მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 286 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

რატომ უყვარს ადამიანს შოშია

 

შოშია ადამიანს თითქმის ისევე უყვარს, როგორც მერცხალი და ამას აქვს თავისი მიზეზი.

შოშია ლამაზი ფრინველია, მბზინავი ბუმბული და ოქროსფერი ნისკარტი აქვს, მეტად მარდია და მხიარული ხასიათის. მისი პირი დილიდან საღამომდე არ ჩერდება, სულ გალობს, უსტვენს, ტრიალებს, ცელქობს. რაც უნდა ცუდ გუნებაზე იყოს ადამიანი, შოშია დარდს უქარვებს; თავისი მხიარულებით და სიცოცხლით სავსე მოძრაობით ადამიანს თითქო ეუბნება: რას ჩამოგიყრია ყურები, ასე ჩემსავით ყოჩაღად იყავიო. სწორედ ამიტომ ცდილობს ადამიანი თავის ახლო გააკეთებინოს ბუდე ამ მხიარულ და ცოცხალ ფრინველს. ასე განსაჯეთ, ხის ბუდესაც უკეთებს და სახლთან ახლოს ამოსულ ხეზე ჩამოუკიდებს ხოლმე.

შოშიას კიდევ უფრო მეტად შეიყვარებთ, როცა გაიგებთ, რომ ეს მგალობელი ფრინველი უმოწყალოდ ჟლეტს მოსავლის მტრებს და მუდამ იკვებება მავნე მწერებით, რომლებზეც მარჯვედ ნადირობს.

გაზაფხულის პირზე, თბილ და კაშკაშა შუადღეს, მაღლა ცაში, სამხრეთიდან ჩვენსკენ მოქრიან გრძლად დამწკრივებული გარეული ბატები და იხვები. მათ შორის გუნდ-გუნდად მოჩანს პატარა შავი ფრინველები. მათი ფრენა იმდენად თავისებურია, რომ მაშინვე იცნობენ და იტყვიან: ესენი სწორედ შოშიები არიანო. მათი გუნდი ზოგჯერ ცაში აქეთ-იქით იფანტება, მუჭით გადაყრილი ცერცვივით, ხან ერთმანეთისკენ გაექანებიან, შეერთდებიან და შეადგენენ ერთ შავ გუნდს.

ფრენა მარდი აქვთ, ცქვიტი, თითქოს თამაშობენო. აი, თავის სოფელს მიაღწიეს, ერთმანეთს მიუახლოვდნენ, ჯგუფად შემოუარეს გარშემო და უცებ ტყვიასავით მიწაზე დაეცნენ სოფლის გვერდით მდებარე კორდზე. სასაცილო სანახავები არიან ამ დროს შოშიები, ისე დასხდნენ ახლად ამწვანებულ ბალახზე და ისე გამოიჭიმნენ, თითქოს ჯარისკაცები იყვნენ;  თავი მაღლა აიშვირეს, ყელი მოიღერეს და გაშეშდნენ. ასე გაშეშებულნი დარჩნენ რამდენიმე წამს, მერე უცებ, ერთბაშად შეხტდნენ, შემოტრიალდნენ, ატეხეს ერთი ალიაქოთი და გაფრინდ-გამოფრინდნენ აქეთ-იქით. რატომ? შიათ, ძალიან შიათ, საჭმელს ეძებენ და ხარბად სჭამენ.

აი, განძღნენ, მოიკლეს შიმშილიც, წყურვილიც და ყველანი გაეშურნენ ძველი ბუდეების საპოვნელად და დასაჩემებლად. ბუდეებზე ისე ექიპებიან ერთმანეთს, ძმობას სრულიად ივიწყებენ: ზოგჯერ დიდი ჩხუბი აქვთ და უნისკარტებენ, ბუმბულს აგლეჯენ, კბენენ ერთმანეთს. ბოლოს დაბინავდნენ, ყველამ დაიჩემა ბუდე, დამშვიდდნენ და მეტად გახარებულებმა მორთეს განუწყვეტელი გალობა, საამური სტვენა. სტვენაში ვის არა ბაძავენ და არ აჯავრებენ ჩვენი მხიარული შოშიები! გოჭის ჭყვირილი, კატის კნავილი, მწყრის ჭუკჭუკი და კიდევ სხვა ხმები გამოისმის მათ გალობაში. ამ დროს შოშიას თვალი უნდა ადევნოთ, რას შვრება: ხან გაიფხორება, აიბურძგნება, ხან შეიკუმშება და კოპწიაობს, ხტუნავს, ცქმუტავს, თითქოს კომედიას დგამსო.

 

ბუდის გაკეთება და ბარტყების დაფრენა

 

თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ყოველ ბუდეს დაეპატრონა მხოლოდ ერთი შოშია, მეორე შოშია მასთან არ ჩანს. არც ბუდის წმენდაზე და განახლებაზე ზრუნავს ჯერ მისი დამჩემებელი. თითქო ვიღასაც ელის. ამ ლოდინში გავიდა რამდენიმე დღე. უცებ ისევ სამხრეთიდან გამოჩნდა შოშიების მეორე ვებერთელა გუნდი და ამავე ადგილზე დაეშვა. ყველა ადრე მოსული შოშია დაუახლოვდა, დაუმეგობრდა ერთ რომელიმე ახლად მოსულს. ვინ არიან ეს ახლად მოსულები? დედალი შოშიები. ისინი ყოველთვის მამლების შემდეგ მოდიან.

დედალ-მამალნი მაშინვე შეუდგნენ ბუდის წმენდას და განახლებას. შიგნით აგებენ ფოთლებს, ბუმბულს, ჩალას, ბალახ-ბულახს და სხვა. დედალი შოშია დებს ექვს-შვიდ მოლურჯო ფერის კვერცხს. ორი კვირის შემდეგ გამოიჩეკნენ პატარა შოშიები, რომელთაც არაფრის ჭამა არ შეუძლიათ, გარდა პატარა მწერებისა. ამიტომ დედალ-მამალი დაფრინავს მინდორში, იჭერს პეპლებს, ბუზებს, ჭიებს, მატლებს და მიარბენინებს თავის ბარტყებთან. აუარებელ მავნე მწერებს ჟლეტენ ამ დროს შოშიები და დიდს სიკეთეს აკეთებენ ბაღებისთვის, ვენახებისთვის, ბოსტნებისთვის და სხვა ნათესებისთვის.

ორი კვირის განმავლობაში პატარა შოშიები ისე იზრდებიან, რომ ასაფრენად მზად არიან. დედალ-მამალს ამოჰყავს ბუდიდან და მიჰყავს ან ბოსტანში, ან ბაღში, ან სხვა მყუდრო ადგილებში, სადაც ასწავლიან მწერების ჭერას. როცა ბარტყები ფრენაში გავარჯიშდებიან  და გამოიცდებიან, მაშინ დედ-მამას ისინი მინდორში გაჰყავთ, სადაც უფრო თავისუფლად ნადირობენ მწერებზე.

რადგან როგორც დიდი, ასევე ახალგაზრდა შოშიები ჭია-მატლების მეტს არასდროს არაფერს ჭამენ, ამიტომ აუარებელს მწერებს აშორებენ თავიდან ბოსტნეულობას, ვაზსა, ხეხილს და ნათესს. ამისთანა სამსახურს უწევენ შოშიები მხვნელ-მთესველებს მთელი ზაფხულის განმავლობაში.

შემოდგომის პირს ყველანი შეუდგებიან სამგზავრო მზადებას. იკრიბებიან ერთად ჩირგვნარებში, ადგენენ დიდრონ გუნდებს, მერე აფრინდებიან და მიემართებიან თბილ სამხრეთის ქვეყნებში. შოშიებს წასვლის დროს ისეთი სიმხიარულე არ ეტყობათ, როგორც მაშინ, როდესაც ჩვენთან ბრუნდებიან. როგორც ჩანს საქართველო მათ მიაჩნიათ საყვარელ სამშობლოდ და სამხრეთის მხარეებს უცხო ქვეყნებად თვლიან.

 

შოშიას მოშინაურება

 

შოშიას მოშინაურება ძალიან ადვილია. ადამიანს მალე ეჩვევა და თავისი სტვენით დიდ სიამოვნებას ანიჭებს. სარგებლობაც მოაქვს: სახლს ასუფთავებს და სრულიად აქრობს ჭიებს, მატლებს, ბუზებს, ჭრიჭინებს და სხვა მწერებს. შოშია ისეთი ნიჭიერია, რომ საგალობლებს ადვილად სწავლობს და სტვენას აყოლებს. სიტყვების დამახსოვრებაც შეუძლია და ამ მხრივ თუთიყუშსაც არ ჩამოუვარდება.

თუ შოშიას მოშინაურება მოინდომეთ, ასე მოიქეცით: ბუდიდან ამოიყვანეთ მაშინ, როცა ბუმბულით და ფრთებით შეიმოსება, მაგრამ ჯერ კიდევ აფრენა არ შეუძლია. აჭამეთ თეთრი წმინდა პური, რძეში დასველებული, ან უკეთეთ რძის ფაფა. მეტი არაფერი უნდა. სანამ პატარები არიან, კატა მოარიდეთ, მერე, როცა დაიზრდებიან, თავს აღარავის დააჩაგვრინებენ. შოშია წარმატებით ებრძვის არა თუ დიდ შინაურ ფრინველებს, არამედ კატას და ძაღლსაც და ხშირად უჭამენ საჭმელს. კატასა და ძაღლს შოშიასი იმიტომ ეშინიათ, რომ მარჯვედ იცის ნისკარტის ჩაკვრა თვალებში. ასე რომ, ადვილად შეუძლია დააბრმავოს თავისი მტერი. კატა და ძაღლი შოშიას ადვილად პირს ვერ მოავლებენ, რადგანაც საოცრად მარდი და სწრაფია.

მიჩვეულ შოშიას შეგიძლიათ სრული თავისუფლება მიანიჭოთ. როგორც სხვა შინაური ფრინველები, ისიც შორს არსად წავა; გაისერნ-გამოისეირნებს და ისევ დაბრუნდება თავის პატრონთან, რომელიც უყვარს მზრუნველობისათვის და რომელსაც გულს უხარებს სამური სტვენით და კარ-მიდამოში მავნე მწერების მოშორებით.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ