ნაწყვეტი ნაწარმოებიდან - „უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება“
...ზოგჯერ გაიგონებთ,კლასიკოსების შესწავლა თანდათან ადგილს უთმობს უფრო პრაქტიკული საკითხების შესწავლასო, მაგრამ გონიერი ადამიანი ყოველთვის მიმართავს კლასიკოსებს, განურჩევლად იმისა, რომელ ენაზე წერდნენ ისინი და რომელ ეპოქას ეკუთვნიან.
ვინ არიან კლასიკოსები, თუ არა ადამიანთა უკეთილშობილეს აზრთა ჩამწერნი? მხოლოდ კლასიკოსები არიან ის ორაკულები, რომლებიც ყველაზე თანამედროვე კითხვებზე იძლევიან პასუხს... კლასიკოსების შესწავლაზე უარის თქმა იგივეა, ბუნების შესწავლაზე ავიღოთ ხელი იმის გამო, რომ იგი ძველია.
ნამდვილი კითხვა - კარგი წიგნების თავდავიწყებით კითხვა - კეთილშობილური საქმეა და ადამიანისაგან ნებისმიერ ყოველდღიურ საქმიანობაზე უფრო მეტ ძალას მოითხოვს. მკითხველს ისეთივე წვრთნა სჭირდება, როგორიც ათლეტს, მთელი სიცოცხლე მიზნის მისაღწევად რომ გადაუგია. წიგნები ფიქრით, განსჯით იწერება და ასევე დაფიქრდებით, გულდასმით უნდა წავიკითხოთ. ისიც კი არ არის საკმარისი იმ ენაზე ლაპარაკობდე, რომელზეც ეს წიგნები შეიქმნა, რადგან ზეპირი და წერილობით მეტყველება - ენა, რომელსაც ვისმენთ და ენა, რომელზეც ვკითხულობთ - ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება.
ორატორთა მიერ დროდადრო ამოფრქვეული მჭევრმეტყველება ზოგჯერ დიდად გვხიბლავს, და მაინც, დიდებული წერილობითი ძეგლები მუდამ ისევე იქნება ამაღლებული მსწრაფლწარმავალ ზეპირმეტყველებაზე, როგორც ვარსკვლავებით მოჭედილი ცის კამარა - ღრუბლებზე. არსებობს ვარსკვლავები და არსებობენ ადამიანები, ვისაც მათი კითხვა შეუძლიათ...
ორატორი ცვალებად შთაგონებას ემორჩილება და ელაპარაკება თავშეყრილ ხალხს, ვინც მას უსმენს, მწერალი კი მიმართავს კაცობრიობის გულსა და გონებას, ყველა დროის ყველა ხალხს, რომელიც მის გაგებას შეძლებს.
განა გასაკვირია, ალექსანდრე მაკედონელს ლაშქრობებში ძვირფასი ზანდუკით „ილიადა“ რომ დაჰქონდა?! დაწერილი სიტყვა განძთა შორის უძვირფასესი განძია.
წიგნები კაცობრიობის საუნჯეა, რომელიც მემკვიდრეობით ერგო თაობებსა და ერებს. უძველეს და საუკეთესო წიგნებს ლამის ყოველ სახლში აქვთ თაროზე ადგილი მიჩენილი. მათ არ სჭირდებათ თავიანთი უფლებების დაცვა; ისინი გონებრივ საზრდოს აწვდიან, ანათლებენ მკითხველს და სათანადო პატივისცემასაც იმსახურებენ. მათი ავტორები ყოველი საზოგადოების ჭეშმარიტი არისტოკრატები არიან და ყველა მეფესა და იმპერატორზე უფრო მეტი გავლენა აქვთ კაცობრიობაზე.