მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 551 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ადამიანის ყოფნა (ყოფიერება) ორგვარ არსებობაში გამოიხატება - ჟამადყოფაში და უჟამობაში, ანუ წუთისოფელში და მარადიულ სოფელში. ქრისტიანული თეოლოგიის მიხედვით, ადამიანის წუთისოფელში ცხოვრება უმცირესი მონაკვეთია იმ დიდი სიცოცხლისა, რომლის ნაწილსაც აქ, სააქაოში, მზისქვეშეთში ატარებს იგი. მართალია, წუთისოფელი ტანჯვითაა აღსავსე, მართალია, ადამიანი განკაცებული მაცხოვარივით გოლგოთის გზას გადის, მაგრამ თუ ეს გზა ძე ღვთისას მიბაძვით განვლო, იქ, მარადიულ სოფელში სასუფეველს დაიმკვიდრებს და სამარადისო ნეტარებას ეზიარება. ასე ფიქრობს მორწმუნე და ეს მისი გაუბზარავი სულის ბედნიერებაა.

მაგრამ, როდესაც რწმენას იჭვანეული გონება ამოწმებს, ადამიანი ხშირად ემსგავსება გემბანზე მოქანავე ალბატროსს, რომელსაც საყრდენი არ გააჩნია.

„ლურჯა ცხენები“ სწორედ ასეთი მოქანავე სასოწარკვეთილის სულის კივილია, ამაოების მწარე განცდით ნასაზრდოები.

"როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,

ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!

არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,

ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე."

მომდევნო სტროფიდან ირკვევა, რომ „სამუდამო მხარე“ ის „აღქმული ქვეყანაა“, რომლის არსებობის რწმენა, როგორც წესი, ადამიანს იმედით აღავსებს და სიკვდილის საშინელებას აქარწყლებს, რადგან სიკვდილი საწყისია გარდაცვალების ანუ სხვა სიცოცხლის დასაწყისისა. მაგრამ „ლურჯა ცხენების“ მიხედვით, ეს ყველაფერი ილუზიაა და სამუდამო მხარის ხატად პოეტს წარმოდგენილი აქვს სიცივე, მიუსაფრობა და მდუმარება, სადაც მხოლოდ მწუხარება სუფევს:

"მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში

სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!

ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,

წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია."

ფრაზებით „ცეცხლი არ კრთის თვალებში“, „და არც სულს უხარია“ ძალაუნებურად პროეცირება „იქიდან“ „აქეთ“ ხდება. რაკი სამუდამო მხარეში მხოლოდ ცივი სამარეა - მდუმარებასა და სიმწუხარეში შთენილი, უნდა ვიფიქროთ, რომ სააქაო, თუ შეიძლება ასე ითქვას, „დროებითი მხარე“ მიაჩნია პოეტს ადამიანის ყოფიერების ნამდვილ საბრძანისად. მაგრამ ლექსის კომპოზიციური სტრუქტურა სათქმელის მოულოდნელობაზეა გათვლილი, პოეტი, „იქიდან“ „აქეთ“ გვაბრუნებს და ადამიანის ჟამადმყოფობის პერიოდსაც ბნელ ფერებში ხატავს:

"შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით

უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!

სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით

ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!"

ასე რომ, ეს სოფელიც უსულდგმულო დღეების წყებაა, სადაც „შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეები“ ილანდება. აქედან გამომდინარე, უსულდგმურო დღეებით მოწყენილ სულს სხვა სიცოცხლე, სხვა ცხოვრება სწყურია. ამ სურვილის აღსრულება კი იმ ნანატრი „სამუდამო მხარის“ ილუზიურობის გამო შეუძლებელი ყოფილა. ამის შეგნება ათქმევინებს პოეტს ნერვიულად: „არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი“.

დავუბრუნდეთ სიტყვას „შენაპირი“, რომელიც წინა სტრიქონის შიდა რითმას „ნაპირს“ ერითმება.

"ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!

არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,

ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე."

თუ იმ გარემოებას მიაქცევთ ყურადღებას, რომ „შენაპირს“ „ნაპირის“ ლექსიკურ მნიშვნელობასთან არაფერი საერთო არა აქვს, რომ შენაპირი გულისხმობს შეპირებულს, წინასწარ აღთქმულს, მაშინ ლექსში ყველაფერი ადვილად გასაგები გახდება. „ლურჯა ცხენები“, გალაკტიონის ერთ-ერთ სიმბოლისტურ ნაწარმოებად მიჩნეული, მკაფიოდ გამოკვეთილი სათქმელის მქონე რეალისტურ ლექსად აღიქმება.

პოეტი თავისი ყოფის ტრაგიზმს ხედავს იმაში, რომ სააქაო, როგორც ვთქვი, უსულდგმულო დღეების წყებად მიაჩნია, სამუდამო მხარეში კი ვერ ნახა შენაპირები, ანუ დაემსხვრა ის მრწამსი მარადიული ცხოვრების შესახებ, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი. აი, სწორედ ამ აზრით „ლურჯა ცხენები“ ადამიანის ყოფიერების ტრაგიზმს გამოხატავს, რადგან მარადიული ყოფიერება, თურმე, არ არსებულა, წუთიერი კი თავისთავად არის ტრაგედია, მით უფრო, თუ წუთიერთან ერთად იგი უსულდგმულოცაა...

ლექსის ასეთი ფინალით გალაკტიონი „ეკლესიასტეს უკიდურესად პესიმისტური დასკვნის (ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო) მოკანანახე (ბანის მიმცემი, მიმდევარი) ჩანს.

ვნახოთ, ასეა თუ არა ეს. დავუკვირდეთ ლექსის სათაურს რატომ ჰქვია ამ ნაწარმოებს „ლურჯა ცხენები“? რატომ მეორდება ტექსტში ესოდენ ხშირად იგი? რას ნიშნავს ლურჯა ცხენები - უბრალო პოეტური სინტაგმაა, თუ რაიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს? თუ ამ საკითხს გვერდს ავუვლით, ლექსის შინაარსობრივი ანალიზი სრულყოფილი ვერ იქნება.

კიდევ ერთხელ მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო ნაწარმოების არქიტექტონიკას, მაგრამ მანამდე ჰიმნოგრაფიიდან ერთ ლექსს გაგახსენებთ.

ცხოვრება ესე წარვალს და განილევის,

მშვენიერება და დიდება დაჭნების,

ხოლო სიმდიდრე დალპების და წარწყმდების.

რასა ცუდად ვმაღლოით, ოდეს ყოველნი

მოკვდავნი ვართ და მწირად მიქცევადნი?!"

საწუთისოფლო ცხოვრებისადმი ამდაგვარი განაჩენის შემდეგ ჰიმნოგრაფი ასეთ სიუჟეტურ წიაღსვლას მიმართავს:

"მოვედით, ძმანო, შთავიხედნეთ საფლავთა"

შემდეგ ისევ სააქაოსკენ ახდენს ჩვენი მზერის პროეცირებას:

"სადა არს შური, საოცრება და ხდომა,

სადა არს ძვირის-ხსენება და ზვაობა

და ხორცთა გულის-თქუმანი."

და ბოლოს, კვლავ სასაფლაოსაკენ გადაიტანს ავტორი ჩვენს ყურადღებას:

"აჰა ესერა მიწა, ნაცარ და თიხა ქმნილ არს ყოველი“.

ახლა ორიოდე სიტყვით ვთქვათ, რა წერია ამ ლექსში? წერია, რომ წარმავალია, უდღეურია სააქაო სიცოცხლე. მშვენიერება, დიდება თუ ამპარტავნება, საზოგადოდ, ადამიანთა ვნებები არარაობაა, რადგან დღეს ყველაფერი წარხდება. ხოლო სიკვდილის შემდეგ „მიწა, ნაცარი და თიხა ქმნილ არს ყოველი“.

ლექსის ასეთმა ფინალმა უნდა გვაფიქრებინოს, რომ იგი ურწმუნო ადამიანის დაწერილია. სააქაო ცრუ ვნებათა ჭიდილის ასპარეზად მიაჩნია და არც საიქიო სწამს, რადგან ადამიანისაგან, ნაწარმოების მიხედვით, მიწა, თიხა და ნაცარი რჩება მხოლოდ. არადა, ჰიმნოგრაფს, ეს ცნება კი უკვე მორწმუნეს გულისხმობს, შეუძლებელია ასეთი ფიქრშიაც კი გაევლო. შეუძლებელია დაესკვნა, რომ ადამიანისაგან სიკვდილის შემდეგ აღარაფერი რჩება.

საქმე ის არის, რომ ლექსს სათაურად ჰქვია „გალობანი სულისანი“. სათაური კი ამ შემთხვევაში უმთავრესი აკორდია. ავტორის პოზიცია, მისი სათქმელი სწორედ სათაურით იხსნება. სათაურზე ყურადღების გადატანა გვათქმევინებს, რომ ჰიმნოგრაფი ხორციელი ცხოვრების წარმავლობაზე წერს. ერთადერთი, რაც წარუვალია ადამიანში, ეს არის სული, კვდება და მიწად იქცევა ხორცი. ჭკნება ხორციელი სილამაზე. ლპება და წარწყდება ყველაფერი, რაც ხორციელ ვნებას უკავშირდება, მხოლოდ სულია მარადიული. აი, ეს არის ამ ლექსის სათქმელი, ამიტომ ჰქვია მას „გალობანი სულისანი“.

ეს ვრცელი ექსკურსი საჭიროდ ჩავთვალე, რათა უფრო მკაფიოდ წარმოვადგინოთ გალაკტიონის ლექსის „ლურჯა ცხენები“ სათაურის სიმბოლიკა. როგორც უძველესი ჰიმნოგრაფიული ტექსტის, ისე „ლურჯა ცხენების“ სათქმელიც სულ სხვაგვარად წარმოგვიდგებოდა, რომ არა სათაურის ჩართვა ლექსის არქიტექტონიკაში.

გალაკტიონის ფიქრით (საუბარია კონკრეტულ ლექსთან დაკავშირებით და არა საზოგადოდ), ერთადერთი, რაც მარადიულია, არის ლურჯა ცხენები.

"მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,

ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,

როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,

ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!"

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთი რამ ფაქტია: ლექსის ლირიკული გმირი უსულდგმულო წუთისოფელს ზურგს აქცევს, სამუდამო მხარეშიც ვერ ნახა ვერაფერი და ერთადერთი, რაზედაც მზერას აჩერებს და, რაც მარადიულია მისთვის არის - ლურჯა ცხენები.

რას უნდა გულისხმობდეს პოეტი ამ უცნაურ სინტაგმაში? არის აზრი, რომ გალაკტიონისათვის ლურჯა ცხენები ისაა, რაც ნიკოლოზ ბარათაშვილისათვის მერანი (ბედისადმი დაუმორჩილებლობის სიმბოლო). არის აზრი, რომ ლურჯა ცხენები პოეტისათვის ხელოვნების, შემოქმედების სიმბოლოა (ყველაფერი წარმავალია, ყველაფერი უბადრუკია, მხოლოდ შემოქმედებაა უკვდავი).

ლურჯა ცხენები დროის დაუდევარი სრბოლის სიმბოლოდაც შეიძლება დავიგულოთ. ჟამის შეუჩერებელ დინებაში ყველაფერი იმსხვრევა და ნადგურდება. უსულდგმულო დღეები, ანუ სიცოცხლე ჩნდება და ქვესკნელდება. ერთადერთი, რაც მარადიულ მოძრაობაშია, რაც არ იბადება და არც კვდება, არის დრო. დროის ვიზუალურ ხატად კი პოეტი ქმნის მეტაფორას - ლურჯა ცხენები.

ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები“.

თუ დანამდვილებით რისი სიმბოლოა ლურჯა ცხენები - ბედისადმი დაუმორჩილებლობისა, შემოქმედების მარადიულობის თუ დრო-ჟამისა, ამაზე თქვენ თვითონ შეიძლება დაფიქრდეთ. იქნებ ახლებური ახსნაც შემოგვთავაზოთ. ხშირად ესა თუ ის მეტაფორა სხვადასხვაგვარად გააზრების ობიექტურ საფუძველსაც იძლევა.

ჩემი აზრით კი ლურჯა ცხენები სწორედ დროის მარადიულობის სიმბოლო უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით (იდეურობის თვალსაზრისით) გალაკტიონის „ლურჯა ცხენებმა“ შეიძლება გაგვახსენოს ალექსანდრე ჭავჭავაძის „გოგჩა“. „გოგჩაშიც“ სამუდამო მდუმარება და სააქაო ცხოვრების წარმავლობაა ნაჩვენები დროის მარადიულობის ფონზე.

მაგრამ რა?! დროსა მსვრელის ცელით,

ყოვლთა წარწყმედით,

ციურთა მჯობი მშენებლობაც,

სხვათებრ მოსთვლილა“.

არის ერთი ხალხური ლექსიც, სადაც გენიალურად არის გაცხადებული ეკლესიასტეს სიბრძნე დროის დაუსაბამობისა და მარად მედინობის შესახებ:

ჟამი მივალის-მოვალის

მუცოს თორღვაის კარზედა“.

სწორედ ეკლესიასტესეული მარადიულობის ფორმულით უნდა იყოს აღბეჭდილი „ლურჯა ცხენების“ ლირიკული გმირის სულიერი განწყობაც.

კერძოდ, ეკლესიასტე აცხადებს: „ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს, და ქუეყანა უკუნისამდე ჰგიეს“.

ამ წარმავალსა და მედინ სოფელში კი „ამაოება ამაოთა, - თქუა ეკლესიასტე - ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო“.

შეგნება იმისა, რომ თვით დრო უკუნისამდე, უცვალებელია, ადამიანის შინაგანი ტრაგიზმის კომპენსაცია ვერ გახდება. პირიქით, ადამიანს კიდევ მეტი სევდით აღავსებს მარადიულობის ფონზე თავისი ჟამადმყოფობის წამიერების შეგნება. ეს სევდა კი სხვა ლექსში ასე ლაკონურად აქვს გამოხატული პოეტს:

იქნება, ბევრი რამე იქნება,

მაგრამ ამ ქვეყნად ჩვენ არ ვიქნებით."

 

- ნოდარ გრიგალაშვილი -

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ