მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2012 - ჯერ |  
შრიფტის ზომა


როგორ იწერებოდასამანიშვილის დედინაცვალი

 

დავით კლდიაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ თავისი არცთუ ხანმოკლე ცხოვრების შესახებ დიდებული მემუარები დაგვიტოვა, საკუთრივ ნაწარმოებებთან დაკავშირებით მხოლოდ მწირი თითო-ოროლა ფრაზა გაიმეტა, ამ მხრივ ბედნიერ გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს „სამანიშვილის დედინაცვალი“.

მართალია, ვრცლად არც ამ მშვენიერი თხზულების შექმნის შესახებ მსჯელობს, მაგრამ მრავალმხრივ საყურადღებოა ის ჩანაწერიც, რომელსაც აქ წარმოვადგენთ.

„ერთხელ მე და გრიგოლ ვოლსკი ბათუმის ბულვარში ვართ - იგონებდა მწერალი - ზღვის პირას ვზივართ. ვოლსკიმ თქვა, ერთი ჩვენი კარგი ნაცნობისას წავიდეთო. დავეთანხმე, გამოვდივართ ბულვარიდან. გზაში ჩემი მოთხრობა გამახსენდა, ჩემი გმირები ალაპარაკდნენ: ვოლსკი რაღაცას მეუბნება - მე არ მესმის. უცებ ჩემ თვალწინ თითქო ჩამოფარებული ფარდა გადიწია და ჩემი მოთხრობა, თავიდან ბოლომდი, ერთ წუთში გადამეშალა... დასაწყისიც აგერ არის, ნაძებარი დასაწყისი, რომელსაც გაყვა, გაყვა რაღაც გატაცებით სიტყვა, წინადადება, სურათი... სურათები ბოლომდი...

- მე არ მოვდივარ, გრიშა! ვუთხარი და გავეშურე ბანაკისაკენ, სადაც იმხანად ვიყავი.

- რა იყო, რა მოგივიდა? მეკითხება გაკვირვებული ვოლსკი. მე კი აჩქარებული ნაბიჯით მივდივარ, მივედი ბანაკში, შევედი ჩემს კარავში, ჩამოვუშვი შესავალი კალთა, გადმოვიღე ქაღალდები და გატაცებით დავიწყე წერა, გაცხარებული.

ეს მუშაობა კი არა, იყო უმაღლესი სიამოვნება.

ამგვარივე გატაცებით ნაწერია „სამანიშვილის დედინაცვალი“. ამ მოთხრობას ბედი ეწია ჩემი ძვირფასი მეგობრის, ექიმ კონდრატი მხეიძის წყალობით. კონდრატი მხეიძე, ალექსანდრე შატილოვი და ალექსანდრე ლორთქიფანიძე (ნიკო ლორთქიფანიძის უფროსი ძმა) იყვნენ ის პირები, რომელთ ვუყვებოდი ყოველი განზრახული მოთხრობის შინაარსს, სურათებს, წვრილმანებს. განსხვავებული ხალისით შევუდგებოდი ხოლმე მათ მომართვას.

- აბა, მოყევი! - და მეც მოვყვებოდი. მოთხრობა ამ მოყოლაში შენდებოდა, მუშავდებოდა იოლად, ხალისიანად.

„მოამბეს“ რედაქტორი ალექსანდრე ჭყონია წერილს წერილზე მიგზავნიდა, ჟურნალისთვის უსათუოდ რამე გამომიგზავნეო. იმხანად მქონდა პატარა ნაწყვეტი, რაც „სამანიშვილის დედინაცვალშია“ - პლატონის სიზმარი. ვუთხარი ჩხეიძეს: როგორ მირჩევ, გავუგზავნო თუ არა ეს პატარა „სიზმარი?“

- ნუ სულელობ! - შემომიტია მან. შენ ისეთ რამეს ყვები, რომ თუ არ აჩქარდები, მშვენიერი მოთხრობა იქნება: არ გაგზავნო იცოდე!

დავუჯერე მეგობარს და მოკლე ხანში პატარა სიზმრის მაგივრად დაიწერა მოზრდილი მოთხრობა. კვანძი, ძარღვი მოთხრობის მოცემულია იმ საუბრებით, რომელიც მქონდა ხოლმე ჩემს სიმამრთან - პავლე მაჭავარიანთან. ჩემთვის ძვირფასი პიროვნება იყო იგი. კარგი შეძლების კაცი, გამოცდილი, შეგნებული, ცხოვრებაში ჩახედული, ჭკვიანი, ენამახვილი. იგი საყვარელი ადამიანი იყო თავის კუთხეში. მისი ოჯახი მუდამ სავსე იყო სტუმრებით: მოხუცი, ახალგაზრდა, ყმაწვილობა თავს იყრიდნენ მის ოჯახში, ვის არ ნახავდი აქ, რას არ გაიგონებდი. (გაიხსენეთ ჯიმშერ სალობერიძის ოჯახის აღწერა „სამანიშვილის დედინაცვლიდან“ ნ.გ.). მიყვარდა აქ ყოფნა, მიყვარდა მოხუცთან საუბარი. მიყვარდა და ინტერესებდა მის ოჯახში მოსიარულეთა თვალის დევნა. აქ შემეწყო ხელი ჩემს ლიტერატურულ მუშაობაში.

- ვერა ხარ კარგი კაცი. ამ მოთხრობაზე უნდა მიგეწერა: მოთხრობა დავით კლდიაშვილის და პავლე მაჭავარიანის - ხუმრობით მეუბნებოდა მოთხრობით ნასიამოვნები მოხუცი.

მოთხრობამ დიდი სიხარული და აღტაცება გამოიწვია „მოამბეს“ რედაქციაშიც. ჭყონიამ ვრცელი წერილი გამოგზავნა განსხვავებული სითბოთი დაწერილი, სიხარულით, რჩევით, დარიგებით სავსე. ბედს ვერ დავემდურები - ჩემს ნაშრომებს მუდამ ხვდებოდა ასეთი თბილი მიღება, რაც მე მხდიდა მეტ ფხიზელ მომუშავედ.

როცა „სამანიშვილის დედინაცვლის“ ბეჭდვა დასრულდა ჟურნალში, პეტრე უმიკაშვილი შემხვდა ბათუმის ბულვარში: მასთან იყო არტურ ლაისტი.

- მე შენ ხმას არ გაგცემ! - შემომიტია პეტრემ. - რიგიანი კაცი მეგონე, თურმე კი ზარმაცი, ამჩატებული, უხეირო ყოფილხარ.

- რატომ, ბატონო პეტრე, რატომ? შევეკითხე.

- რატომ და მიტომ, ასე მალე დაათავე სამანიშვილის მოგზაურობა! გადმოვიყვანდი ქართლში, იქიდან კახეთში - რა სურათი იქნებოდა, რა იქნებოდა! შენ კი ასე მალე მოანახვიე დედინაცვალი.

- არ ვიცნობ ქართლს და კახეთს.

- გაიცნობდი, გაიცნობდი, შე ზარმაცო, ზარმაცო დათიკო! თან წყრებოდა, თან ხითხითებდა გულიანად. - შენი ჭირიმე, რა ლაზათიანად გაქვს დაწერილი“.

ეს არის ყველაფერი ის, რაც თვით დავითის ნაწერებში შეიძლება მოიძიოთ „სამანიშვილის დედინაცვალის“ შესახებ.

დაკვირვებული თვალი აღნიშნულ მოგონებაში ბევრ რასმე საგულისხმოს ამოიკითხავს.

ჩანს, როგორ წერდა დავითი, როგორი იყო მისი შემოქმედებითი ლაბორატორია. „თითქოს ფარდა გადაიწია და ჩემი მოთხრობა თავიდან ბოლომდე ერთ წუთში გადამეშალა“. მწერალი თანამონაწილეა, ცოცხალ სურათებად წარმოიდგენს ყველა იმ სიუჟეტს, რომელსაც ნაწარმოებში განავითარებს. უხილავად ასდევნებია ბეხრეკ და ზურგგადატყაულ ცხენზე ამხედრებულ სახეჩამოზეთილ პლატონ სამანიშვილს. არ ჩანს არსად და იგრძნობა ყველგან. ამიტომ არის, ვერსად, ვერც ერთ სიუჟეტში, ვერცერთ დიალოგში ვერ იპოვით ყალბ, არაბუნებრივ ფრაზას, ამბის არამოტივირებულ განვითარებას. დავით კლდიაშვილის დიდი მწერლობის საიდუმლო, უპირველეს ყოვლისა, მის ბუნებრიობაშია. მის ხელოვნებაში არაფერია ხელოვნური. დავითი ვირტუოზულად დააბიჯებს იმ ბეწვის ხიდზე, რომელიც ნატურალიზმსა და რომანტიზმს შორის პარნასიდან ჩამოუშვიათ მუზებს ხელოვნების ქალღმერთებს.

მოგზაურობა რომ მხატვრული ხერხია, იმერეთის ოკრო-ბოკრო გზებზე სადედინაცვლოს საპოვნელად გამოსული პლატონის ხეტიალი რომ ბრწყინვალე მიგნებაა მწერლისათვის მხატვრული ამოცანის ხორცშესასხმელად, ეს თხზულების წაკითხვისთანავე შეუმჩნევია პეტრე უმიკაშვილს, მაგრამ დახეთ, რა საინტერესო პასუხს იძლევა დავითი მეგობრის საყვედურზე - გადმოვიყვანდი პლატონს ქართლში, კახეთში, რა საინტერესო სურათები იქნებოდა, იმერეთში რად მოანახინე სადედინაცვლო.

დავით კლდიაშვილი ამბობს - არ ვიცნობ ქართლს და კახეთს. ხედავთ, როგორ მოთხოვნას უყენებს მწერალი საკუთარ თავს. ნიუანსებში, ძირისძირობამდე. თვალით უნდა ხედავდე, გუმანით, ყნოსვით, ტანით უნდა გრძნობდე იმას, რაზედაც წერ. ფლობერივით დარიშხანის გემო უნდა იგრძნო პირში, როცა მადამ ბოვარს „წამლავ“. ცვაიგივით გულის გასკდომამდე უნდა გიყვარდეს, როცა უცნობ შეყვარებულ ქალს წერილს დააწერინებ, გრძნობებს ისევე ბუნებრივად უნდა ამოჰყვნენ ის ერთადერთი და კონტექსტისათვის შეუცვლელი სიტყვები, როგორც ბუნებრივად სწყდებიან ცაზე ამოგორებულ ცხელ დისკოს სხივები.

ასე ხდება კლდიაშვილის შემოქმედებაში.

ვინ იცის, პავლე მაჭავარიანმა რამდენ სტუმარს მოუთხრო ბერწი სადედინაცვლოს საძებნელად სოფელ-სოფელ მოხეტიალე პლატონ სამანიშვილის სიუჟეტი, ისე როგორც პუშკინს, ვინ უწყის გოგოლის გარდა, რამდენი მეგობარი უხითხითებია ჩიჩიკოვის გაუგონარი მოგზაურობით მკვდარი სულების საყიდლად მეძებარი ძაღლივით ენაგადმოგდებული რომ დაქოშინობდა ერთი თავადის სამფლობელოდან მეორე, მეათე და მეასე თავადის სასახლისაკენ. მაგრამ თავისთავად ამბავი, თუნდაც საკვირველი მწერლობისათვის, არაფერს ნიშნავს. ყველაფერს ნიშნავს საკვირველი ნიჭი, თხრობის, სურათების ცოცხლად ხატვის და რაც მთავარია ამბის განზოგადების იშვიათი უნარი, რომლითაც ლიტერატურის ისტორიას სამუდამოდ შერჩა მაინცადამაინც გოგოლის სახელი, რომელსაც „მკვდარი სულების“ ფაბულა პუშკინმა უამბო და სახელი დავით კლდიაშვილისა, რომლის გარდა, ვიმეორებთ, მის მიერ გადმოცემულ ამბებს იმერეთში მოყოლით, ალბათ, სხვაც ბევრი ვინმე მოგიყვებოდათ.

აქედან გამომდინარე, რაკი ნაწარმოების განხილვა განვიზრახეთ, ლიტერატურის მასწავლებელმა და ლიტერატურის შემსწავლელებმა ერთად დავსვათ კითხვა და ერთმანეთს გავუზიაროთ ფიქრი იმ ამოცანის ამოსახსნელად, თუ რაში დევს ნაწარმოების წარმატების საიდუმლო.

ჩვენ არ გაგვიჭირდება მოვძებნოთ თემა ან თემები ანუ ამოვიკითხოთ ის შინაარსი, რაც ჩაფენილია „სამანიშვილის დედინაცვალში“. ჩვენ მწერლის სათქმელის მიხვედრასა და განზოგადებასაც მოვახერხებთ, არც ეს არის ძალიან ძნელი საქმე, რადგან თუ ოდნავ გონიერი მკითხველი ვერ მიხვდება რა უნდა, რაზე წერს და რისთვის წერს შემოქმედი, ეს თითქმის ყოველთვის მწერლის პრობლემაა და არა მისი მკითხველისა (ბუნებრივია, ღმერთი ყველას ვერ აკოცებდა შუბლზე და ასეთი ვითომ მწერლებიც არსებობენ).

უმთავრესი მწერლის შემოქმედებით ლაბორატორიაში არის არა „რა“, არამედ „როგორ“. უმთავრესია არა გრძნობა, განცდა, რომელიც ჩვენც გაგვაჩნია, უბრალო მოკვდავთ, არამედ იმ გრძნობათა, განცდათა და ამბავთა ისე გადმოცემა, როცა პერსონაჟთა ცხოვრების სრულუფლებიანი წევრი ჩვენც ვხვდებით თხზულების კითხვისას და იმდენად რეალისტურად, ჩვენეულად და ბუნებრივად გვეჩვენება მხატვრის მიერ შეთხზული სამყარო, რომ უნებლიედ წამოგვცდება „ამას ხომ მეც დავწერდი“... ან უკეთეს შემთხვევაში ლიტერატურაში კარგად ჩახედული პროფესიონალი იტყვის: აი, ამას მე ვერ დავწერდი.

მწერლისათვის, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეტოქე მკითხველის გაჩენა წარმატების დასტურია, უბედურება ის არის, როცა ამა თუ მწერლის თხზულების კითხვისას ყალბი დიალოგებისა და არამოტივირებული, კაბინეტიდან წარმოდგენილი, თანაგანცდის გრძნობის გარეშე აღწერილი სიუჟეტების გადამკიდე მკითხველი იტყვის - ამას მე არ დავწერდი.

მაშ ასე, წარმოიდგინეთ, რომ დავით კლდიაშვილის შემოქმედებაზე არავის აზრი არ გაქვთ მოსმენილი.

ჩვენ თავად უნდა განვსაზღვროთ, რა ქმნის იმ ესთეტიკური სიამოვნების საიდუმლოს, რაც „სამანიშვილის დედინაცვალის“ კითხვისას მოგვენიჭა.

ლიტერატურისმცოდნეობას, ისე როგორც, საზოგადოდ, ხელოვნებისმცოდნეობას, ცხადია არ გააჩნია ის ზუსტი ბარომეტრი, რომლითაც მხატვრული აზროვნების რაობა შეფასდება. ამიტომ თითოეულ თქვენთაგანს შეგიძლიათ იპოვოთ ის საიდუმლო, რომლითაც მხატვრული თხზულების ახალ სამყაროს ეზიარებით. სულაც არ არის საჭირო მწერლის სამყაროს კარს ყველამ ერთნაირი გასაღები მოარგოს. ამ სამყაროში შესვლაც თავისებური შემოქმედებაა და იმდენივე ზღურბლი არსებობს იქ შესაბიჯებლად, რამდენი გონიერი მკითხველიც ჰყავს დიდ მწერალს.

დავარღვიოთ ტრადიცია და „სამანიშვილის დედინაცვლის“ ხილვა დავიწყოთ საკითხით „როგორ“. როგორ გადმოსცემს მწერალი ამბავს, მოვლენას, საგანს, ხასიათს.

 

ოსტატობის საიდუმლო

 

როგორც ცხოვრებაში, ისე შემოქმედებაში ყველაზე ძნელი ყოველთვის საქმის დაწყება, პირველი ხნულის გავლებაა. დავითს აქვს ასეთი ჩანაწერი: „ჩემთვის პირველი სტრიქონი ყოველთვის ტონის მომცემი იყო. ამ პირველი სტრიქონიდან, ასე ვთქვათ, გასრიალდებოდა მოთხრობა. იგი ტონს აძლევდა მოთხრობას. დიდხანს ვარჩევდი, თუ როგორ დამეწყო, რა სიტყვებით შევდგომოდი წერას“.

აბა, გავიხსენოთ, როგორ იწყება „ქამუშაძის გაჭირვება“. „სწორედ დროც იყო და საჭიროებაც მოითხოვდა, რომ აზნაურ ოტია ქამუშაძეს ცოლი ეთხოვა“.

პირველივე ფრაზა დავით კლდიაშვილის განუმეორებელი სტილისტიკის დასტურია. აი, რატომ: ამ ფრაზის შინაარსი ხომ ძალიან მარტივია, საშუალო ნიჭი, ვთქვათ, ასე გამოხატავდა - „აზნაურ ოტია ქამუშაძეს ცოლის თხოვის დრო დაუდგა“ რითაც, ერთი შეხედვით, არსებითად არაფერი იცვლება, მაგრამ საქმეც ის არის, რა სიტყვებით შეუდგება მწერალი თავისი ფიქრის ხორცშესხმას - იმას აქვს დიდი მნიშვნელობა.

კლდიაშვილისეულ დასაწყისში, მისთვის დამახასიათებელი ისეთი ირონიაა ჩაქსოვილი, ერთდროულად ემპირიულ, ხილულ სინამდვილესაც რომ გულისხმობს, ამ სინამდვილისადმი ირონიულ დამოკიდებულებასაც, ხოლო შემდგომი მოვლენების ჩვენებით თვით ამ სინამდვილის ტრაგი-კომიკურ არსს. ბევრი არაა, ერთ ფრაზაზე ამდენი „ტვირთის აკიდება?“ დავუკვირდეთ: „სწორედ დროც იყო და საჭიროებაც მოითხოვდა“...

აბა რა უნდა ექნაო, - პირველივე ფრაზით მწერალი თითქოს ირონიით ამართლებს ოტიას გადაწყვეტილებას, არც ერთი სიტყვა სიყვარულზე, ჭაბუკის გულის თრთოლვაზე, ქალის შეყვარებაზე თუ არა მოწონებაზე მაინც. ასე ხომ ჭირნახულის აღების პროცესზეც შეიძლებოდა თქმულიყო: - „სწორედ დროც იყო და საჭიროებაც მოითხოვდა აზნაურ ოტია ქამუშაძეს მოსავალი აეღო“. საქმეც ის არის, რომ ოტიასთვის ცოლის თხოვნა მორიგი, აუცილებელი ყოფითი საკითხის გადაწყვეტაა (ვთქვათ, როგორც ჭირნახულის აუცილებლად აღებაა საჭირო) და არა და არა ადამიანის ცხოვრების გზაჯვარედინზე სიყვარულის ბედნიერად დაგვირგვინების აქტი. კლდიაშვილის კუჭგამხმარი გმირების ფიქრებში სიყვარულს არ გააჩნია თავისი წილი სამკვიდრო.

პირველივე ფრაზაში კიდევ ერთი სიტყვაა, ვერცერთი სხვა სიტყვით რომ ვერ შეცვლით. „საჭიროებაც მოითხოვდა“-ო. „სწორედ დროც იყო და გარემოებაც მოითხოვდა“ - რომ დაეწერა ავტორს, რაღაც ძალიან დიდი ნიუანსი დაიკარგებოდა. კი ბატონო, გარემოება მოითხოვდა ნიშნავს იმას, რომ ვითარება ხელს უწყობდა ჭაბუკს საქორწინოდ, ნიშნავს იმასაც, რომ მოხუცებული დედისამარა დარჩენილ ოჯახს ახალგაზრდა ქალის ხელი სჭირდებოდა და ა.შ. მაგრამ ეს სიტყვა „საჭიროება“, მოიცავს ყველაფერს ზემოთქმულს ერთი დამატებითი, ასევე ყოფითი, თან ირონიზირებული ნიუანსით სოფელში გამოკეტილმა, ჯეელმა ოტიამ, ყანაში განუწყვეტლივ თოხის მობაყუნემ, ქალის საჭიროება იგრძნო...

ხოლო იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მოთხრობის სრულად ჩაკითხვის შემდეგ, მკითხველი რწმუნდება: საჭიროების მიხედვით კი, მაგრამ გარემოების გამო სწორედ დრო არ ყოფილა საწყალ ოტიას ცოლი ეთხოვა, ნაწარმოების დასაწყისი საერთოდ ტრაგიკომიკურ ელფერს იძენს.

ასე რომ, კლდიაშვილის ჩანაწერი „დიდხანს ვარჩევდი თუ როგორ დამეწყო, რა სიტყვებით შევდგომოდი წერას“, - მხოლოდ თეორიული განაცხადი არ არის.

ასევე მრავლისმეტყველია „სამანიშვილის დედინაცვალის“ დასაწყისი, პირველივე სულ რაღაც 8 სიტყვიანი წინადადებაც. „ბეკინა სამანიშვილი, რასაკვირველია, ღარიბი აზნაური იყო, გვარიანი ღარიბიც“.

მწერალი თავისი პერსონაჟის სიღარიბეზე ხაზგასმას არ სჯერდება. მეორეჯერ აკეთებს აქცენტირებას - გვარიანი ღარიბიო - წერს და ეს აქცენტი თხზულების საერთო სტილისტიკაში, ბეკინას გაუთავებელი ტრაბახის ფონზე საკუთარ „სიმდიდრეს" რომ აღუფრთოვანებია, თანდათანობით იძენს მხატვრულ ეფექტს.

მეორე გარემოებასაც მიაქციეთ ყურადღება „ბეკინა სამანიშვილი ღარიბი აზნაური იყო“. ერთადერთი სიტყვა გამოვტოვე - „რასაკვირველია“. არადა, ეს უკვე აღარ არის კლდიაშვილისეული ფრაზა. ერთი სიტყვით - რასაკვირველია, დავითი თხზულების დასაწყისშივე კავშირს აბამს თავის წინა, უკვე დაწერილ და მომდევნო, ჯერაც შესათხზავ ნაწარმოებებთან.

ჩვენ ხომ ადრეც ვთქვით, რომ დავით კლდიაშვილის ნაწარმოებებში ზოგადად ერთი ხალხი ჩანს ავანსცენაზე. შიმშილით, სიღატაკით გაწამებული ადამიანი, რომელსაც წართმეული აქვს მზისქვეშეთში ადამიანურად ცხოვრების უფლება და იბრძვის არსებობის უფლების შენარჩუნებისათვის, რომელიც მხოლოდ სახეს, სახელს და გადარჩენისათვის ბრძოლის ხერხებს იცვლის სხვადასხვა თხზულებებში. ამიტომ „ბეკინა სამანიშვილიც, რასაკვირველია, ღარიბი აზნაური იყო“ ანუ მწერალი დასაწყისშივე მიგვანიშნებს, რომ წინა თხზულებებიდან ჩვენთვის უკვე ცნობილ სამყაროში აღმოვჩნდებით.

თუმცა მწერლის დიდი ნიჭის წყალობით უკვე ნაცნობი სამყარო ერთფეროვნების საშიშროების ნაცვლად, იმდენად ახლებური კუთხით, მოულოდნელი სიუჟეტებით წარმოჩინდება, თითქოს მწერალი საკუთარი შესაძლებლობების ამოუწურაობის აზარტით იყოს შეპყრობილი.

პლატონ სამანიშვილის საგა, ეს არის ტრაგი-კომედიის ბრწყინვალე ნიმუში. მივყვეთ მკითხველო, ბეხრეკ ცხენზე „ამხედრებულ“ (ესეც კლდიაშვილის სტილისტიკიდან არის), ბერწი სადედინაცვლოს მოსახილავად წასულ უბედურ პლატონ სამანიშვილს, მის უბედურებაზე რომ აგერ უკვე საუკუნეა იცინის ქართველი მკითხველი და ამ სიცილით ან ამ სიცილთან ერთად გული რომ ეკუმშება.

 

ტრაგი-კომიკურისამანიშვილის დედინაცვალში

 

„სამანიშვილის დედინაცვალის“ მთავარი პერსონაჟის, პლატონის აფორიაქებული სულის მოძრაობას ისე აღწერს მწერალი, რომ თუ ამ ციტატებს ცალკე ამოვწერთ და გვერდიგვერდ დავალაგებთ, წარმოგვიდგება კაცი, რომელიც თავისი უსაშველო კაეშნით ლამის ოიდიპოსისა და ჰამლეტის ტრაგიზმს აჭარბებს...

"გამწარებული ყმაწვილი კაცის გულში ცეცხლი ტრილებდა, მისი ტვინი წისქვილის ბორბალივით მოუსვენრად ბრუნავდა"...

მერედა რისთვის? თუმცა ჯერ მისი აწეწილი სულის უფრო სრულყოფილი სურათი წარმოვიდგინოთ.

პლატონი. „ცხადად ხედავს თავისი უბედურების მომასწავებელ ნიშანს და ამ მოულოდნელ უბედურების წინ წამდგარს ენაც ერთმევა, გონებაც ეკარგება, სისხლიც უშრება...

მერედა რისთვის? თუმცა ჯერ მისი აწეწილი სულის უფრო სრულყოფილი სურათი წარმოვიდგიხოთ.

პლატონი „ცხადად ხედავს თავისი უბედურების მომასწავებელ ნიშანს და ამ მოულოდნელ უბედურების წინ წამდგარს ენაც ერთმევა, გონებაც ეკარგება, სისხლიც უშრება..."

უბედურების შეგრძნებას სულით-ხორცამდე ისე მოუცავს მისი არსება, რომ სიზმარშიც არ სტოვებს საშინელი განცდები.

არ ესმის თავის ხმა პლატონს, თუმცა ყვირის, რაც ღონე აქვს. ხმა პირიდან არ ამოსდის. იქვე, გულში რჩება უღონო, სუსტი, გაუგონარი, და ეს უმატებს გამწარებას, უფრო უკლავს გულს, უხუთავს სულს, უმწვერვალესად აღელვებული კაცის თვალწინ ყოველივე აირია, აიშალა ამოძრავდა:

აცახცახებული, ათრთოლებული ძლივს დგას ფეხზე. ეს რაღა ამბავია?! რა არის ეს?! რა ამბავი ხდება დღეს ამ სახლში, ვინ შვრება ამას?“

რისთვის- მეთქი, ეს ყველაფერი, რა უბედურება დასტყდომია თავს ასეთი პლატონ სამანიშვილს?

მომხდური მიეჭრა დამოჯახის ნამუსი შეუგინა? - არა.

გადაწვეს, გადაბუგეს თუ თავად ხდიან ტანჯვა-წამებაში სულს? - არც ერთი ყოფილა, არც მეორე და არც მესამე.

იქნებ მსოფლიო და კაცობრიული სევდა აწუხებს და ვეღარ პოულობს ვერსად ადგილს? - გაგიგონიათ?!

მაშ რა უხუთავს სულს, რას გაუმწარებია და აუღელვებია ასე "უმწვერვალესად?“ 

იქნებ ქალი „შეიჭრა“ მის ცხოვრებაში და უიმედოდ შეყვარებულს სიცოცხლე სატანჯველად ექცა? 

იქნებ სიკვდილმა წაჰგვარა ოჯახის მამას პატარა და ზვავივით მიასკდა უბედურება მის დაწყევლილ ყოფას? - არა.

არადა, უმიზეზოდაც არ არის გადარეული ეს ჩვენი პლატონი. საფუძველი კი ის გახლავთ, რომ ღმერთმა მის დედინაცვლას შვილი, თავად პლატონს ძმა უნდა აჩუქოს” (?)

კი არ წაჰგვარა ოჯახს პატარა, არამედ მოუვლინა ახალი სიცოცხლე. ეს ბედნიერება კი პლატონის უბედურების პირობაა, ვინაიდან ახლადმოვლენილ არსებაში ადგილის მოწილეს ხედავს მზისქვეშეთში.

ახლით კიდევ ერთხელ წარმოვიდგინოთ ზემოთმოხმობილი ციტატების მიხედვით რა დღეშია პლატონ სამანიშვილი, რა უმწვერვალესია მისი ტანჯვა და ამ ტანჯვის მიზეზზეც რომ დავფიქრდებით, გამოიკვეთება სურათი ტრაგი-კომედიისა. სწორედაც შეგეცოდებოდათ პლატონი, თვით ამბავი სასაცილო რომ არ ყოფილიყოო - იტყვის ავტორი.

ერთი სიტყვით, ამ სიუჟეტით ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული, ის, რაც ჩვეულებისამებრ ბედნიერებაა, პლატონისთვის უბედურება გახლავთ.

ის, რაც ჩვეულებისამებრ უბედურებად ითვლება, პლატონი და მის დღეში მყოფი, მისი ალი-კვალი მეზობლები, ბედნიერებად თვლიან, მაგალითად, ხალხის შემცირებას, გამეჩხერებას, გნებავთ სათანადო დოზით გაწყვეტას...

ვინ არიან ეს ღვთისპირიდან გადავარდნილი არსებანი? იკითხავთ თქვენ და პარადოქსი ის არის, რომ სინამდვილეში, არც კაცთმოძულენი გახლავან და არც ჭკუაზედ აფრაკად მყოფნი (ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ).

ერთი შეხედვით, დავითი თითქოს საგანგებოდ ეძებს კომიკურ სიტუაციებს, რათა თავის პერსონაჟთა აუტანელი ყოფა საკითხავად ასატანი გახადოს მკითხველისათვის, მაგრამ ეს სიტუაციები იმდენად ბუნებრივად იბადებიან კლდიაშვილის გმირების ხასიათებიდან და მათივე მიზნებიდან გამომდინარე, რომ ძნელია დაადგინოთ ზღვარი, სად მთავრდება ტრაგიზმი და საიდან იწყება კომიკური, სასაცილო ამა თუ იმ პერსონაჟის ქვედებისას.

ბეკინა სამანიშვილმა, ცოლის - მარიკას დაღუპვის შემდეგ ითმინა, ითმინა, მაგრამ თავიდან ვეღარ ამოიგდო ფარსაგი აზრი ახალი ცოლის თხოვისა. „არა... არ შეიძლება, რომ ეწყინოთ!. მე რომ იმათ ვუყვარვარ!“ - ასე ფიქრობდა ბეკინა, როცა ვაჟიშვილი პლატონი და რძალი მელანო გაახსენდებოდა ხოლმე თავის გაზრახვაზე საკუთარ თავთან მსჯელობის დროს. მოხუცმა, როგორც იქნა, გულისნადები გაანდო შვილს, მაგრამ ნახეთ როგორი კომიკური სიტუაცია იქმნება:

არ შეიძლება, რომ ეწყინოთო - ამ ფიქრით უფრო თავს იმშვიდებდა ბეკინა, თორემ მშვენივრად ხვდებოდა, რა სიამოვნებითაც შეხვდებოდნენ შვილი და რძალი ბერიკაცის გულისთქმის გამჟღავნებას, ხვდებოდა და ამიტომაც კაცი, მოციქული მიუგზავნა პლატონს. ერთ ჭერქვემ ცხოვრობენ მამა და

შვილი. ახლა ის სურათი გავიაზროთ, მოხუცი მამა რომ კერიასთან ზის თავჩაღუნული, ხოლო მოციქული შვილს ბერიკაცის გულისფეთქვის ამბავს უხსნის, ან გარეთ მომლოდინე, აწრიალებული ბეკინა წარმოვიდგინოთ შემდგომი მოვლენებით. ახალი ამბის მოსმენით გამწარებული შვილი რომ შუაკაცს გამოასწრებს გარეთ და აღშფოთებულ-სასოწარკვეთილი ჩასძახის მოხუცს: „მღუპავ, მამა? მღუპავ?? დანას მიყრი ყელში?

მოხდა ისე, რომ პლატონმა საკუთარი ხელით გალესა საკუთარ ყელში გამოსასმელი დანა მის მიერ იძულებით გადადგმული ნაბიჯი მისი ტრაგი-კომიკური თავგადასავლის მიზეზად იქცა.

ზემოთ ვთქვით, ტრაგი-კომიკური სიტუაციები ბუნებრივად იბადებიან კლდიაშვილის გმირების ხასიათებიდან და მათივე მიზნებიდან გამომდინარე. პლატონის მიზანი გასაგებია. სიღარიბეში ხდება სული, ცოლ-შვილს საკმარისი ლუკმა არა, აქვს და თუ ბეკინას შვილი ეყოლება, თანაც ვაჟი, მაშინ მას მიწას გაუყოფენ. „ქონება“ ორად გადანაწილდება, ამიტომ რაკი ბერიკაცს განზრახვაზე ხელი ვერ ააღებინა, რადაც უნდა

დაუჯდეს, ისეთი სადედინაცვლოს პოვნაა საჭირო, გარანტირებულად უშვილძირო რომ იქნება. და ეძებს პლატონი ორნაქმარევ, უშვილო მანდილოსანს, რომელიც იმავდროულად ოჯახში შესაშვები და თანაც სახეყირმიზა თუ არა, ჯოჯოხეთის მაშხალაც არ იქნება.

პლატონის ბუნებრივი, გარემოებით ნაკარნახევი მიზანი ბუნებრივად ქმნის კომიკურ სიტუაციებს მთელი თანმხლები პერიპეტიებით. 

როგორ გინდა მიადგე ამა თუ იმ ოჯახს და აუხსნა, - ორნაქმარევი, უნაყოფო ქალი ხომ არ გყავთ შინ ან ახლო-მახლო ხომ არ გეგულებათ ასეთი საპატარძლო დედაბერიო.

ხასიათებიდან გამომდინარე, ბუნებრივად შექმნილი კომიკური სიტუაციები ხომ ურიცხვია კლდიაშვილის თხზულებებში.

აზნაური სამანიშვილის ქონება, მართალია, ვირის კურტანს აეკიდება, მაგრამ კეთილშობილი სისხლი უჩქრიალებს ძარღვებში და მთელი დუნიის დასანახად როგორ იკადრებს, თავის სასახელო წინაპართა შთამომავალმა ფეხდაფეხ შემოიაროს იმერეთის მთებსა და ბორცვებზე შეფენილი სოფლები.

ითხოვა ცხენი, მაგრამ რად გინდა, საამქვეყნო ცხენს აღარაფერი ეტყობოდა და თავის გამობუსკულ თეძოებს ძლივს დაალასლასებდა. ზურგიც სულ გადატყაული ჰქონდა იმ შეჩვენებულ პირუტყვს, მაგრამ პლატონს ადვოკატი ივანე გვერდევანიძე დაემგზავრა. ცხენიც ლამის პლატონის კუდაბზიკობას შეეწირა. გადააჯდა მხედარი და პატრონ-ცხენმა მანამდე სტანჯეს ერთმანეთი, ვიდრე გვერდევანიძე არ ჩამოშორდათ გზაგასაყართან.

ის იყო არაქათგამოლეულ „ბედაურს“ შეღავათი მისცა მხედარმა, რომ მისი სიძის - კირილე მიმინოშვილის სახლიც გამოჩნდა, საითკენაც პლატონი ეშურებოდა. რა ექნა კეთილშობილ აზნაურს, ისევ ცხენით უნდა შეჯირითებულიყო ეზოში...

მწერალი განუმეორებელ სურათს გვიხატავს თავმოყვარეობით გატანჯული კაცისა და ამ კაცით გატანჯული ცხენის ერთად „მგზავრობიდან“.

„შეღავათმიცემული ცხენი მისუსტებული, აძიგძიგებული ნაბიჯით აპოლიკდა ქვებიან ბრეკზე და რაც შეეძლო, რაც ღონე ჰქონდა შერჩენილი, მიჩანჩალებდა და ცდილობდა, უკან ჩამოეტოვებინა თავისი ჩამოქვეითებული მხედარი, რომ მტკივან ზურგზე არ შესკუპებოდა ხელახლად. რამდენსამე მანძილზე კიდევაც აუსრულდა წადილი გასაჭირში ჩავარდნილ პირუტყვს, მაგრამ ბოლოს პლატონი მაინც დაეწია, გააჩერა და მარდად მოახტა ზურგზე. ამ კაცმა თავის თავმოყვარეობის დაცვა ამჯობინა მის შებრალებას და სიძის ჭიშკრამდის ამხედრებული მივიდა“.

ძველი, არისტოკრატიული ჩვევები, რაკი ახალ დროში აზნაურთა სიძლიერეს ყავლი გასვლია, პირდაპირ ანეკდოტურ სიტუაციაში აგდებს მათ. თუმცა დაკარგულის კომპენსაციას დავითის გმირები „ახერხებენ“ და ამას ჩადიან ისეთი მეთოდით, რომლითაც მთლად სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. მათი ცხოვრების წესისათვის ტრაბახი ქცეულა აუცილებელ ატრიბუტად.

 

ესთეტიური უდარდელობა ანუ სიბრძნე კვეხნისა და ბაქიობისა

 

თქვენ გახსოვთ ეს უცნაური სინტაგმა - სიბრძნე სიცრუისა. სიცრუე, რა თქმა უნდა, არანაირ კავშირში სიბრძნესთან არ გახლავთ, პირიქით, სიცრუე ბოლოს თავს იჩენს, ყოველი დაფარული ბოლოს მაინც გაცხადდების. სიცრუე ავნებს სულსაც და ხორცსაც. საუკუნეებში გამოტარებული სენტენციები გახლავთ.

ცხადია, სულხან-საბა ორბელიანი - „სიბრძნე სიცრუისა“ - ამ სინტაგმაში სიცრუე არაპირდაპირი მნიშვნელობით, ფიგურალურად გამოიყენება. სიბრძნე სიცრუის ანუ სიბრძნე გამოგონილი ამბებისაო. ანუ იგავად მითქვამს და ნათქვამში რეალური, მართალი ამბავი ამოიკითხეთო. ჩვენ კი პირდაპირი მნიშვნელობით მოვიხმეთ აღნიშნული ქვესათაური. დიახ, კლდიაშვილის გმირების კვეხნასა და ბაქიაობას, ტრაბახს თავისებური სიბრძნეც უდევს საფუძვლად,

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მათი ტრაბახის მიზეზი მათივე ხასიათი და ამპარტავნებაა. რაკი არსებულსა და შესაძლებელს შორის დიდი ზღვარია. მათ კი არსებული არ მოსწონთ და შესაძლებელი ეოცნებებათ. „იძულებულნი“ არიან კვეხნა-ტრაბახით შეავსონ უფსკრული რეალურსა და სასურველს შორის. ზოგჯერ კი ისე შორს მიდიან, თავადვე სჯერათ ის, რის შესახებაც ტრაბახობენ. ბეკინა ასე მოძღვრავს შვილსა და რძალს: „ღმერთმა იცის და ყველა ხედავს, რომ არა გიჭირთ-რა: მიწაც საკმაოდ გაქვთ, თუ სხვაზე მეტი არა. წყალიც, სახლიც, კარიც... ტყეც და ველიც! (ეს კი მეტი წამოსცდა ბეკინას - ტყე სრულიად არა ჰქონებია).

არისტო რომ არისტოა, ქვაშავიძე, მართლა შავ დღეზე გაჩენილი და ადამივით სასირცხოზე ლამის ფოთოლაფარებული, ისიც კი სხვის სიღარიბეზე ლაპარაკობს ერთობ ამაყად.

არაფერს ვამბობთ კირილე მიმინოშვილზე, რომელთანაც მსოფლიო ლიტერატურის ყველა ჭკუამხიარული პერსონაჟი მოწაფედ არ გამოდგებოდა, ხოლო მამის დანატოვარი რაკი სხვაზე მეტი, საერთოდ კი ცოტაოდენი რამ გააჩნია, კვეხნა-ბაქიაობაში ტოლს ვერავინ დაუდებს.

ყველაფერი ზემოთქმულის მიუხედავად, კლდიაშვილის პერსონაჟთა ტრაბახს თავისებური სიბრძნეც უდევს საფუძვლად, რომელიც სრულად წარმოაჩენს ამ ადამიანების ყოფის ტრაგიზმს და რომელიც პლატონის პირით ასეა გაცხადებული: „თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ!.. ნამეტან უსაშუალობაში ვართ ჩავარდნილი და გასაკვირალია, რომ კიდევ ასე ხალისიანად ვართ, არაფრად ვაგდებთ ყველაფერს, არხეინად ვართ და იმას კი აღარ ვფიქრობთ, თუ რა მოგველის წინ. რას გვიპირობს მამაზეციერი! მარა თავს თუ არ მივეძალეთ, გული თუ არ შევიმაგრეთ, სულ წავხდებით, ბატონო, სულ ერთიანად და ის იქნება!“

ერთი სიტყვით, მთლად ისეც არ ყოფილა საქმე, ერთი ქართული ანდაზა რომ ამბობს, გადარეულისათვის ნიადაგ ლხინიაო. ქართველი კაცი, გასაჭირის დროსაც ხალისიანი, ერთი შეხედვით ყოფილა მხოლოდ ხალისიანი და უდარდელი, თორემ კაეშანმოძალებულ მის ფიქრს და ზრახვას ზოგჯერ ნიღბად, გნებავთ თავდაცვის საშუალებად სჭირდება „ესთეტიური უდარდელობის“ ის გრძნობა, რომლითაც გული თუ არ შევიმაგრეთ, ბატონო, სამანიშვილისა არ იყოს, სულ წავხდებით...

ესეც ერთი დასკვნა კლდიაშვილის პერსონაჟთა და იქნებ ჩვენი ტრაგი-კომიკური ყოფის შესახებაც.

 

არსებული, როგორც შესაძლებლის კარიკატურა

 

დავით კლდიაშვილი რეალისტი მწერალია, მან სინამდვილე ასახა. ასახა იუმორით, გროტესკით, სატირით, იმავდროულად წერს: ჩემი გმირებისთვის არასოდეს დამიცინიაო. მართლაც, დავითს უყვარს თავისი გაწამებული, კუდაბზიკა და იმავდროულად გასაცოდავებული პერსონაჟები, ამიტომ არის მის თხზულებებში სიცილთან ერთად ცრემლი, კომიკურის გვერდით ტრაგიკული, ან პირიქით. არადა, როგორ ეთავსება ერთმანეთს ერთსა და იმავე პერსონაჟისადმი სატირული დამოკიდებულება და თანალმობა? საქმე ის არის, რომ თვით ის სინამდვილეა გროტესკული, თვით ის ცხოვრებაა ნამდვილი ცხოვრების კარიკატურა, რომელიც დავითმა დაგვიხატა. ცხოვრება როგორიც იყო და ნაწილობრივ დღესაც არის სინამდვილეში. 

ადამიანთა არსებობა ცისქვეშეთში არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ვჭამოთ, ვსვათ, შვილები გავაჩინოთ და როცა დრო მოვა, აქედან ავიბარგოთ. ადამიანები სხვა სულიერთაგან განსხვავებით მხოლოდ ბიოლოგიური არსებანი არ არიან. არადა, სწორედ ის მისია აღარ გააჩნიათ კლდიაშვილის გმირებს, რომლითაც ადამიანი სხვა ცოცხალ არსებათაგან განსხვავდება. ამიტომაც, ადამიანი ადამიანის, ხოლო ცხოვრება ცხოვრების

კარიკატურად ქცეულა. ხოლო კლდიაშვილის გმირები იმდენად არიან საცოდავნი და თანალმობის ღირსნი, რამდენადაც მათ „მზამზარეულად“ დახვდათ ასეთი ყოფა და ხშირად მათი თავგანწირული შრომაც კი ვეღარაფერს ცვლის... 

სხვათაშორის, პირველი ზარი, რომ ეს ასე მოხდებოდა, ილია ჭავჭავაძემ ჩამორეკა. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაჰკარგა და ერთ დროს ქვეყნის თავისუფლების დამცველ თავადაზნაურობას საკუთარ სტომაქზე ზრუნვის „მისიადა“ დარჩა, გაჩნდა თათქარიძეობის სენი. ილიას მკვახე შეძახილმა, სამწუხაროდ, ვერ გამოიღო შედეგი. ჯერ თავის ჯამს ჩამაცქერალი, ფუნქციადაკარგული, (კუჭის ფუნქციას არ ვგულისხმობ), ლუარსაბ თათქარიძის უარყოფითი იდეალის მაგალითი მივიღეთ იდეალური ავთანდილის მაგალითის ნაცვლად, შემდეგ კი თათქარიძეობის მეტასტაზების განვრცობით, ნამდვილი ცხოვრების წილ, ნამდვილი ცხოვრების კარიკატურაღა შეგვრჩა.

კლდიაშვილის გმირები არსებითად მისიადაკარგული თათქარიძის შთამომავალნი არიან, იმ განსხვავებით, რომ ახალმა დრომ კუჭის ფუნქციის გათვალისწინებით, მათგან ფიზიკური შრომა მოითხოვა, სხვა ფუნქცია, როგორც ვთქვი, მათ არ გააჩნიათ. სწორედ ამ აზრით არის კლდიაშვილის მიერ ასახული ცხოვრება ნამდვილი ცხოვრების კარიკატურა.

სწორედ ამიტომ არის გაძევებული დავითის პერსონაჟთა ცხოვრებიდან ყველაფერი ის, რაც ერთ დროს გააჩნდა ადამიანს, არა მხოლოდ როგორც ბიოლოგიურ, არამედ როგორც ღვთაებრივ არსებას.

გაძევებულია - სიყვარული; გაძევებულია მოყვასისათვის თანადგომის ბუნებრივი სურვილი; 

გაძევებულია სიახლის, უკეთესის ძიების გრძნობა; 

გაძევებულია საერთო ბედნიერების შეგნების უნარი.

ამასთან, კლდიაშვილის სამყაროში, პირველიც გვხვდება, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. ოღონდ ნამდვილის კარიკატურული, გროტესკული ფორმით. როგორც ვთქვით, აქ ყველაფერი თავდაყირა დგას. თავდაყირა დგას იმავე მიზეზით, რა მიზეზზედაც ილიამ თათქარიძეობასთან მიმართებაში გაუსვა ხაზი: ადამიანები ჭამენ, სვამენ, ხორცზე ზრუნავენ, არა იმიტომ, რომ იცხოვრონ, არამედ ცხოვრობენ, რათა ჭამონ და სვან, ანუ მათი ყოფიერების საზრისს წარმოადგენს არა ცხოვრება, არამედ არსებობა. ცალ-ცალკე გამოვყოთ თითოეული თემა.

 

სიყვარულის კარიკატურული არსი

 

კი, სიყვარული გაძევებულია დავითის პერსონაჟთა ცხოვრებიდან. თქვენ ვერ ნახავთ მის თხზულებებში ამურის ისრით დაჭრილ ქალ-ვაჟთა თრთოლვასა და ჩურჩულს. სიყვარული მხოლოდ გარიგების, აღებ-მიცემობის, ქალის ოჯახისათვის კუდის რიკამდე გატყავების, ვაჟის ოჯახისთვის კი ქონების შეძენის საშუალებად ქცეულა. თუმცა „სამანიშვილის დედინაცვალში“ ისეთი სიუჟეტია გამოყენებული, რომ არა მისი კარიკატურული ფორმა და არსი, შუა საუკუნეების საგმირო-სატრფიალო რომანები გაგახსენდებოდათ.

როგორია კლასიკური მოდელი სატრფიალო რომანებისა?

ვაჟი, ბედაურზე ამხედრებული, მიდის სატრფოს საძებნელად და გზადაგზა საგმირო ამბებს ჩადის. ბოლოს პოულობს თავის გულისწორს, მრავალფათერაკგამოვლილი გამოიტაცებს სატრფოს და შემოიქცევა შინ.

ეს ყველაფერი „სამანიშვილის დედინაცვალშიც“ არის, ოღონდ, ვიმეორებ, საოცრად გროტესკული ფორმით და არსით. რაც მთავარია, მწერალი ამ ფორმას შეგნებულად კი არ მიმართავს სასიყვარულო თავგადასავლების კლასიკური მოდელის ირონიზირების მიზნით, როგორც ეს სერვანტესის „დონ კიხოტშია“, არამედ თვით ცხოვრება, კარიკატურული სინამდვილე სთავაზობს ფათერაკიანი თავგადასავლების სასაცილო და გროტესკულ სიუუეტს.

პლატონიც „ბედაურზე“ ამხედრებული გამოდის შინიდან. ოღონდ სანახევროდ ეს „ბედაური“ მიაჩაქჩაკებს გამწარებით მხედარს, სანახევროდ კი მხედარი მიათრევს წყევლა-კრულვით თავის „რაშს“...

პლატონს უანგარო დახმარებას სთავაზობს კირილე მიმინოშვილი, ისე როგორც ტარიელს ავთანდილი, იმ განსხვავებით, რომ ტარიელი და ავთანდილი ფათერაკიან გზაზე მტერს ავლებენ მუსრს, კირილე და პლატონიც, „რაღა თქმა უნდა“, ოღონდ მეორე დღეს კარგა ნაბეგვნი და ჩოხაშემოფხრეწილნი იღვიძებენ და ირკვევა, რომ უაზრო გაწევ-გამოწევასა და დავიდარაბაში, შეცდომით ერთმანეთისთვისაც უთავაზებიათ ლაზათიანად მუშტები (?) ეს ჩვენი გაჭირვებულებიც ქალს ეძებენ, ოღონდ ბერიკაცისათვის მისაგვრელ უშვილძირო ბებრუხანას...

ამათი „ოცნების ქალიც“ გამოსატაცებელია, ოღონდ ყამარის კოშკიდან ან ქაჯეთის ციხიდან კი არა, შიმშილით მისავათებული ბრეგაძეების ფარღალალა ქოხიდან, რომელთაც ერთი სული აქვთ, იქნებ ზედმეტად სარჩენი დედინაცვალი გამოაკლდეს მათ საერთო სალაფავს...

ახლა ისიც გაიხსენეთ, პლატონი თავის საიდუმლოს (ხამს მიჯნური ხვაშიადსა არავისთან ამჟღავნებდეს) რა გაჭირვებით ამოუღერღავს არისტო ქვაშავიძეს... ერთი სიტყვით, „ყველაფერი“ აქაც ისეა, როგორც საგმირო-სატრფიალო რომანებში, ანუ მთელი კურიოზულობა პლატონის საგასი უფრო თვალსაჩინოა ამ სატრფიალო-სარაინდო რომანების კონტრასტის ფონზე.

ფათერაკები, დავიდარააბა, ბეკინას საცოლეს გამო ხდება. ცნობა ამ ქალის შესახებ, თხზულების დასაწყისშივე გაიელვებს. პლატონს დამგზავრებული პირველივე კაცი, ივანე გვერდევანიძე, სწორედ ამ ქალს ახსენებს. მერე და მერე ისევ ამ ქალის სახელი გაიელვებს. მოკლედ, ქალი არა ჩანს, მის გამო კი, მის ძებნაში, მთელი ოდისეის მოწმენი ვხდებით და რადგან ოდისეა ვახსენეთ, კიდევ ერთ კურიოზსაც გავუსვათ ხაზი, არ ვიცი შეგნებულად გააკეთა ეს დავითმა, თუ შემთხვევითობაა - იმ დედაბერს, რომლის ძიებაში სათავგადასავლო საგას მოწმენი გავხდით, ელენე ჰქვია. ის პირმშვენიერი ასულიც, ტროას ომისა და ჰომეროსის გმირების ფათერაკიანი თავგადასავლების მიზეზი რომ გახდა, ელენე იყო. ამ ორი ელენეს გვერდიგვერდ ხსენებით კი კიდევ ერთხელ შეიძლება დავასკვნათ: კლდიაშვილის სინამდვილე თავისი პერსონაჟებითურთ მართლაც ნამდვილი ცხოვრებისა და ვნებების კარიკატურული გამოვლინებაა. ტრაგიზმი თავისთავად უკვე ამ ფაქტშია გამოხატული...

 

მოყვასის ცრუ სიყვარული

 

როდესაც დავით კლდიაშვილის პერსონაჟთა ცხოვრების უკუღმართ წესზე ვლაპარაკობთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ იციან, როგორია ცხოვრების წაღმართი წესი.

თეორიულად, მათ მშვენივრად უწყიან, რომ უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი. კურიოზიც და მათი შინაგანი ტრაგიზმიც სწორედ იმაშია გამოხატული, რომ ვერ ახერხებენ ცხოვრობდნენ ისე, როგორც ბუნებრივია ადამიანისათვის, იმავდროულად კი, თავს ისე წარმოგვიდგენენ, თითქოს სწორედ ბუნებრივი, კეთილშობილი გრძნობებითა და ვნებებით ცხოვრობენ...

ნახეთ როგორ უყვართ მამა, ნათესავი, მეზობელი, საერთოდ ადამიანი „სამანიშვილის დედინაცვალის“ გმირებს:

დედის გარდაცვალების შემდეგ პლატონმა და მისმა მეუღლეს „გააორკეცეს მოხუცებული მამის პატივისცემა და მოვლა; ორივენი გაფაციცებით თავს დასტრიალებდნენ დაქვრივებულ ბეკინას და თავგამოდებით ემსახურებოდნენ, თვალში შეჰყურებდნენ, რომ ყოველ მის სურვილსა და საწადელს მისგან გამოთქმამდის მიმხვდარიყვნენ და იმწამსვე აესრულებინათ“.

აქ მოხუცი მამისადმი სიყვარულის გულისამაჩუყებელი სურათია გადმოცემული.

როცა კირილე შეიტყობს, თუ რა საქმეზე მიადგა მას პლატონი, მყის მზაობა გამოამჟღავნა თანადგომისათვის:

„მეც შენთან ვარ მძებნელი, როგორც კაცი! ძმობას გეფიცები, არაფრის გულისთვის არ დაგშორდები!“

აქ სიძე-ცოლისძმის ერთობა მოგხიბლავთ.

„პლატონ, სატირალში არ მივიდეთ?“ - ესეც კირილეა, სხვისი ჭირიც რომ ახსოვს თავის გზაზე მიმავალს...

არისტო ქვაშავიძემ პლატონის მოგზაურობის მიზეზი რომ გაიგო, პირდაპირ მოყვასისთვის თავგადადებულ რაინდად იქცა და უანგაროდ სთავაზობს სამსახურს პატიოსანი კაცი, როგორც პატიოსან კაცს:

„პირველი შეხედვიდანვე ჩემი გული მოიგე და ამიტომ განვიზრახე შენთან დამოყვრება დანათესავება“-ო, უცხადებს.

ახლა ამ მოყვასის სი ვარულით „დამდნარი“ ხალხის საქციელის ნამდვილი მოტივები გავიხსენოთ: პლატონი და მელანო იმიტომ ევლებიან თავს მოხუც ბეკინას, რომ ამ უკანასკნელმა ცოლის მოყვანა არ გაივლოს გულში!

კირილე ერთობის გამო კი არა, ღვინისა და გართობის საძიებლად მიჰყვება სინამდვილეში სიძეს.

სატირალშიც, ცხადია, „ქელეხის ხათრით“ უნდა წასვლა და არა ცრემლების საღვარღვალოდ.

ამ შეჩვენებულ არისტო ქვაშავიძეს კი მამიდის გათხოვება და სამანიშვილების დამოყვრება ერთადერთი მიზნით სურს, როგორმე საქვრივო წაართვას ამის გარეშეც დაქცეულ ქვედურეთელ ბრეგაძეებს.

ასე რომ, დავითის გმირებში მოყვასის სიყვარულის წაღმართი გრძნობაც უკუღმართი ვნებებითაა შეცვლილი.

 

სიძულვილი სიყვარულის წილ

 

ეს უკუღმართი ვნება სიძულვილი გახლავთ. ნაცვლად იმისა, რომ ცხოვრებისაგან ერთნაირად გვემულმა ადამიანებმა, საერთო ბედის გამო, უფრო ახლოს მიიტანონ გულთან ერთმანეთის გასაჭირი, პირიქით, იმაზე გახლავან გამეცადინებული, თუ რა წაგლიჯონ და რა მოატყუონ ერთმანეთს.

ძმები დაოჯახების შემდეგ იყოფიან და ერთმანეთის ჯინზე ქონებას ისე ინაწილებენ, რომ ერთიც მშრალზე რჩება და მეორეც. გაიხსენეთ არისტო ქვაშავიძე. „თურმე ძმები გაყოფილან, სულ ფიცარ-ფიცარ გაუტანიათ სახლი და ახლა ორსავე, რომ მთელად აღარა აქვთ მასალა, ქე არიან ისრე უბინაოთ...“

ერთი დედმამიშვილები რომ ასე გაუბოროტდებიან ურთიერთს, რაღა იქნება უცხო ან უბრალოდ ნაცნობ ადამიანებს შორის?

სტუმრის დანახვისას პირზე სულ „მობრძანდი ბატონო“ და „შემოგევლე“ აკერიათ, მაგრამ ახლა მათ გულში ჩაიხედეთ.

- ის ვინაა, აივანზე რომ წამოჭიმულა? - უსიამოვნოდ, წარბების შეხრით შეეკითხა დათია ცოლს, სტუმრის დანახვისთანავე.

- რა ვიცი, ვიღაც სამანიშვილიაო... არისტომ მოათრია!

კლასიკური მაგალითი ამ „კეთილშობილი“ ადამიანების ურთიერთსიძულვილისა, იმ სცენაშია გამოხატული, სტუმრის საპატივსაცემოდ ქათმის დაჭერა რომ განუზრახავს მასპინძელს და წვირიანი ქათმისთვის ნასროლი ჭოლოკით აკი სტუმარს მოსტეხს ბარძაყს.

მოვუსმინოთ მწერალს: „ქათამს ისევ დასდევდნენ დასაჭერად და ამიტომ არისტო მორიდებით მიდიოდა წინ, რომ არავინ შეხვედროდა. უეცრივ, რაღაცამ გაისისინა ჰაერში და არისტოს მძიმედ მოხვდა ჭოლოკი მარჯვენა კუნთში.

- არ მომკლა ამ ვირმა! გამწარებით წამოიძახა მან და იქვე დაეცა მიწაზე გულშეწუხებული. აი, თქვენი რჯული, აი თქვენი!.. ოოოჰ, ოოოჰ! ქე არ მომკლეს ამ ურჯულოებმა ერთი წრიპა ქათმის გულისათვის!.. ამოგივარდათ ოჯახი! ოჰ, ოჰ, ოჰ! - ტკივილისაგან მიწაზე წრიალებდა არისტო და ორივე ხელით იზელავდა კუნთს - თქვენ დაგწყევლოთ ღმერთმა, თქვენ შეგაჩვენოთ დამბადებელმა, ვის გაუგონია ღამეში ჭოლოკებით ქათმის დევნა! ყველაფერში უხეიროები, ყველაფერში!..“

თეძომოტეხილი და გამწარებული სტუმრის წყევლა-კრულვა შეიძლება გაიგოს კაცმა, მაგრამ ამ სასაცილო სცენას ერთობ საინტერესო ფინალი აგვირგვინებს: - თითქოს განგებ ჩემთვის ესროლოს ამ შეჩვენებულს! - გაეცინა თვით არისტოს. - ძალიან არ გაუხარდება, რომ გეიგოს!..

და მან გადაწყვიტა, რაც შეეძლო, ძალა დაეტანებინა თავის თავისთვის, დაეძლია ტკივილი და მასპინძლისათვის მათთდა სასიხარულოდ, არ გაეგებინებინა ეს ამბავი“.

წარმოიდგინეთ ეს „მოსიყვარულე“ თანამეინახენი, მცირე ხნის შემდეგ ერთ მაგიდასთან შემომსხდარნი, ერთმანეთის „პატივისცემისა“ და „ძმობის“ მტკიცებით რომ მოიოხებენ გულს.

ყოველივე ზემოთქმულიდან კიდევ ერთხელ შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ ადამიანებს კუჭის მოთხოვნილების დაკმაყოფილების გარდა სხვა მისია არ აწუხებთ, მათ ერთ ბედს ქვეშ ყოფნა ერთმანეთის შეჭირვების თანაზიარად კი არ ხდის და ერთ მუშტად კი არ კრავს, არამედ, პირიქით, ერთმანეთის მტრებად აქცევს. საერთო გაჭირვებიდან თავდასახსნელად ურთიერთდახმარების ნაცვლად, ისინი ურთიერთმოტყუებითა და მტრობით არიან დაკავებულნი.

იგივე შეიძლება განზოგადდეს და ითქვას მთელი ერის შესახებაც.

 

ხსნისეშმაკეული გზა

 

არსებობისათვის მებრძოლი და არსებობისათვის ბრძოლაში სულიერებადაკარგული ადამიანის გაბოროტება კიდევ უფრო შორს მიდის.

კლდიაშვილის გმირები ისეთ ზრახვებს გაუტაცნიათ, თითოეული მათგანი მალთუსის ნამოწაფარი გეგონებათ. ნამდვილი დროს, ადამიანური არსებობის ცხოვრების ვითარებაში, როგორც წესი, სიცოცხლის დაბადება დღესაწაული, სიკვდილი კი ყველაზე დიდი უბედურებაა. კლდიაშვილის სინამდვილე, როგორც ვთქვით, კარიკატურული სინამდვილეა და შესაბამისად აქ ბედნიერება-უბედურების ცნებებიც ამ სინამდვილესთან სრულ შესაბამისობაში გახლავთ.

თუ რამ საწყენი ჰქონდა ოჯახს, ეს იყო პლატონის ცოლის, მელანოს ხშირი შვილოსნობაო - ვკითხულობთ ტექსტში.

საკუთარი შვილების სიმრავლეს რომ შეუწუხებია კაცი, რაღა გასაკვირია იგი კაცობრიობის გამრავლების გამო მოსთქვამდეს.

- ცუდი დრო მოვიდა, ბატონო, ერთობ ცუდი დრო! ხალხი მომრავლდა... ჩხუბით თუ გაიწმინდება ცოტაზე მაინც ქვეყანა თვარა... - მიმართავს პლატონი ადვოკატ გვერდევაანიძეს, რომელსაც, თავის მხრივ, არაფერი აქვს საწინააღმდეგო „ჩხუბით“ გაიწმინდოს ქვეყანა და მზისქვეშეთში უფრო დიდი ადგილი ხვდეს წილად.

გვერდევანიძე პირდაპირ მოსთქვამს იმის გამო, რომ "ი დალოცვილი ღმერთიც თავის მოწყალებას ჩვენზე ძველებური წესით გვიცხადებს: ხალხს ამრავლებს, ყოველ ოჯახს შვილებით ავსებს... მადლიანს თითო ოროლა შვილი დაეკლო, ამათ მაგიერათ სარჩო მიემატებია, ის არ აჯობებდა?“

ერთი სიტყვით, ადამიანებს, რომელთაც არანაირი სულიერი ორიენტირი არ გააჩნიათ, აურჩევიათ ყველაზე მარტივი გზა: არ იქნება ის - ვიქნები მე, არ იქნება ის, მექნება მისი ქონებაც, ასევე ფიქრობს პირველზე მეორე, მეორეზე მესამე და ა.შ. აქედან მოდის ის გაბოროტება და გაგულისება, რომელიც ხან ერთმანეთის ზურგსუკან დამუნათებით გამოიხატება, ხანაც დენთის კასრივით იფეთქებს ხოლმე და სრულიად უმიზეზოდ ცემა-ტყეპითა და სასიკვდილოდ გამეტებითაც კი მთავრდება.

 

ღვთის შიში

 

ერთადერთი, რაც ოდინდელი ცხოვრების ნორმებიდან კლდიაშვილის კარიკატურულ სინამდვილეში ჯერ კიდევ შემორჩენილა, ეს არის ღვთის შიში. ვამბობთ შიშს და არა რწმენას, ვინაიდან ქრისტიანული რწმენის თვალსაზრისითაც აქ ყველაფერი თავდაყირა დგას, რადგან ღვთისმორწმუნე ადამიანებს დღენიადაგ უღვთო ფიქრები უტრიალებთ გონებაში.

მათი რწმენა არსებითად ცრურწმენაა, იმდენად, რამდენადაც, სწამთ არა ღმერთი, ვითარცა სიკეთე, არამედ ღმერთი, როგორც ზებუნებრივი ძალა, რომელიც არსებობს არა ჩვენში, არამედ განყენებულად და რომელსაც შეუძლია ჩვენი ბედის ტრიალი ან ავად ან კარგად. ეს კი ბადებს ადამიანის შიშს ღვთისადმი.

ადრე ვთქვით, რომ კლდიაშვილის გმირები უფუნქციოდ (კუჭის ფუნქციის ამარა) დარჩენილი ლუარსაბ თათქარიძის შთამომავალნი არიან, იმ განსხვავებით, რომ ამ უკანასკნელთ არსებობისათვის ბრძოლა ახალ დროში თავად უხდებათ. ნახეთ, როგორ ჰგავს პლატონის ფიქრები ლუარსაბისას: ლუარსაბი უშვილობის გამო შესჩიოდა არსთაგამრიგეს - არ მიპარავს, არ მიქურდია, კაცი მე არ მომიკლავს და რისთვის მსჯი შე დალოცვილო ღმერთოო. პლატონი კი ახალი სიცოცხლის მოსალოდნელი მოვლინების გამო იგივე გრძნობით მოსთქვამს:

„რა დააშავა, რა აწყენია (ღმერთს - ნ.გ.) ამისთანა, რომ ასეთი სასჯელი მიესაჯა? რა ქნა ისეთი, რომ ამგვარი წყრომა დაიმსახურა? რისი გულისთვის ისჯება ასე მწარედ?.. და პლატონი ყოველ თავის ნამოქმედარს, ყოველ თავის წარსულს იხსენებდა და არჩევდა, თუ რით შეეძლო განერისხა ღვთაება და გამოეწვია მისგან ისეთი მისი შეუბრალებლობა. არაფერი, სრულიად არაფერი საამისო არ უქნია. კაცი არ მოუკლავს, არ დაუჩეხია, არ უეშმაკნია ჯერეთ. ჯერეთ არც უქურდნია, არაფერი მოუპარავს, არავისთვის არაფერი არ წაურთმევია... ამ სიტყვაზე კი შედგა, შეჩერდა პლატონი... არ წაურთმევია, მაგრამ ხომ ართმევს ბრეგაძეებს, კანონიერად კი, მარა ხომ მაინც ართმევს მასზე უფრო საწყალთ, მასზე უფრო გაჭირვებულთ...“

ამ ფიქრით გულგახეთქილი პლატონი ადვოკატ გვერდევანიძესთან გაიქცა და თავად გადაიხადა დაქცეული ბრეგაძეებისათვის წასართმევი „საქვრივოს“ წილი. ამ დეტალით კარგად ჩანს იმდროინდელი საზოგადოების ყოფაში ჯერ კიდევ არსებული ღვთის შიშის გრძნობა, რაც ბოლომდე წახდენისაგან აკავებდა უფსკრულის გზაზე შემდგარ ადამიანებს.

კიდევ ერთი დეტალი. ელენესაგან შვილის დაბადება და ოჯახში ქონების მოზიარის გაჩენა არც ბეკინას სურს, მაგრამ როცა პლატონი მასთან იმ დროისათვის გაუგონარი წინადადებით მივიდა, მოხუცმა შეჰყვირა:

- ღმერთი დეივიწყე, შე უბედურო? ღმერთი აღარ გაგახსენდა, მაგისთანა აზრები რომ თავში მოგივიდა?! მოხუცებულ კაცს მაძალებ სულის წასაწყმედი საქმე ჩავიდინო?.. ღვთის ჩასახული კაცი მოვკლა?.. გაგიჟდი, შე ღმერთგამწყრალო? რავა მეუბნები დედაკაცს მუცელი მოვაშლევინო?! რამ გაფიქრებია ამნაირი უღვთო საქმე რამ?

სამწუხაროდ, მერმინდელმა დრომ ბევრი რამ იმემკვიდრევა კლდიაშვილის მიერ აღწერილი სინამდვილიდან უკეთურების გზაზე იმ შემაკავებელი ფაქტორის გარდა, რასაც ღვთის შიში ჰქვია...

 

კმაყოფილება

 

სულიერად ძალიან ღარიბი და სულიერად მდიდარი ადამიანები, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ერთ რამეში ერთმანეთს ჰგვანან - ერთნიცა და მეორენიც მცირედითაც კმაყოფილები არიან.

აკაკის ზნესრული პერსონაჟი გაიხსენეთ - ჰაჯი უსუბი, -

„მცირედითაც კმაყოფილი,

რთულ ცხოვრების უარმყოფი“.

ახლა პლატონის ბედნიერ ყოფას მივადევნოთ თვალი, ვიდრე იგი ასეთად სთვლიდა თავს: „ამაზედაც გმადლობ, უფალო! ამაზედაც გმადლობ, უფალო! ამ წამოძახილით პლატონი თავის გულითად მადლობას უცხადებდა ზეციერ მამას, რომ შემცილებელი არავინ გაუჩინა მას ღარიბ ლუკმაში. თავის ცოტაზედაც კმაყოფილი, ამ თავის მცირედითაც ბედნიერი, იგი გულმოდგინედ ურტყამდა თოხს მიწას და ოჯახში სრული კმაყოფილება სუფევდა“.

სულით ღარიბი და სამშვინველით მდიდარი პერსონაჟების კმაყოფილებას კი იმდენად განსხვავებული საფუძველი უდევს, რა სხვაობაც ჭეშმარიტ ყოფასა და კარიკატურულ ყოფას შორის გახლავთ.

ჰაჯი უსუბს და მისნაირ ზნესრულ ადამიანებს, იმდენად აკმაყოფილებთ მცირედი, რამდენადაც მათი კმაყოფილებისა და ბედნიერების განსასაზღვრავად არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება ქონებრივ მონაპოვარს.

არსებობისათვის საკმარისი მატერიალური სახსარი მათთვის სავსებით უშფოთველად მისაღებია, რადგან ბედნიერების ცნება მხოლოდ სულიერ მოთხოვნილებებსა და ლტოლვებს უკავშირდება. ისინი მხოლოდ იმისთვის არსებობენ, რათა იცხოვრონ საკუთარი მრწამსითა და არჩევნით და ამ არჩევანის ბედნიერად დაგვირგვინების შემთხვევაში არიან ბედნიერნი.

პლატონი და პლატონის მსგავსი, საკუთარ ჯამს ჩამაცქერალი პერსონაჟები კი იმდენად არიან მცირედითაც კმაყოფილნი, რამდენადაც ღარიბია მათი სულიერი მოთხოვნილებები.

სულიერი მოთხოვნილების გარეშე მოპოვებული გულის სიმშვიდე კი იმ კაცის ხვედრია, რომელიც ცხოვრობს, რათა იარსებოს და თუ ეს არსებობა გარანტირებული აქვს, შეუძლია უშფოთველად მარცვლოს ჟამთასვლის კრიალოსანი.

ერთი სიტყვით, კლდიაშვილის გმირთა უბედურების საფუძველიც ნამდვილი უბედურების გროტესკად აღიქმება (უბედურების საფუძველია, ვთქვათ, ძმისთვის ძმის დაბადება) და ბედნიერების მათეული საზომებიც ღიმისმომგვრელია.

არადა მწერალმა სინამდვილის პაროდირება კი არ შემოგვთავაზა, მაღალმხატვრულად აღგვიწერა თვით სინამდვილე, რომელიც თავისთავად იყო გროტესკული და უხეირო, დამახინჯებული ჩრდილი ნამდვილი ცხოვრებისა. იყო და სამწუხაროდ არის.

 

- ნოდარ გრიგალაშვილი -

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ