და წავდგე ჩემს მეუფესთან
ხელთანთებული ცვილითა
ვაჟა-ფშაველა
არავისზე ნაწყენი, არავის ნამტერალი არა ყოფილა გუთნისდედა ნიმია. თუ ვინმე შემთხვევით აწყენინებდა, იტყოდა:
- რამდენი ადამის შვილი ჩამოდის ამ ქვეყანაზე, ათასი ფერი და ფერადი! ვის რას გაუგებ? არასოდეს უნატრია სიმდიდრე, მხოლოდ თავისი პურის ხვავით იყო მადლიერი.
- ყველა რომ მდიდარი იყოს დედამიწაზე, ღარიბი ვიღამ მოიგონოს? - და ათქვირებულ ყანას რომ შეხედავდა, სასოებით წაიჩურჩულებდა:
- შენი მადლის ჭირიმე!
ოთხმოც წელს მიაღწია და არაფერი ასტკივებია. მეოთხმოცდაერთეში სისუსტე იგრძნო, მაგრამ სიკვდილისა არ ეშინოდა. თვითონ სიკვდილი არად მიაჩნდა. უფრო ეზარებოდა, ვიდრე ეშინოდა. ეზარებოდა, როგორც ნათბილარს ლოგონის მერე გარეთ გასვლა ბნელ, ქარიშხლიან ღამეში.
- გამოთეთრებით რომ გითხრა, რა მოსაგონი იყო სიკვდილი?!-იტყოდა წყენით ნინია, როცა გულმძიმობას იგრძნობდა.
ბოლოს, აღმეებიდან შემონაქროლმა სიკვდილმა ნინიას სალამი მისცა, ჯერ გვერდით მოუჯდა, ცივად შეაჟრჟოლა, მერე ჩონჩხარა მკლავები შემოჰხვია და აღარ უშვებდა.
- მოიცა, მოიცა, სიკვდილო, შენი წვერ-ულვაშის გამოსვლასა!
ჯერ სიცილით ეხუმრებოდა ნინია სიკვდილს, ერთი ორჯერ კიდევაც მაგრა შეუჭახუნა გულმოსულმა, - რა დროს ეგ არი, მომშორდიო! განგებ ღვინოც გადაჰკრა ლოგინში,- სავსე ჯამი, რომ მტერს ავად არ ვეგონო, ხოლო სიკვდილს სათავისოო!
კარის მეზობელმა, მეხრეებმა, მისი გუთნისდედობით გაწვრთნილებმა, ინახულეს, გადასაყოლებელი ამბებიც უამბეს, მაგრამ ჯანი უსუსტდებოდა, სული კი არ ტყდებოდა.
- ალალ-მართალი, გულგაწმენდილი მივდივარ წუთისოფლიდან, არავის არას ვემართლებოდი, არავის საყვედური არ მიმდევს... პურის მომყვანი ვიყავი ამქვეყნად, აი, ეს გაფხრეწილი პერანგი მიმყვება მხოლოდ! ბევრი მინდორი გადამიშავებია. და ახლა... სად უნდა წავდე, სად გავნიავდე? - წამოიწია და მუდარით ითხოვნა:
- მინდორს გადამახედეთ!
ორივე შვილი მხარში შეუდგა და მოწიწებით აივანზე გაიყვანეს.
ქვემოთ ვენახებში გადაფანტული სოფელი მოჩანდა, შორს - ლურჯ-ლილისფრად დაბურული მთები, ზედ შავად შელანძული ციხის ნაშალი, კლდიდან ქვაკიბე რომ ჩამოჰყვებოდა და ძირს დაშლილი სავსე მინდორი, ქსნისა და არაგვს შუა გადაჭიმული... აფერებულ ყანებზე დაუდგრომელი ნიავი აფენებდა და აქანებდა მზეკაბას. თავთავი ჩუმად შრიალებდა .
აგერ წილკანი ... ჯვართმუხა ... იდგა ღვთაებრივი სიჩუმე... ბუნება შეერთხმებულია ... მზე ჩადიოდა ... ბროლის ნიავი შეეთამაშა მომაკვდავ გუთნისდედას, შუბლზე მიელამუნა, შეეგრილა , თითქოს მის სპეტაკ თმის კულულს მოეხვია და აკოცაო!
ნინიამ ზეგარდიდან დახედა სავსე მინდორს, ხარბად თვალი შემოატარა. გულცქერით შეისაყვარლა ამრეშებული ყანები, ამოხეთქილი ბურღალი ბალახი...
ტკბილმა მოგონებამ გული-გულში გაუარა და გაეღიმა... ოცი წლისამ აიღო გუთანი ხელში, მაშ, სამოცი წელი სჭერია! უნახავს, ხალხი დაუპურებია...
- ახლა ნაცარმტვერი უნდა გავხდე?! საიდანღაც, თითქოს შემოესმა სევდიანი ოროველას ზუზუნი და თვალზე ცრემლი მოეგუბა. მზე ბუდისაკენ მიდიოდა... შეიმცნაურა... მიხვდა ყოველივეს...
შვილებმა მხრებში უეცარი სიმძიმე იგრძნეს. მამას შეხედეს. ბუნებაში გადამდნარიყო უკვე ნინია, სული დაელია....
მზე ჩავიდა დიდებულებით, მიებარა ღამის მღვიმეს. ამჭვირვალდა მშობლიური კამკამა ცა, ლურჯად მინაქრული, ღამის იით აყვავებული...
გამოჩნდა რკალი ახალი მთვარრისა... ვერცხლის ლუმბა...