(ფშავლების ცხოვრებიდან)
ნადირობა
ოცდაოთხი ქრისტეშობისთვეა. წინაღამეს ზორბა თოვლი მოვიდა. ტყე ამ დილით ისე დაბარდნულიყო თოვლით, რომ ვერც კი შეატყობდი, ტყე იყო, თუ ტიტველი, თოვლით გალესილი მთა. მთაში როცა დიდი თოვლი მოვა, ნადირი ჭალებს მოატანს. სოფელში ამ დილით ხალხის ჩოჩქორი ისმოდა; კაცები ერთმანერთთან მიდ-მოდიოდენ, გროვდებოდენ თოფებით შეიარაღებულნი. ერთი ამბობდა: მე ამა და ამ ადგილს ღორების კვალი ვნახეო, მეორე იძახდა: მე შვლების ნავალი ვნახეო, დიდს ფაცურში იყო ხალხი, შვლის მწვადების მომლოდინე საშობაოდ. ვნახეთ, რომ სამ-სამ, ოთხ-ოთხი კაცი ერთად სხვადასხვა მხარეს გაემართა.
- მოდით, ბიჭებო, - ვუთხარ მე ჩემს ტოლ-ამხანაგებს, - ჩვენც ერთი კაი ნადირობა გავმართოთ, ჩიტებსა და ამ ცხრილს თავი დავანებოთ. - მე და ოთხი ჩვენი სოფლის ბიჭი ამ დროს საბძლის გვერდში ვისხედით, ბანზე ცხრილი გვქონდა დაგებული. - ჩიტები ჩვენ ხვალ სადილს ვერ გვაჭმევენო.
- რაო, რა ნადირობაო? - მკითხეს იმათაც ყურაცქვეტილებმა.
- მოდით, წყალს თოვლი დავაყაროთ-მეთქი.
- ძალიან კარგი იქნება, კალმახი უფრო კარგიც არისო, - სთქვეს იმათ და მაშინათვე ფეხზე წამოდგენ. - აბა, მაშ ნიჩფებისათვის წავალთო. ადგნენ და წავიდენ. მეც მოვამზადე ნიჩაფი და ერთი ჯლაგვი ხანჯარი. ცოტა ხანს შემდეგ ამხანაგებიც მომივიდენ და შევუდექით ჩვენს საქმეს. ჩვენი ხევის ნაპირებზე თოვლი გალავანივით იდგა. დავიწყეთ კივილით თოვლის ჩაყრა წყალში და ზოგნი ქვეით დავუდექით, რომ მშრალს ადგილას თევზი მოგვეძებნა. კარგა ხანს ვიმუშავეთ და ვიბრძოლეთ კივილ-ჭყივილით; ღვთის წინაშე, ამ შრომამ ტყუილად არ ჩაგვიარა: ხუთი კალმახი დავიჭირეთ და მეტიც აღარ გვინდოდა, თითო რაკი შეგვხვდებოდა. იქნება ნადირობა კიდევ გაგვეგრძო, რომ სახათაბალოდ ერთს მწავს არ წავწყვეტებიყავით. თოვლით რომ წყალი მოწყვიტეს ჩემმა ამხანაგებმა, მე დავინახე, ერთი ზორბა კალმახი ხტოდა ერთს პატარა გუბეში, გადავარდა თავქვე, წყალი თოვლს, საცა იყო, გადმოსტეხდა და თევზი წაგვივიდოდა ხელიდამ; კალმახს უკან მივსდევდი. უცებ ერთის ლოდის ძირიდამ ამოხტა რაღაც ცხოველი. პირიდამ კალმახი დაჰვარდა. „ეს რაღააო“, - დავიძახე; ხანჯარი ხელში გამიშეშდა. ჩემმა ამხანაგებმაც, ნაცვლად იმისა, რომ გამოსდგომოდნენ და ნიჩფები დაერტყათ, ნიჩფები გადაყარეს და ქვებს დაეცოცმანნენ. „ბიჭო, მწავი, ბიჭო, მწავიო!“ ისმოდა აქეთ-იქიდამ ხმა. საუბედუროდ, ნიჩფებიც მოუხმარებელი დარჩათ ჩემს ამხანაგებს და ქვებიცა, რადგან მიყინულიყვნენ მიწაზე და ვერ ააძვრეს; მეც ჩემი საიმედო ჯლაგვი ხანჯარი გამიუქმდა ხელში და პირღია დავრჩი. შორს რომ გაგვცდა ნადირი, მხოლოდ მაშინ მოვედით გონებაზე და კივილით გამოვეკიდენით უკან; ვსდიეთ იმდენი, იმდენი, რომ ოფლი წყალივით ჩამოგვდიოდა პირზე და ტანზე, მაგრამ ამაოდ: მწავმა თავს უშველა. გადაგვიწყდა იმედი, შევწუხდით. გავმართეთ დიდი თათბირი, თუ როგორღა მოგვევლო საქმისათვის. ბოლოს დროს მარცვალაანთ ღვთისო წამოდგა, გაგვამხნევა, ყველას იმედი ჩაგვისახა გულში, სთქვა:
- დედას ვუტირებ მაგ მწავსა, წავიდე, ერთი ჩემი ბროლია წამოვიყვანო; თქვენ, ბიჭებო, აქ დამიცადეთ, გაჩვენებთ მაგ მწავის სეირსაო.
- ძალიან კარგი იქნება, ძალიან! აბა შენ იცი, ღვთისო, მართლა, რა კარგად მოიგონე. არიქა, თუ ძმა ხარ, ვინძლო ჩქარა მიხვიდე და მოხვიდეო, - ვუთხარით, - ჩვენც იმ წისქვილში მოგიცდითო.
ღვთისო, შემოკალთული, მხარზე ნიჩაფგადებული წავიდა ისარივით და ჩვენ კი ბუჭულა წისქვილს მივმართეთ, საიდამაც ბოლი გამოდიოდა, რომ ხელ-ფეხი მოგვეთბო. თამამად შევაღეთ და შევაჭრიალეთ წისქვილის კარი, - ან რა ძნელი შესაღები იყო ეს ორი წნელით გადაბმული ფიცარი. ეს წისქვილი ისე პატარა იყო, რომ თაგვი ძლივს მოიბრუნებდა შიგ კუდსა, მაგრამ, როგორც იყო, მონადირე ამხანაგები მოვთავსდით.
- მეე! რეები ხართ? ვინა ხართ? - მოგვესმა ხმა. წისქვილის კუნჭულში მიმჯდარიყო ცეცხლთან ერთი ბებერი დედაკაცი, ხელები ცეცხლისთვის მიეპყრო; იმასაც სიცივით აკანკალებდა, გვერდზე ერთი ნაჯახი ეყუდა.
- ვინა ხართ, ვისები ხართ? - გვკითხა ბებერმა, თუმცა ზოგს კი გვიცნობდა. ჩვენ ჩვენი მამის სახელები ჩამოვუთვალეთ.
- ღმერთმა გამყოფნესთ და გაცოცხლნესთ, ჩემო შვილებო! რას დასდით, რას დაეძებთ, ბიჭოთ, და შინ არა სხედხართ კერაჩია?! - გვკითხა კვლავ ბებერმა და თან ბოლისა და მჭვარტლისაგან გაყვითლებული ტყავი შემოიხვია და დაიწია უკან, ცეცხლისაკენ გზა მოგვცა. - მოდით, დათბით, მოდით, შვილო!
- ნადირობა წამოვედითო, - დავიწყეთ ჩვენცა და ერთმანერთს საუბარს აღარ ვაცლიდით: - ნადირობა წამოვედით, ბებო, ერთი მწავი ვნახეთ, გამოგვექცა და იმას მოვდევთ.
- მწავია?!. - სთქვა ბებერმა გაოცებით. - დასწყიოს წმინდამ გიორგიმა, წუხელისა ე იქით, წყლის პირზე რაიმა წიოდა, ის თუ იყო, ი ღვთისაგან წსეული, მე კი ნახევრობა მამდნა, შვილო! წუხელის ე წისქვილათ ვედეგ, წმინდან რანიმა მქონდენ გამოსაფქვავნი; წამძინებიყო ამ თავმოსაკვდავსა და დამდგარიყო; ექნობამდე სუ ეგე ვხეჩე, მძლივ გამოვხეჩე, ბორბალს აღარა ჰქონდა საძრაობა, ისრე მაჰკიდებიყო ყინული.
ბებერმა რომ წისქვილი ახსენა, მაშინ ძლივს გავიგონეთ წისქვილის ხმა; წისქვილის ქვა იმდენად გარშემო არ უვლიდა, რომ თავის სამსახური უკეთესად აესრულებინა, რამდენიც აღმა-დაღმა ხტოდა, თითქოს ფეხებში მათრახებსა სცემენო; კოჭლს თხაზე მეტს არც გზას ახანებდა და იმის კიკინზე მეტი ხმა არც სარეკელასა ჰქონდა.
საცა იყო და არ იყო, ღვთისოც მოვიდა, მოვიდა სტვენითა და კივილით: „სვიტ! სვიტ! ბროლია, ბროლია, მოდი, შენის ღმერთის ჭირიმე, აქ არი კვალი, აქ მოდი, აქა!“ - მისძახოდა თავის ბროლიას და თან პურს უყრიდა. ეტყობოდა, პურის ძალით წამოეყვანა ღვთისოს ბროლია, თორემ, იქნება, რომ არც კი გამოჰყოლოდა. ღვთისოს კეცში გამომცხვარი პურის მოზდილი ყუა ეჩარა იღლიაში, უტეხდა და უხვადა სთავაზობდა ლუკმებს სასახელოდ წამოყვანილს ბროლიას. მაგრამ მაგარი ის არის, რომ ბროლია იმ წისქვილივით, რომელიცა ვნახეთ, და უფრო უარესად, დანჟღრეულ-დანგრეული იყო, სიბერისაგან კბილები გასცვივნოდა საცოდავს, მხოლოდ ძირის ყბის მარჯვენა მხარეზე უჩანდა ერთი შავი კბილი და ისიც შუაზე გადატეხილი, თვალები გამოშრეტილ-გამობნელებული ჰქონდა საბრალოს; თავი ჰქონდა ჭირად გახდილი, რა მწავისა და ჩვენთვის ეცალა! ღვთისო უთითებდა მწავის კვალზე, ბროლია კი არხეინად ამთქნარებდა. შევნიშნეთ, რაც უნარი ჰქონდა ბროლიას. ისიც და იმის პატრონიც ორივე ერთად ავიგდეთ მასხარად. ბროლიას დაუწყეს ჯოხების ჩხვლეკა-ჩუჩხუნი და ისე ძლივს ააყენეს ჩემმა ამხანაგებმა, მწავის კვალში დაყუნთებული.
- აბა-ბა-ბა, რა ძაღლი ყოფილა ეგ დალოცვილი! - ამბობდა ერთი, - მაგას რო კუდი არა ჰქონდეს დიდი, არ გააჭაჭანებდა ცაში ფრინველს და დედამიწაზე ნადირსაო.
- არა, ბიჭო, - ამბობდა მეორე, - კუდის საქმე არ არი: წუხელ უვახშმო დარჩენილა და იმის გამოა გაჯავრებულიო; ან, იქნება მუცელი სტკიოდეს.
- არც ესა, არც ისა, - ამბობდა მესამე, - ბროლიას ხშირი ბალანი ასხია ტანზე და ყურებიც დიდი ჰქონია, ბალანი ტანს უმძიმებს და დიდრონი ყურები კიდევ უშლის და არ ეყურება, რასაც ღვთისო ეუბნებაო.
- შეიძლება, ბრმა იყოს, ან გვიუცხოვა, ჩვენთან ნადირობა არა სწადიან და იმიტომ ყურს არ იბერტყსო, - ვსთქვი მე ჩემის მხრით.
- თუ კი პურის ლუკმებსა ჰხედავს, რატომ იმ მწავის კვალს კი არა ჰხედავს, თუ შენც არ გვატყუებო, სხვა რა მიზეზი უნდა იყოსო, - მიპასუხეს ამხანაგებმა, გარდა ღვთისოსი, და ერთხმად ასტეხეს ხარხარი. ღვთისოს კი სიბრაზით და სიმწარით ყელში ნერწყვი უშრებოდა. ახლა იმისთვის მოვიცალეთ.
- ეგ არის, ბიჭო, - ჰკითხავდა ერთი ღვთისოს, - მამაშენმა რო ოცდაათ ცხვრად იყიდა თუშისაგან?
- ოცდაათად ვინ მისცემდა მაგისთანა ძაღლსა? შენ რაღას ამბობ, ბიჭო, ან ორმოცად კი მისცემენო? - ამბობდა მეორე.
- თავი გაქვთ სასაცილო, ჩემო ძმაო, მე რას დამცინით? - სთქვა ღვთისომ თვალებში ცრემლმორეულმა.
- მერე რამდენს გვაკვეხებდა ბროლიას: აქ მგელი დაარჩო, იქ ამდენი და ამდენი მელა და კურდღელი დაიჭირაო და ახლა კი სულ აშკარადა ვნახეთ იმისი საქებური ძაღლი.
ბროლიამ თითქოს იგრძნო, რასაც ჩვენ ვამბობდით, წასულიყო, ჩვენს შორიახლოს დაყუნთებულიყო ერთს გორაზე და იქიდამ გამოგვცქეროდა, თითქოს გვეუბნებოდა: ნეტავი თქვენა, საქმე გამოგლევიათ და ამბობთ, რასაც არავინ გვკითხავსთ. ბროლიამ მალე თავი დაგვანება და მოძუძგა შინისკენ. ღვთისოსაც, შეურაცხყოფილს და შერცხვენილს, აღარ ედგომილებოდა ჩვენთან, ადგა და ისიც უკან გამოუდგა თავის სახელიანს ბროლიას.
დავრჩით ოთხნი გულდაკოდილნი და მოტყუებულნი. დასაღამოვდა, ხმაურობა შემოგვესმა. გზაზედ ჩვენებურები მოდიოდენ, დილას რომ სანადიროდ წავიდენ, მოდიოდენ გამარჯვებულნი ჩვენდა გულის საკლავად: ერთს ზურგზე დაედვა მთლიანად შველი. მეორეს გასატყავები კვერნა ეკიდა, ორს ბიჭს კიდევ საკაცეზედ შაეგდოთ ერთი ღორი. ყველას სახეზე სიმხიარულე ეტყობოდა; დანარჩენები უკან მოდიოდენ. ჩვენც გავიქეცით და შევერიენით იმათში, ვურბენდით აქეთ-იქით და თვალგაფაციცებით ვათვალიერებდით სხვათა ნანადირევს, და ცოტა არ იყო, რომ გვშურდა იმათთვის ეს გამარჯვება, თუმცა გულს იმითი ვიმთელებდით, რომ ჯერ ჩვენ ბალღები ვართ და როცა გავიზრდებით, მაგათზე უკეთესად ვინადირებთო. გულჩაწყვეტით ვუამბეთ, თუ როგორ ვნახეთ მწავი და როგორ გაგვექცა და დაგვტოვა უნუგეშოდ; იმათაც შეგვიბრალეს და შეგვიწყალეს… დიაღ, მივსდევდით გამარჯვებულს მონადირეებს.
ჩავცვივდით იმ ყოფაში, რა ყოფაშიაც ერთხელ მელა ჩავარდა, ძერამ რო წიწილა მოიტაცა და მელა ძირს მირბოდა და თან ძერას და წიწილას არ აშორებდა თვალსა. მაშინ მგელმა არა ჰკითხა, სად მირბი, მელო, ეგრე გაცხარებულიო?
- მე და ძერას წიწილა მიგვაქვსო, - იმან არ უპასუხა? - სწორედ ჩვენი საქმეც ისე იყო. კიდევ კარგი, რომ ამ სიარულმა ტყუილად არ ჩაგვიარა და ერთი-ორი სამწვადე შვლის ხორცი გვითავაზეს, - ესეც დიდი საჩუქარი იყო ჩვენთვის. წამოვედით შინისკენ და გზაზე სიმღერა გავაჩაღეთ:
თქვენი ჭირიმე, ყორნებო,
გლოვა არ იცით მკვდარზედა:
რაც უნდა მოკვდეს კაი ყმა,
ცრემლ არ მოგივათ თვალზედა;
შაიმოსებით შავადა,
თეთრს არ ჩაიცომთ ტანზედა;
კარგს ყმას გულს ამაარიდებთ,
ჩამაირიგებთ ჯარზედა;
დაილექებით სისხლითა,
ილტოზე ჩახვალთ წყალზედა.
ჩვენის სასახლისაკენ შევუხვიეთ, რადგან დანარჩენების სახლი შორს იყო. მივედით ჩვენს ეზოში; ღობეებზე და ხარიხებზე ბლომად მოქუჩებულიყვნენ ჩიტები, თუ რამ მარცვალი ეპოვნათ გადახვეტილს, მშრალს ბანზე, აეკენკათ, მაგრამ ეტყობოდათ, კიდევ კუჭი კუჭის ალაგას არა ჰქონდათ დამდგარი და შესტიროდენ, შესჭიკჭიკებდენ კაცის სადგურს. რა ექნათ საწყლებს, რომ ტყეში სიმშრალე აღარსად ეტყობოდა! სად იყო მადლიანი დიასახლისი, გადმოეყარა იმათთვის ერთი მუჭა პურის მარცვალი, რა მადლი და რა სახელი იქნებოდა! მაგრამ სად იყო ისეთი მადლიანი ადამიანი! ჩიტებმა რომ დაგვინახეს, ჟივილით აიშალნენ და მოედნენ ტყეს, ჩვენ კი ამაყად შევედით დერეფანში და დავიწყეთ თოვლიანის ფეხების ბღერტა.
სტუმრები
სახლში შევედით და დავდეგით საკაცო კერაზე. ცეცხლი გაჩაღებული იყო; ძელის აქეთ-იქიდამ კეცები იყო მიყუდებული. დედაჩემს სადედაკაცო კერაზე ვარცლი ედგა და ცომსა ჰზელდა.
- სადა ხარ აქამდის, შე უგერგილოვ, შენა! რო წახვალ, დაიღუპები, და რორცა მოგშივდება და შაგცივდება, მაშინის კი აქავ მეეხირები, აღარა გაქვისა საქმე? აჰსევიხარ მა იუდის კერძებსა, გასდიხართ და გამოსდიხართ, - შენ რა მაგათ დრო-ჟამი გაქვ? - შემომიტია დედაჩემმა.
- ღმერთის მადმა, დედავ, მალედავ მოიდოდი, მაგრამ ერთი მწავი ვნახეთ და იმან დაგვაგვიანა, - ვუპასუხე დედას თავმოკატუნებით.
- რა მწავი და რა ეშმაკი! აბა ი თხა-ცხვრები სადა გყავ, არ უნდათ იმათ მოძებნა? ვინ იცის, დაჭამა კიდეც მგელმა, და რაღა პირითა ჰნახავ მამაშენსა? მოვა, და ხო იცი, რო აღარ გაგბადებს ცოცხალსა, გაგიხეთქს მა თავნიერას შუაზე.
გულიდამ გადამსვლოდა თხა-ცხვრები და მხოლოდ ეხლა დედამ მომაგონა, რომ იმათი მწყემსი მე ვიყავი. მომაგონდა ჩემი ვაცი და ვიფიქრე, ვინ იცის, შეჭამა მგელმა-მეთქი. დავფაცურდი. თან ერთი ჩემი ამხანაგთაგანი, სახელდობრ წიწილა, გამომყვა და შევუდექით იქვე ახლოს ჯაგიანებს. აქეთ ვეცით, იქით ვეცით, ვნახეთ კვალი და მივყევით, იქვე ახლოს ყოფილიყვნენ. შორიდამვე დავინახე ჩემი ვაცი. იმას წინა ფეხები შეედგა ერთს კუნელაზე, წვერები კუნელის ტოტზე დაეწყო და რქები - გავაზედ. იქვე, სახნავის მამულის ნაპირას, ფეხითა სთხრიდა თოვლს ყოჩი, რომელიც ხვალ, შობადღეს, ხატში უნდა დაგვეკლა. ცხვრებს წამოვუარეთ და გამოვირეკეთ შინისკენ.
სახლს რო მოვუახლოვდი, ჩვენს ბანზე ჯოხს დაბჯენილი მოხუცებული შუათანა ტანისა, ჯმუხი კაცი მიდ-მოდიოდა. სტუმარი მე მაშინვე ვიცანი: ეს პირიქითელი, მთას იქით მცხოვრებელი, პაპაჩემი გიჟ-ბერიძე იყო. „გიჟი“ ხალხმა დაარქო პაპაჩემს, რადგან მეტისმეტი ცოცხალი, მოუხათრებელი და პირდაპირის ხასიათის კაცი იყო. თავისებური სქელი შალის თეთრი ჩოხა ეცვა, ისეთის სქელის შალისა, რომ საფარდაგედ გამოდგებოდა. მეტივესავით პაპაჩემი შალვარში იყო ჩამჯდარი. ეს მეოთხედ ეხლა ვნახე საშობაოდ მოსული ბერიძე და მუდამ ერთი და იმავე სახით; თავზე წურწუტი, სკუფიასავით, სქელი ნაბდის ქუდი ეხურა, - მისი ქუდი სწორედ გერგეტის მთასა ჰგავდა. წელზე ბალნის მოსართავი ერტყა სარტყლად და უკანა ჰქონდა მოქცეული წვერმოკაუჭებული ძველებური ხანჯარი. ხვალინდელი ბედნიერი დღისათვის ვერაფერი ზვავი, ვერაფერი თოვლი ვერ დაიჭერდა პაპაჩემს, არ შაიძლებოდა, რომ არ გადმოეტეხა თოვლი და არ გადმოსულიყო თავისს სალოცავში: ხევისბერი იყო. ბერიძემ ლომივით თვალები ჩამომანათა, - იმის თვალების სინათლე არადროს არ დამავიწყდება - და ტუჩებზე ღიმილი მოუვიდა.
- რატომ არ ამოხვალ, პაპას არ აკოცებ, ელიზბარო? - ჩამომძახა ნელის ხმით, როგორც საზოგადოდ ჩვეულებად ჰქონდა, მაგრამ ამ დაბალს ხმას ბოლო დროს ჭექა-ქუხილად გადააქცევდა… მე მოკრძალებით ვიდეგ და შევცქეროდი ბერიძეს. - არ მოგდისა, შე ვირო, შე გაუთლელო, ამაირე, მაკოცე! - ჩამომძახა პაპამ ისეთის ხმით, რომ გეგონებოდათ, ზვავი თუ მოსქდა მთიდან და მთაც თან წამოიღოვო. - ეგეთი მასპინძელი ხარა მაშა! ეგრე თუ უნდა სტუმარ-მასპინძლობა? ეგრე თუ უნდა თავის პაპას დახვედრა? შარცხვა შენი მასპინძლობა, შენი ოჯახიშვილობა, შენი ვაჟკაცობა და შენი ხარობა! უხეირო სახარე ჰყოლიხარ პაპას, უხეირო!.. შენ, გეტყობა, შე ვირო, ლამის რო სახშიაც აღარ შამიშო და სიცივეს მამაკვლევინო! - ჩამომძახოდა ბანიდამ წარბებშეჭმუხნული პაპა; დიაღ, წარბებშეჭმუხნული, თუ სიცრუე არ იქნება ამის თქმა, სიცრუე, იმიტომ რომ პაპაჩემს წარბები კი არ ესხა, წარბების მაგიერად ეკალივით პირდაპირ გამოშვერილი ბეწვები, და როცა შეიჭმუხვნიდა სახეს, ამ ეკლებს მიიტანდა ერთმანერთთან.
- მოხვე მშვიდობითა, მამამთილო! - შესძახა ძირიდამ დედაჩემმა ბერიძეს.
- გაგახაროს ღმერთმა, ქმარ-შვილი გიცოცხლოს, გიცოცხლოს მზის საფიცარი!
- რად არ შინ ჩამაილი, აგრემც დამიტირებ?.. ხო არა გიჭირსთ, რას კილო-გუნებას ვინა ხართ? - ჰკითხა ამბავი დედაჩემმა.
- არა მიჭირდა აქამდი კია და ეხლა კი გამიჭირდა. ჩამოილიდი, მაგრამ ელიზბარი არ მიშვებს, ეტყობა, შინა.
- მე კიდეც გამიხარდება, თუ ჩამაილი, კაცო, შენ რაღას ამბობ? - ვუთხარ ბერიძეს.
პაპაჩემს მაინც ჩვეულებად ჰქონდა, - მაშინვე ბანზე შედგებოდა, სადაც კი მივიდოდა; წესად არ ჰქონდა, კარებზე ვისმე მიჰსვლოდა, რადგან, როგორც ზემოთ ვსთქვი, ხევისბერი იყო და წმინდობდა: შელახულს, გაუწმინდურებულს ადგილას არ შევიდე, ხატი მომამიზეზებსო.
რაკი დედაჩემმა მიიპატიჟა ბერიძე სახლში, ეს იმას ჰნიშნავდა, რომ არაფერი მიზეზი არ იყო. პაპაჩემიც დასთანხმდა და ჯოხის ბჯენით ჩამოვიდა ბანიდამ. ცოტახანს კიდევ დერეფანში შეჩერდა და დაუწყო თვალიერება კარმიდამოს. ამ დროს ერთის ცხენით არჯალა და მისი და სალიაც მოვიდენ. არჯალა ნათლიმამა იყო ჩვენი. ცხენზე ხურჯინი ეკიდა, ხურჯინის თვალიდამ ერთს საკლავს ამოეყო თავი.
მოგროვდენ სტუმრები. ეს სამი ახლადმოსული სტუმარი იმათის ხასიათით უნდა გაგაცნოთ, რადგან, ეხლა რომ დავფიქრდები, ერჩეოდენ სხვა ხალხიდამ და „საკვირველი ადამიანის“ სახელსა ჰზიდავდენ. დედაჩემი მოეგება იმათაც, ჰკითხა ამბავი. ცხენს მოხადეს და შეიტანეს ხურჯინი ბატკნიანად სახლში.
ჩვენს სახლს შნო და ლაზათი მიეცა და გაისმა საამური ხმა სტუმრებისა: „აგაშენოსთ, მშვიდობა სახლსა!“ საკაცო კერაზე, ტახტზე, ფარდაგი დედაჩემმა დაუგო, ზედ ბერიძე და არჯალა დასხდენ. არჯალა მდუმარედ იჯდა. მე და ჩემი ამხანაგები დაბლა მიწაზე ვისხედით და ჩურჩულით ვაწყობდით, თუ როგორ მოგვეხმარა ხვალ ჩვენი ნანადირევი. დიაღ, არჯალა მდუმარებდა, ეს იყო იმისი ხასიათი; არავის ამბავს არ ჰკითხავდა და არც არავის გამარჯვებას ეტყოდა. თუ ვინმე მიესალმებოდა, ძვირად თუ ბოდიშს გადაიხდიდა, თუმც კი სხვაგვარად პატიოსანი, დარბაისელი კაცი იყო. იმისი ბეწვის ოდენა ავი ჩანადინარი საქმე არავის გაუგონია. მაგრამ ერთი ეს ზნე სჭირდა, რომ მარტოდ, განდეგილად ყოფნა უყვარდა. ერთხელ ერთი კაცი, რომელსაც არჯალას ხასიათი არა სცოდნოდა, გადაჰკიდებოდა თურმე; რატომ, გამარჯვება რომ გითხარ, გაგიმარჯოს არ მიპასუხეო. - „რა გამარჯვებული მე მნახე, რომ გამარჯვებას მეუბნებიო?“ - მიეგო არჯალას პასუხად… სოფლის ყრილობაში შვილს თუ გაგზავნიდა, თვითონ არადროს არ დაჰსწრებია: „შაიყრებიან ბიჭ-ბუჭები, - იტყოდა არჯალა, - ქცევა კაცის ქცევას არა უგავს და საუბარი - კაცის საუბარს, კაცს როგორღა მიესვლება ჩვენს სოფლის ყრილობაშიო. ქვეყანამ ფერი იცვალაო, თანდათანა ფუჭდება ხალხი, ძველი ჩვეულება იკარგებაო“. - ეს იყო არჯალას სატკივარი. თუმც სოფლის ყრილობას არა სწყალობდა არჯალა, მაგრამ ხატობას კი არადროს არ დააკლდებოდა. ბევრს რასმე საკვირველს იტყოდენ არჯალასას. თვითონ იმისი ახმახი, აყლაყუდა ცოლი თინა არა ჰმალავდა და ფიცით უამბობდა დედაკაცებს:
- ჩემის შვილების დღეგრძელობამა, ჩემის დედ-მამის სულის იაღობამა, - თუ მე არა, ერთი შვილიც არ გვეყოლებოდაო. ძალადა ვწვებოდი ემა კაცთანა, უძეონი გადავილიდით; უთხროდი ემა კაცსა და მძლივ დავიყოლიოდი, - იტყოდა თინა ტუჩების ხმუწვა-გრეხით. ბევრს სხვა საკვირველებას უამბობდა თინა დედაკაცებს თავის საკვირველის ქმრისას. - ერთხელის ცოფიანი ძაღლი მისჯდომიყო ზურგში კახეთს მიმავალს, აი, ავთანდილის საქანთან, და უკან არ მოეხედნა - არავინა მნახოს, დასაცილს დამიწყებენო.
არჯალა თავპირჩამომტირალი, წარბებზე ტყავის ქუდჩამოშვებული ჩასჩერებოდა ცეცხლს; პაპაჩემმა კი მოიხსნა ზურგიდამ „მელუტი“, უბეწვო გუდა, მოხსნა შუაწელზე მოკრული ბაწარი და დაუწყო რაღასაც ძებნა და სინჯვა გუდაში. სალია ფეხზე იდგა, თუმცა დედაჩემმა დაუგო თეთრი ნაბადი სადედაკაცო კერაზე, მაგრამ ის ეგრე ადვილად არ „ჩამოიხრიდა მუხთა“, საცა კი იყო, ყველგან საქმეს აკეთებდა; შინ თუ გარედ იმისი გამრჯელობა, საქმის მოყვარულობა, მუყაითობა განთქმული იყო. სალიამ გათხოვება არ ინდომა. „ქმარს ვერ მოიხდენ მეო“, - იტყოდა, - „იმან რო ლანძღვა-გინება და ცემა დამიწყოს, ვერ მოვუთმენ და უფრო ქვეყნის სასაცილნოდ გავხდებიო“. თიბაში, თუ მკაში ვისაც უნდა ვაჟკაცს გაეჯაბრებოდა. ძმასავით არ იყო სალია გულჩათხრობილი: ლაპარაკი, სჯა უყვარდა; ხშირადა ჰნახავდით იმის ყრილობაში და გაიგონებდით მის საყვარელს სიტყვებს: „თქვენ, ჩემო ძმაო, ყველა თავის ცეცხლს უკეთნებთ, სხვა ფეხებზე გკიდიათო!..“
- რატუ არ ჩამასჯდები, აგრემც გენაცვლები - უთხრა დედაჩემმა სალიას.
- რა მეჯდომლება, ქალო, საქმე ხო არ გექნება? - მიუგო სალიამ ბოხის, ვაჟკაცურის ხმით.
- ვაჰმე, შენამც გენაცვლები, რო მამაგონე! - უთხრა დედაჩემმა, - საქმის მეტი რა მაქვს, დღეს ეს ბალღიცა ეშმაკ-ქაჯჩი დამეთხია; საქონისადაც არ დამიდვავ ჯერა, იქ, წისქვილს, მინდა კიდევ ჩავლა.
- აბა, წავიდეთ, მაშ, ჯერ საქონს დაუდვათ, საჭმელს ჩამოგიყრი და მერმე წისქვილშიაც ჩავიაროთ, მე გამოგყვები.
სალია გამობრუნდა და დედაჩემიც უკან გამოჰყვა. როცა იქიდან დაბრუნდენ, სალიამ დიდი მუგუზალი აიღო ხელში.
- ჩირეხ[1] ან ჩრაქვი[2] არა გაქვისთა, დაო? - ჰკითხა მან დედაჩემს.
- ჩირეხ კი არა და ჩრაქვებ კი-მითამ ეყარა ემა გოდრის უკვენა, - მიუგო დედამ.
სალიამ მოძებნა გოდრის უკან ჩრაქვები, ცალ ხელში მუგუზალითა და მეორეს ხელში ჩრაქვით გაემართნენ ისა და დედაჩემი წისქვილს. დედას გუდა ეკიდა ზურგზე. ეს მუგუზალი ერთის მხრით ფარნის მაგიერი იყო ბნელს ღამეში და მეორეს მხრით - წუმწუმისა. ამით უნდა აენთოთ ჩრაქვი წისქვილში ფქვილის ამოკრეფის ან „ზომის დაგების“ დროს.
- აბა, ბალღებო, თქვენს სულ-ხორცს ენაცვალოს ბერიძე! - სთქვა პაპაჩემმა, - ბატარა მიიწ-მაიწიეთ, სანთლები მაქვის დასაკეთებელი. - იმან ხანჯრის ქარქაშიდამ ამოიღო ლურსა-დანა, ააგო დანის წვერზე სანთლის ნაჭერი და მიუშვირა ცეცხლს; რამდენიც ნაპირი შეულხვებოდა სანთელს, ბერიძე იმდენს ჩამოჰფხეკდა ცალკე და ნაჭერს სანთლისას ისევ ცეცხლს მიუპყრობდა. არჯალამაც დაუწყო რასღაც ძებნა ახალუხის მარცხენა უბეში და ამოიღო იმანაც სანთლის ნაჭერი, ზედ ჩილა ჰქონდა დახვეული.
- მეც რო გასაკეთებელი მაქვს ე სანთელი, დამავიწყდა, რაღაც ღმერთი გამიწყრა! - სთქვა არჯალამ.
- არა უნდა რა შენი, ბერიძე გენაცვალოს, ეხლა ჩამოვქნათ: ჯერ ეს ჩემი სანთლები დავაკეთოთ და მემრე ეგ იქნება, - უთხრა პაპამ არჯალას. თან ცეცხლის შორიახლო დანის წვერზე აგებულს სანთელს ატრიალებდა და გამხვალს, შემდნარს ნაპირს ჩამოსთლიდა და მარცხენა ხელში იგროვებდა. როცა სულ მორჩა სანთლის დნობას, მერე ზელა დაუწყო ხელში; კარგა გაზილა, ჩილა ბამბისა არჯალას დააჭერინა, ორივემ ქუდები მოიხადეს. ლავაშივით გათხელებული შემოადო ბერიძემ მაღლა სანთელი და ორივე ხელით დაუწყო სანთელს სორსლება, თანა სთქვა, - ღმერთო მართალო, შენი სასახელო და სადიდებულო იყოსო! - ამგვარად სამი კელაპტარი ჩამოქნა თავისთვის და სხვა რამდენიმე პატარა სანთელი. კელაპტრები დათლილს ჩხირებზე გააკრა ბაწრით და ისე ჩააწყო გუდაში. არჯალას სანთლებიც ბერიძემ „ჩამოქნა“. ისინი რომ სანთლებს აკეთებდენ, მე და ჩემი ამხანაგები შვინდაწლის ისრებს ვაწებებდით, - ისრებს წებოთი ბრთეებს ვაკრავდით კილოს გვერდზე.
დედა და სალიაც მოვიდენ და მოიტანეს გუდით წმინდის ფქვილი. სალიამ თულუხს[3] მოავლო ხელი. - ვაჰმე, წყალიც აღარა გვდგომია, შე ჩემთავმამკვდარო! - სთქვა მან, - კი-თუ წავალ, წყალს გადმოიტანო, - და მოიდო თულუხი ზურგზე.
- ვაჰმე, რადა სწვალდები, ჩემო დაო, დაღალული ხარ, დაისვენე, მე წავალ, ქალო! - უთხრა დედამ.
- მე რაღა მინდა, განა კი-მოვკვდები, ქალო? - სთქვა სალიამ და გაეფარა კარში ზურგზე თულუხით.
სალია რომ გავიდა გარეთ, ჩვენი ძმობილი ღვთისოც მოიჭრა აფორთქლებული, თან თავისი და, მეტიკვნიტა ბაბალე, მოჰყვა, დიაღ, მეტიკვნიტა და მეტიჩარა. ერთის წლით უფროსი იყო ღვთისოზე და ათჯერ იმაზე გრძელი ენა კი ედვა.
- რა არი, რა ამბავია? - ვკითხეთ ჩვენა.
- რა ამბავი და ის ამბავი, რომ თქვენის საფუტკრის წინ ცეცხლი ვნახეთო.
რადგან ხალხის რწმუნებაა, რომ ეშმაკებმა იციან ცეცხლის დანთებაო, ღვთისოსა და იმის დასაც ჰგონებოდათ, რომ მართლა ეშმაკებს უნთიათ ცეცხლიო.
- აბა წამოდით, ე კარზეით გაჰხედენით, თუ გატყუებთო, - სთქვეს იმათ დაბეჯითებით.
- აბა თუ ეხლაცა სტყუი, ბალღო, როგორაც წეღანის მოგვატყუე, რომოო ესეთი-ისეთი რაიმ ძაღლი მყავს, და პურის ჭამის მეტი კი არა სცოდნიყო, ვაი შენს ტყავსაო! - ვუთხარით ჩვენ და ერთად მივედით კარებში. გავიხედეთ იქითკე, სადაც იმათ გვაჩვენეს.
- ვაჰმე, მართლა! არ უტყუნავ, ლაშარის ჯვრის მადლმა! - ამბობდა ერთი.
- მართლა ცეცხლია, თამარ ნეფის გამარჯვებამა! - ამბობდა მეორე. მართლაც ვხედავდით, რომ ბჟუტავდა რაღაც ცეცხლის მსგავსად. ჩვენ ვერცერთმა ვერ გავბედეთ იმ ცეცხლთან მისვლა.
- რა არი, რას გაჰხედავთ, ბიჭო, და ჩაჰმდგარხართ ამ შუა კარებში? - გვითხრა სალიამა, რომელიც წყლიდამ დაბრუნებული მოდიოდა.
- აგერაი, ცეცხლს გავხედავთ! - ვუპასუხეთ ჩვენ.
- ცეცხლი კი არ არი, თქვე ბეჩავნო, ფუტურო ხეა, ეგ წეღანის აი წისქვილთანით ამოვიტანე და ე მანდ მივაყუდე, - გვიპასუხა სალიამ, ჩვენ მაინც ვერა ვბედავდით ახლო მისვლას.
- მიდით, განა კი შეგჭამსთ, ბიჭო, ყუნჭია უბრალო, რა ცეცხლი, რა ეშმაკი! - სალიამ თულუხი დადგა დაბლა და გაგვიძღვა წინა. ჩვენც უკან დავედევნენით; მივედით ახლო, სალიამ ხელი მიაფარა იმ მხარეს, საიდამაც ფუტურო ანათებდა და დაიკარგა სინათლე, მემრე აუშვა ხელი, - ისევ სინათლე დავინახეთ. - მოდით, თქვენც ნახეთო, - გვითხრა. ჩვენც კრძალვით შევახეთ ხელი, ავწიეთ და შინ წამოვიღეთ. ათასნაირად გადავაბრუნ-გადმოვაბრუნეთ, რას გამოვნახავდით, - ყუნჭი იყო და ყუნჭი…
- აკი სტყუიო, ჩემო ძმაო, რო მეუბნებოდით, - აგე მათ თუ ვსტყუი. ეხლა ხო ჰნახეთ, რო არა ვსტყუი! - გვითხრა ნიშის მოგებით ღვთისომ, ამ ერთის სიმართლით უნდოდა წეღანდელი სიმტყუვნე ჩაეფარცხა.
- ჰაი, დიდება შენთვისა, ღმერთო! - ვამბობდით ჩვენ გაკვირვებით, ვსინჯავდით რა ფუტუროს ხეს.
- მაშ არ იცოდით, რო ყუნჭი ანათებს ღამით? - გვკითხა პაპაჩემმა, - ვაი თქვენს ბერიძეს, - ჯერ ბალღები ხართ, შვილო, ღმერთმა გამყოფნესთ, დაიზდებით და უფრო მეტს ჰნახავთ და მეტს გაიგონებთ.
დედამ კეცები გადმოიღო და სახვალიოდ ხატში წასაღები ერთში ხმიანდი და პატარა კვერები ჩააცხო, მეორეში კი ქადა, ქადისკვრები და ორი „კუჭალი“.
ღვთისომ და იმ მეტიკვნიტა ბაბალემ ჩვენ ჩხუბი დაგვიწყეს.
- არა გცხვენიანთ, თქვენ არ დასაზდელებო, რო ამ ბიჭს ცარიელას უშვებთ, წილს რად არ ჩაუდებთ მა თევზებშია, ჰა? მაიტანეთ, მიეცით, ჩემის ძმის მზემა, თორო მე ვიცი თქვენი, თქვე მაცილებო! - დაგვძახოდა გაჯავრებული ბაბალე, - ბატარააო, იმით დაიბრიყვეთა?
- დაიკარგე, შე მაიმუნო, შენა, შენ თუ არ გვითხარ, ჩვენ კი არ ვიცით, შენმა მზემა! - მივუგეთ ჩვენ ერთხმად. მე გადმოვიღე ხონა, რომელშიაც მეწყო გამოწლული თევზები და დავუწყე წინ ჩემს ამხანაგებს.
- წილი სიკვდილს არგებს კაცსაო, - დავიძახე.
- წილი დააყარეთ, შვილო, წილი! - სთქვა ბერიძემ და მოსტეხა ცეცხლზე წართულს ფიჩხს ტოტი და დააკეთა თვითონ წილები ხისა; ჩაყარა თავის ქუდში, რომელიც ისრე მოკეცა, რომ ორის თითის მეტი არ ჩაეტეოდა და დაუწყო ნძრევა თავის გერგეტის მსგავს ქუდსა.
- აბა, ღმერთი და ბედი! აბა, ვინ ამაიღებს! - გვეუბნებოდა ბერიძე, - უყურე ამ სულელს, რო დამავიწყდა მეთქვა: საუფროსოში უწილოდ მე კი არ მერგებაა ერთი ორაგული. თქვენი ბერიძე გენაცვალოსთ? ეჰ, რად არ აქამდის მამაგონდა. ეხლა რაღას ვეჩრები ან მე?! აბა, ამაიღეთ, ვისაც გინდა, რომ ეგ დიდი ორაგული გერგოსთ.
თევზები მწკრივად დავაწყეთ და წილი ღვთისომ „დააყარა“. ამოიღებდა თითო ჩხირსა და დასდებდა სათითაოდ თევზზე. ღვთისოს იღბალმა გასჭრა: დიდი კალმახი იმას ერგო. სიხარულის ალმა გადაჰკრა პირზე და ორის ხელით დაეტანა. ჩვენ ავჯანღდით და გვინდოდა ისევ ხელმეორედ „წილის დაყრა“, მაგრამ ბერიძემ დაგვიშალა. ბაბალე სიხარულით ფეხზე აღარა დგებოდა, - აი, ვენაცვალე ღმერთსა, აი, ვენაცვალე იმ მამისჩემის სალოცავსა, რო ღვთისოს ერგო ეგ დიდი თევზი; ჩემო შაქო, ეგ არი თქვენზე ახი!
ჩვენ რაღა გაგვეწყობოდა: თავ-თავის წილი ავიღეთ ყველამ. ყველამ შევაერთეთ თევზები საშობაოდ, ღვთისომ კი ჯიბეში ჩაიდო თავმომწონედ.
დედაჩემი ეძებდა რაღაცას ხოკრებში, მატყლს ამოჰყრიდა და გაჯავრებით ბუტბუტებდა:
- აჰათ, მანდ ეშმაკ-ქაჯს კი ნუ ამბობთ, ე ნიორი დაფცქვენითო, - გვითხრა მან.
ჩვენ ჩამოვართვით ნივრის თავები და დავუწყეთ ფცქვნა.
- ქალო! აქ კაკლები მეყარა და დაუთხევავ რასამა. არას დააყენებენ, სუყველა უნდა ერთს დღეს შასვან და შაჭამონ ამ მუცელგასახეთქებმა. რას ეძებდენ, თქვენი ჭირიმე, რა უნდოდა? შენი საქმე კია ეს სრულა, ბალღო, - სთქვა ჩემზე დედამ.
- მე რა? რად მინდოდა მე კაკალი? არა, ჩემის სალოცავის მადმა, რას ამბობ, ქალო?! - ვსთქვი მე გაჯავრებით, თუმცა კი გულში ბრალი მქონდა.
- ჯამი მამე, დაო, - უთხრა სალიამ დედაჩემსა და თან თავისს ხურჯინს მოსჭიდა ხელი, - მე მიყრავ ხურჯინში კაკალი.
დედამ ხის ჯამი მოუტანა და სალიამაც დააჩხრიალა თხილ-კაკალი ხურჯინის თვალში. ჯამი თითქმის აავსო თხილ-კაკლით. თხილი ჩვენ მოგვაწოდა და კაკალი დედაჩემს აურჩია.
სალიამ თითონ გაგვინაწილა თხილი. ყველას თითო მუჭა ჩაგვიყარა ქუდში, რომელიც ხელში გვეჭირა ყველას და იმისკენა გვქონდა გაშვერილი.
დედამ დიდი „საჯალაფო“ ქობი შემოდგა ცეცხლზე, საკიდელზე ჩამოჰკიდა. ყველანი მივხვდით და გავიგეთ, ჩვენს ვახშამს რაც ერქვა: ნივრის ხინკალი.
მერე ვარცლი გადმოიღო, საფქვილე კოდზე ნადგომი, და თანაც წითელი ხბოს საფქვილე გუდა და საცერი.
- დაიცა, აგრემც გენაცვალები, ჩემო ხვარამზე, მე მოვზელ, შენ არა გინდა, - უთხრა დედას სალიამ. ამოიღო თან ხის ჯამით წყალი ქვაბიდამ და დაიწყო ხელების ბანა. დედამაც დაუთმო ეს საქმე სალიასა და თითონ ნიგვზისა და ნივრის ნაყას შეუდგა ფილთაქვით. ჯამში ჩადებული, ზედ ფქვილმოყრილი ეს ნიორი და ნიგოზი ჯამით დაუდგეს პაპაჩემსა და ქერქებიც (გათხელებული ცომი). იმან დაუწყო ხვევა. ასე შრომა განაწილდა. ჩვენ ცეცხლს ვუკეთნებდით შეშას. ჩქარა ხინკალიც მოვხარშეთ. ქვაბი პაპაჩემმა გადმოდგა საკიდლიდამ, დადგა კერაზე და ხის ქაფქირით დაიწყო ხინკლის ამოყრა ხონჩებზე; ხინკალს ნისლივით ოშხივარმა დაუწყო ადენა და ჩვენც მოუთმენლად მოველოდებოდით, რომ ჩქარა ხონჩა მოეტანათ და იმ ერთის ფშაველის ლექსისა არ იყოს, დაძინებული ხინკლის გაღვიძებისა, - ჩვენც გამოგვეღვიძა ეს დაძინებული ხინკლები. აი, სუფრაც დადგეს…
- ღმერთო მადლიანო, ღმერთო, ნაწილის გამჩენო! შენ უშველე ამ ოჯახს და ამ ოჯახში მცხოვრებელთ ნუ მააკლებ შენს წყალობასა! - სთქვეს ყველა ჩემმა სტუმრებმა. მე, როგორც ოჯახის კაცმა, მადლობა გადავუხადე:
- ღმერთი იყოს თქვენი მეშველი და მწყალობელი-მეთქი.
- ბიჭო, ელიზბარო! აჰა, ბიჭო, მაიბრუნე აქეთ თავი! ე ჩარექა გამამართვი და ე ყანწიცა, დაუსხი და დაალევინე ემა კაცებსა, - მითხრა დედამ და თან არაყიანი ჩარექა მომაწოდა. მეც ჩამოვართვი, დავასხი არაყი ყანწზე და პირველად მივართვი პაპაჩემს.
- დიდება ღმერთსა! ღმერთო, შენა სწყალობდე გამიხარდისა (მამაჩემი), იმის ცოლ-შვილსა, იმის ყოფა-ცხოვრებას, იმის ამაგსა და მარჯვენას, მაიყვანე შინ მშვიდობით! ღმერთმა გაცოცხლნესთ, გადღეგრძელნესთ ყველანი, არჯალავ, შენცა, ბალღებო, თქვენცა, თქვენ გაგახაროთ! - უთხრა მან დედაკაცებს.
- ღმერთმა გიშველოსო, - მივუგეთ ბალღებმა ბერიძეს.
- ღმერთმა თვალის სინათლე ნუ გამოგართოსო, - უპასუხეს დედამ და სალიამ. შემდეგ არჯალას მივაწოდე ყანწი; ეხლა ძლივ ამოიღო ხმა და დაილოცა. თითო ყანწი ჩემს ამხანაგებსაც მივაწოდე; დალიეს იმათაც, მაგრამ ცოტა-ცოტა.
- რატო არ იმღერით? აბა შაჰმღერენით, აგრემც გენაცვლებით! - გვთხოვა სალიამ. იმას დაეთანხმა დედაჩემი და ბერიძეც.
- შაჰმღერენით, შაჰმღერენით, აბა რარიგი ხმა გიძეთ, რარიგი სიმღერა იცით, აგრემც დაიტირებთ ბერიძესა! - სთქვა პაპაჩემმა.
ჩვენც დავიწყეთ მღერა ჯერ გაუბედავად, ყელში ხრინწიანის ხმით, და მერე კი ხმა მოვიწმინდეთ.
ალაზნის თავსა, კლდის თავსა
სისხლის წყარონი დიანო.
არცა ჰსმენ მონადირენი,
არც როდის დაშრებიანო;
ის ურჯულონი ლეკები
სასმელად გამოდიანო.
ეს ლექსი რომ გავათავეთ, ახლა წიწილამ დაიწყო:
ალაზნის თავსა ჰკიდია
ხარის ჯურხაის ფარიო,
მაულის ომის ხალიზი,
მალი-მალ შასძრავს ქარიო.
სათითაოდ ლექსი ყველამა ვსთქვით. დედაჩემი, სალია და ბერიძე მადლობას გვიხდიდენ. - აი, გიშველოსთ ღმერთმა, აი, დაიზარდენით, დიდხანს აუბნოს თქვენი ენა-პირიო, - გვეუბნებოდენ ისინი.
პურის ჭამა გავათავეთ და სუფრა გადავდგით. არჯალამ და პაპაჩემმა ჩიბუხები გააჩაღეს, იმათი ყალივნების ბოლი ცეცხლის ბოლსა სჩრდილავდა და ნისლივით ადიოდა მაღლა „საკომში“.
სალიამ და დედაჩემმა დაიწყეს ჯამ-ჭურჭლის რეცხვა, დარეცხეს და დააწყეს თაროზე… ამ დროს იქვე, საპურე გოდორზე, მჯდარიყო მამალი; მამალმა შეშინებულის ხმით დაიყივლა.
- ვაი შენ და დარდუბალა! რა დროს ყივილია, რო ჰყივი? - სთქვა სალიამ.
მე და ჩემმა ამხანაგებმა სიცილი დავიწყეთ, რადგან მართლაც რომ სასაცილოდ მოუხდა შეყივლება მამლაყინწას.
- სძინებია მა ბეჩავსა და ეხლა გამაჰღვიძებია. იქნება გათენდა და, დახე, როგორ უკაცრავად შავრჩიო, რო ერთხელაც არ დავიყივლეო, - სთქვა მამალზე ბერიძემ.
- უკაცრავად მე შავრჩები მაგ მამალს, მე ვიცი, თუ გადმოაბძანე ქანდარაზეით, - დავუმატე მეც.
- ემაგის მეტი მამალი არ მებადება, თორო ხო დაგაკლეინებდით, დედაშვილობამა, - სთქვა დედაჩემმა.
- მე სრულ აღარ მებადება, ქალო, ქათმის ნავასი; ხუთი-ექვსანი რანიმ მოვზარდენ და ისეებიც ქორმა გადამიკრიფა. დიდ ქორ რაიმ დავალის, ჭრუღა, დიდი, დასწყევლოს ღმერთმა! - დაუმატა სალიამ.
- ის ქორი იქნება, დაო, აქაც დავალის ისი, - ინდოურებს ჩამასტევებიყო ძოღანის სამა, კინაღართ ინდოური გამტაცა, - ეუბნებოდა დედა.
- მაშ არ დაგვაკვლეინებ მამალსა, დედავ, უდროო დროს რო ყივის? - ვსთქვი მე განმეორებით.
- მამალს კი არა. რად გინდათ მამალი, თქვენ თვითონ მამლები ხართ, - გვითხრა ღიმილით დედამ. სალიასაც გაეცინა ამ სიტყვაზე. - თქვენ დაწევით, ის არ გირჩევნიათ: ხვალ ადრე ადგომა გინდათ, ხატში ავლა.
- სად დავიძინოთ, მაშ? - ვკითხე მე.
- საცა თქვენი ნებაა, ვინ არი თქვენი ბატონი და მბრძანებელი, - სთქვა კვლავ დედაჩემმა.
- ჩვენ საბძელში, ჩალაში დაწოლა გვირჩევნავ, - ვუპასუხე მე.
- საბძელში გვირჩევნავ, საბძელში! - სთქვეს ჩემთან ერთად ჩემმა ამხანაგებმა.
- გირჩევნავთ, დედაშვილობამ, გაიკეთეთ ხრუწუნები და ჩაწევით შიგა ლამაზ თბილად, - დაამოწმა სალიამ.
დედამ დაუგო ნაბდები და ფარდაგები ლაჭნებში ბერიძეს და არჯალას, და ჩვენც წავედით საბძელში ბურდოში დასაძინებლად. ღვთისოც ჩვენთან წამოვიდა დასაძინებლად, - მეც თქვენთან ყოფნა მწადიანო.
გავიკეთეთ ბურდოში „ხრუწუნი“ - სორო თავ-თავისთვის და ჩავწექით შიგ თბილად. ლამაზი სუნი მოსდიოდა ბურდოს და მთის თივას. რო მოვიგონო სიყმაწვილის დროინდელი ჩემი გამოვლილი სიამოვნება, ერთი მახსოვს და სანთელივით ჩემს გულში ანთია ეს, და მეორე, როცა შუაღამის დროს კერაზე მჯდომარე დედაჩემი ართავდა და ან სჩეჩდა მატყლს, საჩეჩლის კბილები წკრიალებდენ და მე მძინარას მესმოდა ღვთიურს ხმასავით.
ჩავწევით თუ არა, გაღმა გორაზე ერთი მგელი ასტყდა, დაიწყო ყუილი ბოხის ხმით, ტყე და მთა უხმობდა იმის გაბეზრებულს ხმას. სოფელში ასტეხა ძაღლები. ესენი ხან შეჰყეფდენ და ხან შეჰყუოდენ ლეგ-ჩოხა ბიჭს, მგელს რომ ვეძახით; ქვეიდამ მუქარას უთვლიდენ, მაგრამ მგელი მაინც თავისას არ იშლიდა, გულს იფხანდა და ვარამს იქარვებდა.
- ბებერია ეგ ტიალი, როგორ ბუხბუხებს და რუხრუხებსო, - ვამბობდით ჩვენ.
ღვთისომ კოჭლი დევის ზღაპარი დაიწყო და ორი სხვადასხვა ხმა, ერთი ბალღისა და მეორე მგლისა, ერთად შაერთებული, დედის ტკბილს ნანასავით შაგვესმა და ჩაგვეძინა.
მგელი კი ისევ ყუოდა და ძაღლებიც ისევ ჰყეფდენ…
ხატობა
ჯერ კარგად არც კი გათენებულიყო, რომ ხელი ვიღაცისა ჰხვდებოდა ბურდოს და აშრიალებდა.
- ადეგით, გათენდა, დროა, ბიჭო! - დაგვძახოდა თავზე სალია. ჩვენ ამოვძვერით ჩვენი სოროებიდამ და თითო ფუთი ბურდო ამოვიყოლეთ ტანით. მთელი საათი ვიწმინდეთ თავი და ტანი და, როგორც იყო, გავიყრეინეთ ზედასხმული ბურდო…
წამოვედით შინ და ხელით ყველამ თანაც წამოიღო ბურდო ქალმანში ჩასაგებლად…
შუადღე მოსჯარდა. დედაჩემმა ქადები, ხმიანდები, კვერები და კუჭლები გუდაში ჩააწყო და წამოიკიდა ზურგზე. ეგრეთვე სალიამაც. ხელში თითო ჩარექა არაყიანი ეჭირათ. არჯალა და ბერიძე დილითვე წასულიყვნენ ხატში… სალიამ ჩემი ყოჩი წამოიყვანა რქებზე თოკგადადებული და გავწიეთ ჩვენ ხატში…
ყოველ მხრიდამ მოდიოდენ კაცი, ბალღი და დედაკაცი. ხატში რომ მივედით, ხალხი საკმაოდ მოგროვილიყო. ხატზე მოშორებით, იფნებს იქით, გროვად ერთმანერთზე მიკუნჭული დედაკაცები ისხდენ ჩუმად. მამაკაცები ყაყანებდენ. პაპაჩემი ქუდმახდილი ტრიალებდა ხატის იქითა მხარეს, სასანთლის წინ და ხელში თასი ეჭირა და ილოცებოდა, „ადიდებდა“; ხატის გარშემო ბლომად იყო ბატკნები, ხბორები და კურატები „ასახელებული“, შეთქმული, თუ მკითხავისაგან დავალებული ხატში დასაკლავად. ჩემი ყოჩიც თავის „დაგრეხილ-დაჭრეხილის“ რქებით იქ წავაყენე.
- წყალობა ხატისა, მოხვედ, შვილო?! - მითხრა პაპამ.
- შენიმც მწყალობელია, მოვედი და ყოჩიც მოვიყვანე-მეთქი.
- ჯერ ხალხი არ მოგროვებულა, უნდა მოვუცადოთ, შვილო, - სთქვა მან და მომაწოდა ლუდიანი თასი: - შასვი, შასვი, არას გიზამს! - მეც გამოვართვი თასი და დავილოცე: ღმერთი და ემ ადგილის ბატონი ღვთიშობელი შაეწიოს თემსა, სოფელსა და ლუდის მდუღეებსაცა.
- აი გაიზარდე, გაიზარდე! წყალობა მოგცესო, - სთქვეს პაპაჩემთან ერთად იქ მდგომმა ფშავლებმა.
იქვე, სასანთლის გვერდზე, სიპებზე ელაგა ერთმანერთზე დაწყობილი ქადები და ხმიანდები. თანდათან კიდევაც მოჰქონდათ, ისე რომ ქადა-პურების კედელი გაკეთდა. სალუდის წინ დიდი ცეცხლი ენთო და გარეშემო ხალხი უსხდა; დასტურები ლუდს ასმევდენ ხალხს კოშით და თასებით; იქვე ცეცხლთან იდგა ტაგანი (პატარა კოდი) ლუდით სავსე, რომ ცოტა შემთბარიყო; ჩემი სწორები ბევრნი იყვნენ აქა, წითელი ახალოხები ეცვათ, სადღესასწაულოდ იყვნენ მორთულნი, ქუდის თავზე ჯვარედინად ზოგს მძივები ეკერა. ხალხიც მოგროვდა… საკლავების ხოცა დაიწყო. ორი თუ სამი საკლავი სასოფლო დაიკლა. დასტურებმა ქვები დააწყეს ცეცხლის აქეთ-იქით და ზედ უზარმაზარი ქვაბი შედგეს, დაუწყეს ხორცს ხარშვა; ზოგნი ცეცხლში ჰხანხლავდენ ღვიძლსა და ფირტვს, ნაცრიანს უგლეჯდა ხელით ერთი მეორეს და სთავაზობდა. შემდეგ ვისაც რამ მოეყვანა ზვარაკად, ბერიძე იმის კურთხევას და ხოცვას შეუდგა. დასტურები ქადა-პურებს სჭრიდენ თითოს სამად: ერთი ნაწილი, როგორც ქადისა, ეგრეთვე ხმიანდისა, უნდა ჰრგებოდა მიმტანს (პატრონს), მეორე - მღვდელ-დიაკვანს და მესამე წილი სასოფლოდ იყო გადადებული…
სასანთლის ქვემოდ თავმოჭრილი ცხვრები და ხბორები ეყარა, იქვე გაჭიმული იდვა ერთი კურატი. საკლავის პატრონები თავთავიანთ ზვარას ატყავებდენ. ხევისბრის ვალია: „დააკურთხოს“, „დაადიდოს“, დაკლას, ხოლო პატრონისა - გაატყავოს… პაპაჩემს ხელში სისხლიანი ხანჯარი ეჭირა, ჯერი ჩემს ყოჩზე მოდგა; მეც მივედი და მივიყვანე საკლავი. პაპაჩემმა ქუდი მომახდევინა, აღმოსავლეთისაკენ დამაყენა, საკლავის გვერდზე, ყოჩიც აღმოსავლეთისაკენ იდგა. ბერიძემ ლოცვა (დიდება) დაიწყო:
„ღმერთო! დიდების მეტი და მადლობის მეტი შენ არა მოგეხსენება. ღმერთო! შენია გაჩენილი ხვნა, ხვეწნა და ღაღადება, თორო ხმელეთ ზეით ხორციელნი ხმას ვერ შემოგდებდენ.
„დიდება შენდა, ღმერთო!დიდება შენდა, კვირავ კარავიანო! დიდება შენდა, გიორგი, მუხის ანგელოზო (ლაშარის ჯვარო)! დიდება შენდა, თამარო დედოფალო, ხმელეთის დამრიგებელო! დიდება შენდა, საქართველოს მცველო ანელოზო!
„თქვენ გადიდოსთ ღმერთმა, გაგიმარჯოსთ! თქვენ თქვენი გამჩენი ღმერთი არ მოგიწყენსთ, არ მოგიძულებსთ, თქვენ თქვენს საყმოს ნუ მაიწყენთ, ნუ მაიძულებთ, თქვენის გამჩენის ღვთის მადლსა! საყმოშიით შამოგხვეწნია გამიხარდი, - რასაც გულზე და მხარზე გეხვეწებოდესთ, იმ მხარზე და იმ გულზე შაიხვეწიეთ, შაინახეთ, ის წყალობა ღმერთსაც გამაუთხოვეთ, კვირასაც, თქვენი წყალობაც უყავით, თქვენის გამჩენის ღთის მადლსა; პირველად წულს მაუმატეთ ამათ სახლშია, ღონე, ქონება, კაცსა კაცრიელობასა; მტრის ხელი აჰხადეთ, სიკვდილის ხმა მააშორეთ, დაცევ-დაჰფარეთ ლაღის მტრისაგან, მწარე სიკვდილისაგან, თქვენი უღური მაახმარეთ, თქვენი კაბის კალთა დააფარეთ, ნურას მიჰკერძებთ ღვთისაგან გამოშვებულს სევდა-სნეულებასა; სადაც თქვენი სახელი დაიძახონ, თქვენი უღური, თქვენი მოწაღმართე ანგელოზი მაახმარეთ; ამათ სახლშიით გასულს მოლაშქრეს გაუმარჯვეთ, მონადირეს ხელი მაუმართეთ; მგზავრი შინ მშვიდობით მაჰგვარეთ; წული ვინმე გთხოვოსთა, წული ღმერთსაც გამაუთხოვეთ, კვირასაცა და თქვენი წყალობაც მიეცით; გასაზდო ვინმე შამოგახვეწოსთა, გაუზარდეთ, უქენით ეტლიან-დავლათიანი; სნეული ვინმე შამოგახვეწოსთა, სნეულს ულხინეთ, მაურჩინეთ. ზამთარი მშვიდობის გადააყრეინეთ, ზაფხულიც ღალიან-ბარაქიანი ჩამაუყენეთ, ღმერთი თქვენს ბატონობას გაუმარჯვებს; თუ მე რასმე მოხსენებას ვაკლებდე, თქვენ თქვენს წყალობას ნუ დააკლებთ, თქვენის გამჩენის ღვთის მადლსა! ღირსად აიტანეთ, ბატონო, ღირსად, კურთხეულადა, დაკლული ზვარაკი, დადგმული ტაბლა, დაწვრეთილი სეფე, დასხმული ბარძიმი, მეშველი მწყალობელიმც იქნებით, მხოიშნებელი. დიდება თქვენს ძალსა, თქვენს სამართალსა, თქვენის გამჩენის ღთისაგან!“ (ღმერთმა გაუმარჯოსო! - გაისმა ხმა). - ბერიძე მობრუნდა ხალხისკენ და სთქვა: „მოგცასთ წყალობა, რაც იდიდა, რაც იხსენა, იმათმა დავლათმა, თემო, სოფელო, ქუდოსანო, მანდილოსანო!“
გაათავა რა დიდება, ბერიძემ წამოაქცია ყოჩი და ჩაუყარა ყელში ხანჯარი…
მზე დაეწვერა.
- ჯარი ქენით, დროა, ღამდება! - გაისმა ხმა, - ვირებო, თქვენ რო სცქლეფთ მა ლუდს, დედაკაცები რადღა გავიწყდებათ? - დასტურებმა ეხლაღა მოისვეს თავზე ხელი. ეს პაპაჩემის ხმა იყო, ბერიძე ქეიფიანად იყო და თავისებურად სჭექდა: ყველა წმინდანების შესანდობარსა ჰსვამდა.
ხალხი დაჯარდა. ყველანი დასხდენ, წრე გააკეთეს. დასტურებმა იტანეს წვრილად დაჭრილი ქადისა და ხმიანდის „წილობები“ ჩოხის კალთით და დაურიგეს ყველას. ხორციც ეგრეთვე; მემრე მოაყოლეს ლუდის რიგება.
- დედაკაცები ნუ გავიწყდებათ, ვირებო! არ კი უდედაკაცოდაც არა ვვარგივართა! - გაისმა კვლავ ბერიძის ხმა.
- აი, მივალ, ეს არი, რო ვერ მოიცალეთ, რა ვქნათ! - სთქვა დასტურმა. ერთი ლუდიანი საღვინით, მეორე კალთაში გახვეულის პურისა და ხორცის კერძებით წავიდენ დედაკაცებისაკენ…
ხალხი შექეიფდა. ლუდი ცივი იყო, გახურებულს ქვებსა ჰყრიდენ ლუდიან ჩხუტში, ტაგანში და იმით ათბობდენ. ცოტა ხანს შემდეგ სიმღერაც გაჩაღდა.
უცებ ბალღები წამოდგენ ფეხზე და ვინ ვის გაასწრობდა, გაიქცენ, - კვერებს ისრიანო.
სასანთლის ქვემოდ მაღლობზე პაპაჩემი იდგა და გადმოყრიდა ბალღების სანუგეშოდა კვერებს.
- აბათ, აჰათ, ბალღებო! - თან გადმოგვყვიროდა პაპაჩემი მრისხანედ. ყველას გვერგო თავის წილი კვერი. მხოლოდ ღვთისო დარჩა ცალიერზე, მარტო ერთი კვერი ეშოვნა და ისიც მე წავართვი იმის გაჯავრებულმა, წუხელის რომ დიდი კალმახი ერგო, ჯიბეში ჩაიდვა და იმ ღამეს საბძელში კატას შეაჭამა: კატა მიჰპარვოდა, ჯიბეც გამოეჭამა და კალმახიც, რასაკვირველია. ღვთისო მოჰყვა ღრიალს.
- რად ატირებ მა ბალღსა, ბიჭო? - მომესმა დედაჩემის ხმა, - გამაიარე, წავიდეთ შინა. დრო არი!..
მე საჩქაროდ წავედ დედაჩემთან…
- აიღე, მიეც ე კვერი, რაისად გინდა?
მე შემრცხვა და შორიდამ გადავუგდე ღვთისოს მისი კვერი. დედაკაცები ყველანი მიდიოდენ, ღამდებოდა. მე და დედაჩემიც წამოვედით სახლისაკენ. უკანასკნელადღა მომესმა ხალხის ხმა, რომელიც მოახლოებულს ბინდს, საღამოს წინ უხვდებოდა:
ჩვენის ბატონის კარზედა
ხე ალვად ამოსულაო;
წვერში დაუსხამ ყურძენი,
საჭმელად შამოსულაო;
იმის უჭმელი ვაჟკაცი
უდროოდ გადასულაო.
პაპაჩემი მეორეს დილას ვნახე, საშინაოდ გამზადებულიყო. ჩოხაშემოკალთული წამოდგა ბანზე; კალთაში ორი ხმიანდის ნაჭერი ეხვია.
- რძალო! აბა, აღარა გიდგაა. ეს არი, მივალ. წინ-წანაქარი თუ რამა გაქვს შანახული.
დედამ პატარა ჩარექით გამოუტანა არაყი ბერიძეს. იმან სამი ყანწი დალია. უსამოდ გველი არ კვდებაო. დალია, ჯვარი გეწეროსთო, სთქვა და გაემართა ვაჟკაცურის ნაბიჯით.
- შენც წადი მშვიდობითა, შენი კვნესამე! - გააყოლა თან დედაჩემმა.
დიდხანს უცქეროდა პაპაჩემს, როცა ის ახუნის აღმართს აუდგა და წელამდე თოვლს მამაცად მიარღვევდა.
















