მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 319 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I

 

მე მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ცნობისმოყვარეობა დიდი მქონდა. ერთხელ დედაჩემი ჩვენს ფარდულში იჯდა, მარცხნივ კალათა ედგა, მარჯვნივ კვერცხები ეწყო და მზის სინათლეზე სინჯავდა თითეულ კვერცხს. აიღებდა ხელში, დაუპირდაპირებდა მზეს, დაკვირვებით გაიხედავდა შიგნით და ამის შემდეგ ზოგს კალათაში სდებდა, ზოგს იქით მიწაზე აწყობდა.

მე ვკითხე: - დედილო, რას აკეთებ?

- კარგ რამეს, ჩემო ბიჭუნა, - მიპასუხა - ჩვენმა ქოჩორამ ამდენი კვერცხი პირველად დადო და ახლა აკრუხდა. ამ კალათაში, ამ საბუდარში ვაწყობ საწიწილე კვერცხებს და, როცა ჩაწყობას დავამთავრებ, კუნჭულში მივდგამ, ზედ ქოჩორა დედალი დაჯდება და კვერცხების გამოჩეკას დაიწყებს".

- განა ყველა კვერცხი საწიწილე არ არის? - ცოტა გაოცებით ვკითხე მე დედაჩემს.

არა, შვილო, ზოგ კვერცხში წიწილის ნასახი არ არის, და იმისთანა კვერცხიდან წიწილა ვერას გზით ვერ გამოიჩეკება. ამგვარი უჩანასახო კვერცხები აი იქით გადავაწყვე და ჩვენ მათ საჭმელად გამოვიყენებთ.

- გეთაყვა, დედილო, მეც მასწავლე, რანაირად, რა ნიშნით უნდა გავიგო, რომელი კვერცხია საწიწილე და რომელი არა, - შევეხვეწე დედაჩემს.

პასუხად დედამ ამოიღო საბუდრიდან ერთი კვერცხი და მითხრა: დაიჭირე ხელში, მზეს დაუპირდაპირე და შიგნით სწორად გაიხედე, ისე, როგორც მე გავხედავდი ხოლმე.

ასეც მოვიქეცი. როცა კვერცხში ვიხედებოდი, დედამ მკითხა: შუაგულს კვერცხში რას ხედავ, რას ამჩნევ? - პატარა მოშავო წერტილს, ვუპასუხე. - აი სწორედ ეგ შავი ლაქა არის წიწილის ჩანასახი, რომელსაც ბეჭედი ქვია.

მერე აიღო გადაწყობილი კვერცხებიდან ერთი კვერცხი, მომცა ხელში და მითხრა: - აბა, გაიხედე შიგნით, მაგაშიც არის მოშავო წერტილი, თუ არა?

მე დიდ ხანს ვიხედებოდი, მაგრამ შიგ ვერაფერი წერტილი ვერ შევამჩნიე; კვერცხის გული მთლიანად ერთნაირი იყო.

- აი, ამისთანა კვერცხებიდან წიწილა არასდროს არ გამოიჩეკება, მითხრა დედამ.

 

II

 

- მე ცნობისმოყვარეობის საღერღელი ამეშალა და კვლავ ვკითხე დედაჩემს: რისგან არის, დედი, რომ ზოგს კვერცხში ჩანასახი არის, ზოგი კი მას მოკლებულია?

- ჯერ პატარა ხარ, მაგას ვერ გაიგებ; როცა გაიგებ, მაშინ ადვილად მიხვდები.

- რამდენ დღეში გამოიჩეკება წიწილები კვერცხებიდან? - ვკითხე დედას.

- ოცდაერთ დღეში ჩანასახი იქცევა სრულ წიწილად, იყო პასუხი.

- რა ჩეკს წიწილებს?

- კრუხის სითბო, სხვა არაფერი. სითბოს გარეშე ჩანასახი ვერ გაიზრდება და წიწილად ვერ გადაიქცევა.

- კვერცხში არც წყალი აქვს წიწილას და არც საჭმელი, და რა ზრდის? - ვკითხე.

- კვერცხის ყვითელი გული და თეთრი ცილა საუკეთესო სასმელიც არის წიწილისთვის და საჭმელიც, - იყო პასუხი.

- წიწილა კვერცხში ცოტ-ცოტათი, დღითი-დღე იზრდება? - ვკითხე.

- რასაკვირველია, - მიპასუხა დედამ.

- მე ძალიან მინდა, დედილო, თვალი ვადევნო კვერცხში წიწილის ზრდას და გავიგო, რომელი ნაწილები ეზ-რდება ადრე და რომელ გვიან, ვუთხარი დედას.

- ძალიან კარგი, ჩემო ცნობისმოყვარე ბიჭუნავ. ყოველ დღე, სადილობისას, კრუხი ცოტა ხნით გადმოდის საბუდრიდან წყლის დასალევად და საჭმელის ასაკენკად. გაძლევ ნებას, ამ დროს მიხვიდე ხოლმე საბუდართან, ამოიღო კვერცხი, მზის შუქზე გახედო და გაიგო რაც გსურს. უჩანასაღო კვერცხი წამოიღო, ხოლო ჩანასახიანი დატოვო. მხოლოდ კვერცხი საბუდარში მალე უნდა დააბრუნო და კრუხი არ დააგვიანო, თორემ კვერცხები გაცივდება და გალაყდება.

 

III

 

პირველ დღიდანვე დავიწყე კვერცხების სინჯვა, მაგრამ ორის დღის განმავლობაში ვერაფერი ცვლილება ვერ შევამჩნიე. მხოლოდ მესამე დღეს შუა კვერცხში ცხადად დავინახე წიწილის გული. დიახ, გული ყველაზე ადრე გამოისახა, თითქო ბუნებას ამით უნდოდა ეთქვა:  სიცოცხლის სათავე და გვირგვინი გულიაო. მეოთხე დღემ სწორედ გამაოცა: ერთი დღის განმავლობაში, სულ ოცდაოთხ საათში, გულს მიმატებოდა ყველა შინაგანი ორგანო; არა ჩანდა მხოლოდ გარეგანი ორგანოები: ნისკარტი, ფეხები და ფრთები. შემდეგ დღეებში წიწილამ ეს ორგანოებიც გამოისახა. მაგრამ ყველა ორგანო ჯერ ძლიერ პატარა იყო. ორგანოები დღითი-დღე იზრდებოდნენ, და ამასთან ერთად ილეოდა კვერცხის ყვითელი გული და თეთრი ცილა. მეცხრამეტე დღეს ცილის უკანასკნელი ნაწილებიც გაქრა, და დარჩა კვერცხის ცარიელი ნაჭუჭი.

მთლად გამოელია ჩვენს პაწაწინას საჭმელი; მაგრამ თვითონაც სავსებით დასრულდა, დასრულდა ყველა თავის ორგანოთი. დასრულებული წიწილა იმგვარად იდო კვერცხის ნაჭუჭში, რომ თავი მარჯვენა ფრთის ქვეშ ედო, ფეხებიც მოკეცილი და ტანზე მიკრული ჰქონდა და ისიც შევამჩნიე, რომ ნაჭუჭსა და წიწილას შორის ცარიელი ადგილი იყო დარჩენილი, ისე რომ წიწილას ნაჭუჭში მიბრუნება-მობრუნება შეეძლო.

დასრულებული წიწილა ვეღარ გასძლებდა კვერცხის ნაჭუჭში, სადაც  სადაც აღარც საჭმელი ჰქონდა, აღარც სასმელი და თავისუფალი ჰაერსაც აუცილებლად საჭიროებდა. მას ძალაუნებურად უნდა გამოეტეხა თავისი საპყრობილე და გამოსულიყო გარეთ, სადაც მას დაატკბობდა მზის შუქი, წმინდა ჰაერი, ნოყიერი საჭმელი და თავისუფალი სარბიელი. ასეც მოხდა.

 

IV

 

ოცდამეერთე დღეს რომ საბუდართან მივედი, კვერცხებიდან კაკუნი მომესმა: წიწილები თავიანთ ნისკარტს ურტყამდნენ, რომ გაეტეხათ და გამოჩეკილიყვნენ. მე ერთ კვერცხს დავაკვირდი. წიწილამ შუა სარტყელზე კარგა ხანს უკაკუნა თავისი ნისკარტი ერთსა და იმავე ადგილს, გამოტეხა და პაწია ჭუჭრუტანა გააკეთა. მაგრამ ამ ჭუჭრუტანიდან რასაკვირველია იგი ვერ გამოძვრებოდა, ამისათვის საჭირო იყო ნაჭუჭის შუაზე გარღვევა, გადატეხა. ცოტა ხნის შემდეგ კაკუნი მეორე მხრიდან მოისმა, მაგრამ ისევ იმავე ხაზზე, ეტყობოდა, რომ წიწილას კვერცხის ნაჭუჭში გვერდი ეცვალა, იქით მიბრუნებულიყო.

ცოტა ხანი ნისკარტი გამოყო, მაგრამ ისევ შეიმალა. არ გასულა რამდენიმე წამი, რომ ახლა მარცხენა მხარეს მოისმა კაკუნი, და აქაც ჭუჭრუტანა გააკეთა. მალე მარჯვნივ მხარესაც გამოტეხა ნაჭუჭი ჩვენმა პატარა არსებამ. ამ სახით მან გააკეთა ოთხი ჭუჭრუტანა ერთსა და იმავე წრეზე, შუა სარტყელზე. შემდეგ ნაჭუჭმა ცოტა ჭრაჭუნი დაიწყო. აშკარა იყო, რომ წიწილა შიგნიდან ნაჭუჭს აწვებოდა, რომ გამოეტეხა.

ნაჭუჭი ჯერ უძალიანდებოდა, მაგრამ უცებ დაიჭექა, ორად გაირღვა, ნახევარი იქით გადავარდა, ნახევარი აქეთ, და ჩვენი წიწილა საბუდარში გადმოვიდა მეტად გახარებული და გამარჯვებული. ასევე მოიქცნენ სხვა წიწილებიც და საბუდარში დაიწყეს ფუსფუსი და წივილი. მაგრამ რამდენიმე წიწილა დარჩა ნაჭუჭში, რომელიც ვერ გამოტეხეს. კაკუნით ესენიც ბევრს აკაკუნებდნენ, მაგრამ ამ კაკუნიდან არაფერი გამოდიოდა. აშკარა იყო, რომ მათ იმდენად სუსტი ნისკარტი ჰქონდათ, რომ ნაჭუჭის გახვრეტა და გარღვევა არ შეეძლოთ. საჭირო იყო გარედან დახმარება და ეს დახმარებაც აღმოუჩინა მათმა დედამ, ქოჩორა კრუხმა. მან ამ კვერცხებს ნისკარტი ხან აქ ჩასცხო, ხან იქ, გაარღვია, გატეხა და წიწილები გაანთავისუფლა. ესენიც მიემატნენ თავისს ახალ დაბადებულ ძმებს და დებს, და აქამდე მკვდარი საბუდარი სიცოცხლით აივსო.

 

V

 

მაგრამ ჩვენი პატარა წილებისათვის საბუდარიც საპყრობილე იყო. მათ სრული თავისუფლება უნდოდათ და ამ თავისუფლებას მოიპოვებდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც თავს დააღწევდნენ საბუდარს. მაგრამ ეს ადვილი საქმე არ იყო. საბუდარს გვერდები ცოტა მაღალი ჰქონდა, და მასზე ასვლა და გადმოსვლა ჩვენი ქულა წიწილებისათვის დიდს უნარს მოითხოვდა. წიწილები ცდილობდნენ ამ გვერდებზე ასულიყვნენ და გადმოსულიყვნენ, მაგრამ უღონობისგან გამო ისევ უკან ცვიოდნენ.

კრუხმა აქაც დედობრივი ზრუნვა აღმოუჩინა. ზემოთ ამოცოცებულ წიწილას, ქვემოდან თავის ნისკარტს მიაბჯენდა და შეიმაგრებდა ხოლმე; წიწილა საბუდარს თავზე მოექცეოდა, მიწაზე დაეშვებოდა და დაეცემოდა ხოლმე. ამ დაცემის დროს ტკივილსა გრძნობდა, მაგრამ თავისუფლება, სინათლე და ჰაერი ისე ახარებდა, რომ ტკივილს არაფრად აგდებდა.

აი, საბუდარიდან ყველა წიწილა გადმოვიდა და მზრუნველ დედას მიეყუჟა. ცოტა ხნის შემდეგ, ქოჩორა კრუხს გარს ეხვია ოცამდე წიწილა. ისინი სველები და დაქანცულები იყვნენ და დასვენება და გაშრობა უნდოდათ. კრუხმა განზე გაფხორა თავისი ფრთები და შიგნით შეისხა წიწილები. აქ მათ დაისვენეს, გაშრნენ და ბოლოს გარეთ გამოსვლა მოიწადინეს. კრუხმა ეს შეამჩნია, გაფხორილი ფრთები ცოტა მაღლა ასწია და თავისი წიწილები გარეთ გამოუშვა. ეს ქულა წიწილების გროვა სასიამოვნო სანახავიც იყო და სასაცილოც.

ჩვენმა ახალმა დაბადებულმა წიწილებმა სეირნობაც მოინდომეს; მაგრამ ვაი ამ სეირნობას! სიარულს შეუჩვეველნი წამდაუწუმ მიწაზედ იქცეოდნენ, ხან ყირამალა გადადიოდნენ. დედა თვალს არ აშორებდა და ხშირად რაღაცას უძახოდა. ეს ძახილი ერთნაირი არ იყო. ეტყობოდა, რომ ქათმურ ენაზედ ელაპარაკებოდა, აფრთხილებდა, არიგებდა, ასწავლიდა. როცა საკენკს იპოვნიდნენ, დედა აჩვენებდა, როგორ უნდა აეკენკათ. თუ დიდი ლუკმა შეხვდებოდათ, დაანაწილებდა, რომ ჩაყლაპვა შეძლებოდათ მის შვილებს.

აი დააპურა კრუხმა წიწილები და დაუჩახჩახა. წიწილები მისკენ გაეშურნენ, კრუხმა გაფხორა თავისი ფრთები და შეუშვა შიგნით წიწილები, რომლებიც დასხდნენ მიწაზე, თავისის დედის ფრთებ ქვეშ, და დაისვენეს, სანამდე საჭმელს მოინელებდნენ.

 

VI

 

წიწილები თანდათან იზრდებიან, ტანი და ჭკუა ემატებათ. ისეთი უვიცები აღარ არიან, როგორც წინათ იყვნენ; ბევრი რამ ისწავლეს, შეიგნეს, მაგრამ ზრუნვა მაინც ესაჭიროებათ, და დედაც მთელ თავისს დროს მათ ახმარს. იგი ყოველთვის წინ მიუძღვის და უხმობს, უკან მომყევითო. როცა შეამჩნევს, რომ ზოგი უკან დარჩა, მაშინვე შეჩერდება და იმათ მოახლოვებას უცდის, ხან უძახის: ფეხი ააჩქარეთო, რასაკვირველია, ქათმურად. როცა შეიტყობს, რომ წიწილები დაიღალნენ, მყუდრო ადგილას გაჩერდება, გაფხორავს ფრთებს, უხმობს წიწილებს, რომლებიც გამორბიან, შეუძვრებიან ფრთებს ქვეშ და მიეცემიან მოსვენებას...

ბევრი, მეტად ბევრი ზრუნვა ადევს კისერზე ჩვენს ქოჩორას. ამოდენა ოჯახის გამოკვება ხუმრობა არ არის. აი იპოვა პურის მარცვალი და შეუდგა მისს დანაწილებას. ჩაიდო პირში და მოუჭირა თავისი ნისკარტი, მაგრამ ვერ გატეხა, რადგან მარცვალი მაგარი გამოდგა; გადმოაგდო პირიდან და ხელმეორედ დასტაცა ნისკარტი, რომ სხვა მხრიდან გაეტეხა, მაგრამ ვერც ეხლა მოერია. მერმე მესამე მხრიდან მოუჭირა ნისკარტი, ბოლოს მეოთხე მხრიდან და ძლივს ეწია გულის წადილს.

წინა წიწილამ დასტაცა პირი მარცვლის ერთ ნაწილს, საჩქაროდ გადაყლაპა და მეორე ნაწილსაც წაატანა პირი, მაგრამ დედამ იქით გააგდო და მეორე წიწილას არგუნა ეს ნაწილი. მესამე და მეოთხე ნაწილებიც სხვადასხვა წიწილებს შესთავაზა. ეძება სხვა მარცვლებიც, მაგრამ ვერ იპოვა. ახლა მიწას დაუწყო ქექვა ფეხებით და იქიდან მოზრდილი მატლი ამოიყვანა. ნისკარტით ესეც დაანაწილა და თავის წიწილებს გაუყო. თვითონ ამ დროს მშიერი იყო, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია თავის ჩიჩახვში გაეგზავნა მარცვალი, ან მატლი.

თავისი თავი ჩვენს ქოჩორას სრულიად დავიწყებული ჰქონდა და ხშირად მშიერი რჩებოდა. მაგრამ ამაზე სულაც არა სწუხდა, ოღონდ კი მაძღრები და უვნებელი ყოფილიყვნენ მისი წიწილები. ამის გამო მეტად გახდა, წინათ აკრებილი ფრთები ძირს დაეშვა, წინანდელი სილამაზე დაკარგა, მაგრამ სამაგიეროდ მიენიჭა შინაგანი სიმშვენიერე. 

წინათ, ვარიობის დროს, ჩვენი ქოჩორა მხდალი იყო და თაგვისაც კი ეშინოდა. ახლა კი სიმამაცით აივსო და ვებერთელა გარეულ ფრინველებსაც კი გულადად შეებრძოლებოდა ხოლმე. წინათ უჭკუობა ეტყობოდა, ახლა კი თავისი გონიერებით კაცს გააოცებდა. წინათ მას უყვარდა მხოლოდ თავისი თავი, ახლა კი საკუთარი სიკეთე სრულიად დავიწყებული ჰქონდა.

და ეს დიდი, ძირითადი ცვლილება ჩვენს ქოჩორაში მოახდინა იმ გრძნობამ, რომელსაც წმინდა სიყვარული ჰქვია. დიაღ, ჩვენს ქოჩორას თავისი პაწია შვილები უსაზღვრო სიყვარულით უყვარდა. ამ სიყვარულმა ეს დაბალი არსება აღამაღლა, ბევრი ღვაწლი ჩაადენინა, ბევრი სასახელო საქმე გააკეთებინა და ბოლოს მიანიჭა გმირული სიკვდილი.

 

VII

 

ჩვენი სახლი ტყის მახლობლად იყო აშენებული. ერთ მშვენიერს დღეს, როცა მზემ დასავლეთისაკენ გადაიხარა, ჩვენს ქოჩორას თავისი წიწილები ტყის პირად ჰყავდა გაშლილი. მის მახლობლად იყო მეორე კრუხიც, თავისი წიწილებით. მე ამ დროს სახლის ბანზე ვიყავი და თვალს ვადევნებდი კრუხ-წიწილას. უცებ ჩვენმა ქოჩორამ მოუსვენრად დაიწყო ყელყელაობა, აქეთ-იქეთ გაქან-გამოქანდა და ერთი ქოთქოთი ატეხა. ასეთივე ცვლილება შევატყვე მეორე კრუხსაც.

უთუოდ მტრის მოახლოება იგრძნეს, ვთქვი ჩემს გულში და ეს მალე მართალიც გამოდგა. ტყიდან გამოვიდა მოგრძო ნადირი, თრითინაზე ცოტა დიდი და გამოექანა ქოჩორას შვილებისაკენ. ქოჩორამ სწრაფად ერთნაირი ხმა მისცა თავის წიწილებს, რაც უსათუოდ ნიშნავდა: თავს უშველეთ, შინისაკენ გაიქეცითო. წიწილებმა მაშინვე უკან-უკან დაიხიეს. თვითონ ქოჩორამ კი კისერი დაიგრძელა, ფრთები გაშალა და ნადირს მამაცურად გადაეღობა წინ. ნადირი კვერნა იყო. კვერნამ დაკრიჭა თავისი ბასრი კბილები და მივარდა ქოჩორას, მაგრამ ქოჩორას მიეშველა მეორე კრუხი, და გაჩაღდა საშინელი ომი.

მე შემეძლო ბანიდან ერთი ღონივრად დამეჭყივლა კვერნასთვის, შემეშინებინა და უკუმექცია ტყისკენ; მაგრამ ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო. თვალებად გადავიქეცი და სული გავნაბე.

ერთი მხრივ იბრძოდა ბასრი კბილებით და ბრჭყალებით შეიარაღებული ნადირი, მეორე მხრივ ორი სუსტი ფრინველი, რომელთაც იარაღად ჰქონდათ მხოლოდ სუსტი, ძლიერ სუსტი ნისკარტი და სხვა არაფერი. მათი დაღუპვა და ნადირის გამარჯვება გარდაუვალი ჩანდა. მაგრამ ესენი გამსჭვალულნი იყვნენ ძლიერი დედობრივი სიყვარულით, ნადირს კი ამოძრავებდა მხოლოდ მსუნაგობა. ჩვენდა სასიხარულოდ, მაღალმა გრძნობამ ბრწყინვალედ გაიმარჯვა და დაამარცხა მდაბალი გრძნობა. მართალია, ორივე დედლები ბრძოლის ველზე დაიხოცნენ, მაგრამ ჯერ ერთი, რომ დაიხოცნენ გმირული სიკვდილით, და მეორე, შვილები მშვიდობით გადაარჩინეს. მსუნაგმა ნადირმა კი არამც თუ ვერ დააკმაყოფილა თავისი მსუნაგობა, არამედ დაისაჯა ისეთი საშინელი სასჯელით, რომელიც სიკვდილზე ბევრად უფრო საზარელია.

საქმე ის არის, რომ ქოჩორა და მისი ამხანაგი საოცარი ალღოთი მიხვდნენ, რომ კვერნას ერთადერთი ორგანო, რომლის დასახიჩრებაც მათ შეეძლოთ თავისი სუსტი ნისკარტით, იყო მისი თვალები; იმასაც კარგად გრძნობდნენ, რომ თვალებდათხრილი ნადირი ვეღარაფერს დააკლებდა მათ შვილებს და ისინი უვნებლად გადარჩებოდნენ. ჩვენს ფრთოსანს გმირებსაც მეტი არაფერი უნდოდათ. ამის გამო ომის დროს სულ იმის ცდაში იყვნენ, რომ ნისკარტი თვალში ჩაეკრათ, ამოეჩიჩქნათ თვალის ბაია და დაებრმავებინათ ნადირი.

ჩვენი ქოჩორა უფრო მარჯვედ იბრძოდა და პირველად მან ჩაჰკრა ღონივრად ნისკარტი მტერს მარჯვენა თვალში და ამოჩიჩქნა თვალის ბაია. კვერნას საშინლად ემწვავა, გაშმაგებული მივარდა და უმოწყლოდ დაუწყო გლეჯა. ამ დროს მეორე კრუხმა იმარჯვა, ჩაჰკრა ღონივრად თავის ნისკარტი მარცხენა თვალში და მეორე ბაიაც ამოჩიჩქნა; მაგრამ გააფთრებული ნადირისაგან თვითონაც იქმნა დაგლეჯილი და დაფლეთილი.

როცა ომი გათავდა, ბრძოლის ველი წარმოადგენდა საშინელს სურათს: ორი კრუხი დაგლეჯილ-დაფლეთილი ეგდო და სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა. თვითონ კვერნა, ორივ თვალით დაბრმავებული და დასახიჩრებული, საცოდავად დაფარფატებდა და ხან ერთ ხეს მიარტყამდა თავს, ხან მეორეს. მოშორებით იდგა მშვიდობით გადარჩენილი ორმოციოდე წიწილა. ისენი მობუზულიყვნენ, საცოდავად გასწიოდნენ და გლოვობდნენ დაღუპულ დედებს, რომელთაც თავისის შვილების სიცოცხლეს შესწირეს საკუთარი სიცოცხლე.

ჩემო ყმაწვილო მკითხველო! რა იქნებოდა, რომ იმ მაღალ არსებას, რომელსაც ქართველი ადამიანი ქვია, იმდენადვე ყვარებოდა მოყვასი და მშობელი ქვეყანა, რამდენადაც სუსტ და მდაბალ სულიერს კრუხს უყვარს თავისი წიწილები?

ის იქნებოდა ჩემო კარგო, რომ მოკლე დროის განმავლობაში ჩვენი საქართველოც ბედს ეწეოდა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ