ჩვენ მიჩვეული ვართ იმას, რომ მწერალი მხატვრულ ნაწარმოებში ამა თუ იმ პრობლემას კონკრეტული პერსონაჟის, ან პერსონაჟთა ცხოვრების ფონზე წარმოაჩენს. წყევლა-კრულვიანი საკითხი, რომელიც საფუძვლად უდევს დავით კლდიაშვილის განსახილველ თხზულებას, ნაწარმოების სათაურშივეა გამოტანილი. ეს საკითხი, ეს დაწყევლილი პრობლემა გახლავთ გაჭირვება, სოციალური ბედუკუღმართობა.
„ქამუშაძის გაჭირვება“ ამ თხზულებას იმდენად ჰქვია, რამდენადაც მოთხრობის მთავარი გმირია ახალგაზრდა გაჭირვებული აზნაური, სახელად ოტია, გვარად ქამუშაძე, მაგრამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ვრწმუნდებით, რომ ოტია ქამუშაძის ცხოვრების აღწერა მხოლოდ ფონია, მხოლოდ კონკრეტული მაგალითია საყოველთაო სიღატაკის საჩვენებლად. ამიტომ დავით კლდიაშვილის აღნიშნულ მოთხრობას, ისე როგორც ყველა მის ნაწარმოებს, ერთი საერთო სათაური შეიძლება „დაენათლოს“ - „ცხოვრება მიუსაფართა და გაჭირვებულთა“.
დიახ, დავით კლდიაშვილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ახალი დროის თავისებური „აგიოგრაფია“ იმ განსხვავებით, რომ მაღალი იდეალებისათვის მარტვილ წმინდანთა ცხოვრებას კი არ აღწერს, არამედ ჩვეულებრივ, რიგით ადამიანთა არსებობისათვის ბრძოლასა და წამებას.
ადამიანი რომელიც მაღალი იდეისათვის მარტვილობს, ინარჩუნებს, იძენს და სრულყოფს ყოველგვარ სიწმინდეს, მაღალ ადამიანურ თვისებებს. ხოლო მოქალაქენი, რომელნიც, უბრალოდ, ფიზიკური ყოფნა-არყოფნის დილემის წინაშე დგანან, რომელთაც კუჭი უხმებათ შიმშილით და ემუქრებათ შიმშილით სიკვდილი, მთელი ცხოვრება მარტვილობენ, მთელი ცხოვრება ეწამებიან. ეს წამება ყველა სხვა ტანჯვაზე უფრო მტანჯველი და გულისმომკვლელია, რადგან ამ ტანჯვაში ისინი ვერაფერს იძენენ. დანაკარგვით კი ჰკარგავენ ყველაფერს იმას, რაც ადამიანს ადამიანად ქმნის.
„ქამუშაძის გაჭირვება“ 1900 წელს დაიბეჭდა. ნაწარმოებში დასმულია მწვავე სოციალური პრობლემა, ეს პრობლემა დღესაც, თითქმის საუკუნის შემდეგაც არა ნაკლებ აქტუალურია თანამედროვე ქართველი მკითხველისათვის. ამდენად, თუ თხზულება მთელი სიმძაფრით განიცდება თანამედროვე მკითხველისაგან, ნაწარმოების მაღალმხატვრულ ღირსებებთან ერთად, ამაში ლომის წილი უდევს თვით პრობლემის აქტუალობასა და თანადროულობას.
ქამუშაძის გაჭირვება არ არის მხოლოდ ისტორიიდან გარიყულ კლასზე, „შემოდგომის აზნაურებზე“ დაწერილი მოთხრობა. მწვავე სოციალური სურათის ნეგატივზე აზნაურიცა და გლეხიც ერთნაირად უბადრუკ მდგომარეობაშია აღბეჭდილი, იმ განსხვავებით, რომ ოდესღაც მაძღარი, ახლა კი ახალ პირობებთან „შეგუებული“ აზნაური უფრო გასაცოდავებული გამოიყურება.
დავით კლდიაშვილის უმთავრესი თემაა არა ცალკე აზნაურის, ან ცალკე გლეხკაცის, არამედ, საზოგადოდ, ადამიანის შეჭირვებული ყოფის ასახვა. შიმშილით სული ძვრებათ არა მარტო აზნაურებს - ქამუშაძეებს, ქველიძეებს, სანიკიძეებს, ქუთათელაძეებს და სხვებს, არამედ გლეხკაცთაც.
ყველას ოჯახში ერთნაირი „მდუღარე დუღს“. ყველა სასოწარკვეთილია. „მთელი სოფელი შეწუხებული იყო, ვკითხულობთ მოთხრობაში, - შიმშილობა კარზე მომდგარი იყო. ყოველი მხრიდან გულის ამრევი ამბები ისმოდა. ჭირნახულის ფასი დღე-ღამეზე მატულობდა. ხელმოკლე სოფლელებისათვის მიუწვდომელი ხდებოდა სარჩოს ყიდვა. ერთ დღეს ხმა გავარდა, რომ თამარაშენის ზემო კუთხის გლეხი, პავლია მერაბიძე, ისე გამწარდა, რომ თავის ჩამოხრჩობა მოინდომა შიმშილის გამო, და ცოცხალ-მკვდარი ბაწრიდან ჩამოიღესო, - დროზე მიესწროთ. რამდენიმე კაცი, კიდევაც ასახელებდნენ, - სოფლიდან წასულიყო სამათხოვროდ ქალებით და ბავშვებით“.
ამ საზოგადო გაჭირვების წარმოდგენის შემდეგ, ცხადია, არ შეიძლება ვთქვათ, რომ დავით კლდიაშვილის სამყაროში მხოლოდ გაღატაკებული აზნაურები გმინავენ, გლეხებს კი, როგორც უფრო მშრომელებსა და ამტანთ, ულხინთ. არა, ასე არ გახლავთ საქმე. თუმცა გლეხობასა და აზნაურებს შორის დაპირისპირებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი და ეს პროცესი ასახა კიდეც დავით კლდიაშვილმა, მაგრამ რა კუთხით და როგორ, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ. ახლა კი, შესავალშივე, ერთი რამ უნდა განვაცხადოთ: დავით კლდიაშვილის ნაწარმოებთა და მათ შორის „ქამუშაძის გაჭირვების“ ძირითადი თემაა არა კლასობრივი ანტაგონიზმის ჩვენება, არამედ ის, თუ რა სჭირს, როგორი ხდება ადამიანი, როგორი ხდება საზოგადოება შიმშილის, გაჭირვების, ეკონომიური სიდუხჭირის ჟამს.
რა სჭირს ადამიანს
სოციალურად ავადმყოფი საზოგადოება ავადმყოფ ადამიანებს შობს. „ქამუშაძის გაჭირვების“ მიხედვით, პირველი, რაც ასეთ საზოგადოებაში თვალში საცემია, არის ტოტალური გაუცხოება. გაუცხოება, რომელსაც საფუძვლად უდევს ადამიანთა წოდებრივი, ქონებრივი, ზნეობრივი, გონებრივი სხვადასხვაობა. უფრო მეტიც, ასეთ საზოგადოებაში შესაძლოა ადამიანები ერთი წოდების წარმომადგენლებიც იყვნენ, თანაბარი ქონების, ზნეობისა და გონების პატრონნი, მაგრამ მათ შორის მაინც სრული გაუცხოება სუფევდეს, რადგან გაჭირვებულ ადამიანებს ერთმანეთისთვის არ სცალიათ...
ადამიანი, ბუნებისა და საზოგადოების ნაწილი, წყდება ბუნებასა და საზოგადოებას და საკუთარ თავში გამოკეტილი, თავის მძიმე ფიქრებთან დარჩენილი, სრულ მარტოობას განიცდის. ასეთ იძულებით მარტოობაში, ერთი შეხედვით, თვინიერად გამოკეტილი ადამიანი ხაფანგში გაბმულივით წრიალებს, საკუთარ თავს აწყდება, ბორგავს, ნერვიულობს და მგელსავით აქეთ-იქით აცეცებს თვალებს, თუ ვის მიუხტეს, ვის წაგლიჯოს, ვინ გააუბედუროს, რომ თავისი დაწყევლილი ცხოვრება ცოტა მაინც გამოასწოროს. გადარჩენის ინსტინქტით მცხოვრები კაცი მხეცი ხდება და იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია მოხერხებულად, სხვათა შეუმჩნევლად მოირგოს მხეცის ნიღაბი. მოხერხებულად და შეუმჩნევლად, რადგან სხვებმა ეს არ უნდა შენიშნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სხვები აღარ გაცუცურაკდებიან, აღარ მოტყუვდებიან.
საყოველთაო გაჭირვების ჟამს მეზობელი მეზობელს არ ინდობს, ძმა - ძმას, დედა - შვილს, შვილი - დედას.
ასეთ შემზარავ სურათს ხატავს მწერალი „ქამუშაძის გაჭირვებაში“.
დაბოლოს, ყოველივე ამას ემატება შელახული თავმოყვარეობის გამო ძლიერი სულიერი ტანჯვა, რისგან „თავის დაღწევა“ ისევ გაუცხოებით ხდება. ადამიანი გაურბის საკუთარ თავს, არ სურს დაინახოს თავისი რეალური მდგომარეობა, არ სურს შეეგუოს თავის ყოფას და ცდილობს თავი წარმოგვიდგინოს არა იმად, რაც არის, არამედ ისეთად, როგორიც სურს იყოს. ამით კი იგი ემსგავსება იმ სირაქლემას, რომელსაც თავი ქვიშაში ჩაურგავს, შეუმჩნეველი რომ გახდეს...
იმდენად დიდია კლდიაშვილის გმირებში ადამიანურად ცხოვრების ჟინი, რომ ოდესღაც მართლა არსებული, მაგრამ ახლა მხოლოდ ოცნებებში გამონაკვთული, სასურველი ყოფა, რეალურად ეჩვენებათ. მათთვის დარღვეულია ზღვარი ილუზიურსა და ნამდვილს შორის, ის რაც სურთ იყონ, ჰგონიათ რომ მართლა არიან. ეს არის თავისებური გაქცევა სინამდვილიდან, ზურგის შექცევა, პროტესტი მკაცრი რეალობის მიმართ. ამ თვითდაჯერებას, ასეთ თვითდარწმუნებას ისინი განიმტკიცებენ ტრაბახით, ბაქიაობით, ამპარტავნობით. იმდენად გათავისებული აქვთ სასურველი როლი, რომ ჰქონიათ, ეს როლი კი არა, მათი ნამდვილი სახეა და ცხოვრობენ ასე, - „კმაყოფილნი“. ეს გამაოგნებელი „კმაყოფილება“ აქცევთ მათ კომიკურ პერსონაჟებად.
ეს „კმაყოფილი“ გმირები მკითხველში იწვევენ სევდანარევი ღიმილის გრძნობას. დროდადრო კი ცხოვრება მთელი თავისი სიმკაცრით წამოიფოფრება და კლდიაშვილის პერსონაჟთა კმაყოფილებას ერთი დაკვრით აცამტვერებს.
სასურველი როლით, სინამდვილედ წარმოდგენილი ილუზიებით მცხოვრებნი, ამ დროს უბრუნდებიან საკუთარ თავს და ხაფანგში გაბმულებივით წრიალებენ. სულის სიღრმემდე შესძრავთ თავიანთი ყოფის ტრაგიკული განცდა, მაგრამ გამოსავალი მათთვის არ ჩანს.
ტოტალური სიღარიბე და გაჭირვება ადამიანს შლის, ანადგურებს სულიერად და ზნეობრივად. მისთვის აღარ არსებობს მეგობრობა, სიკეთე, სიყვარული, სინდისი.
„ქამუშაძის გაჭირვებაში“ მავანი თხოვდება, მავანს ცოლი მოჰყავს, მაგრამ ამ ნაწარმოებში თქვენ ვერ ნახავთ პერსონაჟებს, რომელთაც სიყვარულით უთრთით გული. სიყვარული კლდიაშვილის სამყაროდან გაძევებულია, რადგან ლუკმა-პურის მოსაპოვებლად გამთენიიდან დაღამებამდე ყანაში ჩამდგარ, წელში გაღუნულ ადამიანებს სულის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად არ ცალიათ, მათ ცხოვრებას კუჭი განაგებს, მშიერი კუჭი. დამშეული ადამიანი კი საშიშია, დაუნდობელი. აი, იმ საფიქრალთა წყება, რომელსაც აღძრავს „ქამუშაძის გაჭირვება“, ზოგადად, ყოველივე ეს ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:
უბედურია ქვეყანა, სადაც უპირველესი პრობლემა კუჭის პრობლემა, არსებობისათვის ბრძოლაა.
დამშეული საზოგადოება, უბედურია, ცოდვიანი, უსიყვარულო და გაუტანელი. ასეთ საზოგადოებაში ნიჭიერიც ის არის, ძლიერიცა და კეთილდღეობაში მყოფიც, ვინც რიგით მატყუარებზე უფრო მეტი მატყუარაა, ვინც ყველაზე გაქნილი და მოხერხებულია.
„ქამუშაძის გაჭირვება“, როგორც ვთქვი 1900 წელს დაიბეჭდა. საუბედუროდ, ყველა ზემოთნახსენები პრობლემა დღევანდელი დღის პრობლემასაც წარმოადგენს.
ახლა კი ცალ-ცალკე წარმოვადგინოთ ის საკითხები, რომელნიც „ქამუშაძის გაჭირვების“ სიუჟეტშია ჩაფენილი.
გაუცხოება წოდებათა შორის
თამარაშენში კანცელარიის წინ, შაბათობით იკრიბებოდნენ გლეხები და ღარიბი აზნაურები. ეს ხალხი არაფრით განირჩეოდა ერთმანეთისაგან. თითოეული მათგანის ჩაცმულობა და დაღვრემილი სახე მათ სიდუხჭირეს ადასტურებდა. მაგრამ აზნაურებს სისხლსა და ხორცში გამჯდარი უპირატესობის გრძნობა უბიძგებდათ ანკერძოებულიყვნენ. მათ აქ ცალკე ადგილი ჰქონდათ აჩენილი, ამ ცაცხვს, რომლის ქვეშაც ჯდომა იცოდნენ, „აზნაურების ცაცხვი“-ს სახელიც კი დაერქვა. ეს მცირე დეტალი ზუსტად ხატავს წოდებათა ურთიერთობის სურათს. ერთნაირად დამშეულ აზნაურსა და გლეხს შორის ნაცვლად იმისა, რომ თანალმობის ხიდი გაიდოს, შეუვალი კედელი აღმართულა. აზნაური გლეხს არ კადრულობს, მასთან ჯდომას და მუსაიფს თაკილობს.
ასეთი ამპარტავნობა კი მეტისმეტად კომიკური ჩანს გაღატაკებულ აზნაურთა ცხოვრების ფონზე. აზნაურები იძულებულნი არიან ისევე თავდაუზოგავად ებრძოლონ მიწას, როგორც გლეხი შრომობს, ოტია ქამუშაძე გამთენიიდან გადის ყანაში და ზედ აკვდება სახნისს, ისე როგორც მის მეზობლად მისსავე დღეში მყოფი აზნაურები და გლეხები. ასეთ დროს ოტიას „ყველაფერი დავიწყებული ჰქონდა: თავისი წოდებაც, გვარიშვილობაც, სიამაყეც. იგი იყო მუშა, გულმოდგინე, თავდაუზოგველი მუშა“.
ერთხელ, ამ ყოფაში ნახა ოტია მისმა ახლადშერთულმა მეუღლემ. შეურაცხყოფილ აზნაურის ქალს ბოღმით გული გაუსივდა. „იგი თავისი თვალით ხედავდა, ამ წამში, ამხანად, მისი ქმარი, სახელად ოტია, გვარად ქამუშაძე, წოდებით აზნაური, იყო ნამდვილი გლეხი, მუშა გლეხი, ყოველი მხრივ ისეთივე გლეხი, როგორც აი, გადაღმა ყანაში მომუშავე პეტრია დინარაძე...
გულმოკლული, დაღონებული, გარეტიანებული დაბრუნდა სონია სახლში და თვალწინ მოუშორებლად უდგა მისი ქმარი გლეხი, ყაზახი გარეგნობით, შეხედულებით, საქციელით, მოქმედებით და შეძლებით... შეძლებითაც“.
როგორც ვხედავთ შრომა, გლეხივით შრომა, აზნაურისათვის სულის სიღრმემდე შემძვრელი და შეურაცხმყოფელია, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, სხვა გამოსავალი არ ჩანს, უნდა „გაყაზახდეს“ და მიწის მუშად იქცეს. აკი ასეც ხდება, მაგრამ აზნაურობას, ბატონობას მაინც ვერ ივიწყებს და კუდაბზიკობა სასაცილო დღეში აგდებს.
ოტიას ბიძა, ლევან ქამუშაძე შიმშილით მოკვდა. „გოგო" ოტიასთან შემოირბენს და ყვირის: არიქათ, გვიშველეთ, ბატონი კვდება, ბატონიო.
შიმშილით კაცს სული ძვრება, მას კი ისევ „ბატონად“ იხსენიებენ. ეს ერთადერთი სიტყვა მთელი სისრულით ხატავს აზნაურთა ტრაგიკომიკურ ყოფას. ხომ ასე გაჭირვებულია ოტია და მისი ოჯახი და მაინც, როდესაც სონია შეიტყობს რომ ოტიას სურს შეძლებულ გლეხს, სამადაძეს მოანათვლინოს შვილი, შეურაცხყოფისაგან გადაირევა, გლეხთან დანათესავება მისთვის უბედურების ტოლფასია.
როგორც იქნა სონია დაიყოლიეს. სამადაძეს ბავშვი მოანათვლინეს.
ნათლობის სუფრაზე თანამეინახენი ერთმანეთს აუშარდნენ. გამობრუჟული, აბანცალებული სამადაძე მოჩხუბართა გაშველებას მოინდომებს და აჭინჭყლებულ აზნაურს, ბესარიონ ქამუშაძეს აჩუმებს.
- გაწყინა პატივისცემამ, ყაზახო?! - წამოენთო აზნაური და გულმოსულმა მუშტი წაჰკრა „გათავხედებულ“ გლეხს.
- ყაზახი ვარ! - შეჰყვირა სამადაძემ, - ყაზახი ვარ, მარა შენისთანა შემოდგომის აზნოურიშვილს კიდევ ვჯობივარ.
ამ „შემოდგომის აზნაურის“ ხსენებამ ბევრი ააპილპილა.
- გააგდეთ მაგ... გააგდეთ მაგ ქინქლიანი ყაზახი!..
ოტიას ოჯახს, როცა უკიდურესად გაუჭირდა, როცა ცივი ჭადიც სანატრელი გაუხდა, ამპარტავანი ეკვირინე იძულებული გახდა „ქინქლიან ყაზახს“ სამადაძეს მისდგომოდა და მისთვის ეთხოვა სიმინდი. გლეხმა უარი არ უთხრა, მაგრამ საყურადღებო ის არი, რომ ღამით, ჩუმად გადაუტანა, მეზობელს რომ არ დაენახა და ქამუშაძეებს სოფელ-ქვეყანაში თავი არ მოსჭროდათ...
აი, ასე თავაღერილნი დაჰყურებდნენ „შემოდგომის აზნაურები“ მეზობელ გლეხებს. გაჭირვებას, ერთ ბედქვეშ ყოფნას ისინი თითქოს უნდა დაეახლოვებინა, წოდებრივი განსხვავებულობის უკვე ბალავარგამოცლილი კედელი უნდა მოერყია და დაენგრია, მაგრამ ასე არ მოხდა.
როგორც ჩანს, სიღატაკე ადამიანთა თანალმობის საფუძვლად ვერ იქცევა, პირიქით, იგი უფრო თიშავს და აბოროტებს სხვადასხვა წოდების ადამიანებს. მაგრამ იქნებ ერთი წრის წარმომადგენლებს ჰკრავს ერთ მუშტად საერთო სატკივარი, იქნებ თვით აზნაურები პოულობენ ერთურთთან საერთო ენას? არა და არა. ერთი და იგივე წრის წარმომადგენლები კიდევ უფრო გულდახშულნი არიან ერთმანეთის მიმართ. „ქამუშაძის გაჭირვებაში“ შესაბამისი მაგალითები სანთლის საძებნელი არ გახლავთ.
„ჩვენ აღარც კი ვეკარებით ერთმანეთს“
ამ სიტყვებით გამოხატა ოტიას დედამ, ეკვირინემ თავის მაზლთან და სანათესაოსთან დამოკიდებულება. დიახ, ერთი წრის ხალხი, მეზობლები, ნათესავები ერთმანეთის უბედურებით ხარობენ.
უცნაური რამ სჭირს გაუბედურებულ ადამიანს. თუ უბედურება საყოველთაოა, - უფრო უძლებს პირად გაჭირვებას. ხოლო თუ „მარტოისად“ მასზედ „არიან ჭირნი ესე“, სხვანი კი დალხენილად ცხოვრობენ, მაშინ ორმაგად ბედკრულად მიიჩნევს თავს. ერთიც არის, დატანჯულმა კაცმა, თუ კიდევ უფრო მეტად გაწამებული იხილა, როგორღაც თვითკმაყოფილების გრძნობა უჩნდება, აქაოდა ჩემზედ უბედურებიც ყოფილან ქვეყანაზე და მადლი უფალს, მათსავით რომ არ ვარ დაცემული და იმათებურად რომ არ მიჭირავს სული კბილითო.
სიკეთის მადლისგან დაცლილი ადამიანებისთვის ასეთი ფიქრი ჩვეულებრივია და „ადამიანური“. ასე ხდება „ქამუშაძის გაჭირვებაშიც“.
ოტიას ბიძის, ლევან ქამუშაძის ოჯახი სრულიად გაპარტახებულია, მოხუცი აზნაური სიკვდილს ნატრობს. უფრო მეტი სიღატაკე, რაც ამ სახლში სუფევს, წარმოუდგენელია. მათი ხილვით გულდათუთქული სონია ქმრის ნათესავებს შეიბრალებს. ეს არ ესიამოვნება მის დედამთილს, ეკვირინეს და ნიშნის მოგებით ლაპარაკობს: „ახლა ტირის მაგ შავ დღეზე გაჩენილი თავის საქმეს? აქამდისინ სად იყო“.
მოხუც ლევანსა და მის ცოლს ეფროსინეს ასევე მტრად გადასდგომია ოტიას მეორე ბიძის, ომანის სახლეული.
ეკვირინე კი თავის მხრივ მხოლოდ ლევანის კი არა, ომანის ოჯახსაც დღედაღამ წყევლის და თაქავს.
- რა საცოდავი ყოფილა, ბეჩა, ეს უბედური ომანი! - ახლა ომანის სიღატაკის ხილვას აუჩვილებია სონიას გული.
- საცოდავი არიან, აბა!.. მარა მაინც არ წყნარდებიან, ყოველთვის ერთ შფოთსა და უბედურებაში არიან. ვერაფერმა ვერ დაამშვიდა... ვერც სიღარიბემ და ვერც სიღატაკემ, - იქედნურად უპასუხა რძალს ეკვირინემ.
ომანს შვილი გარდაეცვალა. დამწუხრებულ სონიას ეკვირინე მიმართავს: „შენ კარგად მყავდე და მაგათ თავი უტეხიათ, ერთმანეთიც ამოუწყვეტიათ... წყდებიან ხომ მაინც! ღმერთო ნუ მიწყენ და იმ ბავშვის სიკვდილი, კაცმა რომ თქვას, მადლიცაა - რა ცხოვრება მოელოდა საწყალს რომ გაზრდილიყო... იმდენ სულში, რაც იმ ოჯახშია, რა უნდა რგებოდა მას, რა შეხვდებოდა საწილოში?...“
არ იფიქროთ ეკვირინეა გაბოროტებული და მხოლოდ მას არ მიაქვს სხვისი ჭირი გულთან. არა, ასეთია ყველა. სიღატაკემ გამოჰკვება სისასტიკე. გაუცივა გული მეზობლებს, ნათესავებს. თუ ახლო სანათესაო ასე გადაკიდებულია ერთმანეთზე, რა ურთიერთობა უნდა იყოს მეზობლებს შორის.
სისასტიკეს თვით ოჯახის წევრთა ურთიერთობებშიც შეუღწევია. ერთ ოჯახში ერთი კერის პირას მიმსხდარ ხალხს აღარაფერი აკავშირებთ ერთმანეთთან, ყველა თავ-თავის საფიქრალს მისცემია და მათ შორისაც სრული გაუცხოოება სუფევს.
გაუცხოება ოჯახის წევრთა შორის
ჩეხოვის ერთ პატარა მოთხრობაში „არქიელი“, ასეთი სიუჟეტია გადმოცემული.
დედა სასულიერო იერარქიის მაღალ საფეხურზე დაწინაურებულ შვილს ხვდება. მოხუცებული ქალი დაბნეულია. აღარ იცის შვილს თქვენობით ელაპარაკოს თუ შენობით, გაიცინოს თუ არა, მოხუცი ვერ ივიწყებს, რომ გლეხის ცოლია და თავის გადიდკაცებულ შვილთან სრულიად უმწეოდ, გაუცხოებულად გრძნობს თავს.
- მენატრებოდით საზღვარგარეთ ყოფნისას - მიმართავს შვილი დედას.
- მადლობას მოგახსენებთ - მოწიწებით პასუხობს მოხუცი.
ეს საკვირველი ურთიერთობა დედა-შვილისა, „ქამუშაძის გაჭირვებაში“ აღწერილმა ერთი ოჯახის ყოფამ გამახსენა.
გაიხსენეთ ბეგლარ ჯინჭარაძის ურთიერთობა დედასთან და დასთან. „ეს ბედნიერი არსება, ეს რჩეული შვილი - ირონიით წერს მწერალი, იყო N-ის მომრიგებელ-მოსამართლის მდივნის უმცროსი თანაშემწე“. ბეგლარი პაწაწა ჩინოვნიკი კი იყო, მაგრამ გაღატაკებულ ჯინჭარაძეთა გვარში დიდ კაცად ითვლებოდა, რადგან, რაც არ უნდა იყოს, მაინც ხელმწიფის სამსახურში ედგა ფეხი და „დასაფასებელ“ ხალხში ტრიალებდა.
ეს გაქნილი და გაიძვერა კაცი, უფროსთა წინაშე მიწამდე თავდადრეკილი და მათი ფერხთა მტვერი, რიგით ადამიანებს პირდაპირ ოლიმპოს სიმაღლიდან დასცქეროდა. „შინაურობაში იგი ღმერთი იყო, ალბათ, თავის აღმატებულებაში რომ იყო დარწმუნებული, იმიტომ არ ეხერხებოდა არც დედასთან და არც დასთან გრძელი ლაპარაკი. არც უყვარდა მათთან თავის გულის ნადების გაზიარება და შინ მყოფი საზოგადოდ მარტოდ იყო, დედაცა და დაც მორიდებით იყვნენ მასთან და არიდებდნენ ყოველ უსიამოვნებას ამ სასიქადულო და სათაყვანებელ ოჯახის წევრს“.
ბეგლარი რომ სამსახურიდან მობრძანდებოდა, ნაცნობი ფეხის ხმის გაგონებაზე დედა-შვილი, პელაგია და სონია, ხმას გაიკმენდდნენ, მოვიდა - წამოიძახებდა დედა და დაფაცურდებოდნენ. ბეგლარ ჯინჭარაძე საკუთარ ოჯახში თითქმის არ საუბრობდა. მისგან ორიოდე სიტყვა და გაღიმება ღვთის წყალობად აღიქმებოდა სახლში.
ისეთი მოკრძალებით შემზერს ამ გულდახურულ ახალგაზრდას დედა, მისმა „სახელოვანმა" შვილმა ერთი პატარა საფეხურით რომ წაიწიოს წინ და მოსამართლის თანაშემწე კი არა, მოსამართლის მდივნის უფროსი თანაშემწე რომ გახდეს, - თქვენო მაღალკეთილშობილებავო - ალბათ, ასე მიმართავენ მერე ახლობლები.
პელაგიას, ისე როგორც ჩეხოვის ზემოთნახსენებ მოთხრობაში არქიელის დედას, თითქოს არ ავიწყდება, რომ იგი მშიერი აზნაურის ცოლია და „დიდი კაცის“ დედობას ვეღარ „იფერებს“. მოსამსახურესავით გრძნობს საკუთარ შვილთან თავს.
ბეგლარ ჯინჭარაძე თავის სახლში შემთხვევით მოხვედრილ საპატიო სტუმარივით იქცევა. ასეთი ადამიანები თავისზე „მდაბალ“ ხალხთან საერთოდაც ყოველთვის სტუმარივით გრძნობენ თავს, ოღონდ მადლიერებით დაბნეული სტუმარივით კი არა, იმ ღირსებით წარმოგვიდგებიან, ყველას რომ მოსამსახურეობას ავალებენ. მათთვის ქვეშევრდომი ყველგან მასპინძელი უნდა იყოს, შინაც და გარეთაც.
ბეგლარ ჯინჭარაძის სიახლოვეს, დედაცა და დაც ვალდებულად თვლიან თავს ქვეშევრდომული ფეხაკრეფით იარონ..
რატომ ხდება ეს ასე? რატომ გაუცხოებულან ოჯახის წევრები ერთმანეთისგან, რამ შეცვალა ქართული ოჯახის წევრთა შორის ტრადიციულად დამახასიათებელი ალალ-მართალი, გულწრფელი, ლაღი დამოკიდებულება ქვეშევრდომული ურთიერთობით?
პირველი. საყოველთაო გაჭირვების ფონზე ჯინჭარაძეს საკუთარი ოჯახი დამშეული არ ჰყავს, აქედან იბადება მასში უპირატესობის გრძნობა.
მეორე. ოჯახს რომ არაფერი გაუჭირვოს, უნდა ითაღლითოს, ამიტომ დილა-საღამოს თავის სათაღლითო გეგმებზე ფიქრობს და ოჯახთან თბილი, ადამიანური ურთიერთობისათვის მას არ სცალია.
და მესამეც, რაკი მისი სარჩენია დედა და და, მოვალეობის გრძნობა აიძულებს მეტი იშოვოს, მეტის შოვნა კი მეტ ტვინის ჭყლეტასა და მეტ შრომას ითხოვს. ყოველივე ამაში კი თითქოს დედა და დაა „დამნაშავე“. თავის თავზე ნარცისივით შეყვარებულ ჯინჭარაძისთვის ეს უკანასკნელნი ზედმეტ ადამიანებად ქცეულან და მათდამი სიყვარულს შენაცვლებია მოვალეობის გულგრილი გრძნობა.
ასე რომ, ოჯახის წევრთა შორის გაუცხოების საფუძველი ამ შემთხვევაში ისევ სოციალურ უკუღმართობაშია საძიებელი. არსებობისათვის ბრძოლაში ბეგლარ ჯინჭარაძემ დაკარგა ზნეობა. უზნეოდ ცხოვრება კი უსიყვარულოდ ცხოვრებას ნიშნავს. მას ადამიანებთან აკავშირებს მხოლოდ პრაგმატისტული, გამოყენებითი დამოკიდებულება.
რაკი დედასთან და დასთან ეს დამოკიდებულება ვერ ექნება, ამიტომ არც აქვს მათთან საერთოდ დამოკიდებულება. არის უცხო, მედიდური და თავის ნაჭუჭში გამოკეტილი.
თუ ბეგლარ ჯინჭარაძე თავის თავს ამადლის ახლობლებს, ოტია ქამუშაძე პირიქით, უპოვარობისა და ცხოვრების მოუწყობლობის გამო გაუცხოებულა საკუთარ ოჯახში.
გულისმომკვლელია ოტიას ოჯახური ყოფის წარმოდგენა. ვიდრე ცოლს შეირთავდა, ოტია ქამუშაძეს თავისი გაჭირვებული მდგომარეობა იმდენად არ აფიქრებდა, რადგან ხმელ ჭადზე და ლობიოზეც იოლად გადადიოდა, როგორც ყველა მისი მეზობელი. მაგრამ აი, ოტიამ ქალაქელი ქალი შეირთო, ბეგლარ ჯინჭარაძის და სონია. თუ აქამდე სოფლის ღარიბულ ცხოვრებას მიჩვეული ოტია გულარხეინად ცხოვრობდა, ახლა უკვე, ოჯახში უცხო ადამიანის შემოსვლის შემდეგ, იძულებული გახდა თვითონაც სხვა თვალით შეეხედა თავისი ყოფისათვის და მთელი სისრულით ეგრძნო, თუ როგორ მჭიდროდ ეჭიდებოდა მის ოჯახს თანდათანობით სიღატაკის მარყუჟი.
"თვალი რომ აეხილა და ეს ფიქრი რომ დაებადა გულში, სწორედ იმ წამიდან რაღაც დამნაშავედ ჩათვალა თავისი თავი ცოლის წინაშე და მოვალედ გრძნობდა თავის თავს, საქმე გამოეკეთებინა და მოტყუებული ადამიანის წინაშე მაინც რამდენადმე პირნათლად გამოსულიყო. ოტიას რცხვენოდა ცოლის, მეტად მორიდებით იყო მასთან და მუდამ რაღაც საქმიანობაში, მუშაობაში იყო“.
რას არ ეცადა ღარიბი აზნაური, როგორ არ იდგამდა წელებზე ფეხს, მაგრამ ვერა და ვერ წასწია წინ საქმე. ოტია დამნაშავესავით ჩუმად შემოიპარებოდა ღამით სახლში, დაღლილ-დაქანცული ფეხაკრეფით მოიპარებოდა საწოლთან, რომ ცოლს არ დაენახა და მისთვის ყველაზე თავზარდამცემი კითხვა არ მიეცა: რას გვიპირებ, რა ვქნათ, რა გვეშველებაო. ამ კითხვაზე ვერა და ვერ გამოეძებნა პასუხი და იმასღა ცდილობდა, დარცხვენილს ცოლისთვის თვალი აერიდებინა. „დანაშაულის“ გრძნობამ ეს უდანაშაულო კაცი გააუცხოვა, საკუთარ თავში გამოკეტა, მეუღლის წინაშე გაუბედავ, ნირწამხდარ პიროვნებად აქცია.
არის ერთი პატარა დეტალი ნაწარმოებში, რომელიც სრულყოფილად წარმოგვიდგენს სიღატაკის ნიადაგზე ცოლ-ქმრის გაუცხოების მთელ საცოდაობას. ცოლი ხედავდა, რომ მისი ქმარი ცდას არ აკლებდა, ხელებს იტყავებდა მდგომარეობის გამოსწორების მიზნით და ამიტომ ეცოდებოდა, ვერაფერს საყვედურობდა, მაგრამ ერთხელ ვეღარ მოუთმინა გულმა. ალაპარაკდა, პასუხი მოითხოვა. მაგრამ გულიც ამოუჯდა და მწარედ ატირდა. ამის შემხედვარე ოტიას გული აუდუღდა: - ოღონდ შენ ნუ მოიქცევი აგრე... შენ ნუ შემახედვინებ, რომ სატირლად გაქვს ჩემს ოჯახში ფეხის შემოდგმა, ჩემთან ცხოვრება... ყველაფერს ვცდი... ყველაფერს ვიღონებ...
ჩვენი შვილები ღმერთმა ნუ აცხოვროს ასე, ისე, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ. რაღა კაცი ვიქნები მაშინ! არა, არა შენ არ მომიკვდე, შენ! - და მან გადაუწია პირზე მიფარებული ხელი და სიყვარულით აკოცა სახეზე, ჯერ მოუხერხებლად, გაუბედავად, რადგან ეს პირველად იყო, რომ იგი ესიყვარულებოდა ქალს, პირველად ეალერსებოდა თავის ცოლს“.
ახლა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ახალგაზრდებს მთლად ახლადდაქორწინებულები აღარ ეთქმით, უკვე შვილს ელოდებიან, ნათლად წარმოგვიდგება ის საშინელი გაუცხოება, რაც ოტია ქამუშაძის ოჯახში სუფევს, რასაც საფუძვლად უდევს სიღარიბით დარცხვენილი კაცის კომპლექსი.
თვითგაუცხოება
საუკუნეთა წიაღიდან მოგვდევს ბრძნული შეგონება „შეიცან თავი შენი“. ეს მცნება ადამიანს ყველაზე დიდი დილემის წინაშე აყენებს. გაფაციცებული, გარეშე მოვლენებზე მიყურადებული ადამიანი ყველაფრის შეცნობასა და გაგებას ცდილობს, საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად კი დრო არ რჩება. უფრო სწორად, საკუთარი სულის გაშიშვლებას გაურბის. ნაცვლად იმისა, რომ შეიცნოს თავი თვისი და იყოს ის, რაც არის, ან ეცადოს გახდეს უკეთესი, ადამიანს ურჩევნია იცხოვროს პიროვნული მე-ს მიმართ ილუზიური დამოკიდებულებით.
„ქამუშაძის გაჭირვებაში“ წარმოჩენილი გაუცხოება წოდებათა შორის, გაუცხოება ერთი წრის ადამიანთა და, საზოგადოდ, პიროვნებათა შორის და გაუცხოება ოჯახის წევრთა შორის იმდენად თვალშისაცემი არ არის, რამდენადაც პიროვნების გაუცხოება საკუთარ თავთან.
მოთხრობის პერსონაჟები დაჟინებით ცდილობენ მიჩქმალონ თავიანთი ნამდვილი სახე, თვალი მოუხუჭონ რეალურ ვითარებას და თავიც დაირწმუნონ, პირველ ყოვლისა, კი სხვა დაარწმუნონ, თავიანთი ილუზიური წარმოდგენების რეალობაში. დავით კლდიაშვილის სამყაროს ტრაგი-კომიკური არსი სწორედ ამაშია გამოხატული.
„სწორედ დროც იყო და საჭიროებაც მოითხოვდა, რომ აზნაურ ოტია ქამუშაძეს ცოლი ეთხოვა“ - კლდიაშვილისათვის დამახასიათებელ ამ ბუნებრივ, უშუალო ფრაზას, ამ პირველივე მოხდენილ წინადადებას შევყავართ „ქამუშაძის გაჭირვებაში“ აღწერილ სამყაროში. გავეცნობით, დავათვალიერებთ ამ სამყაროს, დავხურავთ წიგნს და ვფიქრობთ: არც დრო ყოფილა და არც გარემოება უწყობდა ხელს საწყალ ოტია ქამუშაძეს, რომ ცოლი ეთხოვა. მთელი ეს სამყარო ასეთი პარადოქსებითაა სავსე. არა ბუნებრივად, მიზეზ-შედეგობრივად განპირობებული პარადოქსებით, არამედ ხელოვნურით, რომელიც ცხოვრებას შემოუგდია ადამიანთა დასაცინად და გასაწამებლად.
ბუნებრივი იყო მართლაც, „დროც იყო და საჭიროებაც მოითხოვდა“ ნამდვილად, რომ უკვე შეღერებულ ახალგაზრდას ცოლი ეთხოვა, მაგრამ ეს ბუნებრივი სურვილი, თურმე სასაცილოდ უნდა აეგდო ცხოვრებას. დავით კლდიაშვილის გმირებისათვის ბედნიერების ბუნებრივ მოთხოვნილებას შედეგად მოსდევს უბედურება. ეს არის ამ გმირების ტრაგედია. მაგრამ მათ არ სურთ შეეგუონ უბედურებას და თავს იმხნევებენ, სანამ სულ არ დაზაფრავთ ცხოვრება, მანამდე, ძალიანაც კმაყოფილად გრძნობენ თავს - ეს უკვე კომედიაა.
ასე რომ, როცა კლდიაშვილის გმირების თვითგაუცხოებაზე ვლაპარაკობთ, ამის საფუძველი მათ ბოროტებაში კი არ უნდა ვეძიოთ, არამედ მათ გაუნათლებლობაში, უფრო მეტად კი ბუნებრივ, ადამიანურ სურვილში - იყვნენ არა ის, რაც არიან, არამედ ის, რაც სურთ, რომ ყოფილიყვნენ.
„ქამუშაძის გაჭირვების“ გმირთა თვითგაუცხოების საფუძველი რეალურსა და შესაძლებელს შორის ზღვარის მოშლაში დევს, რისი შედეგიცაა ტრაბახი, ბაქიაობა, უბოროტო ტყუილების რაკრაკი:
„ვაი დედასა!, რა ოჯახის შვილი ვის ნაცარში ვიქექები და კიდევ ასეთ გაჭირვებაში?! ამოიოხრებდა ხოლმე ოტიას დედა, სანიკიძის ქალი ეკვირინე. მწერალი კი იქვე დასძენს: „თუმცა, სიმართლე უნდა ეთქვა კაცს, მაინცდამაინც სანიკიძეებიც ვერაფრით უსწრებდნენ ქამუშაძეებს, მაგრამ ეკვირინეს ღრმად სწამდა თავისი ჩამომავლობის უპირატესობა“.
ოჯახში ახლადშემოყვანილ რძალს ეკვირინე სრული რწმენით ეუბნება:
„ქმარი კაი იშოვე, დედა და ოჯახი ისეთი რომ... მერე კი რძლის ძმას მოუტრიალდება:
- არაფერი მას აქ არ მოაკლდება, შენი ჭირიმე, არაფერი! - ბაქიაობს ეს მოხუცებული, შრომისაგან წელში გაწყვეტილი, არასმქონე დედაკაცი.
ერთ რამედ ღირს ეკვირინეს საუბარი რძალთან, როცა თავის უძრავ-მოძრავი ქონების დასათვალიერებლად წაიყვანა. „ამ ჭურებში შარშან ღვინოები ჩაისხა“... „ბოსტანი მქონდა, შენ გენაცვალე, ისეთი ბოსტანი...“ „ხახვი, ეხლა ამას რომ ხედავ, ეს რაა იმასთან, შარშან რომ იყო...“ „ეს სალათა... ჰმ, იმდენი იყო“...
მქონდა, იყო, გვექნება, ღმერთი მოგვცემს, სულ წარსული ან მომავალი დროის შესახებ ლაპარაკობს მოხუცი, აწმყოზე კი, აწმყოზე ხმას არ იღებს. არაფერი აქვს და რა თქვას, მაგრამ არც გულს იტეხს. ეს უსაფუძვლო ოპტიმიზმი არა მხოლოდ სასაცილო მდგომარეობაში აგდებს აზნაურის ამპარტავან ქალს, ოჯახის კიდევ უფრო გაპარტახების საფუძველიც ხდება. ამ ოპტიმიზმის გამო იყო, როგორც კეთილშობილმა ქალმა, თავი რომ არ შეირცხვინა და შვილის ქორწილზე მეტისმეტად დიდი ხაარჯი გასწია, რასაც შედეგად სრული გაღატაკება მოჰყვა.
ეკვირინე არ არის მხოლოდ ასეთი, კუდაბზიკა და ამპარტავანია ყველა ამ სოფელში, ვისაც „კეთილშობილის სისხლი“ უდუღს ძარღვებში.
- შენ არ მომიკვდე, ღარიბი აზნოურიშვილი, რატომ? შევარცხვინე ღარიბი აზნოურიშვილი, შევარცხვინე ვინც ღარიბი იყვეს...“ - გაიძახის ერთი შემთვრალი აზნაური, რომელსაც გაცრეცილი ძველი ჩოხა ეცვა და ჭუჭყით გაზინთული ყაბალახი ებურა. ამ აზნაურს, ისე როგორც სხვებს, მართლა სჯერა, რომ თავად არაფერი სჭირს სხვისგან შესაცოდებელი და, რომ „შესარცხვენი ღარიბი აზნოურიშვილი“ თვითონ არამც და არამც არ არის...
დავით კლდიაშვილის გმირები იმდენად გაუცხოებულან საკუთარი თავისაგან, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ისინი სცენაზე, სხვის დასანახავად, სხვასთან თავმოსაწონებლად ცხოვრობენ.
„ხალხს ისეთი უნდა ეჩვენო, შვილო, რომ მტერს თვალი დოუდგეს, გული მოუკლა და ენა მუცელში ჩაუგდო... ძალათი რომ არ უნდოდეს, მაინც ათქმევინო შენი თავის ქება, აბა!.. - არიგებს ეკვირინე სონიას. ამ სიტყვებში გაცხადებული აზრით ცხოვრობს სოფელი.
ოტია ქამუშაძეს, ამ მშრომელსა და საწყალ (კინაღამ წამომცდა გლეხს-მეთქი)...აზნაურს, ისე დარევს ხელს ამპარტავნების გრძნობა, რომ ცოლსაც კი მეზობლის ჯინით ირთავს. მეზობელი აზნაურის სარდიონ ქველიძისაგან დაწუნებულ ოტიას, პორფირი ბიაშვილი ქალაქელი ქალის გარიგებას შეჰპირდება.
„ოტიას გული ძალზე სცემდა იმ მოულოდწელი ბედნიერების მოახლოებით, რასაც ჰპირდებოდნენ მას“. მაგრამ აღარ იკითხავთ რაში გამოიხატებოდა ოტიასთვის მოულოდნელი ბედნიერება! თურმე იმიტომ კი არ სცემდა მისი გული ძალზედ, რომ ცოლს რთავდნენ, არა, იმის გამო უფართხალებდა გული, რომ ქალაქელი ქალის შერთვით საშუალება ეძლეოდა „გულის ჯავრი ამოეღო ქველიძეზე“.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გაუცხოებული, სხვის შესახედად მცხოვრები კაცის ფსიქიკიდან.
ქალაქელ საპატარძლოსთან საქმის კეთილად დაგვირგვინების შემდეგ, ოტია ასეთი თხოვნით მიმართავს თავის მაშვალს, პორფირე ბიაშვილს:
„რომ გული მოვუკლა იმ ოხრისშვილსაც (სარდიონ ქველიძეს, ნ.გ.) და ზოგიერთებს სხვებსაც.. თქვენთვის ეგ არაფერი იქნება, ჩემთვის კი ძვირად რადმე ეღირება, - იყოს ისე თქმულობად, ცარიელ სიტყვად, რომ ვითომც ბეგლარს დისთვის ხუთასი მანეთი მიეცეს მზითვად... ცარიელი სიტყვა ქვეყნის გასაგონად, თორემ ფულის თხოვას როგორ გავუბედავ... ისიც არ კმარა ჩემს თავზე?! ქვეყნის გასაგონად ითქვას ოღონდ!“ ასე იტყუებენ და იბითურებენ თავს ადამიანები, ვითომდა მეზობლის გულის გასახეთქად. მეზობლებიც ამასვე სჩადიან და მიდის ასე ცხოვრება ერთმანეთის ჯიბრით, ერთმანეთის კილვით, შურით, ზვაობით.
უსიყვარულოდ, უმეზობლოდ, უთანადგომოდ ცხოვრება კი მარტოობის სუსხით ავსებს ადამიანთა სულებს და მათ ეკონომიურ გაჭირვებას ემატება მარტოობის უსასოო განცდა...
ეს ყოვლისმომცველი მარტოობა იმთავითვე თვალშისაცემი გახდა ქალაქელი რძლისთვის. მწერალმა ერთგვარ მხატვრულ ხერხს მიმართა და უცხო ადამიანის თვალით შეგვახედა სოფელს. ზამთარში კერას მიფიცხებული ადამიანები გასაცოდავებულნი გამოიყურებიან ერთფეროვნებისა და სიმარტოვის აუტანელ გარემოცვაში.
„დღეები მიიზლაზნებოდნენ, მიჰყვებოდნენ ერთმანეთს ერთფეროვნად, განუსხვავებლად, გულის მომკვლელ მოსაწყენად... დილით ადრე ადგომა, ცეცხლის დანთება, გასათბობად კერიასთან ჯდომა, ცოტა ხნის შემდეგ სადილის თადარიგი, სადილი, იქვე როგორც შებინდდებოდა, ვახშმის მზადება, ვახშამი და მაშინვე ძილი; მეორე დღესაც იგივე, მესამესაც. ასე ატარებდნენ კვირეებს და თვეებსაც“.
ადამიანები ზამთარში თავ-თავიანთ „ბუნაგებში“ შეყუჟულან, რათა გამოზამთრების შემდეგ ისე დაეტაკონ მარჩენალ მიწას, მომავალ ზამთარშიც რომ ჰქონდეთ ცივი ჭადი და ლობიო. სხვა ცხოვრება მათ არ გააჩნიათ, რადგან სიცოცხლეს, თუნდაც უსახსროსა და შეჭირვებულს, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული ალამაზებს და აკეთილშობილებს, სიყვარული კი ღატაკთა და მიუსაფართა ქვეყნიდან გაძევებული და დასჯილია.
ზედმეტი ადამიანები
ლიტერატურა ე.წ. „ზედმეტ ადამიანთა“ მრავალგვარ ტიპს იცნობს. XIX და XX საუკუნის მწერლობაში უხვად გამოიკვეთა ასეთი სახეები. „ზედმეტი ადამიანის სახელით ვიცნობთ ისეთ პერსონაჟებს, როგორიცაა პუშკინის ონეგინი, ლერმონტოვის პეჩორინი, ტურგენევის ლავრეცკი, გიორგი ერისთავის ივანე დიდებულიძე, ილია ჭავჭავაძის გიორგი, ვაჟა-ფშაველას მინდია, ალუდა ქეთელაური, მიხეილ ჯავახიშვილის თეიმურაზ ხევისთავი, ნიკო ლორთქიფანიძის თავსაფრიანი დედაკაცი, კონსტანტინე გამსახურდიას თარაშ ემხვარი, კონსტანტინე სავარსამიძე, ნოდარ წულეისკირის პანტე ჯაავა და სხვა. კიდევ მრავალი მწერლის პერსონაჟთა დასახელება შეიძლება ასეთ სიაში.
ეს პერსონაჟები ტიპოლოგიურად სრულიად განსხვავებულნი არიან და მაინც, მათ ერთი საერთო, „ზედმეტი ადამიანის“ სახელით მოვიხსენიებთ ხოლმე. განმაზოგადებელი ნიშანი, რითაც აღნიშნული გმირები ხასიათდებიან, თვით „ზედმეტი ადამიანის“ ცნებაში მოიაზრება. (ეს ცნებაც, ცხადია, გარკვეული პირობითობის შემცველია, რადგან ბუნებაში არაფერი და მით უფრო არავინ შეიძლება იყოს „ზედმეტი“).
XIX საუკუნის ქართულმა სინამდვილემ წარმოშვა „ზედმეტი ადამიანები“, რომელთა ცოდნა, განათლება, მიზნები, ოცნებები და იდეალები უნაყოფო იყო. ისინი მოსწყდნენ პრაქტიკას, სინამდვილეს და იმავე სინამდვილის ულმობელმა ლოგიკამ ოცნებაში ჩამონაკვთული მათი სამყარო, მათი ილუზიები, სასაცილოდ საცოდავი გახადა. (ამგვარ პიროვნებათა ლიტერატურული ხატია ივანე დიდებულიძე).
იმავე XIX საუკუნის ქართულმა სინამდვილემ მოგვცა ისეთი ტიპის „ზედმეტი ადამიანები“, რომელთა სახეები აკაკის „რუსეთუმეში“ და „ღამურაში“ აირეკლა.
ყოველდღიურ წვრილმან, ყოფით გაწამაწიაში ჩაფლული საზოგადოებისათვის ზედმეტ ადამიანებად ქცეულან ისეთი ზნემაღალი და „უცხო“ თვისებების პირები, როგორიცაა ოთარაანთ ქვრივის გიორგი, ალუდა ქეთელაური, მინდია, რომელთა მთელი „დანაშაული“ ის არის, რომ ზურგი აქციეს დროებით ღირებულებათა მქონე მიზნებს და მარადიული იდეალების ერთგულ მსახურებად გვევლინებიან.
XX საუკუნის დასაწყისში ქართულმა მწერლობამ „ზედმეტი ადამიანის“ სხვაგვარი ტიპი გამოკვეთა. საუკუნის დასაწყისში ინტელიგენცია იბრძოდა დიდი შემართებითა და მონდომებით. მაგრამ როცა თვით ხალხი მოექცა ბრძოლის ავანგარდში, ინტელიგენციის ერთი ნაწილი, რომელიც ადრე იღვწოდა „ხალხისათვის და არა ხალხთან ერთად“, ბრძოლის შედეგით შეძრწუნებული, მოძრაობას გამოეთიშა, გაირიყა, საერთო ბრძოლის შედეგში წილი აღარ ედო, ზედმეტ ადამიანებად იქცნენ. ასეთ მოღვაწეთა სახეა თეიმურაზ ხევისთავი.
ერთი სიტყვით, სხვადასხვა ეპოქაში და თუნდაც ერთსა და იმავე დროში, პიროვნების ზედმეტ ადამიანად ქცევას განსხვავებული ობიექტური საფუძველი განაპირობებს. „ზედმეტ ადამიანებად“ ქცეულან დავით კლდიაშვილის აზნაურებიც, რომელთა ცხოვრებაში კრიზისული სიტუაცია დგება და ისტორიის ლოგიკა მათ მზისქვეშეთში ადგილს აცლის.
აზნაურობას თავისი ისტორიული ფუნქცია ერისა და ქვეყნის წინაშე აღარ აქვს. წასულა ხმალთა კვეთებისა და აბჯრის ჟღრიალის დრო. ახლა გუთანს უნდა მოეკიდონ და მუშაკებად იქცნენ. შრომა კი მათთვის სათაკილოა და დამამცირებელი. გავიხსენოთ, ყანაში ყაზახივით მომუშავე ოტიას დანახვა ცოლისთვის როგორ ტრაგედიად აღიქმება.
აზნაურობა გამოუვალ მდგომარეობაშია. თუ არ იშრომებენ, შიმშილით სული გაძვრებათ. იძულებულნი არიან იმუშაონ, მაგრამ ფიზიკური შრომაც ტრაგედიაა მათთვის, რადგან „ყაზახობა“ მათ კეთილშობილებას შეურაცხყოფს.
ასე რომ, ერთ დროს სანუკვარი წოდებრივი პრივილეგია, ახლა აზნაურთა სულიერი შეჭირვების ერთერთ მიზეზად ქცეულა. პრივილეგირებული წოდებისათვის კრიზისული სიტუაციები ყოველი ცივილიზებული ერის ისტორიამ განვლო, ასე რომ, „ზედმეტ ადამიანთა“ ისეთ ტიპებს, როგორსაც დავით კლდიაშვილი გვიხატავს, ცხადია, სხვაგვარი ხასიათებით, სხვა ქვეყნების წარსული ცხოვრებაც გამოჰკვეთს, მაგრამ „ქამუშაძის გაჭირვებაში“ თუ მწერლის სხვა თხზულებებში სრულიად განსხვავებულ საფუძველზე წარმოშობილ „ზედმეტ“ ადამიანთა გულისმომკვლელ სახეებსაც ვხედავთ.
ასე, მაგალითად, კლდიაშვილის სამყაროში ოჯახის წევრები ერთმანეთთან არა მარტო გაუცხოებულად გრძნობენ თავს, არამედ ამ ოჯახებში კიდევ მეტი უბედურება ტრიალებს. ოჯახში რომელიღაც წევრის ან წევრების „ზედმეტ ადამიანებად“ ქცევას არავითარი დიდი ფილოსოფიური თუ ფსიქოლოგიური საფუძველი არ უდევს. უბრალოდ, ისინი ზედმეტნი არიან ეკონომიური გაჭირვების გამო.
„ქამუშაძის გაჭირვებაში“ ახალგაზრდა შვილები ოჯახებიდან გარბიან და მოხუც მშობლებს, რომელთა რჩენა მათ არ შეუძლიათ, ღვთის ანაბარა მიატოვებენ. ასეთი ბედი ხვდა მოხუც ლევანსა და მის ცოლს ეფროსინეს. ეს უბედური ადამიანები აღარავის სჭირდება, არც მეზობელს, არც ნათესავს და საკუთარი შვილებისთვისაც ზედმეტ ბარგად ქცეულან...
კიდევ უფრო გულისმომკვლელია იმის წარმოდგენა, რომ საკუთარ ოჯახში ზედმეტ ადამიანებად გრძნობენ თავს სიცოცხლით სავსე, მშვენიერი ყმაწვილი ქალები, რომელთა გათხოვებას ფული სჭირდება. ვინც ნაკლებ ფულს მოითხოვს, მშობელიც ნივთივით იმას მისცემს თავის ქალიშვილს. ის ნაკლები ფულიც თუ არ აქვს, მაშინ სულაც ვერ გაათხოვებს და შინ დაუბერდება...
როცა სონიას დედამ, პელაგიამ შეიტყო, რომ მის ქალიშვილს საქმრო გამოუჩნდა, გულაჩუყებული, ოჯახის მარჩენალი ვაჟის სურათთან მივიდა და აჩიფჩიფდა: „აწი განთავისუფლდები, შენ გენაცვალე, განთავისუფლდები“... ქალაქიდან შვილის სოფელში გათხოვება კი განსაკუთრებით უხარია. მოტივით, აღარ იკითხავთ? „ახლოსაც არ გეყოლება - მიმართავს ბეგლარს, - წელიწადში შეიძლება ერთხელ, ორჯერ მეტად ვერ შემოდგამს ფეხს შენს სახლში...“ მხოლოდ ეს სიუჟეტი რომ აღეწერა დავით კლდიაშვილს, ამითაც თვალნათელი გახდებოდა, თუ რად შეიძლება აქციოს ადამიანი მხოლოდ კუჭის ინტერესებით ცხოვრებამ.
„ქამუშაძის გაჭირვებაში“ არის ერთი პერსონაჟი, სარდიონ ქველიძის ქალიშვილი ნინო, რომლის ზნეობრივ სამყაროზე ზეგავლენა ვერაფერს ვერ მოუხდენია, მის სულს ბიწი არ ეკარება. ამ მშვენიერი ქალიშვილის ცხოვრების მაგალითით მწერალი იმასაც გვეუბნება, რომ ადამიანს ადამიანურობის შენარჩუნება ყოველგვარ სიტუაციაში შეუძლია. მაგრამ თანასოფლელთა შურიანობის, ჭორის, ამპარტავნობის, ზაკვისა და ზვაობის ფონზე, ნინოს ზნემაღლობა გამონაკლისად აღიქმება, გამონაკლისი კი წესს მხოლოდ ადასტურებს. დამშეული საზოგადოების ცხოვრების წესად კი უზნეობა ქცეულა.
ღონიერი ქალაქი დასცინის მისუსტებულ სოფელს
რაკი სოფელში ყველა ერთნაირად გაჭირვებულია, აქ ცხოვრების სახსარის შეძენა ჭირს და ამიტომ, ბედის საძიებლად, სოფლელები ქალაქისაკენ ეშურებიან. ქალაქში მრავლად ცხოვრობს ხალხი, ამიტომ აქ გამორჩენის მეტი საშუალებაც უჩნდება კაცს.
სოფელს ჯერ კიდევ არ აუღია თავზე ხელი და სინდის-ნამუსს, ცოტაოდენს, მაგრამ ჯერ კიდევ ინარჩუნებს ხალხი. ქალაქმა კი სრულიად ახალი ტიპის ადამიანები შობა, ადამიანები, რომელთათვისაც სინდისი და პატიოსნება ცარიელი სიტყვების რახარუხია. იქ სადაც უსამართლობა, გაუნათლებლობა და საყოველთაო გაჭირვებაა, ცხოვრების მდინარე ასეთ კაცებს ამოაგდებს ზედაპირზე. მათ იციან, როგორ გაძარცვონ და მოატყუონ თანამოძმე, რაკი ისინი ქალაქში მომრავლდნენ, ამიტომაც მათი პირით, როგორც მწერალი წერს, ღონიერი ქალაქი დასცინის მისუსტებულ სოფელს.
იქ, სადაც პატიოსანი, მუხლჩაუხრელი შრომა შედეგს არ იძლევა, მოხერხებულობას, გაქნილობას, გაიძვერობას ეთმობა ასპარეზი. ვისაც ეს თვისებები საკმაოდ აღმოაჩნდება, ცხოვრების ლელოც გააქვს. ასეთია ბეგლარ ჯინჭარაძე, რომელიც „უგულოდ ეპყრობოდა ყველაფერს, რისგანაც რამე სარგებლობას არ გამოელოდა თავისათვის, კაცს აფასებდა მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რამდენად მისგან რამე უსარგებლია, ან გამოელოდა რამე სარგებლობას. მისთვის ყველაფერი უმნიშვნელო იყო და „სისულელე“, თუკი პირადად მას არ ასარგებლებდა. არაფერს სხვა რაიმეს მის თვალში ფასი არ ედებოდა. გუნებაში ათასჯერ წინ წაუყენებია თავი იმ „ნასწავლებზე და ნაწვალებებზე“, რომლებსაც მასავით ვერ მიუგნიათ იმ გზისთვის, რომელსაც საჭიროა კაცი ადგეს, თუ უნდა თავისი თავის ბედნიერება“.
ეს გზა, როგორც ვთქვით, გაიძვერობისა და თაღლითობის გზაა. ამ გზაზე შემდგარი მეორე პერსონაჟი, ბეგლარის ალი-კვალი პორფირი ბიაშვილი სოფელ თამარაშენში ჩასულა და როგორც ნაპოლეონ ბონაპარტე მორიგ დასაპყრობ ქვეყანას, ისე გადასცქერის მაღალი სერიდან სოფელ თამარაშენის მცხოვრებთ. „ამ მაღალ სერიდან რომ დასჩერებოდა აქაურ მოსახლეებს, იგი მხოლოდ იმას ფიქრობდა და თავის გუნებაში ზომავდა იმას, თუ რამდენ გამოსარჩენს იშოვიდა ამათგან და რამდენს საშოვარს შესძენდა ამათი გაჭირვებული, შევიწროებული და ვაგლახი ცხოვრება“.
ამ გაჭირვებულ, შევიწროებულ და ვაგლახ გლეხკაცთა და აზნაურთა სოფელს თამარაშენი ჰქვია. „ქამუშაძის გაჭირვებაში“ სოფლის სახელწოდებას სიმბოლური დატვირთვა უნდა ჰქონდეს. თამარაშენი - დიდი მეფის, თამარის სახელს უკავშირდება. თამარი ქართველთა სიძლიერის, სილაღის, სიმდიდრის, ზნეობის, პატიოსნების, სიყვარულის სიმბოლოა. სოფელს მხოლოდ სახელწოდება შერჩენია ძველი. ქართველებსაც მხოლოდ სახელად შერჩენია ქართველი. ახალ დროში სოფლის სახელწოდება - თამარაშენი, უკვე მწარე ირონიად ჟღერს.
- ნოდარ გრიგალაშვილი -