„ბურჟუაზიულ-მემამულური წყობილების სისასტიკისა და უკუღმართობის შემააზრზენი სურათი დაგვიხატა ნიკო ლორთქიფანიძემ ნოველაში „ტრაგედია უგმიროთ". - ვკითხულობდით ქართული ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოებში, რომელზეც მრავალი თაობა აღიზარდა.
სამწუხარო ის არის, რომ იგივე აზრი ნიკო ლორთქიფანიძის განსახილველი ნოველისადმი მიძღვნილ სამეცნიერო წერილებშიც დომინირებს.
სამწუხაროა იმ თვალსაზრისით, რომ თუ ქართული ლიტერატურის იმ სახელმძღვანელოს, რომელსაც ბოლო ათწლეულების მანძილზე აწვდიდნენ სკოლას, ქვეყნის იდეოლოგთა მიერ განსაზღვრული ჰქონდა შავი თეთრად გაესაღებინა ანდა პირიქით და ახორციელებდა კიდეც ამ ამოცანას. სამეცნიერო წერილებსა და გამოკვლევებში მეტი შესაძლებლობა იყო იმისა, რომ იდეოლოგიური დეკლარაციები არ ასახულიყო.
არადა, ერთხმად გვარწმუნებენ იმაში, რომ მწერალმა ნოველაში „ტრაგედია უგმიროთ“ „ბურჟუაზიულ-მემამულური წყობილების სისასტიკისა და უკუღმართობის შემზარავი სურათი დაგვიხატაო.
ეს არ არის სწორი.
ბურჟუაზიულ-მემამულური წყობილების სისასტიკისა და უკუღმართობის შემზარავი სურათი ჩვენ დაგვიხატა დავით კლდიაშვიდმა თავისი დიდებული მოთხრობებით.
რაც შეეხება ნიკო ლორთქიფანიძეს, მან განაგრძო სოციალურ თემატიკაზე მუშაობა და დაგვიხატა სოციალისტური წყობილების პირველივე წლების გამაოგნებელი სიდუხჭირის, უკუღმართობის, სისასტიკის სურათი.
ეს სურათი განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს მწერლის ნოველებში „ტრაგედია უგმიროთ“, „შეგირდი", „ბედნიერება“, „მწერლის ხვედრი“, „ბედის ვარსკვლავი“. შემთხვევითი არ არის. რომ ეს თხზულებები ნიკო ლორთქიფანიძეს ერთ ციკლად ჰქონდა ჩაფიქრებული და თავდაპირველად გამოაქვეყნა საერთო სათაურით „გველეშაპის რკალში“. არც ის არის შემთხვევითი, რომ ყველა ამ ნაწარმოებს დაწერის თარიღად უზის 1922 წელი.
არც ერთ დასახელებულ თხზულებაში არავითარი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ მწერალი წარსულ დროზე საუბრობს. 1922 წელს კი საქართველოში სოციალისტური წყობილება არსებობდა და არა „მემამულურ-კაპიტალისტური“.
ჩვენი საუკუნის 20-იან წლებში რუსეთსა და მის მიერ ანექსირებული რესპუბლიკებში, როგორც ცნობილია, მძვინვარებდა არნახული შიმშილობა. ეს იყო ე.წ. „ნეპის“ წლები. როცა სიღატაკე ყოველგვარ „დასაშვებ“ ზღვარს გადასცდა და ადამიანები შიმშილით იხოცებოდნენ, როცა რუსეთის ვრცელი ტრამალები ულუკმაპუროდ დახოცილთა გვამებით იფინებოდა.
შიმშილი მძვინვარებდა ღვთითკურთხეულ საქართველოს მიწაზეც, სწორედ ამ გაჭირვების საყოველთაობა გამოიხატა ნიკო ლორთქიფანიძის ნოველის „ტრაგედია უგმიროთ“ სათაურში. ამ ნოველის მიხედვით არ არის დაპირისპირებული ორი კლასი - მჩაგვრელი და ჩაგრული, რაც დამახასიათებელი იყო XIX საუკუნის სოციალური პრობლემატიკის ამსახველი ლიტერატურისათვის.
ამ ნოველაში არ ჩანან, ერთი მხრივ, შიმშილით დაუძლურებული და მეორე მხრივ, ფაშვგადმოგდებული მაძღარნი. ყველა უბედურია. ყველა დამშეულია. ყველა გაბოროტებულია, ამიტომაც ჰქვია ნოველას სათაურად „ტრაგედია უგმიროთ“, რაც გულისხმობს ტრაგედიას საყოველთაოს და არა კერძო კაცისას, ან ადამიანთა ცალკეული ჯგუფისას. ნოველის მთავარ გმირს სახელი სწორედ ამიტომ არ ჰქვია. იგი არ შეიძლება იყოს ვინმე პეტრე ან ვინმე პავლე, რადგან მის ბედშია ყველა, მთელი სოფელი, შესაბამისად მთელი ქვეყანა.
გმირის უსახელობა და ნოველაში აღწერილი კონკრეტული დეტალები გაჭირვების საყოველთაობაზე მიგვანიშნებს.
ნოველაში აღწერილი ტრაგედიის გმირი არის არა კონკრეტული პერსონაჟი, არამედ შიმშილი, რომელიც ერთი თხზულებიდან მეორეში გადადის.
პირველ ყოვლისა გავეცნოთ ამ თხზულებათა სქემატურ სიუჟეტებს.
„ტრაგედია უგმიროთ“. მამას შიმშილით შვილები უკვდება. გულმოწყალე ნათლიამ, მოხუცმა დედაკაცმა ნახევარი ჯამი ფქვილი მისცა დედით დაობლებული ბავშვებისათვის. ბავშვები სიხარულით ასხმარტალდნენ. კაცმა ჭადი გამოაცხო, ლუკმა გასინჯა, დამშეულ სხეულში უსაზღვრო ნეტარებამ დაუარა და ვეღარ მოთოკა სურვილი. ჩამოთხოვილი ფქვილით გამომცხვარი ჭადი ერთიანად შეჭამა.
როცა გონს მოეგო, გვიან იყო. ბავშვების საცოდაობამ და მათ წინაშე ჩადენილმა დანაშაულმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
„შეგირდი“. მასწავლებელი საუბრობს ილიას მოთხრობაზე „კაცია. ადამიანი?!“ - მოწაფეს კითხვას აძლევს - „რაზე ფიქრობდა ხშირად ლუარსაბი? - მოწაფე სდუმს და ფერი ეკარგება.
- ჭამაზე! - მოისმოდა აქა იქ შეგირდებში.
- უკაცრავად... თქვა ბავშვმა და თავის ადგილზე წავიდა. ცრემლი ერეოდა. გაირკვა, რომ მოსწავლეს სამი დღეა თითქმის არაფერი უჭამია.
გულდათუთქული მასწავლებელი შეგირდს დაეხმარება კოლეგებში მოგროვილი მცირეოდენი თანხით და შინ გაუშვებს. მასწავლებლებიც იმავე დღეში არიან „ერთ დღეს სადილი. ორ დღეს უჭმელობა”...
„ბედნიერება“. შიმშილით მისავათებული პატარა ავად გახდა. დედა ზდაპარს უამბობს, რათა შვილს პურზე ფიქრი დროებით მაინც დაავიწყოს. პატარა იძინებს და საშინელ სიზმარს ხედავს. წამლის წყაროები. პურის მთები. რძის მდინარეები. მაგრამ როცა ბავშვი მათთან მიდის, ყველაფერი უმალ ქრება...
„მწერლის ხვედრი“. პროვინცია. ორი მწერალი. ორი სრულიად საწინააღმდეგო ბუნება, მაგრამ არც ერთს აკლდა თაყვანისმცემელი და არც მეორეს. ერთი მეოცნებე იყო, მეორე რეალისტი.
ტაში და აპლოდისმენტი. ასე იყო ჩვეულებრივ დროს. მაგრამ, აი, დარბაზში უკვე მშიერ-მწყურვალი, მოღუშული ადამიანები სხედან.
„ღმერთმა გაშალა ხელი და ბედნიერება დააწვიმა ქვეყანას“. - იწყებს თხზულების კითხვას მეოცნებე მწერალი.
ძველი თაყვანისმცემლები აბუზღუნდნენ:
- რა ნამუსახდილობაა ჩვენს დროში ასეთი რამ! ღმერთი ვის სწამს ბედნიერება სად არის? რისთვის არაკუნებს ნეტავი?
რეალისტი რეალურ სურათს აღწერს: „...ბნელ ოთახში თვალცრემლიანი ქალი მოვლით, ალერსით უპირებს გამხმარ, მშიერ ბავშვს დამშვიდებას..“
„გაათავე, მამა ნუ წაგიწყდება - ვერ ითმენს მსმენელი, - რაღა შენი თქმა გვინდა, ჩვენც კარგად ვუყურებთ მაგ ამბებს!“
როგორც ვხედავთ, ყველა ამ ნოველის სათქმელი ერთია - როცა შიმშილი მძვინვარებს, ადამიანებს არ აინტერესებთ არაფერი, რაც აზროვნებასთან, სულიერებასთან არის დაკავშირებული. მათი გაღიზიანებული და აფორიაქებული გონება მთლიანად მოუცავს ერთადერთ საზრუნავს, იმას, რაზეც ფიქრობდა ხშირად ლუარსაბი - ჭამაზე ფიქრს.
თათქარიძეობის ერთ-ერთი ნიშანი გახლავთ ფანტაზიის სიღარიბე. ლუარსაბის ოცნება შემწვარ-მოხრაკულის წარმოდგენაზე შორს ვერ მიდის. ეს სენი, ფანტაზიის სიღარიბე. შიმშილით მისავათებულ ადამიანებსაც ემართებათ. აქედან გამომდინარე, ზედმეტად მაძღარ-გაფიჟვინებული და შიმშილით მისავათებული საზოგადოება ერთნაირად საშიშია.
როგორც პირველს, ისე მეორეს, ავიწყდება ყველა და ყველაფერი, გარდა საკუთარი თავისა და ადამიანურ საწყისს სძლევს ცხოველური.
იშვიათია მხატვრული ნაწარმოები, რომელშიც ეს პროცესი ადამიანში ცხოველური საწყისის გამარჯვება. ისე მაღალმხატვრულად იყოს მოტივირებული, როგორც ამას ნიკო ლორთქიფანიძე აღწევს ნოველაში „ტრაგედია უგმიროთ“. „
მაგრამ ნოველა ამით არ მთავრდება. ნაწარმოები პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დავყოთ.
I
ხორცის ტკივილი
ასე შეიძლება განვსაზღვროთ ის საწუხარი, რაც ნოველის პირველ ნაწილშია განფენილი. „შეუგნებლად დაერიდა ბავშვების სივილს - გამოვიდა ქოხიდან... გადაიარა ეზო, უგზო-უკვლოდ მიდიოდა. სადღაც ყანაში ჩამოჯდა ქვაზე. ერთი ფიქრიც არ ჩნდებოდა თავში... ცალ-ცალკე სიტყვები გაიელვებდნენ ნაპერწკალივით: „ჭადი... ბავშვები. ხარი..." ასე იწყება ნოველა და სული რამდენიმე ფრაზა: „შეუგნებლად დაერიდა ბავშვების სივილს“, „ერთი ფიქრიც არ ჩნდებოდა თავში“. „ჭადი... ბავშვები... ხარი“, უკვე მიგვანიშნებს იმაზე, რომ ქოხში, სადაც ბავშვები სივიან, სრული სიღატაკე სუფევს.
კაცი უძლურია იმ სიღატაკის წინაშე, ხოლო ის ფაქტი, რომ სამი სიტყვიდან „ჭადი“, „ბავშვები“. „ხარი“, პირველ ადგილზე „ჭადი“ წერია და არა „ბავშვები“. სიტუაციის მთელ საშინელებაზე მიგვანიშნებს. კაცის არსება იმდენად გაუთანგავს შიმშილის განცდას, რომ მისდაუნებურად მის გონებაში ჯერ „ჭადი“. წამოტივტივდება და შემდეგ „ბავშვები“. სიტყვათა ამ ერთი შეხედვით უბრალო განლაგებით - „ჭადი“, „ბავშვები“ მწერალი ამბობს უფრო მეტს, ვიდრე ეს რამდენიმე გვერდზე გადმოცემით მოხერხდებოდა...
ძლიერ შიმშილს ოჯახის მამა სრულ აპათიაში ჩაუგდია. აპათიაში და არა დეპრესიაში, ამაზე მიგვანიშნებს ფრაზები: „შეუგნებლად დაერიდა ბავშვებს“, „ერთი ფიქრიც არ ჩნდებოდა თავში“.
დეპრესია ადამიანის სულიერი დაძაბუნების გამომხატველია, ამ სურათზე კი არა მხოლოდ სულიერად დაძაბუნებული ადამიანი, არამედ უფრო მეტი, უკვე ყველაფრისადმი გულგრილი, უინტერესო, უხალისო, გაჭირვებისაგან აზრ და ფიქრდაკარგული, უმოქმედო, უუნარო კაცი ჩანს. აი, სწორედ ეს საშინელი მდგომარეობა გამოიხატება აპათიით. ეს ის ვითარებაა, როცა კაცისთვის ყველაფერი სულ ერთია. ამ დროს კი ადამიანი საკუთარ თავს ვეღარ მართავს, მას იპყრობს ქვეშეცნეული ინსტინქტები.
სწორედ ამიტომ შვილების საცოდაობით გულშეძრული მამის გონებაში ნაპერწკალივით გაიელვებს არა „ბავშვები“, პირველ ყოვლისა, არამედ „ჭადი“. რადგან აპათიურ მდგომარეობაში მყოფ პერსონაჟს მართავს ინსტინქტი ხორცის ტკივილის დაამებისა, შიმშილის მოკვლისა. ბავშვებისადმი მოვალეობის გრძნობა კი თითქოს მეორე პლანზე ინაცვლებს.
კიდევ ერთი სურათი. „შარაგზას გაყვა. მერე ორღობეში შეუხვია: დაუძახა ვიღაცამ. მობრუნდა.
- გუშინწინ რომ მთხოვე ფქვილი, ღმერთია მოწმე, არ მქონდა, აი, დღეს ქე მაქ ცოტა და ნახევარ ჯამს გიზიარებ...“
ასეთი მოულოდნელი წყალობა ცის გახსნა უნდა ყოფილიყო მისთვის, მაგრამ არავითარი სიხარული. იგი იმდენად მოშლილია სულიერად, რომ თითქოს მექანიკურად მოქმედებს.
- მომეცი! მოკლედ მოუჭრა და ღობეს მიადგა“.
„ადგილიდან არ იძროდა და ხმასაც არ იღებდა“.
როგორც ვხედავთ, ყოველი სიტყვა, ყოველი ფრაზა ის ერთადერთი სიტყვა და ფრაზაა, რომელთა შეცვლა შეუძლებელია. პერსონაჟის აპათიური მდგომარეობა, თანდათან უფრო მკვეთრად იხატება. არავითარი მადლიერების განცდა, არც ერთი სამადლობელი სიტყვა კეთილი ნათლიისადმი: „ნელა შემობრუნდა, უხმოდ მოშორდა მოხუც დედაკაცს“.
სურათი მესამე: ვიდრე ნოველის პერსონაჟი ქოხამდე მიაღწევდა, გამოერკვა, გამოფხიზლდა. ჭადის ფქვილის ასე მოულოდნელად შოვნამ ენა ამოადგმევინა და ჩვეულებრივ მდგომარეობას დაუბრუნდა. ეს არ წერია ნოველაში, ამას მკითხველი გრძნობს მამის უკვე ალერსიანი მიმართვიდან ბავშვებისადმი.
- მამა, ფქვილი მოიტანე? ასხრიალდნენ ბავშვები.
- გვაჭმევ?
- კი, შვილო, კი, ბიჭო, - ეუბნებოდა ხან ერთს და ხან მეორეს.
ფიქრისა და განსჯის უნარი დაბრუნებია. „ბავშვების მოუთმენლობამ მოაგონა, რომ კარგი იქნებოდა ჭადების გამოცხობამდე მათი თავიდან მოშორება.
- აბა, ბიჭებო, წადით და ბიცოლა ეფროსინეს ოხრახუში გამოართვით - ბევრი აქვს, მოგცემთ...
ბავშვები გაიქცნენ.
ჭადის სუნმა მამა აიტაცა. კეციდან ჭადი აილო. გატეხა, გასაგრილებლად დაბერა და „გასასინჯათ“ ლუკმა პირში ჩაიდო. მთელ სხეულს განუზომელი მადა აღეძრა...
და აქ იფეთქებს ხორცის ტკივილის, ანუ შიმშილის მოკვლის დაუთრგუნავი სურვილი. კაცს სრულად დაეუფლება ინსტინქტი და უეცრად ადამიანი იქცევა ცხოველად. „გადით, თქვე გასაწყვეტებო“, „ბავშვები გალახა და ლაფაროში გაყარა“. ჭადებიც, ბავშვების მიერ მოტანილი ოხრახუშიც თვითონ შეჭამა. მერე „წავიდა... გადავიდა ტევრში მიწვა. კარგა ხანს ისვენებდა გარეტიანებული. თვალგახილული, მთვლემავი“.
შეადარეთ ეს სურათი კაცის ქოხიდან გამოსვლის პირველ ეპიზოდს.
„სადღაც ყანაში ჩამოჯდა ქვაზე. ერთი ფიქრიც არ ჩნდებოდა თავში“.
შიმშილს, აპათიას უუნარო გაუხდია ადამიანი.
„ტევრში მიწვა. კარგა ხანს ისვენებდა გარეტიანებული, თვალგახილული. მთვლემავი“.
თითქოს იმავე, კვლავ უუნარო მდგომარეობაში ვხედავთ პერსონაჟს. განსხვავება ერთია, ხორცის ტკივილმა, შიმშილის განცდამ და შვილების საცოდაობამ იგი აპათიაში ჩააგდო. შიმშილის მოკვლამ, სიმაძღრემ და შვილების წუთიერმა გადავიწყებამ გააცხოველა და ცხოველივით წევს თვალგახილული, მთვლემავი, უაზრო...
ერთი შეხედვით ერთ მდგომარეობაშიც საბრალოა ადამიანი და მეორეშიც, პირველ შემთხვევაშიც დაბინდული აქვს გონება, წართმეული აქვს მოქმედებისა და აზროვნების უნარი და მეორეშიც.
პირველ შემთხვევას პერსონაჟის აპათიურ მდგომარეობას ანუ უგრძნობლობას, შიმშილის უკიდურესი გრძნობა ბადებს.
მეორე შემთხვევას ცხოველურ მდგომარეობას კი ხორცის ტკივილის „დაამება“.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ნოველა პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დავყოთ. აღწერილი - ვითარების შემდეგ ხდება პერსონაჟის გამოფხიზლება და ნამოქმედარით შეძრწუნებულ მამას ეწყება სულიერი დეპრესია. ასე რომ, მეორე ქვეთავი ასევე პირობითად შეიძლება დავასათაუროთ.
II
სულის ტკივილი
დიახ, ნოველაში ხორცის ტკივილს სულის ტკივილი ცვლის. ეს უკანასკნელი უფრო მწარე, უფრო დამთრგუნველი, უფრო გამაუბედურებელი ყოფილა ადამიანისათვის.
„მე შევჭამე... ბავშვებს არაფერი ვაჭამე... ღმერთო, რა მომივიდა?.. სირცხვილი! ხალხს რაღა ვუთხრა?! ვაი, თუ დაიხოცენ...
ადგა, მივიდა ბავშვებთან...
შეტრუცული ბჟოლის ძირში მიგდებულიყვნენ... ეძინათ. მამა მიუწვა. ცრემლი შეჩერებოდა წამწამზე. თავს იკავებდა.
არ გავაღვიძო მაინც! რა ვქენი, რა ვქენი! დედა ხომ არ იზამდა!“
რამდენი რამ არის თქმული ამ ერთ ფრაზაში. „დედა ხომ არ იზამდა“. ისიც, რომ ბავშვები ობლები არიან. ისიც, თუ რა არის დედა შვილებისათვის, ისიც, თუ რამდენად გაათკეცებულია ტკივილი უნებლიე დამნაშავისა.
„უმცროსს გამოეღვიძა. გაუკვირდა, ჩააჩერდა მამას.
- მამა! წყნარად დაიწყო ბავშვმა.
- რა შვილო? - ნაზათ უპასუხა“.
მამის სულიერი მდგომარეობა კარგად ჩანს სამ სხვადასხვა სიტუაციაში.
ამ სულიერი მდგომარეობის ცვალებადობას საოცარი ოსტატობით აფიქსირებს მწერალი სულ უმნიშვნელო დეტალებით.
ავიღოთ შვილებთან საუბრიდან სამი ფრაზა:
1. - კი, შვილო, კი, ბიჭო - ეუბნებოდა ხან ერთსა და ხან მეორეს.
2. - გადით, თქვენ გასაწყვეტლებო!
3. - რა შვილო? ნაზათ უპასუხა.
„კი, შვილო, კი, ბიჭო“ - ამ ფრაზას ამბობს, არც მეტი არც ნაკლები, გახარებული და თან გულაჩვილებული კაცი.
„გადით თქვე გასაწყვეტლებო!“ - ეს უკვე გამხეცებული, გონებაარეული პერსონაჟის სიტყვებია.
დაბოლოს - „რა შვილო?“ შვილს უკვე სინონიმი აღარ მოსდევს. „ბიჭო“.
აქ უკვე ზედმეტია, რადგან კაცი იხრჩობა, ცრემლი და სინანული ახრჩობს და ერთადერთ სიტყვაში უნდა გამოიხატოს მთელი მისი ტკივილი. ამიტომ კი არ უთხრა, კი არ მიუგო, არამედ, „რა შვილო?“ - ნაზად უპასუხა. ეს „ნაზად“ უნებურად გახარებულ კაცსაც გვიხატავს, გახარებულს იმით, რომ შვილმა ისევ ძველებურად მიმართა - „მამა“. მაგრამ პატარა ბავშვის მომდევნო ფრაზა განაჩენად იქცევა სინანულის ცრემლით განწმენდილი ამ უბეური კაცისათვის.
„მთლად შეჭამე?“ „მამა, ცოტა იქნებ დაგრჩა - მომეცი... მუცელი მტკივა - არ გაგამხელ“... მეტის ატანა შეუძლებელი გახდა.
სულის ტკივილს აპათიაში არ ჩაუგდია კაცი. ყველაფერი, რაც შემდეგ მოიმოქმედა, სრულიად გააზრებულად მოხდა. „ბაწარი ტოტს მაგრად მიაბა, მარყუჟი გამონასკვა მეორე ბოლოში, გასინჯა კისერზე თუ მომიჭერსო და...“
როგორც ვხედავთ, გაუაზრებლად კი არა, კაცი შეგნებულად მოქმედებს. ბაწარი ტოტს მიაბა. გასინჯა კიდეც, არ მომიტყდესო...
რაზე მეტყველებს ამ ორი ნოველის პირველი ნაწილისა და მეორე მონაკვეთის შედარება?
ხორცის ტკივილს, რაოდენ აპათიაშიც არ უნდა ჩაგვაგდოს, კიდევ ეშველება რამე. ან ღმერთი გვიშველის, ან კაცი და შიმშილით სიკვდილს გადაგვარჩენს. სულის ტკივილი კი გაუსაძლისია, იმდენად გაუსაძლისი, რომ ადვილი შესაძლებელია, ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანოს.
III
რაღა ჩემს ვენახში
ნოველის უკანასკნელი ნაწილი სულ ორი წინადადებისაგან შედგება. თავისმკვლელის საქციელზე ორი ადამიანის რეაქციას გვამცნობს მწერალი. ერთი მოხუცი ნათლიაა, დედაკაცი, რომელმაც დამშეულ ბავშვებს ჭადის ფქვილი უწყალობა, მეორე კი ის მეზობელი, რომლის ვენახშიც ჩამოიხრჩო თავი ნოველის გმირმა.
„კეთილი ბებერი ნათლია იფოფრებოდა: - ღმერთო! ღმერთო! რა დროს მომასწარი!.. რა საცოდაობა დატრიალდა...
ვინ მოუვლის ობლებს?! - ამ სიტყვებში სავსებით ბუნებრივი და ადამიანური რეაქცია ჩანს მომხდარი ტრაგედიით შეძრწუნებული ადამიანისა.
„ - რაღა ჩემს ვენახში, ჩემი კარის უკან, ჩემი ბაწრით ჩამოიხრჩო თავი ამ ოჯახქორმა!“ კეთილი ნათლიისაგან განსხვავებით, ბრაზობდა და იწყევლებოდა მეზობელი. ეს კი, ერთი შეხედვით, სრულიად არაბუნებრივი და არაადამიანური რეაქციაა, მომხდარი ტრაგედიით შეძრწუნებული მეზობლისა.
დიახ, მეზობელიც შეძრწუნებულია ტრაგედიით და თუ ეს ასეა, რისთვის იწყევლებოდა და ბრაზობდა მიცვალებულზე იგი? საქმე იმაში გახლდათ, რომ მოხუცი ნათლიის შეძრწუნების საფუძველი სხვისი ტრაგედიის გულთან მიტანა იყო.
მეზობელი კი თავისი მომავალი უბედურების წარმოდგენით შეძრწუნებულა და რაკი ამ მომავალ უბედურებაში „წვლილი“ მიცვალებულს მიუძღვის, ამიტომ იწყევლება და ბრაზობს. აქედან გამომდინარე, მისი რეაქცია ტრაგედიისადმი ასევე ბუნებრივი ჩანს.
" -რაღა ჩემს ვენახში, ჩემი კარის უკან, ჩემი ბაწრით ჩამოიხრჩო თავი ამ ოჯახქორმა! ბრაზობდა და იწყევლებოდა მეზობელი“. ამ წინადადებას მოსდევს ნოველის უკანასკნელი ფრაზა, რომელიც სრულიად სხვა განზოგადოებას აძლევს ნაწარმოებს. აი, ეს ფრაზაც - „რომელსაც ამ შემთხვევის გამო, ვინ იცის, რა მოელოდა“.
ახლა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ განხილვის შესავალში თქმული: ნიკო ლორთქიფანიძემ ნოველაში „ტრაგედია უგმიროთ“ დაგვიხატა სოციალისტური წყობილების პირველივე წლების გამაოგნებელი სიდუხჭირის, უკუღმართობის სისასტიკის სურათები.
მართალია, ნოველაში ერთი სიტყვითაც არ არის თქმული წყობილებისა და სახელმწიფოს სამართლიანობა-უსამართლობის შესახებ, მაგრამ ეს ფრაზა, -" ამ შემთხვევის გამო, ვინ იცის, რა მოელოდა" - გვაფიქრებინებს, რომ ნაწარმოების პერსონაჟები არა მხოლოდ ეკონომიურად დუხჭირ, არამედ უსამართლო ქვეყანაშიც ცხოვრობენ არა მარტო უპურონი და უფულონი, არამედ უუფლებონიც არიან. ამიტომ იყო შეძრწუნებული მეზობელი. მან, უდანაშაულო კაცმა არ იცოდა, ამ შემთხვევის გამო რა მოელოდა..
- ნოდარ გრიგალაშვილი -