მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 453 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ყველა ჯანმრთელ ადამიანს ხუთი გრძნობა აქვს: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება და შეხება.

მხედველობის ორგანო თვალებია. თვალებში ისახება ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ: ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, სახლები, ბაღები, მინდვრები, მთები, ვარსკვლავები და სხვა. თვალებით ვსაზღვრავთ მანძილს და საგნების სახეს, ფორმას, ანუ მოყვანილობას. თვალებითვე ვცნობთ სხვადასხვა ფერებს: წითელი, თეთრი, ყვითელი, ლურჯი და სხვა. ამიტომ, ვინც ბრმა და უსინათლოა, ფერებს ძნელად წარმოიდგენს. ასეთი ადამიანისთვის სიტყვები: თეთრი, წითელი, ლურჯი - გაუგებარია.

თვალი ყველა ორგანოზე საჭირო ორგანოა; ამის გამო ყველაფერს უნდა მოერიდოთ, რაც თვალისთვის მავნებელია: მზეს თვალი არ უნდა გაუშტეროთ, რადგან მისი ბრწყინვალე შუქი თვალებს გატკენთ და შეიძლება დაგიავადოთ; კითხვის, ან წერის დროს თვალები წიგნთან, ან ქაღალდთან ახლოს არ უნდა დაიჭიროთ, თორემ თვალები დაგისუსტდებათ და ბოლოს დაგიბეცდებათ. თვალები შორს ხედვას უნდა მიაჩვიოთ. სოფლის ხალხს, რომლებიც თვალებს შორს ხედვაში ავარჯიშებენ, ყოველთვის უფრო საღი და გამჭრიახი თვალები აქვს, ვიდრე ქალაქელებს და განსაკუთრებით მწიგნობრებს.

სმენის ორგანო ყურებია. ყურებში ყველანაირი ხმა გვესმის: ზარის რეკა, ფრინვლების გალობა, ადამიანის ლაპარაკი, მუსიკის ხმა, მდინარეების შხუილი, ქუხილი, ძაღლის ყეფა, ქათმის კაკანი, პირუტყვების ბღავილი.

სხვადასხვა ხმას სხვადასხვა სახელს ეძახიან. ადამიანის ხმების სახელებია: ლაპარაკი, გალობა, ძახილი, ყვირილი, სიცილი, ტირილი, გოდება, კვნესა, ოხვრა, სტვენა, ცხვირის-ცემინება, სლოკინი და სხვა.

ცხოველების ხმებია: ჩხავილი, ყეფა, ყმუილი, კნავილი, წივილი, ბუტბუტი, ხრუტუნი, ბზუილი, ბღავილი, ჭიხვინი, კაკანი, ჭყივილი და სხვა.

უსულო არსებათა ხმები: შხუილი, შრიალი, ზუზუნი, წკარუნი, შხივილი, რაკუნი, ჭრიალი, ტკაცანი, ჭექა, ქუხილი და სხვა.

ყველა ეს ხმები ჩვენ ყურების საშუალებით გვესმის. ვისაც ყურთასმენა არა აქვს, ანუ ყრუა, მას არ ესმის არც ადამიანის ლაპარაკი, არც ფრინველების გალობა, არც ჭექა-ქუხილი და არც სხვა სახის ხმაური.

შეხების ორგანო სხეულია. თვალ-დახუჭულმა და ყურებ-დაცობილმა შეგვიძლია გავიგოთ ბუხარი ცხელია თუ ცივი, მაგიდა გლუვია თუ ხორკლიანი, ნივთი მრგვალია, თუ კუთხოვანი, მძიმეა, თუ მსუბუქი, პატარაა, თუ დიდი, სქელია, თუ თხელი, მაგარია, თუ რბილი, ხმელია, თუ ნედლი, მშრალია, თუ სველი. ეს ყველაფერი შეგვიძლია შევიტყოთ შეხების საშუალებით.

შეხებას ვგრძნობთ: ხელით, პირით, ფეხით, ერთის სიტყვით, მთელი სხეულით, მაგრამ შეხების ყველაზე მძაფრი გრძნობა ადამიანს აქვს ხელის თითების ბოლოებში.

ყნოსვის ორგანო ცხვირია. ჩვენ შეგვიძლია ვარდი და მიხაკი სუნით გამოვიცნოთ და ერთმანეთისაგან გავარჩიოთ, თუნდაც ვერ ვხედავდეთ ამ მცენარებს და გემოც არ გავუსინჯოთ.

ვარდს, მიხაკს, პიტნას, იას და სხვებს საამური სუნი აქვთ, ამისთანა მცენარეებს სურნელოვანს ეძახიან. მაგრამ ზოგიერთ საგანს სუნი საერთოდ არა აქვს, მაგალითად, სუფთა წყალს.

ბევრ ცხოველს ადამიანზე უფრო მახვილი ყნოსვა აქვს და საგნებს სუნით დიდს მანძილზე ცნობს. მაგალითად: ძაღლი რამდენიმე საათის შემდეგ თავისი პატრონის გზას პოულობს, რადგან მახვილი ყნოსვით იღებს სუნს და მისდევს მის კვალს.

პური, ხორცი, წყალი, რძე, შაქარი და ძმარი შეგვიძლია ვიცნოთ და ერთმანეთისაგან გავარჩიოთ, თუნდაც არ ვხედავდეთ, არ ვეხებოდეთ და არც ვსუნავდეთ. ჩვენ ამას შევძლებთ, თუ მათ გემოს გავუსინჯავთ.

გემოვნების ორგანო პირია. გემოს ენითა და სასით ვგრძნობთ. სხვადასხვა საგანს სხვადასხვა გემო აქვს. მაგალითად: წყალს გემო არა აქვს, შაქარი ტკბილია, ძმარი მჟავეა, მარილი მლაშეა, მდოგვი მწარეა და სხვა. გემოთი ჩვენ ვიგებთ სიტკბოს, სიმჟავეს, სიმწარეს, სიმლაშეს და სხვა.

თვალებით ვხედავთ, ყურებით ვისმენთ, ცხვირით ვყნოსავთ, ანუ ვსუნავთ, ენით ვაგემოვნებთ, სხეულის მთელი კანის ზედაპირით შეხებას ვგრძნობთ. ესე იგი საგნების გაცნობა სხვადასხვა გზით შეგვძლებია. ზოგ საგნებს თვალით ვცნობთ, ზოგს - ყურით, ზოგს - ყნოსვით, ზოგს - გემოთი, ზოგს - შეხებით.

მხედველობით, სმენით და ყნოსვით საგნების გარჩევა შორიდან შეგვიძლია, მაგრამ თუ საგანი ჩვენს სხეულს არ შეეხო, გემოს და შეხებას ვერ ვიგრძნობთ.

ზოგს საგანს ხუთივე გრძნობით ვცნობთ, ზოგს - ოთხით, ზოგს - სამით, ზოგს ორი გრძნობით და ზოგს მხოლოდ ერთით. მაგალითად: ვაშლს ხუთი გრძნობით ვცნობთ: ვხედავთ, რომ მრგვალია, წითელია, ან ყვითელი, ხეზე კიდია და სხვა; გვესმის, როცა ის ზევიდან ვარდება, გახლეჩის დროს ხმას გამოსცემს; მის სუნს ვყნოსავთ; გემოთი ვარჩევთ, ტკბილია, თუ მჟავე; შეხებით ვიგებთ, გლუვია, თუ ხორკლიანი.

მარილს ოთხი გრძნობით ვცნობთ, რადგანაც სუნი არა აქვს. ჰაერს მხოლო ორი გრძნობით ვარჩევთ: გვესმის ჰაერის ზუზუნი და მის შეხებასაც ვგრძნობთ, მაგრამ ვერ ვხედავთ, ვერ ვყნოსავთ და ვერც გემოს ვიგებთ. მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს მხოლოდ თვალით ვხედავთ, მათი არც ხმა ვიცით, არც სუნი და არც გემო. სითბოს და სიცივეს მხოლოდ შეხებით ვგრძნობთ, მათ ვერ ვხედავთ, ვერ ვყნოსავთ, ვერ ვისმენთ და ვერც გემოს ვნახულობთ. ამიტომ ვინც ერთ ან ორ გრძნობას მოკლებულია, იმას ქვეყნის მთლიანი აღქმა არა აქვს.

ჩვენ გვგონია, რომ თვალებით ვხედავთ, ყურებით ვისმენთ, გემოს ენით ვგრძნობთ, სუნს ცხვირით ვიგებთ და შეხებაზე კანით ვრეაგირებთ, მაგრამ ამაში ძალიან ვცდებით. თვალები, ყურები, ენა, ცხვირი და სხეული მხოლოდ შუამავალი ორგანოებია და არა თვით-მგრძნობელი. ჩვენ ყველაფერს ვგრძნობთ მხოლოდ თავის ტვინით.

როცა თვალში საგნები გამოისახება, ამ გამოსახულებას ვხედავთ ტვინით, რომელიც თვალის კაკალთან შეერთებულია მხედველობის ნერვით. ეს ნერვი რომ გადაიჭრას, ადამიანი ვეღარაფერს დაინახავს, თუნდაც თვალები ისევ საღი ჰქონდეს და საგნებს ძველებურად გამოსახავდეს. აქედან ცხადად სჩანს, რომ საგნებს თავად თვალი არ ხედავს და იგი არის მხოლოდ საშუალება, ანუ ორგანო.

იგივე ითქმის სმენაზეც. ჩვენ გვგონია, რომ ყოველგვარ ხმებს ყურები ისმენს, მაგრამ ვტყუვდებით, ყური მხოლოდ იღებს ხმაურს, ბგერებს, ხმა კი გვესმის თავის ტვინით, რომელიც ყურთან სასმენი ნერვით არის შეერთებული. ეს ნერვი რომ გაწყდეს, ყურს ტვინთან კავშირი აღარ ექნება და ადამიანი ვეღარაფერს გაიგონებს, თუნდაც ყური სულ საღი იყოს.

იგივე ითქმის გრძნობის სხვა ორგანოებზეც. გემოს, სუნს და შეხებას ვგრძნობთ ტვინით და არა ცხვირით, ენით და კანით. თუ ადამიანს ტვინი დაუზიანდა, ყველა გრძნობას დაკარგავს, თუნდა ისევ საღი თვალები, ყურები, ენა და ცხვირი ქონდეს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ