დიდ მინდორზე ერთმანეთს შეხვდნენ კურდღელი და კუ.
საით მიიჩქარი, ძმობილო? - დაცინვით ჰკითხა კურდღელმა.
აი, იქ რომ გორაკი მოსჩანს, - ანიშნა კუმ მინდვრის ბოლოზე - ასე მითხრეს, გემრიელი საკვები იშოვებაო. თუ გინდა ერთად წავიდეთ.
კურდღელმა ჩაიცინა და უთხრა: მე წავალ იქ, მაგრამ შენთან სიარული არ მარგებს. სანამ შენ იმ გორაკამდე მიხვალ, მე კიდეც გავძღები და ჩემს სოროშიც დავბრუნდები დავნაძლევდეთ, თუ ასე არ იქნება! სთქვა და გაიქცა.
შუა მინდორში იყო, როცა თავისი მეგობარი კურდღელი დაინახა. გაუხარდა მასთან შეხვედრა და გადასწყვიტა:
- მოდი ჯერ ამ ჩემს ძმობილთან წავითამაშებ და მერე გავსწევ გორაკისაკენ. სულერთია, იმ კუს მაინც მივასწრებ!
დაიწყო მეგობართან ერთად ნავარდი. ბოლოს, თამაშით გული რომ იჯერა, დაემშვიდობა და თავის გზას გაუდგა.
ჯერ კიდევ შორს იყო გორაკისაგან, როცა მინდორზე ერთი ბუჩქი დაინახა და გაიფიქრა:
ბევრი ვიხტუნე ამ ბუჩქის ჩრდილქვეშ ცოტახნით დავისვენებ და გზას შემდეგ განვაგრძობ. იმ კუს მაინც მივასწრებ!
ასეც მოიქცა: შეძვრა ბუჩქში, გაწვა მიწაზე და დაღლილს მალე ჩაეძინა.
სანამ კურდღელს ეძინა, კუ თავის გზას განაგრძობდა. მიათრევდა თავის მძიმე სხეულს, უძნელდებოდა სია- რული, მაგრამ მაინც არსად შეჩერებულა და ნაბიჯი არ შეუნელებია.
გამოიღვიძა თუ არა კურდღელმა, ცქვიტად წამოხტა და გორაკისაკენ გაეშურა.
მიხტუნაობს და კმაყოფილი ფიქრობს:
მეგობართან ხალისიანად გავაატარე დრო, წავიძინე კიდეც, და ახლა იმ კუზე ადრე მაინც მივალ. მიაღწია კურდღელმა გორაკს და რას ხედავს: კუ უკვე იქაა, გამაძღარა და გამობრუნებასაც აპირებს.
- ეს როგორ მოხდა, რომ ჩემზე ადრე მოხვედი? - გაიკვირვა კურდღელმა.
ახლა კუმ გადახედა დაცინვით და უპასუხა:
- შენ შენი მარდი ფეხების იმედი გქონდა, ხოლო ის კი დაგავიწყდა, რომ სიზარმაცეს და უდარდელობას ყოველთვის გაუსწრებს გარჯა და მოთმინება. მიბრძანდი, მიირთვი ბალახი. მე კი უნდა წავიდე, მეჩქარება, შინ დროით მინდა დავბრუნდე!