ქობულეთის სამხრეთით და შავშეთის დასავლეთით მდებარეობს ლივანა, რომელსაც უჭირავს ჭოროხის ორივე სანაპირო, ჭოროხის მარჯვენა და მარცხენა შენაკადი გამოდის კლარჯეთის მთებიდან, მიდის სამხრეთისაკენ, მერმე ჩრდილოეთისაკენ იზამს პირს, შემდეგ აღმოსავლეთ-ჩრდილოეთისაკენ მიედინება, ბოლოს ბრუნდება ჩრდილო-დასავლეთისაკენ და ერთვის შავ ზღვას.
ჭოროხი ორას ორმოცდაათი ვერსის სიგრძეზე მიედინება; ასე რომ რიონსა და ალაზანზე ბევრად გრძელია. ნავები მიდი-მოდის სამოცდაათი ვერსის სიგრძეზე ბათუმიდან ართვინამდე. ეს თვისება ჭოროხისა მეტად ძვირფასია ლივანასათვის, ამიტომ რომ აქ გზები სრულიად არ მოიპოვება და. ჭოროხი რომ ნავთმზიდავი არა ყოფილიყო, ლივანელებს თავიანთი ნაწარმოების გამოტანა გასაყიდად და ვაჭრული მისვლა-მოსვლა გაუძნელდებოდათ.
ლივანა დასავლეთის მხრივ დაფენილია ჭანეთის ქედის კალთებით: აღმოსავლეთით - კარჩხალის მთის ტოტებით. ამიტომ ეს ქვეყანაც მთიან-გორიანია და მდიდარია სხვადასხვაგვარი ხეობებით. ნიადაგი მეტად ნაყოფიერია, მდინარის და წვიმის წყალი უხვად აქვს და ჰაერიც თბილია, ამიტომ ეს ქვეყანა ზოგიერთი სალი კლდეების გარდა, შემოსილია მრავალფეროვანი მცენარეებით და ყველგან ფრიად კარგი მოსავალი მოჰყავთ. აქ მცხოვრებნი თესავენ პურს და სიმინდს და იმდენი მოჰყავთ, რომ არამც თუ თავად ჰყოფნით, არამედ ბლომად ჰყიდიან ინგლისელ ვაჭრებზე, რომელთაც ჭირნახული ბათუმამდე ჭოროხით ჩამოაქვთ და შემდეგ შავი ზღვით მიაქვთ.
ძალიან გავრცელებულია მებაღეობაც. აქაური ბაღები სავსეა ბროწეულით, ნუშით, ლეღვით, ზეთისხილით, ლიმონ-ფორთოხლით და სხვა ხილით. ხილს ძალიან ბევრს ჰყიდიან. რადგანაც აქაურ მთებსა და სერებზე იალაღი ბლომად არის, ამიტომ საქონლის ყოლაც გახშირებულია; ინახავენ ცხენს, ჯორს, ძროხას და ცხვარს. მშვენიერის ყველის კეთებით ლივანელები ადრეც და ახლაც განთქმულნი არიან. აქაურები ცნობილნი არიან სხვადასხვა ხელოსნობითაც; ნავების კეთება, წისქვილის მართვა და სხვა. აქ ბევრ აგურის ქარხანას ნახავთ, სადაც აგურის გარდა, მშვენიერ კრამიტსაც სჭრიან; შეხვდებით ჭურჭლის ქარხნებს, კირის ქურახანებს და სხვა. აგრეთვე კარგად იციან ხუროობა და დურგლობა. ერთი სიტყვით, ლივანელები ბევრგვარ საქმეს მისდევენ, კარგად ეხერხებათ და ამიტომ თითქმის ყველას იმ მხრის ქართველებზე უფრო მეტი დოვლათი აქვთ და მიჩვეული არიან კეთილ ცხოვრებას.
უფრო მჭიდროდ არის დასახლებული ლივანას ის ნაწილი, რომელიც ჭოროხის ნაპირებს გასდევს. აქ ერთი ლაზათიანი სოფელი მეორეს მისდევს და ეს გამწკრივებული სოფლები საამურს სანახავს წარმოადგენს. აქაურების წარმოსადეგი ტანი, ფხიზელი პირისახე, მახვილი გონება, ღირსეული თავის დაჭერა და ტკბილი ქართული ენა, ადამიანს ძველის დროის ქართველებს მოაგონებს. სარწმუნოებით თუმცა მაჰმადიანები არიან, მაგრამ კარგად იციან, რომ ადრე ქრისტიანები იყვნენ და აქამდე პატივსა სცემენ წმინდა ადგილებს; აქაც მრავალი ეკლესიას შეხვდებით, მათ შორის აღსანიშნავია ოპიზის ეკლესია, რომელსაც გარს შემორტყმული აქვს მრავალი და ფართო შენობები; ეტყობა რომ ადრე აქ დიდი მონასტერი იყო.
ჭოროხის ხეობაში, საკუთრივ ლივანაში მდებარეობს ქალაქი ართვინი, სადაც 20 000-ზე მეტი მაცხოვრებელია. ამათში ასი კომლი სომეხია. ექვსასი კომლი ქართველი ფრანგი და ათას სამასი კომლი გამაჰმადიანებული ქართველი. ამის გამო ხუთი მეჩეთია, ოთხი ფრანგების და ერთი სომხების ეკლესია. ართვინში მეჩეთებთან და ეკლესიებთან სკოლები არის გამართული. ეკლესიებში თურმე აქამდე მოიპოვება ძველი ხელნაწერი ქართული წიგნები.
ართვინში სავაჭროდ ბევრი ახალციხელი დადის.
















