„თავსაფრიანი დედაკაცი“, ეს ისედაც მცირე მოცულობის ნოველა, რამდენიმე მონაკვეთისაგან შედგება. ეს მონაკვეთები, ფაქტიურად, დამოუკიდებელი ლირიკული ჩანახატებია. თითოეულს თავისი მკაფიოდ გამოკვეთილი სათქმელი აქვს. მათი მთლიანობა კი ქმნის იმ გულისმომკვლელ სურათს, რომელზეც აღბეჭდილია ცალად დარჩენილი ადამიანის მძიმე და გაუხარელი ცხოვრება.
შვილთა უმადურობისაგან გულმკვდარი დედის, ცისქვეშეთში უკვე ყველასათვის ზედმეტადქცეული ადამიანის ტრაგედია. უკვალოდ გადაგება სპეტაკი სულისა, რომელიც დავანებულია „უბრალო“ ადამიანში.
ასეთებს არ გამოუჩნდებათ არათუ თავისი მარკოზი და იოანე, არამედ, მათი სულიერი რაობა შეუმჩნეველი რჩება საკუთარი შვილებისთვისაც კი.
„დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან“. ეს აზრი ნიკო ლორთქიფანიძის არა მარტო ამ ნოველის, „თავსაფრიანი დედაკაცის“ განმაზოგადებელი დასკვნაა, იგი მწერლის სხვა რამდენიმე ნოველასაც მიესადაგება.
მწერალი - ყველასაგან მივიწყებული, შემოდგომის ფოთოლივით უხმაუროდ მოწყვეტილი და გამქრალი სიცოცხლის მოსარჩლედ გვევლინება და თავად უდგამს ძეგლის თავსაფრიან დედაკაცებს, რომელნიც დღესაც უჩუმრად ცხოვრობენ ჩვენს გვერდით.
ნოველა, როგორც ავღნიშნეთ, რამდენიმე მონაკვეთისაგან შედგება. თითოეული დამოუკიდებელი ჩანახატიცაა და იმავდროულად მთელი თხზულების ორგანული ნაწილიც. ვერცერთ მონაკვეთს ნოველიდან ვერ ამოაგდებთ ისე, რომ თხზულების ერთიანი ქსოვილი არ დაირღვეს, მაგრამ ნაწარმოებში არის ერთი ძალზედ მცირე ნაწილი, ავტორის წინასიტყვა, რომელიც თხზულების დედაარსს არ გამოხატავს და ამიტომ ვერც ეპიგრაფად მივიჩნევთ და არც სიუჟეტთანაა თითქოს აუცილებელ კავშირში. ერთი შეხედვით, ამ წინასიტყვის გარეშე სიუჟეტი არაფერს კარგავს. ნიკო ლორთქიფანიძის, როგორც იმპრესიონისტი მწერლის, ხელწერისთვის კი არათუ მთელი ქვეთავის, - ერთი ზედმეტი სიტყვის დაწერაც კი არ არის დამახასიათებელი. მაშ რას უნდა მივაწეროთ მწერლის მიერ „ზედმეტი“ პასაჟის აღწერა?
საქმე ის არის, რომ ავტორის წინასიტყვა და ნოველის ძირითადი ტექსტი მართლაც ორი დამოუკიდებელი თხზულებაა. პირველი მინიატურა, მეორე კი ნოველა. უფრო მეტიც, როგორც მინიატურა, ისე ნოველა ერთსა და იმავე ინფორმაციას გვაწვდის, ამდენად, ერთ-ერთი ამ შემთხვევაში, ნოველის შესავალი ნაწილი, თითქოს ზედმეტად უნდა მიეჩნია ავტორს, მაგრამ იგი შესავალშივე სწორედაც შეგნებულად გვთავაზობს სიუჟეტის ძირითად სქემას და, აი, რატომ: ამ საკითხზე მსჯელობას ცოტა შორიდან დავიწყებ.
ნიკო ლორთქიფანიძის ვრცელ ნაწარმოებში - „ბილიკებიდან ლიანდაგებზე“, არის ერთი ქვეთავი - „ცხრაას ხუთი უპათოსოდ“. აქ აღწერილია ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმის მიერ ქალის წამებისა და გაუპატიურების ამბავი.
ამ ფაქტის გადმოსაცემად მწერალი მიმართავს ორიგინალურ ხერხს:
„გაზეთი წერდა:“
„შორეული მეზობლები ამბობდნენ:“
„ბელეტრისტს შეუძლია დაადასტუროს“,
- ამბობს ნ.ლორთქიფანიძე და ცალ-ცალკე აღწერს, თუ რას წერდა გაზეთი, რას ამბობდნენ შორეული მეზობლები და რა შეუძლია ბელეტრისტს, რომ დაადასტუროს. ამ ხერხით საცნაური ხდება ერთი რამ. გაზეთი წერდა იმას და წერდა ისე, რაც შეიძლებოდა დაეწერა ნებისმიერი ადამიანის შესახებ, რომელიც იგივე დღეში აღმოჩნდებოდა.
მაგალითად, გაზეთი მშრალად წერდა, რომ „რკინიგზის დარაჯის პარმენ... ძის მართა გააუპატიურა და აწამა დამსჯელმა რაზმმა“,
შორებელი მეზობლები კი ამბობდნენ: „რაც იქ ორომტრიალი იყო და ტყვიის ზუზუნი, ციებ-ცხელებიანი ქალი რავა გაუძლებდაო“...
გაზეთიცა და მეზობლებიც მთხრობელის როლში არიან. ასევე დაწერდნენ ან იტყოდნენ მეორე, მესამე, მეოთხე მართაზე, თუკი მათ იგივე უბედურება გადახდებოდათ, რადგან ყველა ისინი ერთი შეხედვით, ერთმანეთს ემგვანებოდნენ თავიანთი უბედურებით, ერთმანეთს ემსგავსებოდნენ დალხინებულად ცხოვრების შემთხვევაშიც და ამიტომ მათზე ერთსა და იმავეს მოგვითხრობენ.
სულ სხვაგვარად იქცევა ბელეტრისტი. მას არ აქვს უფლება, ვთქვათ, ორი მართას წამება და გაუპატიურება ერთი და იმავე სიტყვებით, ერთი და იმავე განცდით გადმოსცეს, რადგან ქვეყნად რამდენი ადამიანიც დადის, იმდენივე ტკივილი და სიხარულია. ტკივილები ერთმანეთს ჰგვანან, ისე როგორც სიამენი, მაგრამ ადამიანები თავიანთ ტკივილებში, თავიანთ სიხარულში სრულიადაც არ ჰგვანან ერთმანეთს.
ბელეტრისტიკა, შემოქმედება სწორედ აქედან იწყება. ამიტომ ბელეტრისტს გაზეთის ინფორმაცია - „რკინიგზის დარაჯის პარმენ... ძის ცოლი მართა გააუპატიურა და აწამა დამსჯელმა რაზმმა“, შეუძლია „დაადასტუროს“ ვთქვათ, ამგვარად - „პარმენი სადამოს გაჰყვა სადგურამდე საბარგო მატარებელს და, როცა განთიადისას უკან დაბრუნდა, კარები შეაღო და ფარანი შეაშუქა, პირველად დაინახა კარებთან კუთხეში ჯირკზე მჯდომი შემხმარი ცრემლით შეთხუპნული პატარა ანიკო, რომელიც განუწყვეტლივ სასოწარკვეთით იძახოდა: „დედა მოდი“, „დედა მოდი“...
როდესაც მამამ ბავშვი აიყვანა და ლოგინისკენ მიპყავდა, ბავშვმა ყვირილი მორთო: „არ მინდა, არ მინდაო“...
თვით მართა ნახევრად გახდილი, თვალებ-გადატრიალებული, უკვე გაცივებულ მკლავებგაშლილი ეგდო გადაუშლელ, საკმაოდ დაჭმუჭნულ ლოგინზე... საბანი სისხლით იყო გასვრილი. პირიდან წამოსკდა თუ...
სიკვდილს ეტყობა ბავშვის მეტი არავინ დასწრებია.
და ექიმს არ შეუმოწმებია.
ბავშვმა კი ხუთიოდე სიტყვის მეტი არა იცოდა რა.
ეტყოდნენ: „დედა მოკლეს?“
- ჰო, უპასუხებდა.
- დედა თვითონ წაიქცა?
- ჰო!
- დედა ხომ არ იყო გახდილი?
- არა...“
გაზეთმა, იმისათვის რომ სხვა ადამიანზე თავსდამტყდარი იგივე-ნაირი უბედურება გვამცნოს, შეუძლია დაბეჭდოს იგივე ზემოთმოხმობილი მშრალი ინფორმაცია, მხოლოდ გამოცვლის სახელსა და გვარს. ბელეტრისტმა კი ყველაფერი უნდა აღწეროს თავიდან, რადგან ადამიანების ცხოვრება არ ჰგავს ერთმანეთს. ჰგავს მხოლოდ იმით, რაც ჩვენ თავს და ჩვენს ირგვლივ ხდება, მაგრამ არ ჰგავს იმ თვალსაზრისით, თუ როგორი შინაგანი განცდით ვხვდებით მოვლენებს.
პიროვნების ცხოვრების განმსაზღვრელი კი არის არა „რა“, არამედ „როგორ“. ამ აზრის დასადასტურებლად კიდევ სიუჟეტი მინდა გავიხსენო.
ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკის მფლობელმა მეფემ თავის მწიგნობართუხუცესს სთხოვა, შეერჩია მისთვის წასაკითხად ის წიგნები, რომელნიც სიბრძნეს აზიარებდა. სწავლულმა შეურჩია, მაგრამ ამ თხზულებებმა უამრავი თარო შეავსო. ზარმაც მეფეს ემცხეთა და სთხოვა, გაენახევრებინა შერჩეული წიგნები და მხოლოდ წასაკითხად აუცილებელი ლიტერატურა დაეტოვებინა. ბიბლიოთეკა კვლავ განახევრდა, მაგრამ დარჩენილი წიგნების წაკითხვაც ათეულ წლებს ითხოვდა. ხელმწიფის თხოვნით კვლავ შეამცირა ბიბლიოთეკის ფონდი სწავლულმა და ეს პროცესი კითხვასთან მწყრალად მყოფმა განმგებელმა იმდენ ხანს გააგრძელებინა, სანამ თაროზე ერთადერთი წიგნი არ დარჩა, ეს იყო ბიბლია.
ამ დიდი მოცულობის წიგნის წაკითხვა კვლავ დაეზარა ქვეყნის მპყრობელს და მწიგნობართუხუცესს სთხოვა: რაკი ამ წიგნში მთელი ქვეყნის სიბრძნეა გადმოცემული, ნუდარ გამაწვალებ, რაც აქ წერია, დავჯდეთ და ყველაფერი თვითონ მიამბეო.
„ხელმწიფევ, მიუგო მეფის სიზარმაცით განაწყენებულმა სწავლულმა, არამცთუ ამ წიგნში, არამედ მთელს შენს უზარმაზარ ბიბლიოთეკაში დაგროვილ ტომეულებში რაც კი წერია, ყველაფერ ამის თქმა სულ რამდენიმე სიტყვით შეიძლება“-ო - „ადამიანები იბადებოდნენ, იზრდებოდნენ, უყვარდათ, სძულდათ და იხოცებოდნენ“.
დიახ, ამ ნიშნით ადამიანების ცხოვრება მართლაც ერთმანეთის ალიკვალია. მაგრამ ცხოვრება იმით ხდება მრავალფეროვანი, საინტერესო და ტკბილ-მწარე, თუ როგორ უყვარდათ და უყვართ, თუ როგორ სძულდათ და სძულთ ადამიანებს ერთმანეთი. იმაზე, რაც ორი სიტყვით გამოითქმის „უყვარდათ“, „სძულდათ“, უთვალავი ტომეულები სწორედ ამ „როგორ“-ის გამო შეიქმნა.
ახლა კვლავ პირველ სიტყვასა ზედა მოვიდეთ. რა ფუნქცია აქვს თხზულების საერთო ქსოვილში „თავსაფრიანი დედაკაცის“ ავტორისეულ წინათქმას, ანუ იმ ამბის სქემატურ გადმოცემას, რაც ნოველის ძირითად ტექსტშია სიუჟეტურად ხორცშესხმული?
ნოველის შესავალში ვკითხულობთ:
„ვწერთ შემთხვევით შეხვედრილის ამბავს. თუ ოდესმე დანჯღრეული ომნიბუსით გიმოგზაურნიათ სამტრედიიდან მახლობელი სოფლებისაკენ, თქვენ, უეჭველია, დაინახავდით, მესრის იქეთ, ეზოში მოფუსფუსე, შავად ჩაცმულ ქალს, რომელსაც თან დასდევდა ჭადის ნატეხით ხელში პაწია ბავშვი.
ახლა იქ რომ ჩავიარე, დედაკაცის უნახაობა დამაკლდა.
გამოვიკითხე, და, აი, ძიებამ ძველ მოგონებებთან ერთად რა აღმოაჩინა.
ნუ დამიწუნებთ! არ შემიძლია გრძნობა-გონება შევაჩერო დიდ პიროვნებებზე... ისინი აშლიან სულისშემხუთავ სურათებს. შემდეგ ოდესმე, მათ აღმოუჩნდებათ მოციქული ვინმე მარკოზი ან იოანე.
მე ვწერ თავსაფრიან დედაკაცზე“.
ეს წინათქმა ნიკო ლორთქიფანიძის ხელწერისათვის დამახასიათებელ მცირე ზომის ჩანახატს წარმოადგენს, რომლის ლოგიკური წერტილი დასმულია წინადადების შემდეგ „ეხლა იქ რომ ჩავიარე, დედაკაცის უნახაობა დამაკლდა“.
მაშასადამე, წინათქმით თქმულია ის, თუ რა მოხდა.
მკითხველის თვალწინ კადრივით გაიელვებს ორი სურათი. ოჯახი. ეზოში მოფუსფუსე შაოსანი ქალი, რომელსაც თან დასდევს ჭადის ნატეხით ხელში პატარა ბავშვი. მეორე სურათის ნეგატივზე კი შაოსანი ქალი აღარ ჩანს. ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად რა დაემართა შაოსან მანდილოსანს. ფიქრით ბევრი რამ შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგრამ ფაქტად რჩება ერთი რამ, მესერს იქით, ერთ ოჯახში რაღაც შეიცვალა, რაღაც მოხდა. დედაკაცი იქ აღარ დაფუსფუსებს, რაც უფრო იმაზე მიგვანიშნებს, რომ შაოსანი აღარ უნდა იყოს ცოცხალი.
მერედა, განა ღირს ეს ყურადღების ღირსად? რამდენი რამ იცვლება ამ ქვეყანაზე, რამდენი ვინმე აკლდება ადამიანის თვალს! როდესაც ამას მთხრობელი გადმოგვცემს, სწორედაც არ ღირს ყურადღების ღირსად. ვიღებთ ინფორმაციას, რომელიც რამდენიმე წუთის შემდეგ აღარასოდეს გაგვახსენდება.
ამას შეგნებულად აკეთებს მწერალიც. ნოველის წინათქმაში იგი უბრალოდ ამბავს გვიყვება, არაფრის მთქმელს იმით, რომ ასეთი ამბავი ყოველდღიურად ხდება და ღირსი არ არის ყურადღებისა, მაგრამ წავიკითხავთ ნოველას, ხელმეორედ მივიღებთ იგივე ინფორმაციას, ვნახავთ, რომ მესერს იქით მოფუსფუსე ქალი მართლაც უბედურად აღესრულება და საშინელი სევდა გვიპყრობს.
როცა წინათქმით შევიტყვეთ შაოსანის გაუჩინარება, ამას არავითარი სულიერი აფორიაქება არ გამოუწვევია ჩვენში.
ხოლო, როცა ნოველის ძირითადი ტექსტით უკვე დაწვრილებით ვგებულობთ რაც მოხდა, სიმშვიდე გვერღვევა და გმირისადმი თანაგანცდის გრძნობა გვიპყრობს, რატომ?
იმის გამო, რომ პირველ შემთხვევაში ავტორი მხოლოდ მთხრობელის, ინფორმატორის როლით კმაყოფილდება, შემდეგ კი ბელეტრისტის კალმით აღწერს იმას, რა როგორ მოხდა. ერთ ნოველაში ორი ტექსტის გვერდიგვერდ არსებობა, მთხრობელისა და ბელეტრისტისა, მწერლის მხატვრული ამოცანის ხორცშესხმას ემსახურება.
ეს ამოცანა კი ასე შეიძლება წარმოვადგინოთ.
ადამიანი ახალი ქალაქების, ახალი ქვეყნების, ახალი ვარსკვლავების მაძიებელი თუ ჭორგიტით ცისკენ მზირალი, ვერ ხედავს მის გვერდით მცხოვრებ თუნდაც უახლოეს ადამიანს, როგორც დამოუკიდებელ, ყველასაგან განსხვავებულ სამყაროს. მის შესახებ მოგიყვებათ და მოგითხრობთ უფრო გულგრილად, ვიდრე ნაბუქოდონოსორის თავგადასავალზე ისაუბრებდა.
ადამიანმა შეიძლება ისე იცხოვროს მთელი სიცოცხლე, რომ მისი სული გადაუფურცლავი ძვირფასი წიგნივით ვერავინ წაიკითხოს. ამიტომ, დიდებული ადამიანები ხშირად უძეგლოდ იკარგებიან არა მხოლოდ იმის გამო, რომ, ვთქვათ, სოციალურად "უბრალო, რიგით, გამოუჩინებელ ადამიანებს წარმოადგენენ, არამედ, იმიტომაც, რომ მეორე ადამიანის შეცნობა არავის სურს, მისთვის არავის სცალია. აქედან მოდის სრული გულგრილობა და ინდიფერენტიზმი სხვისი ბედისადმი.
გულგრილობა კი ადამიანთა შორის პრაგმატიზმზე, გამოყენებით დამოკიდებულებებზე აგებულ ურთიერთობას შობს.
როცა შვილისათვის მშობელი მხოლოდ მარჩენლად არის აღქმული, მშობლის დაუძლურებისას შვილი მასთან ურთიერთობას წყვეტს, რადგან ამ ურთიერთობის საფუძველი პრაგმატისტული იყო. „თავსაფრიან დედაკაცში“ აღწერილი ამბავი გამონაკლისი არ არის. თუკი შვილს პრაგმატისტული დამოკიდებულება აქვს მშობელთან, როგორიღა იქნება საზოგადოების სხვა წევრებისა ურთიერთობა?
ყოველივე აქედან გამომდინარე, თანმიმდევრულად, ერთმანეთის მიყოლებით, ადამიანები მოხუცებულობასა და დაუძლურებასთან ერთად, როცა იძულებით წყდება გამოყენებითი ურთიერთობის ჯაჭვი, რითაც ისინი ოჯახსა თუ საზოგადოებას უკავშირდებოდნენ, ზედმეტ ადამიანებად იქცევიან...
თუ გაუჩინარდებიან, მათი არარსებობა თვალთ აღარავის აკლდება...
ხოლო არსებობით ყველას თვალში ეჩხირებიან...
ნოველის წინათქმაში, როდესაც მწერალი ამბობს, - „დედაკაცის უნახაობა დამაკლდა“-ო, ამ ინფორმაციას მკითხველი გულგრილად ხვდება.
ნოველის ძირითადი ტექსტის წაკითხვის შემდეგ კი მკითხველი სულშეძრული რჩება იმით, რომ თავსაფრიანი დედაკაცის, ამ დიდებული ადამიანის ოჯახიდან წასვლა, მისი უნახაობა, მის მცნობთაგან თვალთ არავის დაკლებია.
ეს კი მონანიე მკითხველის პოზიციაც არის.
ნოველის ფინალის შემდეგ თითქოსდა შეცბუნებულნი ვართ იმის გამო, რომ წინათქმით მოწვდილი ინფორმაცია გულგრილად მივიღეთ. ამ შეცბუნებით იწყება თვითგანწმენდა, კათარზისი და ფიქრი იმაზე, რამდენი ადამიანის უნახაობა არ დაგვკლებია თვალს...
რამდენი ადამიანი ცხოვრობს ჩვენს გვერდით თავსაფრიანი დედაკაცივით დიდებული და მიუსაფარი...
ერთი სიტყვით, ნ.ლორთქიფანიძე წინათქმით გვამცნობს, რაც მოხდა - ერთი ადამიანი მოაკლდა თვალსაწიერს. ეს თითქოს ბუნებრივიც კია. წუთისოფელში ცას ვერავინ გამოეკერება, მაგრამ ვინ როგორ იცხოვრა და როგორ წავიდა ამ ქვეყნიდან, აი, ეს არის ღირსი ყურადღებისა. „როგორ“. ამის ანალიზის შემდეგ. სხვაგვარი მოულოდნელობით ნათდება მანამდე გულგრილად მისაღები და აღსაქმელი ფაქტი.
სათაურის სიმბოლიკა
ნუთუ ყველაფერში სიმბოლოს ძიება შეიძლება? „თავსაფრიანი დედაკაცი“, - ეს რაღა სიმბოლური სათაურია და რა ძიება აგიტყდათო, იკითხავს დაეჭვებული მკითხველი. ერთი შეხედვით, მართლაც, ყველაფერი ნათელია. თავსაფრიანი დედაკაცი არის ქალი, რომელსაც თავსაფარი ჰბურავს. არც მეტი და არც ნაკლები. ცხადია ეს ასეა, მაგრამ მივაქციოთ ყურადღება შემდეგ გარემოებას:
1) ნოველის მთავარ გმირს, მოხუც დედაკაცს სახელით არ იხსენიებს მწერალი. 2) გმირის ეპითეტად გამოყენებულია არა მისი სულიერი პორტრეტის მახასიათებელი სიტყვები, ვთქვათ, „კეთილშობილი“ ან „დიდბუნებოვანი“, რაც უფრო გამოჰკვეთდა გმირის ხასიათს, ან გმირის ეპითეტად მოხმობილია არა მისი მდგომარეობის გამომხატველი სიტყვები, ვთქვათ, „ქვრივი“ ან „შაოსანი“, არამედ, ერთი შეხედვით, „არაფრისმთქმელი“ ეპითეტი „თავსაფრიანი“.
რომ არა ერთი ფაქტი, სიტყვა „თავსაფრიანი“ სრულიად არაარსებითი მსაზღვრელი იქნებოდა ნოველის გმირის პორტრეტის გადმოსაცემად. ეს ფაქტი კი გულისხმობს შემდეგს: ქართველი კაცის შემეცნებაში „თავსაფრიანი“, ისე როგორც “თავზე ქუდის დამხურავი“, უფრო მეტი შინაარსის მომცველია, ვიდრე იგი ვიზუალურად წარმოგვიდგება.
უქუდობა მამაკაცისთვის, ხოლო უმანდილობა ქალისთვის დიდ სირცხვილად იყო მიჩნეული.
გავიხსენოთ „ვეფხისტყაოსნიდან“ როსტევანისა და ავთანდილის ნიძლავი:
„ვინცა იყოს უარესი, თავშიშველი სამ დღეს ვლიდეს“.
თავშიშველი მამაკაცის ხალხში გამოჩენა მისთვის შერცხვენა და თავის მოჭრა იყო. რადგან ქუდი გახლდათ ნამუსის სიმბოლო.
ასევე მანდილი, თავსაფარი, ლეჩაქი სიმბოლო იყო დედაკაცის პატიოსნებისა. „მაშინ წამოიყვანეს და მოჰყვანდა წმინდა შუშანიკ უხამური და თმაგარდატევებული, ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი“ - ვკითხულობთ ჩვენი ლიტერატურის პირველსავე ძეგლში, - „და ვერავინ იკადრა თავსა მისსა დაბურვად, რამეთუ პიტიახში იგი მხედრ შეუდგა უკვანა კვალსა მისსა და აგინებდა მას მრავლითა გინებითა“.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, - სათაური „თავსაფრიანი დედაკაცი“ გულისხმობს სინდის-ნამუსით, პატიოსნებით, კდემით, ღირსებებით აღჭურვილ მანდილოსანს. ქალს, რომელიც ერთი უკანასკნელი მოჰიკანთაგანია ძველ, „ტკბილ-სახსოვარი“ დედათა გალერეიდან.
თავსაფრიანი დადაკაცის ტრაგედიის ერთი მიზეზთაგანი ისიც არის, რომ ახალ დროში ძველ ღირსებებს ყავლი გასვლია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ნოველის ძირითადი ტექსტის პირველი და უკანასკნელი აბზაცები:
„ყველაფერი ჩატარდა ძველებურათ, სულ ძველებურათ, ისე როგორც ჩვენში წინათ ხდებოდა ყველგან, სადაც კი ჯვარს იწერდნენ, ორმოცი წლის წინათ ხდებოდა ხშირათ, 20 წლის წინათ ზოგჯერ, 10 წლის წინათ იშვიათად და ეხლა კი შეუძლებელია“.
კონკრეტული რიტუალი, რაც წინათ ხდებოდა ყველგან - დღეს შეუძლებელია. მაშასადამე, ახალ დროში რაღაც მკაფიოდ შეცვლილა. ახალი დრო ძველს აღარ ჰგავს, ავტორს სურს, რომ ამ მომენტს გაუსვას ხაზი.
თავსაფრიანი დედაკაცი, ანუ ის, რისი განსახიერებაც არის ეს ქალი, სინდისი და პატიოსნება, ახალ, „განათლებულ“ დროში აღარავისთვისაა საჭირო. თავსაფრიანი დედაკაცი ახალ დროში ჟღერს როგორც ძველი ქართველი დედაკაცი, ახალი დროისთვის უცხო, ამ წუთისოფელს გერად შემორჩენილი.
დროისმიერი კავშირის ამ უცნაურ ცვალებადობას ხაზი აქვს გასმული ნოველის ფინალშიც. დედის გადაკარგვასთან დაკავშირებით, ყველაზე უფრო განათლებული და თან ყველაზე უფრო ტუტუცი შვილი ზოგჯერ ბრძნულად შენიშნავს: "მოხუცებისაგან ზოგიერთს გამოელევა მოსაზრების უნარი და მოქმედებს შეუგნებლად, გაჰყვება გზას და მიდის და მიდის... ამას ჩვენში „მხარის შეცვლას“ უძახიან, მეცნიერებმა კი „მანიაკალური მდგომარეობა“ უწოდეს“.
უბედურება ის არის, რომ უზნეობის გარემოცვაში მოხვედრილი ზნეობა ხმელეთზე ამოგდებული თევზივით სულს ღაფავს და მართლაც „მხარშეცვლილი“, მართლა „მანიაკალურ მდგომარეობაშია“.
"დედა არ გვახსოვს შვილებსა“
„თავსაფრიანი დედაკაცის“ წაკითხვის შემდეგ აღძრული ტკივილი, შეიძლებოდა გამოგვეხატა ცნობილი ლექსის ორიოდე სტრიქონით:
„დედას ვუყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა“.
ეს საოცრად პარადოქსული სიტუაცია იმავდროულად ცხოვრების ბუნებრივ, ჩვეულებრივ წესადაც ქცეულა, რის გამოც „წუთისოფელი სულ მუდამ გვაცოდვილებსა“, თავსაფრიანი დედაკაცის შვილებს ისეთივე დამოკიდებულება ელით მათივე შვილებისაგან, როგორსაც თვით იჩენენ დედისადმი. ამ დამოკიდებულებას კი საშინელი სახელი უმადურობა ჰქვია.
ქალის დაქვრივების შემდეგ „იმატა ობლების მტერმა, იკლო მოყვარემ, და იგი დადის
პოლიციაში,
სასამართლოში,
მეზობლებთან,
მამასახლისთან,
თავმდაბალი,
საჩივრით,
მუდარით,
ისე, რომ ვერ აჩერებს კედელი.
მარკა,
სიშორე,
გადაიფრენს, იშოვის გადაივლის, გასცურავს, მიიფრენს, თავისას კი მიაღწევს:
ბავშვებს სამართალს მოუნახავს.
დახმარებას გამოითხოვს,
მაგრამ ოჯახს არ უმტყუნებს,
კერიას არ გააცივებს.
ბევრი ეარშიყებოდა.. შორიდან მაჭანკლებიც მიუგზავნეს.
„როგორ უმტყუნო ობლებს?!“
ამ სიტყვებს აღარ სჭირდება კომენტარი და მაინც, მიაქციეთ ყურადღება უკანასკნელ ფრაზას, - „როგორ უმტყუნო ობლებს?!“ კითხვის ნიშანი კი არ უზის ფრაზას ბოლოში, კითხვა-ძახილისა, ანუ შეჩივლების, თანაგრძნობის სურვილი კი არ ჩანს, გაკვირვებული გაგულისებული, აღშფოთებული ქალის პორტრეტი იხატება. როგორ მიბედავთ, როგორ ვუმტყუნებ ობლებს! - ასეთი ინტონაცია უნდა დავიგულოთ ამ ნაზი და უთქმელი ქალის პასუხში.
„ბავშვები დაზარდა.
ასწავლა ათჯერ მეტი, ვიდრე შეეძლო.
ერთი ვაჟი მოანგარიშეა კოოპერატივში.
მეორე სასამართლოს მოხელეა...
ჩამოისიძა სოფლის მასწავლებელი“.
მწერალი არაფერს ამბობს, ჩვენ კი ვგრძნობთ, რომ აღარ უჭირს ოჯახს, აღარ უჭირთ შვილებს. ამის ხაზგასასმელად წერია „მოანგარიშე“, „სასამართლოს მოხელე“, მაგრამ ისევ დედა ფორჯალობს მათთვის.
„წელში გახრილი, ყავარჯნით ხელში გადადიოდა ერთისაგან მეორესთან.
ბავშვების მოვლა, ჭუკის წამალი“ და იქვე მრავლისმთქმელი ფრაზა: „არსად იყო ზედმეტ სტუმრად“. ამ ფრაზით საცნაური ხდება, რომ იგი საკუთარ შვილებთან უკვე სტუმრად ქცეულა და სტუმრის კვალობაზე, ცდილობს, როგორმე თავი არ მოაბეზროს მასპინძლებს...
დაბოლოს უკანასკნელი აკორდი. „მთრთოლვარე ხელებით, ამღვრეული თვალებით მოქსოვა წინდები, მიუტანა ბავშვს“. შვილიშვილს წინდა არ მოერგო. გახადა, რათა მეორე შვილიშვილისთვის წაეღო. ბავშვი ატირდა.
- მიეცი, სულ ერთია, ოღონდ გაჩუმდეს, - ეუბნება შვილი.
უკვე წვება ნისლი დედა-შვილს შორის. მოხუცის „მთრთოლვარე ხელებით, ამღვრეული თვალებით“ მოქსოვილი წინდა მისი ქალბატონისთვის მხოლოდ ნივთია, რომელიც გამოადგება თუ არა პატარას, სულერთია, უნდა მისცეს ბებიამ, რათა ბავშვი გაჩუმდეს. მოხუცის წვალების, მისი შრომის უგულებელყოფას კიდევ უარესი მოჰყვა.
- "რა, დედა, შეგენანა განა ერთი წინდა?! გინდა მეორე შვილიც მოიმადლიერო! ნუთუ ამის საღირალ პატივს არ გცემთ?“
„შეგენანა“, „მოიმადლიერო“, „საღირალი პატივი“. თავსაფრიან დედაკაცს მეხივით დაატყდა ეს სიტყვები. ცხადად დაინახა, რომ ის მართლა სტუმრად ქცეულა შვილებისათვის, უკვე მობეზრებულ სტუმრად. მასთან ურთიერთობას მხოლოდ „საღირალი პატივით“ ზომავენ. დაუძლურებული კი აღარავის სჭირდება.
„აღარავისთვის ვარ საჭირო, სრულიად არავისთვის; ვარ სრულიად ზედმეტი“ მწარე რეალობის შეგრძნებამ გული დაუთუთქა მოხუცს და უჩუმრად მიატოვა ნაჭირნახულევი ქოხი.
„შვილებმა კარგა ხანს ვერ გაიგეს დედის გადაკარგვა. ერთს მეორესთან ეგონა. გაიგეს - შეძრწუნდნენ, შერცხვათ და აქ გულგრილობა დედისადმი კულმინაციას აღწევს. შეძრწუნდნენ, შერცხვათ არა ნაგვიანევი სინანულის გამო, არამედ მეზობლებში გამოჭენების შიშით. „მოგვეჭრა თავი სოფელ-ქვეყანაში... რას იტყვიან, მოხუც დედას ვერ მოუარესო?!
უნდოდათ საძებრათ წასვლა - ეძვირათ; უნდოდათ გაზეთებში გამოცხადება, - „უარესათ მოგვეჭრება თავიო“.
დედას გულმა უგრძნო: „შვილები დამეჩაგრება, სახელი გაუტყდებათ“; და ჩამოთხოვილი ფულით დაზღვეული, მისი ნაკარნახევი, სხვისი დაწერილი ბარათი გაგზავნა: „საყვარელო შვილებო, ნუ მიწყენთ, სალოცავად წავედი, ნუ მეძებთ... შვილიშვილები დამიკოცნეთ, ჩემზე ნუ სწუხართ, მშვიდობით სამუდამოდ“.
შვილები მართლაც დაწყნარდნენ. გაუხარდათ სოფელ-ქვეყანაში თავი აღარ მოეჭრებოდათ...
თავსაფრიანი დედაკაცის სიკვდილს გული არავისთვის უტკენია. მასავით ჭირისუფალი არ ჰყავს. ეს მან სიცოცხლეშივე იგრძნო და დამნაშავესავით სთქვა: „დიდი ხანია ჩემ კაცთან უნდა წავსულიყავი“.
ცალად დარჩენილი ადამიანის ტრაგედია
თავსაფრიანი დედაკაცების მსგავს მანდილოსანთა არსებაში, სიცოცხლის ხალისი, ბედნიერებისაკენ ლტოლვა დაქვრივებასთან, მეორე ნახევრის სიკვდილთან ერთად კვდება. როგორც ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“, ისე ნიკო ლორთქიფანიძის „თავსაფრიანი დედაკაცი“, უარყოფაა იმ აზრისა, თითქოს „სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა“.
ეს ორი ნაწარმოები ცოლ-ქმრული უღელის ერთგულების ჰიმნია.
თავსაფრიანმა დედაკაცმა, ისე როგორც ოთარაანთ ქვრივმა, ქმრის სიკვდილის შემდეგ სხვისი სარეცელის გაყოფა აღარ ისურვა არა მარტო იმიტომ, რომ შვილებს ვერ უღალატებდა, იმის გამოც, რომ სხვაგვარად, უბრალოდ, არ შეეძლო. ქმარი ამისთვის მხოლოდ ხსოვნა კი არა, მისი ყოველდღიური არსებობის, მისი სიცოცხლის ნაწილია.
ერთი ბერძნული მითის მიხედვით, როდესაც ადამიანი შექმნა ღმერთმა, იგი ანდროგენული არსება იყო ოთხი ხელით, ოთხი ფეხით, ორი სქესით. თავისთავში აერთიანებდა როგორც დედაკაცს, ისე მამაკაცს. ამ მითს პლატონი თავის ფილოსოფიურ თხზულებაში „ნადიმი“ იყენებს სიყვარულის განსამარტავად.
ანდროგენი ადამიანი იმდენად ძლიერი იყოო, - ამბობს პლატონი, - რომ თვით ღმერთს დაუწყო ბრძოლა, რის გამოც განრისხებულმა ღმერთმა მის დასასუსტებლად იგი ორად გაჰკვეთა. ცალკე დარჩა დედაკაცი და ცალკე მამაკაციო. ეს ორი განკვეთილი ნახევარი მარადიულად დაეძებს ერთმანეთს, რათა კვლავ შეერწყან ერთ სულ და ერთ ხორც. კვლავ აღიდგინონ დარღვეული მთლიანობა და ჰარმონია. ეს ძიებაა საფუძველი სიყვარულისაო, - დასძენს პლატონი.
სხვათა შორის, ჩვენში ცოლის ან ქმრის სახელდება „მეორე ნახევარი“, შესაძლოა ამ მითიური გადმოცემიდან იღებდეს სათავეს.
ამ მითის დედააზრი ის არის, რომ თუ ცოლი მართლა ქმრის წყვილია, ერთ-ერთის გარდაცვალება შეუძლებელია დავიწყებას მიეცეს, რადგან ადამიანს სულიერად და ფიზიკურად აკლია მისგან ჩამოჭრილი მეორე ნახევარი.
სწორედ ამ აზრით შეიძლება ვთქვათ, რომ სამუდამოდ ვერ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა. და ეს ხსოვნა არსებობს მანამდე მაინც, სანამ ცოცხალია გადარჩენილი ნახევარი ერთარსებისა... ამ ხსოვნის გარეგნული გამოხატულებაა შავი სამოსელი - თავსაფრიდან წუღებამდის, რომელსაც ქვრივი სიკვდილამდე ატარებს.
ამ გაუხუნარი ხსოვნის დასტურია თავსაფრიანი დედაკაცის უჩუმარი, სხვათაგან შეუმჩნეველი გოდება, როცა მარტოდ-მარტო რჩება საკუთარ სატკივართან „შავად მოსილმა ქალმა უკან კარებში გამოიტანა ნაბადი, ეზოს მივარდნილ კუთხეში გაშალა და დაიწყო ტირილი... მოთქმა. წრფელად გულამომჯდარი ისეთ ნაზ სიტყვებს, ისეთის მშვენიერის ხმით ამბობდა, რომ მესრის გადაღმა მე ავტირდი“, - ვკითხულობთ ნოველის ჩანართში.
იგივე რიტუალია აღწერილი „ოთარაანთ ქვრივშიც“.
- „ვაი მე უბედურსა, სადედაბროდღა გახდა ეს ვაჟკაცის იარაღი. მოგიკვდათ, თქვე საწყლებო, კაი პატრონი, უიმე! განა მარტო თქვენ მოგიკვდათ!.. ხომ მეც მომიკვდა, მეც! წაიღო შავმა მიწამ ჩემი თევდორე. წამოგექცა, ოჯახო დედაბოძი, დაგიმიწდათ, თოფო და ხმალო, თქვენი ფანდი ვაჟკაცი. გატყდა შუაზე ჩვენის წუთისოფლის უღელიცა. მოგიკვდა, ოთარაანთ ქვრივო, ტოლდასადები მეუღლე, დარჩი ცალად“...
აი, სწორედ ეს, ცალად დარჩენილი ადამიანის ტრაგედია იკითხება „თავსაფრიან დედაკაცში“.
ნიკო ლორთქიფანიძე ნოველის დასაწყისში თავსაფრიანი დედაკაცისა და მისი მეუღლის სავსე ოჯახის აღწერას ამ სიტყვებით ამთავრებს:
„უღელი ხარი;
წელმაგარი კომლი“.
წელმაგარი კომლი აქ უღელში შებმულ, ცხოვრების ჭაპანს შეჭიდებულ ცოლ-ქმარსაც გულისხმობს. საკმარისი იყო „უღელს“ ერთი გამოკლებოდა, რომ „იმატა ობლების მტერმა, იკლო მოყვარემ“. ცალად დარჩენილი ქალი ფრთამოტეხილივით დადის „თავმდაბალი“, „საჩივრით“, „მუდარით“, რადგან მისი პატრონი და ქომაგი აღარავინაა ამქვეყნად.
როდესაც თავსაფრიანმა დედაკაცმა ზედმეტად იგრძნო თავი, პირველი, რაც გაახსენდა, ქმრის საფლავი იყო. მივიდა. ბალახში მიმალულ ქვას ხელი გადაუსვა და მკაცრად უთხრა: „ჰო, მოვალ... მოვალ ჩემო ფილიპე“.
„მკაცრად“ ეს ის ერთადერთი სიტყვაა, რომლითაც გმირის სულიერი განწყობა ხასიათდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ქალი თითქოს ბრალს დებს მეუღლეს უღელში ცალად მიტოვებისათვის, ბრალს დებს საკუთარ თავსაც თავის მეორე ნახევართან დროზე მიუსვლელობისათვის და ერთადერთი იმედიღა რჩება. ეს იმედი მისი გარდაცვლილი მეუღლეა, მასთან მისვლის წინათგრძნობის სიხარულით განათებული.
ნოველა თავსაფრიანი დედაკაცისა და მისი ქმრის შეუღლების რიტუალით იწყება. ნოველის ფინალში კი კიდევ ერთხელ გაიხმიანებს ამ კაცის სახელი - „ფილიპე“, რომელიც მიცვალებული, უპატრონოდ მიგდებული თავსაფრიანი დედაკაცის ნიშნობის ბეჭედზე ამოიკითხეს. ეს არ არის შემთხვევითი. ადამიანს, როგორც ჩანს, არსთა გამრიგემ მხოლოდ მის ტოლსწორთან მიუჩინა მისთვის განკუთვნილი წუთისოფლით „სარგებლობის“ უფლება. მომდევნო თაობის წუთისოფელში მას უკვე წილი აღარ უდევს.
უკვე გერად გრძნობს თავს.
ძნელია ლიტერატურიდან მეორე ისეთი ამაყი გმირის დასახელება, როგორიც ძალამილეული და წელში მოხრილი, თვალისჩინგამოლეული თავსაფრიანი დედაკაცია.
იგი ოჯახიდან არავის გაუგდია. „უბრალოდ“, ზედმეტ ადამიანად, წუთისოფლის გერად ცხოვრება არ ისურვა, რასაც ეს უსამართლო წუთისოფელი სთავაზობდა... ამ სოფლის გერობას, იმ სოფლის კანონიერი მკვიდრობა არჩია...
- ნოდარ გრიგალაშვილი -