დაღამდა, დაბნელდა. გარეთ წვიმამ, ქარმა, სიცივემ იმატა. ყველანი შინ ვიყავით, უფროსი და - ემსილე კი არსად ჩანდა. მისი ალერსი და მოფერება მაკლდა. დედა რომ ბოსტანში, ან ძროხებთან ახორში, ან სხვაგან წავიდოდა, ემსილე იყო ჩემი ნენე. სხვა არც მინდოდა. მისი გული, მისი ხელი, მისი სიტყვა ჩემი მცველი, ჩემი იმედი იყო. მე სექვეზე დაგებულ ლოგინში ვიწექი. ნენეს ლოგინი იყო, მე ხომ ჯერ კიდევ ნენესთან ვწვებოდი.
ნენემ ტაბლა-სუფრა, ბუხართან ახლოს, სექვთა შორის ჩადგა, ზოგისთვის ჯორკოებიც მიუდგა. კეციდან ვეებერთელა სქელი, მხურვალე ჭადი ამოიღო და შუაგულ ტაბლაზე დადო;
ახალამოღებული ჭადი მომეცხუნა და მესიამოვნა. ნენეი მთელი ოჯახის შეყრამდე ჭადს არ გატეხდა. ემსილე არ ჩანდა, ამიტომ ჭადიც ჯერ ხელუხლებლად იდო.
ბოლოსდაბოლოს აყვირდა მამა.
- ჰად წაეთრია ეგ ღორიშვილი, ა?!
დედას შეუღრინა. ყოველთვის, ყველაფერში ხომ დამნაშავე დედა იყო თითქოს.
მამას ჩვენი გალახვა არ სჩვეოდა, მაგრამ იმისთანას დაიყვირებდა, ოდა კრაჭაკრუჭს დაიწყებდა. ჩვენი ძვლები კვეს აბედივით ცეცხლებს დაყრიდა. მურთაზი იტყოდა ხოლმე, მან დაყვირებას გამლახტს მირჩევნიაო.
ნენე უსიტყვოდ წამოდგა და გარეთ გავიდა, გარეთა კარის ჯახუნიც გავიგონე. მივხვდი, დედა წვიმაში, ქარში მარტო სადღაც მიდის. ძმას შევხედე, ვითომ მინდოდა მეთხოვა, გაყევი ნენეს-მეთქი,მაგრამ მერთაზა თავისით წაყვა.
შუაღამეწე ვიღაცამ დაიძახა გარედან. დედაჩემი და მურთაზი (მერე გაირკვა) თურმე საბძელში ისხდნენ მამაჩემის შიშით. იმ ვიღაცის ძახილზე ისინიც შინ შემოვიდნენ.
- ალიავ, ჭო! - განმეორდა ძახილი, მამა ადგა და წავიდა. ხმა მეცნო. უსტამირას ხმა იყო ნამდვილად.
გვერდით ოთახში შეიჭუჭკნენ, უსტა ხმამაღლა იცინოდა, ალბათ გულმოღრუბლული ალიასათვის ჯანღი ჯავრისა ოდნავ რომ გაეფანტა.
- აიშევ, გო! - გამოსძახა დედაჩემსაც ამირამ - მურთაზავ, შენც მოი,. კაცი ხარ ახლა, იცოდენა ჰიმკენ მივა ცხოვრება, - დაარიგა ჭკუა უსტამ.
ლოგინში, იქვე კედლის მიღმიდან, ყველაფერი მესმოდა. ისედაც მივხვდი ჩემი ბაღნური ჭკვით, რომ ემსილეს გამო იყო ჩოჩქოლი, ფუსფუსი.
- ალიათ, შენი ემსილეი რიზასთან მივიდა, ძიავ, ამას ახლა ყიამეთები აღარ ჭირია. ობოლი, უქონელი ბიჭია, მარა რადგან უნდებიან ერთიმეორე და ასე გადუუწყვეტიან, ახლა ამის ფუშვა ცოდვა იქნება. ჰაით, - დამიჯერე მე! გინდა ელჩათ ჩამთვალე, გინდა მაჭანკლათ, გინდა შვამავლათ. ჰაით!;
სიჩუმე ჩამოდგა, მამა ხმა არ იღებდა, დედაჩემი კი ბაბას წინ რაფერ წაუსწრებდა, თვალწინ წამომესახა საძულველი რიზაი, იმ დღეს თავდაღმა რომ მიდიოდა და აღმა-აღმა, ჩვენსკენ კი იყურებოდა, ახლა მივხვდი, თურმე ემსილესკენ გაურბოდა თვალი. მერე, ის წაბლის ხეც ძგეფა და წააქცია. მამაჩემის წაბლის ხე.
- რაი, გოგო მომტაცეს?!
- არა, ალიავ, რატომ ამბობ უკუღმა, თვითონ მივდა-მეთქი.
- ჩემი მივდა მასთან? - გადაირია მამა.
- არაა გლახა საქმე, ალიავ, დამიჯერე მე. არაა გლახა საქმე.
- ჭო, რაითნა იცხოვრონ მემრე. ეგ ნამორბედალი, ფუხარა… - ჩაუწყდა ბაბას ხმა.
- ფუხარაა? ალიავ, რანდა გითხრა იცი? - ა, კოლექტივი მოდის, ყველაფერს წეიღებს და სუყველაი ფუხარა ვიქნებით. იღბალა, ვნახოთ, ჰაითაც ყველაი - იქით ჩვენც.
- ემსილეი ამას არ იქმოდა. - ჩაიკუნკულა დედაჩემმა.
- იქმოდა, არ იქმოდა, წაით და კითხეთ.
- ვუჩივლონა! - დაემუქრა მამა.
- ჭკვას დუხმე, ნუ ებლაყუნები, ჭო! - კიდევ ერთხელ დინჯად დაარიგა უსტამირამ და კედლების კრაჭუნზე შევატყვე, წასასვლელად წამოდგა.
- ბაბი, მოვკლა რიზაი? - ჩამესმის მურთაზის ხმაც. ვაჟკაცობა გამოიჩინა, მამა დაამშვიდა ვითომ, მეტი ვეღარაფერი გავიგონე. ყველანი გარეთ გავიდნენ.
რამდენიმე დღეში მიეწყ-მოეწყო, მიჩუმ-მიწყნარდა, მოლაგ-მილაგდა ყოლიფერი. მთებზე მოთოვა. მწოლიარე, მინაჩაუსმელ ფანჯრის ღრიჭოში ვხედავდი, როგორ დაბლა-დაბლა ჩამოდიოდა ზამთრის სითეთრე და როგორ მძლავრობდა სიცივე. მალე თოვლი ჩვენს ფიჭვებზე და სხვე ხეებზეც დავინახე ლოგინიდან…
უცებ, მარტო შინ დარჩენილმა მურთაზამ ბაბას მაჭახელა მონახა. მოიტანა, ცეცხლისპირას დაჯდა და რაღაცეებს ხიტინი დაუწყო.
- მოკლანა რიზაი, მურთაზავ, ხომ! - ვკითხე ძმას.
- არაა მაი შენი საქმე, ეგდე მაქა! - გამიჯავრდა.
ტყვიის ნაჭერი ძირს საჯით (კეცზე დასახური თუნუქი) დააგორგვალა. რაღაღა შავი ფხვნილი ჩაყარა თოფის ტუჩში, ჭინჭებში გაკოჭილი ის ტყვიაც ჩატენა და მურთაზი სადღაც გაიპარა, გარეთ კი თოვლი ბარდნიდა. შევშინდი, მაგრამ ენა ვერ დავძარი. ფეხი თითქოს აღარ მტკიოდა, თუმცა, განძრევა არ შემეძლო.
ვუძახე დედას. ვუძახე ზიქრის, ვუძახე ფადიმეს. არა და არა, არავინ არსად ხმას არ იღებდა.
შებინდებულზე ეზოდან ხმაური შემომესმა. ო, როგორ მინდოდა აღდგომა და ერთი გარბენა. წოლა და ავადყოფნა ყველასათვის ძნელია, მაგრამ ბავშვისთვის ლოგინზე მიჯაჭვა ალბათ ასჯერ უფრო დიდი უბედურებაა.
- ეს რაა, ჭო, ტახი მოუკლავს მურთაზას! - იძახოდა ვიღაცა.
შინაურებიც შეყრილიყვნენ, თან წუხდნენ, თან უხაროდათ, რომ ბიჭმა მართლა ნადირი მოკლა და არა კაცი.
- რათნა ვიხმარო ახლა ეს ღორი?! - გავიგონე მამაჩემის ხმა.
- ბაბი, ავკასპავ და ქეთო მასწავლებელს ვაჩუქებ, ა? - გამოფხიზლდა მურთაზი.
- ჰო, კაი, ბაბი, მუტანე, აჰა,. გადაგდება ბრალია, ჩვენებური მაგას ხომ არ ჭამს.
ქეთოს თურმე ძალიან გაუხარდა ასეთი საჩუქარი, მაგრამ უსტამირას ოჯახში მასწავლებელს არც ტაფა, არც კარდალი არავინ ათხოვა, რომ შიგ ღორის ხორცი მოეხარშა, ან შეეწვა. თურმე ისეთ თითო ნაჭრობით, ღუმელში, ნაკვერცხლებზე დააგდებდა ხორცს, შეაშიშინებდა და შეჭამდა, ნახევარიც ზამთრის არდადეგებზე თავის სახლში წაუღია, გურიაში. ასე გახდა მურთაზი მონადირე. ემსილე კი რიზასთან დარჩა.
ფეხი რომ მომირჩა და სიარული დავიწყე, ფადიმე და მე მივიპარეთ ემსილესთან და ვნახეთ. ლამფით შემოჭედილ ნალიის ქვეშ ცხოვრობდნენ ემსილე და რიზა. შესვლისთანავე "გულიაღის- - სუნამოს სუნი მეცა, ემსილე ტირილით დამეტაკა, გულში ჩამიკრა და გიჟივით მკოცნა.
მეც ბაღნურად ვიფიქრე, ასე თუ ვუნდოდი, რაღას მირბოდა შინიდან, მართლა სულელი უნდა იყო, ადგე, საკუთარი დედ-მამა, ძმები, დები მიატოვო და ვიღაცა რიზასთან გაიპარო სამუდამო საყოფნელად და გადაგრევენ ეს ქალები!
ამასობაში საიდანღაც რიზა შემოვიდა, დაგვინახა, გვიცნო, პირზე გაწითლდა ოდნავ. შორიდან როცა ვხედავდი, ბებერი მეგონა, ახლა კი, ნალიისქვეშ,. ბაღანკაცი მეჩვენა, ფადიმემ ჩამჩურჩულა, სიძეა ეს, მიდი, მოეხვიეო, მე პირი ვიბრუნე, რიზაი მძულდა. აბა, რატომ არ გამოუშვა ჩემთან, რად არ დააბრუნე ემსილე?
რიზას "აზიაცკები- ეცვა. ისე ვიწრო, რომ წვივები პირდაპირ ხეთქავდნენ ყელებს. ეტყობოდა, წვერი ბლაგვი დანით თვითონვე მოეპარსა, სულ დაჩეხილი ჰქონდა ნიკაპი და ყია (ყელი). ხელში ერთი კამეტი ჩამჩარა.
კამფეტმა ისე მოულოდნელი სიამოვნება მაჩუქა, მოვლბი, შინაგანად შევურიგდი რიზას და ვაპატიე ყველაფერი. სიძე საყვარელიაო, მეჩურჩულებოდა ფადიმე, მაგრამ ამაში კამფეტის შემდეგაც სხვა აზრისა დავრჩი.
ემსილემ სკივრიდან შაქრის ნატეხი ამოიღო და გამომიწოდა, გამოვართვი და გულის ჯიბეში ვიკარი. შაქარს იმ წეღანდელი სუნამოს სუნი უდიოდა.
- ემსილევ, წამოი ახლა შინ. ამდენიხანია წამოსული ზარ, არ გეყო? წამოი ახლა, - შევეხვეწე უფროს დას. პასუხის მაგიერ ემსილემ ისევ ხვევნა-კოცნა ამიტეხა და სიცილში ტიროდა, სულ ცრემლებით გამლურთხა.
უცებ დაფხრეწილ შარვალზე დამაკვირდა, ისევ თავის სიკვრს მივარდა და იქიდან მელნისფერი ტილოს ნაჭერი ამოიღო, მოიტანა და მხარზე გადამადო.
- ზიქრი კაი გალიფას შეგიკერავს, მოგიხდება და მემრე ჩემთან გამოხვალ. - დამიხატა ბედნიერი მომავალი ემსილემ.
უარი არ მითქვამს. ნაჭერი იღლიაში ამოვიჩარე და მალე ფადიმესთან ერთად შინისაკენ გავემართე.
როცა მოვდიოდი, სულ მომავალ გალიფეზე ვოცნებობდი. ახლა ამის შეკერვას არ იტყვი? ხელის საკერავი მანქანა მარტო ერთ ქალს ჰქონებია, სადღაც ქვემოთ, ხიდთან. იმასთან ბაბაი ხომ ზიქრის არ გაუშვებს. ხელით შეკერვა? რა უჭირს, ზიქრის კარგი ხელობა აქვს, ნემსს ახლო-მახლოს ამოუგდებს, ძაფს ისე თანმიმდევრულად და ისე თანასწორად გაანაწილებს ნაკერზე, რომ ვერც ვერავინ მიზხვდება, ეს მანქანით ნაკერია თუ ხელით.
ხო, ხო, რას შევაშურებ ბაღნებს, გალიფეთი რომ ჩავივლი ჩვენ უბანში! დამედევნებიან, შემათვალიერებენ, ხელსაც წამოიღებენ, მაგრამ ნურას უკაცრავად, - თისაც არ წავაკარებინებ ჩემს გალიფეზე.
მამაჩემმა, მე და ფადიმე კინაღამ გაგვლახა, რატომ მიდით იქა ჩემ უკითხავადო.
ახლაც ყველაფერი დედაჩემს დააბრალა, შენ მოწმობ ამასო. ემსილეც შენ გაატანე გიაურსა და უქონელსო, თვარა ამფერ რაცხას მე არ მიზამდა ჩემი გაზრდილი ციცაიო. დედაჩემი გალახულივით უსიტყვოდ გაიპარა სადღაც.
- მეეთრიე, ჭო, აქა! - იჭექა ბაბამ.
მოვბრუნდი და იღლიის ქვეშ შემალული ნაჭერი გამომგლიჯა.
- შეხედე იმ გიაურს, თვითონ საჯდომი უჩანს და ვითამ ჩემსას ასაჩუქრებს! უნამუსო მაგი.
არც გაუშლია ჩემი საგალიფე ნაჭერი, მოახვია და ბუხარში ჯუჯგა. ცეცხლი ჩააბლებული იყო, მარა მითვლემილმა ნაკვერცხლებმა გემრიელი ლუკმა რომ იხილეს, იმწამსვე გამოიღვიძეს.
ჯერ ფუტი შემოეხვია ირგვლივ, მერე ქვეშიდან წინწკლები წითლად აკამკამდნენ, მერე კი, მალე მომწვანო ალი აპიპინდა, სულ მთლად მოედო, სულ მაღლა, მაღლა აბრიალდა და ჩემი საგალიფე, ჩემი ერთადერთი ოცნება, ცეცხლმა ჩაყლაპა.
- სიცოცხლეში აქ მოსული არ დევინახო მაგი მოღალატე, მაგი! - დაიჭექა მამაჩემმა ემსილეზე და ბრაგა-ბრუგით თავადაც გარეთ გავარდა.
უნდა მეტირა, მახრჩობდა ტირილი, მაგრამ მამის შიშით ვერ ვტიროდი. ის კი, ეზოში რომ გავიდა და იქ ვერავინ დაინახა (მაინც დედაჩემს ეძებდა, ეტყობოდა), ჯავრიანი ისევ უკან შემობრაგუნდა, ავიდა ჭერში, ამოალაგა გვერდიდან ჩლეჩილი ყველის დაბწნილი კვერები, ამოთალა ქოთნიდან გასულ ზაფხულს ნაგროვები კარაქის ნარჩენი, ჩაალაგა ხის მოზრდილ კოლოფში, ჩამოვიდა, ჩაიცვა ფეხზე ტყაპწაშებული შეძველებული წუღები, მოიკოჭა თავზე ძიგვას ფერწასული ყაბალახი, მოიგდო მხრებზე დაქლექილი, ბოლოგადახეული ჩოხა და უღიმილოდ, უკანმოუხედავად, მამაჩემი, სადღაც უცნობეთისაკენ გაემართა.
კარგა ხნის მერე გამოჩნდა ნენეი. მურთაზამ შეშა დააპო და ცეცხლი მეორედ მოვანთეთ. იქ ჩემი საგალიფე ჩაფერფლილი, ჩაშავებული ისევ ისე, თითქოს დაკეცილი იყო. როგორც კი მურთაზამ შეშა ჩააგდო, ის შავად შეყენებული ფერფლი ჩაიშალა, ჩაინგრა და ჩაიფშვნა. არ მახსოვს, რამდენი დღე გავიდა.
ერთ დილაზე უცნაურმა სენმა გამომაღვიძა, დედა ამდგარიყო. ოდაში (ოთახს ოდას ვეძახდით) კი არავინ ჩანდა. უცებ, თვალი მოვკარი, ბალიშისქვეშ რაღაც წითლად ჩანს. უმალვე ხელი წავავლე და გამოვაძვრე, წითელი, ლამაზ-ლამაზი წუღები იყო, მივხვდი, ღამით მამა ამოსულიყო და ჩემთვის ამოეტანა. იქით სექვეზე "ყაზმირის- ბლუზა-შარვალიც გაშლილად ეყარა.
ფანჯრის ღრიჭოდან დილის შუქი ისე იჭრებოდა, რომ ყველაფერს კარგად ხედავდა, სექვიდან სიხარული გადმოვგორდი.
ბრუდასხმულმა სასწრაფოდ ფეხი ვკარი შარვალში, ამოვიცვი და კინაღამ ვიტირე, - შარვალი გულამდე ამივიდა, ბოლო კი ჯერ იატაკზე ეთრეოდა. წელი რომ საშინლად ფართო იყო, ამას ჩემი ბაღნური ჭკვით აღარ უჩიოდი, - რამენაირად ძველი ხვანჯრით შევიკრავ-მეთქი, ვიმშვიდებდი თავს. შარვალს ხელი გავუშვი და "ბლუზას- ვეტაკე. სახელოები ამოვიკეცე, მაგრამ დანარჩენი, რაც იყო, კაბასავით დაბლა გაკორწიალდა. არც ამაზე ვიჩივლე დიდად, ვთქვი, შარვალში ჩაიმალება-მეთქი. მთავარი მაინც წუღები იყო. წითელ-წითელა, წვერამოწკეპილი, ტყავის ძირიანები, ყაითნებით და ზედ, კიდევ ცინცქილა აბზინდებით.
ჩამოვჯექი სექვეზე და, როგორც ბებიას მასწავლა (მამაჩემის დედინაცვალი, ჩვენ რომ დიდ ნენეს ვეძახოდით, სადღაც ზღვისპირზე ცხოვრობდა, ჩემს უმცროს ბიძასთან; ზაფხულობით მარჯვენაზე ამოიცვი, მერე მარცხენაზეო, ისე უნდა ჩამეცვა. იმ დღემდის ბებიას დარიგება არ გამომიყენებია, ანდა რაში უნდა გამომეყენებინა…
წუღაში ჯერ მარჯვენა ფეხი შევყავი, ქუსლი წავუკეცე, როგორაც მამა შვრებოდა ისე და… ვაი, ღმერთო, კინაღამ გული გამისკდა, - ფეხი შიგ ვერ ჩავატიე, წუღა პაწაი დამირჩა. რა არ ვცადე, როგორ არ ვიწვალე, არ იქნა.
გულდაწყვეტილმა და უბედურმა, თითქმის ტირილმოწოლილმა, გავიძვრე და შიშველ ფეხებზე ყურება დავიწყე. იქნება ფეხების ოდნავ დაპატარავება რამენაირად მოხერხდეს-მეთქი, ვფიქრობდი, აბა, იმფერ გადასარევ წუღებზე ხელის ხლების ნებას ხომ არავის მივცემდი.
თანაც მეგონა, დანაგალი დაჯეჯგვილი, შიშვლად ნარბენი, იმდენი ეკლებით გამოტენილი, დასიებულ-დასქელებული ფეხები კაი დალბობა-დაბანისა და დაფხეკის მერე, ალბათ, ჭკუაზე დადგებიან, დაპაწავდებიან და წუღებშიც მშვიდად ჩავლენ-მეთქი.
ამიტომ, მამაჩემის მოტანილი წითელი, წვერამოწკეპილი წუღები, თავის აუტანელი, მაგრამ ალბათ "კულტურული-, ჩემთვის გაუგებარი სუნით, ისევ ბალიშის ქვეშ შევფალი, სადღაც ჩემი მაშინდელი ბაღნური მიხვედრილობის გუმანის თუ ჭკვის კუჩხეში მაინც ბჟუტავდა მცირე იმედი, რომ ყველანი მოვლენ, შეიკრიბებიან, მოითათბირებენ და, ყველაზე ყოვლისშემძლე ბაბაი, აიღებს ამ ჩემს წუღას, თავის ცხელ სულს გადაუბერავს, პაწაზე გაწიწავს და ფეხზე მაინც მომარგებს-მეთქი. მაგრამ ყველა იმედი წყალში ჩამიცვივდა ("წყალში ჩამიცვივდა--მეთქი ამას ახლა ვამბობ, თორემ მაშინ, ჩემებურად, ბაღნურად ატირებულ გულში, მგონია ვთქვი, - თუ ეს "ჩაფულაი- ფეხზე არნა წამომეტიოს და ეს ჩემთვის ჩამოტანილი ჩაფულაი უნდა ჩამომართვან, უჩუმრაი ჩავალ გორალუბნის ღელესთან და იმ ყრალ ჭინჭყოში თავს დავიხრჩობ-მეთქი).
მოვიდნენ, სუყველანი შეიკრიბნენ, ბევრი ეცადნენ, მაგრამ ჩემი დანაგალ-დაჩხვლეტილი, უფეხსაცმელოდ, უშნოდ გაბრტყელებული, დალავაშებული ფეხები იმ წყეულ წუღაში ვერასგზით ვერ შებიძგეს. ყველა ტანჯვა-წვალებას ავიტანდი, - წაეწყვიტა, წაეტყვაფჩა თითები, არ ვიჩივლებდი, ავიტანდი, არ ვიტირებდი, მაგრამ არ იქნა, ვერ ჩამატიეს იგი ავადსახსენებელი, ძაღლის ნაკბენივით დაუვიწყარი ჩაფულაი. მაშინ მამას ძალიან შევეცოდე, თავადაც თავზე შეიდო ბრალი და მითხრა:
- კაი ახლა, არ გეწყინოს, შუქრავ. აფეი არაა მაი, ჩევალ და გამუუცლი. ჰო, არ გეწყინოს, ჰო, ბაბი, არ გეწყინოს, - ისე შემეხვეწა ბაბაი, ისე მომეფერა, თავი დავღუნე და მოწოლილი კურცხლები დავუმალე.
კაცი ყველაფერს და ყველა უბედურებას ეჩვევაო, იტყვიან. ეს ახლა ვიცი, თორემ მაშინ ჩემებურად, ბაღნურად, გულში გლოვა მქონდა.
გადიოდა დღეები, მამაჩემი ვერსად ვერ მიდიოდა. ჩემი ჩაფულას დარდი აღარავის აწუხებდა. ბოლოს, ნენემ წუღა რიზალის წიაპა ბიჭს ზაალის მისცა. არა - დედამისს ორ დედალში გაუცვალა. მერე რაი? არაფერი, რავარც იტყვიან, მე ხვიტი დამრჩა. მე საზამთროდ ისევ ქალამანი შემიკერეს, ისიც ბალანგაუფხეკავი. ის ჩასაცმელებიც ვერ მოვირგევი და ის ჩასაცმელებიც ნენემ ვინცხას რაცხაში გაუცვალა.
წიაპა ზაალი, რიზალას ბიჭი კი, შემძულდა. იმ დღიდან სამუდამოდ შემძულდა, ჩემი წუღები წამართვა და ამიტომ შემძულდა.
ერთხელ ნენეს წისქვილში წავყევი და ის წიაპაი ზაალი შეგვხვდა, ნენემ რომ ის დაინახა, კალთა მომაფარა, ჩემმა ბაღანამ არ შეხედოსო, თავისი წითელი წუღები თავიდან არ მოიდარდოსო, მაგრამ მე მაინც დავინახე.
ლეშხის ღერტივით აწვერილი, წვრილი და მეგრულა მოზვერივით წითელი ზაალი არხეინად, ლირწულად მოდიოდა. რა ენაღვლებოდა?
















