მექათმეს ცხენზე აკიდებული გალიებით ქათმები მიუდიოდა ბაზარში გასასყიდად. გალიაში დედლებთან ერთად მამალიც ჰყავდა დამწყვდეული.
მეუფე ქათამთა გვარეულობისა უსიამოვნოდა ჰგრძნობდა თავს გალიაში, რადგან ქათმების სიმრავლისაგან ვიწროობა იყო, მამალი კი მუდამ თავისუფლებას იყო ჩვეული: თავისუფლად მხრების გაქნევას, ბოლთას და კისრის აძაბვით თავისებურ მღერას. გალიაში კი საძრაობა არა ჰქონდა; სწუხდა ფრიად მამალი, სული ყელში მოებჯინა. არც აცივა ბევრი, არც აცხელა, იშვირა ფეხი გალიის სახელურიდან და პირდაპირ დაბურულ ტყეში ამოჰყო თავი, რადგან ამ დროს დიდს ღიჭიან-ბარდიანს ჭალაზე მიუძღვებოდა მექათმე თავის კუდალა ტაიჭს; მამალს ეგონა, რომ თავის პატრონის სოსე ტვლეპიაშვილის საბძელ-კალოს ახლო იქნებოდა, მაგრამ მოსტყუვდა. მიიხედ-მოიხედა, ადგილის სიუცხოვემ თავზარი დასცა; თავგადაგლეჯილი დარბოდა აქეთ-იქით: უნდოდა გასვლა მინდვრად, მაგრამ რამდენიც ტყის გაშორებას ცდილობდა, იმდენი უფრო და უფრო ღრმადა სტოპავდა ტყეში. ხანდახან შედგებოდა, - ღააა, ჰააა! - იძახოდა გზაკვალარეული.
„ფუჰ, ეს რა ცუდ ალაგას მოვემწყვდიე“, - ამბობდა მამალი: „შენ უყურებ? აბა თუ ერთი ქათმის კურკური ან კაკანი საითმე ისმოდეს?! ეს რა სისულელე ჩავიდინე? ვაი დედას მტრისას! აფსუს, ჩემო თავო, უნდა მარტოდ-მარტომ ვიხეტიალო ამ უღრანს, უდაბურს ტყეში?..“ მამლის გარეშემო, თუ თავზე, დიდრონ ხეებზე, სხვადასხვა ფრინველები - ტრედები, გვრიტები ირეოდენ, ედგათ ჟივილ-ხივილი; ისინი მამალს ყურს არ უგდებდენ და არც ეს იტკივებდა იმათთვის თავსა. ჭალას ნისლი დააწვა შავად და ისედაც ჩამობურულ-ჩაბნელებული არემარე უფრო დააბნელა. მამალი გაჩერდა ერთ ადგილას, დიდრონ წიფლის ძირას, გარინდებულმა აღარ იცოდა საით წასულიყო. მალე ისევ გასინათლდა და მამალმა დაინახა, რომ შორიახლო, ბარდის ძირას დაგოგავენ რაღაც ჭროღა, ნაცარა ფრინველები.
- დედა, რა მშვენივრები არიან, რა ლამაზი, მოხდენილი ტანი და ყელ-ყური აქვთ. - ერთი წითელი ფერისაც ერია იმათში, თეთრსაყურეებიანი. - თუნდა მომკლან, ასო-ასოდ ამკაფონ, უნდა გამოვემცნაურო, - სთქვა მამალმა, წავიდა ხოხბებისაკენ და უცბად წაადგა თავსა.
- თქვენს ღმერთს ვენაცვალე, თქვენსა! ვინა ხართ, დებო და ძმებო, შვენიერებო, კარგებო. გთხოვთ მიმიღოთ, როგორც თქვენი ძმა და მეგობარი. არა ვარ საშიში არაფრით, ღმერთი, რჯული.
ხოხბებს მამლის დანახვაზე თავზარი დაეცათ და მაშინვე გაფრთხნენ, გაიქცნენ; მამალიც გამოეკიდა უკან ფეხდაფეხ. შეშინებული ხოხბები მაღლა ხეზე შეფრინდენ და მამალიც ყელგადაგდებული მიადგა ხის ძირს და გაუბა საუბარი:
- განა ეგრე უნდა, თქვე კაი კაცებო, რას მიფთხებით, ხომ არ შეგჭამთ? მე ერთი ეული ვინმე ვარ, უთვისტომო, გადმოვარდნილი ამ თქვენს არემარეში და ნუთუ სალამიც უნდა დამიძვიროთ? - ეუბნებოდა მამალი კისრებგადმოძაბულ, გაოცებულ ხოხბებს.
ხოხბები ყურს უგდებდენ, მაგრამ ლაპარაკით არ ელაპარაკებოდენ; მხოლოდ ბოლო დროს წითელი ფერის საყურეებიანმა ხოხობმა გასცა პასუხი.
- ვის ელაპარაკები, ძმობილო? შენმა გაზრდამ, ტყუილადა სცდები, ჩვენ ყველას კი არ ვენდობით, წადი, შენი გზა მოსძებნე. ეული ვარო, იძახი, და იმდენი ხათრიც არა გაქვს, რომ მოდიხარ და თავს გვესხმი, აი ამ მანდილოსნებს გულები დაუხეთქე; საწყლებს ეხლაც გულები უფანცქალებთ. ხიზანი მორიდებით უნდა იყოს, განა შენსავით ბრიყვი და თავაღებული.
- მაშ არ მენდობით? კარგად მაინც გამსინჯეთ, მანდ ამოვალ თქვენთან, რა მაქვს ცუდი, რომ მირიდებთ? - სთქვა რა ეს მამალმა, შეფთხრიალდა, უნდოდა ხოხბებთან ასვლა, მაგრამ გაიგეს რა მამლის წადილი, წამოიშალნენ და ზრიალით, როგორც შურდულის ქვა, გასწიეს და შორს ჩაეფარნენ, უფრო უდაბურს ადგილას.
დარჩა მამალი ხახამშრალი.
- ააჰ. გაგიწყრათ ღმერთი!.. მოგიკვდათ თავი!.. ნეტავი თვალით მაინც არ მენახა ეგ ოხრის შვილები!.. აფსუს, მამალო, აფსუს ჩემო თავო, რომ გწუნობენ, ალბად მტერი ვეგონე, მოსისხლე ვინმე. - სთქვა მამალმა და ბოლოს ამით ინუგეშა თავი: მტერს ყველაც მოერიდება, ალბად, არ მიცნობენ კარგად. - სთქვა რა ეს მამალმა, განაგრძო უგზო-უკვლოდ ხეტიალი… უცბად დაინახა მისკენ მომრბინალი კურდღელი. შიშისაგან ტანში ჟრუანტელმა დაუარა, იფიქრა, ეგ არის, უნდა გამოვესალმო წუთისოფელსაო, თავი დაღუნა, ბალახებში ჩაიმალა… კურდღელი გაძლიერებული გარბოდა, იმას თავისთვის ეშინოდა; გადარჩა ხიფათს მამალი.
ის იყო ღამდებოდა. მამალი მეტისმეტად სწუხდა, უნდა მარტოდ-მარტოკას გაეთია ღამე…
- გამარჯობა შენი, ძმობილო, გამარჯობა! - მოესმა ხმა მაღლიდან და თანაც კრრ - კრი-ი-ი…
მამალმა ძალაუნებურად შეიხედა მაღლა.
- ვინა ხარ მანდ? მტერი, თუ მოკეთე? - შეუძახა მამალმა გაბედულად, დაინახა რა წვერხმელს წიფელზე მიკოსებული დიდი შავი კოდალა და თანაც გაუხარდა, რომ გამოუჩნდა ტყეში ისეთი სულიერი, რომ სალამი მისცა.
- გაგიმარჯოს, თუ მოკეთე ხარ, და თუ მტერი და… ჰო, დიაღ, თუ მტერი, ვაი შენს ტყავს.
- არა ვარ მტერი, ძმობილო, არა! ჩემზე ალალმართალი, მშვიდობიანი, ღვთისმოყვარე, ძმათმოყვარე ადამიანიშვილი ერთი არ მოიპოვება დედამიწის ზურგზე. სტუმართმოყვარეობა ჩემი ხომ გათქმულია და გათქმული კიდით კიდემდე. - ეუბნებოდა კოდალა.
- თავის ქება კიტრადა ღირსო, გამიგონია, - წარმოსთქვა მამალმა.
- მაშ ტყუილი გითხრა? არა, სიმართლე მიყვარს და მართალს ვამბობ, თავადაც დარწმუნდები, როცა კარგად გამიცნობ. - უთხრა კოდალამ.
მამალს გაუხარდა გუნებაში, როცა კოდალასაგან ესმა ეს სიტყვები - როცა კარგად გამიცნობო: - მაშასადამე დამეგობრება უნდა ჩემიო, - და უფრო თამამად დაუწყო ლაპარაკი: - შეიძლება, ვნახოთ! კარგი და პატიოსანი, მხოლოდ ეს გამაგებინე, ძმობილო, რა გქვიან და რა გვარისა ხარ? გვარით გავიგებ შენს ხასიათს და ჯიშს, - უპასუხა მამალმა. - კვიცი ჯიშზე ხტისო, ხომ გაგიგონია. - წარმოსთქვა მამალმა რიხიანად.
- მე მქვიან, ჩემო კარგო, კოდალა, ხოლო გვარი ჩემი არის ხეკაკუნაშვილი. თქვენი ვინაობაც მინდა გავიგო. ჩემ სიცოცხლეში პირველად გხედავთ. უნდა, როგორც გატყობ, დიდგვაროვანი ვინმე იყოთ, თავზე ჯიღა იმის ნიშანია - მეფე, ან მეფის ჩამომავალი და, დახე, მე უბედური როგორ ბრიყვად და უზრდელად გელაპარაკები.
მამალმა მედიდურად ჩაახველა, გასივდა, გაიფხორა და თუმცა ერი მხრით ეწყინა კოდალასაგან ამგვარი კითხვა, მაგრამ მეორე მხრით მოურჩა ხოხბების მიერ უმეცრებისა გამო გულზე დაჩნეული წყლული.
- ჰმ, არაფერი უშავს! - წარმოსთქვა მამალმა: - არა ცოდნა არა ცოდვაო, ნათქვამია, მაგრამ ჩემი ვინაობის უცოდინობა კი არ მიეტევება არავის. თქმულა? გაგონილა? წეღანაც შემხვდენ აქ ვიღაც ბრიყვები, ჩემს მისალმებაზე გაფრთხნენ და გაიქცნენ.
- შეიძლება ვერ გიცნეს; გენაცვალე, უნდა აპატიო! - უთხრა კოდალამ.
- რომელ ერთს გაპატიოთ! სულ ბრიყვები და რეგვენები ყოფილხართ, - ამბობდა მედიდურად მამალი.
- ჰო და კიდევაც, როგორც ტყის ხალხს, ბრიყვს, გაუნათლებელს, უნდა მოგვიტეო. თუ ამიერიდან არ დავისწავლეთ, მაშინ შეგიძლიან დაგვსაჯო. - სთქვა კოდალამ მოწიწებით, თავმდაბლად: - იმ ბრიყვებს სახეზე მაინც უნდა შემოეხედნათ, მაგრამ როცა ბრიყვები ვართ, რა გაგვეწყობა?!
- ჰო და მაშ!.. მე ვარ, - წარმოსთქვა მამალმა დიდი რიხით და გაჭიანურებით: - მამააალიი, გმირთაგმირიშვილი… გაიგე? არ გაგიგონია?..
კოდალამ თვალები დააჭყიტა და ხან ჰოს იძახდა და ხან არას.
- გვარი როგორაო, - ფაფხურაშვილიო? - დაეკითხა კოდალა.
- ფაფხურაშვილი კი არა, რეგვენო, - შეუძახა მამალმა, - გმირთაგმირიშვილი…
- მეცოდინება, მეცოდინება, გენაცვალე ჯიბლიბოში და ჯიღაში, - უპასუხებდა კოდალა. - მე უნდა ამიერიდან შენს ყმად და მოსამსახურედ გავხდე, თუ ღირსი ვიქნები. შენ აქაური არა ხარ; უკაცრავად, რომელი ქვეყნიდანა ბრძანდები? ან რა ქარმა გადმოგაგდო, მიკვირს, ამ ჩვენს ქვეყანაში? უსაქმოდ არ გაირჯებოდი?
- რა თქმა უნდა, საკენკიანიდან კაცი აქ უსაქმოდ არ წამოვა, მეც საქმისთვის ვარ წამოსული, უნდა გავანათლო ეს თქვენი ბრმა და ყრუ ქვეყანა, გონებაზე მოგიყვანოთ. ჭკუა არ გაკლიათ, აი მაგალითად, თუნდა შენ, მაგრამ როცა სწავლა არა გვაქვს, ხეპრე ხარ… ჭკვა უხმარი არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარებისო.
- არა სტყუი. არა, ბატონო მამალო. როგორ გეტყობა ლაპარაკში, რომ დიდი ნასწავლი უნდა იყო. იმნაირი ქართული მოგდის და! პირველად რომ დაგინახე, მაშინადვე შეგატყვე. რადა ღირს, ვინც კი იცის და ესმის, შენთან სიცოცხლე, ცხოვრება და თვით სიკვდილიც კი. - სთქვა კოდალამ.
მამალმა თავი მოიწონა, ბოლთასა სცემდა, დეზს დეზზე ისვამდა, ქება-დიდებამ თავბრუ დაჰხვია, ცაში იყო განა, თუ დედამიწაზე. აღარ ემდუროდა ბედსა: გამოჩნდა არსება, რომელმაც დააფასა იგი; უნდოდა დაეყივლა. მაგრამ თანაც ითმენდა, უცდიდა მარჯვე დროს, იმ დროს, რომ კოდალას ეთხოვნა: ერთი შენი ხმა გამაგონეო! იცოდა კარგად, რომ მაშინ უფრო ლაზათი ექნებოდა მის სიმღერას.
- საკენკიანში არა ჰყოფილხარ, ძმობილო, როდისმე? - დაეკითხა მამალი.
- როგორ არა, გენაცვალოს ჩემი თავი, განა არ მოგეხსენება, მე ისეთი ხელობა მაქვს, რომ უნდა მივაწყდ-მოვაწყდე აქეთ-იქით ცხოვრების გულისთვის. ვყოფილვარ იქაურ ვენახებში, მინადირნია ბებერს კაკლებზე, თუთებზე და ტირიფებზე.
- მაშ ქათმები არ გინახავს, ფრინველები სახლების კარ-მიდამოში? - დაეკითხა მამალი.
- კი, კი, როგორ არ მინახავს! იმათ წრიდან მშვენიერი სიმღერაც გამიგონია. ამგვარი მღერა ღამე განთიადისასაც მსმენია და ფრიად დავმტკბარვარ, დედაჩემს უამბნია, რომ ჩვენი ნათესავები ადამიანს ჰყავს დატყვევებული და ღამე დავალებული აქვს იმღერონ და ადრე გააღვიძონ თავისი პატრონებიო, თუ არა და მაშინვე თავს მოსძმარავენო…
- ჰმ, ჰმ, - წარმოსთქვა მამალმა თავმომწონედ: - ის მე გახლავარ სწორედ, მე ვარ მამამთავარი ქათმებისა; მხოლოდ ეგ ტყუილია, ვითომ პატრონი მავალებდეს, არა, თვით ჩემი ბუნება თხოულობს სიმღერას. მე უმღერლად ვერ გავძლებ, როგორც შენ უჭმელად…
- ოჰ, შენ კი გენაცვალე, თავს შემოგევლე, წერა მოგხადე. არ შეიძლება გამაგონო შენი ხმა? როგორ გულით მინდა, რომ იცოდე! - სთხოვა კოდალამ.
მამალსაც ამის მეტი არ უნდოდა, რადგან მღერის საღერღელი ისედაც აშლილი ჰქონდა. - რატომ, შეიძლება, - უპასუხა მამალმა: - მხოლოდ ეს მითხარ, მშიშარა ხომ არა ხარ? გული გაიმაგრე. მე რომ სიმღერას დავიძახებ, არ შეგეშინდეს. ნუ გეწყინება, ამას რომ გეუბნები, დიაღ, ნუ გეწყინება. ჩემს მღერაზე ქათმები - დედლები ვიშვიშს მორთავდენ მუდამ და მისაყვედურებდენ: „რა არის, შე კაი კაცო, პატარა დაბლა სთქვი სიმღერა, გულები რაზე დაგვიხეთქეო“. ამიტომ გაფრთხილებ, არ შეგეშინდეს… გული გაიმაგრე!..
- არც ძალიან მშიშარა ვარ, გენაცვალე, შენ რაც შეგიძლიან ასწი მაღლა!.. - მიუგო კოდალამ. მამალმა რამდენიმე ნაბიჯი გადასდგა წინ, შეაფრაშუნა ორივე მხარი, შემოიბარტყუნა ფერდები, აიბურძგნა რაც რამ ბუმბული ჰქონდა ტანზე, კისერი აძაბა, აჭიმა ისე, თითქოს ჩამოურჩვიათო და დაიყივლა. ბოლოს ყანყრატოში - ღოოოვო, დაატანა… თანაც ცალი თვალით კოდალას გადაჰხედა, მოეწონა თუ არა ჩემი გალობაო.
კოდალას სიცილი მოერია, მაგრამ დამალა ოსტატურად, მეგობარს არ შეამჩნევინა და გახარებული გადმოენთო მაღლიდან დაბლა.
- ოჰ, შენ კი გენაცვალე ყანყრატოში, შენა! რა მშვენიერი ხმა გქონია და რა ლამაზად ჰგალობ! ჩემი ცოცხალი თავით აღარა ვარ შენი მომშვები. კიდე, კიდე, გენაცვალე! - ამხნევებდა კოდალა მამალს და თანაც ნისკარტს ნისკარტზე უსვამდა, კოცნის ნიშნად, ყელზე ეჭდობოდა. - ახ, ნეტა მე კი მასწავლა მაგნაირი გალობა და სხვა არაფერი მინდა. - სთქვა კოდალამ და თანაც მიიპატიჟა სამხარზე მოულოდნელად შეძენილი მეგობარი… - ზევით ხეზე მობრძანდი, ბატონო, შენ დაბლა ვერ დაგტოვებ: ათასი მტერია - ტურა, მელა, ქორი, ზარნაშო… ზევით მობძანდი, სამხარი მიირთვი, იმედი მაქვს, მასპინძლად არ დამიწუნებ, ჩემ საწყლობაზე ცოტა რამ სანოვაგეს მოვახერხებ.
მამალი დასთანხმდა, ტურა-მელების და ქორის ხსენება არ ესიამოვნა, მაგრამ იმჟამად არაფერი უთქვამს. აჰყვა კოდალას მაღლა ხეზე და გამოიჭიმა დიდრონ წვერხმელ წიფლის ტოტზე, ხოლო კოდალა დაფაცურდა, როგორც მასპინძელი, გაჰკრა-გამოჰკრა ხეს ნისკარტი და საჩქაროდ რამდენიმე თეთრი ჭია მიართვა სტუმარს.
- რაიღა ღმერთმა შენი თავი ძმად, მეგობრად თუ ბატონად მომცა, - წარმოსთქვა კოდალამ, - უნდა სულ ეგრე დაგაბრძანო, ხელი არ გაგანძრევინო, საჭმელი თუ სასმელი მე მომკითხე. შენ მხოლოდ იგალობე, მე სხვა არაფერი მინდა, და თუ შეიძლება, მეც მასწავლე შენი გალობა. ოჰ, რა ბედნიერი ვიქნები მაშინ!
- ვნახოთ, რატომ! შეიძლება ისწავლო, მაგრამ გაგიჭირდება, მეგობარო, - წარმოსთქვა მამალმა; - მღერა-გალობისთვის გული და ყანყრატოა საჭირო, ჯიშიც, რა თქმა უნდა, ხოლო ისიც უნდა ვსთქვათ, რომ მოცადობა ყოველგვარ სიძნელეს დასძლევს. არ გაგიგონია, ღმერთს რა უთქვამს? მოცადმა ნახევარი ძალი ხელიდან წამგლიჯაო, გამომტაცაო.
- მე ეგ არ გამიგონია, გეთაყვანე, - მიუგო კოდალამ: - ოჰ, როგორ ბევრი რამ იცი! მე კი საწყალს არაფერი გამეგება… უნდა მაშ ვეცადო… - და ვიდრე მამალი მისგან მიძღვნილს ჭიებს შაექცეოდა, კოდალა ვარჯიშობდა, ყელში ყიჭყიჭობდა, უნდა დაეყივლა, მაგრამ ვერ ახერხებდა… გაჯავრებულმა გასწია სულ მაღლა-მაღლა, მოევლო წიფელს წვერებში, დაჰკრა ნისკარტი ხეს და თანაც ჩვეულებრივი თავის საგალობელი შემოსძახა, რათა ეჩვენებინა მამლისთვის თავის მღერის უნარი: წი-ი-ი-ი, წე-ე-ე-ჰაჰააა! - გაისმა ხმა კოდალასი.
- ბიჭოს, ბიჭოს! ყოჩაღ, მეგობარო, ყოჩაღ! შენც კარგი გალობა გცოდნია. - ეუბნებოდა მამალი.
- ეჰ, ჩემი მღერა რა მღერაა! სიმღერა შენია სათქმელი. როცა დაიძახე, მთელმა ტყემ ზანზარი დაიწყო. განა არ შემეშინდა, მაგრამ გული გავიმაგრე, - მიუგო კოდალამ.
- უსათუოდ უნდა შევისწავლო შენი ჰანგიცა, - წარმოსთქვა მამალმა: - აბა მაშინ იქნება ჩემი მღერა დიდებული.
კოდალასაც, რასაკვირველია, გაუხარდა, - ჩემი მღერა შესასწავლად ღირსადა სცნა მამალმაო, და მართლაც შეუდგნენ მეგობრები ერთიმეორის ჰანგის შესწავლას; ხოლო ეს იყო უბედურება, არაფერი გამოდიოდა ამ ცდისაგან: როცა კოდალას უნდა დაეძახა - ყიყლიყო, გამოუდიოდა ისევ - წი-წიო და მამალსაც „წი-წიოს“ მაგივრად თავისივე ჰანგი. იმედს მაინც არა ჰკარგავდენ და ფიქრობდენ ბოლოს დაეძლიათ ბუნების ჯიუტობა…
ამასობაში შემოღამდა და მეგობრებმა, გვერდისგვერდ მსხდომარეთა, იმავე დიდრონს წიფელზე გაათიეს ღამე. მამალმა იმ ღამეს სიზმარი ნახა: ვითომ სოსე ტვლეპიაშვილის კართ-მიდამოში იყო, გარს ეხვია ქათმების გუნდი, უამბობდა თავის თავგადასავალს, - სად ქორი დაამარცხა, სად ძერა, სად ყვავი და სხვ. ქათმებიც უწონებდენ ვაჟკაცობას მამალს და აქებ-ადიდებდენ… თავმოწონებულმა მამალმა დაიყივლა… თავისივე ყივილზე გამოეღვიძა. მამალმა მიიხედ-მოიხედა, შეჰხედა ცას და ჯერ ხარიპარიაც არსად სჩანდა, ამოიოხრა მწარედ და ჩაიძინა… განთიადისას გააბა მამალმა ყივილი! ისე დასძახოდა, რომ იმ არემარეს სულ ზანზარი გაჰქონდა… კოდალას კი თავი მოსწონდა თავის მეგობრის სიკეთით, ისიც - თითქოს ხმას აყოლებდა და ფიქრობდა თავისთვის: როგორ შეუძლიან, მტერი ახლო მოგვეკაროსო.
როგორც კი ინათლა, მამალმა, თითქოს ქანდარაზე მჯდარიყოს, ჩამოფრენა დააპირა, მაგრამ მეგობარმა გააფრთხილა: - ჯერ დრო არ არის, ძმაო საყვარელო, ჯერ ისევ დილაა, ათასი ჯურა ფრინველი და ნადირი ირევა, ემანდ ხიფათი არაფერი შეგემთხვას, მოითმინე პატარა ხანი. მილაგ-მოლაგდეს ყველა და მაშინ ერთად ჩავისეირნოთ დაბლა. იქნებ მოგშივდა, ვერ მეტყვი? აქ რას ვაკეთებ?..
- არა, სიმშილით არა მშიან, - მიუგო მამალმა: - მაინც ადრე ადგომა მიყვარს, გავლა-გამოვლა სუფთა ჰაერზე.
- სხვა? როგორ გაათენე ღამე, ჩემო კარგო? - ჰკითხა კოდალამ.
- კარგადა, - მიუგო მამალმა, - ხოლო სიზმარმა დამაღონა, დამაფიქრა: წუხელ ვითომ სიზმარში ქათმებთან, ჩემს ოჯახში ვიყავი, თავის დაღონებას მიამბობდენ საწყლები. დარდები ამეშალა, მეგობარო, დარდები…
- იმათ ნახვასაც მოესწრები, ჩემო კარგო, ნუ დაღონდები.
- სად და როდის? ვინ იცის, ვეღარც კი მივაგნო, სად გადმოვიკარგე ამ უდაბურს ადგილას?! ვინ იცის- უპატრონობით დააწიოკა ქორმა, ან ძერამ! ვიდრე მე იქ ვიყავ, ვერავინ რასა ჰბედავდა. გაგიხარიან მე ბოლს ვადენდი ზურგზე ქორსა და მის მსგავს სხვა მტაცებლებს და, აბა, აქედან რა ვუშველო საწყლებს? - ამბობდა მამალი. კოდალაც იმედს აძლევდა, მე წაგიყვან, ზურგზე აგიკიდებ და ისე გატარებო.
- ან კი რად გინდა, მეგობარო, სოფლად დაბრუნება, ვგონებ, თავისუფლად ცხოვრება უნდა სჯობდეს სხვისა თვალ-წარბში ცქერას. მონობა განა საკადრისია შენისთანა ვაჟკაცისათვის? მერე ისიც ადამიანის ხელში? ღმერთმა მშვიდობა მისცეს: თუ რასმე გასიამოვნებს, ისევაც მალე ამოგაშხამებს, ხომ იცი კარგად? ეგ კი არა, ღმერთს მადლობა შესწირე, რომ თავისუფლებას ეღირსე, თუ ქათმებისათვის დასწუხდი, მაგ დარდსაც ეშველება: ამ ჭალაში ბევრია ქათამზე უკეთესი ფრინველი - ხოხბები, კაკბები, გნოლები და ტყისქათამა. იქნებ არ გენახოს ის ნაცარა, ჩემზე გრძელი ნისკარტი რომ აქვს? წაგიყვანო ტბაზე, ნახე რამდენი იხვი, ბატი, წერო და სავათია! ერთი იხილე თვალით და ვნახოთ თუ სულ არ დაგავიწყდეს სოფელი თავის ქათმებიანად… - ეუბნებოდა კოდალა ჩაგონების კილოთი.
- ეჰ, შენ არ იცი, მეგობარო, - განაგრძო მამალმა: - არ იცნობ დედლებს, რა მშვენივრები არიან - ზრდილობიანნი, თავაზიანნი, როგორ მეალერსებოდენ და სულ ხელზე მიქორქორებდენ. რამდენი ამაგი მაქვს იმათზედ, რამდენჯერ მიომნია იმათ გულისათვის, ერთხელ არწივსაც კი შევებრძოლე. - მამალი ჰკვეხდა თავის ვაჟკაცობას და კოდალაც გულდადებით ყურს უგდებდა.
ამ ტრაბახის დროს იქვე, შორი-ახლო მუხაზე ჩხიკვი იჯდა და ყურს უგდებდა მეგობართა საუბარს… უცბად მამალს შემოესმა: „კრუუ, კა-კა-კაა“. მამალმა ყურები სცქვიტა. ეს ხომ ქათმების ხმააო, იფიქრა, იქნება წამოვიდენ ჩემს საძებნელად. ის იყო, უნდა გადამხტარიყო და მიჰგებებოდა ქათმებს, რომ ამ დროს მოვიდა ქორის მსგავსად დახულუზნებული ჩხიკვი, ისე ახლო გადუარა თავზე, რომ მუცელი და ფეხები ჯიჯლიბოზე გადუსვა. მამალმა საცოდავად დაიყვირა და გაინაბა.
- ნუ გეშინიან, მეგობარო, ჩხიკვი იყო, ჩხიკვი. - უთხრა კოდალამ და თან სიცილი აუტყდა, რომ ასეთ შახის და ფახის პატრონი მისი მეგობარი ასე მხდალი და მფთხალი გამოდგა. ჩხიკვი პირდაპირ ხის ტოტზე სიცილითა კვდებოდა.
- ჩხიკვიო? უყურე მაგ შეჩვენებულს! - წარმოსთქვა შერცხვენილმა მამალმა: - მე მეგონა წიფლის ტოტი თუ დამეცა თავზეო! სად არის, სადა? მე ვაჩვენებ მაგას სეირსა, მაგ წუწკსა, მაგასა! - ამ დროს გაისმა ჩხიკვის ჩხიჩხიო იქვე ახლოდან, მამალმა დაინახა რა ჩხიკვი, უნდოდა მისი დასჯა, მაგრამ ჩხიკვი მარდად, მალხაზად დახტოდა ხის ტოტიდან ტოტზე. მამალს ტყუილად შერჩა ფოთლებში ფრატუნი. ჩხიკვის კვალს ამაოდ ეძებდა გაბრაზებული მამალი - იგი გაჰქრა ერთს წამში.
- განა ღირს დევნად? რა შენი საკადრისია, მეგობარო?! - ეუბნებოდა კოდალა.
- მოიცადოს, მომიცადოს, კიდევ ჩამივარდება ხელში; კიდევ მიდგება ქაჩალი მექუდის კარებზეო, ხომ გაგიგონია. გაგიხარიან, ბევრჯელ ვაწრუწუნე მე ეგ ავაზაკი, როცა წიწილების მოსაპარავად შემოიჭრებოდა ჩვენს ეზოში; ბევრჯელ ვაჩუქე სიცოცხლე, თუმცა შემეძლო იმავ წამში დამეხრჩო. ვაჩუქე სიცოცხლე, არ გავიმეტე სასიკვდილოდ, რადგან მე სულგრძელი ვარ და, ვერ უყურებ, დღეს მასხარადაც კი მიგდებს? ობოლო, ვისა სცემ და ვინც გამზარდაო. ამას იქით თუ ჩამივარდა ხელში, მოთმენა აღარ შემიძლიან, მოვკლავ ცემით, გეტყვი პირდაპირ, გავატიტვლებ, გავაძრობ იმ ჭრელ ახალუხს, მოვის პერანგს, მოვხდი თავიდან წითელ ფესს, დედიშობილა, თითივით ტიტველი უნდა გავუშვა. მოიცა შენა! მოკვლით არ მოვკლავ, რადგან მე სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი ვარ. ცემას კი არაფერი უშავს. - წარმოსთქვა მამალმა.
- ან კი ღირს ცემად, დიდებულო მამალო? - უთხრა კოდალამ, - განა მაგისთანა ლაწირაკებს თავი უნდა გაუყადრო?
- ჰოო, ეგეც მართალია, მეგობარო, - სთქვა კვალად მამალმა, - მაგრამ დაუსჯელად ამისთანა ყოფაქცევა არ უნდა დარჩეს, კეთილგონიერების თანახმად თუ მოვიქცევით.
- თუ მაინცა და მაინც გინდა დასჯა ჩხიკვისა, მე აქ რას ვაკეთებ? მე დავსჯი, მე, შენ არ გაგრჯი.
იმღამინდელმა მამლის ყივილმა დიდი ცნობისმოყვარეობა აღძრა იმ არემარეში მცხოვრებ ფრინველთა და ცხოველებში. სხვათა შორის მელასაც ესმა მამლის ყივილი, გუნებაში იამა და გასწია იქითკენ, საითაც მამლის ყივილი ესმოდა.
გარიჟრაჟზე მელია მამლისა და კოდალას საჯდომ ხის ძირას დაიბადა; პირში ღალღა ეჭირა, მამალმა მალე შეასწრო თვალი და ხმა გაკმინდა. თვალები დახუჭა, თავი დაჰქინდრა - ნუღარა ვნახავ მაგ წუწკს და წუპაკსაო. ბევრი ოინი ახსოვდა მელიასი, როცა შემოდგომობით დედლებთან ერთად მამალი ლეღვებზე განისვენებდა; ბევრჯელ სტუმრებია მელია, ბევრი დედალი დაუთრევია. ერთხელ შემხტარმა ჯიჯლიბოში კუდის წვერიც კი მოახვედრა; ბეწვი გასწყდა, კინაღამ დაბლა ჩამოაგდო, აქ სახეიროდ არ მოდისო, გაიფიქრა მამალმა. მელიამაც თვალი მოარიდა, ვითომდა ვერა ვხედავო.
- „გამარჯობა, კოდლი-კიკო!“ - მიესალმა მელია კოდალას.
- გაგიმარჯოს, მელა-ქურდო!
მამალს კოდალას პასუხზე ტანში ჟრუანტელმა დაუარა: როგორ უბედავს და ქურდს ეძახის, ერთიც ვნახოთ, ამოხტეს და ორივეს დღე გაგვიმწაროსო, თანაც გაუკვირდა კოდალას მამაცობა. ის კი არ იცოდა, რომ კოდალა და მელია შეხუმრებულები იყვნენ, დიდი ხანია ერთმანეთს იცნობდენ. კოდალას ხორცს მელია მაინც და მაინც არ ეწყობოდა, რადგან სანოვაგედ სხვა ფრინველებს უკეთესი ხორცი ჰქონდათ და, თუნდაც მოენდომა კოდალას ჩანადირება, ვერაფერს გახდებოდა: ხეზე ის არ ავიდოდა და კოდალა დაბლა არ ჩამოვიდოდა. რა გაეწყობოდა? ისევე მეგობრობა არჩია. კოდალამაც ეს კარგად იცოდა და მელას მასხარად იგდებდა… მამალი თვალს მაინც ვერ ახელდა, თავი მოიმძინარა.
- ეგ საიდან რა გიშოვნია, მელიკო? - დაეკითხა კოდალა, როცა მელიამ პირიდან მკვდარი ღალღა დააგდო და ზედ თათი დაადო.
- ეჰ, ეს საცოდავი, მკვდარი ვიპოვნე. გული მომიკვდა, რომ იცოდე, რამოდენა ვიტირე ამის ცოდვით. ჯერაც თვალზე ცრემლი არ გამშრობია… - ამ დროს მამალმა ცალი თვალი ოდნავ აახილა და გადაჰხედა მელიას: იქნება ეს ის მელა არ იყოს, ჩემს დიასახლისებს რომ იტაცებდაო, ღვთისნიერია, ეტყობაო, მაგრამ მალე ისევ დახუჭა, რადგან მელიას თვალების ცეცხლმა აუტრუსა წარბ-წამწამი და თვალიც დასწვა. „ჰოდა იმას გიამბობდი, - განაგრძობდა მელია: - ძალიან ბევრი ვიტირე. მკვდარს ღალღას რომ წავადექი“.
- იტირე, შენ ნუ მომიკვდები, თვალებს დაითხრიდი, - მიუგო კოდალამ. - განა არ ვიცი შენი გულჩვილობის ამბავი, ვიცი, ბევრს იტირებდი: ეგ საკენკი, ძმობილო, წაბრძანდი ოლეზე, იხვებს და ღალღებს დაუყარე. ვის ელაპარაკები, ვის? - მიუგო კოდალამ და თანაც გულიანად გადაიხარხარა.
- ღმერთო, რა ცუდია, კაცს რომ ეხტიბარი გაუტყდება, - მიუგო მელიამ, - მაშ, არა გჯერა? მაშ ქვის გული მქონია? შენი ნებაა, ნუ დაიჯერებ და, აი, ეხლაც კი მენანება ეს საცოდავი და იცი რადა?
- რადა? აბა სთქვი, რად გენანება? - დაეკითხა კოდალა.
- იმიტომ მენანება, - განაგრძო მელიამ: - რომ ჯერ ერთი, ბარტყია, ჯეელია, სულ სამი თვისა არ იქნება. და მეორეც იმიტომ, რომ დამტირები თვისტომი არავინა ჰყავს საცოდავს. ეგდო ოხრად ჩალაში და თავზედ ბუზები დასტრიალებდენ. მოდი და ნუ შეგეცოდება.
- ოჰოჰოჰო, პა-პა-პა!.. უთუოდ ახლა კი დასაჯერისია, აი! - სთქვა კოდალამ: - როგორც გეტყობა, დამარხვას უპირობ და წირვასაც გადაუხდი, არა?!
- სწორედ! რატომ არა? მოვალედა ვრაცხ ჩემ თავს. - სთქვა მელიამ.
- მაშ წირვაში ჩვენ კი არ დაგვპატიჟებ? - დაეკითხა კვლავ კოდალა.
- დიდი სიამოვნებით, - მიუგო მელიამ: - მხოლოდ ვის თქვენ? მე მხოლოდ შენა გხედავ, კოდლი-კიკოს. - სთქვა რა ეს, მელამ სხვა მხარეს დაიწყო ცქერა, თავს ისე იჭერდა, ვითომ მამლის იქ ყოფნა სრულიადაც არ იცოდა.
- ვინ ჩვენა? - სთქვა გაკვირვებით კოდალამ: - მაშ არ იცი, რომ მე ერთი დიდებული სტუმარი მყავს?..
მამალი შიშით იწურებოდა. გრძნობდა, რომ იმაზე იყო ლაპარაკი.
- არ ვიცი, ვინ სტუმარი? - წარმოსთქვა გაკვირვებით მელიამ.
- მაშ, დავიჯერო, სუნი არ აგიღია არაფრისა? ჰაი, დიდი ფლიდი ხარ, ვინც არ გიცნობს, დიდი ჭორიკა! ორ თვეზე მეტია, შენ მე აღარ გამომლაპარაკებიხარ, რაღა დღეს დილით შეგიყვარდი! არა მჯერა, სტყუი და რა ვქნა! გიცნობ, ბიძია, ვერ მომატყუებ, ვერა და ვერა. - მიუგო კოდალამ.
- არა, ღმერთი, რჯული. - ფიცულობდა მელია: - გზაზედ გამოვიარე და შეგხვდი. რაო? საკვირველია მერე?
- ძალიან კარგი. მაშ წუხელ განთიადისას არც საუცხოვო გალობა გსმენია? - განაგრძო კოდალამ.
- არაფრისაგან არაფერი. - სთქვა მელიამ: - რაღასა მტანჯავ, მაწვალებ, თუ გყავს ვინმე სტუმარი, სთქვი და გაათავე; გეპატიჟებით, მითქვამს და გამითავებია. მე მუდამ ასრულება ვიცი დანაპირებისა. მაინც რასა ჰმალავ, ვინც უნდა იყოს შენი სტუმარი, ისე მივიღებ, როგორც მამასა და შვილსა. - სთქვა მელიამ.
- გეტყვი, ვინც არის და, ვიცი, გაგიხარდება კიდეც, - ჰსთქვა კოდალამ: ჩემი სტუმარი გახლავს მამალი… ხომ გაგიგონია? რას არ გაგიგონია, მეც როგორ ბრიყულად გეკითხები? ეი, დიდებულო მამალო, სადა ხარ! რატომ ხმას არ იღებ? - შეუძახა კოდალამ. მამალი ხმას არ იღებდა. - საწყალი, ნამგზავრია, წუხელაც ბევრი იმღერა-იგალობა, დაიღალა ძალიან და მაგარი ძილი დაეცა ალბად, - ბოდიში მოჰხადა კოდალამ.
- მამალი?! უჰ, მაგის ღმერთის ჭირიმე, - წამოიძახა მელიამ. - ვენაცვალე მაგას ჯიბლიბოში, ყანყრატოში. ვიცნობ და ეგრე? ძალიან ვაჟკაცია… მაგის იღბლად მივლია, რომ იცოდე!
- როგორ? - დაეკითხა კოდალა.
- წერილი მაქვს მამალთან. დედლებმა გამომატანეს. აბა, რომ მიწყრებოდი, შენ საკეთილოდ არ მოხვედიო, ნახე, რომ შენი სტუმრის იღბლად მოვსულვარ.
დედლების ხსენებაზე მამალმა ორივე თვალი დააჭყიტა: ღა-ა-ა!
- საიდან, როგორ მოხდა, რომ წერილი შენ ჩაგივარდა ხელში? - ჰკითხა კოდალამ.
- გუშინწინ სოფელში ვიყავი, საქმე მქონდა. სოსეს ვენახზე შემოვიარე და, შენს მტერს, რომ მე სანახავი ვნახე: დიდი გლოვა და ტირილი ქათმებისა: დავკარგეთ ჩვენი ბატონ-პატრონი მამალიო, აღარა გვყავს ჭირში მანუგეშებელი და ლხინში მოზიარეო. დავიწვი იმათი ცოდვით.
- ოი, შენმა მზემ, ტირილით თვალებს დაითხრიდი! - მიუგო კოდალამ და ერთი გულიანად გადიხარხარა, რაიცა მამალს არ ესიამოვნა, რადგან დედლების ხსენებაზედ თვალთაგან ღაპაღუპით ცრემლი ჩამოსდიოდა. - არ გესმის, მეგობარო, რას ამბობს მელია? - დაეკითხა თანაც კოდალა მამალს.
- მესმის, მესმის. - მიუგო მამალმა ტირილის ხმაზე და თანაც კოდალას აღარ აცალა და თავად შეეკითხა: - მერე, როგორ არიან, თუ ღმერთი გწამს, დაწვრილებით მიამბე. - სთხოვდა მამალი, თუმც მელიასთვის არ შაეძლო სახეზედ შაეხედნა.
- ოჰ, - წამოიძახა გახარებულმა მელიამ: - მანდა ბრძანებულხარ? დამენახვე, შე კაი კაცო, რაღა ფოთლებში იმალები?!. უშენობის მეტი არაფერი აკლიათ. წერილი გამომატანეს, ვინძლო, საითაც იყოს და არ იყოს, წერილი მიაწოდოვო. ააახ, არ ვიცოდი შეგვხდებოდი, თორემ თან წამოვიღებდი. სულ ერთია, მაინც ხომ უნდა წირვაში მეწვიოთ შენ და კოდალა, წერილს იქ მოგართმევ… ნუ იდარდებ, კარგად იყვნენ ყველანი…
- რა ვქნა, გეტყვი და გეწყინება. - სთქვა კოდალამ.
- არაფერიც არ მეწყინება. - მიუგო მელიამ.
- სტყუი, - განაგრძო კოდალამ, - შენ ქათმები წერილს არ გამოგატანდენ, არ მოგენდობოდენ. რას იტყვი, ძვირფასო მეგობარო, ასე არ არის? მართალს არ ვამბობ? - მიუბრუნდა კოდალა მამალს.
- მეც ეგრე მგონია, - წაილუღლუღა მამალმა: - და შეიძლება, რა ვიცი.
- როგორ თუ, რა იცი?! შენ არ მიამბე, შემოდგომობით ლეღვებზე ვსხდებოდით ქათმები და მელიამ რამდენიმე დედალი მოიტაცაო? ეს ის მელია გახლავს, წერილის მომტანი. - უთხრა მამალს კოდალამ ცოტა არ იყოს მრისხანე კილოთი.
- შეიძლება ის სხვა მელია იყო. ეს როგორღაც სხვანაირად ლაპარაკობს, მობრალული, გულჩვილია, ეტყობა. - ლუღლუღებდა მამალი.
- აი კაცური კაცი და კაცური სიტყვა. - წარმოსთქვა გახარებულმა მელიამ.
- რაღა სხვა? რის სხვა? გასწყდეს ამათი თოხუმი, მელია სულ ერთია: შავი, რუხი, თუნდ წითელი. მიკვირს, როგორ გულუბრყვილო ყოფილხარ, მეგობარო!.. ნათქვამს რაღა კვალის კვლევა უნდა, თითონვე იძახის, სოსეს ვენახზე შემოვიარეო! რა ესაქმებოდა ერთი, კაცმა ჰკითხოს, რომ შემოიარა? მითხარით ერთი, გამაგებინეთ, რა, ჯერის სასყიდლად იყო სოფელში? ღვინისა? საქონლისა თუ რისა? აბა, რა საქმე ექნებოდა სოფელში კანტალაობის მეტი? - ამბობდა გაჯავრებული კოდალა.
- თქვენი თოხუმი გასწყდეს და გასაწყვეტნიცა ხართ, - ამბობდა განრისხებული მელია, - ღმერთმა გაწყვიტოს თქვენი ჯილაგი. ღმერთო, რა გასაჩენი იყო კოდალა? სულ იმათაგან არის გადამხმარი ხეები; საბრალო ჩიტებმა ლამის არის ფოთოლს ვეღარსად შეაფარონ თავი, ისე გააჩანაგეს ტყეები ფეხებისა და ნისკარტის ფხაკუნით. - მელიას ბევრი სხვა საყვედური უნდა ეთქვა კოდალასთვის, მაგრამ ამ დროს გაისმა შორიახლო თოფების ჭახაჭუხი, ძაღლების ყეფა, საყვირის ხმა. ეს ცუდი ნიშანი იყო, მელიამ დასტაცა პირი ღალღას და წინწელივით გაქრა.
თუ კოდალა არა, მამალს უნდოდა გამოჰკიდებოდა უკან, ქათმების წერილის ნახვა ძალიან უნდოდა.
- ღმერთი არ გაგიწყრეს, ადგილიდან არ დაიძრა. მიკვირს, ღმერთმანი, ტყეში მეტი ჭკვა ყოფილა, ვიდრე სოფელში. შენს ჭკვაში ვითომ უნდა გაჰყვე მელიას და წერილი ჩაიბარო, არა? ვაჰმე! ვაჰმე! - სთქვა კოდალამ.
- ვფიქრობდი, ძალიან მინდა ჩემი ოჯახობის ამბავი შევიტყო, ძალიან დარდიანადა ვარ, მეგობარო, შენ არ იცი: სიზმარში სულ ისინი მელანდებიან.
- მერე, ეგ რას გიშველის? ფლიდია, ცრუა, მეგობარო! წერილი-კი არა, შავი ქვა გამოატანეს, თავში დაირტყას… უნდა ჩაგიტყუოს და მაშინ ნახავ წერილს, არ გაბრიყვდე! როგორ შეიძლება, ვინც მეგობრულად დაგელაპარაკოს, ყველას მიენდო.
- მე მინდა… ვითომ წავყვები-მეთქი, მაგას კარგად სცოდნია სოსეს კარმიდამო. ერთი იქამდე მიმეღწია და მერე, რაც უნდა მომსვლოდა, - სთქვა მამალმა.
- ვუი, ვუი, სსსუუუ! ეგ აღარა სთქვა, მოდი, ბარემ ყელი გამომჭერი. თუ ძალიან მოგეწყინა, მე თითონ წაგიყვან. განა მართლა მე კი არ დავსეირნობ ვენახებში. ძველს ბებერ კაკლებს ვესტუმრები ხანდახან სანადიროდ, - ანუგეშებდა კოდალა. - მე წაგიყვან, ნუ იდარდებ, ვაჟკაცი მაგარი უნდა. ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა, ვით ქვითკირსო, ხომ გაგიგონია?
- ოჰ, თუ მაგას იზამ, ჩემი ღმერთი შენ იქნები.
- ძალიან ადვილად, ძალიან კარგად.
მონადირეების ხმაურობა, ძაღლების ყეფა თანდათან უახლოვდებოდათ.
- ახლა, მეგობარო, მაღლა ავფრინდეთ, ხის კენწეროში და იქ შევაფაროთ ფოთლებს თავი. ხიფათს მოვერიდოთ, ხმა, კრინტი არ დასძრა. ეგენი ჩვენ ვერ დაგვინახავენ, გაივლიან, გაგვცდებიან და მერე არხეინად გავატაროთ დროება. საითაც გვინდა, იქით წავიდეთ.
მამალიც დასთანხმდა, აფოფხდა ისიც მაღლა და უჩინარ ადგილას, ფოთლებში შეაფარა თავი.
მამალი და კოდალა ყველაფერს კარგად ჰხედავდენ დაბლა, ხოლო იმათ ვინ დაინახავდა? გამოჩნდენ ძაღლები ქასქასით. იმათ თან მოჰყვნენ მონადირენი, ნანადირევით დატვირთულნი. ჩამოეკიდათ წელსა და გულზე იხვები, სავათები, გნოლები, წეროები, კურდღლები და სხვა და სხვ. სწორედ იმ ხის ძირას გაიარეს, რომელზედაც კოდალა და მისი მეგობარი განისვენებდენ.
მამალს, დახოცილი ფრინველები რომ დაინახა, ცახცახი დააწყებინა, კოდალაც დიდს უსიამოვნობას ჰგრძნობდა. მონადირეთა მიერ მოვლენილმა განსაცდელმა მშვიდობიანად გაიარა, მეგობრებს არაფერი ევნოთ. ვერავინ შენიშნა იმათი იქ ყოფნა. მამლისა, თორემ კოდალა ვის რად უნდოდა, ტყავს არავინ დაეშურებოდა და ლეშსა; მაგრამ კოდალას ასე როდი ეგონა. ფხიზლად ავლებდა თვალს აქეთ-იქით და ფიქრობდა, ყველა ჩემი მტერია და მოსაკლავად მელამუნება, ნამეტნავად ადამიანიო.
- ჰნახე? - მიუბრუნდა მამალს, როცა მონადირეები კარგა შორს წავიდენ და ორივემ თავისუფლად ამოისუნთქა. - ჰნახე? ემანდე, ადამიანს ეგ ღმერთი და სამართალი აქვს: ტყეში არ ინდობს ფრინველსა და ნადირს და შინაურს ფრინველსა და ცხოველს რაღა ხეირს დააყრის? შენ კი დაგინიჟია და ქათმებსა და სოსეს ოჯახს გაიძახი! თავისუფლებისთანა რა იქნება? რასაც გინდ სჭამ, ჰსვამ; როცა გინდა ადგები, დაჯდები, არავინ შეგაწუხებს. რომელ ხეზედაც გინდა შეჯდები, საცა გინდა გაივლ-გამოივლი, მოსჩიჩქნი ფეხით თუ ნისკარტით და საზრდოს იშოვი. აბა, გადაავლე თვალი, რამსიდიდე ტყეა. როგორი უზარმაზარი ხეებია… არც გამტყუნებ, რადგან ჯერ ხამადა ხარ და, თუ აქაურობას შაეჩვიე და აქაურ მცენარეების გემო გაიგე, იქნება ძალით გაგდებდე და აღარც მიდიოდე. ხომ არ მოგწყინდა მაღლა ყოფნა? ჩავიდეთ დაბლა, ახლა საშიში არაფერია; შეგვიძლიან თავისუფლად ვისეირნოთ.
ორივენი ჩამოეშვნენ დაბლა; კოდალა ხის ძირს მიეკრა, მამალმა თავისუფლად ბოლთას დაუწყო ცემა ბალახით და ხმელ მოლეწილ ხეებით მოფენილს დედამიწაზე.
- თუ რაიმე საშიში დაინახო, ხეზე შეხტი, მეგობარო, - მისძახოდა კოდალა - და მეც აქა ვარ, ნუ გეშინიან, მოგეშველები. ქორი კი ვერაფერს დაგაკლებს, იცოდე, და ტურა-მგლისა კი რა მოგახსენო. ამიტომ უნდა ეცადო და ხეზე შეუფრინდე, იქ ვეღარაფერს დაგაკლებენ.
- ნუ გეშინიანო? - წარმოსთქვა მამალმა ამაყად: - მე ვიცი, გული მისკდება. ნეტავი ისე სხვა ჯავრი და დარდი არ მაღონებდეს, - შიში რას მიქვიან?
- ფიქრი არ არის, მაგ დარდებსაც გაგიქარვებ.
ტბაზე და ოლეებზე გასვლა მეორე დღისათვის გადასდეს, რადგან კოდალამ ასე ამჯობინა: დღეს ვერავის ვნახავთ, მონადირეებისაგან დაწიოკებულები არიანო.
მეორე დღეს ორივენი ოლეებისკენ მიფრინავდენ: წინ კოდალა მიუძღვოდა და თანაც, თითქოს მახარობელიაო, მიჰკიოდა, მიწიოდა თავისებურად. მამალი ეხვეწებოდა, - თუ ღმერთი გწამს, ნელა იფრინე, მე შენთან სად შემიძლიან ფრენაო. კოდალა უცდიდა; ალაგ-ალაგ ხეებზე ისვენებდენ. როგორც იყო მიაღწიეს ტბას, აუარებელი ფრინველი ირევოდა, იხვებისა, ბატებისა და წეროების ჟრიამულისაგან ყურთა სმენა აღარ იყო. მამალი, ცოტა არ იყოს, გამხიარულდა, თავისებურად ამაყად გამოიჭიმა თვალსაჩინო ადგილს, ერთს ბორცვზე და იქიდან ადევნებდა თვალყურს ფრინველთა მიდმორობას; ეგონა მთელი დუნია იმის ნახვით გაოცებული დარჩებოდა, მაგრამ ყურსაც არავინ უგდებდა, მხოლოდ ერთი იხვუნა მიმჯდარიყო ტბის პირას ჩალიანში და იქიდან ელაპარაკებოდა, დასცინოდა.
- ოჰ, რა ბიჭი ხარ, რა ბიჭი! საიდან მოსულხარ, ტურფავ, მშვენიერო?! ცოლის სათხოვნელად ხომ არ დადიხარ? გოგოებს ხომ არ ათვალიერებ? რომელი უფრო მოგწონს? შენ ოღონდ აარჩიე, ყველაც გამოგყვება, შენ ნუ მოუკვდები ჩემ თავს… არ გიყვარს ბანაობა? მოდი, ვიბანაოთ, წყალში უფრო გალამაზდები.
მამალმა მართლაც თავი მოიწონა, ნახა რა, რომ იმისი მისვლა შეუმჩნევლად არ დარჩა და მხრები შეაფრაშფრაშა, აიღო მაღლა თავი და დაიყივლა.
- ბიჭოს, ბიჭოს! ნახე, რომ ვამბობდი, - ამბობდა იხვუნა სიცილით.
ამ დროს გამოიარა მამლის გვერდზე კანჭწითელმა ბაყაყიჭამიამ და ისეთი მაგრა ჩაუკაკუნა თავისი გრძელი ნისკარტი, რომ მამალს თავბრუ დაესხა.
- რა გაღრიალებს, შე ოხერო, შენა, ვიღაცა მოთრეულხარ! - უთხრა გაჯავრებულმა ბაყაყიჭამიამ. - აქ ვის კარმიდამოში ღრიალებ? საიდგან მოთრეულხარ? - უნდოდა მეორეჯერაც ჩაერტყა, მაგრამ მამალმაც მოიმარჯვა კლანჭები, თან თვალი კოდალასკენ ჰქონდა; შეახტა ბაყაყიჭამიას და ერთი ბუმბული გამოაგლიჯა კისრიდან. „არიქათ, ყაჩაღი, ყაჩაღი“! დასცა განგაში ბაყაყიჭამიამ. იქვე ბატები ისხდენ და მაშინვე სისინით გამოექანენ კისერწამოგძელებულები მამლის დასაჯელად.
- ეი, ეი, ძმობილებო! - გაისმა უცბად ხმა და თანაც - წი-ი-ი, კრი-იი - ვისა სცემთ, ვისა?! - ყვიროდა გაბრაზებული კოდალა. მამალი კოდალასკენ გამორბოდა და ნისკარტგაღებული ბატებიც მოსდევდენ უკან, ძალიან ცუდ დღეს დააყრიდენ, ძმობილი რომ არ მოჰშველებოდა.
კოდალამ ქორივით დაუქროლა ბატებს, უკან დაახევინა.
- შესდეგით, მე და ჩემმა ღმერთმა, - იძახოდა კოდალა, - თორემ სულ მუსრს გაგავლებთ! იცით, ვინ არის ესა? ვისა სცემთ, თქვე ბრიყვებო?!
მამალიც გამხნევდა, მიუტრიალდა ბატებს და შეუძახა:
- აბა, მოდით, მოდით, რაღა, დედას აგიტირებთ მე თქვენსა! რაღა მამალი ვიქნები, სულ ბდღვერი და ბოლი არ აგადინოთ ზურგზე! - ბობოქრობდა მამალი.
- წამო, მეგობარო, წამო, წავიდეთ, მოვშორდეთ ოხერ-მოხერ ხალხს! მაგათ იციან განა ადამიანის დაფასება?!
- როგორ თუ მოვშორდე? მოვშორდე კი არა, არ ვიცი, რა ვუყო, მაგ უზრდელ ბრიყვებს, - ბრაზობდა მამალი, რომელსაც კოდალა ებღაუჭებოდა ჩოხის კალთაზე და ტყისკენ მიათრევდა.
- ეგეც ეყოფათ! - წარმოსთქვა კოდალამ. - წავიდენ, საცა თავისი დაიკვეხონ, იქავე ჩვენიცა სთქვან. ამას იქით ვეღარ გაჰბედავენ მაგისთანა ოინებს…
- გაგიხარიან, მე იმას ყელი ჩამოვაღადრე. - შეჰკვეხოდა მამალი, როცა სამშვიდობოში გავიდენ.
- ძალიან ვაჟკაცობა მოიხმარე, ძალიან, რომ მეტი აღარ შაიძლება! ხუმრობაა იმოდენა ბრბოს გაუმკლავდეს მარტოკა ადამიანი? - შეაქო კოდალამ.
- მაშ, როგორ გეგონა? დაგეცადა, გაყურებინებდი იმათ სეირს!.. - მოიწონა თავი მამალმა, აიბურძგნა, აიფხორა და მტრების გასაგულისებლად, გამოსაჯავრებლად სამჯერ ზედიზედ დაიყივლა: ხომ ნახეთ, რა ბიჭიცა ვყოფილვარო!..
ამიერიდან, როცა კოდალა ამა და იმ მტრის ამბავს ჩამოაგდებდა - ქორისას, მელა-ტურისას, თუ სხვისას, - მე ვაჩვენებ იმას სეირსო, - წამოიტყოდა მამალი, რადგან კოდალას, როგორც თავად იყო დარწმუნებული, სჯეროდა მისი გმირობა და შეუდრეკელობა.
- არ შეიძლება, - წარმოსთქვა კოდალამ: - ჩვენ ამიერიდან ბევრი მტერი გაგვიჩნდება და, რომ უფრო არხეინად ვიყვნეთ, უნდა ჩემს ძველისძველ ბინას მივმართოთ. მე მაქვს დასაკუთრებული ერთი დიდი, უზარმაზარი წიფელი და ღამღამობით იქ უნდა შევაფაროთ თავი. ისეთი ჭუჭრუტანები აქვს, ფუღუროები, რომ იქ ვერავინ რას დაგვაკლებს, საშენო ბინაა ერთი იმ წიფელში მშვენიერი. ჰა, რას იტყვი, მეგობარო, კარგი არ იქნება? - კოდალას მართლაც ეს წიფელი ციხე-კოშკად ჰქონდა, სწორედ ქაჯეთის სიმაგრედ მიაჩნდა.
- შენთან ერთად მე ყველგან მზად ვარ, - მიუგო მამალმა.
ასე მასლაათით მიდიოდენ მეგობრები ტყე-ტყე და თანაც არ ივიწყებდენ იმდღეინდელ ომს ბაყაყიჭამიასა და ბატებთან, სწყევლიდენ და ჰკრულავდენ. ემუქრებოდა მამალი: ერთხელაც იქნება ჩამივარდებიან ხელში და მაშინ ნახე იმათი სეირიო.
გზაზედ, საღამო ხანი იყო, მეგობრებს კაკბების გუნდი შეეფეთა. წინ მოუძღოდა ერთი დედა-კაკაბი, როგორც ბელადი, და დიდი ამბით და განგაშით ამხნევებდა თავის რაზმს და მიერეკებოდა ზევით სერებ-გორაკებისაკენ. ბელადის კაკანს სხვებიც ხმას აძლევდენ. გაისმოდა გუგუნი: კაჰ-კა-კა-კა-კაჰ!..
მამალს კაკბების დანახვაზე თავბრუ დაესხა, მეტისმეტს აღტაცებაში მოვიდა, აღარ იცოდა, რა ექნა, მოეწონა ფრიად კაკბები და გაექანა იმათკენ, გადაუდგა წინ, უკრავდა თავსა, ეწონებოდა… დიდის სალმით მიეგება, დიდს კოლტობაში იყო: იმათ ცქერაში ქათმები სრულიად დაავიწყდა. „საღამო მშვიდობისა, მანდილოსნებო! სად ბრძანებულხართ? საიდან მობრძანდებით, სად მიბრძანდებით? რას გვიბრძანებთ, გემსახუროთ, მხლებელი არა გნებავთ? განა მაგისთანა ტურფა მშვენივრები უპატრონოდ უნდა დაიარებოდეთ? მე აქ რას ვაკეთებ, უნდა შემოგევლოთ თავსა, უნდა თქვენთვის მოვკვდე“, - ეუბნებოდა თვალცრემლიანი მამალი.
კაკბებმა გზა აუქციეს, სხვა მხარეზე გაემართნენ, ისე გასრიალდენ, როგორც ყინულზე სალა… კაჰ-კა-კა-კა-კა-კაჰ! მამალი აღარ ეშვებოდა, მისდევდა უკან, დაივიწყა გულითადი მეგობარი კოდალა. მხოლოდ მაშინ შეყოყმანდა, როცა ერთი კაკაბთაგანი, უფრო მოზრდილი, რომელიც გუნდს ჩობანივით გვერდზე მისდევდა, მოუბრუნდა და უთხრა: - საით, ძმობილო, საით? შენი ბოსტანი მოსძებნე, აქ შენ ბინა არა გაქვს. შენებს უპატრონე… შესდეგ, გირჩევნია!
მოსწყდა მამალს წელი. „ოჰ, გაგიწყრა ღმერთი. შე სულკრულიშვილო, საით რას წამოეჩხირა ეს ოხერი! ფუუუ“. აღარ იცოდა, სიბრაზისაგან რა ექნა. განეგრძო დევნა, არ შეიძლებოდა, რადგან კაკაბი ჩხუბის გუნებაზე იყო, და თანაგრძნობაც კაკბებისა, ეტყობოდა, იმას ჰქონდა დამსახურებული.
- აქეთ წამო, აქეთ, მეგობარო, მოშორდი ვიღაც ოხრები არიან, რას ეხვეწები და ემუდარები?! - უძახოდა კოდალა. მამალი დიდხანს გაქვავებული იდგა ერთ ალაგას, გასცქერდა და თვალს აღარ აშორებდა კაკბების გუნდს, ვიდრე სულ არ მოეფარა თვალთაგან. იქნება არც კი დაძრულიყო ალაგიდან, კოდალას რომ არ ეთქვა: - რას უცქერი, არ გიცნობენ, მეგობარო, და იმიტომ გიფრთხიან. დრო მოვა, გაგიცნობენ, და იქნება თავიდან ვეღარც კი იშორებდე.
- ოჰ რა კარგები იყვნენ! - წარმოსთქვა მამალმა გულამოსკვნით. რადგან მამალი გრძნობდა, რომ მასთან მეგობრობას ყველა სხვა ფრინველები მორიდებულნი იყვნენ, ამიტომ კოდალას უფრო დაუმეგობრდა. კოდალაც ზნეობრივს კმაყოფილებას გრძნობდა, რომ უთვისტომო, ობლად შთენილი მამალი შეივრდომა და ძმად გაიფიცა.
მათი მეგობრობა შეურყეველი იყო. მამალი თანდათან შაეჩვია ტყეში ცხოვრებას. საზრდოს ბლომად შოულობდა: ბალახის თესლს, ჭიაღუას; ჭალა სავსე იყო კრიკინით, რასაც სიამოვნებით შაექცეოდა; არავინ უშლიდა; სოსეს ვენახში კი არ შეეძლო ასე თავისუფლად ყურძნით ქეიფი; მამალი ამას კარგადა გრძნობდა და თითქოს კმაყოფილიც იყო თავის ბედისა, კოდალა ნაირნაირ ამბებით შეაქცევდა. მაგრამ ქათმები კი მაინც არ გადუვარდა მამალს გულიდან. იმათი ხსოვნა ისე ჰქონდა შენახული გულში, როგორც ნაცარწაყრილი ნაკვერჩხალი და კოდალაც მუდამ იმედს აძლევდა, აი დღეს, აი ხვალ წაგიყვან და ყველას გაჩვენებო…
ყველა სულდგმულის ბედი, თითქმის უსულოსიც კი, ცვალებადია.
მამლის ბედიც შეიცვალა. იმან და კოდალამ თითქმის სამი თვე იცხოვრეს ერთად ტკბილად, არც ერთხელ უსიამოვნება არ მოსვლიათ, მაგრამ ბოლოს მათი მეგობრობაც დაირღვა და დაიშალა. რადა, რისთვის, არ იკითხავთ?.. მოულოდნელი შემთხვევისა გამო, თუ მაინც ასე უნდა მომხდარიყო, ეს თქვენ ივარაუდეთ… ჭალის ფრინველებს ერთს დღეს ყრილობა მოეხდინათ. გამოეთქვათ დიდი უსიამოვნება იმის გამო, რომ რაღაც ერთი ფრინველი თუ ოთხფეხი გაჩნდა და ღამე ღრიალით აგვიკლო, აღარ გვაძინებს, მოსვენებას არ გვაძლევს, როგორც იქნება და არ იქნება, უნდა მოვძებნოთ ეს დაუპატიჟებელი სტუმარი, ვიპოვნოთ, კარგად გავტყიპოთ და გავაძეოთო.
„ბატონებო და ქალბატონებო, - გამოხტა ჩხიკვი და დაიწყო: - მე ვიცი იმისი ბუნაგი, ადვილად გაპოვნინებთ. თვით იმ ვაჟბატონსაც კარგად ვიცნობ. ის გახლავთ მამალი, კოდალამ გაიძმობილა, შინაურად გაიხადა, ბინაც იმან მიუჩინა. თავისავით მყვირალა მეგობარი იპოვნა. მე ძალიან მიკვირდა, რომ აქამდის ხმა არ ამოიღეთ. ვიცოდი, არ გესიამოვნებოდათ იმისი ყვირილი და ღრიალი, რომელიც ერთავად ყივის, რითაც ძლიერ მოსწონს თავი.
კოდალაც უწონებს სიმღერას და, მისდა უნებურად, რამდენჯერმე შევსწრებივარ, აყვირებს ხოლმე. სად გაგონილა? სადა თქმულა ამისთანა უმსგავსობა? ჩვენს ჭალაში მამას არ გაუგონია და პაპას მამლის ყვირილი, ახლა კი ლამის არის მთელი ჭალა მამლის ყივილმა ამოაგდოს ძირფესვიანადაო. გარდა ამისა, ხომ მოგეხსენებათ, იჩივლეს იხვებმა და ბატებმა, შეურაცხყოფა მოგვაყენესო. ხოხბისთვისაც რაღაც-რაღაცეები დაეწყო. კაკბებიცა სჩივიან, უზრდელად მოგვექცა, გზაში გადმოგვიდგაო“.
- ერთი უყურე იმ უკეთურს, იმას! - წარმოსთქვეს ერთხმად ფრინველთა: - ყველას გამოგვიჭედა ყურები წივილითა, ნისკარტის რაკუნითა, გადაამხო მთელი ჭალა, ერთი ხე აღარ არის, რომ მაგის ნაჩიჩქნი და ნაჯიჯგნი არ იყოს; ეს არ იკმარა და ახლა ამხანაგიც მოიშველია?! დავსაჯოთ კოდალაცაო, - დაადასტურეს: - ახლავ, ამ საათში!.. - წამოიშალა მთელი ფრინველთა გუნდი, ყველანაირი, რა დაგითვალოთ, გაიმძღვარეს წინ ჩხიკვი და შემოარტყეს ალყა კოდალას და მამლის სადგომ ბინას სწორედ იმ დროს, როცა მეგობრები საუზმეს შაექცეოდენ.
- რა არის? რა ამბავია? ბერიკობაა თუ არიფანაზე დადიხართ? - შეუძახა კოდალამ მოზღვავებულ ფრინველებს.
- არიფანას გაჩვენებთ, შე არამზადავ, შენა! - უპასუხეს ფრინველებმა, - შენი რა დიდი მადლობელი ვართ ამ ჭალაში ცხოვრებისა, რა დიდი სარგებლობა ნახა ტყემ ან ჩვენ შენგან, რომ ახლა შენზე უარესი სხვა არ გაგვიხადო ჭირად, საკვებავად. თქვენმა ყვირილმა და ღრიანცელმა ხომ წაიღო ყურთა სმენა. გასწით ორივენი, დაიკარგენით აქედან, თორემ, იცოდეთ, ცოცხლებს არ გაგიშვებთ არც ერთს. ვინა გყავს ეგ გაძმავებული, უნდა ხელში მოგვცე. უნდა იარაღი დაჰყაროთ, ჩვენს განკარგულებას დაემორჩილოთ.
მამალი ძალიან მოიბუზა. გულში შიში შეეპარა, მაგრამ კოდალას მაინც გასამხნევებელი სიტყვა უთხრა: ვიბრძოლოთ, მანამ წვეთი სისხლი გვიდგაო.
- გაგიჟებულხართ, თუ რა არი? არც იარაღს დავყრით და ვერც ძმად გაფიცულს მოგცემთ ხელში. რაღა კაცი ვიქნები მაშინ? თქვენ, როგორც გატყობთ, უნდა დაისაკუთროთ ეს ჭალა, მაგრამ რა საბუთით? რისთვის? ბევრნი რო ხართ და მოგვერევით, იმიტომ? არ არის კაი კაცობა, ვაჟკაცს არ შეჰშვენის მაგისთანა საქციელი, - გაუმეორა კოდალამ.
- ბევრს ნუ ყბედობ! ასრულებთ ჩვენს ბრძანებას თუ არა?! - დაუყვირეს ფრინველებმა ერთხმად. ძერა ამ დროს მოთათბირეებს თავზე დაჰბრუნავდა და წრეს ავლებდა.
- არასოდეს, ჩვენ სულელურ განაჩენს არ ვემორჩილებით, - სთქვა კოდალამ.
- სწორედ ეგრეა. - შეუმოწმა მამალმა და თან თავი გამოჰყო ფუღუროდან.
- რაღა ბევრს ვალაპარაკებთ, დაჰკარით მაგ წუწკებს, მაგათ! - დაიგრიალა ერთხმად ფრინველთა გუნდმა და მიესივნენ ნისკარტებით და ბრჭყალებით ჯერ მამალს, რომელიც ცოტა ხანს გაუმაგრდა.
- რას სჩადიხართ, თქვე უზრდელებო, იქნებ არა ჰხუმრობთ? აღარ იცით სტუმარ-მასპინძლობა? - უპასუხებდა მამალი და მიმართულს ნისკარტებს ბრჯღალებით იგერიებდა.
- ჩვენა ვართ და არ ვიცით სწორედ, - იძახოდენ ფრინველნი და უშენდენ ნისკარტებს ჯიჯლიბოზე. კოდალა ძალიან მხნედ მოიქცა. მხარი დაუჭირა მეგობარს, მედგრად იბრძოდა, მაგრამ იძლია, თავსისხლიანი დაბლა ფორთხავდა. მამლის მხნეობამ ვეღარ გაუძლო მტრის სიმრავლეს, უკუიქცა: გაუსხლტა ფრინველებს ხელიდან, იღბლად ერთი ფუღუროწაჩეხილი წიფელი შეხვდა და ამ წიფლის ფუღუროს ეცა. გული საშინლად უცემდა, თავ-პირიდან სისხლი ჩამოსდიოდა; ბოლო და ფრთები მთლად გაჯიჯგნილ-გაწიწკნილი ჰქონდა, ყველაფერი დაავიწყდა, კოდალაც აღარ ახსოვდა. მიკუნჭული, საცოდავად მობუზული იქაც ელოდა ფრინველთა იერიშს და გადასწყვიტა სიკვდილი, ღმერთს აბარებდა სულს და სთხოვდა ცოდვათა მიტევებას. მაგრამ ფრინველნი გამარჯვებულნი გაიფანტ-გამოიფანტნენ, მოედვნენ ტყეს და შეუდგნენ თავ-თავიანთ ხელობას, დარწმუნდენ, რომ მამალი, თუ ცოცხალი გადარჩა, ჭალაში აღარ გაიჭაჭანებდა.
* * * * * * *
ნუ დაივიწყებთ, რომ ამ დროს უკვე ზამთარი იდგა. ჭალის ბოლოს, ასე 4 - 5 ვერსის მანძილზე, პატარა სოფელი მოსჩანდა. ამ სოფლის მცხოვრებნი შეშას, თუ სხვა ხის მასალას, რაც დასჭირდებოდათ, ამ ჭალიდან ეზიდებოდენ.
ამ სოფლიდან გზაც პირდაპირ ჭალაში შედიოდა. შობის წინადღე იყო, რომ დამწკრიებული ურმები შეშით დატვირთული მიდიოდა ტყიდან და იდგა შოლტების ტლაშა-ტლუში და ზედ-დაძახილი; „ოტპუ, კამეჩო ნიშაო, გასწი, არა გიშავო!“
ვისაც ურემი არა ჰქონდა, პირდაპირ წნელით გამოებათ მორები ხარებისათვის და ისე მოათრეინებდენ.
სოფლის განაპირას იდგა მიწური სახლი ნინიკა პანტაყლაპიაშვილისა. ნინიკას ერთის ცოლისა და თავისთავის მეტი არავინ გააჩნდა, თუმცა ორივენი, ცოლი და ქმარი, შუახანს გადაცილებულნი იყვნენ… სწყინდათ ასე უნაყოფო სიცოცხლე, მაგრამ რა გაეწყობოდა: მეტი რა ღონე ჰქონდათ, უნდა დამორჩილებოდენ თავიანთ ბედს. ღმერთს, ხატს ბევრი ეხვეწნენ, ბევრისგან ბევრს მკითხავს აკითხვინეს და, რაკი საწადელი არ აუსრულდათ, ყველას თავი მიანებეს და მიყუჩდენ.
- ოჰოო, ე, ოჰოო, დადექით! - ეუბნებოდა ნინიკა ხარებს, როცა კარებზე მიათრევინა გრძელი წიფლის ხე.
- სალომე, სალომე! - დაუძახა დედაკაცს, თვითონ კი ხარებს უშვებდა უღლიდან, ტაბიკებიდან სამალდესა ჰხსნიდა: - სალომე! - დაიძახა კვალად ნინიკამ და, ჯერ არ დაემთავრებინა სიტყვა, რომ სახლის კარებიდან გამოჩნდა შუათანა ტანისა, საკმაოდ სქელი, წითური დედაკაცი.
- რა არის, კაცო, რამოდენა ხე აგიდვია ხარებისათვის? მოგძულებიან, ხვალ აღარ გინდა შეაბა უღელში? - უთხრა სალომემ ქმარს საყვედური.
- რაო? დიდია ვითომ? ამათ კი ვენაცვალე ღმერთში, ისე მოიტაცეს, როგორც ბუმბული. განა ვერ შევატყობ, როცა უჭირთ და ხარები ვერ ერევიან, არც კი გაუგიათ, ისე მოიტანეს. - სთქვა რა ეს ნინიკამ, დაუწყო ფხანა ყელ-ყურში ხან ერთს, ხან მეორეს, თავის საყვარელ ნისლა მოზვრებს. ამ დროს სალომე ხეს ათვალიერებდა თავსა და ბოლოს.
- მე კვრივი ხე მეგონა, ფუღურო ყოფილა და კიდეც იმიტომ მოიტანეს ხარებმა აგრე სუბუქად, - წარმოსთქვა სალომემ.
- ფუღუროა და, აბა, ეგ არის კიდეც, აი! ისე მოედება ცეცხლი, რჯულის მადლმა, როგორც კვარსა, - ფიცხია კვერცხის ნაჭუჭივით… არც ახლა დამიკლავ, სალომე, დედალს? ჰო და რაო, რიღასთვის ინახავ, შე კარგო ადამიანო, შობა ხვალ არი.
- ეჰ, ნეტავი შენა! - წარმოსთქვა სალომემ ალერსშერეულ წყრომის კილოთი. - რაღაც სამი დედალი მიგდია, იმათაც კიდევ მოვაკლო, წიწილები რასღა გავაზდეინო…
- არ იქნება, მაშ, არ იქნება? არ შაიძლება? აი ახლა მაწყენინე. მაშ, ცარიელი მჭადი უნდა ვლოღნო საუფლო დღესა? არაფერს არა ჰგავს, თორე შენ იცი, სალომე-ქალო! - სთქვა ნინიკამ.
- რათა ცარიელი მჭადი? ჩადი დუქანში, იყიდე ერთი-ორი გირვანქა ღორის ხორცი, - დაე სამი იყოს, - ამოიტანე. ყველი და ცოტაოდენი ერბო შინა მაქვს. გამოგიცხობ კეცეულებს და იქეიფე. რაო, ქათამი რომ არ იყოს, აღარ შაიძლება შობის მიგებება? - უთხრა სალომემ ქმარს ისეთის ტკბილის და შთაგონების კილოთი, რომ ნინიკა ძალაუნებურად უნდა დასთანხმებოდა.
- მოიტა, მაშ, ფული! - სთქვა ნინიკამ და თან გაიცინა. - გახსენი დარდუბლის კიდობანი, - ეუბნებოდა ნინიკა და თან ხელს უშვერდა.
- აბაი, მოიცა, სულთამხუთავი ხომ არა ხარ, კაცო! ჯერ ხომ არსად მისდიხარ? სხვა არა იყოს რა, პური არ მოგშივდა? პური ჭამე და მერე წადი სავაჭროდ.
- ჰოო, აი ეგ კარგი სთქვი, სალომე-ქალო! რაც კარგია - კარგია, მე და ჩემმა ღმერთმა. პური ძალიან მშიან, - წარმოსთქვა ნინიკამ და ხელების ფშვნეტით შევიდა სახლში. ბუხრის წინ ტახტიდან ლიტრა აიღო, ხელები გადიბანა, შეიწმინდა ჩოხის კალთით და ცეცხლს მიუპყრო გასაშრობ-გასათბობად, ბუხრის გვერდზე კოხტა პატარძალივით მოპეწენიკებული ლობიოს სადუღარიც მოსჩანდა.
ნინიკამ არხეინად ტახტზე მოიკეცა, ცოლმა ხონჩა მოართო, რომელზედაც ორი მჭად-პურა იდო. დაუსხა ჭრელ ქვის ჯამზე ლობიო და დაუდგა წინ თავის მეუღლეს.
- აქ მობძანდი, ძმობილო, ჩემთან, - უთხრა ლობიოიან ჯამს ნინიკამ და მიიწია ახლო… ჩააბუჟბუჟა ლობიოში მჭად-პურა, დაადგა თავს სამი თითით და ისეთი მადიანად ილუკმებოდა, რომ სახლის დედაბოძის ყბებმაც კი ტოკვა და ნერწყვის ყლაპვა დაიწყო და შუა წელში ბოძზე დარჩენილი ტოტი ისე იყო წამოშვერილი, თითქოს ხელს აწვდიდა - ცოტაოდენი მეც მითავაზეო.
მოწმინდა ჯამი კარგად სალოკი თითით, გადადგა ხონჩა და ჯამი ერთად, გადიბერტყა კალთიდან ნამცეცები. აგაშენოს ღმერთმაო, ზედ დააყოლა და წამოდგა ფეხზე.
- აბა, სალომე-ჯან, რა ჰქენი, გახსენი დარდუბლის კიდობანი?! მოიტა ფული, უნდა წავიდე დუქანში, - უთხრა ნინიკამ.
- ჯერ შეშა დააპე თვალნათლივ, სჯობია. შენ, მე ვიცი, იქ მოიგვიანებ, შეგხვდება ვინმე, გაებმები და ხვალ უშეშოდ დავრჩებით, - უთხრა სალომემ.
- გავებმები კი არა, ის არ გინდა. თუ არ დაგიშლია, ფსონში დავჯდები. მივალ, ხელად ვივაჭრებ და წამოვალ, - მიუგო ნინიკამ.
- მართალს ამბობ, სწორედ? - შაეკითხა სალომე: - მაშ, ღვინოს არ დალევ დავიჯერო?!
- გიჟი ვიქნები, არ დავლიო, თუ შემომთავაზა ვინმემ, ღვინოსაც დავლევ, არაყსაც კარგად გიახლები, მაგრამ არ გავებმები კი, იცოდე. ახლა ხატსა და ღმერთს ხომ არ დამაფიცებ.
- კარგი, გენდობი, - უთხრა სალომემ და თან ჭრელ ჩითის ნაკუწში გამოკრული ათშაურიანი ჰქონდა და ის ჩააბარა მეუღლეს, თანაც სანავთე თუნუქის გირვანქიანი თუ გირვანქანახევრიანი, მჭვარტლისაგან გაყვითლებული. წასვლის დროს ესეც დააბარა: ნინიკო, იცოდე, თუ მთვრალი მოსულხარ, კარებს არ გაგიღებ…
- კარგი და ეგრე იყოს, - წარმოსთქვა ნინიკამ, როცა ათშაურიანი ჩაიბარა, - რა და რა გიყიდო? წყვილი პოლაპოჩკი? ფარჩის საკაბე? აბრეშუმის ქალაღაია? კიდევ რა? მაშ, ხურდა რამდენიღა მოგიტანო? - ეუბნებოდა ნინიკა ცოლს დაცინვის კილოთი!
- შენ ხომ რა, აღარ დაიშლი! რომ მე შავბნელმა ათთუმნიანი მოგცე, მაშინაც არ მიყიდი არაფერს. ჰოო, კარგი, წადი ჩქარა და მალე მოდი, - მოჰკრა ხელი ალერსიანად ცოლმა ნინიკას და, მხარში ხელჩაჭიდებული, კარებამდის მიაცილა.
დაავლო ნინიკამ ჯოხს ხელი და გასწია ძუნძულით დუქნისაკენ. მართლაც ნინიკა პირობაზე მალე დაბრუნდა, ჯერ არ დაბინდებულიყო, ხოლო მეორე მუხლი პირობისა დაერღვია - შეზარხოშებული გახლდათ. გადასცა ნავაჭრი ცოლსა და შეუდგა შეშის ჭრას. იმ დღეს მოტანილს წიფლის ხეს დაადგა ცულით წვერიდან, რადგან უფრო წვრილი იყო. წიფელი წვერში მკვრივი აღმოჩნდა. ხოლო შუა წელში ნუჟრი ჰქონდა და აქედან ხე უკვე გამოფუღურებული იყო. ნინიკამ ნუჟრს ააცილა ცული და ნუჟრის ქვეით დაჰკრა, ჯერ ერთხელ, ახლა მეორედ… ჰმ, რაღაც ჭუჭყუნი შამოესმა ხიდან… ნინიკა უკან გადმოხტა… შეჩერდა ცოტა ხანს. მიიხედ-მოიხედა, ხომ არავინა მხედავსო. მიუახლოვდა ხეს, შემოჰკრა ცული - რაღაც ფართხალობს ხის ფუღუროში. ეჰ, აქ რაღაც ამბავია, ამ ვერანაში ტურა ან მელა კი არ იჯდესო, იფიქრა ნინიკამ და დაუძახა ცოლს.
- სალომე, დედაკაცო, ერთი სანთელი მოანათე, - უყვიროდა ნინიკა ცოლს.
- სანთელი რაღად გინდა, რა ვქნა? - უპასუხა სალომემ.
- მოიტა-მეთქი, ჩქარა - უყვიროდა ნინიკა და თან ფხიზლად ადევნებდა თვალს ხის ძირს, რომ დამწყვდეული, რაღაც იყო, იქიდან არ გაჰსხლტომოდა, სალომემ მოანათა სანთელი და შაეკითხა, რა დაგემართა, რა იყოვო.
- მე ცულს შემოვკრავ, - ეუბნებოდა ნინიკა ცოლს, - და შენ ერთი ყური დაუგდე, ამ ხის ფუღუროში რა ამბავია, მე მეჩვენება, თუ მართლა არის რამე. ჩემს თავს ვერ ვუჯერებ. აბა, ჰა, ყური დაუგდე კარგად! - უთხრა ცოლს ნინიკამ და თანაც დაარტყა ხეს ცული. მოისმა კვალად ჭუჭყუნი. - ჰაა, გაიგონე? - ჰკითხავდა ნინიკა სალომეს.
- არის, კაცო, არის რაღაცა, - უპასუხა სალომემ, რომელიც გაფაციცებით ყურს უგდებდა.
- აბა, ჭილობი, ან სხვა რამე, ჩქარა, დაუცოთ პირი ხეს, რომ ფუღუროდან არ გაგვიძვრეს, ვინ იცის, იქნება კვერნაა. უყურე მაშინ შენს იღბალს - ხელად საქათიბეს იშოვი, თუ არა - მელა ხომ იქნება და იქნება, ან ტურა.
სალომემ სწრაფად მოარბენინა ძველის ჭილობის ნაგლეჯი, რომელიც ცოლ-ქმარმა მაგრა დაუცეს ხეს ფუღუროში და ზედ ქვები მიაწყეს, რომ უფრო მაგრა დაეკეტათ კარები იმ უჩინარის ცხოველისათვის, ხის ფუღუროში რომ განისვენებდა.
სალომე უფრო აიტანა ცნობისმოყვარულობამ და სულ იმას იძახოდა - ნეტა რა უნდა იყოსო!
ნინიკა უშენდა ახლა უფრო გაბედულად ცულს და ჩააჩინა კიდეც ფუღუროში და უფრო ცხადად შამოესმა ფხაკუნი. უნდოდა ნინიკას ხელი შაეყო, მაგრამ თანაც ვერა ჰბედავდა, ვია თუ ხელზე მიკბინოსო და, რომ შიში არ გამიგოს ცოლმაო, სალომე წააქეზა.
- სალომე, სალომე! მე დიდი ხელი მაქვს, არ ჩაეტევა, მოდი ერთი ხელი შაჰყა, გავიგოთ, რა არის, - უთხრა ნინიკამ ცოლსა.
- დიაღ, გინდა კი ხელი ჩავყო, განა ხელი ნათხოვარი მაქვს? შენ შაჰყა რა! ხელი კი არა, თუნდა ფეხიც ჩაგეტევა, იმოდენა ჭუჭრუტანაა, - უპასუხებდა სალომე და თან უკან-უკან იწევდა.
- რისა გეშინიან, რა ვქნა, აქ არა ვარ?! - ამხნევებდა ნინიკა.
- შენ რომ აქა ხარ, ჩემ ხელს რას უშველი? - უპასუხებდა სალომე. ბევრის თხოვნისა, თათბირისა და ერთისაგან მეორის შეგულიანების შემდეგ ძლივს ისევ სალომემ გაბედა და წკეპლა შეუჩუჩხუნა. ჭუჭრუტანიდან უკვე გარკვევით ყვირილი მოისმა და თანაც კენტად ერთი წითელი ფრთა გამოჩნდა. ახლა კი აღარ აცალა ცოლს ნინიკამ და თავად შეყო ხელი ფუღუროში და ერთის ვაივაგლახით და ყვირილით გამოათრია მამალი…
- არ გიკვირს, ადამიანო? - ამბობდა ერთი.
- არ გიკვირს? - იმეორებდა მეორე. - საიდან? როგორ?
- ეს რაღაც ღვთის წყალობაა! - ამბობდა ნინიკა და სიხარულით ცას დაეწია. ცოლი უფრო გახარებული იყო.
- ოჰ, დაილოცე, ღმერთო, მამალი არა მყვანდა და ვიშოვეო. ცოლ-ქმარს დიდი თათბირი შაექნათ იმის თაობაზე, თუ საიდან გაჩნდა მამალი ფუღუროში, თუმცა ნამდვილს კვალს კი ვერ მიაგნეს. მამალი ისეთსა ღრიალებდა, ვიდრე შინ შეიყვანდენ, რომ მისი ყვირილი სოფლის თავიდან სოფლის ბოლოს ისმოდა. სალომეს დედლებმაც კი ქანდარაზე ვიშვიში და კრიახი დაიწყეს - რა არის, რა ამბავიაო? ეკითხებოდენ ერთმანეთს. ნინიკას თვით მამალი არ ალაღებდა ისე, როგორც მამლის სასწაულებრივი შეძენა: - აქ რაღაც ამბავია! რაღაც ღვთის წყალობაა! რიღასიც ნიშანია და კაი ნიშანიც, - ამბობდა თავისთვის ნინიკა და ამ ფიქრს გულში იმარხავდა, არავის უმხელდა… დარწმუნებული იყო, მამლის ამნაირი მოპოვება ვაჟს შემძენსო - დაინახავს ქვეყანა თუ არაო! მხოლოდ, ვიმეორებ, არავისთან არ ამხელდა და არც განმარტავდა ამ ამბავს, დაე, ვისაც ჭკვა აქვს თავში, მიჰხვდეს და გაიგოსო. სალომესაც კი არ ეუბნებოდა მამლის ამ არაჩვეულებრივად მოპოვების მნიშვნელობას, ხოლო აგრძნობინებდა კი: - ეს ხუმრობა საქმე ნუ გგონია, სალომე! კაი ამბავია, რო იცოდე, - ეტყოდა ნინიკა სალომეს.
- ვენაცვალე უფლის მადლსა და სახელს, ნეტა არ იქნება, - უპასუხებდა სალომე.
- აბა, შე ოჯახდაქცეულო, ახი არ არის, ახლა ეს მამალი დავკლა შენს ჯიბრზე, დედალი რო არ დამიკალი? - უთხრა ნინიკამ სალომეს, თუმცა ნისლა მოზვერს უფრო გაიმეტებდა დასაკლავად, ვიდრე მამალს.
- დიაღ, მამალს ხომ დაგაკვლეინებ, მაშ არა? - უპასუხა სალომემ. - საწყალი, საიდან მისულა ტყეში, იქ რა ესაქმებოდა? საკვირველია, ღმერთმანი! - ამბობდა სალომე და მაშინათვე ბაწრით თაროს ბოძზე დააბეს მამალი და საკენკიც დაუყარეს. მამალი გაბრუებული იყო, ჯერ ისევ ეტყობოდა ფრინველების მიერ დაჩნეული წყლულები. მხოლოდ, ცოტა არ იყოს, გულში სინათლის შუქი შაეპარა და მომავლის, ბედნიერის მომავლის იმედი გაუბრწყინდა: უბრუნდებოდა ძველს, სანატრელს ცხოვრებას, ჰშორდებოდა უჩვევს ყოფას, უცხო ტომში, სადაც გული გულს ვერა სცნობდა და სული - სულსა…
მცირე ვახშამის შემდეგ ცოლ-ქმართ ადრე დაიძინეს. ნინიკამ იმ ღამესვე კაი სიზმარი ნახა; სიზმარში ბერი გამოეცხადა, ახლო მონასტრის ბერს, ონოფრეს, მიამსგავსა; ძვირფას ფარჩა-ატლასებში გამოხვეული ბავშვი მიაწოდა ამ სიტყვებით: „შვილი შენი - ნათლული ჩემი, ღმერთმა გაგიზარდოს, ბედნიერი მამა ხარ, რომ ამისთანა შვილი გეყოლა, შესანიშნავი კაცი გამოვაო.“ ნინიკა სიხარულით ფეხზე აღარა დგებოდა. მართლაც, ბავშვი მშვენიერი იყო: მსუქანი, მსხვილთვალა, ფუნთუშა, ოქროსფერი ხუჭუჭი თმა ბეჭებზე ეყარა. მამა შვილს ხელში ბურთივით ათამაშებდა, ჰკოცნიდა ხელ-ფეხზე, მთელს ტანზედ, თან ეუბნებოდა: „ენაცვალოს მამა შვილსა, კარგსა, ტკბილსა, მშვენიერსა,“ ამ დროს სალომე აკვანს უმზადებდა, იქვე ტახტზე მუხლმოკეცილი… ოჰ, ზარი რომ არ დაეკრათ, ვინ იცის, კიდევ რასა ჰნახავდა, მაგრამ იმ დასაქცევმა ყიყლიყომ (ასე ეძახოდენ მეტსახელად სოფლის მღვდელსა) გაუფრთხო ტკბილი სიზმარი!.. მაინც ნინიკამ დიდად ნასიამოვნებმა გაიღვიძა, სიზმარი მხოლოდ სალომეს უამბო, თუმცა ამასაც ნანობდა, იქნება სჯობდა, არავისთვინ გამემხილა ის, რაც მოვიხილეო…
* * * * * * *
შობა დღე გათენდა, - მრავალი გაგითენოთ ღმერთმა! - და ნინიკასაც ეწვია სტუმრად მისი ნათლიმამა და გულითადი მეგობარი მჭედელი, კოჭლი სვიმონა. მასპინძელს გაუხარდა სტუმრის მოსვლა. მაშინვე მოჰხადა ორჩაფიან ქოცოს, ზედაშეს, და იმ დილითვე შეაყოლეს. სვიმონა გამხიარულდა, ნინიკამ მამლის ამბავი უამბო და სტუმარმაც ეს შემთხვევა ნინიკას განსაკუთრებულს იღბალს მიაწერა და თავისებურად გაბრტყელებით წარმოთქმულ ანდაზით დაადასტურა: „ვისაც ღმერთი ბედს მისცემს, ნათლიჯან, ნათქვამია, ზურგს უკან კომბლით მისწევსო!“
კარგად რომ გადაჰკრეს, „ჰარუნანო-თარუნანოც“ დასძახეს. ამ დროს იმათზე ნაკლებ განცხრომაში არც მამალი იყო: შემოჰხვეოდენ გარს დედლები, თვითონ შუაში ჩასდგომოდა, დეზს დეზზე იცემდა და დასძახოდა თავის საგალობელს. მოსაგონებლად ეჯავრებოდა ტყე და იქ ცხოვრება უცხო ტომში, სადაც უსიამოვნობის მეტი ვერაფერი ნახა… აღარ ახსოვდა თავისი მეგობარი, მისთვის თავდადებული, მოჭირნახულე კოდალა, რომელიც ბრძოლის ველზე დარჩა დაკოდილი და ცოცხალმკვდარი…