ზაფხულის პაპანაქება იდგა. სანდალას ოჯახი კალოზე ყანას ლეწავდა. თვითონ სანდალა კევრზე იჯდა და ხარებს მარდად დაარბენინებდა. მაგრამ ძნელი ის იყო, რომ სანდალას მეტად სცხელოდა და ოფლი წურწურით ჩამოდიოდა პირისახიდან. უცებ სანდალამ ჩრდილოეთისაკენ გაიხედა და კავკასიის ქედზე დაინახა თოვლის გრძელი ზოლი.
- ნეტავი ის თოვლი ახლოს ყოფილიყო, რომ გავეგრილებინე, - თქვა სანდალამ. - მერე ჩაფიქრდა ამ მოვლენაზე და თავის თავს დაეკითხა: - სითბო მაღლა მზიდან მოდის, მაღალი მთები მზესთან უფრო ახლოა, ვიდრე დედამიწა; ამიტომ იქ უნდა უფრო ცხელოდეს, აქ კი უნდა გრილოდეს; სინამდვილეში კი დედამიწაზე ცხელა, მთებში კი გრილა და ცივა. ეს საოცარი და გაუგებარია, - დაასკვნა ჭკვიანმა სანდალამ.
აქ გაუგებარი არაფერია. ამ მოვლენას თავისი მიზეზი აქვს:
დედამიწას გარს ახვევია ჰაერი, როცა მზის სხივები ზევიდან ქვემოთ მოძრაობენ, - ჯერ ჰაერი უნდა გამოიარონ და ისე მიღწიონ დედამიწის ზედაპირამდე. ასეც ხდება. მაგრამ მზის სხივები ჰაერში ისე გამოივლიან, რომ მათ სითბოს ჰაერი ვერ ითვისებს. ასეთია ჰაერის თვისება. სამაგიეროდ, როცა დედამიწაზე ეცემა მზის სინათლე, ხმელეთი კარგად თბება, მერე დედამიწის ზედაპირიდან სითბო მაღლა ადის და ჰაერს ათბობს. ასე რომ, ჰაერი სითბოს არა მზისგან, არამედ დედამიწისგან იღებს. ამის გამო რამდენადაც უფრო ახლოა ჰაერი დედამიწასთან, იმდენად უფრო თბილია იგი და პირიქით, რაც უფრო დაშორებულია დედამიწას და მზესთან უფრო ახლოა, მით უფრო გრილია და ცივი.
ამის მიზეზია, რომ მაღლა, ჰაერში რამდენიმე ვერსის სიმაღლეზე, ზაფხულშიც ისეთი დიდი სიცივეა, რომ კაცი გაიყინება. მთები მაღლა ცაშია ატყორცნილი და დიდი მანძილით არის დაშორებულია დედამიწას. ამიტომ იქ ზაფხულშიც კი ცივა და თოვლი დევს. მაშინ, როცა იქვე ახლოს, ბარში, პაპანაქება დგას და ადამიანს ოფლი წურწურით ჩამოდის.
















