მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 317 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

დღისით მძინარი, ღამით მღვიძარი

უსამართლოდ სახელის გატეხა ჭოტისა

 

როცა სახლში მძიმე ავადმყოფია, მთელი ღამე ანთია სანთელი, კვარი ან ჭრაქი. სინათლე ფანჯრიდან ან სანათურიდან გარეთ გამოდის. ამ სინათლეზე გროვდება მრავალი ღამის პეპელა, იკრიბებიან დიდრონი და პატარა ბუზები, კიდევ სხვა ფრთიანი მწერები და ფუსფუსი გააქვთ სინათლეში.

ავადმყოფს მათი ბზუილი და შრიალი არ სიამოვნებს; მაგრამ ერთი ფრთოსანი ამას აღტაცებაში მოჰყავს. ეს ფრთოსანი არის ჭოტი.

მთელი დღე ჭოტს ეძინა, ან თვლემდა კოშკის ნანგრევში, ან ხის ფუღუროში და მხოლოდ საღამოს გამოიღვიძა, როცა სხვა ფრინველები მიეცნენ ტკბილს ძილს. საშინელი შიმშილი აწუხებს, რადგანაც მთელს დღეს არაფერი უჭამია. რატომ ეძინა მთელი დღე და რატომ სხვა ფრინველივით არ ნადირობდა? იმიტომ, რომ ჭოტის ბღვრიალა და გადმოკარკლულს თვალებს მზის შუქი აბრმავებს და დღისით ხეირიანად ვერაფერს ხედავს. ღამით კი თვალის ბაიები ისე უგანიერდება, რომ მისთვის ერთი ვარსკვლავის სინათლეც საკმარისია რათა ყველაფერი კარგად გაარჩიოს. ამის გამო ჭოტისთვის დღე ღამეა და ღამე დღე.

მშიერი ჭოტი ამოძვრა ძველის კოშკის ჯურღმულიდან, დაჯდა კედლის წვერზე და სოფელი დაათვალიერა თავისი აბრიალებული და გაუმაძღარი თვალებით. ერთს სახლთან დაინახა სინათლე, რომელიც ფანჯრიდან გამოდიოდა. ამ სინათლეში გაარჩია ურიცხვი პეპელა, ბუზი და სიხარულით ცას ეწია. იმ წამსვე დაიძრა ადგილიდან. თავისი ღონიერი ფრთები ერთმანეთს შემოჰკრა და ისარივით გაექანა მწერებისკენ. მიფრინავდა ისე ჩუმად, რომ მწერებმა ვერაფერი გაიგეს, სანამ ჭოტი მათ გუნდში არ გაერია, სტაცა ნისკარტი ერთს დიდ პეპელას და გადაყლაპა. მერე მეორე მხრიდან გამოუქროლა, ახლა ვებერთელა ბუზი იგდო პირში და თავის ჩიჩახვში გაგზავნა. ხელახლა მოტრიალდა და ერთ სხვა პეპელასაც ეს დღე დააყენა.

ამ სახით ინადირა მთელი ღამეები და ხშირად გამოხატავდა კმაყოფილებას თავის უცნაური მყივანა ხმით, რომელიც ავადმყოფის და მისი მომვლელის ყურებს ძლიერ ეჩოთირებოდა.

გარდაიცვალა ავადმყოფი, გაქრა ღამით სანთელი, მწერების ჭაჭანებაც აღარ იყო, და ჭოტმაც დატოვა ეს ადგილი. დიასახლისმა იფიქრა: ჭოტი არსად იყო, ვიდრე ჩემი ავადმყოფი უკეთ იყო; გაჩნდა საიდანღაც ჭოტი, და ავადმყოფი სულთმობრძავი შეიქმნა; ჭოტმა თავისი ბაიყუში ხმით იქამდე იძახა, ვიდრე ავადმყოფი სიკვდილმა ხელიდან არ გამოგვაცალა. მომიკვდა პატრონი, და ჭოტის ხმაც შესწვდა. ეტყობა, ეს საძაგელი ფრინველი უბედურების წინამორბედი, მომასწავებელი ყოფილა. წყეული და შეჩვენებული იყოს ბოროტი ჭოტი.

ეს მოვლენა ბევრმა სხვა მომაკვდავის პატრონმაც შეამჩნია და ყველა იმ აზრს დაადგა, რომ ჭოტი უბედურებისა მომასწავებელია, ბოროტია, მავნეა და ღირსია დევნისა და სიკვდილისა. ის კი არავის მოდიოდა ჭკუაში, რომ ჭოტს არაფერი გაეგება არც სახლის, არც მდგმურების და არც ავადმყოფის. ის სულ სხვა წადილით მოდიოდა სანათურიან სახლებთან და რას იფიქრებდა, თუ ბოროტი წინასწარმეტყველის ნიჭს დააბრალებდნენ.

ამ სახით გაუტყდა სახელი ჭოტსა. ყველას იგი სძულდა, ყველა მას სწყევლიდა, თავის მტრად მიაჩნდა და, თუ სადმე წაასწრებდა, დიდი სიამოვნებით ჰკლავდა. ასე იყო - უწინ, ასე არის ეხლაც. დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ერი და მღვდელი ჭოტს მავნებელს ფრინველად რაცხავენ და ცდილობენ სამაგიერო გადაუხადონ.


ჭოტს მეცნიერები ესარჩლებიან

 

ადამიანის ბედად, ჭოტი უენოა. ჭოტი რომ მეტყველი ყოფილიყო და სამართალში ჩივილი შეძლებოდა, მთელს კაცობრიობას დაუმტკიცებდა უსამართლობას, უვიცობას,  შეარცხვენდა და თავის წინაშე დიდ დამნაშავედ გამოიყვანდა. მას შეეძლო მოწმედ წარედგინა სამართლის წინაშე ახლანდელი საუკეთესო ბუნებისმეტყველები, რომელნიც აღიარებენ, რომ ჭოტი ადამიანის დიდი მოკეთეა, ფრიად სასარგებლო ფრინველია და, არა თუ უბედურების მომასწავებელი არ არის, არამედ ნამდვილ ბედნიერებას წარმოადგენს ყველა ადგილისათვის, სადაც დაბინავდება.

ჭოტს, სხვათა შორის, შეეძლო გასამართლების ჟამს წაეკითხა შემდეგი სიტყვები კარლ ფოხტისა, რომელიც ერთი უპირველესი მეცნიერია ბუნების მეტყველთა შორის: „ჭოტები სწორედ რომ ყველა ფრინველებზე სასარგებლონი არიან და ბედნიერება მიაქვთ ყველგან, სადაც კი ისინი დაიბუდებენ. ისინი ღირსნი არიან გამოსარჩლების, მფარველობის, და ყველა უნდა ცდილობდეს, ჭოტებმა ბუდეები გაიკეთონ სოფლებისა და სადგურების ახლოს“.

რითი, რა სიკეთით დაიმსახურა ჭოტმა ამისთანა სახარბიელო სახელი თანამედროვე მეცნიერთა შორისო? - რასაკვირელია იკითხავთ თქვენ:

ადამიანის მოსავალს და დოვლათს ჰყავს ერთი დაუდეგარი და დიდად დამაზარალებელი მტერი - თაგვი. თავისი პატარა ბასრი კბილებით თაგვი ფესვებს უფუჭებს პურს, სიმინდს, ქერს, შვრიას, ღომს და სხვა ჭინახულს, ახრამუნებს ყოველგვარს მარცვალსა, ხნულში ბილწავს სასმელს, ეტანება ყოველგვარ დათესილ, ან თავთავზე მობმულ საჭმელს, ჭრის ტანსაცმელს და სხვა. ერთი სიტყვით, ყოველი თავისი მოქმედებით ადამიანს რასმე ვნებს. ადამიანს თაგვების ხოცვა არ შეუძლია. თაგვი ძლიერ მარდია, მიწაში ცხოვრობს, სწრაფად მრავლდება და ადამიანი მას ვერაფერს აკლებს.

თაგვთან საბრძოლველად დიდი ხანია ადამიანმა კატა მოაშინაურა, მაგრამ კატა თაგვს ებრძვის მხოლოდ სახლში დ სხვა სადგომებში. ბოსტანს, ვენახს და მინდვრის ნახნავ-ნათესს კატა პატრონობას ვერ გაუწევს. ამ პირობებში თაგვი საშინლად გამრავლდებოდა და დიდს ზარალს მისცემდა ყოველგვარ მოსავალს, რომ მას მტრად არ გასჩენოდა ფრთიანი კატა. ეს ფრთიანი კატა არის ჭოტი.

ეს უცნაური ფრინველი ღამით ჭინახულის დაუფასებელი მეველეა. როცა ადამიანს ძინავს და თავისი ნახნავ-ნათესი ღვთის ამარად აქვს დატოვებული. ჭოტი დაუღალავად დევნის და ჟლიტავს თაგვებს. ამ პატარა მავნე ნადირის ჭერაში ისე დაოსტატებულია, რომ კაცი სწორედ გაოცდება. ჭოტს ძლიერ შველის ის გარემოება, რომ ღამით დანავარდობს. თაგვები დღისით სოროებში არიან მიმალულნი, ღამით კი არავისი ეშინიანთ და ზემოთ თამამად ამოდიან. ღამით თაგვები ცუდად ხედავენ, ჭოტს კი ღამით ისე უჭრის თვალი, როგორც ადამიანს დღისით. მეტადრე მუსრს ავლებენ თაგვებს ჭოტები ბარტყების გამოზრდის დროს. მთელი ღამე დაუღალავად მოაქვს ბუდეში დედალ-მამალ ჭოტებს თაგვები და აჭმევენ ბარტყებს.

ერთმა მეცნიერმა, სახელად ჩუდიმ, მიაგნო ჭოტების ბუდეს, ერთს საღამოს ამ ბუდის ახლოს დაიმალა, უთვალთვალა და რა აღმოჩნდა? ერთის საღამოს განმავლობაში დათვალა თერთმეტი თაგვი, რომელიც დედალ-მამალმა ჭოტმა თავის ბუდეში მიიტანა.

 

ჭოტის ორგვარი სიკეთე

მოშინაურებული ჭოტის ჩინებული ხასიათი

 

გერმანიაში სოფლის მხვნელ-მთესველებს და მამულის პატრონებს დაქირავებული ყავდათ ერთგვარი მეველეები, რომელნიც ვალდებულნი იყვნენ დაეჭირათ და გაეჟლიტათ თაგვები და ვირთაგვები და ამით ხელი შეეწყოთ მოასავლის დაცვისთვის. ამ სამსახურისთვის მათ კარგი ჯამაგირები ეძლეოდათ. მეცნიერთა გამოკვლევით, მთელი ეს მეველეები ორის წლის განმავლობაში ვერ იჭერდნენ იმდენ თაგვს, რამდენსაც ყოველს თვეში ჭლეტენ გერმანიაში ჭოტები. გერმანელი გლეხი კი თავის გათახსირებულ მეველეებს კარგს ჯამაგირს აძლევდა, ხოლო ფრთიან, მარდ, მუქთა და უფრო სასარგებლო მეველეებს დევნიდა და ანადგურებდა. მეტი სიბრმავე და უსამართლობა იქნება? ამჟამად გერმანელმა გლეხმა კარგად შეიგნო ჭოტის სარგებლობა და მფარველობას უწევს მას თავის სასიკეთოდ.

ერთი სიტყვით, ჭოტი ხასიათით და ნადირობით ნამდვილი მფრინავი კატაა, და რა სიკეთეც კატას სახლში მოაქვს, ერთი ასად მეტს სიკეთეს მოაქვს ჭოტს ვენახებისთვის და ნახნავ-ნათესისთვის. ამასთან, ოთხფეხი კატა შენახვას და ხარჯს ითხოვს, ხშირად საჭმელს უჭამს პატრონს, ჭურჭელსაც უმტვრევს, ფრთიანი ორფეხი კატა კი ადამიანს უანგაროდ, უფასოდ ემსახურება, იოტისოდენა ზარალსაც არ აყენებს და მხოლოდ ევედრება: სიკეთისთვის ბოროტებით ნუ მიხდით და მეგობრობისთვის მტრობით ნუ მპასუხობთო. მაგრამ უვიც ადამიანს ეს თხოვნა არ ესმის და საარაკო უსამართლობას ჩადის.

ჭოტი ჩვენ გვიწევს მეორე დიდს სამსახურს, რომელიც კატას სრულებით არ შეუძლია. თაგვის გარდა ყოველგვარ მოსავალს ჰყავს ერთი კიდევ საშინელი მტერი, რომელიც თაგვზე ბევრად უარესია. როგორც უკვე იცით, ეს მტერი არის სხვადასხვა ჭია-მატლი. ჭია-მატლები უფჭებენ მცენარეებს ფესვებს, ყლორტებსა, ფოთლებს, კოკორს, ყვავილს და ნაყოფს და ძლიერ ამცირებენ ბოსტნის, ვენახის და ნახნავ-ნათესის მოსავალს. მოსავლის ამ მტრებს მუდამ ებრძვის ფრინველების მუქთი ჯარი, ხოლო ფრინველთა შორის ერთი საუკეთესო მეომარი არის ჭოტი.

ჭოტი ჭია-მატლებს მაშინაც დევნის და ჟლეტს როდესაც თაგვებით მაძღარია, რადგანაც ეს მწერები მისთვის პირის ჩასატკბარუნებელს წარმოადგენს. როცა ჭოტს საჭმელად თაგვი აკლია, მაშინ მწერებს სულ მუსრს ავლებს. მეტადრე ბევრ ჭია-მატლს აშორებენ მცენარეებს მაშინ, როდესაც ბარტყები ახალი გამოჩეკილი ყავთ. ჩვილ ჭოტებს თაგვის ხორცის მონელება ჯერ არ შეუძლიათ, ამიტომ დედალ-მამალი ჭოტები მათ სულ ისეთი მატლებით და ჭიებით კვებავენ, რომლებიც უფრო მავნებელი არიან მოსავლისთვის.

ჭოტებს ეს ჭია-ღუა, მავნებელი მწერები არ გამოეპარებათ, ვერ დაემალებათ ვერც მიწაზე, ვერც ბალახებში, ხეზე და სხვა ადგილზე. სხვა ფრინველები ჭია-მატლებს დღისით დევნიან, როდესაც მათ ღვიძავთ, ყველაფერს ხედავენ და შეუძლიანთ დაემალონ, თავს უშველონ. ჭოტები კი უხილავი მტრები არიან, ღამით დანავარდობენ, ჩუმი ფრენით ეპარებიან და მძინარე მატლებს უნისკარტებენ.

ამგვარად, ჭოტი არის ადამიანის ორი მეტად დამაზარელებელი მტრის მოსისხლე მტერი და მჟლეტელი: თაგვის და ჭია-მატლის; ამიტომ სასურველი სტუმარია იმ ადგილებში, სადაც დაიბუდებს. ადამიანი კი თავის უძვირფასეს მეგობარს მტრობს, დევნის და ცდილობს მისი სახსენებელი ამოაგდოს! აი, რა იცის უვიცობამ და უსწავლელობამ!

ჭოტმა გაშინაურებაც ადვილად იცის და ძალიან ჭკვიანია. იშვიათად გატეხავს ან გააფუჭებს რამეს. თავის წესით და რიგით ცხოვრობს და ძალიან აყვარებს თავს პატრონს. მოძრაობა და ფრენა უცნაური აქვს, უყვარს პრანჭვა-გრეხა და ხშირად გულიანად აცინებს შინაურებს. ცუდ გუნებაზეა, როცა სახლი მზით არის განათებული, და ამ დროს მობუზული ზის სადმე ბნელ კუთხეში. კარგ ხასიათზე დადგება, როცა ღრუბლიანი დღეა, ან ოთახი ფარდებით არის დაჩრდილული.

მეგობრობა გულითადი იცის. ერთმა გაშინაურებულმა ჭოტმა ისე შეიყვარა კატის კნუტი, რომ აღარ შორდებოდა და კალათაშიც მუდამ მასთან იწვა. თუმცა ამ ჭოტს შინ საჭმელი ბლომად ჰქონდა, მაგრამ ბოსტანში და ბაღჩაში ძველებურად დანადირობდა თაგვებსა და ჭია-მატლებზე ღამღამობით...

მოშინაურებული ჭოტი მოგაგონებთ ულამაზო ადამიანს, რომელიც ჭკუით, კეთილი გულით, მშვიდობიანი ხასიათით და უწყინარობით ყველას გულს იგებს და თავს აყვარებს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ