მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 225 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ჩვეულებისამებრ, როდესაც ამა თუ იმ მწერლის შემოქმედების კვლევას ვიწყებთ, ვალდებულნი ვართ, გავეცნოთ და, თუ საჭიროება მოითხოვს, გამოვიყენოთ კიდეც ის წერილები, გამოკვლევები და მონოგრაფიები, რომელნიც საკვლევი მასალის ირგვლივ ჩვენამდე შექმნილა, მაგრამ ჭეშმარიტ პოეზიაზე წერისას ეს მხოლოდ „შავი სამუშაოს“ შესრულებას ნიშნავს.

ამ აზრს განსაკუთრებით გავუსვამდი ხაზს გალაკტიონის სამყაროს კვლევისას. არა იმიტომ, რომ გალაკტიონის უმშვენიერეს ლექსებზე ღირებული არაფერი დაწერილა, ბევრი რამ გამოქვეყნებულა ცუდიც და კარგიც, ტრაფარეტულიც და პოეტის შემოქმედების ღირსიც. (ამ უკანასკნელ ფრაზაში, ცხადია, არის გადაჭარბება. გალაკტიონის პოეზიის შესაფერი წერილი, ესეი, გამოკვლევა თუ მონოგრაფია, ძნელი წარმოსადგენია..)

და მაინც, ის ღვთაებრივი პოეზია რომ სრულყოფილად იგრძნოთ, რაც ლექსის ამ დიდმა ჯადოქარმა შექმნა, ვერავინ „გიშველით“, თუ თავად თქვენში ვერ მოიძიებთ იმ გრძნობებსა და განცდებს, იმ ტკივილებს, იმ უჩვეულო განწყობას, რაც პოეტს სულს უფორიაქებდა.

ვინც სიყვარულის ცეცხლზე არ დანავლებულა და ძილგამფრთხალს ღამის სიშავე, წვიმის ცრემლები და მარტოობის განცდა მძიმე ლოდივით არ დასწოლია, ვერასოდეს იგრძნობს და ვერცერთი მკვლევარი ვერ განაცდევინებს ამ სტრიქონების მაგიურ ძალას:

„ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი

თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,

აღარ გათენდება ღამე საზიზღარი,

რომელი საათია, რომელი საათია?"

ვინც სრული უმწეობის გრძნობას არასოდეს შეუპყრია, ვისთვისაც უცხოა აპათია და საშინელი განწყობით შობილი უსასოობა, ამ ნიადაგზე „ფარ-ხმალის“ დაყრა და ყველაფრისადმი გულგრილი დამოკიდებულების თუნდაც ხანიერი მდგომარეობა, მას ვერცერთი ნაფიცი კრიტიკოსი ვერ აუხსნის, თუ რატომ არის დიდებული ასე უბრალოდ ნათქვამი ლექსი, ლექსი, რომელშიც „დაჭერილია“ განცდა იმისა, როგორ შეიძლება მოჰგვაროს თავისმკვლელს უკანასკნელი გადაწყვეტილების უეცარმა მიღებამ გამაოგნებელი და დამთრგუნველი სიმშვიდე:

ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,

მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;

მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,

მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.


იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა,

გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.

წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,

სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.


თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,

ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.

ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,

როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.


როგორ, საიდან... არ იცის თვითონ.

ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.

მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,

ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.

ან ამ ლექსს როგორ აგვიხსნის ვინმე, თუ არ შევიგრძენით მთელი ტრაგიზმი ჩვენი ყოფისა, როცა იძულებით გვაძინებს მოსისხლე „გადია“, სულ ერთია პირად მტერს ვიგულისხმებთ „გადიაში“ თუ სამშობლოსას. და ჩვენც იძულებულნი ვართ, მძინარედ მოვაჩვენოთ მას თავი, იმ ბავშვივით, რომელსაც გალახვა არ ასცდება, თუ ძილის რეჟიმი დაარღვია, უფროსის ბრძანებაზე თვალები თუ მოჩვენებით მაინც არ დახუჭა... მაგრამ მათრახის შიშით თვალმინაბულში, მაინც მღვიძარებს ღირსების გრძნობა, კიაფობს იმედი ოდესმე სამაგიეროს მიგებისა, რაც ასატანს ხდის სულის დათრგუნულ ყოფას...

„მე მძინარე ვარ... ვწევარ და მძინავს,

დაე, მძინავდეს.

ხედავ ჩემს შუბლზე ღიმილს დამცინავს,

როდესაც ნანა გესმის ძიძების - ბევრს ეშინოდეს

ჩემი სასტიკი და ულმობელი

გამოღვიძების...“

თავის დროზე რომ არ დაეწერა ტიციან ტაბიძეს, იქნებ, ამის თქმა, მეტისმეტი ლირიზმის გამო, მომრიდებოდა კიდეც - გალაკტიონის ლექსთა კითხვისას, შეიძლება ბალიში დაინამოსო ცრემლით. მაგრამ თვალის ბადურა არ აუწყლიანდება იმას, ვისაც არასოდეს უგრძვნია ან უფიქრია, რა საშინელებაა, რა გაუსაძლისია უმზირო იმ ბინის გამოცარიელებულ კედლებს, სადაც ერთ დროს შენთვის საყვარელი ადამიანის სუნთქვა გესმოდა, სადაც მისი სიცილი იფრქვეოდა. მეუღლის დაპატიმრების შემდეგ ასეთ ტანჯვასადა მარტოობაში ჩამხრჩვალ პოეტს აღმოხდა:

„სარკმელი საღამომ და ფარდამ დაბურა,

სანთელი მბჟუტავი მთლად გაუდაბურდა -

მას შემდეგ რაც შენი სახება ბინდბუნდზე

სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა."

სახლის გამოცარიელებულ კედლებში კი მგოსნის სხეული დარჩენილა მხოლოდ, სული კი, სხეულის მოძრაობაში მომყვანი და სიცოცხლის მიმნიჭებელი, აბარგებულა, სხეულთან ყოფნა აღარ უსურვებია. ადამიანის დატანჯული ყოფის ამაზე უფრო მკაფიოდ გადმოცემა სიტყვებით განაღა შეიძლება?

„თვით ჩემი სიცოცხლეც იმ გზებით წავიდა,

სახლიდან გავიდადა აღარ დაბრუნდა“.

ერთი სიტყვით, არ დარჩენილა ადამიანურ გრძნობათა გამმაში არაფერი, გალაკტიონის, ამ სულის დიდი მესაიდუმლის მიერ ატეხილ გრიგალში თავის ექოს რომ არ გამოსცემდეს. მოკვდავნი კი ამ ხმებში ვგრძნობთ ჩვენსავე ადამიანურ ვნებებს, უკვდავ ენაზე გარდათქმულს.

ამიტომაც, ჭეშმარიტ პოეზიასთან მიახლოებას „შუამავალი“ ნაკლებად შველის, შუამავალი ჩვენივე სულიერი სიმდიდრე შეიძლება იყოს. როგორც არ არსებობს გრძნობათა ზღვარის დამდგენი ბარომეტრი, ასევე არ არსებობს ის ლიტერატურული სკოლა, მიმართულება, რომლის თეორიულ არტახებშიც დიდი პოეზიის მოქცევა შეიძლება.

ზღვას მხოლოდ ცალკეულ ადგილებთან შეიძლება ჯებირი აღვუმართოთ, მთლიანი რკალი კი მისი ტალღების ღელვა-ტორტმანს ვერ შეაკავებს.

გალაკტიონის პოეზიაც იმ ზღვას ჰგავს, რომლის მოქცევაც ცალკეულ თეორიულ არტახებში - რომანტიზმი იქნება ის, სიმბოლიზმი, რეალიზმი თუ ბოლშევიკთა მიერ შეთითხნილი სოციალისტური რეალიზმი - შეუძლებელია.

გალაკტიონმა თავისი პოეზიის „გასაღები“ თავადვე შემოგვთავაზა:

„ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს,

ის პოეზიას ჩემსას გაიგებს“.

ამით პოეტმა ყველაფერი თქვა მათთვის, ვისთვისაც ქართული გენის, ქართული ხელოვნების, საზოგადოდ, სულიერების განცდა ორგანული ნაწილია არსებობისათვის, ვისთვისაც მზის ჩასვლა-ამოსვლა სამყაროს მშვენიერებისა და ჰარმონიის ყოველდღიური სასწაულია და არა მხოლოდ ასტრონომიული სხეულის ციკლური მოძრაობის შედეგი.

ასე რომ, გალაკტიონის ლექსის წვდომას სწორედ ამ განწყობით ვეცადოთ.

არის სხვა მეთოდიც, ე.წ. მეცნიერული, სკრუპულოზური კვლევისა, რომელიც ზოგჯერ ისეა გაუკუღმართებული, რომ მეტისმეტი „სერიოზულობის გამო“ კაცს ღიმილს მოჰგვრის. გალაკტიონზე დაწერილი მშვენიერი მონოგრაფიის ავტორი რევაზ თვარაძე ირონიულად ამბობს:

„ჭეშმარიტ ლიტერატურათმცოდნეს მუდამ წინ უდევს ლექსიკონი. შეხვდება თუ არა ამა თუ იმ ლექსში საგულისხმო მხატვრული ხერხი, ჯერ თავისთვის დააზუსტებს კარგად - ალიტერაციასთან აქვს საქმე, სინეკდოქესთან თუ პლეონაზმთან. მერე უაღრესად ბუნებრივად, უშუალოდ, შინაურულად გვეტყვის: „ამ პერიოდის ლექსებში პოეტი ხშირად მიმართავს სინეკდოქეს. რაც შეეხება ანაფორას, მრავალი მაგალითის გახსენება შეიძლებოდა, მაგრამ დროისა და ადგილის სიმცირის გამო“ და ასე შემდეგ...

მერე თქვენ და მე აგრეთვე ხელთ ვიღებთ ლექსიკონს, უკვე ჩვენთვის ვაზუსტებთ ხსენებულ ტერმინთა მნიშვნელობას და თავს ვიმტვრევთ: ნეტავ რომელ ლექსებს გულისხმობდა განსწავლული ავტორი, რომელ ლექსშია სინეკდოქე და რომელში ანაკოლიფსი?“

ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ სინეკდოქეებითა და ანაკოლიფსებით „დაყრუებული" ფრაზებით მსჯელობა უფრო ადვილია, ვიდრე ადამიანურად თქმა იმისა, რას წერს, როგორ წერს ავტორი და, რაც მთავარია, როგორ განვიცდით ჩვენ ამას.

ვახსენოთ ღმერთი და მივაშუროთ გალაკტიონის გენიით განათებულ პოეტურ სამყაროს.

 

− ნოდარ გრიგალაშვილი −

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ