მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 709 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I. დედოფალი და მემკვიდრე ტახტისა

 

დიდებულის მეფის თამარის ვაჟს, ლაშა-გიორგის, თავის გამეფების შემდეგ დიდხანს არ უცოცხლია. შუა-ხანსაც ვერ მიაღწია, რომ გარდაიცვალა. საქართველოს მეფის უდროოდ გარდაცვალება მით უფრო სამწუხარო იყო, რომ მას ნამდვილი მემკვიდრე არ რჩებოდა, ლაშა-გიორგის კანონიერი ცოლი არ ჰყოლია. მას ხასად უჯდა ერთი კახელი ქალი, რომელზედაც ჯვარი ვერ დაიწერა. ეს ქალი დაბალის წოდების იყო და ლაშას მეფური ამპარტავნება ნებას არ აძლევდა კანონიერ მეუღლედ და საქართველოს დედოფლად ეღიარებინა იგი.

ვერც ამ ქალთან განშორება შესძლო, რადგანაც ძლიერ უყვარდა. ამ ყოყმანს დღეს თუ ხვალ ბოლო უთუოდ მოეღებოდა, მაგრამ, საუბედუროდ თვით ლაშა-გიორგის მოეღო ადრიანად ბოლო. იგი გარდაიცვალა უცხო ქვეყანაში, სადაც წასული იყო ერთ მოსაზღვრე ხელმწიფეზე თავისი დის რუსუდანის დასანიშნავად. ლაშას დარჩა ერთი მცირეწლოვანი ვაჟი, სახელად დავითი, ხსენებული ხასისგან ნაშობი.

სიკვდილის წინ ლაშამ მიიწვია საქართველოს დიდებულები, რომლებიც მას უცხოეთში ახლდნენ და შემდეგი ანდერძი დაუტოვა:

„თქვენ წარჩინებულთა საქართველოს სამეფოსათა. იცით და გახსოვთ წყალობა, სიუხვე და პატივი სანატრელისა, მეფეთა შორის ბრწყინვალისა დედისა ჩემისა თამარისა. აგრეთვე იცის პატივი თქვენი დამაც ჩემმა რუსუდანმა. აწ გაფიცებთ წინაშე ღვთისა, რათა მეფედ ჰყოთ დაი ჩემი რუსუდან შემდეგად ჩემისა; ხოლო დასა ჩემსა რუსუდანს ვავალებ წინაშე ღვთისა (და ამის მოწმენი იქნებით თქვენ ყველანი), რათა აღზარდოს ჩემი დავითი; ხოლო რა ჟამსა ჰძლოს მეფობა და მხედრობა, შვილი ჩემი დავითი მეფე ჰყოს, და იგი დაადგინეთ მეფედ, მემკვიდრედ მეფობისა ჩემისა“.

გაათავა თუ არა ეს ანდერძი, ლაშა-გიორგიმ სული განუტევა. განსვენებული მეფე საქართველოში წამოასვენეს და ისე დაკრძალეს, როგორც ეკადრებოდა ერთიანი საქართველოს მეფეს და დიდებული თამარ მეფის ძეს.

„მაშინ შეკრიბეს, - განაგრძობს „ქართლის ცხოვრება“, - ყოველნი წარჩინებულნი სამეფოსანი, იმერნი და ამერნი, კათალიკოზნი ორივენივე (მცხეთისა და ქუთაისისა) და ეპისკოპოზნი და მეფედ ჰყვეს რუსუდან და დასვეს ტახტსა ზედა სამეფოსასა და მიულოცეს მეფობა, წესისამებრ“.

უნდა მოვიხსენიოთ, რომ ლაშა-გიორგის და რუსუდანს ერთმანეთი ისე ძლიერ უყვარდათ, რომ ქვეყანას ნამდვილი და-ძმურის სიყვარულის მშვენიერ მაგალითს აჩვენებდნენ. ამიტომ რუსუდანს თავისი ძმის ვაჟიც, დავითიც უყვარდა და პირველ ხანებში დედობრივ ზრუნვას არ აკლებდა, მაგრამ ეს სიყვარული თანდათან შესუსტდა და გაქრა, როცა რუსუდანი გათხოვდა აზრუმის სულთანის ვაჟზე, რომელიც მის გამო მოინათლა და საკუთარი ვაჟი გაუჩნდა, რომელსაც ასევე დავითი დაარქვა. თავის ძმისწულის წინანდელი სიყვარული სიძულვილად გადაექცა და რამდენადაც იზრდებოდა ვაჟი, იმდენად უძლიერდებოდა მამიდას მისი სიძულვილი.

რუსუდანი ასე ფიქრობდა: დავაჟკაცდება თუ არა ჩემი ძმისწული, ჩემი განსვენებული ძმის ანდერძის თანახმად, ბევრი მოინდომებს მეფობა ჩამომართვან და ტახტზე ის დასვან. ესეც რომ არ მოხდეს და მთელს ჩემს სიცოცხლეში მეფედ დავრჩე, ჩემი სიკვდილის შემდეგ უთუოდ გაამეფებენ იმ უბრალო ხასის შვილს და მისი ჩამომავლობა დაიმკვიდრებს საქართველოს ტახტს. ჩემი ღვიძლი შვილი კი თავისი ჩამომავლობით ხელცარიელი უნდა დარჩეს და ვიღაც კახელს გომბიოს ჩამომავლობას ემორჩილებოდეს. არა, ამას რუსუდანი ვერ მოითმენს და საქმეს სხვანაირად დაატრიალებს.

თავმოყვარეობით გატაცებულ რუსუდანს ავიწყდებოდა, რომ საქართველოში მეფური უფლება გადადიოდა მამიდან და არა დედიდან, რომ ლაშას ძეს, დავითს, ტახტი ეკუთვნოდა კანონის და ანდერძის ძალით, როგორც განსვენებული მეფის ერთადერთ ვაჟს, ხოლო რუსუდანის ვაჟს მამად ჰყავდა ნათათრალი მთავარი, რომელსაც საქართველოს ტახტზე არავითარი უფლება არ გააჩნდა.

რუსუდანი თავის შიშს მით უფრო საფუძვლიანად თვლიდა, რომ მისი ძმისწული პატარა დავითი მომხიბლავი ხასიათით იყო შემკული. ჭკვიანი, გულწრფელი, თავმდაბალი, ღვთისმოყვარე, მხიარული, მუდამ იმედიანი და სიცოცხლით სავსე. დავითი ჰგავდა დედასაც, ხალხის შვილს, და მამასაც - ბაგრატოვანს. მასში შეთავსებული იყო ხალხის ღირსებებიც და მეფურნი თვისებებიც. ამიტომ დავითი ადვილად და სწრაფად მოინადირებდა ხოლმე ყველას გულს, ვინც კი დაუახლოვდებოდა.

 

II. საზარელი წადილი დედოფლისა

 

რუსუდანი ადვილად აჰყვებოდა ხოლმე ვნებათა ღელვებს. ამ შემთხვევაშიც, მის გონებასა და სინდისს ბოროტმა განზრახვამ სძლია და გადაწყვიტა, უდროოდ გამოესალმებინა წუთისოფლისთვის თავისი ძმისწული, ყმაწვილი დავითი; მაგრამ არა თავისი ხელით, არამედ სხვისი შუამავლობით. თანაც ისე ჩუმად უნდოდა აესრულებინა თავის საზარელ გულის წადილი, რომ ხალხსა და ქვეყანას არ შეეტყო მკვლელობის შესახებ და დავითის სიკვდილი რაიმე უბედურის შემთხვევისათვის დაებრალებინათ.

თუ მკვლელობა საქართველოში მოხდებოდა, ხალხისათვის საიდუმლოდ არ დარჩებოდა და რუსუდანს არ აპატიებდა ამ მეტად მძიმე დანაშაულს, მეტად საყვარელი და საიმედო მემკვიდრის მოკვლას. ამის გამო რუსუდანმა თავისი განზრახვის აღსასრულებლად მცირე აზიაში მდებარე ერთი შორეული ქვეყანა ამოირჩია. ამ ქვეყნის მბრძანებელ სულთანს, რჯულით მაჰმადიანს, ცოლად ჰყავდა რუსუდანის ქალი თამარი. თამარი სულთანს ცოლად ძალაუნებურად გაჰყვა. მას ძლიერ ემძიმებოდა საყვარელი სამშობლოს მოშორება და არ სურდა თათრის ცოლი გამხდარიყო, მაგრამ სულთანი არ მოეშვა, რადგან რუსუდანის ქალი თამარი თავისი მშვენებით ძლიერ ჰგავდა დიდებულ ბებიას - თამარ მეფეს. სულთანი საქართველოსთან მეგობრობას და კავშირს დაჰპირდა, აუარებელი საჩუქარი მოუტანა, თანაც აღთქმა დაუდო და დაიფიცა, რომ თამარისაგან არასდროს არ მოითხოვდა ქრისტეს სჯულზე უარის თქმას. ბოლოს თამარმა შეისმინა დედის რჩევა, სულთანის თხოვნა და გაყვა მას ცოლად. ალბათ იმ იმედით, რომ იქნებ სულთანი ჩემს სჯულზე მოვაქციო და მის საბრძანებელშიც მაცხოვრის სჯული მოეფინოსო.

აი ამ შორეულს ქვეყანაში გაგზავნა რუსუდანმა თავისი ძმისწული დავითი და იმედოვნებდა, რომ ამ გზაზე აუტყდება რამე, ან იმ უცხო ქვეყნის ჰავა დასცდის და იქნება როგორმე თავისი დღით მოკვდესო. მაგრამ როცა ეს ნატვრა არ აუსრულდა. მაშინ საიდუმლოდ წიგნი მისწერა თავის სიძესა და ქალიშვილს, რათა მათ ყმაწვილი როგორმე გამოესალმებინათ წუთისოფლისთვის. ალბათ თავის წერილში იმასაც სწერდა, რომ თვით თქვენი სიკეთე მოითხოვს მაგ ყმაწვილის სიკვდილსო, რადგან თუ მე და ჩემი შვილი ვისხდებით საქართველოს ტახტზე, ეს ქვეყანა თქვენი მეგობარი და მოკავშირე იქნება და მტერთაგან დაგიცავთ; ხოლო თუ ეგ გამეფდა, მაშინ ადვილად შეიძლება საქართველო მტრად გადაგეკიდოთო და ცუდი დღე დაგადგეთო.

მაგრამ არც რუსუდანის სიძემ და არც მეტადრე ქალიშვილმა, ეს თხოვნა არ მოიწონეს. თამარს საქართველოშიც ღვიძლი ძმასავით უყვარდა თავისი ბიძაშვილი დავითი და ახლა უცხოეთში უფრო გაუძლიერდა ეს უმანკო სიყვარული. დავითი იყო ერთადერთი, რომელთანაც სულიერი სიახლოვე ჰქონდა, რომელიც ყოველდღე ელაპარაკებოდა თამარს მის საყვარელ დედაენაზე. ლოცულობდა იმავე მაცხოვარსა; ეცვა, იქცეოდა და ცხოვრობდა ქართულად. და ახლო ნათესავი რომ არ ყოფილიყო, მაშინაც კი მისთვის ძვირფასი მეგობარი იქნებოდა. ამიტომ თამარი მზად იყო თავისი ბიძაშვილის სიცოცხლე დაეცვა ყველა მტრისაგან. არამც თუ თვითონ მოემართა ხელი ვინმესთვის მის მოკვლაში.

სულთანსაც თავისი მშვენიერი ცოლის დიდი სიყვარული და ხათრი ჰქონდა და აზრადაც არ მოსდიოდა აესრულებინა სიდედრის მეტად უმოწყალო სურვილი.

რუსუდანი რომ ამას ხედავდა, დღითი-დღე ბოროტდებოდა, ღელავდა, წერილს წერილზე გზავნიდა თავის სიძესთან და ქალიშვილთან, ემუდარებოდა ეხსნათ იგი დავითისგან და მოესპოთ მისთვის სიცოცხლე; მაგრამ როცა ვერც წერილებმა და ვერც ხვეწნა-მუდარამ ვერ გასჭრა. დავითის სრულწლოვნება კი ახლოვდებოდა. მაშინ რუსუდანმა ჯოჯოხეთურ ღონისძიებას მიმართა. მან დაივიწყა ქრისტე ღმერთი, დედობრივი სიყვარული, საკუთარი სული და ყოვლად საზარელი ცილი დასწამა თავის საკუთარს ქალიშვილს. მან მისწერა სულთანს: შენ ჩემს თხოვნას არ ასრულებ და დავითს ცოცხალს სტოვებ იმიტომ, რომ ჩემი ქალი ესარჩლება. რამ დაგაბრმავა? ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემს ქალიშვილს შენ სძულხარ და უყვარს დავითი არანათესაური სიყვარულით; სწორედ ამის გამო იცავს თავგამოდებით მაგის სიცოცხლეს.

 

III. მემკვიდრეს ზღვაში აგდებენ

 

ამ ჯოჯოხეთურმა ცილისწამებამ გველის შხამივით გასჭრა. სულთანი, რომელიც ამ დრომდე თავს ევლებოდა თავის ცოლს და სულ მის სიამოვნებაზე ზრუნავდა, მთლად გადაირია, ეჭვით აივსო, ცოლს ორგულობა და ღალატი დასწამა და გამოუთქმელი ტანჯვა-წვალება მიაყენა. მოაშორა ქართველები, რომლებიც მას გათხოვების დროს საქართველოდან გამოჰყვნენ, მოსამსახურედ თათრები მიუჩინა და ბოლოს ქრისტეს სჯულის დათმობა და თათრობის მიღება. სწორედ ჯოჯოხეთურ ტანჯვაში ჩავარდა საწყალი თამარი და ამ ტანჯვას ერთ ათად უმწარებდა ის აზრი, რომ ამის მიზეზი იყო მისი ღვიძლი დედა, რომელმაც არ დაინდო და საშინელის ცილისწამებით დაღუპა.

კიდევ უფრო უარესი დღე დაადგა დავითს. სულთანმა ისიც შეიპყრო და მრავალი ტანჯვა მიაყენა; ითხოვდა გამომტყდარიყო ცოდვაში, რომელსაც მისი მამიდა აბრალებდა. მაგრამ დავითმა ვაჟკაცურად აიტანა ტანჯვა და გულწრფელად და ღირსეულად უპასუხა სულთანს: „უდანაშაულო ვარ, თვით ღმერთია მოწამე! რა დასაჯერებელია მოწყალეო და მაღალო სულთანო, მამიდაჩემის საზარელი ცილისწამება. როგორც სჩანს, აქ იმიტომ გამომაგზავნა, რომ მოგეკალით და რადგან ეს სურვილი არ აუსრულეთ, თქვენს მოსატყუებლად მომიგონა ეგ ჭორი, რათა თქვენი ხელით დაუყონებლივ მიაღწიოს ჩემს სიკვდილს და ბოროტი ნატვრა აღასრულოს“.

სულთანს ცოტა გული მოულბო ყმაწვილის გულწრფელმა სიტყვებმა და მაშინვე აღარ მოაკვლევინა, არამედ ბრძანა: მომგვარეთ მენავეთა უფროსი. როცა მიიყვანეს, უთხრა: წაიყვანე ეს ყმაწვილი და შიგ შუა ზღვაში ჩააგდე; თუ ამას არ აღასრულებ, დედაბუდიანად ამოჟლეტილი იქნებიო.

მოვიდნენ მენავეები, წაიყვანეს დავითი, მიიყვანეს ზღვასთან, ჩასვეს ნავში და როცა ხმელეთს დიდს მანძილზე განშორდნენ და როგორც კი შუა ზღვაში შევიდნენ, დაუპირეს დავითს წყალში გადაგდება. დავითმა თხოვა: ნება მომეცით ცოტა ხანი ვილოცო და მერე გადამაგდეთ ზღვაშიო. მართალია მენავეები თათრები იყვნენ, მაგრამ გულკეთილობა არც მათ აკლდათ და მისცეს დავითს ლოცვის ნება.

დაასრულა თუ არა ლოცვა საბრალო ყმაწვილმა, მენავეები მივიდნენ, გახადეს ტანსაცმელი და ზღვაში გადაგდება დაუპირეს. ერთ მენავეს ძლიერ შეებრალა უბედური ყმაწვილი, ხელში პატარა ფიცარი მისცა და ზღვაში ასე ჩააგდეს...

 

IV. მემკვიდრის გადარჩენა

 

წყალში ჩაგდებული ყმაწვილი ფიცარს მაგრად მოეჭიდა, ქარმა დაუბერა, გაიტაცა ზღვაში და მალე უჩინარი შეიქმნა მენავეებისთვის, რომლებიც ამის შემდეგ შინ წამოვიდნენ. ყმაწვილი ფიცრით დაჰქონდა აღელვებულ ზღვაში, ჩაძირვით კი არ იძირებოდა და სასოწარკვეთილებას არ ეძლეოდა, რადგან ღვთისმშობლის იმედი ჰქონდა, რომლის ხატი ყელზე ეკიდა.

ამ იმედით გამხნევებული დავითი ებრძოდა ზვირთებს და ნაპირისაკენ მოცურავდა; მაგრამ უშველებელ და მძლავრ ზვირთებთან თავისი პატარა ძალით რას გააწყობდა. ეს ზვირთები ბურთივით ათამაშებდა და ერთხელ რომ ნაპირისაკენ წამოიღებდნენ, მეორეჯერ შუა ზღვისაკენ გააქანებდნენ ხოლმე. უცებ შუა ზღვიდან დიდმა ქარმა დაუბერა, ვეებერთელა ტალღამ დავითი სწრაფად წამოიღო ნაპირისაკენ, შეუჩერებლად ატარა, მიუახლოვა ხმელეთს და ნაპირის ახლოს თხელ წყალში გააჩერა. ყმაწვილი ძლიერ მოქანცული და მიბნედილი იყო და ღონე აღარ ჰქონდა, რომ წამომდგარიყო და ნაპირზე გამოსულიყო.

ამ დროს მას ხმელეთიდან თვალი მოჰკრა ერთმა ვაჭარმა, სწრაფად შეგზავნა ზღვაში მცურავი და დავითი ნაპირზე გამოაყვანინა. ვაჭარმა მაშინვე ტანისამოსი ჩააცვა, ასვა, აჭამა და მიბნედილი ყმაწვილი მოასულიერა. მერე გამოჰკითხა, როგორ ჩავარდა ზღვაში და ვინა ხარო. დავითმა ყველაფერი უამბო.

ვაჭარმა შინ წაიყვანა, ღვიძლი შვილივით შეიყვარა და მთელი ექვსი თვის განმავლობაში ისეთ პატივში ჰყავდა, როგორც მეფის შვილს ეკადრებოდა. მართალია ვაჭარი და დავითი მალავდნენ ამ ამბავს, რადგანაც სულთანის ეშინოდათ; მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ იმ ქვეყანაში ყველაფერი ცნობილი გახდა და იქაურნი ამბობდნენ: ამა და ამ ვაჭარს ქართველთა მეფის შვილი ზღვაში ცოცხალი უპოვნია და შინ ზრდისო.

ამ ამბავმა ბოლოს სულთნამდეც მიაღწია. სულთანი საშინლად განრისხდა. მას ეგონა, მენავეებმა მომატყუესო და მათ სიკვდილით დასჯა დაუპირა. მაშინვე სასახლეში მოაყვანინა დავითი, ვაჭარი, მენავეებიც და, როცა დაწვრილებით გამოჰკითხა, დარწმუნდა, რომ მენავეებს მისი სიტყვა სავსებით აღესრულებინათ და დავითი აღელვებულ ზღვაში ჩაეგდოთ. სულთანმა იგინი უვნებლად დაითხოვა და ვაჭარიც შინ გაუშვა.

 

V. მემკვიდრეს ხაროში მარხავენ

 

მაგრამ სულთანმა დავითს საშინელი სასჯელი მიუსაჯა, რადგან, ერთი მხრით, თავისი ავი და ჯიუტი სიდედრის ეშინოდა, მეორე მხრივ, ქრისტიანის სასწაულებრივმა გადარჩენამ მას თათრული ჟინი გაუძლიერა.

დიდი დამნაშავეებისთვის სულთანს ჰქონდა ერთი ღრმა ხარო, ანუ ორმო, სრულიად ბნელი და მეტად ნოტიო. ამ ხაროს ზევიდან ეფარა ვეებერთელა ლოდი. თუ ვინმესთვის ტანჯვით სიკვდილი უნდოდა მიეყენებინა, აქ ჩააგდებდა ხოლმე და სტოვებდნენ უსაჭმელოდ და უსასმელოდ, სადაც დამნაშავენი შიმშილით და წყურვილით იხოცებოდნენ.

აი სწორედ ამ ხაროში ჩააგდებინა სულთანმა საბრალო დავითი იმ მოსაზრებით, რომ ახლა კი ვეღარ გადურჩებოდა ტანჯვით სიკვდილს. მხოლოდ ერთადერთი მოწყალება გაიიღო საწყალ ყმაწვილზე: შეიწყნარა მისი თხოვნა და ნება მისცა ამ საშინელ სამარხში თან ჩაეტანა ღვთისმშობლის ხატი.

უბედური ყმაწვილი ჩაუშვეს საშინელ ორმოში. ზევიდან დაადეს ვეებერთელა ლოდი და ცოცხლად დამარხეს. გავიდა თვეები, წლები და დავითის შესახებ აღარაფერი ისმოდა. მაშინ სულთანიც, მისი ქვეშევრდომებიც და ქართველებიც დარწმუნდნენ, რომ დავითი ცოცხლებში აღარ ეწერა. ამაში დარწმუნდა თვით რუსუდან დედოფალიც, რომელიც იყო დავითის დაღუპვის მიზეზი.

 

VI. ტანჯვა და სიკვდილი დედოფლისა

 

მაგრამ ამ დარწმუნებას მეტად მწარე შედეგი მოჰყვა. რუსუდანში საოცარი ცვლილება მოხდა. ვიდრე დავითი ცოცხალი იყო, რუსუდანს მისი სიკვდილი შარბათივით სწყუროდა და ეგონა, რომ ეს მას სიმვიდეს მიანიჭებდა და მომავალს ვარდისფერი იმედით აღავსებდა, მაგრამ აღსრულდა თუ არა გულის ნატვრა და დარწმუნდა დავითის სიკვდილში, რუსუდანი სრულიად მოულოდნელ მდგომარეობაში ჩავარდა. მისი დაკმაყოფილებული ბოროტი ვნება განელდა და ახლა ხმა გონებამ და სინდისმა აღიმაღლა.

წინათ გონება და სინდისი ძლიერი ვნებით იყვნენ დამონებული. ახლა ეს ვნება ხელთ იგდეს, დაიმორჩილეს, დამნაშავის სკამზე დასვეს და განსჯა დაუწყეს. რუსუდანმა სინდისის ქენჯნა იგრძნო; ხოლო სინდისი იმისთანა მიუდგომელი და მოუსყიდველი მოსამართლეა, რომელიც დღედაღამ ტანჯავს და სჯის დამნაშავეს და ყველა გარეგან სასჯელზე უარესია.

რუსუდანი ახლა ცხადად და აშკარად გრძნობდა. რომ უღალატა ძმასაც, დედობრივ მოვალეობასაც, ქრისტეს მცნებასაც და დაიმსახურა საუკუნო სასჯელი. რუსუდანისათვის სრულიად გაქრა მოსვენება, მშვიდობა, იმედი და სიხარული. მათ მაგივრად მის გულში გამეფდა მოუსვენრობა, ნაღველი, მწუხარება და უიმედობა. რუსუდანი ცდილობდა ჩაეყუჩებინა სინდისი, გაექარვებინა ნაღველი, უბრალო მიზეზების გამო ხშირად მოგზაურობდა ქართლიდან იმერეთში, იმერეთიდან რაჭაში, რაჭიდან სვანეთში და სხვაგან, მაგრამ მოსვენებას ვერსად პოვებდა.

ერთ ქმარს სრულიად უმიზეზოდ გაეყარა, შეირთო მეორე, ამასაც გაეყარა, მერე სხვა ქმარი შეირთო, თითქოს თავის სინდისს ეჯიბრებაო, და ცდილობდა გარეგნული ქარიშხლიანი ცხოვრებით გაერთო გული, სინდისისათვის ყრუდ გადაქცეულიყო, ჯოჯოხეთურ ცეცხლში ჩაექრო შინაგანი მწუხარება; მაგრამ ამით კიდევ უფრო იმწარებდა თავის მოშხამულ სიცოცხლეს.

რუსუდანი მაგარი აგებულების ქალი იყო, ჯერ შუა ხანში ძლივს იქნებოდა, მაგრამ შინაგანი მსაჯულის განუწყვეტელმა და დაუძინებელმა მხილებამ, იგი დააუძლურა, დაასნეულა. ეს უძლურება გაასამკეცა იმ გარემოებამაც, რუსუდანს არ აუსრულდა ის წადილი, რომლისთვისაც განწირა თავისი ძმისწული და გააუბედურა თავისი ქალი თამარი. მაშინ საქართველოში, რუსეთში და მთელს აზიაში ბრძანებლობდნენ მონგოლები და მეფის დამტკიცება მათზე იყო დამოკიდებული. მაგრამ მონგოლების წინამძღოლმა არამც თუ საქართველოს მეფედ აღიარა რუსუდანის შვილი დავითი, არამედ იგი რუსეთში, უფროს წინამძღოლთან ბათოსთან გაგზავნა, ხოლო ამ უკანასკნელმა ძლიერ შორეულ ქვეყანაში, ყარაყურუმში, მონგოლთა ხელმწიფესთან, მანგუ-ყაენთან გაისტუმრა.

გავიდა მთელი წელიწადი, რაც რუსუდანის ვაჟი დავითზე არავითარი ცნობა არ მოსულა. არავინ იცოდა, ცოცხალი იყო იგი, თუ მკვდარი, მიიღებდა მეფობას თუ არა; დაბრუნდებოდა კიდევ საქართველოში, თუ ტყვედ დაიტოვებდა მონგოლთა მბრძანებელი.

ვაი და ვაგლახ ჩემს თავს, ერთი დავითი მოვაკვლევინე, მეორე დავითი დავკარგე, უმანკო ქალი გავაუბედურე, ქვეყანას უპატრონოდ, უმეფოდ ვტოვებ, მონგოლების სასიხარულოდ და სანავარდოდ. - ფიქრობდა რუსუდანი და მწარედ იტანჯებოდა.

ამ ტანჯვამ მალე მოუღო ბოლო და იგი გარდაიცვალა თბილისში იმ მწარე ფიქრით, რომ თავისი ძმისწულის მოკვლით საუკუნო სასჯელი დაიმსახურა.

 

VII. ქართველთა კათალიკოზი და მონგოლთა მბრძანებელი

 

როდესაც რუსუდან დედოფალი გარდაიცვალა, საქართველოს ტახტი ცარიელი დარჩა. ერთი მემკვიდრე, როგორც ვიცით, შორეულ უცხოეთის მხარეში იყო დამარხული, მეორე უფრო კიდევ შორეულ ყარაყურუმში მონგოლებს ჰყავდათ დატყვევებული. ვინმე სხვა მეფის ჩამომავალი იმ ჟამად არ მოიპოვებოდა საქართველოში. ამ უმეფობით და უპატრონობით ისარგებლეს საქართველოს მტრებმა და ყოველმხრივ შემოესივნენ ჩვენს ქვეყანას ასაოხრებლად. მართალია მტრებს ქართველმა ერისთავებმა კარი პასუხი გასცეს და შეერთებული ძალებით გარეკეს; მაგრამ თვითონ მონგოლებიც მეტად გაკადნიერდნენ და უმოწყალოდ დაუწყეს რბევა მონასტრებსა და ეკლესიებსაც, რომელთა შეხებას მანამდე ვერავინ ბედავდა.

ამ გაჭირვებულ მდგომარეობაში, ქვეყანას დამხმარედ და მფარველად და მოევლინა მცხეთის კათალიკოზი ნიკოლოზი. ქართლის ცხოვრების მიხედვით - „კაცი სულითა მხილველი“,  - მიმბაძავი ანგელოსთა, მრავალთა მოღვაწეთა შორის საკვირველი, მხურვალე მართლმადიდებელი, ძლიერი და პირში მამხილებელი მეფეთა და მთავართა, რამეთუ იყო უმანკო, პირუთვნელი და თავ-დადებული ქვეყნისათვის“.

კათალიკოზი გაემგზავრა სამხრეთისაკენ, შეუხვია დიდებულს ვარძიის მონასტერში, რომელიც მაშინ იყო მთავარი მონასტერი, თან წაიყვანა ამ მონასტრის წინამძღვარი, ფრიად ღირსეული და პატივცემული პირი, და მივიდა მონგოლთა მბრძანებლის ბინაზე, ყარსის მახლობლად.

ეს მბრძანებელი იყო ანგუე ყაენის უმცროსი ძმა და ერქვა ულო-ყაენი. ულო-ყაენმა დაუყონებლივ მიიწვია კათალიკოზი და მიიღო თავისს სასახლეში ისეთ პატივით, როგორც ეკადრებოდა იმისთანა სახელოვანს სასულიერო პირს. კათალიკოზმა მოახსენა ქვეყნის შევიწროების, მონგოლთა ჯარის არასაკადრისი საქციელის, მონასტრებისა და ეკლესიებისა  დარბევის ამბავი და გამოსარჩლება და შემწეობა სთხოვა.

კათალიკოზის მშვენიერმა შეხედულებამ, მისმა დიდებულმა ტანისამოსმა, ღირსებით სავსე თავდაჭერამ, მჭერმეტყველებამ, სიბრძნემ და ლაპარაკის კილომ, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს ამ ურწმუნოზეც კი, და მან არამც თუ ყველა თხოვნა აღუსრულა, არამედ დიდადაც დაასაჩუქრა და დიდი პატივით გამოისტუმრა სამშობლოში.

„იხილა რა ყაენმა, - ამბობს „ქართლის ცხოვრება“, - განკვირდა წესსა და ხილვასა შეხედვისა მისისა, და პატივს სცა პატივითა დიდითა, დაუწერეს იარლიყი, ანუ წიგნი შეწყნარებისა, მოსცეს შანა, ნიშანი მფარველობისა, შეუქმნეს ჯვარნი ოქროსანი, შემკულნი თვალითა და მარგალიტითა, უბოძა ერთი ჯვარი თვით კათალიკოზსა, მეორე ვარძიის წინამძღვარსა, და მოანიჭა კათალიკოზს არგანიცა, ანუ კვერთხი, შეკაზმული ოქროთი, და გამოისტუმრეს დიდი პატივითაო. და დაიცვნენ ყოველნი ეკლესიანი და მონასტერნი, მოწყალებითა ღვთისათა“. - ათავებს „ქართლის ცხოვრება“.

უმეფო ქვეყანა ამის შემდეგაც მაინც დიდად იყო მონგოლთაგან შევიწროებული და ილაჯგაწყვეტილი. კაცს ეგონებოდა, ხსნა არსაიდან არისო.

უმეფობას ბოლო ვერ მოეღო.

 

VIII. თავდადებული პატარა გლეხი

 

მაგრამ სცდებოდა რუსუდანი და მასთან მთელი ქვეყანა, როდესაც ლაშა-გიორგის შვილს დავითს მკვდრად სთვლიდნენ. მას ჯერ კიდევ პირში სული ედგა და საშინელ ხაროშიც-კი იმედს არ ჰკარგავდა.

პატარაობის დროს ლაშა-გიორგიმ თავის მემკვიდრეს ხელზე მოსამსახურედ მიუჩინა ერთი ხალხის შვილი მკვირცხლი ბიჭი, სახელად სოსნა, ანუ სოსანა. ამ ბიჭს ისე შეუყვარდა თავისი პატარა ბატონი, რომ მისთვის სულსა და გულს არ დაიშურებდა. სიყვარულს ამ უბრალო კაცის შვილის გულში ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული, რადგან დავითი თავისი ხასიათიდან გამომდინარე მას მეტად თავაზიანად, ძმასავით ეპყრობოდა. დავითმა სოსანა თან გაოყოლა, როდესაც რუსუდანმა დავითი თავის სიძე-ქალიშვილთან გაგზავნა შორეულ ქვეყანაში.

უცხოეთში სოსანა დავითის მოსამსახურეც იყო და მეგობარიც. თავის პატარა ბატონის სახიფათო მდგომარეობას რომ ხედავდა, ძლიერ სწუხდა და რითაც შეეძლო, ანუგეშებდა. როცა დავითს განრისხებულმა სულთანმა ზღვაში დახრჩობა გადაუწყვიტა, შეწუხებულ სოსანას ძლიერ უნდოდა თან გაჰყოლოდა და როგორმე მისთვის ეშველა, მაგრამ ამის ნება არავინ არ მისცა.

ექვსი თვის განმავლობაში იგი თავის დავითს ცხარე ცრემლით გლოვობდა, რადგანაც დამხრჩვალი ეგონა. ამიტომ ისიც გამოუთქმელ სიხარულს მიეცა, როცა გაიგო დავითის მშვიდობით გადარჩენა და იგი სულთანთან მიყვანილი უვნებელი იხილა. მაგრამ ეს სიხარული მწარე ნაღველად შეეცვალა, როცა სულთანმა უბრძანა თავის მხლებლებს დავითი ჩაეგდოთ ბნელ და ნოტიო ღრმა ხაროში. „ცოცხალი თავით ახლა კი აღარ მოვშორდები ჩემს დავითს“, - თქვა კეთილმა სოსანამ და შეუმჩნევლად, შორი-ახლოდან გაჰყვა უკან იმ მტარვალებს, რომელთაც მიჰყავდათ დავითი ხაროში ჩასაგდებად.

ბიჭმა უთვალთვალა, და როცა მათ ბოროტის საქმის შესრულების შემდეგ ხაროს თავზე ლოდი დაადეს და წავიდნენ, ხაროსთან მიირბინა, ლოდ ქვეშ მიწა გამოთხარა, კარგი მოზრდილი ჭუჭუტანა გააკეთა და აქედან ჩასძახა დავითს: „აქა ვარ შენი სოსანა, ნუ გეშინია, მე არ მოგაკლებ არც პურს და არც წყალს, ვიდრე ღმერთი მოგხედავდეს და ამოგიყვანდეს მაგ ხაროდან“.

მისცა თუ არა იმედი დავითს, სოსანა სწრაფად გაბრუნდა უკან, იშოვა ერთი პატარა ხურჯინი, მოიტანა ქალაქიდან პური და წყალი, ერთ ხურჯინის პირში პური ჩადო, მეორეში წყლით სავსე ჭურჭელი. როცა დაღამდა, მივიდა ჩუმად ხაროს პირთან და სავსე ხურჯინი თოკით ძირს ჩაუშვა დავითთან. დავითმა ერთი პირიდან პური ამოიღო, მეორედან წყალი და ანიშნა სოსანას ხურჯინი ზევით ასწიეო. სოსანაც ისე მოიქცა, მერე ჩასძახა გამამხნევებელი სიტყვები, გამოემშვიდობა და წავიდა ქალაქში, რათა მეორე ღამისათვის თავის უბედური ბატონისათვის უფრო უკეთესი სანოვაგე ეშოვნა.

ასე ზრუნავდა, ანუგეშებდა და ასაზრდოებდა სოსანა დავითს მთელი ექვსი წლის განმავლობაში, და ისე მარჯვედ, ისე შეუმჩნევლად იქცეოდა, რომ დავითი ყველას მკვდარი ეგონა იქაც და საქართველოშიც.

ამ აუწერელ ყოფაში იყო ყმაწვილი მთელი ექვსი წლის განმავლობაში და ყველაფერს იტანდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მის გულში ღვიოდა ცხოველ-მყოფელი იმედი.

დიახ, იმედი არ არის დაუფასებელი. იგი კაცისათვის იგივეა, რაც ფრინველისათვის ფრთები. იმედიანი და სულგრძელი აღელვებულ შუა ზღვაშიც აიცდენს სიკვდილს, მხდალი და სულმოკლე პატარა გუბეშიც დაიხრჩობა. პირველი საშინელ ჯურღმულშიც დაიცავს თავის სიცოცხლეს ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში, მეორე კი უდროოდ დალევს თავის ღატაკ სულს მდიდარს სასახლეში.

პატარა დავითის შეურყეველი და დაუმჭკნარი იმედი ორ საფუძველზე იყო დამყარებული: მას ჰქონდა წმინდა სინდისი და ღრმად სწამდა, რომ ღმერთი ამისთანა სინდისის პატრონს არ გასწირავდა.

 

IX. დამარხული მემკვიდრის მოვლინება

 

ამასობაში, რუსუდან მეფე გარდაიცვალა და საქართველო უმეფოდ დარჩა. უპატრონოდ დარჩენილ ქვეყანას მონგოლები საშინლად ჩაგრავდნენ, ავიწროვებდნენ და აოხრებდნენ. საქართველოს ერისთავები და დიდებულები მეტად სწუხდნენ და არ იცოდნენ, როგორ გამოსულიყვნენ ამ უბედური მდგომარეობიდან, რითი ეშველათ საქართველოსათვის, ვინ დაესვათ მეფის ტახტზე.

სწორედ ამ დროს, ხსენებული სულთანის საბრძანებლოდან მოვიდა ერთი ვაჭარი და ქართველ ერისთავებს აუწყა: ლაშა-გიორგის შვილის დავითის ყმამ, სოსანამ, ჩუმად დამაბარა თქვენთან, რომ ექვსი წლის წინათ ხაროში ჩაგდებული მისი ბატონი არ მომკვდარა, ჯერაც ცოცხალია და თქვენგან გამოხსნას ელისო.

გამოუთქმელ სიხარულს მიეცნენ ქართველები. დაუყონებლივ გაგზავნეს ორი გამოჩენილი ქართველი - ვარამ გაგელი და სარგის თმოგველი სულთანის საბრძანებლოში, რათა სასწრაფოდ ეპოვნათ დავითი და ჩამოეყვანათ საქართველოში.

სულთანს არა სჯეროდა, რომ დავითი ცოცხალი იყო და მისულ ქართველებს ეუბნებოდა: რა დასაჯერებელია, რომ დავითი ცოცხალი იყოს, როდესაც იგი შვიდი წლის წინათ ბნელს ხაროში ჩავაგდე მოსაკლავად, მისი მამიდის, რუსუდანის სურვილის თანახმადო, მაგრამ როცა ხაროსთან მივიდნენ, ნახეს, რომ მასში ჩაგდებული მეფის შვილი მართლაც ცოცხალი იყო.

ჩაუშვეს თოკი და დავითი ამოიყვანეს, მაგრამ იმისთანა ველურ მდგომარეობაში იხილეს, რომ კაცი ვეღარ იცნობდა: ფერი ყვითელს კომშს უგავდა, თმა კოჭებამდე ჰფარავდა მის ჭუჭყით შემოსილ სხეულს, ხელ-ფეხის ფრჩხილები ვეებერთელა გაზრდოდა და მომაკვდავივით იყო დასუსტებული.

ვარამ გაგელი და სარგის თმოგველი გულმაგარი ვაჟკაცები იყვნენ, მაგრამ იმათაც კი ვერ გაუძლეს ამ საცოდაობის დანახვას და მდუღარე ცრემლი წასკდათ თვალებიდან. წამოიყვანეს მაშინვე სულთანის სასახლეში, აბანოში წაიყვანეს, გაბანეს, ღირსეული ტანისამოსი ჩააცვეს და მეფური პატივი მიაგეს. სულთანმა სთხოვა დავითს ეპატიებინა მისი დანაშაული და სამაგიერო არ მიეზღო მისთვის საქართველოში გამეფების შემდეგ.

დავითი მალე მოღონიერდა, რადგანაც დედისაგან დაჰყვა რკინის აგებულება და გამოჰყვა ვარამ გაგელს და სარგის თმოგველს საქართველოში, სადაც აუწერელი სიხარულით მიეგებნენ ერისთავები, დიდებულები, თავადაზნაურები, სამღვდელოება და ხალხი.

 

X. მემკვიდრე დავით ყარაყურუმში

 

ქართველებს იმედი ჰქონდათ, რომ მონგოლები თანახმად კანონისა და ანდერძისა, ნებას მისცემდნენ სამეფო ტახტზე დაესვათ ლაშა-გიორგის შვილი, მაგრამ მონგოლმა სარდლებმა ისეთივე უარი უთხრეს, როგორც მანამდე რუსუდანის ძე დავითს: ჩვენ მაგის უფლება არ გვაქვს, თუ უნდა რუსეთში წავიდეს ჩვენს უფროს ბათოსთან და იმისგან მიიღოს მეფის ხარისხიო.

მეტი გზა არ იყო, მრავალტანჯული დავითი ახლაც შორეულ გზას უნდა  გასდგომოდა ჩრდილოეთისაკენ; გაიყოლია თან რამდენიმე ქართველი დიდებული და როგორც იყო, მივიდა ბათოსთან. ბათომ დიდი პატივით მიიღო, მაგრამ წადილი ვერ შეუსრულა. მეფობის უფლებას ანიჭებს ჩვენი ხელმწიფე მანგუ-ყაენი, რომელიც ყარაყურუმში იმყოფება, და იმას უნდა ეახლოო. ადგა დავითი და ახლა აღმოსავლეთისაკენ ჰქნა პირი. იარა ერთი თვე. იარა მეორე, მესამე, მეოთხე და ბოლოს მივიდა ყარაყურუმში. იქ დახვდა მისი მოცილე დავითი, რუსუდანის ძე, რამდენიმე წარჩინებული ქართველით.

წარსდგა მანგუ-ყაენის წინაშე, რომელიც დიდი ამბით დაუხვდა. გაუმართა წვეულება, მიიწვია ნადიმობაზე, ბევრი სეირი და ლხინი აჩვენა, მაგრამ მეფობაზე არც ჰოს ეუბნებოდა, არც არას. საბუთად ის მოჰყავდა, რომ ორივე დავითს თანაბარი უფლება გაქვთ და არ ვიცი, რომელ თქვენგანს მივცე უპირატესობაო. მაგრამ ეს ხალასი ცბიერება იყო, ტახტი ანდერძით ლაშა-გიორგის შვილს, დავითს ეკუთვნოდა. იგი იყო მეფის ძე, რუსუდანის შვილზე უფროსი და მამამ ტახტი ანდერძით დაუტოვა. მართალია მისი დედა ლაშას კანონიერი ცოლი არ იყო, მაგრამ ეს იოტისოდენადაც არ ასუსტებდა მის უფლებას, რომელსაც ქართული კანონით მამა ანიჭებდა და არა დედა.

საქართველოს ტახტი რუსუდანის ვაჟს მხოლოდ მაშინ ერგებოდა, თუ უფროსი დავითი უძეოდ გადაეგებოდა. ეს ცხადზე უცხადესი იყო და ყველა ღირსეული ქართველი ასე ფიქრობდა. რუსუდანის ვაჟის მხარე ეჭირათ მხოლოდ იმ ქართველებს, რომლებიც სამშობლოზე არ ფიქრობდნენ, მხოლოდ თავის თავზე ზრუნავდნენ და მის გამეფებისაგან დიდ პირადს სიკეთეს მოელოდნენ.

მონგოლთა ხელმწიფის ხანგრძლივ ყოყმანს სრულიად სხვა სარჩული ედო. მას უნდოდა საქართველო უმეფოდ დაეტოვებინა, დაეუძლურებინა და უფრო მეტად დაემონებინა. ქართველთა ვედრება, რომ საქმე ან ასე გადაეჭრა, ან ისე, ფუჭად მიდიოდა. თვეები თვეებს მისდევდა, წლები წლებს, მაგრამ ქართველთა სადაო საქმე ერთს წერტილზე იყო გაჩერებული.

ამასობაში მანგუ-ყაენი მოკვდა და ტახტზე ავიდა მისი უფროსი შვილი ყუბულ-ყაენი, რომელმაც ასეთივე ყოყმანში გაატარა რამდენიმე წელიწადი და ბოლოს ორივე დავითი გამოაგზავნა თავის უფროს ძმასთან, ულო-ყაენთან, რომელიც საკუთარი ჯარით დაბანაკებული იყო საქართველოს სამხრეთით. შეუთვალა, რომ თუ ეს შესაძლებელი აღმოჩნდებოდა, ორივესთვის მეფობა მიენიჭებინა. ულო-ყაენს აზრი ორთა მეფობაზე ძლიერ მოეწონა, რადგან ამისგან მოელოდა შინაური განხეთქილების დამყარებას ჩვენს ქვეყანაში.

ულო-ყაენმა ორივე დავითს დაუმკვიდრა მეფობა და გამოისტუმრა საქართველოში.

 

XI. ორი მეფე ერთს ტახტზე

 

მართალია შორსმჭვრეტელ ქართველებს ორი მეფე არაფრად ეპიტნავებოდათ, მაგრამ უმეფობამ ქართველებს ისე მოაბეზრა თავი, რომ დაუსრულებელი დავის ასეთი გათავებაც დიდ ღვთის წყალობად ჩათვალეს.

„და ვითარ ესმათ ქართველთა მოსვლა მეფეთა მათთა“, - ამბობს „ქართლის ცხოვრება“, - „უზომოთა სიხარულითა აღვსებულნი წინ მიეგებნენ იმერნი და ამერნი წარჩინებულნი და იყო სიხარული და მადლობა ღვთისა მოუთხრობელი, და შემოვიდეს თბილისს სიხარულითა დიდითა. და შეკრბეს კათალიკოზთანა ყოველნი ეპისკოპოზნი და ყოველნი მთავარნი და ერისთავნი და დასხდნენ ტახტსა მამათა მათთასა, თბილისს, დავით და დავით - ორნივე“.

მონგოლთა მოლოდინი, რომ ორ ქართველთა მეფეთა შორის განხეთქილება მოხდება და საქართველო დაუძლურდებაო, პირველ ხანებში არ აღსრულდა. მეფეებს ერთმანეთი უყვარდათ, პატივს სცემდნენ და თანხმობით მართავდნენ ქვეყანას, რომელმაც ამის გამო თავისუფლად ამოისუნთქა. უფროს მეფედ ითვლებოდა ლაშა-გიორგის შვილი. როგორც მეფის ძე და ხნითაც დიდი. უმცროს მეფობას კი რუსუდანის შვილი სჯერდებოდა და არაფერში ეწინააღმდეგებოდა თავის ბიძაშვილს, ალბათ იმიტომაც, რომ ამით მაინც შეემცირებინა საკუთარი დედის დანაშაული.

უფროსი დავითი ძალიან დააზიანა ჯურღმულში შვიდის წლის ტანჯვამ და გააფერმკრთალა მისი იშვიათი ნიჭი და ღირსებები, მაგრამ იგი მხურვალე მამულიშვილობით მაინც სჯობდა, რუსუდანის შვილს. მეფეთა შორის თანხმობა იქამდე მიდიოდა, რომ კაცს ეგონებოდა, ორი კი არა, ერთი მეფობსო.

მაგრამ მონგოლთა პოლიტიკამ ბოლოს და ბოლოს თავისი გაიტანა. ჩვენი ქვეყნის ერთობა დაირღვა და საქართველო გაიყო ორ სამეფოდ. ეს დიდი უბედურება იმერთა წინდაუხედაობით მოხდა. მათ ცალკე მეფედ დაისვეს უმცროსი დავითი, მოსწყდნენ აღმოსავლეთ საქართველოს, რომელიც იძულებული გახადეს თავის მეფედ უფროსი დავითი ეღიარებინათ.

აქამდე ორივე მეფე ერთს განუყრელ სამეფო ტახტზე ისხდნენ, ერთ განუყრელ სამეფოს მართავდნენ, ერთსა და იმავე ბრძანებას და განკარგულებას ერთად ამტკიცებდნენ თავისი ხელმოწერით. ახლა  კი ორი ტახტი გაჩნდა, ორი მმართველობა დაარსდა, ორი სამეფო გამოიჭრა. წინანდელი მთელი ახლა ნახევრად გაიყო და თითოეულმა ნახევარმა თავისი განცალკევებული ცხოვრება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მეფე გაყრის შემდეგაც ძმურად მოქმედებდა, ერთმანეთს ეშველებოდა და მტერსაც საერთო ძალით ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მათის მემკვიდრეების დროს შემდეგ საუკუნეებში ძმების ამ განცალკევებამ, საერთო ოჯახის შინაურმა გაყრამ, ფრიად სამწუხარო შედეგი მოიტანა და ყოველმხრივ დააქვეითა საქართველო.

ქართული ანდაზა „თუ მტერი არა გყავს, ძმას გაეყარე, მტერს გაიჩენო“, - სავსებით აღსრულდა საქართველოზე. გაყრილი ძმები იმერ-ამერნი აჰყვნენ შინაურ განხეთქილებას, შურს, მტრობას და იმის მაგივრად, რომ წინანდებურად ძმურად და ერთიანი ძალით ებრძოლათ გარეშე მტრებთან, ხშირად ერთმანეთს ეომებოდნენ და აუძლურებდნენ ამერეთსაც და იმერეთსაც.

ამის გამო დაყოფილი საქართველო მრავალს მტერს ვეღარ გაუმაგრდა, დამოუკიდებელი არსებობა ვეღარ დაიცვა და ბოლოს თავისი ბედი ერთმორწმუნე რუსეთს შეუერთა იმ იმედით, რომ მოიპოვებდა სრულ მშვიდობას, დაიცავდა თავის სარწმუნოებას, ენას, ეროვნულ თავისებურებას, სრულ შინაურ თვითმართველობას, ამრავლებდა ეროვნულს სკოლებს, ააღორძინებდა თავის ლიტერატურას და კულტურას, ისარგებლებდა ძმური თანასწორობით რუსებთან და უშფოთველად ივლიდა წარმატების გზაზე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ