მანამ სრულ შეეფარებოდა სოროში, კუდში ხელი სტაცა. მელამ გაიწია, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ისე ძალზე, რომ კუდი მთლიანად მხედარს დარჩა ხელში და თვითონ კი უკუდოდ შებძანდა თავის ციხე-დარბაზში. მაგრამ იქიდამაც მალე გამოაბძანეს, შეუკრეს ხელ-ფეხი ბორკილით და ისე გაძაგრული წამოიყვანეს…


ჭირი იქა, ლხინი აქა,

ნაცარი იქა, ფქვილი აქა!


- სხვა აღარაფერი იცი, პაპავ, მელისა? - ჰკითხა გუგულმა სოსიკას.

- როგორ არა, ვიცი კიდევ, შვილო, ერთი შაირი მელიასი და იმასაც გეტყვი, რაკი ეგრეა.

გუგულმა თავი დაიქნია და პაპამაც დაიწყო მელიას შაირი:


ადგა, ამხედრდა მელია,

ულვაშს გადისო ხელია,

კუდზე ეჟვანი შეიბა,

ხმლით დაიმშვენა წელია,

თოფი გადიგდო მხარზედა,

ჩამოივარცხნა წვერია.

შეკმაზა თავისი რაში,

თავისი ლურჯი ცხენია.

ვაი ქათმებს და თაგვებსა,

დღე დაადგებათ ცხელია!

ესე ამბავი მელისა

ხევში ერთს ქვაზე სწერია.

შეიძრა მთელი ქვეყანა -

ერი, მღვდელი და ბერია.

დასტოვა მელამ სრა-სახლი, -

ხევის პირს ერთი ხვრელია;

შიგ კაცი როგორ შეძვრება, -

ვიწრო და მეტად ბნელია.

ნეტავ სად მიდის მელია,

თუ ჭკვა არ გამოელია?!

სუყველას მუქარას უთვლის

ეს გმირი ხვარასნელია.

კაცს მელა როგორ აჯობებს, -

ათასის ხრიკის მქნელია?!

იქ მეწისქვილეს ჰგებოდა

რკინის ხაფანგი ძველია.

ამ მეწისქვილის ხაფანგსა

ეს გმირი დაუჭერია.

გაფუჭდა ბიღებიანი,

კუდიღა გაუჭერია.


პაპა რომ ამ ამბავს უამბობდა გუგულს, ბესა, ძმა გუგულისა, კიდევ იჯდა კერის პირას, აეღო ერთი მუგუზალი და აჩინჩხლებდა, ცდილობდა, რომ მეტი ნაპერწკალი გაეყარა მუგუზალს, და თან ატანდა:

- ამდენო ღორო, ამდენო ცხვარო, ამდენო ხარო და კამეჩო, ამდენო ბატო, ამდენო ინდაურო, ამდენო ძირო ფუტკარო, ამდენო ორმო პურო!

ჩქარა გუგულსაც დაეძინა პაპის კალთაში. ნინომ გადიყვანა და ჩააწვინა ქვეშაგებში.

ჯერ გათენება შორს იყო, რომ გუგულმა გაიღვიძა და მოჰყვა თავისებურს ჭიკჭიკს:

- მელა არ მოვიდა, პაპავ?

- როგორ არა, მოვიდა, შვილო, და ძღვენიც მოიტანა, - მიუგო პაპამ, რომელიც კერის პირას იყო წამოწოლილი.

მერე ადგა, გადვიდა სოფოსთან, აკოცა შუბლზე და ორივე ხელზე, ჩაუდო პირში გოზინაყი, სათითაოდ ხელში ვაშლები მისცა და უთხრა:

- ესრე ტკბილად დამიბერდი, ჩემო შვილო!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ