მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 9893 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ბედნიერება-უბედურებას შორის არჩევანის უფლებაწართმეული ადამიანი

 

სოლომან მორბელაძე, დავით კლდიაშვილის სხვა გმირების მსგავსად, ტრაგიკული კაცია. არადა, ნაწარმოების სიუჟეტი რომ სქემატურად გადმოსცეს კაცმა, გაგეცინებათ, რა ტრაგიკული ამბავი აქ არის მოთხრობილიო, - იფიქრებთ.

როგორც წესი, ტრაგედიის კლასიკურ სიუჟეტში ხომ დიდი, ამაღლებული ვნებები ბობოქრობს და მთავარი გმირები ან თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს, ან თვალების დათხრით ან სხვა უღებს მათ ბოლოს. ვინც ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს კლასიკურ სიუჟეტებზე აგებულ ტრაგედიებს წაიკითხავს, სწორედაც ეჭვი გაუჩნდება, ოიდიპოსის, ორესტეს, ელექტრას ტრაგედიასთან ამ ჩვენი სოლომანის უბედურება რა მოსატანიაო. ან რაღა შორს წავიდეთ. გაიხსენეთ, რა ამაღლებული განცდები იქცა ვაჟა-ფშაველას ალუდა ქეთელაურის ტრაგედიის საფუძვლად.

მაინც როგორ პერსონაჟს შეიძლება ვუწოდოთ ტრაგიკული და როგორ სიუჟეტს ტრაგედია? განა შეიძლება ყველა გმირს, რომელსაც ფათერაკი და, გნებავთ. უბედურება გადახდება თავს, ტრაგიკული პერსონაჟი დავარქვათ? ცხადია, არ შეიძლება.

უბედურსა და ტრაგიკულ პერსონაჟს შორის განსხვავება ის არის, რომ, თუ პირველს უბედურება შეიძლებოდა თავიდანაც აეცილებინა. ან თუ პირველს შემთხვევით დაატყდა თავს ფარსაგი ამბავი, მეორე, თუ შეიძლება ასე ითქვას, კანონზომიერადაა განწირული. ანუ მეორეს, არჩევანის უფლება ბედნიერება-უბედურებას შორის არ გააჩნია.

უფრო კონკრეტულად ვთქვათ, დათიკო (ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობიდან“) უბედური კაცია და არა ტრაგიკული. ვინაიდან რომ გამოეჩინა ელემენტარული კეთილგონიერება და ცხოველურ ჟინს აყოლილს ფეხქვეშ არ გაეთელა სხვათა ღირსება, სიცოცხლეს ძუძუმტის ტყვიით არ დაასრულებდა.

ტრაგიკულ პერსონაჟს კი, როგორც ვთქვით, არჩევანის უფლება არ გააჩნია.

ოიდიპოს მეფე, წერამწერლის მიერ წინასწარ განსაზღვრული განაჩენით. უნებლიედ მამის მკვლელი და დედის სარეცელის მოზიარე აღმოჩნდება. ამ ამბის შეტყობის შემდეგ, თებელთა მეფეს ბედნიერება-უბედურებას შორის არჩევანის უფლება აღარ რჩება. არჩევანი მხოლოდ ორ უბედურებას შორის აქვს, თავლაფდასხმული უბედურ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის და იგი თვალებს ითხრის, რათა დაიბნელოს მისთვის დედინაცვლად ქცეული სამზეო. 

არც ალუდა ქეთელაურს აქვს დატოვებული არჩევანის უფლება. თუ თემს დაემორჩილება, საკუთარ თავს ზნეობრივ აუტოდაფეს მოუწყობს, ხოლო თუ უერთგულებს სინდისის ხმას, თემისაგან იქნება მოკვეთილი და ოჯახიანად სოფლიდან ოტებული. ალუდას არჩევანიც ორ უბედურებას შორისაა გახიდული - ან ზნეობრივი სიკვდილი, ან ფიზიკური და იგი ამ უკანასკნელს ირჩევს: 

„ერთი მაისმა შორითა

მწარე ქვითინი ქალისა“... 

სოლომან მორბელაძეც ტრაგიკული გმირია. კლდიაშვილის პერსონაჟებსაც არ გააჩნიათ არჩევანის უფლება ბედნიერება-უბედურებას შორის, მაგრამ ამ თვალსაზრისითაც დავითის სამყაროში ყველაფერი თავდაყირა დგას. არსით ყველაფერი ისეა, როგორც კლასიკურ ტრაგედიებში: ცხოვრების გზაჯვარედინზე დგას ადამიანი და არ აქვს გზის არჩევის უფლება, ვინაიდან ყველა გზა უბედურებისაკენ მიდის, უფრო სწორად, ერთადერთი უფლება აქვს შერჩენილი, რომელი აირჩიოს ფიზიკურსა და ზნეობრივ სიკვდილს შორის. ვიმეორებ, არსით ასეთივე რამ ხდება კლდიაშვილის სინამდვილეშიც. აქ გმირებს გამოსავალი ვერ უპოვნიათ. ან შიმშილით დაცემა ან ზნეობრივი წახდომაა მათი ხვედრი, რათა პირველს ასცდნენ.

მაგრამ კლდიაშვილის პერსონაჟების ტრაგედია თუ არსით (არჩევანის არარსებობა ბედნიერება-უბედურებას შორის) - ჰგავს კლასიკურ ტრაგედიათა პროტაგონისტებისას, იმავდროულად ეს არსი ახალ დროში კარიკატურულ სახეს იძენს. თუ იქ, ვაჟასთან, ესქილესთან დიდი ვნებები ბობოქრობს, აქ დავითის სამყაროში, ტრაგიკული გმირია მაშვალი, რომელსაც თავის სამაშვლო საქმეში კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. სასაცილო და სატირალი კი ის არის, რომ კლდიაშვილის გმირები, მიუხედავად თავიანთი ფიქრების, მიზნების, ოცნებების სიპატარავისა, მიუხედავად არათუ ჰეროიკული, არამედ ძალიან ყოფითი წვრილმანი თავგადასავლებისა, სულაც არ არიან ნაკლებ ტრაგიკულნი, ნაკლებ ფიქრაწეწილნი, ვიდრე ზემოთნახსენები ტრაგედიების პერსონაჟები. რადგან ცალკეული ადამიანის ტრაგედიის ხარისხი იმით კი არ გაიზომება, ამაღლებულია თუ დამდაბლებული ტრაგედიის მიზეზი, არამედ იმით, თუ რა დღეშია თავად ადამიანი.

რა დიდ სხვაობასაც არ უნდა ვხედავდეთ, ვთქვათ, ალუდა ქეთელაუარის თემიდან მოკვეთის მიზეზსა და იმ როყიოდ ნათქვამ ფრაზას შორის, რაც შვილმა უთხრა თავსაფრიან დედაკაცს ერთი წყვილი წინდის გამო „შეგენანა განა?“ ამით ხომ ამ ორი ადამიანის სულიერი ღელვის ხარისხი არ იცვლება.

კლდიაშვილის გმირებისთვის, იმ წვრილმანი გეგმებით, რომელთა აღსასრულებლადაც დაჩაქჩაქებენ სოფელ-ქვეყანაში, მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. ამიტომ, ამ შეჩვენებული სოლომან მაშვალის გაცუცურაკებას, თავად რომ სამყაროს დაქცევად აღიქვამს, ტკივილიანი თანაგანცდით ხვდება მკითხველიც.

რამდენიმე წინადადებით გადმოვცეთ „სოლომან მორბელაძის“ ფაბულა.

ნაწარმოები იწყება იმით, რომ სოლომანის ოჯახს მოხუცი, გაძვალტყავებული აზნაური მისდგომია და ლამის ყელგამოწეული ევედრება ვალს, რომელიც მისი მართებთ.

სოლომანი პირობას მისცემს მევალეს, რომ სამაშვლო საქმის ჩამთავრების შემდეგ, საიდანაც სამოცი თუმანი ერგება, მოვალეს გაისტუმრებს.

ამ საქმის მოკვარახჭინებაზეა დამოკიდებული თავის მხრივ გაბეზრებული და სოლომანისათვის მომაბეზრებელი მოვალის მოშორებაც და თვით სოლომანის ოჯახის მომავალი არსებობაც, რაკი ამ უკანასკნელს სხვა არავითარი სახსარი არ გააჩნია.

სოლომანი თავს არ იზოგავს, დაწანწალებს მომავალ მოყვრებს შორის, რათა დროულად შერთოს ბესარიონ საქარაძის მშვენიერი ასული ელპიტე ქაიხოსრო ქათამაძის ვაჟს ნიკოიას და ამ გარიგებიდან ერთსაც დასცინცლოს სამაშვლო და მეორესაც.

ახალგაზრდები კი გააბედნიერა აზნაურმა მორბელაძემ (გვარიც მაშვლის, შუაკაცის, სოფელ-სოფელ მორბენალი კაცის კვალობაზე აქვს მწერალს შერჩეული), მაგრამ თავის გაჭირვებას ვერაფერი უშველა.

ხრიკებსა და მშრალზე დატოვებაში უცადნი, არც მისგან შეგულებული „გაფცქვნის“ ობიექტები აღმოჩნდნენ. ბესარიონმაც ჩაილურის წყალი დაალევინა შუაკაცის ოცნებას და ქაიხოსრომაც.

ქორწილის მხიარული სუფრიდან გამოქცეული, გაწიწმატებული სოლომანი მოაჯდა ჯორს და სულ ჭენებ-ჭენებით მოარბენინებდა ოღროჩოღრო გზებზე საწყალ პირუტყვს შავს ფიქრებში წასული:

„ღმერთმა დასწყევლოს, ღმერთმა! - თავისთვის ლაპარაკობდა სასოწარკვეთილებაში მყოფი უიღბლო მაშვალი - მშიერ, გაღატაკებულ კაცს რავა უნდა ენდო კაცი?! პატიოსნებაც დავიწყებული აქვს და სვინდისიც. ცოდვათაც აღარ მიაჩნია. თუკი რამე წაგღლიტა, წაგაფცქვნა, მოგატყუა, გაგაცუცურაკა! ყველაფერი დავიწყებული აქვს ამ ოხერი გაფშიკებული კუჭის გამოისობით. დასწყევლა ღმერთმა ხელმოკლე აზნაურის უსაშველო, გაძაღლებული ცხოვრება! რითი გამოაქვთ თავი, მეტი გზა რომ აღარ აქვთ? ტყუილი, ტყუილი, ყოველ ნაბიჯზე ტყუილი და უპირულობა! რა გამოვიდა ორი თვის ჩემი წანწალიდან? მოვატყუეთ, მომატყუეს და ერთი მოტყუებული ხვალ ან ზეგ კარზე მომადგება კიდევ. საშველი თუ მაინც მოგვეცემა როდისმე, რომ კაცური ცხოვრება გვეღირსოს.. ღმერთო, ღმერთო! სასოწარკვეთილებით წამოიძახა უკანასკნელი სიტყვები საბრალო სოლომანმა და მისი გული თითქმის სიბრალულით აივსო ყოველი ღვთის გაჩენილისა და დაჩაგრულისადმი; ამათ რიცხვში, რასაკვირველია, თავის ჯორისადმიც, რომელიც თურმე ბევრს ვერაფერს სიამოვნებას ხედავდა ღარიბი პატრონის ხელში. მაგრამ მაინც ყოველთვის მისი მორჩილი, ერთგული მოსამსახურე, ხანდახან ამხანაგიც იყო და რომელიც აგერ ახლაც თავდაუზოგველად მიაქროლებდა სახლისკენ თავის ნაღვლიანს, შავ-უკუღმა ფიქრებში წასულ ბატონსა“.

დავიმახსოვროთ სურათი ერთგული ჯორისა და მისი აღელვებული ბატონის დუეტისა ამასთან პირველთქმულს დავუბრუნდეთ.

რაში გამოიხატება სოლომანისა და თხზულების სხვა პერსონაჟების ტრაგედია? მოხუცი პლატონი, რომლის ვალიც სოლომანს მართებს და ურომლისოდაც შვილს სასწავლებლიდან გამოურიცხავენ, იძულებულია ან ეხვეწოს სოლომანს, ვალი დამიბრუნეო ან სამართალს მიმართოს და ძალით წაართვას მიცემული. არც მუდარით გამოსდის არაფერი კუდის რიკამდე გატყავებულ აზნაურ მორბელაძესთან და „სამართალშიც“ უფრო მეტს წაართმევენ და გააწამებენ, როგორც ამას სოლომანი იქადნება.

რა გზას დაადგეს პლატონი?

ბესარიონ საქარაძემ ან უნდა ითაღლითოს და ატყუოს მაშვალიცა და მოყვარეც, ანუ ან სული უნდა წაიწყმიდოს ყოველდღიური ტყუილებით და სხვაც გაამწაროს, ან მშვენიერი ელპიტე უნდა დაიტოვოს სახლში შინაბერად.

სოლომან მორბელაძემ კი უნდა აბითუროს ყველა მოვალეც, - სიძის ოჯახიც, საპატარძლოს სახლეულიც და ამით ორიოდ გროში იშოვოს, ან ამ ამბებზე უნდა აიღოს ხელი და დაელოდოს მამაზეციერს, როდის ამოხდის შიმშილით სულს, თუ იმედგადაწურული მოვალე როდის მოუღებს ბოლოს.

ერთი სიტყვით, ჭეშმარიტი ტრაგედიების დარად, არჩევანის უფლება კლდიაშვილის გმირებსაც მხოლოდ ორ უბედურებას შორის აქვთ. იმ განსხვავებით, რომ ისინი იმავდროულად სასაცილონი არიან პატარა ამბების გამო გამოწვეული დიდი სულიერი ღელვისა და იმ თავგადასავლების გამო, რომელსაც, როგორც წესი, უშედეგოდ ირჩევენ მდგომარეობიდან თავდასაღწევად.

მაღალი ადამიანური ვნებების ტრაგიკომიკურობა, ცხოვრებისაგან შემოთავაზებული გროტესკი - ყველაზე ლაკონურად კაცისა და ჯორის დუეტის იმ სურათშია გამოხატული, რომელზედაც ზემოთ შევაჩერეთ თქვენი ყურადღება.

ერთგული ჯორი „თავდაუზოგველად მიაქროლებდა სახლისკენ თავის ნაღვლიანს, შავ-უკუღმა ფიქრებში წასულ ბატონსა“.

ეს თხზულების ფინალია. ამგვარი პასაჟი ნაწარმოებში სხვაგანაც გვხვდება. მღელვარე ფიქრებით შეპყრობილი სოლომანი გადამჯდარა ჯორზე, რომელიც „გაფრინდა, რაც ღონე ჰქონდა, და თან თავისი აღელვებული მხედარიც გაიტაცა“.

არ შეიძლება ამ სურათმა და ამ ლექსიკამ „გაფრინდა“, „აღელვებული მხედარი“, „თავდაუზოგავად მიაქროლებდა“ „ნაღვლიანი. შავ-უკუღმა ფიქრები“ - იმ ნამდვილი მხედრის რემინისცენცია არ აღძრას, რომელიც ნამდვილ მერანზე ამხედრებული, შავად მღელვარე ფიქრით, სახლისკენ კი არა, სახლიდან რომ მიჰქრის შავ ბედთან საბრძოლველად.

ახლა წარმოვიდგინოთ, როგორი კონტრასტია მერანით მიმქროლი, მაღალი იდეალებით ანთებულ, შავ ბედთან მებრძოლ ბარათაშვილისეული ოცნების მხედარსა და ჯორით სახლისაკენ გაქცეულ, ასევე ბედთან მებრძოლ, მაშვლად ქცეულ აზნაურს შორის.

ასე რომ, დავით კლდიაშვილმა, თუკი ეს რემინისცენცია სხვისთვისაც გასაზიარებელია, თავისი გენიალური კალმით ვიზუალურადაც შეუდარებლად წარმოგვიჩინა ახალი დროის კნინობითი და ერთდროულად ტრაგი-კომიკური ყოფა.

 

ცოდნა სიკეთისა და სინათლის წინააღმდეგ

 

ცხოვრება არსებობისათვის და არა არსებობა ნამდვილი ცხოვრებისთვის, რაც ესოდენ მაღალმხატვრულად ასახა დავით კლდიაშვილმა, სხვა უამრავ პარადოქსებს შორის ერთ უკუღმართობასაც ხდის საცნაურს:

ცასმოწყვეტილი, სულიერებადაკარგული ადამიანი ყველა ქმედებას, ყოველგვარ მიზანს, ოცნებას, იდეალს უკავშირებს ერთადერთს - როგორმე გადაირჩინოს ფიზიკური არსებობა და, აქედან გამომდინარე, ადამიანური ვნებების ასპარეზზე, როგორც პოეტი იტყოდა, მგლური კანონი ღმუის.

სულიერ არსებათა შორის მხოლოდ ადამიანისათვის დამახასიათებელი ცოდნის შეძენის წყურვილიც კი მგლური კანონის აღსრულებას ემსახურება. კლდიაშვილის სინამდვილეში, როგორც სხვა განზომილებები ქცეულა ჭეშმარიტის კარიკატურულ გამოვლინებად, ასევე დამართნია იმას, რასაც ცოდნა ჰქვია.

ზნეობადავიწყებულ საზოგადოებაში ცოდნა გამოდის განათლების, ამაღლებულის, სიკეთის წინააღმდეგ. იქ, სადაც მეფობს მგლური კანონი, ჭკუა აღარ არის გონიერების სინონიმი. ჭკუას, მოხერხებულობას, საზრიანობას ენაცვლება საქმის მოკვარახჭინების, ხრიკების გაბმის ოსტატობა.

გაიხსენეთ მოხუცი პლატონის ვედრება სოლომანისადმი:

„რაცხა ეშმაკად შვილი შევიყვანე სასწავლებელში, ქე ვნანობ ახლა, ნამეტანი ხარკი უნდება... ბოვშვიც ტირის და იხვეწება, სასწავლებლიდან არ გამომიყვანოო... სწავლის ფული მაქვს შესატანი და ამისთვის მოვედი შენთან... რომ არ შეგაწუხო, მეტი გზა არა მაქვს. ვადაც ქეა გადასული, შენ რომ ფულების დაბრუნებას შემპირდი. ბოვშვს გამომიგდებენ და ნუ ჩადგები ჩემს ცოდვაში“

იმ სიბნელეში, დავითის პერსონაჟები რომ ცხოვრობენ, გამოჩნდა კაცი, სწავლის სიკეთე რომ შეუგნია და არაფერს იშურებს, რათა შვილი სასწავლებლიდან არ გამოუგდონ და სხვებივით ყრუელა არ დაურჩეს. მაგრამ თხზულების სრულად გადაკითხვის შემდეგ, თქვენ ხვდებით - სწავლის მოთხოვნილება მხოლოდ იმ მოთხოვნილებასთან არის დაკავშირებული, რომ სწავლულმა უფრო მოხერხებულად ატყუოს სხვა, ვიდრე ამას ყრუელა „უსტავლელი“ იზამდა.

ბესარიონ ქათამაძის სასიძო, მართალია აზნაური არ არის, მაგრამ მასზე პირდაპირ ნადირობენ, რათა სიძედ მოიკიდონ - „იმისთანა ყმაწვილები ასთუმნიან ქალებს არ ჯერდებიან“, ამბობს მაშვალი სოლომანი. რატომ მაინც, რომელი ავთანდილი ან ტარიელი ჰყავს ქაიხოსრო ქათამაძეს გაზრდილი?

საქმე ისაა, რომ ნიკოია სასულიერო წოდების კაცია, მღვდლებს კი საერთო გაჭირვების ფონზე უზრუნველი ლუკმა აქვთ. ეპისკოპოსი ნიკოს მღვდლად კურთხევას უპირებს, თანაც დიდმრევლიან ეკლესიაზე ამწესებს. ტყუილია თუ მართალი მაშვლის ეს სიტყვები, მთავარი არ გახლავთ. მთავარი ის არის, რომ მღვდლად შესაგულებელი კაცი სასურველი სასიძო ხდება, ვინაიდან სხვა გაჭირვებულებივით არ იცხოვრებს. მთავარი ის არის, რომ სასულიერო განათლებას იმიტომ ეწაფება ახალგაზრდა, იმის გამო იკლავს მშობელი თავს, რათა შვილს სასწავლებელი დაამთავრებინოს, რომ იცის, ღვთისმსახური ღვთის სხვა შვილებზე უკეთ იარსებებს, ცხადია, მათივე გაჭირვების ხარჯზე...

მართალია, ნიკო ჯერჯერობით სხვებს არ დამსგავსებია, მაგრამ მთავარია ის მუშტრის თვალი, რომლითაც მას უყურებს სოფელ-ქვეყანა, როგორც ნასწავლ, ანუ მომავალში უშრომელად ცხოვრების შემძლე კაცს.

ამდენად, „სოლომან მორბელაძის“ მიხედვით, ისე, როგორც ეს „ქამუშაძის გაჭირვებასა“ თუ „სამანიშვილის დინაცვალშია“, ცოდნა სწორედ იმის ანტიპოდადაა წარმოდგენილი, რასაც განათლება ანუ სხვისი ჭირით შეჭირვების უნარი ჰქვია. გაიხსენეთ „სწავლულები“: პორფირი ბიაშვილი, ბეგლარ ჯინჭარაძე, ივანე გვერდევანიძე, რომელთა ჭკუაც ფლიდობასა და ყრუელა ხალხის გაცუცურაკებაშია გამოხატული.

ერთი სიტყვით, დავითმა არსებობისათვის მებრძოლი ადამიანების ცხოვრების გადმოცემის ფონზე გვიჩვენა, რომ ასეთ საზოგადოებაში თვით ცოდნაც კი, ადამიანის სრულყოფილების საფუძველი, ადამიანისავე დეგრადაციის მიზეზად არის გადაქცეული. სამწუხაროდ, ჩვენი დროისათვისაც ესეც ერთ-ერთი ნაცნობი წყევლა- კრულვიანი საკითხი გახლავთ.

და ბოლოს, ყველაზე ტრაგიკომიკურ მდგომარეობაში კლდიაშვილის სინამდვილის მიხედვით ახალგაზრდა ქალები არიან.

საგმირო-სარაინდო და სატრფიალო რომანებზე აღზრდილი ქართველი გოგონა, რომლის თვალზე ცრემლი აკიაფებულა ვისისა და რამინის, ტრისტანისა და იზოლდას, ტარიელისა და ნესტანის სასიყვარულო თავგადასავლების თხრობისას, ვინც ელოდება თავისი ოცნების რაინდს, ახალ გაჭირვებულ ყოფაში აღმოჩნდება მწარე რეალობის წინაშე - რამდენი თუმნად გაიყიდება იგი?

„მაღალი, შავთვალწარბა, ლამაზი პირისახის ყმაწვილი ქალიშვილი, წელზე გადაგდებული ორი გრძელი ნაწნავით“ ამ ერთადერთი ფრაზით წარმოგვიდგენს მწერალი დარცხვენილ, დედის ზურგს ამოფარებულ ელპიტეს, რომლის გამოც ისეთი ვაჭრობა გაუმართავს სოლომან მორბელაძეს, ისე დაჟინებით იტყობინება სამამამთილო, შეთანხმებულ ფასს კაპიკი არ დააკლდესო, თითქოს მშვენიერი ასულის ნაცვლად ჯოჯოხეთის მაშხალას თხოულობდნენ.

იმ „ღირსსახსოვარ“ დიალოგებში, მაშვალსა და ქალ-ვაჟის მშობლებს შორის რომ იმართება, ლაპარაკია მხოლოდ ფულზე.

ბესარიონმა, ქალიშვილის მამამ, უნდა მისცეს ქაიხოსროს, სასიძოს მშობელს, ორმოცი თუმანი ფულად, ოცი თუმნის ვექსილი და ოცი თუმნის ბარგი!..

მაშვალს თავის მხრივ წილად უნდა ხვდეს ექვსი თუმანი.

როგორ იშოვოს ბესარიონმა ამდენი ფული? ხომ არ დაუკლებს ერთ ას მანეთს ქაიხოსრო საწყალ ბესარიონს? ხომ არ დაალევინებენ ჩაილურის წყალს სოლომანის სამაშვლო 60 მანეთს?

აი, დიალოგების თემა, ამ ადამიანებს რომ გაუმართავს, თითქოს საქმე მშვენიერი ასულის გათხოვებას კი არა, საახალწლოდ დასაკლავი ბურვაკის ყიდვა-გაყიდვას ეხებოდეს...

ერთადერთი, ვისაც არაფერს ეკითხებიან, ეს თვით ელპიტეა, ის კი არა, თუ ისეთი მსურველი გამოჩნდება, რომელიც ქალის მშობლებს ცოტა ნაკლებ თანხას დასჯერდება, მზად არიან „ნივთი“ ამ ახალ მსურველს უბოძონ. თავის მხრივ პროტესტსაც აზრი არ აქვს, ვინაიდან ასეა წესი, ან უნდა გადაიხადო, ან შინაბერად დაიტოვო ქალიშვილი...

რუსთაველის ქვეყნის ამაზე შორს წასვლა, ამაზე უარყოფითი სურათის წარმოდგენა აღარც შეიძლება. 

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ახალ დროს ახალი ადამიანები მშვენივრად მორგებიან...

 

* * * * * * *

 

მიაცილებს დიდი მწერლის მზერა სოფლის მტვრიან შარაზე ჯორითა თუ ბეხრეკი ცხენით მოჩაქჩაქე, მოტყუებულ მხედარს და თვალებში ირეკლება სინანულის, სიყვარულის, აღშფოთების ცრემლი მისი ყოფის გამო. მოიხედე უკან, შე მადლიანო, ჯორიდან ცხენზე, ცხენიდან ავტოზე, ავტოდან თვითმფრინავზე ამხედრებულო, ის მზერა ისევ მიგაცილებს! ისევ სინანულით, ისევ სიყვარულით, ისევ აღშფოთების ცრემლით, რადგან შენში არაფერი შეცვლილა ჯერაც...

 

- ნოდარ გრიგალაშვილი -

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ